ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
დასაწყისიცხრა ხდებოდა, საშკა რომ მოვიდა. სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. ზურგიდან მომიახლოვდა, თავისკენ შემომაბრუნა და თვალებში ჩამხედა.
- რა დაღლილი სახე გაქვს, - ჩურჩულით ამოთქვა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე. ამას მთლად კოცნას ვერ დავარქმევდი.
- დღესაც ვიბოდიალეთ მე და მიამ და როგორ გგონია, არ დავიღლებოდი?
მან ცალი ხელი წელზე მომხვია.
- იცი, რომ შენი დამსახურებით შინ მოსვლა მიხარია? - და თავის წრიული მოძრაობით სახეზე სული შემიბერა.
მის ნათქვამზე გამეცინა.
- გშია?
- უფრო ყავას დავლევდი.
- მეც დავლევ შენთან ერთად. - უცებ მიას და კარის მიჯახუნების ხმა ერთდროულად მოისმა.
- შენ პატარა ხარ ჯერ, ამ დროს შენი ასაკის გოგოებისთვის ყავა არ შეიძლება, - საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამოჰკრა საშკამ დისშვილს.
მიამ ტუჩები გაბუშტა.
- პატარა არ ვარ!
- ხარ! და უნდა დამიჯერო. მე უკეთ ვიცი, - იგივე თითი ახლა ცხვირწინ გაუქნია ბიძამ.
მია მიხვდა, რომ მასთან კამათით ვერაფერს გააწყობდა და უეცრად სახე გაებადრა.
- მე კაბა ვიყიდე!
- აბა, მაჩვენე! - საშკამაც ძალად გაიბადრა სახე, რათა მისთვის ესიამოვნებინა, მე კი თვალი ჩამიკრა. მერე კი, როცა გოგონამ კაბა მის თვალწინ გაშალა და სხეულზე მიიფარა, ქათინაურებად დაიღვარა, რა მაგარი კაბააო.
ყავა სასტუმრო ოთახში გავიტანე. თან ვსვამდით, თან ვმასლაათობდით.
- რას ნანობდა ის რეზი ასე მწარედ? - მოულოდნელად შემეკითხა მია.
საშკამ მკვეთრად მოატრიალა თავი ჩემკენ.
- ვინ რეზი? თალაკვაძე?
- შემთხვევით შევხვდით დღეს მე და მია. - სრული სიმშვიდით მივუგე, თუმცა დავიძაბე.
- ნენეს სთხოვა, ჩემთან დაბრუნდი სამსახურშიო. კიდევ რა თქვა? ჰო, ცოლს ვშორდებიო.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სული ამომხდა. ჰაერი მთლიანად ამოიტუმბა ჩემი სხეულიდან და სივრცეს შეერია. ამოსუნთქვა ვეღარ შევძელი. თითქოს გულსაც შეეკუმშა გული, დაგადუგი შეწყვიტა.
- მართლა? - თვალი თვალში გამიყარა საშკამ.
- მან ასე თქვა. - უემოციოდ მივუგე.
მეტად აღარ დამლაპარაკებია, მიასთან გააბა საუბარი, მამამ თუ დაგირეკაო...
მუნჯივით ვიჯექი. გამშრალი, გახევებული. რა გამიკეთა ამ გოგომ! აშკარად მოსწონს საშკა, რახან ასე უმოწყალოდ ჩამიშვა. წარმომიდგენია, როგორ ვერ მიტანს. ოხ, ეს თანამედროვე ახალგაზრდობა. ამას რა ჰგონია? რადგან სისხლით ნათესავები არ არიან, "ნახევარბიძასთან" რომანის გაბმის უფლება აქვს? ხომ გაუსკდება სალომეს გული! აი, რატომ მთხოვა საშკამ, მიასთან მარტო არ დამტოვოო. ამას უფრთხოდა ალბათ. მეც არ გამიკვირდა, იმ დღეს რომ მითხრა, არ მინდა ჩემს დას ვაწყენინო, თორემ მიას ერთ ადგილას მოვსვამდიო. რა მიამიტი ვარ, აზრადაც არ გამივლია მსგავსი რამ. თურმე ყველაფრისთის მზად უნდა იყო ადამიანი და არაფერი გაგიკვირდეს.
