რომელი ინფექციებია ამჟამად ჩვენში გავრცელებული ბავშვთა ავადობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ინფექციებია. მათ სეზონურობა ახასიათებთ და საკმაოდ ადვილად გადადის ბავშვიდან ბავშვზე. რომელი ინფექციებია ამჟამად ჩვენში გავრცელებული, რომელია დიარეით მიმდინარე, სასუნთქი გზებით გადამდები, იშვიათი თუ საშიში ინფექცია?
ამის შესახებ ექიმი-ინფექციონისტი, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი, პროფესორი მანანა ხოჭავა გვესაუბრება
- ჩვენი რეგიონი, დაახლოებით, ევროპის ქვეყნების მსგავსია და ბავშვთა ასაკის ინფექციებიც მეტ-ნაკლებად იგივეა, რაც ავსტრიაში, საფრანგეთში ან დასავლეთის სხვა ქვეყნებში... ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული ინფექცია მსოფლიო მასშტაბით მწვავე რესპირაციული ინფექციებია. ეს მოიცავს ინფექციების ჯგუფს დაწყებულს გრიპის ვირუსიდან, ადენოვირუსიდან, დამთავრებული სხვა ჯგუფის ვირუსებით.
გრიპი სხვა მწვავე რესპირაციულ ვირუსებთთან შედარებით, უფრო მძიმე გართულებებს იწვევს და ამიტომ პაციენტის იზოლაცია და ხელების ხშირი ბანა აუცილებელია.
ასეთივე ზომები საკმაოდ ეფექტურია ნაწლავთა ინფექციების დროს. ნაწლავთა ინფექციებს ბავშვთა ავადობაში და სიკვდილობაში მეორე ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით ხუთ წლამდე ბავშვებში. ამიტომ აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ მოხდეს პრევენცია! ხელის დაბანა არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ არ დავსნებოვნდეთ.
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ენტეროვირუსებს, ყაბზობას და დიარეას? - გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად მომზადებას და შენახვას. კერძი ორ საათზე მეტ ხანს არ უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე. გარდა იმისა, რომ ნაწლავთა ინფექციებს აქვს ვირუსული გამომწვევები, მათ შორის ასევე დამახასიათებელია ზოგჯერ ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები, როგორიც არის მაგალითად, დიზენტერია... დიზენტერია ხშირად მიმდინარეობს სისხლიანი ფაღარათით და რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში უკვე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. როგორც წესი ინიშნება გარკვეული პრეპარატები, ანტიბიოტიკები, სწორედ რომ მოხდეს ამ დაავადების მართვა.
რაც შეეხება ნაწლავთა ინფექციას, ანუ ფაღარათით მიმდინარე ინფექციას, ის ძირითად შემთხვევაში თვითგანკურნებადი ინფექციაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ნაწლავთა ინფექციების დროს ხდება წყლის და მარილების დიდ რაოდენობით დაკარგვა. ასევე საკვები ნივთიერებების დაკარგვა. განავალი ხშირად წარმოადგენს წყლისებურ მასას, რომელშიდაც წყალია და მარილები დიდი რაოდენობით და აუცილებელია ამ ბალანსის, რაც შეიძლება კარგად შევსება... ძველად იყო ტრადიცია, როდესაც იყო ნაწლავთა აშლილობა, მეტად რომ არ აშლოდათ, კრძალავდნენ ბავშვებისათვის საკვების და სითხის მიცემას, რაც აბსოლუტურად არასწორი იყო და განაპირობებდა მძიმე გაუწყლოებით ბავშვების მოხვედრას საავადმყოფოში, სადაც მათი გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. როდესაც გვაქვს მწვავე სასუნთქი გზების ინფექცია, ან ნაწლავთა ინფექცია ფაღარათით მიმდინარე, ჩვენ სწორად უნდა გავაგრძელოთ ბავშვის კვება. ეს კვება მოიცავს იმას, რაც ასაკობრივად ეკუთვნის ბავშვს. არ უნდა იყოს შემწვარი, პილპილიანი, ზედმეტად მარილიანი. ანუ სრულფასოვანი, რაც ეკუთვნის ბავშვს, ისეთი კვება უნდა გაგრძელდეს. რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე უნდა მივაწოდოთ.
"ღებინებისას მშობელს ზოგჯერ ჰგონია, რომ თუ ბავშვს მისცემს
სითხეს და აღებინებს, ამ შემთხვევაში სითხის მიღება უნდა
აკრძალოს. არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა მოიქცეს! სითხის
მიღება უნდა ხდებოდეს მცირე ულუფებით, ხშირად და პატარა
მოცულობით სითხე უფრო კარგად შეერგება..."
