და მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებს, გაცილებით ადამიანურები იყვნენ პაციენტების მიმართ ისინი ამ დრომდე ვერ გამოსულან შოკიდან. მხოლოდ ისღა დარჩენიათ, მეგობრებს, გარშემო მყოფთ გაუზიარონ თავიანთი ტკივილი...
ახალშობილს სახელიც შეურჩიეს - ივანი. მას შემდეგ, რაც მონათლეს, ზუსტად სამ საათში - ბავშვი გარდაიცვალა. მშობლები ექიმებს არაკომპეტენტურობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. მშობიარე 2 ღამის განმავლობაში წვალობდა. როდესაც ექიმს მიმართა დახმარებისთვის, მან გამაყუჩებლის დალევა ურჩია და გააფრთხილა, მედპერსონალი უმნიშვნელო რამეზე არ შეეწუხებინა...
ეს შემთხვევა მოსკოვში მოხდა. თუმცა ძალიან ჰგავს თბილისში ან სადმე სხვაგან მომხდარ არაერთ შემთხვევას.
წყვილმა ერთმანეთი მეგობრის ქორწილში გაიცნო. დამეგობრდნენ და მალევე იქორწინეს. ორივეს უნდოდა ბავშვი. დრომ არ დააყოვნა და ექიმმა სასიხარულო ამბავი აუწყათ - ალესია ორსულად იყო. მშობლები და მეგობრები გახარებულები იყვნენ.
"ორსულობა კარგად მიმდინარეობდა. არანაირი წინაპირობა მშობიარობის გართულებისა არ იყო. რეგულარულად დავდიოდი ვიზიტებზე. ექიმი ამბობდა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა. ბოლო გეგმიურ ვიზიტზეც მითხრა, რომ ბავშვი კარგადაა განვითარებული, ანალიზები წესრიგშია და მშობიარობამ კარგად უნდა ჩაიაროსო", - ამბობს ალესია.
ორსულობის 41-ე კვირაზე, ღამით ტკივილები დაეწყო.
"არ მძინებია. დილით წავედით სამშობიაროში. გასინჯვის შემდგომ ექიმმა გამაყუჩებლის დალევა მირჩია და გამაფრთხილა, რომ უმნიშვნელო მიზეზით არ შემეწუხებინა. მითხრა, რომ არ ჰქონდა აზრი ჩემს განყოფილებაში დატოვებას", - ცრემლმორეული იხსენებს გოგო.
მომავალმა დედამ შეიძინა წამალი და წავიდა სახლში. დალია ტაბლეტები, მაგრამ ტკივილმა არ უკლო. საღამოს მოვიდა ქმარი და გადაწყვიტეს, ისევ წასულიყვნენ სამშობიაროში.
შუაღამეს მივიდნენ, კარი დაკეტილი იყო. დააკაკუნეს, გამოვიდა ნამძინარევი ექთანი და უკმაყოფილოდ წავიდა ექიმის დასაძახებლად. მოგვიანებით მოვიდა ექიმი, რომელიც გასაოცრად მშვიდი იყო. გასინჯა, დაასკვნა, რომ ცრუ ტკივილები ჰქონდა და ექთანს უთხრა, ნემსი გაეკეთებინა.
მშობიარე ვერსად დააწვინეს (ადგილები არ ჰქონდათ), ამიტომ მთელი ღამე დერეფანში გაატარა. ტკივილი ძლიერდებოდა, ალესიას უკვე მეორე ღამე არ ეძინა ტკივილებისგან...
როგორც იქნა, გათენდა. ექიმები დაკავებულები იყვნენ, სხვა მშობიარეები ჰყავდათ. საღამოს ისევ გასინჯა ექიმმა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა, მიეღო მშობიარობა. ამ დროისათვის ალესია მთლად ძალაგამოლეული იყო.
მშობიარობა გართულებებით მიმდინარეობდა. ექიმმა მიზეზად დიდი ნაყოფი დაასახელა. საღამოს 9 საათზე დაიბადა ბიჭი 3 კგ 750გ, 56 სმ. ახალშობილი მაშინვე გადაიყვანეს რეანიმაციაში.
"20 წუთში მოვიდა ექიმი და ყოველგვარი ემოციის გარეშე მითხრა, რომ ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. იმედი არ არის, მაგრამ დილამდე უნდა მოვიცადოთო". არავინ ცდილობდა ენუგეშებინა ახალგაზრდა დედა. რეანიმატოლოგი ცეცხლზე ნავთს უსხამდა და ეუბნებოდა: "გადარჩენის შანსი 1:1000 000-თან აქვსო".
"უცებ მოირბინა ბებიაქალმა და მირჩია, სასწრაფოდ მოგვენათლა ბავშვი. ჩემი ქმარი გაიქცა მღვდლის მოსაყვანად"...
ბავშვს ივანი დაარქვეს და მონათლეს... დილამდეც ვერ გაატანა პატარამ.
ალესიამ გადაწყვიტა, დალოდებოდა გათენებას და დილით ეცნობებინა ქმრისთვის ტრაგედიის შესახებ.
ცოლ-ქმარმა მაშინვე მოითხოვა ბავშვის გვამი. ექიმმა უთხრა: "გინდათ კი? ნაიარევი დაგრჩებათ მთელი ცხოვრება. ახალგაზრდები ხართ, კიდევ გააჩენთ". ქმარი დაჟინებით ითხოვდა ბავშვის გადაცემას და გაკვეთის შემდეგ, როგორც იქნა, მიუყვანეს.
...ალესიასთან მივიდა ფსიქოლოგი არა იმისთვის, რომ შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა, არამედ პირიქით უსვამდა კითხვებს: როგორი ოჯახი ჰქონდა? აწუხებდა თუ არა გული და თირკმელები? ხომ არ ჰქონდა გადატანილი ვენერიული დაავადებები და ა.შ.
მოგვიანებით სამშობიაროში დაიწერა დასკვნა, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო. წყვილმა დაწერა განცხადება და დაიწყო გამოძიება ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით...
ალესიას კიდევ უთხრა რამდენიმე ექთანმა, არ იდარდო, კიდევ გააჩენო...
"ბავშვის სიკვდილი - ყველაზე დიდი ტრაგედიაა ნებისმიერი დედისთვის. გასაოცარია მედპერსონალის არაკომპეტენტურობა და უგულისყურო დამოკიდებულება. პირველ რიგში უნდა იყო ადამიანი და პაციენტებს მოექცე ადამიანურად, რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალიზმზე..." - ამბობს ალესია და მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებს, გაცილებით ადამიანურები იყვნენ პაციენტების მიმართ და თუ გულგრილები არიან, ნუ გამოხატავენ მაინც ამას და უარესად ნუ მოუკლავენ გულს ისედაც გადარეულ ჭირისუფლებს.