ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი IIროგორც უკვე ვთქვი, დაქალებს შორის პირველს მე მეყოლა შვილი. ბიჭი შემეძინა და სახელიც ისეთი უნდა დამერქმია, მეგობრებთან დადებული პირობა არ დამერღვია. არადა, ჩემი დედამთილი თავს იკლავდა, ჩემს ქმარს ისეთი სახელი ჰქვია, სულაც არ არის ძველმოდური და რა გახდა ასე ასათვალწუნებელიო. მართალს ამბობდა, განა რას ვერჩოდი. ჩემს მამამთილს მიხეილი ერქვა და სულაც არ იყო სათაკილო, მაგრამ რაღაც ისეთი მინდოდა, თან უცხო და თან იშვიათი. კარგა ხანს ვიმტვრევდი თავს, რა მომეფიქრებინა. როგორც იქნა, ბოლოს გამოსავალიც ვიპოვე. ერთ მშვენიერ დილას ავდექი და ჩემს ქმარს, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარდი, "წუხანდელი სიზმარი" მოვუყევი. სიზმრის იდეა კარგა ხანია, თავში მიტრიალებდა და ვიფიქრე, ვცდი, იქნებ ჩემმა ტყუილმა გაამართლოს-მეთქი, მით უფრო, რომ დედამთილიც და მამამთილიც ღრმად მორწმუნეები იყვნენ, მარხვას იცავდნენ, მოძღვართანაც დადიოდნენ და წირვ-ლოცვასაც არ აცდენდნენ.
ჰოდა, გამოვაცხვე სიზმარი, ვითომ როგორ მოვიდა ჩემთან შავებში გამოწყობილი წვერიანი კაცი და მითხრა: "შვილო ჩემო, დღეიდან შენს ოჯახში შემოვა წმინდა მარკოზ ეფესელი. პატივი ეცი მას, რამეთუ იგი გახდება მფარველი შენი ოჯახისა".
ზაზა ჯერაც ვერ გამორკვეულიყო ძილ-ბურანიდან და დაბნეული მისმენდა. ეს რას ნიშნავსო, მკითხა ბოლოს, ცოტა აზრზე რომ მოვიდა.
- ეს იმას ნიშნავს, ჩემო საყვარელო, რომ ბავშვს მარკოზი უნდა დავარქვათ. ვიცი, დედაშენს ძალიანაც უნდა მიხეილის დარქმევა და არც მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ იქნებ ეს სიზმარი სულაც ღვთის მინიშნებაა? - ერთობ უწყინარი სახით განვუმარტე.
ჩემმა მცდელობამ გაჭრა. როცა ზაზამ მშობლებს სიზმრის შესახებ უამბო, დედამთილმა ჯერ შუბლი შეიკრა, იფიქრა, რძალი მატყუებსო, მაგრამ მარკოზის სახელის გაგონებაზე ცოტათი შეეჭვდა - განა რა გასაგიჟებელი სახელი მარკოზია, რომ ჩემს რძალს შვილისთვის მისი დარქმევა დაეჩემებინაო და სულ პირჯვრისწერით განაცხადა თანხმობა, ღვთის ნებას ვინ გადავაო. ასე რომ, საბოლოოდ გადაწყდა - ჩვენს ერთობლივ პირმშოს მარკოზი დავარქვით. მეც სხვა რა მინდოდა. ამიერიდან სახლში მარკო მეყოლებოდა. ესეც შენი არაჩვეულებრივი უცხოური სახელი. საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა, ჩემს ბიჭს ჩემსავით დაბადების მოწმობისა და თუ პირადობის გადაკეთება არ მოუწევდა სახელის გამო - მარკოზი-მარკო მშვენიერი გამოსავალი იყო.
