ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი პირველი
ვინ იცის, რამდენი ოცნება აქვს ადამიანს ცხოვრების განმავლობაში და ასაკის მატებასთან ერთად, ცხვირსახოცებივით როგორ იცვლის მას. ასეა, იცვლება დრო და იცვლება არა მხოლოდ ოცნება, მოდა ან გემოვნება, არამედ მეცნიერული თუ არამეცნიერული გამოგონებები.
ჩემი ოცნებებიც ბევრჯერ შეცვლილა. ზოგი იმიტომ, რომ ახდა, ზოგიც იმიტომ, რომ ჭკუის მომატებასთან ერთად უაზრო და აუხდენელი მეჩვენა. სხვათა შორის, ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ არა შენი, არამედ ზოგჯერ სხვისი ოცნება გისრულდება. ზის ვიღაც, ფიქრობს, ნეტავ იტალიაში მამოგზაურა ოდესმეო, შენ კი ამ დროს ცხარჯერ მაინც ხარ რომსა და მილანში ნამყოფი, ანუ იმდენჯერ, რომ უკვე მომაბეზრებლადაც გეჩვენება კიდევ ერთხელ იქ გამგზავრება.
ისე, ჩვენს დროში მოგზაურობა რომ მოდური გახდა, ვერ ვიტან. რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რა ჯობია ქვეყნების დათვალიერებას, მაგრამ ამისთვის უკანასკნელ ლუკმას რომ გამოიღებ პირიდან, ბანკიდან სესხს გამოიტან ან ბინას იპოთეკით დატვირთავ და საზღვარგარეთ წაპლაკუნდები, სრული იდიოტობა მგონია. მერე გამოფენენ ამ გადათხლაშულ სურათებს ფეისბუკზე და სხვა რა დაგრჩენია, ზრდილობის თუ ყურადღების გულისთვის უნდა ალაიქო და ალაიქო. მუღამი იმას აქვს, ფულს რომ დააგროვებ, გამოიზოგავ და ისე წახვალ ევროპის თუ ამერიკის დასალაშქრავად, როცა იმის დარდი არ გაწუხებს, როგორ და რა საშუალებით დაფარო ამდენი ვალი, მშობლიურ საქართველოში რომ დაბრუნდები. ასეთ დროს დასვენებასაც აქვს ეშხი და ნოსტალგიასაც.
მეც ბევრი მიმოგზაურია ხან მარტო, ხან ჩემს დაქალებთან ერთად, ოღონდ ადრე, წლების წინ. ახლა სადღა მცალია სამოგზაუროდ, ისე ვარ დატვირთული, ხანდახან თავის მოსაფხანად ვერ ვიცლი ამდენი საქმისა და ჩემი გიჟების გადამკიდე. იყო დრო, როცა პარიზში ვცხოვრობდი და... შანელის მოდის სახლშიც კი ვმუშაობდი. დიახ, დიახ, თვით კარლ ლაგერფელდთან. ოჰ, როგორ ვუყვარდი მერე! რომ დამინახავდა, იმ მუქი სათვალის მიღმაც კი ვამჩნევდი, რომელიც სულ უკეთია, როგორ უბრწყინდებოდა თვალები. "ჯორჯიენ მედხენს" მეძახდა. ეგ ხომ ჰამბურგელი გერმანელია წარმოშობით და თავის ფესვებს დღესაც არ ღალატობს. მეც ძალიან მიყვარს კარლი. ისე მომწონდა თავი მისი ნაცნობობით, რომ ხანდახან, როცა მარტო ვრჩებოდი სახლში, გიჟივით წამოვიყვირებდი სიხარულისგან, ეს რა არნახული ბედნიერება მეწვია-მეთქი. ხუმრობა საქმეა? მიდი აბა, სცადე და ასეთი ადამიანის გვერდით შენც გაატარე წლები. მერე რა, რომ სტაჟიორი მერქვა? ქსოვილების გადამტან-გადმომტანადაც რომ მემუშავა, მაინც ვიამაყებდი. ეჰ, კარგი დრო კი იყო, თანაც მაშინ ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ვიყავი. შეიძლება იმიტომაც ვუყვარდი ასე ძალიან, რომ თითქმის მისი მოსახელე ვიყავი, რადგან კარლა მქვია, რაც ძალიან ახლოსაა კარლთან. