"ადამიანის უკულტურობის მიმანიშნებელია, როცა მშობლიური ენა არ იცის და გაუმართავი მეტყველება აქვს" – ქართული ენისა და ლიტერატურის ცნობილი პედაგოგი - მშობლები

"ადამიანის უკულტურობის მიმანიშნებელია, როცა მშობლიური ენა არ იცის და გაუმართავი მეტყველება აქვს" – ქართული ენისა და ლიტერატურის ცნობილი პედაგოგი

2019-11-29 10:41:15+04:00

„ჩემს შვილს კითხვა არ უყვარს“, „ბავშვი ვერ სწავლობს“, „მეცადინეობა ეზარება“, „ქართულში განსაკუთრებული მეცადინეობა რა საჭიროა?!“, "რა არის მთავარი, რისი ცოდნაც მოსწავლისთვის აუცილებელია?", "რა წიგნები წავაკითხო ბავშვს?" – ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზებსა და კითხვებს საკმაოდ ხშირად მოისმენთ მშობლებისგან. მოზარდთა სწავლა, მათთვის სრულფასოვანი განათლების მიცემა მშობელთა ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, შესაბამისად, სწავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა კითხვები ხშირად აწუხებთ და ამ კითხვებით mshoblebi.ge-ს მომართავენ ხოლმე.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მანანა მაისურაძე გვეუბნება, რომ არსებობს ცოდნის მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას. ეს ეხება ნიჭიერსაც და უნიჭოსაც, ზარმაცსაც და ბეჯითსაც. პედაგოგი მიიჩნევს, რომ შედეგის მისაღწევად ყველა მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ქალბატონ მანანას, რომელსაც საზოგადოება ტელე-შოუ „ვის უნდა 20 000“-ის გამარჯვებულად იცნობს, 40-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მან სწავლა-სწავლების საკითხებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა.

– ხშირად გვესმის მოსწავლეებისგან, განსაკუთრებით აბიტურიენტებისგან, „ქართულს ხომ ისედაც ჩავაბარებ?!“, „რა საჭიროა განსაკუთრებული მომზადება?!“ „რა საჭიროა ქართულში მეცადინეობა?“ ბევრი მოსწავლე თვლის, რომ მხოლოდ გამოცდისთვის უნდა ისწავლოს. თქვენ, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა გვითხარით, რატომ არის საჭირო და აუცილებელი ამ საგნის განსაკუთრებულად სწავლა, რაში ეხმარება მოზარდს, რა ჩვევებს უყალიბებს, რის უნარებს უვითარებს და რატომ უნდა ისწავლონ განსაკუთრებულად სწორედ რომ მშობლიური ენა და ლიტერატურა?

– ბუნებრივია, ნებისმიერმა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენა უნდა შეისწავლოს საფუძვლიანად, როგორც ერთგვარი ბაზისი დანარჩენი იმ ცოდნისა, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში გამოადგება. ასეთი ცდა ჩაატარეს, ახალშობილს საწოვარაზე დაუყენეს ე.წ. წოვის სიჩქარის გამზომი. როცა მშობლიურ ენაზე ელაპარაკებოდნენ, წოვის სიხშირე იზრდებოდა, უცნობ ენაზე საუბრისას, მცირდებოდა.

გარდა ამისა, ადამიანის უკულტურობის მიმანიშნებელია, როცა გაუმართავი მეტყველება აქვს. მაგალითად, მაღალი რანგის საჯარო მოხელე არ უნდა ამბობდეს ისეთ წინადადებას, როგორიცაა – „მოხდა ხალხის გამოსვლა ქუჩაში მასიურად“. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასევე, ერთმა ცნობილმა ადვოკატმა ასეთი წინადადება თქვა: „დღე მოხდა ადვოკატების არმოსვლა სასამართლოში“. ასე მგონია, რადგან გამართულად ვერ მეტყველებენ, ვერც სწორად აზროვნებენ. ამასთანავე, მშობლიური ლიტერატურის და ისტორიის სწავლა იდეოლოგიის სწავლაცაა. სწორედ ამიტომ გადაიყვანეს 40-იან წლებში აფხაზები და ოსები რუსულ სკოლებში, რადგან კარგად ხვდებოდნენ, რომ ასეთ სასწავლებლებში გაზრდილი თაობა აუცილებლად რუსული ორიენტაციისა იქნებოდა.

როცა ადამიანი გარეთ გამოდის, თავს ავალდებულებს, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს, ჩაცმულობაც და ვარცხნილობაც. ამისთვის ის საკმაოდ ირჯება და იხარჯება. სწორედ ასევე უნდა მიექცეს ყურადღება გამართულ მეტყველებასაც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ლიტერატურა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს: ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი მონაპოვარი, ჩვენი სიმდიდრე, ამიტომ კიდეც უნდა ვისწავლოთ და კიდეც უნდა ვიამაყოთ.

