ონლაინრომანი "შეხვედრა წარსულთან"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
იხილეთ პირველი ნაწილიმას შემდეგ წლების განმავლობაში არ მინახავს. არც არაფერი გამიგია მასზე. შემთხვევითაც არ გადავწყდომივარ.
პირველ ხანებში ძალიან ცუდად ვიყავი. დეპრესიამ შემიპყრო. არც სამსახური მინდოდა, არც კარიერა, არც მშობლები და არც არავინ ქვეყანაზე. უფასო შვებულება ავიღე და ორი კვირით მოსკოვში გავემგზავრე, ჩემს მშობლებსა და ბიძაშვილებს ვესტუმრე. ვიფიქრე, გულს გადავაყოლებ-მეთქი. არც ამან მიშველა. სანამ ჩემს თავს არ შევუძახე, გონს მოდი, ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოგიტანს-მეთქი, ვერაფერი გავაწყვე. მერე დავჯექი და გავაანალიზე, რა აზრი ჰქონდა ჩემს ასეთ განცდებს და უკვე გაფუჭებულ საქმეს რას ვუშველიდი ამდენი დარდითა და ვარამით. აღმოვაჩინე, რომ ვერც ვერაფერს. ჰოდა, ვიფიქრე, რაც არის, არის. ცხოვრება გრძელდება. არ მიმართლებს სიყვარულში? ნუ მიმართლებს, რაშიც მიმართლებს, იმას მაინც მივხედო-მეთქი და გავაგრძელე მუშაობა.
დავიცავი დისერტაცია, დავამუღამე ჩემი პროფესია და წლების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგის სახელიც გამივარდა. მერე ალიკა გარდაიცვალა, შუა ოპერაციის დროს ინფარქტმა გლიჯა და წამში გათავდა ამხელა კაცი. ძლივს მოვახერხე იმ ოპერაციის დასრულება. აბა, წარმოიდგინეთ, თან თავზარდაცემული კოლეგის უეცარი გარდაცვალება, თან საოპერაციო მაგიდაზე გაფატრული პაციენტი გიწევს. როგორია? რამდენიმე კვირა შოკში ვიყავი, მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი.
ახლა ყველაფერი რიგზეა. ახლა მე მყავს ასისტენტები და მე მეხმარებიან ახალბედა ქირურგები ოპერაციის ჩატარებაში. თბილისში ყველა მიცნობს და დაფასებული ექიმი ვარ. ამასთან, სხვა მხრივაც პერსპექტიული გახლავართ - უცოლო, მდიდარი, კარგი სახლ-კარით, მანქანით... ერთი სიტყვით, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი. ეგაა მხოლოდ, ვერავინ შეძლო ჩემი შებმა, ცოლქმრული უღელი არა და არ დავიდგი ქედზე.
ქალები კი, იცოცხლე, ბლომად ირევიან ჩემ გვერდით. ერთმანეთისგან განურჩევლად, ყველა მეპრანჭება: გათხოვილი თუ გასათხოვარი, ქვრივი თუ განათხოვარი, შინაბერა თუ ახალგაზრდა... ახლა ბევრად სიმპათიურად გამოვიყურები, ვიდრე ახალგაზრდობაში, ოღონდ ეგაა, უფრო მედიდური გავხდი. ასე რომ არა, ვინ იცის, უკვე მომჩანგლავდა რომელიმე ლამაზმანი.
ქალთან დამოკიდებულებაში დისტანციას აღარ ვარღვევ, შეყვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ისე მომეწონება, რომ გადავწყვეტ, მასთან სექსი აუცილებლად უნდა მქონდეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობას გავაბამ, მაგრამ თავიდანვე ვაგრძნობინებ, რომ სხვა რამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ერთგვარ ზეპირ კონტრაქტს ვაფორმებ ქალებთან - მე ასე და ასე მოვიქცევი, შენგან კი ამას და ამას ვითხოვ-მეთქი.