სითხეებს შორის სუფთა წყალი ყველაზე კარგი პროდუქტია, რაც კი მსოფლიოში არსებობს. ასევე შეიძლება თხელი სუპები, წვენებიდან მხოლოდ ახლად გამოწურული. არ მაქვს წვენებზე საუბარი, რომლებიც იყიდება... ის რა თქმა უნდა არ არის კარგი და მიზანშეწონილი ბავშვისთვის. შეიძლება ბავშვს მივცეთ სახლში მომზადებული არატკბილი კომპოტებიც.
ტკბილი მუცელს ბერავს და დამატებითი რისკფაქტორია აშლილობის გახაგძლივებისთვის... აუცილებელია საკვების და სითხის მიცემა. ბავშვი, რომელიც ავად არის, დიდად არ არის დაინტერესებული საკვების და სითხის მიღებით, უარს ამბობს, მაგრამ ცოტა რაოდენობით, მცირე ულუფებით საკვების და სითხის მიცემა წინაპირობაა, რომ ნამდვილად შეერგება ბავშვს და არ მოყვება მძიმე გაუწყლოება და კვების მოშლა.
მენინგიტი, მენინგოკოკცემია, სეფსისი
რაც შეეხება სხვა ინფექციებს- მენინგიტი, მენინგოკოკცემია, სეფსისი - ეს უფრო იშვიათი დაავადებებია და უნდა ვიცოდეთ სიპტომები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ეს არის გახანგძლივებული მაღალი ცხელება, დაღლილობა, ძილიანობა, კრუნჩხვები, ჩალურჯებები, კანის უჩვეულო ფერი, მკრთალი და ცისფერი... როდესაც ბავშვი საკვებს ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით, როდესაც ღებინება აქვს მდგრადი გამოხატული... როდესაც ხმაურით სუნთქავს, შეიძლება ბრონქიტის, ფილტვის ანთების, ან კრუპის ნიშანი იყოს.
კრუპის დროს საშიში მდგომარეობა იქმნება ბავშვისთვის. აუცილებელია ასევე გამონაყრის დროულად შემჩნევა და ექიმის მიმართვა. ექიმის მიერ უფრო კარგად იქნება დადგენილი, თუ რა მიზეზი აქვს ამ გამონაყარს.
იმუნიზაცია
უნდა შევახსენო მშობლებს, რომ აუცილებელია იმუნიზაციის ჩატარება, რათა ბავშვი ჯანმრთელი იყოს. სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო, თავს იკავებენ აცრაზე. უნდა გვახსოვდეს რომ იმუნიზაცია, ვაქცინაცია კეთდება იმისათვის, რომ დაავადების შანსი შემცირდეს. უცილებელია, ყველა მშობელმა დროულად მიმართოს პედიატრს უბანზე. ვაქცინაცია არის უფასო ჩვენს ქვეყანაში და მოიცავს ყველაზე საშიშ დაავადებებს, როგორიც არის, მაგალითად, დიფტერია... გვსმენია ასეთ დაავადებაზე, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით და ორგანოთა დაზიანებით (კერძოდ გულის, ფილტვით ნევროლოგიური დაავადებებით) ხასიათდება, ეს არის გაშეშება – ტეტანუსი.- ყივანახველა, რომლითაც განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვები იღუპებიან.. ასევე წითელა, წითურა... ასევე ძალიან სერიოზული დაავადებებია წითელასგან სამწუხაროდ და დღემდე შეიმჩნევა მაღალი სიკვდილიანობა მთელ მსოფლიოში, როდესაც ვაქცინაცია არ არის. ეს არის ასევე ბაქტერიული ინფექციები, რომელიც აზიანებს ყურს, ფილტვს და ფილტვის პნევმონიის გამო კვდებიან ბავშვები.
ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ კარგი იმუნიზაციის კალენდარი, კარგი ვაქცინები... და მე მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, მიმართონ პედიატრებს. არავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ დააყენონ ვაქცინების ეფექტურობა. ექიმები თვითონ ვცრით ჩვენს ბავშვებს იგივე ვაქცინებით.
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, ალერგიული განწყობა. თანამედროვე ვაქცინები ძალიან კარგია და გვერდითი მოვლენები 99%-ში არ გვხვდება. გილობრივი სიწითლით, ტემპერატურის მომატებთ, ჩხვლეტის ადგილზე ტკივილით... ეს რამდენიმე დღეში გადის და პაციენტი ვაქცინაციის შედეგად ღებულობს იმუნიტეტს, ანუ მდგრადობას. მას შეუძლია ძალიან საშიშ ინფექციებს შეებრძოლოს. რაც შეიძლება მეტი დაავადების იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ ჩვენს შვილებს და თაობები გაიზრდებიან ჯანმრთელები.
მანანა გაბრიჭიძე