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ, როცა ვთხოვე, ერთი კვირით დამითხოვე, თბილისში უნდა დავბრუნდე, შეხვედრა მაქვს კლასელებთან-მეთქი, გაოცების ნიშნად თავისი შეუღებავი წარბები აწკიპა. ავუხსენი, ჩვენთან კლასელებს ტრადიცია გვაქვს ასეთი, ყოველ ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვიხსენებთ-მეთქი. ხელები გაშალა, მაგას როგორ დაგიშლიო და იქვე მდგარ შარლოტას გასძახა, ამ "მედხენს" წითელი ფერი უხდება და მე რომ მომეწონება, ისეთი საღამოს კაბა შეუკერე, მნიშვნელოვან ღონისძიებას უნდა დაესწროსო. ახლაც მაქვს ის კაბა შენახული. მთლად შანელისეული არ არის, უფრო პიერ კარდენისეული სტილია, მაგრამ უმაგრესი. ასეთი კაბა ალბათ თბილისში არასდროს არავის სცმია. მას მერე სულ ვოცნებობდი, გოგო რომ მეყოლება და გამოსაშვები საღამო ექნება, ეს კაბა უნდა ჩავაცვა-მეთქი. ეს ოცნება, როგორც ბევრი სხვა ოცნება, არ ამიხდა, რადგან გოგო კი არა, ბიჭი მეყოლა. სამაგიეროდ, ახლა იმაზე ვოცნებობ, ჩემი ბიჭი როდის შეირთავს ცოლს, რომ ჩემს რძალს ჩავაცვა ეს ულამაზესი სამოსი, ოღონდ ქორწილის მეორე დღეს, რა თქმა უნდა.
ისე, არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ დაბადების მოწმობაში სულ სხვა სახელი მიწერია - მაყვალა, - მამის მხრიდან ბებიაჩემის პატივსაცემად. არ ვიცი, რატომ გამიმეტეს ასე თავის დროზე მშობლებმა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ღირებულებები დომინირებდა და ალბათ დედაჩემი და მამაჩემი სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ. ჩემს სამ დაქალსაც სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა. ერთს ლეილა დაარქვეს, მეორეს - ლამარა და მესამეს - ნაილი. აი, ასე შევიყარეთ სკოლაში ოთხი მეგობარი უცნაური, ადამკუკუს დროინდელი სახელებით "შეიარაღებულნი" მაშინ, როდესაც ჩვენს კლასელებს ერქვათ: ნანა, ანა, ნინო, ქეთი, მარიკა და ა.შ. მახსოვს, ერთი პერიოდი მაგარი შაყირის ობიექტი შევიქენი. ეს მაშინ მოხდა, ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" ეკრანებზე რომ გამოვიდა. ეს იყო 1980 წელი. ყველა ჩემი კლასელი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა და ვისთვისაც უკვე წლებია, კარლა ვიყავი, მაინც ასე იწყებდა ჩემთან საუბარს: "მაყვალ, გოო!" მეც ვიცინოდი მათ ხუმრობაზე, სხვა რა დამრჩენოდა.
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ წამოვიზარდეთ მე და ჩემი დაქალები, გადავწყვიტეთ, სახელები შეგვეცვალა და ახლები, თანამედროვე თიკუნები მოგვეძებნა ერთმანეთისთვის. ასეც მოვიქეცით და გამოვუნახეთ ჩვენს თავს ევროპულ-ამერიკული მოდური სახელები - მე - კარლა, ლამარა - ალმა, ლეილა - მატილდა და ნაილი - ჯინა. დავუწყეთ ერთმანეთს სკოლაში ამ სახელებით გადაძახილ-გადმოძახილი. თავდაპირველად კი გვაშაყირებდნენ თანაკლასელები, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ ჩვენს მეტსახელებს, რომ მალე მხოლოდ ისინი კი არა, ჩვენი მშობლებიც კი ახალი სახელებით მოგვმართავდნენ.