მე კი მოვაგვარე ჩემი ამბავი, მაგრამ მარკოს სახელის დარქმევამ ჩემს დაქალებში ერთგვარი გულისწყრომა გამოიწვია. მ-ზე გოგოს სახელი, რატომღაც, ძნელი ასარჩევი გამოდგა. გარდა ამისა, მატილდამ აიჩემა, მე უკვე ვიცი, რომ გოგო უნდა მეყოლოს და მას ემილი უნდა დავარქვა, ეს შენც იცოდი და სახელი რაღა ასო მ-ზე აირჩიეო? გავშრი. მათგან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდი. თქვენ ოღონდ შვილები გააჩინეთ და მე მოგიგვარებთ სახელის პრობლემას, მოვიფიქრებ ლამაზ სახელებს-მეთქი, მათი დაწყნარება ვცადე, მაგრამ არაფრის გაგონება არ ისურვეს.
სანამ ჩემს მეგობრებს წყენა გაუვლიდათ, მატილდას ამბავი მოხდა და კარგა ხანს აღარავის ეცალა ჩემთვის, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, ისინი როგორ დავაღალატე. მატილდას ქალიშვილს, მისი სურვილისამებრ, ემილი დავარქვით. ახლა ჯინას ჯერი იყო. მან ისეთი ნერვიულობა გადაიტანა იმ დროს, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და რვა თვის ორსული ძლივს ამშობიარეს. კიდევ კარგი, რომ ორივე გადარჩა. ჯინასაც გოგონა შეეძინა და, როგორც ჩანს, წყენა ვერ დაივიწყა, თანაც მატილდას არჩევანს პატივი სცა და თავის შვილს ელისო დაარქვა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მის დედამთილს ელისაბედი, ანუ ელისო ერქვა და არავის გულისწრომა არ გამოუწვევია, ჩვენთვის კი პატარა ელისო ელისად იქცა.
ჩემთვის უკვე გასაგები იყო, რომ არც ალმა გადაუხვევდა პირობას და რადგან ჩემ გარდა შვილს ყველამ ე-ზე დაწყებული სახელი დაარქვა, ისიც რაღაც მსგავსს შეარჩევდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ არა და არ ორსულდებოდა.
კონსულტაციაზეც მივიდა, გამოკვლევებიც ჩაიტარა, მაგრამ უთხრეს, რომ მას მკურნალობა სულაც არ სჭირდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. იქნებ მეუღლეს სჭირდება ხელის წაკვრაო? შეეკითხა გინეკოლოგი და ალმამაც არ დააყოვნა - ქმარს შეუჩნდა, გინდა თუ არა, ექიმთან გამომყევი და გამოკვლევები ჩაიტარეო. მისი ქმარი, ევგენი, უკრაინელი იყო, ოღონდ საქართველოში ჩამოსახლებული და აქ დამკვიდრებული. ევგენი, იგივე ჟენია, როგორც ჩვენ ვეძახდით, კარგა ხანს ფეხს ითრევდა, სამკურნალო არაფერი მჭირს, ექიმთან რა მინდაო, მაგრამ როცა ალმამ სხვა გზა არ დაუტოვა, გამოუტყდა - უშვილო ვარ და ჩემი იმედი ნუ გექნებაო. ამაზე ალმამ ერთი ამბავი ატეხა, ქმარს არ დაუჯერა და მაინც წაიყვანა გინეკოლოგთან. აუღეს ანალიზები და სპერმატოზოიდების რაოდენობა აღმოაჩნდა... ნული.
ალმა ფარ-ხმალს არ ყრიდა. რა არ სცადა, ჯერ უმკურნალა ქმარს, იქნებ ცოტათი გაუუმჯობესდეს მდგომარეობაო, მერე ნამკურნალევი ქმრისგან ხელოვნური განაყოფიერება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს საერთოდ გაგვერიყა. იმდენად აწუხებდა უშვილობა, რომ სათოფეზე არ გვეკარებოდა. ქმარსაც გაუუცხოვდა.
გავიდა რამდენიმე თვე და გახარებული მირეკავს, მომილოცე, ორსულად ვარო. პირი დავაღე, როგორ, საიდან-მეთქი? ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და დამაორსულაო. მაგრამ ქმარმა არ დაუჯერა, როგორც ჩანს, ვიღაცასთან მიღალატე, სხვა კაცში გამცვალე და ახლა ის გინდა, სხვისი შვილი მე გამაზრდევინოო. მას მერე მისი ასავალ-დასავალი არც ერთ ჩვენგანს არ სმენია.
