"დღეს ქალი მიდის მოჯამაგირედ, სახლში დარჩენილი კაცი კი ძირითადად ლოთობს და ბავშვები მიყრილები არიან" - მოზარდთა თვითმკვლელობები, მშობლების გასაჭირი და მასწავლებლის შეფასება - მშობლები

"დღეს ქალი მიდის მოჯამაგირედ, სახლში დარჩენილი კაცი კი ძირითადად ლოთობს და ბავშვები მიყრილები არიან" - მოზარდთა თვითმკვლელობები, მშობლების გასაჭირი და მასწავლებლის შეფასება

2019-10-10 11:32:58+04:00

მოზარდებს შორის გახშირებულმა სუიციდის ფაქტებმა ყველა ააფორიაქა. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს თემა მშობლებისთვის, რომლებსაც თავადაც ძალიან უჭირთ შვილების ასაკობრივ პრობლემებთან ჭიდილი და შიშით შეჰყურებენ გაღიზიანებულ შვილებს.

შევეცადეთ ეს თემა მშობლებთან, მასწავლებელთან და სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გაგვეანალიზებინა. დაგვეთანხმებით, რომ რაც უფრო მეტს ვიფიქრებთ ამ თემაზე, უფრო მომზადებული შევხვდებით პრობლემებსაც.

Mshoblebi.ge-სთან საუბრისას მოზარდთა ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ ე.წ. გარდატეხის ასაკში ძალიან უჭირთ შვილებთან ურთიერთობა, რომ მოზარდები მათ იშვიათად ეკონტაქტებიან და იშვიათად უზიარებენ თავიანთ ამბებს. მათი ნაწილის თქმით, ”შვილთან გაუცხოვდა” და ყოველივე ცხოვრების დაძაბულ რეჟიმს უკავშირებენ.

ნათია, 13 წლის მოზარდის დედა - ვცდილობ ,მოვარიდო ჩემს შვილს მორიგი სუიციდის შესახებ ინფორმაციის გაგება, არ ვიცი, რამდენად გამომდის. რაღაც კუთხით, არის მიმბაძველობის მომენტიც, თითქოს მოდაში შემოვიდა. მეგობრებს, გარემოს, ძალიან დიდი გავლენა აქვს. 13 წლის შვილი მყავს და ახლა გვაქვს ურთულესი პერიოდი. ხანდახან არ ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს მის ამა თუ იმ სურვილზე. როცა სასურველს ვერ იღებს, აქვს ხოლმე მუქარის მომენტი, მადლობა ღმერთს, არ მეუბნება თავს მოვიკლავო, მაგრამ მეუბნება, რომ სახლიდან გაიქცევა, რომ საცხოვრებლად მეგობართან გადავა.

მანანა, 16 და 14 წლის მოზარდების დედა - როცა ვიგებ, რომ მოზარდმა თავი მოიკლა, უმძიმესი მოსასმენია როგორც მოქალაქისთვის და როგორც მათი თანატოლების დედისთვის, გინდა თუ არა, შენც გეფიქრება, რომ შეიძლება შენმა შვილმაც გადადგას მსგავსი ნაბიჯი. იცით რა, დღეს ძალიან რთული ცხოვრებაა, მშობლები წასულები ვართ, ვმუშაობთ, ბავშვები კი მარტოები გვყავს, რას აკეთებენ, რით არიან დაკავებულები მთელი დღე, არ ვიცით. საღამოს, სახლში დაღლილები რომ მივდივართ, არაფრის თავი აღარ გვაქვს. პირადი გამოცდილებით გეუბნებით, ერთი წლის წინ სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ შვილებთან ურთიერთობამ ფორმალური სახე მიიღო. ვამჯობინე, რომ რაღაც მომეკლო და შვილების გვერდით ვყოფილიყავი. არ ვიცი, შეიძლება არიან დედები, რომლებიც იდეალურად უთავსებენ ერთმანეთს ყველაფერს, მაგრამ მე ეს ვერ შევძელი, ახლა ვცდილობ, სულ კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან, მოვუსმინო მათ, გავუგო, არ ვიცი, ხანდახან ძალიან მიჭირს გაგება, მაგრამ ვცდილობ.