ახლა რა მოხდება? რეზის გამო საშკა ახსნა-განმარტებას მომთხოვს? რა უფლებით? ან რომც მომთხოვოს, მე რა შუაში ვარ? შემთხვევით შემხვდა ადამიანი და ბოდიში მომიხადა, პაემანზე კი არ დამპატიჟა! მაგრამ სამუშაო რომ შემომთავაზა?
ნეტავ რას ვნერვიულობ. მე უკვე მზად ვარ. როგორი სეტყვაც მოვა, ისეთი ქვა დავხვდები. თავს აღარავის დავაჩაგვრინებ, მით უმეტეს, როცა დამნაშავე არაფერში არა ვარ.
- რაო მამაშენმა? - ჩემი ბოსის ხმამ ფიქრები გამიფანტა.
- რა ვი, არაფერი. მინდა მალე დაბრუნდნენ. ჩემს სახლში მომენატრა ყოფნა.
- და აურზაურის მოწყობა, არა? ერთხელ რომ მოაწყვე ისე.
მიამ გაიცინა.
- ვითომ ისეთი რა გავაკეთე? მუსიკა გვქონდა ხმამაღლა ჩართული, კარაოკეს ვმღეროდით, ვცეკვავდით.
- და წივილ-კივილობდით, - გადაიხარხარა საშკამ.
- ოოჰ, კაი რა. დიდი ამბავი.
- რა დიდი ამბავი, მეზობლებმა პატრული გამოიძახეს.
- იმიტომ, რომ სოფლელები არიან! - გაღიზიანდა მია და სახეზე წამოწითლდა.
- კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. შენ ის მითხარი, ხვალ რა გეგმები გაქვთ შენ და ნენეს, - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი "ნახევარბიძამ".
- შენ არც ხვალ შემოგვიერთდები? - მიანათა გოგონამ საყვედურით სავსე თვალები.
- არა, მე არ მცალია. საღამოს მხოლოდ, გვიან. სამაგიეროდ, კვირას თქვენს განკარგულებაში ვიქნები.
- წავალ, დავწვები, - უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა მიამ, მობილურს ხელი დაავლო და მეორე სართულზე ავარდა.
საშკა ოდნავ გვერდზე შებრუნდა და თვალი გააყოლა, მერე კი მე მომიბრუნდა:
- კარგად იქცევა?
- არა უშავს. ჯერ არაფერი დაუშავებია. - მზერა ავარიდე.
- შენ არ აპირებ დაძინებას?
- ვაპირებ, ოღონდ შენ შემდეგ, რათა ისევ ოთახში არ შემომივარდე, - გავიღიმე.
- შენ რა, ჩემი შემოსვლა დისკომფორტს გიქმნის?
- არა. - ხმადაბლა მივუგე და ახლაღა შევამჩნიე მის წარბებს შორის გაჩენილი უკმაყოფილების ნაკეცები.
- იმედია, თალაკვაძის წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებ... - შემომაპარა.
- ჰუუუ, - ხმაურიანად ამოვიოხრე, - სხვათა შორის, მასთან არც ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. - ჯიბრზე ვუთხარი, ცოტას გავაღიზიანებ-მეთქი.
- მასთან დაბრუნება გინდა?
- შენ კი ჩემს გაშვებაზე ოცნებობ, არა?
- საიდან მოიტანე? ეს რომ მინდოდეს, პირდაპირ გეტყოდი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
- რა ვიცი, დაკითხვას კი მიწყობ და...
- იმიტომ, რომ არ მინდა ვინმემ ღირებული თანამშრომელი დამაწეროს.
თავი სწრაფად ავწიე.
- მე შენთვის ღირებული ვარ? აქამდე არასდროს გითქვამს.
- არ მიფიქრია, რომ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა.
მოულოდნელად სურვილმა წამომიარა, მოვქცეულიყავი ისე, როგორც არასდროს. ავდექი, მაგიდას შემოვუარე, საშკას მივუახლოვდი, დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე.
- მაპატიე, რომ არასწორად გავიგე. მადლობა დაფასებისთვის. - ვთქვი და გავწითლდი.
- ჰმ... ასე საყვარლად ჩემთვის პატიება ჯერ არავის უთხოვია, - გაიცინა საშკამ.
მან ხელი მომკიდა და ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა.
- შენ მართლაც განსაკუთრებული ხარ, ნენე!
