თუ გაინტერესებს, რატომ ჰყავს შენს მეზობელს თუ კოლეგას მხოლოდ ერთი შვილი ან რატომ არ ჰყავს საერთოდ, გახსოვდეს: ეს არ არის შენი საქმე! მწერალმა ნადირა ანჯელმა თავის ბლოგში დაწერა პოსტი ყველაზე უტაქტო შეკითხვებზე.
უხერხული შეკითხვები
წარმოვიდგინოთ 30 წლის ქალი, რომელსაც არ ჰყავს შვილი. "კეთილისმსურველები" ეკითხებიან: "როგორ, აქამდე ბავშვი არ გყოლია? კი, მაგრამ რას ელოდები?" ის კი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ პასუხებს იგონებს ძალდატანებული ღიმილით: " ჯერ არ ვარ მზად "ან " ვიფიქრებ მაგაზე".
მარტო დარჩენილი ჩუმად ტირის. ტირის იმიტომ, რომ 4 თვითნებური აბორტი გადაიტანა. ტირის იმიტომ, რომ ის და თავისი ქმარი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილი ჰყავდეთ, მაგრამ ამაოდ... ტირის იმიტომ, რომ ქმარს ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან და თუ არ გაუჩნდება, არ იქნება კაცისთვის ეს დიდი ტრაგედია.
ტირის იმიტომ, რომ ქმარი უნაყოფოა და მას სინდისი ქენჯნის. ტირის იმიტომ, რომ ახლო მეგობარი უკვე მეორეზეა ორსულად. ტირის იმიტომ, რომ მის მშობლებს უნდათ შვილიშვილის ჩახუტება. ტირის იმიტომ, რომ მის მეზობელს სამი ტყუპი ჰყავს, ის კი როგორც ცხოველებს, ისე ექცევა ბავშვებს. ტირის იმიტომ, რომ სიცარიელეს გრძნობს... არადა, როგორი შესანიშნავი დედა იქნებოდა...
მეორე ქალი - 34 წლისაა და 4 შვილი ჰყავს.
ნაცნობ-მეგობრები ეუბნებიან: "ოთხი! ღმერთო, იმედი მაქვს, ამაზე შეჩერდებით... თავს არ იცავთ? ალბათ, საკუთარი საფეხბურთო გუნდი გინდათ გყავდეთ?", - ხუმრობენ ისინი.
ქალი ძალდატანებით ჰყვება მათ: "დემოგრაფიულ პროგრამას ვასრულებთ!" მეორე დღეს, როდესაც მარტო დარჩება, ჩუმად თავისთვის იტირებს და ტუჩებს დაიკვნეტს. არადა, ყოველთვის უნდოდა დიდი ოჯახი ჰქონოდა...
ტირის იმიტომ, რომ დედისერთა იყო და თავს მუდამ მარტოდ გრძნობდა. ტირის იმიტომ, რომ მუცელში მეხუთე უზის და იცის, თუ როგორი დაცინვის ობიექტი გახდება. ტირის იმიტომ, რომ უკვე ეჭვი ეპარება, ღირდა თუ არა ბოლო ორი ბავშვის გაჩენა? თან აშინებს თავისივე აზრები... ტირის იმიტომ, რომ ოცნებობდა მოგზაურობაზე და ახლა კი ვეღარ ახერხებს ბავშვების გამო. მისმა მეგობრებმა ნახევარი მსოფლიო მოიარეს. ტირის იმიტომ, რომ ქმარს მეექვსეც უნდა, მას კი ძალა და ღონე გამოცლილი აქვს!
ესეც მესამე ისტორია - ქალი 40 წლისაა და მას 1 შვილი ჰყავს.
"კი, მაგრამ ერთზე რატომ გაჩერდით?" ან " მეტი არ გამოგივიდათ?" - "ასეც ბედნიერი ვარ",- მშვიდად პასუხობს ქალი და ყველა ეთანხმება.
მაგრამ როდესაც მარტო რჩება, ისიც ტირის. ტირის იმიტომ, რომ მისი ერთადერთი ბავშვის დაბადება ნამდვილი სასაწაული იყო. ბავშვი დიდი ხანია და-ძმას ითხოვს. ტირის იმიტომ, რომ მეორე ორსულობის შეწყვეტა აუცილებელი გახდა, რადგან მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ტირის იმიტომ, რომ ქმარი მოუკვდა და მეორე სიყვარულს ვერ შეხვდა. ტირის იმიტომ, რომ ნაადრევი კლიმაქსი დაეწყო. ტირის იმიტომ, რომ მეორე ბავშვის ყოლა უნდა და აღარ შეუძლია.
ყველა ეს შეკითხვა-სტერეოტიპი შინაგანად ანგრევს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. ასეთი ქალები მრავლადაა ჩვენს შორის: ესენი არიან ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ნათესავები. შეიძლება შენ თვითონ ერთ-ერთი მათგანი ხარ.
თუ გაინტერესებს, რატომ ჰყავს მხოლოდ ერთი შვილი შენს კოლეგას, გახსოვდეს: ეს არ არის შენი საქმე!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!