ეს საუცხოო მეთოდი გამოდგა. არც ურთიერთობა გრძელდება დიდხანს და არც უკმაყოფილო რჩება არავინ. დიდი, დიდი, ექვსი თვე ან წელიწადი გაგრძელდეს შეხვედრები, რადგან ყოველდღე ან ყოველკვირა კი არ ვხვდები ასეთებს, არამედ თვეში ან ორ-სამ თვეში ერთხელ. მრავალფეროვნება რომ მომენატრება, დავურეკავ ერთს. თუ სცალია, ხომ კარგი, შევხვდები და რომელიმე იაფფასიან სასტუმროში წავიყვან, ან ჩემთან სახლში დავიბარებ, თუ არ სცალია, მაშინ მეორეს, მესამეს შევეხმიანები და ასე...
ასე რომ, ქალი არ მაკლია. მაკლია სხვა რამე - სიყვარული და ოჯახური სითბო. ახალგაზრდა აღარ ვარ, მომერია ასაკი, ამიტომ იმის გაფიქრებაც კი მიჭირს, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. რა დროს ეგ არის. არც ვნანობ. დიდად არასდროს მქონია სურვილი, შვილები მყოლოდა. არ ვიცი, რისი ბრალია. შეიძლება იმისი, რომ მეც დედისერთა ვარ და ცოცხალი თავით არასდროს მინდოდა, და ან ძმა მყოლოდა.
ბავშვები მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ სხვების და არა ჩემი. ახლა ვერც წარმომიდგენია, მე რომ შვილი მყავდეს... რა ვიცი, იქნებ კარგიცაა, ვიღაც მამას რომ დაგიძახებს, თუმცა ამაზე თავის დროზე უნდა მეფიქრა. ახლა ზედმეტად დაგვიანებული მგონია. 56 წლის კაცმა ახლა რომ შვილზე ვიფიქრო, როდისღა მომესწრება? ან მას რაში გამოადგება მიხრწნილი მამა, როცა 19 წლის გახდება? აქეთ ვეყოლები საპატრონო. არა, არ მინდა. შეიძლება ვნანობ კიდევაც და ჩემს თავს არ ვუტყდები, ასე ეულად რომ დავრჩი, მაგრამ ახლა სინანულიც დაგვიანებულია.
აი, ეს ამბავი გახლდათ ჩემი ცხოვრების პრელუდია და რომ არ მომეყოლა, ინტერლუდიას აზრი არ ექნებოდა. რადგან ნანაზე ასე თუ ისე მოგაწოდეთ ცნობები, იმასაც გეტყვით, რომ ამ დღეებში სრულიად შემთხვევით გადავეყარე. ეს კი სულ რაღაც ექვსიოდე დღის წინ მოხდა.
იმ დღეს მაგრად წვიმდა. სამსახურიდან გამოსულს ქუჩაში ისეთი საცობი დამხვდა, მეგონა, სახლამდე ვერასდროს მივაღწევდი. ის იყო, სპორტის სასახლეს გავცდი, რომ ვიღაც ქალმა ხელი დამიქნია. ალბათ ყველას უქნევდა ხელს წვიმის გამო და სულერთი იყო, ვინ გაუჩერებდა. შემეცოდა. ვიფიქრე, განა სად უნდა ცხოვრობდეს ისეთ ადგილას, გაყვანა დამეზაროს-მეთქი და გავუჩერე.
- ვერაზე გამიყვანთ?
აუუ, ოღონდ ეგ არ ეთქვა... ჭირის დღესავით მეზარება ხოლმე პიკის საათებში ვერაზე გასვლა, ისეთი საცობებია. მაგრამ რადგან გავუჩერე, უარი არ გამოდიოდა.
უკან ჩაჯდა. კარგა ხანს ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ. სარკიდან შევათვალიერე. ლამაზი ქალი ჩანდა, მთლად ახალგაზრდაც არ იყო, მაგრამ კარგად შენახული. შავი ხვეული თმა კრაველის ჯიშის ცხვარივით დაეხუჭუჭებინა. უცნაური ის იყო, რომ ამ წვიმაში მზის სათვალე ეკეთა.
- რომელ ქუჩაზე? - გულგრილად ვკითხე, როგორც კი ჩაჯდა.
- კობის ქუჩა.