იმის ნაცვლად, უფრო ახლოს მივსულიყავი მასთან, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- დილით ადრე გახვალ? - სიტყვა ბანზე ავუგდე.
- ჰო, ამიტომ ძილის დროა. ვხედავ, ერთი სული გაქვს, როდის მიაღწევ ლოგინამდე, - ღიმილად დაიღვარა.
მეც გავიღიმე და ასე ვიღიმოდი, სანამ ჩემს საძინებელს მივაშურებდი. განსაკუთრებული ხარო, მითხრა. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ დროებითი სამუშაოდან მუდმივზე გადამიყვანს და არსადაც არ გამიშვებს.
მე მას ვჭირდები!
დილით საშკა მართლაც ადრე გავიდა. გავიგონე, როგორ გაიჯახუნა კარი. ადგომა არ ვიჩქარე, რადგან მია გვიანობამდე იძინებდა.
ისევ წამართვა ძილმა თავი და მხოლოდ მაშინ გამომეღვიძა, მიამ რომ მომიკაკუნა.
- რას ვაკეთებთ დღეს? - თავზე წამომადგა.
- არ ვიცი. - წამოვხტი, ხალათი მოვისხი და სააბაზანოში შევედი.
ცოტა ხანში იქაც მომიკაკუნა.
- ახლავე გამოვალ! - გავძახე, მაგრამ მან უკვე შემოაღო კარი და შხაპის ქვეშ შიშველი რომ დამინახა, ისე შემათვალიერა, თითქოს ბუტიკის ვიტრინაში გამოფენილი კაბა ვიყავი.
- მიხურე კარი!
- ვიღაც მებო გირეკავს ისტერიკულად.
- უთხარი, გადმოგირეკავს-თქო!
სწრაფად გადავივლე წყალი და ფართხაფურთხით გამოვედი.
მებოს ეგრევე გადავურეკე.
- ვისთან ერთად ხარ? - დაინტერესდა.
- ჩემი უფროსის დისშვილია.
- სად ხარ, სად მოგაკითხო?
ცოტათი დავიბენი.
- რა ხდება, მშვიდობაა?
- კი, უბრალოდ, ამ დღეებში მივდივარ ბათუმში და წასვლის წინ მინდოდა მენახე. დაგპატიჟებ სადმე, გოგოშკა! მერე როდის გნახავ, კაცმა არ იცის.
- მებო, მარტო არ ვარ, ხომ გითხარი. მიას ვერ დავტოვებ.
- წამოიყვანე ეგეც, რა პრობლემაა? კაი ტიპშა თუა, მით უფრო, - გაიცინა.
შევთანხმდით. საღამოს ექვსისთვის გამოგვივლიდა მანქანით და რესტორანში წაგვიყვანდა.
შესანიშნავი დრო გავატარეთ. მიას ძალიან მოეწონა მებო. ეს არ იყო ძნელი შესამჩნევი. იქნებ საშკაზე აღარ იფიქროს და მებოზე გადაერთოს? ამაზე ფიქრი ამეკვიატა.
შინ ცხრაზე დავბრუნდით, რადგან პანდემიის გამო რესტორანი ადრე იხურებოდა. საშკა ჯერაც არ მოსულიყო. მია მაღლა ავიდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ჩამოვიდა. ერთიანად გაფითრებულიყო.
- მაღებინა, - თქვა თვალცრემლიანმა.
- უი, რატომ? რაღაცამ გაწყინა ალბათ, მაგრამ ისეთი რომ არაფერი გვიჭამია? - ჭურჭლის ტილო დავასველე და შუბლზე დავადე.
- არა, მოწამლული არ უნდა ვიყო. ბოლო დღეებია ცუდად ვარ.
- წადი, დაწექი. თუ ჭამა მოგინდეს, დამი...
- გეხვეწები, საჭმელზე აღარ მელაპარაკო! - წაიტირა.
- როგორც გინდა. დაწვები?
- ჰო, ცოტა ხანს წამოვწვები. საშკას მინდა დაველოდო.
ისევ ავიდა, მე კი სამზარეულოში გავედი, ტილო, რომელიც წეღან მიას შუბლზე დავადე, ამოვრეცხე და იქაურობაც მივალაგე.