ჩვენც კი ვხვდებოდით, გოგოები, რომ ალმამ რაღაც იეშმაკა, მაგრამ თვითონ ამაზე კრინტს არ ძრავდა და არც ჩვენ ვეკითხებოდით არაფერს. ასე იყო თუ ისე, მიუხედავად ნერვიულობისა და ქმრის გაქცევით გამოწვეული სტრესისა, ორსულობამ ნორმალურად ჩაიარა და ცხრა თვეში კიდევ ერთი გოგონა მოევლინა ქვეყანას - ენი. ალმას სახელის მხრივ შეზღუდვა არ ჰქონია. არც დედამთილი ჰყავდა და არც მამამთილი. ერთი ქმარი ეგულებოდა გვერდით და ისიც გაექცა.
აი, ასე გვეყოლა დაქალებს შვილები - მარკო, ემილი, ელისი და ენი. როგორც ხედავთ, მხოლოდ ჩემი შვილის სახელია გამონაკლისი, დანარჩენების კი ყველა ასე ე-ზე იწყება. ცოტა არ იყოს, მეც მეწყინა, ყველამ რომ პირი ჩემ წინააღმდეგ შეკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ვიფიქრე, სახელის გულისთვის მეგობრებს როგორ მოვიმდურებ-მეთქი.
მე და ჯინა წამითაც არ ვტოვებდით ალმას, რომელიც თავის სახლში დაბრუნდა და ისევ მარტოხელა დედას შეეკედლა, რადგან ქმარს თავისი ბინის გაყიდვაც მოესწრო.
მარკო ორი წლის ხდებოდა, ენი რომ დაიბადა. ემილი მარკოზე ექვსი თვით იყო უმცროსი, შესაბამისად - ელისიც, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღენაკლული დაიბადა. ასე რომ, ჩვენი შვილები მაინც თანატოლები გამოდიოდნენ.
მერე და მერე თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, ცხოვრება დაგვიმშვიდდა და ჩვენი საერთო საზრუნავი მხოლოდ ემილი გახდა, რომელსაც მორიგეობით ვიტოვებდით დაქალები. მატილდას ბინა გავაქირავეთ და იქიდან შემოსულ თანხას ემილის ვახარჯავდით. ყოველთვე თითოს მიგვყავდა და იმ თვის ბინის ქირასაც ის იღებდა, ვისი ჯერიც დგებოდა.
მაგრამ მალე გრაფიკი აირია. ჯერ იყო და, მე გამომიჩნდა შანსი, პარიზში წავსულიყავი და შანელის მოდის სახლში სტაჟირება გამევლო. ამაზე უარს რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა? ზაზა კი იყო უარზე, ბავშვს მარტო მე როგორ მოვუვლიო, მაგრამ ჯერ ჩემები ჩავრიე, მერე დედამთილ-მამამთილს დავუხატე ჩემი გრანდიოზული მომავალი პარიზში სტაჟირებით და, როგორც იქნა, ერთობლივი ძალებით შევძელით ზაზას დაყოლიება. გოგოებმაც ძალიან შეუტიეს, რას ჰქვია, ცოლს არ უშვებ, ვერ ხედავ, რა შანსი გამოუჩნდაო?
და გავემგზავრე. ორი წელი დავყავი პარიზში. ორი წელი თვალებში შევციცინებდი კარლ ლაგერფელდსა და მთელ მის გუნდს. თუ რამის სწავლა შეიძლებოდა, ყველაფერი ვისწავლე.
ერთი წელი რომ გავიდა, თბილისიდან გოგოები შემომეხმიანნენ, მაყვალ, სკოლის დამთავრებიდან ხუთი წელი გვისრულდება და შენ გარეშე ხომ იცი, ეს ამბავი არ ჩაივლისო? ისედაც ერთი სული მქონდა, ჩამოვსულიყავი და შვილი მენახა, ამიტომ როგორც კი მიზეზი გამომიჩნდა, ვითხოვე ერთი კვირა, გამათავისუფლეთ-მეთქი. როგორ გამათავისუფლეს და გამომიშვეს, კი მოგიყევით უკვე.
