"ამაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება ლოგინად ჩავვარდე, ამის უფლება კი 4 შვილის დედას ნამდვილად არ მაქვს..." შვილების გაზრდა უდიდესი ტვირთი და პასუხისმბგებლობა რომაა, ეს ყველა დედამ მხოლოდ კი არ იცის, არამედ გასიგრძეგანებული აქვს. მაგრამ, დღევანდელ რთულ პერიოდში, როცა 24 საათი არ გვყოფნის ერთი დღის საქმეების მოსასწრებად, იყო 4 შვილის დედა, შენც ისევე, როგორც დანარჩენებს, გქონდეს შენი საფიქრალი, პრობლემა, ამავდროულად მუშაობდე, ახერხებდე კარგ დიასახლისობას, გართობას და რაც მთავარია, მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას, დამეთანხმებით, რომ მარტივი არაა. თუმცა, არიან ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი ერთად ძალიან კარგად გამოსდით. სწორედ ასეთი დედაა მაკა ქიტესაშვილი, რომელიც 4 შვილთან ერთად ყველა ზემოჩამოთვლილ საქმეს ართმევს თავს. ჩვენი რესპონდენტი პირველად დედა 18 წლის ასაკში გახდა და დღეს უკვე 15 წლის ვაჟკაცი უდგას გვერდით, რომელიც 4 წლის ნაბოლარა ტყუპ დებს მამასავით დაჰყურებს და უვლის.
- 18 წლის იყავი პირველი შვილი – გიგი რომ გააჩინე, შუალედში გააჩინე საბა, 31-ისას კი გეყოლა ტყუპი – მარიამი და ბარბარე. ემოციური, მგრძნობელობის, მიდგომების თვალსაზრისით განსხვაცდებოდა დედობა სხვადასხვა ასაკში?
- კი, როგორ არა. გიგისთან ბევრი რამე შემეშალა, ოღონდ ამას ახლა ვაცნობიერებ. მინდოდა სამაგალითო ყოფილიყო, ბევრს ვთხოვდი და ვფიქრობ, ამით გარკვეულწილად დავაკომპლექსე. საბა 27 წლისამ გავაჩინე და სულ სხვანაირად გავზარდე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცელქი იყო და უზარმაზარ ენერგიას მოითხოვდა ჩემგან. ერთადერთხელ მახსოვს, თმა მოვწიწკნე და საქმეები მირჩია, როგორ მომწიწკნე თმაო (იცინის). უკვე დღეს, გიგი ჩემთვის შვილზე მეტია, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს, თითქოს თავს მასთან დამნაშავედ ვგრძნობ, ალბათ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს სწორად ვერ ვაცნობიერებდი, შეცდომებსაც ამიტომ ვუშვებდი. დღეს გიგისთან ვძმაკაცობ, ერთადერთია, რომელსაც ყველაფერს ვეუბნები. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი მეუღლე ხშირად არ არის ჩვენ გვერდით - რაიონში მუშაობს, ამიტომ ძირითადად მარტოს მიწევს ბავშვებთან ყოფნა. გიგიმ ყოველთვის იცის, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, ხან როცა ისეთი სიტუაციაა, რომ არ ღირს ჩემს მეუღლეს ვუთხრა, საღამოს რომ გავდივარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შორსაა და ინერვიულებს, გიგისთან ვტოვებ ბავშებს და მამა თუ ურეკავს, ჩემთან შეთანხმებით ეუბნება ისეთ რაღაცას, რაზეც მამა არ აღელდება. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ხვდება, რომ "შეთქმულებას" ვუწყობთ ხოლმე, მაგრამ სჯერა ჩვენი და აღარ გვეძიება.
- მაკა, როგორც ვიცი, ტყუპი შენი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში გააჩინე - გქონდათ არც ისე მარტივი ფინანსური პრობლემები, დარჩით სახლის გარეშე... შესაძლოა შენს ადგილას სხვას სავალალო გადაწყვეტილებაც მიეღო...
