"არასდროს დავბერდებოდით, რადგან ყოველ წელს გვექნებოდა ერთი დღე, რომელიც უდარდელ, ცელქ და ბრჭყვიალათვალება ბავშვებად გვაქცევდა..." ნინო ჩიტაშვილი ორი შვილის დედაა. ბაღი და სკოლა ბევრი წლის წინ დაამთავრა, თუმცა ისე როგორც ყველას, მასაც აქვს ნოსტალგია სკოლის, ბავშვობის წლების. რამდენიმე დღის წინ მშობლიურ სოფელში აღმოჩნდა, ყოფილი თანაკლასელების გარემოცვაში და ერთი დღე ბავშვურად გაატარა, ბაღისა და სკოლის ეზოში, საქანელებზე, მერხთან, ძველ მასწავლებლებთან... ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერება დაეუფლებოდათ ამ უკვე გაზრდილ დედიკოებსა და მამიკოებს, როცა ბავშვობის წლებში დაბრუნდებოდნენ... ნინომ ამ ამბავს ემოციური პოსტი-ინიციატივა მიუძღვნა, რომელსაც გთავაზობთ თქვენც:
"აი, ხომ არსებობს წელიწადში უამრავი დღე: დასვენების დღე, ქალთა დღე, დედის დღე, ბავშვთა დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, დამოუკიდებლობის დღე, სიყვარულის დღე... მე რომ შემეძლოს, კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დღეს დავაწესებდი - "ბავშვობაში დაბრუნების დღეს".
(თანაც ოფიციალურად დასვენების დღედ გამოვაცხადებდი)
დღეს, როცა ყველას მოუნდებოდა იქ დაბრუნება, სადაც ბავშვობა გაატარა და იმ ადამიანებთან ყოფნა, რომელთა გარეშეც მაშინ ვერ წარმოედგინა არსებობა.
...დღეს, როცა საშინლად მოგინდება ბაღში გაკეთებული ფაფის ჭამა და უფერო ჩაის დალევა, როცა ბაღის სამზარეულოდან გამოსული წვნიანის სუნზე თვალებში ვარსკვლავები აგიციმციმდება და ყველასთვის შესამჩნევად გადაყლაპავ ნერწყვს... მერე ეზოში მდგარ სასრიალოზე (რომელიც კოსმოსურ ხომალდს ჰგავს და რომელზე უკეთესიც ქვეყანაზე ვერაფერი წარმოგედგინა) რომ მოგინდება, ისრიალო თვალდახუჭულმა (როგორც ბავშვობაში) და კიდევ რომ გეგონოს, რომ ცაში აფრინდები... და კიდევ რამდენი რამის გახსენება შეგვეძლებოდა ამ დღეს... რამდენს ვიცინებდით, როგორ მოვეფერებოდით ერთმანეთს, უფრო მეტად შევიყვარებდით... და არასოდეს დავბერდებოდით, იმიტომ, რომ ყოველ წელს გვექნებოდა ერთი დღე, რომელიც უდარდელ, ცელქ და ბრჭყვიალათვალება ბავშვებად გვაქცევდა..."
(როგორებიც დღეს ჩვენ ვიყავით)