ანა, 15 წლის მოზარდის დედა - ძალიან რთულ რამეს მეკითხებით, ალბათ, პრობლემა პირველ რიგში, ოჯახშია, მერე იმ საზოგადოებაში, რომელშიც ბავშვს უწევს ყოფნა. ამ ბოლო დროს მეც მაქვს პრობლემა შვილთან კომუნიკაციის, არაფერს არ მიყვება, გამირბის. არ ვიცი, გარდატეხის ასაკში რატომღაც მტრებად აღგვიქვამენ, არ გვანდობენ საიდუმლოებს. ვგეგმავ, რომ ფსიქოლოგთან მივიდეთ ერთად, სანამ უფრო მწვავე ფორმას მიიღებს ყველაფერი. მე მგონია, რომ როცა პრობლემაა, მარტივად შეიძლება ეს მშობელმა ან ნებისმიერმა მზრუნველმა პირმა შეამჩნიოს და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები.

რას ფიქრობს მასწავლებელი?

Mshoblebi.ge ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილ მასწავლებელს ესაუბრა, თუმცა მის ვინაობას ანონიმურად ვტოვებთ. როდესაც პედაგოგს კითხვებით მივმართეთ, გვითხრა, რომ პირველ რიგში, მოსწავლეების აზრის გაგება სურდა ამ საკითხზე. მან მოზარდებს გახშირებული ბულინგისა და სავარაუდო სუიციდის შესახებ ჰკითხა და გვითხრა, რომ საკმაოდ გულწრფელი საუბარი გამოუვიდათ. როგორც პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეები მას გამოუტყდნენ, რომ თავადაც ბულინგის მსხვერპლნი არიან, ზოგი წონის გამო, ზოგიერთი სათვალის გამო, ზოგიც სახელის გამო, მიზეზები ბევრი და არაერთგვაროვანია. მოზარდთა ნაწილს უჭირს ფსიქოლოგიურად ყოველივეს გადალახვა, ნაწილიც უფროსებს მიმართავს დასახმარებლად და მამისა, თუ ბიძაშვილების ჩარევით აგვარებს პრობლემას.

- მე მასწავლებელი ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ბულინგის და სუიციდის თემაზე, საიდან მოდის, რატომ უჩნდებათ ამის სურვილი, რა არის საფუძველი? განათლების სამინისტრო ვერაფერს ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი ინსტანცია. ყველაფერი კი დაბლიდან არის აყროლებული, გაფუჭებული და მაღალმა ინსტანციამ რა უნდა გააკეთოს?! პრობლემის მოგვარებას სჭირდება სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების ერთობლივი მუშაობა. ადრე ისწავლებოდა ასეთი საგანი - ”ოჯახური ცხოვრების ეთიკა და ფსიქოლოგია”, მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი. მოზარდები წერილებს წერდნენ ანონიმურად, თავიანთ სატკივარზე, საოცრება იყო, ვფიქრობ, რომ სკოლებში ეს საგანი აუცილებლად უნდა იყოს.

პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახებში უნდა ვეძებოთ, ასევე საბავშვო ბაღში. ბაღებში კატასტროფული მდგომარეობაა. ისეთი აღმზრდელებია საჭირო, რომლებმაც იციან აღზრდის თანამედროვე მეთოდები. ძველი მენტალუტეტით აღარ შეიძლება თანამედროვე ბავშვების აღზრდა. არსებობს კონფლიქტოლოგია და სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს განსწავლული აღმზრდელი საბავშვო ბაღში. თუ ბავშვს ასეთი პედაგოგი ჰყავს, ის მარტივად აგვარებს კონფლიქტებს და არ გადადის ძალაზე.

ყველაფრის ძირი და საფუძველი ოჯახია. გახსოვთ ქართული ზღაპარი? – ”იყო და არა იყო რა, იყო ღარიბი ცოლ-ქმარი. ოჯახს ძალიან უჭირდა, ადგა და კაცი მოჯამაგირედ წავიდა”. ახლაც იგივეა, ოღონდ ახლა ქალი მიდის მოჯამაგირედ. ეს ძირფესვიანად არყევს ოჯახის ინსტიტუტს. რას აკეთებს ოჯახში დარჩენილი კაცი? სვამს, ლოთობს ძირითადად, დადის აქეთ-იქით. ბავშვები მიყრილები არიან და სხვადასხვა გავლენის ქვეშ ექცევიან. ეს ცხოვრებამ გამოიწვია, ტექნიკამ მამაკაცს სამუშაო წაართვა და ქალის როლი უფრო წინ წამოვიდა, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ამას შვილების ბედი ვანაცვალოთ?!

