"მალე საჯარო და კერძო ბაღებს ექნებათ მუშაობის ერთნაირი სისტემა და თუ ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას" რამდენიმე დღის წინ, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კერძო ბაღიდან 3 წლის აღსაზრდელი გამოიპარა, გადაკვეთა ხალხმრავალი ქუჩა და კეთილი ქალბატონების დახმარებით უვნებლად დაუბრუნდა ჯერ ბაღს, შემდეგ - ოჯახს. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ისტორია შემაშფოთებელია, მაგრამ საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა. თუმცა, ვინ აგებს პასუხს ასეთ უყურადღებობაზე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება და საერთოდ, ვის უნდა მოკითხოს მშობელმა პასუხი ასეთ დროს, ცოტა გაურკვეველია. ჩვენ დავინტერესდით, რა სიტუაციაა ამ მხრივ საჯარო ბაღებში და თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მივმართეთ, რათა გაგვერკვია, რომელი სტრუქტურის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან კერძო ბაგა-ბაღები და რა ღონისძიებები გატარდება მაშინ, თუ მსგავსი ფაქტი საჯარო ბაღშიც დაფიქსირდება.
- პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ექვემდებარება თბილისის მერიის ერთ-ერთ სტრუქტურას და ეს გახლავთ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. კერძო ბაღები არ შედის სააგენტოს დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, ის სისტემური რეფორმები და რეგულაციები, რაც გატარდა საჯარო საბავშვო ბაღებში, კერძო ბაღებს არ შეხებია. 2016 წლის ზაფხულში, მიღებულ იქნა კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, რომელიც მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტებისა და ნორამტიული აქტების შემუშავებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ავტორიზაციის წესი. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 1-ელი ოქტომბერი. ტექნიკური რეგლამენტები და ნორმატიული აქტების პროექტები მომზადებაში მთლიანად იყო ჩართული ჩვენი სააგენტო. ეს სამართლებრივი დოკუმენტები შემუშავება სხვადასხვა სამინისტროებისა და საკრებულოების მიერ გაეროს ბავვთა ფონდის მხარდაჭერით. შემიძლია გითხრათ, რომ კერძო ბაღების საკითხის დარეგულირებაც მოხდება პირველი ოქტომბრიდან ავტორიზაციის მეშვეობით. თუმცა, რომელ სტრუქტურას დაექვემდებარება კერძო ბაღების მონიტორინგი, ეს ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. იმ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობენ ბაღების სააგენტოები, თუ გაერთიანებები, ისინი ვერ იქნებიან კერძო ბაღების მაკონტროლებლები, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული უნდა განახორციელოს სტრუქტურულმა ერთეულმა, ეს უკანასკნელი კი - არ არის სტრუქტურული ერთეული. აქედან გამომდინარე გადასწყვეტია, რომელი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს კერძო ბაღების მონიტორინგს და ავტორიზაციის განხორციელებას. რაც ახლა შემიძლია გითხრათ არის ის, რომ კანონს ექნება ერთნაირი მიგდომა საჯარო და კერძო ბაღების მიმართ, ვინც ვერ დაკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, ის ერთის მხირვ შეწყვეტს ფუნქციონირებას, მაგრამ მეორეს მხირვ, თუ დაფიქსირდება შემთხვევა, როცა გვექნება გამოსწორების საშუალება, მაშინ ბაღს მიეცემა პირობითი ავტორიზაცია და კონკრეტული ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა აღმოფხვრას პრობლემა. შენიშვნების გამოსწორების შემდეგ, ბაღს მიეცემა ვტორიზაცია 4 წლის ვადით.
- რამდენიმე დღის წინანდელი ინციდენტიდან გამომდინარე, რამდენად დაცულები არიან ბავშვები საჯარო ბაღებში...
- ასე ხელის აღებით ვერ ვიტყვით იმას, რომ საჯარო ბაღებში ბავშვები დაცულები არიან და კერძოში - არა.. კერძო ბაღებშიც დაცულები არიან ბავშვები, მაგრამ საჯარო ბაღებში შემუშავებულია ერთიანი სისტემური მიდგომა, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, კვების მიმართულებით და.ა.შ, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია. სწორედ ამიტომ მალე საჯარო და კერძო ბაღებს ექნებათ მუშაობის ერთნაირი სისტემა და თუ ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, რაც ყაზბეგის გამზირზე არსებულ კერძო საბავშვო ბაღში მოხდა, რა თქმა უნდა საყურადღებოა. მე რეკომედაციის სახით მივმართავდი ამ კონკრეტული ბაღის ხელმძღვანელობას, რომ შეუძლიათ, ცალკე გამოყონ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც გააკონტროლებს ამ მიმართულებას. მე მთელ ტვირთს აღმზრდელს არ დავაკისრებდი, უბრალოდ პრევენციის თვალსაზრისით მივიღებდი სხვადახსვა ზომებს. ასეთი ფაქტისგან დაზღვეული არც კერძო ბაღია და არც საჯარო, შესაძლოა იქაც მოხდეს ასეთი რამ, შემთხვევაა. როდესაც კერძო და საჯარო ბაღებს ექნებათ ერთანირი მიგდომები მთელ რიგ საკითხებზე, ვფიქრობ, მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დავა.
- თუ საჯარო ბაღში მოხდა მსგავსი ფაქტი და გაეპარათ ბავშვი ბაღიდან, რა სანქციები ტარდება ასეთ დროს?
- თუ საჯარო ბაღში დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი, მონიტორინგის ჯგუფი მიიღებს ამის შესახებ ინფორმაციას, მივა ადგილზე, შეისწავლის ვითარებას, მოხდება ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა კონკრეტული პასუხისმგებელი პირებისგან. თუ დირქტორის უპასუხისმგებლობა გამოვლიდნება, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დგება, თუ სხვა პირის ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ დირექტორს ეძლევა რეკომენდაცია, რომ გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები პასუხისმგებელი პირის მიმართ. რაც შეეხება კერძო ბაღებს, მათ აქვთ თავისი შინაგანაწესი და წესდება, რომლიდან გამომდინარეც ხელმძღავენლი ატარებს კონკრეტულ ღონისძიებას მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში.
ციცი ომანიძე