ჰოდა, ამ ჩემი ძვირფასი წითელი კაბით ერთ მშვენიერ დღეს თბილისს ვეწვიე. სასწაული შეგრძნება იყო, როცა მიწაზე ფეხი დავდგი და აეროპორტის ჰაერი შევისუნთქე. ასე დიდი ხნით საქართველოს დატოვება პირველი შემთხვევა იყო და ვიგრძენი, როგორ ტირილამდე მომნატრებოდა აქაურობა. აეროპორტში მთელი არმია დამხვდა: ზაზა, მარკო, ალმა ენთან და ემილისთან ერთად, ჯინა თავისი ქმარ-შვილით - გოკათი და ელისით. ნამდვილი დღესასწაული გამითენდა.
ერთადერთი, რაც არ მომეწონა და აშკარად შეიმჩნეოდა, ზაზას უხასიათობა იყო. ძალიან ცივად მომესალმა, უგულოდ გადამკოცნა და არც კი უკითხავს, როგორ ხარ, როგორ იმგზავრე ან მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, მეც გავატარე, ვიფიქრე, რადგან ჩამოვედი, წყენა გაუვლის და გული მოუბრუნდება-მეთქი.
იმ დღეს არაჩვეულებრივი დრო ვატარე მათთან ერთად. მეორე დღეს კი კლასელების შეკრებაზე გავეშურეთ ყველანი. ვისაც ქმარი გვყავდა, რა თქმა უნდა, ქმრებიც გავიყოლეთ.
იქაც დიდი ამბით შემხვდნენ, ყველამ იცოდა, სადაც ვიყავი და ისიც იცოდნენ, რომ ყველაზე საინტერესო ამბების მოყოლა მე შემეძლო. ჯერ ხომ "ვიმარიაჟე" ამ ჩემი წითელი კაბით, რომელსაც თვალს ვერ წყვეტდნენ ჩემი კლასელები. ისიც კი ვთქვი, გოგო რომ მეყოლება, იმას უნდა შევუნახო და ქორწილის მეორე დღეს ჩავაცვა-მეთქი. მერე მოვყევი პარიზულ ამბებს, როგორ მიდიოდა ჩემი სწავლების პროცესი კარლთან, რას ვსწავლობდი, რა დოზით, როგორ ვიღლებოდი, მაგრამ არ ვეპუებოდი. რომ დავბრუნდები, ყველაზე მაგარი დიზაინერი ვიქნები საქართველოში-მეთქი, დავიტრაბახე. ბოლოს დავამატე, იმდენად კარგად ვარ მომზადებული, რომ გადავწყვიტე, სენ-მარტინის კოლეჯი დავამთავრო და მერე ყველა გზა ხსნილი მექნება-მეთქი. რაოოო? - იფეთქა ამ დროს შემთვრალმა ზაზამ და მტრისას, იქ ამბავი დაატრიალა. ეს ბავშვი რომ მოგვიგდე აქ მოსავლელად ამდენ ხალხს, შენ კიდევ დაკუნტრუშებ პარიზში აღმა-დაღმა, რა დედა შენ ხარ, შენი ასე და ისეო... მოკლედ, რაც კი ბოღმა დაუგროვდა ერთი წლის განმავლობაში, ერთად ამოანთხია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა ზაზამ ჩამამწარა ის ბედნიერი დღე. ერთი კვირა დავრჩი თბილისში. ბავშვის მოსიყვარულებით გული ვიჯერე, მეგობრებთანაც ბევრი ვიმუსაიფე და კვირის ბოლოს გასამგზავრებლად მოვემზადე. პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ სტაჟიორი ვიყავი, ხელფასს მიხდიდნენ, თანაც კარგ თანხას, ამიტომ ჩამოტანილი ფულის ნაწილი ზაზას მივეცი, ნაწილი გოგოებს დავურიგე, ჩემს მარკოს თქვენც მიხედეთ-მეთქი. გარდა ამისა, ხომ ყველას საჩუქარი ჩამოვუტანე, პარიზული სუნამოები და პიჯაკები და რა ვიცი, ათასგვარი რამეები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის არ დავიშურე ტანსაცმელ-ფეხსაცმელი.
