მას ხომ არავინ დააძალა ამდენი ბავშვის გაჩენა? ნუთუ არ ფიქრობდა ბავშვების მომავალზე? - კრიტიკული აზრები და ჩვენი პასუხი ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ახლობელ თუ შორეულ გაჭირვებულ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. მაგრამ ყველა როდი მიიჩნევს, რომ ეს ასეა. ხშირად ადამიანი, რომელიც დახმარებას ითხოვს, თანადგომის მაგივრად აგრესიას იღებს!
ეს ერთი ქალბატონის ღია წერილია, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები ორ ბანაკად გაყო. როდესაც ჩვენ ვწერთ სტატიებს გაჭირვებულ მრავალშვილიან დედებზე, ჩვენს სტატიებსაც აქვს ხოლმე მსგავსი კომენტარები და გამოდის, ჩვენს მკითხველებს შორისაც არც ისე ცოტა ემხრობა ამ მოსაზრებას. ეს ქალბატონი ამბობს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და თუ ჩვენ სხვა დედებს ვუქვეყნებთ თავიანთ მოსაზრებას, მასაც უნდა მივცეთ ამის საშუალება.
მის მოსაზრებებს და ღია წერილს თქვენც გთავაზობთ, რადგან ცოტა არ ფიქრობს ასე, და შეგიძლიათ, კომენტარებში გამოთქვათ საკუთარი მხარდამჭერი თუ კრიტიკული აზრები და დასკვნის სახით თავადაც მოგახსენებთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი:
"ჩემს ფეისბუქ გვერდზე ხშირად ვხვდები მარტოხელა დედების დახმარების თხოვნის შინაარსის ტექსტებს. ისტორიები თითქმის ერთნაირია, უბრალოდ სახელებია სხვადასხვა:
"ქმარმა გააჩენინა ბავშვები, ვეღარ გაუძლო პასუხისმგებლობას და გაიქცა... სამსახურში ასეთი დედა არავის არ აჰყავს, დროც არ აქვს მუშაობისთვის, მდიდარი ნათესავებიც არ ჰყავს... ამიტომ, კეთილო ადამიანებო, დაეხმარეთ ვისაც რითი შეგიძლიათ..."
ერთხელაც, მორიგი განცხადების წაკითხვისას ვერ მოვითმინე და ხმამაღლა ვილანძღებოდი. მეგობრებმა (ვისთან ერთადაც ვიყავი), არ გაითვალისწინეს ჩემი შეხედულება. მითხრეს, რომ ქალური სოლიდარობა უნდა გამომეჩინა და საწყალ დედას გვერდში ამოვდგომოდი, რომ მეც დიდი ხნის წინ უნდა მივხვედრილიყავი, რომ ყველა მამაკაცი მართლა ერთნაირია და ყოველთვის კაცის ბრალია, როცა ეს ასე ხდება...
შემდეგ ეს ჩემი მოსაზრებები ფეისბუქზეც დავწერე და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ბევრი ფიქრობდა ჩემსავით. აი კომენტარები, რომლებიც ჩემს პოსტს მოჰყვა:
- რატომ უნდა დავეხმარო ვიღაც ქალს, რომელმაც ისწავლა, თუ როგორ გამრავლდეს, ხოლო როგორ არჩინოს შვილები, არ იცის. მას ხომ არავინ დააძალა ამდენი ბავშვის გაჩენა? ნუთუ არ ფიქრობდა ბავშვების მომავალზე? ეს ხომ უპასუხისმგებლობაა ბავშვების მიმართ?
- ის ხომ გათხოვილი იყო და შეეძლო გაეჩინა იმდენი, რამდენსაც შეძლებდა იმიტომ, რომ ქმარი ვალდებული იყო შეენახა ცოლ-შვილი. დავუშვათ, ქალი შემთხვევით დაორსულდა. ნუთუ ასე რთულია ქმართან ერთად შეათანხმო ოჯახის მატების საკითხები? ის აბორტის წიანააღმდეგია? ამბობს, რომ ბავშვი ღმერთის საჩუქარია? მაშინ რატომ უნდა გამოკვებოს ის სხვამ და არა დედამ და ღმერთმა?
- ქმარი ისეთი ცუდია, რომ გაიქცა, ვერ გაუძლო ოჯახურ ცხოვრებას? მაშინ რატომ დაგეგმა ცოლმა თავისი შემდგომი ცხოვრება ქმრის მონაწილეობის გარეშე?
- ზოგჯერ მგონია, რომ ზოგიერთ ქალს აწყობს გათხოვება, გამრავლება და შემდეგ თავისი პასუხისმგებლობის სხვაზე აკიდება. გამრავლდით ჭკვიანურად და ნუ გაიხდით სამათხოვროდ საქმეს..."
როგორც გითხარით, მსგავსი კომენტარები ჩვენთან გამოქვეყნებულ ასეთი ტიპის სტატიებსაც ხშირად აქვს და შესაბამისად, ცოტა არ ფიქრობს ასე. თუმცა ყველას საპასუხოდ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ რაც არ უნდა "უპასუხისმგებლო დედის" თუ "უნებისყოფო მამის" იყვნენ ბავშვები, თუ მათ უჭირთ, მძიმე პირობებში ცხოვრობენ და ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ბავშვი უსუსური არსებაა, რომელიც უფროსებისგან სიყვარულს, ყურადღებას, სითბოს და მზრუნველობას ელის. თუ მას აქედან რომელიმე აკლია, და ჩვენ შეგვიძლია ეს გავუნაწილოთ, ნუ დავამადლით და ნუ დავუწყებთ საყვედურებს. ბავშვს დავეხმაროთ და უფროსებმა თავად გაარკვიონ საკუთარ თავებთან, რა არის უფრო სწორი და მართებული. როცა ბავშვი მშიერი და გაყინულია, ან ავადაა და მკურნალობას ვერ იღებს, მისი დედ-მამის განსჯა-გალანძღვას აზრი არ აქვს. უბრალოდ, დავეხმაროთ იმით, რითაც შეგვიძლია. ცნობილი ანდაზაა "სხვა სხვის ომში ბრძენიაო" - არავინ იცის, სინამდვილეში ვის ოჯახში რა ხდება ან თავად რა ელის მომავალში. სხვის განსჯას, ყოველთვის სჯობს მისი ტკივილის გაზიარება და თუ შეგვიძლია, ცოტათი შემსუბუქება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.
ჩვენი საიტი ყოველთვის აშუქებდა და ეხმაურებოდა ასეთ შემთხვევებს და კვლავ მზადაა გააშუქოს და საზოგადოებამდე მიიტანოს ყველა ფაქტი, როდესაც ბავშვების მდგომარეობა რთული და საგანგაშოა და როდესაც მათ სხვა ადამიანების დახმარება სჭირდებათ.