ხვალ ხარების დღესასწაულია - რას მოგვიწოდებს ჩვენი პატრიარქი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოდან აცნობეს. მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს 7 აპრილს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - აღნიშნა პატრიარქმა ჯერ კიდევ შარშან და მოუწოდა ერს, ხარების დღესასწაულზე ტაძარში მივიდნენ.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ასევე იხილეთ: რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ხარების დღესასწაულზე და როგორ უნდა შეეგებოთ მას
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.