- კი, ამას ბევრი მეუბნება, მაგრამ მე რომ ჩემი დედამთილ-მამამთილი არ დამდგომოდნენ გვერდით, რამე რომ მეგრძნო მათგან, ალბათ მეც მივიღებდი საშინელ გადაწყვეტილებას, ფაქტობრივად მათ კისერზე აღმოვჩნდი მოულოდნელად, საკუთარი ჭერის გარეშე, მაგრამ მითხრეს, სადაც ორს გავზრდით, იქ მესამეც გაიზრდებაო... მესამე კი არა, თურმე მეოთხეც ყოფილა (იცინის). ექოსკოპიაზე რომ მივედი და მითხრეს ტყუპიაო, თავიდან მეგონა, მეხუმრებოდნენ, მაგრამ რომ მივხვდი, სინამდვილე იყო, შოკი, გაოგნება, სიხარული ერთად მქონდა... მეც ტყუპისცალი ვარ და ვიცი, რა არის ეს...
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შეათავსოთ კარიერა და ოჯახი - მრავალშვილიანი ცნობილების გამოცდილი რჩევები
არ მახსოვს, როგორ გამოვედი იქიდან, გონზე რომ მოვედი, ეკლესიაში ვიჯექი სრულიად მარტო, გაოცებული... რაღაც დროის მერე ავდექი და წასვლას ვაპირებდი, კარებში ჩემი მამაო შემხვდა, რომელიც კარგა ხნის მანძილზე არ მყავდა ნანახი. სად მიიპარები ჩემს უნახავადო, ეს მითხრა და ემოციებისგან წამსკდა ტირილი... გავესაუბრე, დავმშვიდდი, გამოვედი ტაძრიდან და მირეკავს ჩემი ქმარი, რომელიც საქართველოში არ იყო იმ მომენტში. ახლა იმას მოვუყევი ყველაფერი ტირილ-ტირილით, გადაირია, რა გატირებსო, არადა, ისიც არ ელოდა ტყუპს. გაოცდა, მაგრამ გამაფრთხილა, რამე სისულელე არ გააკეთო, პირდაპირ სახლში წადიო... ასეც მოვიქეცი და დღეს ჩემი მარიამი და ბარბარე 4 წლისები არიან... მართლა ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, ბევრი პრობლემა და საფიქრალი, მაგრამ რაც ამ სიტუაციიდან გამოსვლაში მეხმარება, არის ის, რომ არ ვხდები წარსულზე დამოკიდებული, არ ვფიქრობ იმაზე, რომ სახლიც მქონდა, კარიც და უზრუნველი ცხოვრებაც... დღეს კი ეს ყველაფერი ხელახლა გვაქვს შესაქმნელი... ამაზე რომ ვიფიქრო, შეიძლება ლოგინად ჩავვარდე, ამის უფლება კი 4 შვილის დედას ნამდვილად არ მაქვს.
- მაკა, 4 შვილთან ერთად ახერხებ მუშაობასაც. თან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში მაშინ დაიწყე მუშაობა, როცა ტყუპი ერთი წლის გყავდა, არ გყავდა დამხმარე არავინ და სახლშიც ყველაფერი შენი გასაკეთებელი იყო....
- მოხერხებულმა გრაფიკმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, ავიყვანე ძიძა, რომელსაც რამდენიმე საათი ვუტოვებდი ბავშვებს, ოღონდ მის კომპეტენციაში არაფერი შედიოდა, ბავშვებზე მზრუნველობის გარდა - საჭმელი, ბავშვების ტანსაცმლის მოწესრიგება, დაუთოება და ზოგადად ყველაფერი მწყობრში მქონდა, მას მხოლოდ ბავშვების მეთვალყურეობა ეხებოდა რამდენიმე საათი. შემდეგ უკვე ბაღშიც მივიდნენ გოგოები და უფრო გამიმარტივდა საქმე. რომ ვიცოდე, ჩემს შვილებს ჩემი მუშაობით რამეს ვაკლებ, ერთი დღე არ ვიმუშავებდი.
- მოამზადო ისეთი ერთი კერძი, რომელსაც ოთხივე შვილი გემრიელად მიირთმევს, მგონი ძალიან რთულია... გიწევს რამდენიმე კერძის ერთდროულად მომზადება, თუ არ არიან პრეტენზიულები შენი შვილები ამ მხრივ?