სკოლა ისე დავამთავრეთ, ოთხ გოგოს ერთხელაც არ გვიჩხუბია, სამაგალითო მეგობრობა გვაკავშირებდა. ამას ალბათ ხელს ისიც უწყობდა, რომ ყველანი ერთ, თექვსმეტსართულიან კორპუსში ვცხოვრობდით. მე - მეცამეტე სართულზე, ალმა - მეცხრეზე, ჯინა - მეექვსეზე, ხოლო მატილდა - პირველზე. ასე რომ, ლამის დაბადებიდან ვიცნობდით ერთმანეთს, რადგან ჩვენი დედებიც ჯერ მეზობლობდნენ, მერე კი მეგობრობდნენ. მათ ხშირი მისვლა-მოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან, განსაკუთრებით ჩვენთან, მეცამეტე სართულზე ამოსვლა უყვარდათ, რადგან ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ და დედამთილ-მამამთილი არც დედას აწუხებდა და არც მის მეგობრებს. მერე, როცა სკოლა დავამთავრეთ და ასე თუ ისე დავდინჯდით და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გავრისკეთ, პირობა დავდეთ, რომ როცა გავთხოვდებოდით და შვილები გვეყოლება, ყველასთვის უცხოური და ლამაზი სახელი დაგვერქმია, რა სახის წინააღმდეგობასაც უნდა წავწყდომოდით დედამთილ-მამამთილის მხრიდან, თანაც სასურველი იყო, ყველას სახელი ერთნაირ ასოზე დაწყებულიყო. მაგალითად, თუ მე დავარქმევდი ბეტის, გოგოებსაც ამის მიხედვით ბილი, ბაბი და ა.შ. აერჩიათ. ოღონდ პირველი ასო ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ სახელების არჩევანი გვქონოდა და ვარიანტების ძებნა არ გაგვრთულებოდა.
მერე ჩვენი გზები თითქოს გაიყო. უფრო სწორად, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარეთ და ყოველდღე ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს. მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად შევიყრებოდით სადმე კაფეში ან რომელიმესთან სახლში და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენ-ჩვენს საიდუმლოსა თუ გულისნადებს.
დაქალებს შორის ყველაზე ლამაზი მე ვიყავი, თუმცა არც ისინი ჩამომრჩებოდნენ. ყველას თავისებური ხიბლი ჰქონდა, რითიც ადვილად შეეძლოთ საპირისპირო სქესის მოზიდვა. არ ვიცი, ამან განაპირობა თუ სხვა მიზეზმაც ითამაშა რამე როლი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მე გავთხოვდი და დავტოვე კორპუსი, სადაც ყველანი თითქოს ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. სხვათა შორის, ამ ოთხს შორის ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი - სწავლაშიც, სილამაზეშიც, იუმორშიც და ცეკვა-სიმღერაშიც. როგორც ამბობდნენ, ბავშვობიდანვე უნიკალური ვიყავი. ყველაფერი მეხერხებოდა, ყველა სიკეთესთან ერთად - ჭრა-კერვაც მიტაცებდა. ალბათ ამიტომაც ავირჩიე დიზაინის ფაკულტეტი, ანუ ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების და პირველსავე წელს მოვხვდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
დაქალებს ვითომ ისიც გვინდოდა, ყველას ერთად ერთ ინსტიტუტში ჩაგვებარებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ მატილდამ ეკონომიური აირჩია, უფულოდ და ადვილად, თავისი ცოდნით ჩააბარებდა, ალმამ - სამედიცინო, ჯინამ კი ჟურნალისტიკა. აქაც პირველი ვიყავი, ვინც პირველსავე წელს სტუდენტი გახდა. ჩემს გოგოებს არ გაუმართლათ, რადგან ალმა ჩაიჭრა, მატილდას ქულები არ ეყო, ჯინას კი ერთი წლის სტაჟი აკლდებოდა, რომ ჟურნალისტიკაზე ჩაებარებინა. მაშინ ასე ითხოვდნენ კომუნისტები და ამას გვერდს ვერავინ აუვლიდა. სამაგიეროდ, ორი წლის შემდეგ ყველანი სტუდენტები ვიყავით, რაც ძალიან გვიხაროდა. მართალია, ცოტა ნაცნობობა, ცოტა ფულის ჩაყრა გახდა საჭირო, რომ ალმას და ჯინას თავიანთი ოცნებები აესრულებინათ, მაგრამ მომზადებულებიც იყვნენ, ამიტომ მთლად ისე არავის "დაუსვამს" პირველ კურსზე.
