"ძალიან ჩუმად ჩაიარა ამ ამბავმა, მგონი ვაქცინა ბოლომდეც კი ვერ გახარჯეს" - როცა მშობელს აცრებზე არასწორი წარმოდგენა აქვს სახელმწიფო ახალშობილს დაბადებისთანავე უფასო აცრებით უზრუნველყოფს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში მშობლების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია, ზოგი საერთოდ უარს ამბობს აცრაზე, ზოგი ფასიან ვაქცინას ამჯობინებს, ზოგიერთი კი სახელმწიფოს დაფინანსებულ ვაქცინას ჯერდება. აცრის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და როგორც ცნობილი დედა, ნინო ნადირაძე-კუზანოვა ჩავწერეთ, ვფიქრობთ, მისი მოსაზრება საინტერესო იქნება დანარჩენი დედებისთვის.
- ვერ ვიტყვი, რომ აცრების გაკეთება-არგაკეთებაზე აზრი იყოფა, რადგან აცრის უგულებელყოფის იდეა აშკარა უმცირესობაშია. ევროპაშიც და ამერიკაშიც აცრა მიღებული და აუცილებელია, მეტიც, როცა სხვა ქვეყნებიდან, თუნდაც სასაწავლებლად, ჩადიან ბავშვები, აცრების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ ხოლმე. თუ გაკეთებული არ აქვს რომელიმე, თავად უზრუნველყოფენ ვაქცინაციას, რადგან ურჩვენიათ პრევენცია დააფინანსონ, ვიდრე მკურნალობა. ასე რომ, სხვა საკითხებში თუ ვითვალისწინებთ ევროპისა და ამერიკის გამოცდილებას, არც ეს დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან რისკი ამა თუ იმ დაავადების შეხევდრის და გამწვავებისა, აუცრელობის შემთხვევაში ბევრად დიდია. მე ორივე შვილი ავცერი. ბაკო 1996 წელს გაჩნდა, მაშინ ვაქცინის ხარისხის ასეთი კონტროლი სად იყო?! მაგრამ ბავშვს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, კალენდარულად რაც უწევდა, ყველა აცრა გავუკეთე, ივიკო 2003-წლიანია, მის დროს იყო ფასიანი აცრებიც და უფასოებიც, ამბობდნენ, რომ ეს ფასიანი, ფრანგული აცრები უფრო გასუფთავებული იყო და ამიტომ უპირატესობა მეც მას მივანიჭე, თუმცა დღესდღეობით აცრის მომწოდებელი ფირმები იმხელა ფილტრაციას გადიან და იმხელა კონტროლის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი, რომ ეჭვის შეტანა ნაკლებად შეიძლება. თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ აცრა იყოს უფასო, მე ამას მივესალმები. დღესდღეობით რაც ვიცი, არის ის, რომ აცრები უფასოა და საკმაოდ ხარისხიანი პრეპარატები შემოაქვთ. რაც შეეხება გართულებას, მედიცინა მათემატიკა არაა და შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში გვქონდეს გართულება, მაგრამ როცა აცრა ყველა წესის დაცვით კეთდება, გართულების შანსიც მიზერულია. იმდენად სათუთი საკითხია ეს, არასოდეს არ წავა ჯანდაცვის სამინისტრო იმაზე, რომ შემოიტანოს უხარისხო ვაქცინა, მით უმეტეს, როცა ბავშვებს ეხება საქმე. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და იქ მომუშავე ხალხი ზემდეტად კაცთმოყვარეობით გამოირჩევიან, არა, უბრალოდ ორი თავი არავის არ აბია და ყველა ფრთხილად და ზედმიწევნით სწორად აკეთებს ამ საქმეს.
- ამბობენ, რომ ფასიანი აცრის დროს ბავშვს არ აქვს გართულება, მაღალი ტემპერატურა, ტკივილი და ა.შ. ეს შეესაბამება რეალობას?