- ოო, ეს საკითხი რთულადაა. გიგის რაც უყვარს, საბას არ უყვარს, ბიჭებს რაც მოსწონთ, იმას ტყუპები არ ჭამენ... შესაბამისად, რამდენიმე კერძის მომზადება მიწევს, მაგრამ ვიცი ხერხები, მარტივად როგორ გავაკეთო... დატვირთულმა რეჟიმმა გამომიმუშავა რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარი. მიუხედავად ყველაფრისა, ვახერხებ კითხვას, მართალია, ადრე ერთ წიგნს თუ 2 ღამეში ვამთავრებდი, ახლა შეიძლება 3 კვირა ვკითხულობდე, მაგრამ 2-3 გვერდს მაინც რომ წავიკთხავ დღეში, ეგეც მიხარია. ამასთან, თუ მაგალითად ფრჩხილი მაქვს მოსაწესრიგებელი, მირჩევნია კიდევ ერთი საათით გვიან დავიძინო და ლაქი წავისვა, ვიდრე მოუწესრიგებელმა ვიარო... რადგან ოთხი შვილის დედა ვარ სუპის სუნი უნდა ამდიოდეს? რატომღაც ბევრს ასე გონია და უკვირთ, მოწესრიგებული რომ ვარ და თან, სულ კარგ ხასიათზე (იცინის). არასდროს მივცემ თავს უფლებას, სახლიდან მოუწესრიგებელი გავიდე, მირჩევნია ძილი დავიკლო და ესთეტიკას მივაქციო ყურადღება.
- შვილების გაზრდა, სამზარეულოში ტრიალი, დიასახლისობა, თავის მოვლა, მუშაობა - ეს გავიგე, მაგრამ ქსოვა ხომ არაა სიცოხლისთვის აუცილებელი, რომ ამისთვის "დახარჯო" შენი ძვირფასი დრო...არადა, ამასაც ასწრებ... გსიამოვნებს ამის კეთება?
- სანამ ტყუპები მეყოლებოდა და გასაპრანჭი რაღაცები დამჭირდებოდა, მანამდე არც კი მახსოვდა, რომ ბებიამ ქსოვა მასწავლა და ვიცოდი... გოგოები რომ მეყოლა, ვცადე, გამეხსენებინა და გამომივიდა. მუდმივად დროის დეფიციტი კი მაქვს, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი, ვახერხებ რამდენიმე საქმის ერთად კეთებას და ამიტომ ვასწრებ ქსოვასაც, ფილმის ყურებასაც, სოციალურ ქსელში აქტიურობასაც, კითხვასაც, თავის მოვლასაც და ა.შ.
- მართალია, შენ ტყუპისცალი და და ორი ძმა გყავს, თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან ხარ, მაგრამ სანამ შენც მრავაშვილიანი დედა გახდებოდი, გიფიქრია ბევრი შვილის ყოლაზე, მით უმეტეს ტყუპზე?
- არა, არასდროს. გიგის შემდეგ საბას სანამ გავაჩენდი, სულ მეკითხებოდნენ, მეორეს არ აპირებო? ოო, მეორეს არა, მეოთხეს-მეთქი, ვეუბნებოდი... მაგრამ ხომ ხედავ, მეორეც მყავს და მეოთხეც (იცინის). ტყუპს მართლა ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ, რომ როგორც წესი, ტყუპს ტყუპი არ უჩნდება, უფრო მეორე, მესამე თაობაზე გადადის ეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში გამონაკლისი მოხდა. დღეს რომ ვუფიქრდები, მეც მიკვირს, მარტომ როგორ გავზარდე სამი პატარა ბავშვი - ტყუპი თოთო იყო, საბა კიდევ - 5 წლის. ალბათ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ღმერთი გაძლევს ძალას, რომ ყველაფერს გაართვა თავი. ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ გასართობად მეგობრებთან ერთად წასვლას, მაგრამ ამასაც ვასწრებ, ალბათ დროს ვანაწილებ სწორად, თორემ მეც ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც სხვა დანარჩენები. თავს იმით არ ვიტანჯავ, უი რამდენი საქმე მაქვს დ ამას როგორ მოვერევი-თქო. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ გადაღლილი ვარ და არაფრის თავი აღარ მაქვს, ხასიათსაც არ ვუჩივი (იცინის). მეუბნებიან, პოზიტივს აფრქვევ, სულ კარგ ხასიათზე გვაყენებო... ასეთი ვარ და მიხარია, თუ ჩემი ეს განწყობა სხვებზეც დადებითად გადადის.
ციცი ომანიძე