მაშინ უნდა ჩავფიქრებულიყავი იმაზე, რომ ქმარი უკვე გაუცხოებული მყავდა, რომ უკვე დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ ისე ვიყავი აღტყინებული პარიზული ვოიაჟით, რომ ამაზე საფიქრელად არ მეცალა. ის ერთი კვირა ჩემი ქმარი ახლოსაც არ გამკარებია და მეც არაფრად ჩავაგდე ეს ამბავი. არა უშავს, როგორმე ერთ წელსაც გადავიტან და ჯანდაბას, აღარ მინდა არც სწავლის გაგრძელება, არც სადმე სამუშაოდ მოწყობა, ჩამოვალ და ყველაფერი დალაგდება-მეთქი.
თბილისიდან ისე გავემგზავრე, ზაზას გული ვერ მოვიგე. არც კი გამაცილა აეროპორტში. მხოლოდ გოგოები გამომყვნენ. ჯინას ქმარმა გაგვიყვანა მანქანით. მთელი გზა დანა პირს არ მიხსნიდა. შემეძლო, საერთოდაც არ წავსულიყავი, დავრჩენილიყავი და ოჯახისთვის მიმეხედა, თან ჩემი საქმეც ამეწყო თანდათანობით, მაგრამ მეც არანაკლებ ჯიბრიანი ვიყავი, ვიდრე ჩემი ქმარი და უკან აღარ დავიხიე.
აი, ასეთი გულდამძიმებული ჩავედი პარიზში. ის ერთი წელი ისე გაიწელა, თითქოს მთელი საუკუნე გავიდა. ყოველ საღამოს შევდიოდი სკაიპში, რომ ჩემს ქმარ-შვილს დავლაპარაკებოდი, მაგრამ უიმედოდ. ზაზა სკაიპს არ გაჰკარებია. მარკოს მხოლოდ მაშინ ველაპარაკებოდი, როცა რომელიმე ჩემს დაქალთან იყო და ისინი თუ ჩამერთვებოდნენ.
ძალიან მძიმე წელი კი მქონდა. როგორც იქნა, ჩამთავრდა ის წელიც და გამოვეშურე უკან, თბილისისკენ. ისევ აეროპორტი, ისევ დაქალები, მარკო, მაგრამ არა ზაზა. მთვრალი იყო და აღარ წამოვიყვანეთო, ალმამ მითხრა.
გოგოები საგულდაგულოდ იყვნენ გამზადებულნი, ჯინასთან სუფრაა გაშლილი, წავიდეთ, ჩვენი შეხვედრა აღვნიშნოთო, მაგრამ უარი ვუთხარი. მოდით, ჩემთან ავიდეთ სახლში, ბებიაჩემს მაინც გავახარებ-მეთქი, ჩავიხუტე მარკო, რომელიც ჯერაც ვერ მომჩვეოდა ხეირიანად და მივადექით ჩვენს ძველ კორპუსს.
ბებიაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს მოხუცი ქალი უცებ ისე დაფაცურდა, თითქოს ოცი წლის გოგო იყო. თან წუწუნებდა, შვილთაშვილის ნახვა ერთხელ არ მაღირსა შენმა ქმარმა, რაც შენ წახვედი, მარკოზი თვალით არ მინახავსო. ამაზე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ როგორც ყოველთვის, წყენა ამჯერადაც გადავყლაპე.
გვიანობამდე დარჩნენ გოგოები ჩემთან და ბოლოს დაიშალნენ. ალმას კი არ უწევდა შორს წასვლა, იმავე კორპუსში ცხოვრობდა, მეცხრე სართულზე და რაც ქმარმა მიატოვა, აქედან ფეხი არ გაედგა, ჯინა კი ქმარმა მანქანით წაიყვანა. მარკოს რომ არ ეუცხოვა და არ მოეწყინა, ემილიც ჩემთან დავტოვე, თან ალმა გავაფრთხილე, თუ ბავშვმა იტირა, დაგირეკავ და ამოირბინე-მეთქი, მაგრამ სულაც არ უტირია. ცოტა ხნის შემდეგ ისე გავერთე ბავშვებთან და ისე მომეჩვივნენ ორივენი, თითქოს დიდი ხნის უნახავები სულაც არ ვყოფილიყავით.