ყურები ვცქვიტე. სწორედ მაგ ქუჩაზე მქონდა ბებიის დანატოვარი ბინა, სადაც მე და ნანა ერთ დროს ერთმანეთს ვხვდებოდით. კიდევ ერთხელ შევხედე სარკიდან, მაგრამ არ მეცნო. მაგ ქუჩაზე ასეთი ქალი არასდროს მენახა, თუმცა, არც ისე ხშირად ვარ იქით, მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როცა მდგმური ბინის ქირისთვის დამიბარებდა, მაგრამ ბოლო წლებია, აღარ ვქირავებ და დაკეტილი მაქვს.
- დიდი ხანია, ვერაზე ცხოვრობთ? - გამოველაპარაკე.
- ცხრა წელია, თუმცა მანამდეც მაგ ქუჩაზე ვცხოვრობდი... სამი წელი, - თქვა და ჩემი სახლის ნომერი არ დაასახელა უცებ?
მოულოდნელობისგან დავამუხრუჭე. უცნაური ის იყო, რომ ეზოში მხოლოდ ჩემი ბინა იყო, სხვა არავინ ცხოვრობდა. ვიფიქრე, ჩემი მდგმური ხომ არ იყო-მეთქი და ინსტინქტურად ვკითხე:
- მდგმურად?
- არა. ქმართან ერთად. მერე გავეყარე.
აი, ხათაბალა! რაღაცას იტყუება ეგ ქალი!
- მაგ ნომერში მე ვცხოვრობ წლებია, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართ, - ვუთხარი და დაჟინებით დავაკვირდი სახეზე.
უეცრად სწრაფად ასწია თავი, სათვალე მოიხსნა და სარკეში გაოცებული მზერა შემომაფეთა. ოჰ, ეს მზერა... დაუვიწყარი, გაუხუნარი... ოჰ, ეს თვალები...
- ანდრია, შენ ხარ? - ხმადაბლა იკითხა.
- ნანა? - მეც შევაგებე შეკითხვა.
- ღმერთო ჩემო! - სასოწარკვეთილი ხმით აღმოხდა.
მსწრაფლ გავაჩერე მანქანა.
- წინ გადმოჯექი! - ვთხოვე და ვიგრძენი, როგორ ამიტყდა კანკალი...
მუნჯებივით ვისხედით და ერთმანეთს ვათვალიერებდით.
- ვერ გიცანი, როგორ შეცვლილხარ, - როგორც იქნა, ამოვთქვი.
- მეც ვერ გიცანი, შენც შეცვლილხარ, - გაიღიმა.
- თმა სხვა ფერი გაქვს, თანაც დახვეული...
- ჰო, ასე უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. შენ კიდევ ჭაღარა შეგპარვია. შეგპარვია კი არა, მოგრევია, - გადაიკისკისა.
- სად ხარ, რას საქმიანობ? მართლა ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობ?
- კი, მანდ ვცხოვრობ. ათი წლის წინ მიყიდა ჩემმა ქმარმა ეგ ბინა. ძალიან მინდოდა, სადმე მანდ მეცხოვრა, ჩვენი შეხვედრების ადგილთან ახლოს. არ დაგიმალავ და იმის იმედიც მქონდა, რომ ოდესმე შეგხვდებოდი. მაგრამ არც მიფიქრია, თუ ვერ გიცნობდი.
- ესე იგი, გათხოვილი ხარ?
- ვიყავი. მერე დავქვრივდი. ახლა ისევ მარტო ვარ.
- შვილები?
- ერთი გოგო მყავს. მზეთუნახავი... შენ?
- მეც ისევ ისე, როგორც ვიყავი. ვცხოვრობ მარტო - არა ცოლი, არა შვილი. მარტოხელა მგლურ ცხოვრებას ვეწევი. სად მუშაობ?
- არც არსად. ჩემი გოგო მარჩენს და მეც რაღაცებს ვჩალიჩობ. თუ დრო გაქვს და არ დაიზარებ, გამომიარე, ჩემს შვილსაც გაგაცნობ, ყავა დავლიოთ, წარსული გავიხსენოთ...
ისე შეფუთა ეს შეთავაზებები, რომ უარი არ მეთქვა. ისედაც არ ვეტყოდი უარს, რადგან ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, ძალიანაც ავფორიაქდი და სიამოვნებით ვესტუმრებოდი შინაც, მით უფრო, რომ ქმარი არ ჰყოლია.