ფუტკრების ოჯახის მაგალითი ავიღოთ, როგორი ძლიერი ოჯახიც უნდა იყოს, ის იშლება, თუ დედა ფუტკარი წავა. ზუსტად ისევეა ადამიანთა ოჯახებშიც. სკოლებშიც მასწავლებლების მხრიდან ადამიანური ფაქტორი უნდა იყოს წინ წამოწეული, განსაკუთრებით გარდამავალ ასაკში. გარდამავალ ასაკში მოზარდებს ცოტა სხვანაირი შეხედულებები აქვთ, ჰგონიათ, რომ ქვეყანა დაექცათ თავზე, მორჩა, დამთავრდა ცხოვრება და ზოგჯერ გამოსავალს სუიციდში ხედავენ.

კიანუ რივზს აქვს ერთ-ერთ ფილმში ასეთი ფრაზა - დათვი რომ დაიჭირო ან მგელი მოკლა, ლიცენზია გჭირდება და ამ დროს ყველა იდიოტს შეუძლია მშობელი გახდესო. მამაჩემი დილით ასე მაღვიძებდაო, მესროდა ანთებულ სიგარეტსო და მეუბნებოდა, ადექი, შე იდიოტო, დროზე, ჩაი მომიდუღე, სამსახურში მივდივარო. ასეთ მშობლებს რამე რომ უთხრა, გაოცებული შემოგხედავენ, გკითხავენ, რა, მე ცუდი მშობელი ვარ? მშობლებმა არ იციან ბავშვის ფსიქოლოგია, ავიწყდებათ, თვითონ როგორები იყვნენ შვილების ასაკში, რომ გვერდით დგომა უნდოდათ. როცა მშობელია თვითონ გასაზრდელი, მან შვილი როგორ უნდა გაზარდოს?!

დათვი რომ დაიჭირო ან მგელი მოკლა, ლიცენზია გჭირდება და ამ დროს ყველა იდიოტს შეუძლია მშობელი გახდეს

ბავშვებს მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი აქვთ. ასევე, ბავშვების დიდი ნაწილი არ დადის ხელოვნებაზე. ჩემს მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ დაოჯახდებით და შვილები გეყოლებათ, ხელოვნებაზე ატარეთ, ხელოვნების ნებისმიერ დარგზე, რადგანაც ის ამშვიდებს ადამიანს, ალამაზებს, სილამაზის აღქმას აძლევს.

ადრე კერია იყო, გარშემო წრეზე ისხდნენ ყველანი იმ კერიასთან და ერთმანეთთან საუბრობდნენ, მერე ტელევიზორი გაჩნდა და მათი ყურადღება უკვე ერთმანეთისკენ კი არა, ტელევიზორისკენ იყო მიმართული, მაგრამ ახლა ზურგი აქცია ყველამ ერთმანეთს, ყველას თავის სამყარო აქვს ტელეფონში. შეიხედეთ ოჯახებში, მაღლა სართულიდან დაბლა დედა-შვილი ერთმანეთს ”მესიჯებით” ესაუბრება. ოჯახებში დაივიწყეს მაგიდაც... მაგიდას აქვს გამაერთიანებელი, ოჯახის შემაკავშირებელი ფუნქცია, მხოლოდ სასადილოდ კი არ არის?! დღეს მაგიდა აღარ არის ოჯახში და ამან ოჯახს გარკვეული ბზარი გაუჩინა.

ეს კარგია თუ ცუდი სხვა თემაა, მაგრამ ამას წინ ვერ აღვუდგებით, ეს დიალექტიკის, ანუ საზოგადოების განვითარების კანონია და ამას ვერც ერთი ადამიანი წინ ვერ აღუდგება. ეს შეუქცევადი პროცესია, ამიტომ ჩვენ უნდა მოვერგოთ. მე რომ შვილი გავაჩინე, ვალდებული ვარ გვერდით დავუდგე გასაჭირში, თორე ლხინში გვერდით დადგომას რა უნდა?!” - ამბობს პედაგოგი.
მისივე თქმით, ფსიქოლოგები კი არიან სკოლებშიც და საბავშვო ბაღებშიც, მაგრამ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგანაც დიდი ნაწილი არაპროფესიონალია.