მეორე დღეს ბებიას გამოვემშვიდობე, ემილი ალმას ჩავუყვანე და ზაზას მივადექი. გამარჯობაც არ უთქვამს, კარი რომ გამიღო. განზე გადგა და ისე გამატარა. მარკო მამამისს ფეხებზე მოეხვია და აჭყლოპინდა. მერე გადმოულაგა საჩუქრები, აი, დედიკომ ამდენი რამე ჩამომიტანაო. არც ამაზე ჰქონია რეაქცია ჩემს ქმარს. იმავე წუთას ჩაიცვა, დაიხურა და სახლიდან გავიდა. მე დავრეკე დედამთილთან, მოვიკითხე, როგორ ხართ, რასა იქმთ, მამა როგორ არის, მე საბოლოოდ ჩამოვედი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა-მეთქი. საჩუქრებიც ვუხსენე და ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ქალბატონი დედამთილი სახლში დამადგა. მეც მთელი ჩანთა გავუვსე საჩუქრებით და გავატანე. კარგა ხანს დაყო ჩემთან, თან მეჭორავა. შენი ქმარი სულ გულჩათხრობილია, ჩვენც კი არ გვეკარება ახლოს, თავის თავზე არაფერს გვიყვება, მოგვიგდებს ამ ბავშვს მთელი კვირა, თვითონ კი გადაიკარგება თავის სამსახურში და მხოლოდ შაბათ-კვირას მიჰყავს მარკოზი თავისთანო. ხანდახან კი გამოივლის საღამოობით, მაგრამ ბავშვს მოეფერება და მერე ისევ მიდისო. არა უშავს, ყველაფერი დალაგდება-მეთქი, ვანუგეშე დედამთილი, მაგრამ დავალაგებდი კი? ამაში უკვე ეჭვი მეპარებოდა.
ასეც მოხდა. ზაზამ გული არა და არ მოიბრუნა. ისე ვცხოვრობდით, თითქოს ერთი ოჯახი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები ვიყავით. მოვიდოდა საღამოს, შეჭამდა, წყალს გადაივლებდა და დაწვებოდა ან საერთოდაც არ მოვიდოდა. ჩემი ჩამოტანილი საჩუქრებისთვის თვალიც კი არ შეუვლია. როგორც ჩამოვიტანე დაკეცილი, ისევ ისე იდო ყუთში მისი საწოლის თავთან, ტუმბოზე.
ვიფიქრე, არა უშავს, გადაუვლის, რომ ნახავს, როგორ ვზრუნავ ოჯახზე, გული მოუბრუნდება-მეთქი. შევცდი. თურმე სადა ხარ.
ერთხელაც ვუსაყვედურე, რით ვერ მაპატიე ეს ორი წელი, მხოლოდ ჩემს თავზე კი არ ვფიქრობდი, პარიზში რომ წავედი, მინდოდა, მთელ ოჯახს გამოსდგომოდა ჩემი სწავლა, შენ კიდევ ზედაც არ მიყურებ, თითქოს ამქვეყნად არც ვარსებობდე-მეთქი. - აქამდე ვერ მიხვდი იმას, რომ არ არსებობო? - მომახალა და თავის ოთახში შეიკეტა. ჰო, არ მოგესმათ, თავის ოთახში. ჩვენს საერთო საძინებელში, რაც ჩამოვედი, არ გვიძინია.
მერე მოვლენები უფრო სწრაფად განვითარდა. ახლა უფრო დიდხანს რჩებოდა შინ, მაგრამ ტუალეტში ჩაკეტვას და იქ განმარტოებას შეეჩვია. შეიტანდა თავის მობილურს და იჯდა იქ საათობით. ამდენ ხანს რატომ ზიხარ ტუალეტში-მეთქი, რომ შევეკითხებოდი, ხან შეკრული ვარ კუჭში, ხან აშლილი მაქვსო, მომიგებდა. მობილური რაღას შეგაქვს-მეთქი და ვთამაშობო.