ალბათ მიახლოებით მაინც შეგექმნათ წარმოდგენა, რამდენი წლისაც ვარ, არა? მართალი ხართ, არ გეშლებათ - სულ მალე 49-ის გავხდები. ასე რომ, ახლა ძალიან ბებერი ვარ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერქვას და ძალიან ახალგაზრდა იმისთვის, რომ ბებერი დამიძახონ. აი, ასე, ახალგაზრდობა-სიბერის მიჯნაზე ვდგავარ.
სამაგიეროდ, ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში, რისი გამოცდაც შეიძლებოდა - ძლიერი და გაუმართლებელი სიყვარულის, სუსტი და გამართლებული სიყვარულისაც, მეგობრის დაკარგვით გამოწვეული სიმწარეც, რადგან მატილდა ცოცხალი აღარ არის, მშობლების გარდაცვალებაც, შვილის დაბადებაც, ქმრის ღალატი და იმედგაცრუებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც, უიღბლობაც და იღბლიანობაც. ისიც კი მოვახერხე, რომ ბალზაკის ასაკი კეკლუცად გამომევლო, რათა გულში ხინჯი არ დამრჩენოდა, მაგ ასაკში თაყვანისმცემლები აღარ შემომრჩნენ-მეთქი. ოჰ, ამ "აღმაფრენის" ნაკლებობას არასდროს განვიცდიდი, ახლაც კი, ჩემს ნახევრად ბებრულ ასაკში. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ არც ქმარი მყავს და არც საყვარელი. სამაგიეროდ, ჩემი აღფრთოვანებული რაინდების არმია ყოველ წუთს სრულ მზადყოფნაშია, საკმარისია ორი თითის გატკაცუნება და ჩემ წინ უბრძოლველად განერთხმებიან.
არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, ამიტომ კვლავ წარსულში გადავხტები. ჩემს დაქალებს შორის პირველობა იმითაც მოვიპოვე, რომ პირველი მე გავთხოვდი, თანაც პირველივე ბიჭს გავყევი, ვინც ცოლობა მთხოვა. ხედავთ, რამდენი პირველი გამოვიდა? შესაბამისად, შვილიც პირველს მე მეყოლა. გოგოებს გვინდოდა, დაახლოებით ერთმანეთის ტოლი შვილები გვყოლოდა და რადგან მე ვიჩქარე და ისინი "დავაღალატე", მაშინვე დაფაცურდნენ და პოტენციური საქმროების შერჩევას ჩემს ქორწილშივე შეუდგნენ. თქმა რად უნდა იმას, რომ სამივენი ჩემი მეჯვარეები იყვნენ და სიძე-პატარძლისთვის განკუთვნილ შემაღლებულ ადგილზე, ჩემ გვერდით მსხდარნი, ულამაზესად გამოიყურებოდნენ. მაშინ ისე კი არ იყო, ახლა ევროპულ-ამერიკული ყაიდის ქორწილებზე რომ არიან გადასულნი და ყველა მეჯვარეს ერთნაირი კაბა აცვია. ჩემს გოგოებს სხვადასხვა სტილის სამოსი ეცვათ, მაგრამ გემოვნებიანი. ასე რომ, მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მაღალი, გამხდარი და ქერა გინდოდა? კი ბატონო, აგერ იყო ალმა. შავგვრემანი, ეშხიანი და დიდმკერდიანი მოგწონდა? რა პრობლემას წარმოადგენდა? ჯინა აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს. ბუმბულივით მსუბუქ, მორცხვ და ჰაეროვან ქალზე ოცნებობდით? მაშინ მატილდასთვის უნდა დაგედგათ თვალი. ასე რომ, ჩემს ქორწილში მართლაც ცვენა იყო ლამაზი მეჯვარეების. მიუხედავად იმისა, რომ გოგოები იმთავითვე გავაფრთხილე, ისე ნუ ჩაიცვამთ და დაიმაკიაჟებთ თავს, ჩემზე ლამაზი გამოჩნდეთ-მეთქი, სიგიჟემდე მიხაროდა, ასეთი ლამაზი გოგონები რომ მახლდა გვერდით. მართალია, პატარძლის სილამაზე ვერ დაჩრდილეს, მაგრამ საოცრად კარგად გამოიყურებოდნენ, რადგან მთელი ქორწილი მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობდა.