– რას იტყვით სკოლებში ქართული ენის გრამატიკის სწავლების დონეზე და გრამატიკის სახელმძღვანელოებზე. ახლა მასობრივად აღარ ასწავლიან შანიძე-კვაჭაძის ძველი სახელმძღვანელოებით. აძლევს თუ არა გრამატიკის თანამედროვე სახელმძღვანელოები მოსწავლეს შესაბამის ცოდნას და რის შეცვლას ისურვებდით?

- რაც შეეხება გრამატიკის სწავლებას, უპირველეს ყოვლისა, დავსვათ კითხვა, რატომ ვსწავლობთ გრამატიკას? პასუხი ერთია, სწორი წერა და მეტყველება რომ ვიცოდეთ. შეიძლება ბევრი შემედავოს, მაგრამ სკოლებში მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ თეორიული მასალა, მთლიანად არა, რა თქმა უნდა. დავტოვოთ ის, რაც მართლწერასა და მართლმეტყველებაში გამოიყენება. მაგალითად, რა საჭიროა ვასწავლოთ სინტაქსური დამოკიდებულების სახეები დაწვრილებით: მართვა, მირთვა და შეთანხმება, როცა ამას თავისუფლად შეისწავლიან მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების შესწავლის შემთხვევაშიც.

ასევე, არაა საჭირო ცალ-ცალკე, დაწვრილებით ვასწავლოთ დამოკიდებული წინადადების სახეები. უბრალოდ, ყურადღება გავამახვილოთ იმ ტიპურ შეცდომებზე, რომლებსაც უშვებენ. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. თუ ასე მოიქცევიან, გრამატიკის შესწავლა ადვილიც იქნება და საინტერესოც.

– უნდა ისწავლებოდეს თუ არა საზეპიროები? ხშირად გვესმის, რაში მჭირდება შუშანიკიდან ამ საზეპიროს ცოდნა, ან ვეფხისტყაოსნიდან ამა თუ იმ სტროფის ცოდნა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხის მიმართ?

- საზეპიროებზე დღეს ბევრს დავობენ. მიმაჩნია, რომ საზეპირო ისეთ როლს ასრულებს, როგორსაც სალესავი დანისთვის. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უაზრო დაზუთხვაში გადაიზარდოს. კარგად აქვს ეს პროცესი აკაკი წერეთელს თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“. იმდროინდელი მასწავლებლებისთვის მთავარი გაკვეთილის ზეპირი გადმოცემა იყო და არა აზრის გაგება. შეიძლება თავის დროზე არ მსიამოვნებდა, როდესაც სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს მაზეპირებინებდნენ, მაგრამ ახლა დიდ სიამოვნებას განვიცდი მათი წარმოთქმის დროს. ადამიანებს მოსწონთ ლექსების ზეპირად წაკითხვა. აბა, ლირიკულ ლექსს როგორ მოჰყვები?! სცადეთ და ნოველებად მომიყევით ბარათაშვილის, ან გალაკტიონის ლექსები, სულ დაიკარგება ის ხიბლი, რაც მათ აქვთ.

– ჩვენ გვწერს მშობელი, დაწყებითების საფეხურის მოსწავლის დედა და ამბობს, რომ არ სურს მის შვილს სწავლა, ვერაფრით მივიდა იქამდე, რომ ბავშვს სწავლა მოანდომოს. „მოკალი თუ გინდა, არ ინტერესდებაო“ – გვეუბნება. საუბარია მესამეკლასელ მოსწავლეზე. რეალურად, ბევრია ასეთი ბავშვი, რას ურჩევდით ამ შემთხვევაში მშობლებს, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვი სწავლით დაინტერესდეს?

– არსებობს ცოდნის მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას. ეს ეხება ნიჭიერსაც და უნიჭოსაც, ზარმაცსაც და ბეჯითსაც. რაც შეეხება დაწყებითი სკოლის მოსწავლეს, მას ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. არ უნდა დავაძალოთ, არ დავთრგუნოთ, ამით უფრო შეჯავრდება სწავლა. დღეს მშობლებს ათასჯერ უფრო უადვილდებათ ბავშვებთან მუშაობა, ვიდრე წინა წლებში. ინტერნეტში ნებისმიერი მასალის, ვიდეოლექციის, დოკუმენტური ფილმის მოძებნა შეუძლიათ, რითაც იხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, აუცილებელია გავიგოთ, თუ რა აინტერესებს ბავშვს, რისკენ აქვს მიდრეკილება, ასევე გამოვუმუშავით პასუხისმგებლობის გრძნობა. არც ჩვენ გვსიამოვნებს ყველაფრის გაკეთება, მაგრამ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც გვაიძულებს, ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს. ბავშვს ეს უნდა გამოვუმუშავოთ. ადვილი არაა, მაგრამ არც მიუღწეველია.