რაღაც ვიეჭვე. ერთხელაც, როცა დასაბანად შევიდა, ვტაცე ხელი მის მობილურს და მესიჯები გადავათვალიერე. ჰო, საოცრებავ! ჩემს ძვირფას ზაზას თურმე საყვარელი არსება გაუჩენია. და ამ საყვარელ არსებას ნინი ერქვა. ისეთი სასიყვარულო სიტყვების ფრქვევა მიდიოდა მესიჯებში, ჩემი თავი კი არა, ზაზა შემეცოდა, ასეთი სიყვარული როგორ უნდა წაართვას კაცმა-მეთქი.
არ ვიცი, სხვა ცოლები როგორ იქცევიან ამ დროს, მე კი ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული, ეგრევე დავეტაკე:
- როგორც ვხედავ, დრო უქმად არ დაგიკარგავს ამ ორი წლის განმავლობაში! - გაცეცხლებულმა შევუღრინე, თან დონჯშემოყრილი ვიდექი, მეტი სიმტკიცისთვის.
- რამე გინდოდა? - ისეთი მშვიდი ირონიით მომიგო, ვითომც არაფერი.
- კი, მინდოდა, - უფრო ავუწიე ხმას, - გეგონა, ვერაფერს მივხვდებოდი? გეგონა, თუ ტუალეტში შეიკეტებოდი, ვერაფერს გავიგებდი? ვინ არის ეს ნინი? - ვიყვირე და ხალათის ჯიბიდან მისი მობილური ამოვიღე, რომელიც ცხვირწინ ავუფრიალე.
- სხვას რას ელოდი? - ნიშნის მოგებით ჩაიცინა და პირსახოცი მოიძრო, მთლიანად გაშიშვლდა ჩემ წინაშე და თავის შემშრალებას შეუდგა.
სიბრაზისგან კანკალმა ამიტანა.
- ყოველ შემთხვევაში, ამას არა! - ახლა უკვე დავუწიე ხმას, მივხვდი, ყვირილს აზრი არ ჰქონდა, - იმისთვის წავედი, რომ საყვარელი გაგეჩინა? არ მეგონა, ასეთი სუსტი თუ იყავი, - ყველაზე სუსტ ადგილას დავაბიჯე ფეხი.
- მე ვარ სუსტი? მე-ე? - ახლა იმან იყვირა და პირსახოცი სახეში მესროლა, - ორი წელი პარიზში დატლაშუნებდი და კიდევ მე ვარ სუსტი? თუ იმის თქმა გინდა, რომ ამდენი ხანი იქ სხვა კაცი არ გყოლია?
ამ ბრალდებამ ბოლო მომიღო. რას ვიფიქრებდი, ჩემზე ასეთი წარმოდგენა თუ შეექმნებოდა? მე და ღალატი? ეს ხომ სრულიად გამორიცხული ამბავი იყო.
- როგორ არ გრცხვენია, მაგას რომ ამბობ. - ცრემლები მომეძალა, - ცოლები წლობით მიდიან უცხოეთში სამუშაოდ და იმათი ქმრები არ ეჭვიანობენ, შენ კიდევ ორი წელი არ მაპატიე, თან...
ისე ბობოქრობდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, გავარდა თავის ოთახში და კარი გაიჯახუნა.
ხმა არ გამიღია. გაოგნებული ჩამოვჯექი დივანზე და თვალებგაფართოებული მარკო მკერდზე მივიკარი. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიდა ჩაცმულ-გამოწკეპილი, დაავლო თავის მობილურს ხელი, საჩვენებელი თითი მუქარით ჩემკენ გამოიშვირა და კბილებში გამოცრა:
- სიტყვა არ დაძრა ნინის საწინააღმდეგოდ, თორემ მოგკლავ! მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ! - ამ სიტყვებით სახლიდან გავარდა.