ერთი სიტყვით, მოვილაპარაკეთ, რომ წინასწარ დავურეკავდი და შეხვედრაზე შევთანხმდებოდით...
და აი, დადგა ჩვენი ხელახალი შეხვედრის საათი. იმაზე მეტად ვნერვიულობდი, ვიდრე უნდა მენერვიულა, რადგან ეს დღეები სულ ვამუნათებდი ჩემს თავს, ემოციებს არ აჰყვე და სისუსტე არ გამოიჩინო-მეთქი. თუმცა, ვის შეეძლო ეთქვა, რა დოზით უნდა მენერვიულა? ან ნეტავ რა მანერვიულებდა? მიყვარდა? ალბათ აღარ. ან შეიძლება, დაკონსერვებული იყო ის სიყვარული და ოდნავი შენჯღრევაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელახლა ამოეხეთქა? არა მგონია, მთლად ეგეთი გამოთაყვანებულიც არ ვიყავი. იქნებ მასთან სექსი მენატრებოდა? არა, არც ეგ იყო. ერთი სიტყვით, თვითონაც არ ვიცოდი, რამ გამოიწვია ასეთი ანერვიულება. უბრალოდ, ვნერვიულობდი და მორჩა.
ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დავურეკე და მოვიკითხე. მერე ვკითხე, ხომ არ შევხვდეთ-მეთქი. აუცილებლადო, მითხრა და თავისთან დამპატიჟა. ხვალ საღამოს გელოდებით, ჩემი გოგოც შინ იქნება და ბარემ ერთმანეთს გაიცნობთო.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით.
იმ ღამეს მთლად ამოვვარდი კალაპოტიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ დილით არ მივარჯიშია, გარდა ამისა, ჩვეულებრივი რიტუალი, კიბეზე სამ-სამ საფეხურს რომ ვახტებოდი, გამოვტოვე. ისე უცებ გავზარმაცდი ერთ ღამეში, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. რაღაცნაირად ვიყავი - აბობოქრებულ ზღვასავით, ნაპირს რომ აწყდება ვეებერთელა ტალღებით. ძილის წინ, ჩვეულებრივ შევისრუტე მთვარის სურნელი, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვიგრძენი.
ვერც დავიძინე ნორმალურად. ყოველ ერთ საათში მეღვიძებოდა. ასე რამ გამასულელა ამხელა კაცი? თან მეცინებოდა ჩემს თავზე, თან მიკვირდა. დილით ჩვეულებას არ ვუღალატე, აივანზე დავჯექი და სახე მზეს მივუშვირე, რათა მისი სხივები დამეყნოსა. მაგრამ იმ დილით მზეს სურნელი არ მოჰყოლია...
ის იყო, სააბაზანოდან გამოვედი, რომ ჭიშკრის მიჯახუნების ხმა გაისმა. მივხვდი, ევა ბრუნდებოდა ღამის სმენიდან. ვიფიქრე, ყავაზე დავპატიჟებ, თან დროს ცოტათი მაინც შევამცირებ საღამომდე-მეთქი. პირსახოცის ხალათი მჭიდროდ შემოვიხვიე, ქამარი გადავიჭირე და ფანჯარაში თავი გავყავი.
- ევა!
მეორე დაძახება არ დამჭირვებია, ლამაზმა ევამ მაშინვე ამომხედა.
- ყავაზე გეპატიჟები! - თავი მეორე სართულისკენ ავიქნიე.
- ხუთ წუთში ამოვალ! - ხელი დამიქნია და ისევ მიიმალა.
სანამ ჩემი სექსუალური მდგმური ამოვიდოდა, ყავა მოვადუღე, შოკოლადის ფილა დავამტვრიე და მაგიდაზე პაციენტის მოტანილი ხილიც შემოვდე.
- უჰ, კარგი არომატი დგას! გცოდნია ყავის მოდუღება, - ევა ხელების ფშვნეტით შემოვიდა.
- არა მარტო ყავის მოდუღება. სხვა ბევრი რამეც კარგად გამომდის, - ორაზროვნად მივუგე და ეშმაკური გამომეტყველებით გავხედე.