ათი ხდებოდა, ჩემი ბოსი რომ მოვიდა. მია უკვე უკეთ გრძნობდა თავს. როგორც კი მისი მანქანის ხმა გაიგონა, მაშინვე ჩამოვიდა, თუმცა სიფითრე ისევ გადაჰკრავდა.
საშკას ეს არ გამოჰპარვია.
- პრივეტ! რა გჭირს? - ჰკითხა დისშვილს.
- არაფერი, კარგად ვარ. - კნავილით მიუგო გოგონამ.
- ცოტა შეუძლოდ იყო. მგონი, გაუარა. გშია? - თვალები მივანათე.
- არა, ყავას დავლევ მხოლოდ.
სამზარეულოში გავედი. ისიც შემომყვა.
- სანდვიჩს გაგიკეთებ, თუ გინდა. ყავას მოუხდება. - თავის მოუბრუნებლად ვუთხარი.
- შენთვის უთქვამს ვინმეს, რომ არაჩვეულებრივი ფერის თვალები გაქვს? ერთ შეხედავ კაცს და ეგრევე დააგდებ.
- რამდენი ნაჭერი გაგიმზადო? - ავისხლიტე მისი შეკითხვა.
მან ზურგიდან ხელი მომხვია, თავი გადამიწია და ყულზე მაკოცა. სასწრაფოდ განზე გავიწიე.
- მაპატიე, მეშინია მია არ შემოვიდეს. ხომ იცი, მოულოდნელად იცის გამოჩენა.
- დღემ როგორ ჩაიარა? რა დაემართა, ცუდად რატომ გახდა?
მეც ყველაფერი ჩავუკაკლე.
- მერე რაო მებომ, მოეწონა მია?
- კი... და მიასაც მოეწონა. კარგი დრო ვატარეთ. ალბათ რაღაცამ აწყინა. მოვიდა თუ არა, აღებინა.
- არა უშავს, გაუვლის, - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა საშკამ და მაგიდას მიუჯდა.
კვირას ყველაზე ადრე მე ავდექი და მაშინვე მიას მივაშურე. მაინტერესებდა, როგორ გრძნობდა თავს.
- უკეთ ხარ? - საწოლზე ჩამოვუჯექი. - გინდა აქ ამოგიტანო საჭმელი?
- არააა, - ამოიკვნესა გოგონამ.
- რა იყო, ჭამა არ გინდა?
უარის ნიშნად თავი გააქნია, მერე კი დაამატა:
- არ მინდა შენ და საშკას თავი მოგაბეზროთ. მეშინია, მერე აღარ დამტოვებთ თქვენთან.
- კარგი რა, მია. ეგ რამ გაფიქრებინა? - შემეცოდა, - წავალ, ყავას მაინც ამოგიტან.
მიამ თავი საბანში შერგო. მე კი სამზარეულოში ჩავედი. ამასობაში საშკაც ადგა და შემომიერთდა.
- გავიდეთ სადმე? - მკითხა, სანამ ყავას მოვამზადებდი.
- მია ვერ არის კარგად.
- ვააა, კიდევ? არ გაუარა? რამე სერიოზული ხომ არ სჭირს?
- არა მგონია. ჭამა არ მინდაო. დღეს იყოს სახლში, ცოტა გამოშუშდეს. სადილს მოვამზადებ, ოღონდ შენ მოგიწევს საყიდლებზე გასვლა. ღორის ხორცს თუ მომიტან, ჩავშუშავ კარტოფილთან ერთად. - ვთქვი და გამეცინა.
- რა გაცინებს? - კოპები შეიკრა.
- ვერ წარმომიდგენია ამხელა "ფილარმონია" კაცი მწვანილებითა და ხორცით ბაზარში.
- იმის თქმა გინდა, რომ არ მომიხდება? თუ თავს ვერ გავართმევ?
ისევ სიცილი ამიტყდა. მან მკლავები მომხვია.
- ბაზარში არა, მაგრამ სუპერმარკეტში წასვლა შემიძლია. - უჩურჩულა ჩემს ყელს.
- ასე აპირებდი ჩემთვის ყავის ამოტანას? - გაისმა ამ დროს მიას ხმა, რომელიც სამზარეულოს კარში გახიდულიყო.
ერთიანად ავირიე. თვი უხერხულად ვიგრძენი. საშკამ ცხვირზე ჩამომკრა საჩვენებელი თითი და გავიდა. მე კი ხმის ამოუღებლად ყავას მივუბრუნდი.