”ზოგიერთს არც გაუვლია კურსები, ისე აიღო სერტიფიკატი. არაპროფესიონალია და თუ გინდა გამოტენე სკოლა ასეთი არაპროფესიონალი ფსიქოლოგებით შედეგი არ იქნება. ბავშვები ერთ ამბავს მომიყვნენ და იცინოდნენ ჩვენს ფსიქოლოგს იქეთ სჭირდება ფსიქოლოგიო”, - გვიყვება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ოფიციალური სტატისტიკა:

2019 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით: 13-18 წლის მოზარდებში 23 სუიციდის მცდელობა ფიქსირდება, სუიციდი დადგა 7 შემთხვევში.
2018 წელს 11- 18 წლის ჩათვლით 58-მა მოზარდა სცადა სუიციდი, 14 შემთხვევაში ეს მცდელობა სიკვდილით დასრულდა.

სტატისტიკა ჯერჯერობით არ ასახავს 2019 ბოლო 4 თვის მონაცემებს, თუმცა ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი შემთვევა გახმაურდა.

რას ამბობს მანდატურის სამსახური

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი, თეონა ჩიტიაშვილი გვეუბნება, რომ ბავშვს არ უნდა ჩავაგონოთ, რომ ვიღაცამ სიღარიბის, ბულინგის ან მსგავსი მიზეზის გამო განახორციელა ასეთი ქმედება. ამის ნაცვლად აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
”მაბდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ამ ეტაპზე ცხრა ქალაქში, ათ ლოკაციაზე მუშაობს. ამ ეტაპზე მომართვის ორი გზაა: ან სკოლიდან მანდატური ამისამართებს მოსწავლეს ცენტრში ან ცხელ ხაზე გვირეკავს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ სურს, მისმა შვილმა მიიღოს აღნიშნული მომსახურება.

ვინ დახვდება მოზარდს დახმარების ცენტრში?

ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრები.

რა სახის დახმარებას მიიღებენ?

ეს გამომდინარეობს მოზარდის საჭიროებებიდან. ერთჯერადი კონსულტაცია, თერაპია, საჭიროებების განსაზღვრა და ა.შ.

ვინ მოხვდება ცენტრში?

მოსწავლეები, რომლებსაც ქცევის დარღვევები და ემოციური სირთულეები აქვთ. მომართვიანობა ხშირია დესტრუქციული ქცევის შემთხვევაში, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ სტატისტიკა საგანგაშოა. სტატისტიკა საშინლად იწევს, არა უშუალოდ შემდგარი სუიციდის, არამედ, მცდელობების ფაქტების ხარჯზე. როცა სიუიციდის ფაქტები მედიით შუქდება, ჩვენ არ ვიცით, რამდენი მოწყვლადი ბავშვი ზის, უსმენს, კითხულობს ამ ყველაფერს და რა რეაგირება შეიძლება მოიტანოს ამან. მითუმეტეს, თუ ჩვენ ფორმულასავით მივაწვდით, რომ ბავშვები თავს იკლავენ სიღარიბის გამო, ან ბულინგის გამო და სხვა... ასეთი ფორმულირება არ არის სწორი.
აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ემოციური პრობლემები ყველას აქვს, დესტრუქციული ფიქრები ბევრ ადამიანს აწუხებს, სირცხვილი არ არის დახმარების სათხოვნელად მივმართოთ ან ზრდასრულ ადამიანს, ან შესაბამის სპეციალისტს. მთავარი მესიჯი ის არის, რომ გვახსოვდეს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ გამოსავლის მოძებნაში და პრობლემის გადალახვაში დაგვეხმარებიან.
იმ მოზარდების შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ცენტრში ხვდებიან, საკმაოდ პოზიტიური შედეგებით სრულდება ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, სადაც ზუსტად განვსაზღვრავთ, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს. თითოეული ახალი შემთხვევა არის აბსოლუტურად ინდივიდუალური და აბსულუტურად განსხვავებული საჭიროებებით”, - ამბობს თეონა ჩიტიაშვილი.

ხატია ვარდოსანიძე