კოკსაკის ვირუსთან დაკავშირებით მშობლებში დიდი ვნებათაღელვაა ბოლო დროს გავრცელებულ კოკსაკის ვირუსთან დაკავშირებით მშობლებში დიდი ვნებათაღელვაა. არცთუ უმიზეზოდ, კოქსაკის ვირუსი ერთგვარი ენტეროვირუსული დაავადებაა, რომელიც კუჭნაწლავის ინფექციის სახით გადაეცემა, თუმცა ჰაერწვეთოვანი გზითაც გადადის. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე და მათ შორის პირის ღრუშიც და ძლიერი გაუწყლოება. საშიში იმითაა, რომ გართულების შემთხვევაში შეუძლია დააზიანოს გული, გამოიწვიოს მიოკარდიტი, ასევე იქცეს მენინგიტის მიზეზად.
თუმცა, როგორც ცნობილი ეპიდემიოლოგი, პაატა იმნაძე აღნიშნავს, კოკსაკს გართულებები იშვიათად ახასიათებს და ძირითადად, მძიმედ არ მიმდინარეობს.
"მეგობრებო, ეხლა თურქეთში კოკსაკი ვირუსით გაგიჟებენ, რუსული პრესის მიერ აგორებული თემით. დაწყნარდით ყოველ ზაფხულს, ყველა ქვეყანაში არის ენტეროვირუსები, კოკსაკიც ენტეროვირუსია. მძიმეც არ არის, საბედნიეროდ" - წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდის მონაცემებით, არა-პოლიომიელიტური ენტეროვირუსით (კოკსაკიც ასეთი ვირუსია)ინფიცირებულთა უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნება, ან ვლინდება მსუბუქი კლინიკური სიმპტომები, როგორიც დამახასიათებელია ბანალური გაციებისთვის. მოზრდილ ადამიანებთან შედარებით, ახალშობილები, ბავშვები და მოზარდები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, რადგან არ აქვთ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი, მანამდე ვირუსის ექსპოზიციის არარსებობის გამო. მოზრდილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ჰქონდეთ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. დაავადების
მსუბუქი ფორმის დროს კლინიკური სიმპტომებია:
- სიცხე; - ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ხველა; - გამონაყარი კანზე; - გამონაყარი პირის ღრუში; - ტანისა და კუნთების ტკივილი.
ზოგიერთმა არა-პოლიო ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ვირუსული კონიუქტივიტი; - ხელის, ტერფისა და პირის დაავადება; - ვირუსული მენინგიტი (ზურგისა და თავის ტვინის გარსების ინფექცია); - ვირუსული ენცეფალიტი (თავის ტვინის ინფექცია); - მიოკარდიტი (გულის კუნთის ინფექცია); - პერიკარდიტი (გულის მფარავი გარსის ინფექცია); - მწვავე პერიფერიული დამბლა (უცაბედი სისუსტე ერთ ან რამდენიმე კიდურში); - კუნთების ანთებადი დაავადება (ნელი, პროგრესირებადი კუნთების სისუსტე). ახალშობილებს და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს შესაძლოა უფრო ადვილად განუვითარდეთ აღნიშნული გართულებები.
თურქეთის კურორტებს მასობრივად ტოვებენ ვირუსული ეპიდემიის გამო