"თავს მართლა ახალგაზრდად ვგრძნობ და დავრბივართ მე და ჩემი მეუღლე კეტებით ამ პატარასთან ერთად..." - როგორია საქართველოში გვიანი დედობა გუშინ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას გვიანი დედობის შესახებ (იხილეთ სტატია), საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საიტსა და ფეისბუქგვერდზე კომენტარი გააკეთეს ქალბატონებმა, რომლებსაც ასევე განუცდიათ ეს ბედნიერება და წნეხიც, რომელიც მას ახლავს თან საზოგადოების მხრიდან. გთავაზობთ მათ კომენტარებს და იმედი გვაქვს, ამ თემებზე ხშირი საუბარი საზოგადოებასაც მიაჩვევს იმას, რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს და თავისი ოჯახური ბედნიერება. ვიღაცისთვის ერთი შვილია საკმარისი ან უბრალოდ მეტის გაჩენა არ შეუძლია, ვიღაც 35 წლის მერე გადაწყვეტს გათხოვებას და შვილის გაჩენას, ვიღაც - მესამეს გააჩენს 40 წლის ასაკში, ვიღაც კი საერთოდ არ გათხოვდება და ისე იყოლიებს შვილს... ეს მათი ცხოვრებაა და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს თუ ცხოვრებისეულ რეალობას...
"სრული სიმართლეა... ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა 41 წლის ასაკში მესამე შვილის გაჩენის ღირსი გამხადა..."
"მივესალმები. მეც ვაპირებ 35 წლის მერე შვილის გაჩენას. ამჟამად სამი მყავს - 12 წლის, 9 წლის და 8 წლის".
"მეც გვიან გავაჩინე მესამე და ძალიან მწყინს, როცა მეკითხებიან, შვილიშვილიაო?"
"მე სამი შვილი მყავს - 24 წლის ბიჭი, 19 წლის ბიჭი და 1 წლის და 7 თვის გოგო. 42 წლის ასაკში დამასაჩუქრა ღვთისმშობელმა და ისეთი სიხარული და სიყვარულია, ყოველდღე მადლობას ვუხდი ღმერთს ამ დიდი საჩუქრისთვის. მანამდე არც მოველოდებოდი, მაგრამ გოგო მთელი ცხოვრება მინდოდა..."
"ძალიან მაგარი შეგრძნებაა ასაკში შვილი. 35-სამ გავაჩინე. ორი დიდი მყავს და დედური ინსტინქტი და დედობა ახლა ვიგრძენი. შვილის გაჩენა არასდროსაა გვიანი, პირიქით, უფრო მძაფრდება ასაკში დედური ინსტინქტი".
"დედობა ყველა ასაკში ძალიან მაგარია. უბრალოდ, ასაკოვანი დედის შვილებს ცოტა დრო რჩებათ დედასთან ყოფნისათვის და ყოველ გასულ წელს შიშით ხვდებიან. დედებიც, ასევე. თუმცა, ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ, ნებისმიერ ასაკში".
"მართალია, 42 წლის ასაკში გავხდი დედა. კიდევ მინდა მეორე მაგრამ ექიმმა, დიდი რისკიაო. მაინც მადლობა უფალს. თავს მართლა ახალგაზრდად ვგრძნობ და დავრბივართ მე და ჩემი მეუღლე კეტებით ამ პატარასთან ერთად".
"43 წლის ასაკში გავაჩინე სრულიად ჯამრთელი ბავშვი იმიტომ, რომ თავად ვარ ჯამრთელი!!! ხოლო სანამ შემეკითხება ვინმე (ახალი ნაცნობი), მე თავად ვეუბნები ჩემს ასაკს! გადასარევარ ვართ, რადგან გული მაქვს ახალგაზრდის!!!"
"გარკვეული ქალური პრობლემები მქონდა, საკმაოდ რთული, და ექიმმა მირჩია, წამლებით გაჭყეპვას და ოპერაციებს ჯობს, შვილი გააჩინო, ამ ასაკში ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვისო... უკვე სამი მოზრდილი შვილი მყავდა და აღარც ვაპირებდი მეოთხეს, მაგრამ მაინც გავრისკე. 40 წლისამ გავაჩინე და ჯანმრთელობის პრობლემაც მომიგვარდა და პატარაც მშვენიერი დაიბადა... მაგრამ მაინც ვაღიარებ, რომ ისეთი მხნე და ახალგაზრდული ვერ ვარ, როგორიც ბავშვს სჭირდება. თითქოს უფრო ფეთიანი დედაც გავხდი, სხვებთან შედარებით და ხანდახან კომპლექსებიც მაწუხებს, როცა პატარა მიჭირავს და ეჭვის თვალით გადმომხედავენ, თითქოს მეკითხებიან, შვილია თუ შვილიშვილიო... მაინც მგონია, რომ ყველაფერს აქვს თავისი ასაკი..."