იმ საღამოს ჯინამ ერთი სერიოზული თაყვანისმცემელი გაიცნო, რომელსაც ექვსი თვის შემდეგ მართლაც გაჰყვა ცოლად და მშვენიერი ოჯახი შექმნა. არც ალმას გაუჭიანურებია გათხოვების პროცესი, სამ თვეში მანაც მონახა "საბედო" და კი არ გათხოვდა, გაიპარა. მხოლოდ მატილდამ მოიკოჭლა, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან წუნია იყო, მეორეც - ტრადიციულად აღზრდილი და ბიჭს პაემანზე ადვილად როდი დათანხმდებოდა. ჩვენ ცოტა განსხვავებულები ვიყავით, ცოტ-ცოტას სულ ვცუღლუტობდით, სკოლაშიც, ინსტიტუტშიც და თუ ვინმეს ვხვდებოდით, ვკოცნაობდით კიდევაც და ხელების ფათურის უფლებასაც ვაძლევდით ხანდახან, ოღონდ ამის იქით საქმე არასდროს მიდიოდა.
როცა ჩვენ სამმა - მე, ჯინამ და ალმამ ოჯახები შევქმენით, მატილდაზე შევფიქრიანდით. თუ დროზე არ გათხოვდებოდა, მერე ვეღარ "დაგვეწეოდა" და სანამ შვილს გააჩენდა, ჩვენი ბავშვები უკვე სასკოლო ასაკის მაინც იქნებოდნენ. მერე აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო დროს მატილდა ძალიან დაღონებული დადიოდა, ერთი-ორჯერ ნამტირალევიც კი გვესტუმრა. რომ ვეკითხებოდით, ხმას არ იღებდა, არა და არ გადაგვიშალა გული. სანამ მისი საიდუმლო ზედაპირზე არ ამოტივტივდა, არ გაგვიმხილა, რაც მის თავს ხდებოდა. გავიდა დრო და თანდათან წონაში მოიმატა, ჩამრგვალდა, სუნებზე რეაქცია დაეწყო, ერთხელ მწნილი მოუნდა თურმე ჯინასთან ყოფნისას და ორსულ ჯინას მთელი სამეზობლოს დავლამ მოუწია, რომ მისთვის კიტრის მწნილი ეშოვა. აი, მაშინ კი შეეჭვდა ჯინა და ჯერ ჩემთან დარეკა სათათბიროდ, მერე ალმასთან, რომ როგორმე შეხვედრა მოგვეხერხებინა. მე სულ რაღაც ექვსი თვის ნამშობიარები ვიყავი, ამიტომ სახლიდან შორს ვერ გავდიოდი, ამიტომ სამივენი ჩემთან შევიკრიბეთ. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და დავასკვენით, რომ მატილდა ფეხმძიმედ იყო. არიქა, როგორ ვუშველოთ, სანამ ქვეყანა შეყრილაო, ვიმტვრიეთ თავები. დავურეკეთ მატილდას გამოვათრიეთ ისიც ძალით, არ უნდოდა მოსვლა. როცა კატეგორიულად მოვთხოვეთ, ყველაფერი ეთქვა, რადგან პირში მივახალეთ, ვიცით, რომ ორსულად ხარო, დაგვნებდა და საიდუმლოც გაგვანდო - ცოლშვილიან კაცს ვხვდები, მაგრამ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარსო. ვაი, შენს კარლას! გადავირიე, ლამის ტანსაცმლიდან ამოვხტი, ვეჩხუბე, ვუყვირე, მაგრამ ამით საქმეს ეშველებოდა? გადმოსკდა ცრემლები და ისე საცოდავად ატირდა, რომ გული შემეკუმშა. მერე, ოდნავ რომ დაწყნარდა, მოგვიყვა, ჩემი ლექტორია, ორი შვილი ჰყავს და თავისზე ცხრა წლით უფროსი ცოლი, კაპასი, აუტანელი დედაკაცი და ცდილობს, როგორმე ისე მოახერხოს, რომ უმტკივნეულოდ დასცილდესო. ამასობაში კი ეს მუცელი ეზრდებოდა და ეზრდებოდა. აბორტის გაკეთება არც უფიქრია. თუ არ შემირთავს, ბავშვს მაინც გავაჩენო, მტკიცედ გამოგვიცხადა. ჩვენც შევეგუეთ ამ ამბავს, ან კი რა უნდა მოგვემოქმედა? ხომ არ მივუვარდებოდით იმ კაცს და ვაიძულებდით, ჩვენი დაქალი შენგან ორსულადაა და გინდა თუ არა, ცოლად შეირთეო?