მია გაბრაზებული გავარდა სამზარეულოდან და მერე მთელი დღე თავისი ოთახიდან არ გამოსულა, საწოლიდანაც არ ამდგარა. რამდენჯერ მოსაკითხად შევედი, იმდენჯერ ეცადა დავერწმუნებინე, რომ უკეთ იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი. მაშინებდა მისი მდგომარეობა.
როცა საშკა მარკეტიდან დაბრუნდა, სადილი მოვამზადე და მას ჩემი შიში გავუმხილე. თუ ხვალაც არ გამოკეთდება, სასწრაფოს გამოვუძახოთ-მეთქი.
ჩემს უფროსს ხასიათი გაუფუჭდა. სადილის შემდეგ თავის კაბინეტში შეიკეტა და საღამომდე გარეთ ცხვირი არ გამოუყვია. მე კი გული მიმდიოდა, ისე მინდოდა მის გვერდით ყოფნა, თუმცა რისი იმედი უნდა მქონოდა? მას რომ არ ვუყვარდი, აშკარა იყო. უბრალოდ, ნიადაგს მისინჯავდა, ვიყავი თუ არა მზად, მისი გავმხდარიყავი. კარიერული წინსვლისთვის ხომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის! თვითონაც ალბათ ამას ფიქრობდა.
ამის გააზრებაზე შემაჟრჟოლა. რა ამაზრზენად ვიქცევი! ნეტავ არ შემყვარებოდა! უკვე ისე დამახვია თავბრუ, ჩემი თავის იმედი აღარ მაქვს. ამისთვის ველოლიავე ჩემს ქალწულობას ამდენი წელი? თუმცა რა თავში ვიხლი, ვის ვუნახავ? იმას მაინც ჩავაბარებ, ვინც მიყვარს. ალბათ ამწუთას სხვის თვალში რა სასაცილო ვარ! რა იქნება, სიგიჟემდე შევუყვარდე? ვითომ რითია ჩემზე უკეთესი? იმით, რომ მას ფული ამძიმებს, მე კი უფულობა?
რაც არის, არის, რახან დავიწყე, ბოლომდე მივყვები. მართალია, ისეთ თამაშში ჩავები, რომლის წესები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ მაინც მამშვიდებს - მე წასაგები არაფერი მაქვს.
არადა, ოთახიდან არც კი გამოვიდა. რა ქნას, მიჩვეულია მარტო ცხოვრებას. მას ახლა მე და მია ორივე დისკომფორტს ვუქმნით. ვერ პოულობს ჩვენთან საერთო ენას.
ამ მიასაც რა ეტაკა მაინცდამაინც ახლა? დღეს სამივე ერთად ვიქნებოდით, სადმე წავიდოდით...
უცებ ისეთმა აზრმა გაიელვა, თავზარი დამეცა. ორსულად ხომ არ არის ეს გოგო? აქამდე როგორ არ ვიფიქრე? ვაითუ...
მაშინვე მის საძინებელში შევაჭერი და ყოველგვარი შესავლის გარეშე შევეკითხე:
- მია, რამდენი დღეა ღებინების შეგრძნება გაწუხებს?
- ორი-სამი დღე იქნება ალბათ, - თვალი ძლივს გაახილა და საბნიდან გამომხედა.
- ხვდები ვინმეს? იმას ვგულისხმობ, მეგობარი ბიჭი გყავს? ბოიფრენდი? - დავუკონკრეტე.
- არააა.
- რატომ, არავინ გიყვარს? ან არ მოგწონს?
- არავინ.
- სულ არავინ? - არ მოვეშვი და ჩავეძიე, იქნებ ვათქმევინო-მეთქი.
- მე საშკასნაირი ბიჭები მომწონს. ეგეთები კი სადღა არიან. ამიტომაც...
- მაგრამ საშკა შენი ბიძაა, ხომ იცი ეს, არა?
- ვიცი. მას სხვანაირად კი არ ვუყურებ, უბრალოდ, მისნაირი ვინმე მინდა მიყვარდეს. სულ ესაა, - ისე გულწრფელად მითხრა, დავიჯერე და ვიგრძენი, შვებით როგორ ამოვისუნთქე. არადა, როგორ დავაბრალე, ეძალება-მეთქი.
- ჩემი მებო არ მოგეწონა?
