როდესაც ბავშვი ჭირვეულობს ჭამის დროს, საკუთარი გამოცდილება, ლოგიკა, ჯანსაღი აზრი, სამი უცხო ენის ცოდნა მომენტალურად სადღაც ქრება... "ჭირვეული მჭამელი" - არასამეცნიერო ტერმინია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ოჯახურ პედაგოგიკაში. იხმარება ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ჭირვეულობენ მაშინ, როდესაც სთავაზობენ საკვებს. ჭირვეულობა გამოიხატება შემდეგში:
• არ მშია!
• ეს არ მინდა, ის არ მინდა!
• ცხელია, ცივია, უგემურია!
• ამდენს ვერ შევჭამ!
• მინდა, რომ ფეხზე ვიდგე და ისე ვჭამო!
• მინდა, რომ ვიწვე!
• ჩანგლით მინდა, არა - კოვზით!
• მინდა, რომ დედამ მაჭამოს და არა-ბებიამ,
• მულტფილმი ჩამირთეთ "მაშა და დათვი" არა, - "გოჭი პეპა" მინდა!
მსგავსი ჭირვეულობები არ არის დაკავშირებული ბავშვის ჯანმრთელობასთან და არავითარი კავშირი არ აქვს პედაგოგიკასთან. მთავარი პრობლემა - უფროსების ფსიქოლოგიაა. საქმე ისაა, რომ ბავშვის კვების ინსტინქტი, ერთ-ერთი ბაზისური ინსტინქტია, რომელმაც უზრუნველყო ადამიანის, როგორც ბიოლოგიური ინდივიდის გადარჩენა. ამასთან, ქალისა და კაცის მიდგომა ზემოთ ნახსენები ინსტინქტისადმი ხშირად სხვადასხვაგვარია: თუ კაცისთვის მთავარია საკვების მოპოვება და მისი მოტანა (ფულის შოვნა და მაცივრის გამოვსება), ქალისთვის მხოლოდ საკვებით ოჯახის უზრუნველყოფა არ წარმოადგენს საკმარის პირობას კომფორტისთვის. კომფორტი დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ საკვებს სიხარულით "აითვისებენ" ბავშვები.
როდესაც ბავშვი იწყებს ჭირვეულობას ჭამის დროს, საკუთარი გამოცდილება, ლოგიკა, ჯანსაღი აზრი, ათოსანის დიპლომი და სამი უცხო ენის ცოდნა მომენტალურად სადღაც ქრება და წინა პლანზე გამოდის ბავშვის გამოკვების დედობრივი ინსტინქტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეცნობიერ შიშთან. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვაჭამოთ ბავშვს სწორად (უსაფრთხოდ, გემრიელად, დროულად). ნებისმიერი რეკომენდაციების შესწავლისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჭირვეული მჭამელი - როგორც წესი არ ნიშნავს მშიერ ბავშვს. ჯანმრთელმა ბავშვმა თავად იცის, როდის არის ჭამის დრო! და თუ მთელი დღე ბავშვი დარბის, დახტის, ერთობა და კარგ ხასიათზეა, ის აუცილებლად მოგთხოვთ საჭმელს, რომელსაც მთელი გულით დააგემოვნებს!