- სხვა რამე კარგად კი არა, ძალიან მაგრად უნდა გამოგდიოდეს, - არ დამრჩა ვალში, - თუ არადა, მშვიდობით, კაცობავ! ქალების ნდობას ეგრევე დაკარგავ.
- ოხ, რა ხართ ეს ქალები! სიტყვას ხომ ვერ იტყვი, საშინელება რომ არ დააყოლონ.
- მე რა, შენ თვითონ წამოიწყე და... - გულიანად ჩაიხითხითა.
- ბევრი გყოლია ჩემი ასაკის? - ცალი წარბი ავწიე და იდუმალი სახე მივიღე.
- ნუუუ... იმდენი, რომ საჭირო დასკვნა გამომეტანა, - თვითონაც იდუმალი სახე მიიღო და ვითომ საიდუმლო მიჩურჩულა.
ორივეს გაგვეცინა.
- მაგარი გოგო ხარ. როგორც წესი, შენი ასაკის ქალები პირად ცხოვრებაზე ასე თამამად არასდროს ლაპარაკობენ. შენ კი ზედმეტად გულახდილი ხარ.
- დასამალი რა მაქვს? შენს ცოლობას კი არ ვაპირებ, - მხრები აიჩეჩა და შოკოლადის ნატეხი პირისკენ გააქანა. - რაღაც სხვანაირ ხასიათზე ხარ, მოხდა რამე?
- რაში შემატყვე, რომ სხვანაირ ხასიათზე ვარ?
- რა ვიცი, დაბოლილს ჰგავხარ. თვალები ამღვრეული გაქვს და ჩაწითლებული, თითქოს არ გიძინია... ბახუსის ამბავია?
- არა. არ დამილევია, მაგრამ დალევის გარეშეც შარში ვარ, - რატომღაც, გადავწყვიტე, მისთვის გული გადამეშალა.
- აბა, მოყევი, რა ხდება. - ყავის ფინჯანი დადგა, ხელები ერთმანეთში გადახლართა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
ოჰ, რა ლამაზი თვალები აქვს ამ მაიმუნს და როგორი მაცდური გამოხედვა. ნამდვილი ევაა, ვერაფერს იტყვი!
- ამ საღამოს ჩემს პირველ სიყვარულს ვხვდები.
- ვაუ! სად შემიძლია ამდენი! - ხალისიანად შესძახა, - სად იპოვე?
- შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ამას წინათ. დღეს პაემანზე მივდივარ და რაღაც ვერა ვარ მთლად მშვიდად.
- სტოპ! ეგ რას ნიშნავს? ღელავ?
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- აბა, დაგვრხევია და ეგაა. რატომ, ისევ გიყვარს?
- არააა.
- აბა? მოგწონს?
- არც ვიცი, რა ვთქვა. ისეთი აღარაა, წლების წინ რომ იყო, მაგრამ არც ახლაა ცუდ ფორმაში. მოწონებით ყოველთვის მომწონდა.
- იცი ეგ რა არის? მხოლოდ ნოსტალგია იმ წარსული წლების და მეტი არაფერი. აი, ნახავ. შეხვდები და ეგრევე დამშვიდდები.
- ვითომ? ესე იგი, არაფერი მემუქრება?
- არა, არ გემუქრება. თუ გინდა, დაგენაძლევები.
- არა, რად მინდა.
- მართალი ხარ, ნაძლევი არ გვინდა, თორემ ასე რომც არ მოხდეს, რატომ მეტყვი სიმართლეს, რა, შენი ნებით ხომ არ წააგებ? - თქვა და სიცილი ატეხა.
- ჰო, ისე ეგეც მართალია. რა დამიშლის, რომ მოგატყუო? რას გაიგებ?
- ჰოდა, აღარ გენაძლევები. მე კიდევ საშინელ "პახმელიაზე" ვარ. წუხელ სამსახურში დავლიეთ და თავი მისკდება.
- ლუდი მაქვს, ხომ არ გინდა?
- აუ, მინდა. არაყიც გექნება შენ.
- არაყიც მაქვს, კონიაკიც, ვისკიც და რა ვიცი, ასნაირი სხვა სასმელიც. თქვენ მხოლოდ ინებეთ!