გადავწყვიტეთ, დროის დინებას მივყოლოდით. ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ცხოვრება და ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა. საწყალი... თან პატრონიც არავინ ჰყავდა, მოხუცი დედის გარდა. ამასთან, ნაშვილები იყო, წვალებით გაზრდილი, რადგან მამობილი ადრევე გარდაიცვალა, დედამ კი, რომელიც დამლაგებლად მუშაობდა, როგორც შეეძლო, ისე გაზარდა. არადა, ასაკოვანი ქალი იყო, დაუძლურებული, სულ ავადმყოფობდა. მახსოვს, მეორე თუ მესამე კურსზე ვიყავით, როცა დედამისმა გადაწყვიტა, ამ გოგოს თავის ღვიძლ მშობლებს ჩავუყვან, გავაცნობ, მე მალე მოვკვდები და მთლად უპატრონოდ არ დარჩეს ჩემ შემდეგო. მართლაც, მოჰკიდა თურმე ხელი მატილდას და მიუყვანა ღვიძლ დედას, დაიბრუნე შენი ქალიშვილი, ვასწავლე, ვუპატრონე, გზაზე დავაყენე და აწი მხოლოდ ხელის წაკვრა სჭირდება, მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენიაო. იმ ქალს კი შორს დაუჭერია, ამას რა თავში ვიხლი, სამი გოგო ისედაც მყავს და იმათთვის ვერ მომივლიაო.
რა უნდა ექნა საცოდავ დეიდა შურას, ჩაავლო ხელი ჩვენს მორცხვ მატილდას და დაბრუნდა შინ განადგურებულ-გაცამტვერებული. გაოცებას ვერ მალავდა, როცა ამ ამბავს გვიყვებოდა, მე სხვისი შვილი გავზარდე და ღვიძლმა დედამ გაზრდილზე როგორ თქვა უარიო.
ესეც ერთი გადახვევა, მაგრამ ეს ამბავი იმიტომ მოვაყოლე, რომ მატილდას უბედობა თუ უიღბლობა უფრო ნათელი გამხდარიყო თქვენთვის.
შემდეგ აი, რა მოხდა. ერთ დღესაც, ლექციების შემდეგ, როცა უკვე ლამის ცხვირამდე მუცელამოწეული მატილდა თავის არაოფიციალურ ქმარს, რამაზ სანაძეს მანქანაში ჩაუჯდა, მოულოდნელად მის გვერდით ვიღაცამ კარი გამოგლიჯა, გოგოს თმაში სწვდა და ძირს გადმოათრია. თურმე რამაზის ცოლი იქვე ყოფილა ჩასაფრებული და როგორც კი მატილდა მანქანაში დაიგულა, მისკენ საცემრად გაიწია... მაგრამ ცემაც არის და ცემაც. ამ ორსულ გოგოს რომ დაახტა თავისი მაღალი ქუსლებით, სულ ჩაუხვრიტა მუცელი. ქმარმა ძლივს ააღლიტა თურმე ცოლი მიწაზე მფორთხავს. ქალი მხოლოდ მაშინ დაწყნარდა და შეშინდა, როცა დაინახა, რომ სისხლში ამოსვრილ მეტოქეს მკვდრისფერი დასდებოდა და აღარ სუნთქავდა. არიქა, რამაზმა მაშინვე გააქანა საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო - მატილდას შვიდი თვის მუცელი მოსწყდა. ბავშვი კი გადაარჩინეს, მაგრამ დედის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...
აი, ასე დავკარგეთ ერთი დაქალი და ეს იმხელა შოკი იყო ჩვენთვის, რომ მე რძე გამიშრა, ჯინამ ნაადრევად იმშობიარა, ალმამ კი სტრესის გამო ერთი თვე ხეხა საავადმყოფოს თეთრი კედლები.