- ძალიან, მაგრამ ის ასაკით ჩემზე ბევრად დიდია. არც კი შემომხედავს, - სუსტად გაიღიმა.
- მაგაზე მე ვიზრუნებ, ოღონდ მანამდე ერთი რამე უნდა მითხრა.
- გისმენ, - საბნიდან ამოიწია და სულგანაბული მომაჩერდა.
შევყოყმანდი. მერიდებოდა მეკითხა, ვინმესთან სექსი ხომ არ გქონდა და ორსულად ხომ არ ხარ-მეთქი, მაგრამ სხვანაირად სიმართლე როგორ გამეგო? იქნებ თვითონაც არ იცის, რა სიმპტომები ახლავს ფეხმძიმობის პირველ თვეებს? ჯერ მაინც ბავშვია. არა, არ ღირს ამის შეკითხვა, შეიძლება გული ვატკინო. შეიძლება თავიც შევაძულო.
- ოდესმე ვინმეს უკოცნია შენთვის?
დაიჯღანა. მერე ახითხითდა და ხმადაბლა გამანდო:
- ერთხელ დავთვერი და ერთმა ბიჭმა მაკოცა, მაგრამ არ მომეწონა. მას მერე არავის.
ორივეს გაგვეცინა. სულაც არ იყო ცუდი გოგო, რას ვერჩოდი? თმა მოვუჩეჩე, ჩაწექი, არ გაცივდე-მეთქი, ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ დავიძარი. სანამ გავიდოდი, მივუტრიალდი:
- თუ ხვალაც ასე იქნები, სასწრაფოს გამოვუძახოთ. მეშინია, რამე არ გამოგვეპაროს. კარგი?
თავი უსიტყვოდ დამიქნია და ისევ საბანში ჩაძვრა...
საღამომდე ჩემთვის ვიბოდიალე. ვცდილობდი, საშკასგან თავი შორს დამეჭირა. რახან თვითონ გაურბოდა ჩემს სიახლოვეს, ზედმეტად რატომ შევჩხეროდი თვალში?
მხოლოდ ვახშამზე შევიკრიბეთ სამივე ერთად.
- მადლობა ღმერთს, რახან რაღაც შეჭამე, - გავუღიმე მიას, უგემურად რომ ილუკმებოდა.
- რომ არ ვჭამო, მთლად დავსუსტდები, - კვნესით წარმოთქვა და ხიზილალიან პურს ჩაი დააყოლა, - მადლობა, მოვრჩი. მე წავალ, დავწვები, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
- მიდი, მიდი, მეც მალე ამოვალ, - ვუთხარი და თვალებით გავამხნევე.
- მართლა ვერ არის კარგად, - თქვა საშკამ, როცა მიამ დაგვტოვა.
- მეც მაგას ვამბობ. ხვალ თუ უკეთ არ იქნა, აჯობებს, ექიმმა ნახოს.
- სასწრაფოს გამოიძახებ თუ წავიყვანოთ კლინიკაში?
- არ ვიცი, ვნახოთ. გააჩნია, როგორ იქნება.
- ჩემი დახმარება გჭირდება?
- თუ რამე საშინელება არაა, მეც გავართმევ თავს, მაგრამ დასაწოლი რომ გახდეს, მარტო ჩემს თავზე ამას ვერ ავიღებ.
- მესმის შენი. კარგი, ნახეთ. თუ რამეა, დამირეკე და მაშინვე თქვენთან გავჩნდები. - თქვა და უცებ რაღაცნაირად შემომხედა, - მაგნოლიასავით ხარ - თეთრი, თვალში საცემი და სურნელოვანი. მართლა ლამაზი ხარ, არ ვიტყუები.
ვგრძნობდი, როგორ ვდნებოდი მის სიტყვებზე. მადლობა-მეთქი, ჩავიჩურჩულე და ავდექი. მაგიდა არც ამილაგებია, ისე ავედი ჩემს ოთახში.
დიდხანს ვერ დავიძინე. ლამაზი ხარო. რა ბედნიერებაა, ამას მაინც რომ აღნიშნავს. ჩემთვის ამის თქმაც საკმარისია. ესე იგი, მამჩნევს!
ის იყო, ჩავთვლიმე, რომ კარი გაიღო და მია შემოვიდა.
- უარესად ვარ, ნენე! - გოგონა მძიმედ სუნთქავდა.