– თანამედროვე ბავშვების გარკვეულ ნაწილს არ უყვარს კითხვა. ერთ პატარა გოგონას ვიცნობ, რომელიც ამბობს, რომ „პეპი გრძელწინდაც“ კი არ აინტერესებს, ეს ბავშვი სწავლობს კარგად, უყვარს მეცადინეობა, თუმცა არ უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ბევრია ასეთი და მშობლები ძალიან განიცდიან ამ ამბავს. როგორ ფიქრობთ, თუ მხატვრული ლიტერატურის მიმართ არ აქვს მოზარდს ინტერესი, უხეშად რომ ვთქვათ, „დავიღუპეთ“? – რატომ ამახვილებთ ყურადღებას მაინცდამაინც თანამედროვე ახალგაზრდებზე? ეს ყოველთვის ასე იყო. ვიღაცას ისე უყვარს კითხვა, რომ სახლში შეშფოთებული არიან, არაფერი დაემართოს, ამდენს რომ კითხულობსო. ზოგის მშობელი კი დარდით აღარ არის, როცა მის შვილს კითხვა არ უყვარს. როგორ შევაყვაროთ? ძალიან რთული საკითხია. ერთსა და იმავე ოჯახში ერთისა და იმავე მშობლისგან გაზდილი შვილებიდან ერთს უყვარს კითხვა, მეორეს – არა. უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი კითხულობს. ე.ი. ეს კარგია. გარდა ამისა, თანამედროვე ახალგაზრდები ძალიან ბევრს კითხულობენ. ამას მოწმობს თუნდაც სატელევიზიო გადაცემა „წიგნის თარო“. ასევე არის ლიტერატურული ჯგუფები, რომლებშიც უამრავი ახალგაზრდაა გაერთიანებული და მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ წაკითხული. ასე რომ, სიტყვა „დავიღუპეთ“ ძალიან ხმამაღლა ნათქვამია.

– რატომ არიან პირველივე კლასიდან ე.წ. ჩამორჩენილი მოსწავლეები. რეალურად ხომ ყველა ერთნაირად იწყებს? არიან მოსწავლეები, რომლებიც პირველი კლასიდანვე ცუდად იწყებენ სწავლას, სასკოლო მასალაში კარგად ვერ ერკვევიან და ასე გრძელდება მომდევნო კლასებშიც. რა არის მთავარი პრობლემა ასეთ დროს, სად უნდა ვეძებოთ მიზეზი?

– რა თქმა უნდა, ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან წარჩინებული და ჩამორჩენილი მოსწავლეები. ადამიანები ხომ რობოტები არ არიან, ერთნაირად რომ იმუშაონ, ერთნაირად მიაღწიონ წარმატებას?! ზოგი ადვილად ითვისებს,ზოგი – ძნელად. ზოგი საერთოდ ვერ იგებს ახსნილ მასალას და გული უცრუვდება. ზოგს პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს. ეზარებათ სწავლა, თამაში უყვართ, ნებისმიერ საშუალებას მიმართავენ, რომ როგორმე გაწელონ სწავლის პროცესი. ხშირად ბავშვმა იცის გაკვეთილი, რაღაცის გამო ვერ ბედავს. მახსოვს, რა თქვა ერთმა, უკვე ცოლშვილიანმა კაცმა, ახლაც მახსოვს, როგორი თავზარი მეცემოდა, დაფასთან რომ გამიყვანდა მასწავლებელი, სულ რომ მცოდნოდა, ვერ ვყვებოდიო. ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა, მაგრამ ამის საშუალებას არ იძლევა, მაგალითად, 35, 40, 45 მოსწავლე კლასში.

– შეგიძლიათ ურჩიოთ მოსწავლეებს რამდენიმე წიგნი, მხატვრული ლიტერატურა (სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ნაწარმოებების გარდა), რომლებიც სასურველია, რომ სკოლის ასაკში წაიკითხონ?

– ძალიან ბევრგან გამიგონია და ინტერნეტშიც ხშირად დაუსვამთ კითხვა – რომელ წიგნს მირჩევთ? ვერაფერს გირჩევ, რადგან ერთს ფანტასტიკა უყვარს, მეორეს – დეტექტივი, მესამეს სათავგადასავლო და ა.შ. ეს გრიპის წამალი კი არ არის, რომ როგორც რეკლამაშია, დალევ და უცებ გაგივლის გრიპი. ისე კი, ჯობია ბავშვებმა ჯერ ზღაპრებით დაიწყონ, შემდეგ სათავგადასავლო და დეტექტიური, მერე თვითონ უჩვენებს გზას წიგნი, რა წაიკითხონ. ვისაც რა დააინტერესებს, ის უნდა წაიკითხოს.

ხატია ვარდოსანიძე