მეც რაღა დამრჩენოდა. ასეთ კაცთან ცხოვრება არ მიღირდა. იმწუთასვე ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, დავავლე მარკოს ხელი და ჩემს ძველ საცხოვრებელს დავუბრუნდი, სადაც შვილიშვილსა და შვილთაშვილს მონატრებული სესილია ბებია მელოდა.
ვერ გეტყვით, მაშინ კარგად მოვიქეცი თუ ცუდად. ერთი კია, ხელი არ გამინძრევია ოჯახის შესანარჩუნებლად. ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს. არ ვიცი, შეიძლება მეგონა, რომ ძალა არ მეყოფოდა ზაზას მოსაბრუნებლად, რომ ამ ჭიდილში მაინც დავმარცხდებოდი და თავს სასაცილოდ გავიხდიდი, რომ აჯობებდა, პირველი მე გავრიდებოდი და ეთქვათ, ქმარი მიატოვაო და არა ქმარმა მიატოვაო...
მე ხომ ყველაფერში პირველობა მინდოდა ყოველთვის... თუმცა, დამნაშავე, ვგონებ, მხოლოდ და მხოლოდ მისი ერთი წინადადება იყო: "მისი ფეხის ფრჩხილად არ მიღირხარ!" ამან ყველაფერს გადაუსვა ხაზი, რადგან პირველობა იქით იყოს და, საშინლად თავმოყვარე ვიყავი...
ზაზასგან კი წამოვედი, მაგრამ ალმასავით დეპრესია არ მომძალებია. პირიქით, ქმრის მიტოვებამ კიდევ უფრო გამაძლიერა, თითქოს თავს გამარჯვებულად მივიჩნევდი. "აი, ხომ ვუჩვენე სეირი, ხომ ვაგრძნობინე ჩემი ძალა!" - ჩემში მოკალათებულ "მეორე ხმას" ხშირად ასე ჯიბრიანად ვებაასებოდი.
მაშინვე დავფაცურდი. ფული ისედაც მქონდა დაგროვებული, მამაჩემმაც, რომელიც იმ პერიოდში ხელშეკრულებით საზღვარგარეთ მუშაობდა, სოლიდური თანხა გადმომიგზავნა, ოღონდ შენ საქმეს მოეკიდე, არაფერზე არ იდარდო და არა უშავს, თუ ოჯახი დაგენგრა, იქნებ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე მყარად დადგომაო. მამას ჩემზე ყოველთვის ჭკუა ეკეტებოდა, რადგან, ფაქტობრივად, მან და ბებიამ გამზარდეს. დედა არ მახსოვს. ჯერ კიდევ ჩვილი ვყოფილვარ, რომ გარდაცვლილა და მამას ისე ჰყვარებია, რომ მას შემდეგ ცოლის შერთვა არც უფიქრია. ჰოდა, ცოლის ხატებას მამა ჩემში ხედავდა, რადგან სურათებიდანაც ვხედავდი, როგორ ვგავდი მას, ამიტომაც უფრო მძაფრად შეიგრძნობდა ჩემდამი სიყვარულს.
მამაჩემის გამოგზავნილი ფულით ოროთახიანი ბინა ვიყიდე ქალაქის ცენტრში პირველ სართულზე და ატელიეს მოწყობას შევუდექი. პატარა ოთახში, ანუ საძინებელში სამკერვალო მოვაწყვე. ორი მკერავი ვიქირავე და კერვას შევუდექი. დიდ, ანუ სასტუმრო ოთახში კი ვიტრინები გავაკეთე და ჩემი ნაწარმი გამოვფინე. მშვენიერი ბუტიკი გამომივიდა. ტანსაცმელსა და აქსესუარებს საშუალო ფასი დავადე, რომ კლიენტები არ დამეფრთხო, მერე მივდექი, მოვდექი, ნაცნობობით მოვიწვიე პრესა, ტელევიზია, ორ-სამჯერ "გამაშუქეს" და წავიდა მუშაობა. წამში ცნობილი გავხდი. სნობი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მართლაც მჭირდებოდა. მჭირდებოდა იმისთვის, რომ ატელიე ამემუშავებინა და პოტენციური მყიდველი მომეზიდა.
გაგრძელება