- ცოტა არაყი და ცოტა ლუდი. ეგ ვიცი, რომ აუცილებლად გამომიყვანს.
მოვუტანე და დავუსხი ერთიც და მეორეც. ჯერ არაყი დალია, მერე ლუდი მიაყოლა.
- შენ არ გინდა? - დაჯღანული სახით შემომხედა, მუშტი პირზე მიიდო. სიცილი ვერ შევიკავე.
- რა იყო, რუს ალკაშს ვგავარ? - მიმიხვდა.
- დაახლოებით.
- ბოლო დროს ხშირად მიწევს დალევა და ნერვები მეშლება, უარს რომ ვერ ვამბობ. მერე კიდევ ისეთ რამეებს ვაკეთებ სიმთვრალეში, მეორე დღეს რომ მიყვებიან, არ მჯერა, ნუთუ ასეთი რამე მე ჩავიდინე-მეთქი, - ისევ ჩაიხითხითა, - აუ, როგორ შემახურააა! წამოვიდა და წამოვიდა!
- ჰოდა, ჩაწექი ახლა და დაიძინე. ძილში უფრო გამოხვალ.
- კი, ეგრე ვაკეთებ ყოველთვის. ძილი მაგრად მშველის, ძილი და სექსი.
ყურები ვცქვიტე, მე ხომ არ ჩამიკრა-მეთქი და ჩასაფრებული მზერა მივაპყარი.
- არა, არა, მაგიტომ კი არ ვთქვი, რომ რამეს გთხოვ, - ღიმილით გააქნია თავი, - ზოგადად ვახსენე. ახლა შენთვის ეგ მავნებელია. საღამოს ისედაც მოგელის და დასვენებული უნდა იყო.
- არაფერიც არ მომელის. შენ რა გგონია, ვნახავ და მაშინვე მივახტები?
- აბა რა! მონატრება სანამ ცხელია, მანამ უნდა გასინჯო! - გაიხუმრა და ლუდის ბოთლი მოიყუდა.
- ვნახოთ, რა მოხდება.
- მომიყვები, რო?
გამეღიმა. არა, მოყოლას ნამდვილად არ ვაპირებდი. ჭორაობა არ მჩვევია. მართალია, ამბობენ, კაცებს ქალებზე მეტად უყვართ ჭორაობაო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო.
- არა, არ მოგიყვები, - თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი, ისეთი სახე მივიღე.
- ამიტომ ხარ მაგარი კაცი! - წამოიძახა უეცრად ევამ, წამოხტა, ხელი მომხვია და პირდაპირ ტუჩებში მეძგერა.
ვახ! როგორი ცხელი ტუჩები ჰქონდა!
რატომღაც, უხერხულობის განცდა დამეუფლა. ეტყობოდა, რომ თავისუფალი გოგო იყო და ასეთ რამეებზე უკან არ დაიხევდა, მაგრამ მაინც რაღაცამ შემბორკა, საპასუხო სვლა ვერ გავაკეთე.
- კარგი, წავედი ახლა მე, უნდა გამოვიძინო, ანდრია ექიმო! - საჩვენებელი თითი მკერდზე მატაკა, - შენ კიდევ მიდი, ფორმაში ჩადექი, საკაიფოდ გამოეწყვე და პაემანზე გაეშურე. მერე რომ გნახავ, ჩემითაც მივხვდები, საღამომ როგორ ჩაიარა. აბა ჰე! - თითებით საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და კიბეზე დაეშვა.
ევასთან მუსაიფმა და მსუბუქმა წახემსებამ მიშველა. გუნება ისე გამომიკეთდა, რომ ღიღინიც კი დავიწყე. მეც რომ დამელია ერთი-ორი ჭიქა, სიამოვნებით დავცხებდი ახლა ერთ კარგ სიმღერას, ევას კი გიჟი ვეგონებოდი. არა უშავს, სხვა დროს რომ დავსხდებით მე და ჩემი მდგმური ლუდზე საქეიფოდ, მაშინ ვაჩვენებ კლასს. იმისთვის, რომ ავმღერდე, ცოტა გადაკრულში უნდა ვიყო, სხვანაირად გულიანად ვერ ვმღერი.
გაგრძელება