პატარა გოგონა, რომელსაც მატილდას სურვილის მიხედვით ემილი დავარქვით, რამაზმა დაიტოვა. პირველი ცოლი და შვილები მიატოვა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა. ცალკე რა, მატილდას დედას შეუსახლდა დროებით, სანამ ბინის საკითხს მოაგვარებდა. ამ ყველაფერს ხელი იმანაც შეუწყო, რომ მისი ცოლი დაიჭირეს და მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში ჩააყუდეს. ისე, ახი კი იყო მასზე. რამაზი ძალიან შეგვეცოდა. მას ახლა არა მხოლოდ ემილის მოვლა, თავისი შვილების პატრონობაც დააწვა კისერზე. მართალია, კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ კაცისთვის ყოველთვის ძნელია ასეთი სირცხვილის ატანა-გადატანა. კარგა ხანს სამსახურში ვერ მიდიოდა, რადგან ყველამ იცოდა, როგორ მოკლა მისმა ცოლმა მისივე საყვარელი. აბიტურიენტებს ამზადებდა დამატებით და იმ პერიოდში ამაზეც კი უარი თქვა შერცხვენილმა.
ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით მათ, ვაკითხავდით, ბავშვისთვის რაღაც-რაღაცები მიგვქონდა, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება - ერთ უბედურებას მეორე და მესამე დომინოს პრინციპით წაეწყობა ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მატილდას დედამ ვერ აიტანა შვილის ასეთი საზარელი სიკვდილი და ისედაც ავადმყოფი რამდენიმე თვეში მიიცვალა. დარჩა რამაზი მარტო და შერჩა ქერაკულულებიანი ემილი ხელში. ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდით. ხან რიგრიგობით, ხანაც ერთად მივდიოდით, ვამხნევებდით, ჩვენი ქმრები დაგვყავდა, გვინდოდა ეგრძნო, რომ ჩვენი სახით გვერდით ნამდვილი მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არც ამან უშველა...
ერთ დღესაც მირეკავს მატილდას მეზობელი, სახლიდან მთელი დღეა, ბავშვის ტირილის ხმა გამოდის, კარი კი ჩაკეტილია და არ ვიცი, რა ხდებაო. შიშისგან გული გამისკდა. დავურეკე ჯინას და გავვარდით ორივენი. ლამის ნახევარი საათი ვაზარუნეთ, ვაბრახუნეთ, მაგრამ კარი არავინ გაგვიღო, ემილის ტირილის ხმა კი შიგნიდან გაბმულად გვესმოდა. გამოვიძახეთ საავარიო სამსახური, სახანძრო და რა ვიცი, ათასი მაშველი, რომ კარი შეგვემტვრია...
თქვენს მტერს, რაც ჩვენ იქ დავინახეთ. რამაზი გაშოტილი იწვა საწოლზე, საბანგადაფარებული, წელზევით შიშველი, სახეზე ერთიანად გაშავებული, ცხრა თვის ემილი კი მის გარშემო დაღოღავდა და ცხარე ცრემლებით ტიროდა გაცივებულ მამას. როგორც მერე ექსპერტიზამ დაასკვნა, კაცი ერთი დღის გარდაცვლილი იყო ინფარქტით.
აი, ასე, ერთ წამში მთელი ოჯახი გაუბედურდა. წლების განმავლობაში თვალწინ მედგა ეს სურათი - გარდაცვლილი რამაზი და ატირებული ემილი და ყოველ გახსენებაზე გული საშინლად მეკუმშებოდა...
რამაზი მშობლებმა წაასვენეს და წესისა და რიგის მიხედვით დაასაფლავეს, მაგრამ ემილიზე უარი თქვეს - ჩვენს ვაჟს თავისი შვილები ჰყავს და ვიღაცის ნაბუშარს ჩვენ არ გავზრდითო. ამაზე პირი დავაღეთ, მაგრამ რას გავაწყობდით, მოვკიდეთ ემილის ხელი და მე, ალმამ და ჯინამ ვიკისრეთ მისი აღზრდა. ბავშვი ხან ჩემთან იყო, ხან ჯინასთან, ხანაც ალმასთან. პრობლემა არც ქმრებთან შეგვქმნია, არც ერთს არ უთქვამს უარი, თქვენი დაქალის შვილს მე ნუ გამაზრდევინებთო.
აი, აქ დამთავრდა ჩვენი ცხოვრების ერთი ეტაპი - ბედნიერიც და უბედურიც ერთდროულად. ჩვენ სამნი კი დავრჩით ჩვენივე შვილებითა და ქმრებით, მაგრამ მატილდასთვის ამ მზის ქვეშ აღარ მოინახა ადგილი...
გაგრძელება