მაშინვე წამოვხტი. ბავშვს სახეზე ფერი არ ედო, ტუჩები მიტკლისფერი გახდომოდა.
- რა გტკივა? - საწოლზე ჩამოვსვი.
- მუცელი. აი, აქ, - ხელი მარჯვენა მხარეს დაიდო.
- ისევ აგერია გული?
- ცოტა.
ვაითუ ბრმა ნაწლავია? სასწრაფო ზომები უნდა მიმეღო.
- აქ მომიცადე, ახლავე დავბრუნდები! - პლედი მხრებზე მოვახვიე და საშკას ოთახისკენ გავქანდი.
ჩემდა გასაკვირად, მას შუქი ენთო. უბოდიშოდ შევაღე კარი.
იწვა და წიგნს კითხულობდა. კედლის საათს ავხედე. პირველის ნახევარი გამხდარიყო, მე კი მეგონა, სამი მაინც იქნებოდა.
- ნენე? - საშკამ წიგნი დახურა და გვერდზე გადადო.
- ცუდადაა ბავშვი, მუცელი მტკივაო. რა ვქნათ?
საშკა ისე მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, გამიკვირდა.
- როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს? - დაეჭვებით შემომხედა, ადგომა არც უცდია.
მივხვდი, ჩემსავით მის ორსულობაზე გაიფიქრა.
- შენ რაც გგონია, ის არ არის. უფრო, ალბათ, ბრმა ნაწლავია. შეგიძლია სასწრაფო გამოიძახო? - შეშფოთებას ვერ ვმალავდი.
- არა, აჯობებს ჩვენ თვითონ წავიყვანოთ, რათა დრო არ დავკარგოთ. ორი წუთი მაცალე, ჩავიცვამ, - თქვა და წამოდგა.
- მაშინ მეც ჩავიცვამ, - ვთქვი და ლამის სირბილით გავედი მისი საძინებლიდან.
ორის ნახევარი იყო, როცა მე და საშკა კლინიკიდან დავბრუნდით. მიას დიაგნოზი მალევე დაუსვეს: მოწამვლა. მაშინვე გამორეცხვები გაუკეთეს და ერთი ღამით დატოვეს, დავაკვირდებითო.
- რამეს ხომ არ დალევ? - შევეკითხე საშკას, როგორც კი პირბადე მოვიხსენი.
- მე თვითონ მივხედავ, - მითხრა და სამზარეულოში გავიდა. მეც უკან მივყევი.
- ალბათ, აჯობებს, ჩემი ნივთები ჩავალაგო და ავიბარგო. - ფრთხილად წარმოვთქვი, სანამ ჩემი ბოსი კოქტეილს ამზადებდა.
- ნივთები? რატომ? - გაოცებული მომიბრუნდა.
- რიღასთვის უნდა დავრჩე, როცა მია საავადმყოფოშია? ჩემი მისია ამოიწურა. ორ დღეში შენებიც ჩამოვლენ.
- არ მინდა წახვიდე! - ბრაზიანად წამოიძახა.
უეცრად ტირილი მომინდა, ამიტომ მაშინვე გამოვედი სამზარეულოდან. არ მინდოდა ატირებული დავენახე.
ჩემს საწოლზე ჩამოვჯექი და სიბრაზისგან ავდუღდი. რა უნდა ჩემგან, რას ელის? ვინ ვგონივარ? რა უფლება აქვს, დარჩენა მიბრძანოს მაშინ, როცა არ ვუყვარვარ? მორჩა. დილით ავდგები და წავალ. მია შეიძლება ხვალ არც გაწერონ. სამშაბათს კი სალომეც ჩამოვა და მამამისიც.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
- მაპატიე, არ მცალია, თუ იმის... - დავიწყე გაბრაზებულმა, როცა საშკა ოთახში შემოვიდა, მაგრამ მან ისე გაიღიმა, უკვე ვიცოდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა.
- ბოდიშს გიხდი, მე ცხოველი ვარ, - თქვა მან.
- დიახაც, - მშვიდად დავეთანხმე. - შემდეგი განაცხადის გაკეთება ხომ არ გინდა?
- კი, მაგრამ უფრო შეკითხვა მაქვს. მაპატიებ?
თვალებში შევხედე და გული მტკივნეულად შემეკუმშა.