- მე ჩემი შვილი ავცერი საუკეთესო ფრანგული პრეპარატებით, მაგრამ ჰქონდა ტემპერატურის მატებაც და ტკივილიც. არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, რომ ფასიანი ნაკლებად იწვევს გართულებას და უფასო უფრო მეტად, ასე რომ, ეს მხოლოდ ვიღაცების მოსაზრებაა და ნაკლებად მჯერა ასეთების.
- აქვე მინდა, როგორც ექიმმა ხაზი გაუსვათ აცრის მნიშვნელობას და გვითხრათ რატომაა საჭირო ვაქცინაცია?
- ზუსტად აცრებმა განაპირობა ის, რომ ისეთი საშინელი დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, პოლიომიელიტი აღარ არსებობს. არადა სწორედ პოლიომიელიტმა აქცია ბევრი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ. ბავშვებსაც ინფექციური სნეულებები აუცრელობის შემთხვევაში უფრო ხშირად ხვდებათ და გართულებაც უფრო მწვავეა.
2003 თუ 2004 წელს, სახელმწიფომ უზრუნველყო პაპილომა ვირუსზე უფასო აცრა, მაშინ, როცა თითო აცრა 700-800 ევრო ჯდებოდა. ჩვენ შეგვეძლო უფასოდ გაგვეკეთებინა ეს ვაქცინა, მაგრამ ეს თემა საზოგადოებამდე არ იყო კარგად მიტანილი, არ იყო სწორად ორგანიზებული, ბევრმა საშიშადაც ჩათვალა და შეიძლება ითქვას, ძალიან ჩუმად ჩაიარა ამ ამბავმა, მგონი ვაქცინა ბოლომდეც კი ვერ გახარჯეს. არადა, ესაა არაჩვეულებრივი შანსი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. დადასტურებულია, რომ 96% პაპილომა ვირუსი იწვევს საშვილოსნოს კიბოს. ოღონდ ეს აცრა პირველ სქესობრივ აქტამდე უნდა მოხდეს, ანუ იმ პერიოდში, როცა გოგო ქალიშვილია. ეს იყო ძალიან კარგი შანსი, რომელიც ბევრმა ხელიდან იმიტომ გაუშვა, რომ შეეშინდა, იმიტომ, რომ მეზობელმა უთხრა, არ ვარგაო და ა.შ.
თუ სახლემწიფო კიდევ ერთხელ გაიმეორებს ასეთ პრევენციულ ღონისძიებას და კიდევ ერთხელ ჩატარდება მსგავსი პროგრამა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ კიბოთი ავადობა საქართველოში საკმაოდ მომატებულია სხვადასხვა ეკოლოგიური და გარემო პირობის გამო. მე მომხრე ვიქნები, რომ ეს კიდევ გაკეთდეს.
- დასასრულ მინდა გკითხოთ ვირუსებისა და გრიპების საწინაღმდეგო აცრებზე, რომელიც სავადლებულო არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს მოსაზრება, რომ აცრის შემთხვევაში, ვაქცინა, კონკრეტული ჯგუფის ვირუსებზე მოქმედებს და შეიძლება აცრილ ბავშვს სხვა ტიპის, სხვა ჯგუფის ვირუსი მაინც შეხვდეს...
- მე მაინტერესებს, ამ მოსაზრებას რითი ადასტურებენ, არსებობს რამე კვლევა ამაზე ან სტატისტიკა?! ყველა განცხადება გამყარებული უნდა იყოს კვლევებით, ზეპირ განცხადებებს ჩემთვის არანაირი ფასი არ გააჩნია. ხშირად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს არ უჯერებენ და იმ მეზობლის რჩევას ენდობიან, რომელმაც ყურმოკვრით დაუზუსტებლად იცის საკითხი, ეს მიდგომა კი ყველას აზარალებს და ეს მხოლოდ სამედიცინო საკითხებში არ ხდება, ზოგადადაც ასეა. ალბათ პიარის განხრით მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა უნდა გახდეს, საგანმანათლებლო მუშობა უნდა გაააქტიურონ, სადაზღვევო კომპანიებმა კი უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ პრევენციულ პაკეტებში, ვიდრე დაავადებული ადამიანის მკურნალობის საკითხში, იმიტომ, რომ ფინანსურად ეს მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია.
ციცი ომანიძე