"ჩემი დედამთილი ამბობს, რამხელა ცოდვა გვაქვს, ამ გოგოს მსახიობობას რომ არ შევუწყვეთ ხელიო..." მას მერე, რაც გრიშა კაკაჩიას ("ჩცდ") სავარაუდო მემკვიდრე გამოუჩნდა, კაკაჩიების დიდ ოჯახში სერიოზული მოუსვენრობაა, თემურ-თუთა ძიგუაში გრიშას უახლოესი ადამიანები პოტენციურ თაღლითს ხედავენ, რომელიც ბიზნესმენის ქონების დაპატრონებას ცდილობს, რასაც ნათესაობა ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით აქტიურობს ბიძაშვილი, ნორა გაბისკირიას ქალიშვილი, კრიმხილდა კაკაჩია, მშობლიური ნოჯიხევიც კი მიატოვა, თბილისში გრიშას სახლში ჩამოუჯდა და გასაქანს არ აძლევს.
ამ პერსონაჟის მიმართ სოციალურ ქსელში საოცარი გამოხმაურებაა: "საშინელი ქალი", "მოაცილეთ სერიალიდან", "რამდენს ბედავს," "გრიშას როგორ აბრაზებს?" და ა.შ. ეს კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ მსახიობმა ნანა კუხალეიშვილმა კრიმხილდას როლი შესანიშნავად შექმნა, ოღონდ, საკუთარი პერსონაჟის სახელი ცოტათი კი ზარავს, არადა, სწორედ მან მოუტანა ის პოპულარობა, ხალხის სიყვარული და წარმოიდგინეთ, 20 წლის შემდეგ პირველი აპლოდისმენტებიც კი.
"პროფესიით მსახიობი ვარ, თეატრალური ინსტიტუტი, ლილი იოსელიანის ჯგუფი დავამთავრე, მარჯანიშვილის თეატრში სამი წელი ვიმუშავე, შემდეგ გავთხოვდი, დავოჯახდი და 20 წლის განმავლობაში თეატრისკენ არც გამიხედავს," - ამბობს ქალბატონი ნანა.
"თუმცა შიგადაშიგ სკოლებში ვმუშაობდი, უანგაროდ ვეხმარებოდი აბიტურიენტებს, რომლებიც თეატრალურ უნივერსიტეტში აბარებდნენ. ჩემი მომზადებულებიდან ერთ-ერთმა - კიაზო ჯობავამ სარეჟისოროც დაამთავრა და საკუთარი თეატრი "პროტესტი" შექმნა, ცოტა ხნის წინ კი, მეც იქ წამიყვანა, დახმარება მთხოვა, ახალგაზრდებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველებაში ვეხმარები", - გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.
- 20 წლის განმავლობაში რატომ და როგორ დასცილდით საკუთარ პროფესიას?
- ბავშვობიდან სცენაზე გავიზარდე, ამიტომ არავის ეგონა, რომ თეატრს ჩამოვშორდებოდი, მაგრამ ასე მოხდა, რასაც თავის მიზეზები აქვს: ბავშვებს დამოუკიდებლად ვზრდიდი და დამხმაარე არავინ მყავდა, მერე ისე მოხდა, რომ მშობლები და ერთადერთი და დავკარგე... ბევრი ტკივილი გადავიტანე...
იმის გამო, რომ თეატრს ასე დავშორდი, წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის განმავლობაში იქ ერთხელაც არ შევსულვარ. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ჩემი არცერთი მეგობრის სპექტაკლი არ მინახავს. რომელიმე თეატრთან თუ გავივლიდი, გული მიჩქარდებოდა, მერე იქაურობას სასწრაფოდ გვერდს ავუქცევდი და მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი...
ქალბატონი ნანა სერიალში ასე მოხვდა:
- "ჩემმა ბიჭებმა "პროტესტიდან" ძალიან მთხოვეს, სცადე ბედი, იქნებ ამ სერიალში რაიმე როლი ითამაშოო. ადამიანის შეწუხებას ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, ავდექი და ეკა მჟავანაძეს, კასტინგის მენეჯერს მაინც მივწერე, თავი შევახსენე. მოკლედ, მოვიკრიბე მხნეობა და შევეხმიანე (მარჯანიშვილის თეატრიდან ერთმანეთს ვიცნობთ, თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა). ვთხოვე, თუ რამე როლი იყო, იქნებ ქასთინგზე დამიძახო, შანსი მომცე-მეთქი. გარკვეული დროის შემდეგ ეკა შემეხმიანა და მითხრა, მეგრული თუ იცი? მე ხომ მეგრელი ვარ, სამეგრელოდან-მეთქი. ჰოდა, როლს გამოგიგზავნი და ნახეო. მერე კი უკვე დამიბარა. რაც ჩავწერეთ, მოეწონა. ლიფონავასაც მოსწონებია. ბოლოს დამირეკა და მეგრული ინტონაციით მახარა: დაგამტკიცეს, გოგო! ისე გამიხარდა, ტელეფონში ბოლო ხმაზე შევძახე ისე, რომ ვეღარ მაჩერებდა. ამას ზუგდიდში გადაღებები მოჰყვა, ნორა გაბისკირიას დაკრძალვის სცენები დაიწყო, სადაც დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარე... გულით ხომ დავიტირეთ ნორა, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ იმ ყველაფრის მიღმა ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ".
- როგორ გაფასებთ 20 წლის შემდეგ თქვენი ოჯახი?
- ორი შვილი მყავს - ქალ-ვაჟი: 15 წლის გოგონა (ისიც მსახიობობს, სამომავლოდ რას იზამს, არ ვიცი) და 10 წლის ბიჭი... მეუღლე 6 თვეა, სამსახურებრივად უკრაინაში იმყოფება... ერთხელ გადაღებაზე შვილმა დამირეკა, - დედიკო, ბებია (ჩემი დედამთილი) მეუბნება, რამხელა ცოდვა გვაქვს, რომ იცოდე, როგორ არ შევუწყეთ ხელი ამ გოგოს, რომ თავის გზით წასულიყო, ეს საცოდაობააო... მოკლედ, ყველას უხარია, მგულშემატკივრობენ. ბავშვები კი ლამის ცაში დაფრინავენ... იხილეთ სრულად