- მაპატიე, - გამოკვეთილად თქვა მან.
- ნაპატიები ხარ, - ცივად მივუგე და კარის დაკეტვა დავაპირე.
- ეს არ ჰგავს პატიებას.
- გითხარი, გაპატიე-მეთქი, - გავიმეორე, მაგრამ ამჯერად უფრო რბილად.
- მაპატიე, ოღონდ მართლა.
მან ტუჩებზე დამხედა და მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
- არაააა! არავითარ შემთხვევაში! - უკან დავიხიე.
- დარწმუნებული ხარ? - მომიახლოვდა.
- იცი მაინც, რომელი საათია?
- აქამდეც გიკოცნია ჩემთვის ისე, რომ სულ არ ველოდი. ახლა რატომ მეუბნები უარს?
- ხჰმ... - ჯერ შევყოყმანდი, შემდეგ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, ტუჩები მის ლოყას მივუახლოვე და ის იყო, შევეხე, რომ უცებ წონასწორობა დავკარგე და იძულებული გავხდი, მხარში ჩავფრენოდი.
- არაფერს დაგიშავებ, - თქვა რბილად.
- მჯერა შენი.
გაიცინა და მაკოცა.
- არც ისე ცუდი იყო, არა?
- არა უშავდა, - ამოვიოხრე. - ღამე მშვიდობისა.
- ღამე მშვიდობისა, ლამაზთვალება საფრთხევ, - ჩაიჩურჩულა მან და თავისკენ მიმიზიდა, რათა უკანასკნელად ეკოცნა.
როგორც კი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, უცებ ოთახი აყირავდა და ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კისერზე შემოვხვიე ხელები. იმწუთას მსურდა საშკას არასოდეს გავეშვი თავისი მკლავებიდან.
- ნენე! - უცნაური ხმით ჩაიჩურჩულა.
ისევ და ისევ მკოცნიდა, მე კი სამაგიერო კოცნებს ვუბრუნებდი. რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ ჩემი საბანი, საშკას პერანგის გვერდით იატაკზე ეგდო. ჩემი მაისურიც შევნიშნე. როდის გამხადა? არც გამიგია. რატომღაც, ფიქრმა იმაზე, რაც ახლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო, არ შემაშინა.
- საშკა, ოჰ, საშკა, - მეც ავჩურჩულდი.
- ყველაფერი კარგადაა, ჩუ. - ძალუმად მიმიხუტა.
- მინდა შენთან, ძალიან მინდა, - უნებურად აღმომხდა, როცა შიშველი ტორსით შემეხო. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ახლა ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. მის დაკუნთულ მკერდს მოვეფერე, ყელზე ვაკოცე...
- ახლა ისევ გნახავ, - ამოისუნთქა და დაამატა, - იმდღევანდელივით.
მივხვდი, რას გულისხმობდა. მან ხომ შიშველი მნახა თავისი კაბინეტის სააბაზანოში.
- საშკა, მე... მე! არა! - რაღაცის თქმას ვცდილობდი. მან იგრძნო, როგორ იზრდებოდა ჩემში პანიკა. ეს საკმარისი აღმოჩნდა. ის მომშორდა.
- რა იყო? - თვალი თვალში გამიყარა და უეცრად სახე შეეცვალა. სწრაფად შემომაფარა საბანი. - ვაახ, რას ვაკეთებ? - ამოიგმინა.
- არაფერი, რა უნდა ყოფილიყო? - ორივემ ვიცოდით, რომ მე მინდოდა მასთან, მას კი ჩემთან, ამიტომ აღარ დავიმორცხვე, - "არას" პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობდი, უბრალოდ...
- სიტუაციას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ. ალბათ, გავრეკე, - საშკამ შარვალი ფართხაფურთხით ჩაიცვა.
"ჰოდა, გამოიყენე!" - უნდა მეთქვა, მაგრამ ის უკვე კარისკენ მიიწევდა და მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.
- გეშინია, რომ ხვალ დილით შენდამი პატივისცემა აღარ მექნება? - დავადევნე და ხმამაღლა გავიცინე. ნერვიულად.
მყისვე შედგა, მოიხედა. წამით ვიფიქრე, რომ მობრუნდებოდა და ისევ მომეალერსებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
- მივდივარ, - თქვა მან და ზურგს უკან კარი გაიხურა.
გაგრძელება