ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიშინ ტაქსით დავბრუნდი. ისე წამოვედი, მამიდას არ გამოვუცილებივარ. ისე მომექცა, თითქოს მე ვყოფილიყავი ამ ყველაფერში დამნაშავე. ვერ გავიგე, რა ეწყინა ან რა არ მოეწონა. თუმცა, რა არ მოეწონა, ამის მიხვედრა არ იყო ძნელი. მეც არ მომწონდა, რომ დღეიდან სხვის შვილზე ზრუნვა მომიწევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უმწეო ადამიანს, რომელსაც ჩემი იმედი ჰქონდა, ხელს ვერ ვკრავდი, ვერ გავწირავდი.
გზად ფიქრიას დავურეკე, რამდენიმე დღით ჩემთან გადმოსახლდი, ძალიან მჭირდები-მეთქი. მისი დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი. მარტოს რომელი ერთი საქმე მეკეთებინა? სხვა თუ არაფერი, მაღაზიაში მაინც ხომ მინდოდა გასვლა, რომ ოჯახის ახალი წევრისთვის საჭმელი ან თუნდაც, ტანსაცმელი მეყიდა? ასეთ ამინდებში კი ბავშვიანად გარეთ ვერ გავიდოდი.
ფიქრიამ უკვე იცოდა ახალი ამბავი. ნინოს დაურეკავს და მოუყოლია, ამიტომ მაშინვე დამთანხმდა და მითხრა, ერთ საათში შენთან გავჩნდებიო.
ნახევარ საათში მოქანდა. გაგიჟდა, გადაირია, ისე მოეწონა ბასასუნა ბიჭი.
- რა ტიპია, გავგიჟდი! როგორ აბრიალებს თვალებს! გილოცავ, ჩემო სიხარულო, აგიხდა, რასაც ნატრობდი, ხომ ხედავ? წინ დაგიხვდა შენი ყველა სიკეთე, - აქაქანდა ფიქრია.
სიცილით ჩავბჟირდი. მგონი, ჩემზე მეტად უხაროდა, რაც ჩემს თავს ხდებოდა.
- გოგო, ვისი უნდა იყოს, როგორ ფიქრობ? ეჭვად მაინც ვერ ხვდები? - საიდუმლოდ აჩურჩულდა ბოლოს, ბასას ფერებით გული რომ იჯერა.
- წარმოდგენა არ მაქვს, აბა რა გითხრა, - გავასავსავე ხელები.
- გოჩას ოინები ხომ არ არის? - თვალები მოწკურა და ისე გამომხედა.
ამის გაგონებაზე თვალზე ბინდი გადამეკრა. ამაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ, აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ.
- რა გოჩას ოინები, რას გულისხმობ? - გამომცდელი მზერა მივაპყარი.
- იქნებ ვინმესთან გააჩინა და მოგიყვანა, რა იცი? ხომ უნდა შერიგება? ჰოდა, ეს საუკეთესო გზაა მისთვის შენამდე მოსასვლელად. ცოტა ხანს გაცლის, შეგაჩვევს და რომ შეგიყვარდება და ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მოგეჩვენება, მერე გეტყვის სიმართლეს და შენც იძულებულს გაგხდის, შეურიგდე.
- რას ბოდიალობ, გაგიჟდი? - შემეშინდა მისი მოსაზრების, რადგან ძალიან ახლოს იდგა სიმართლესთან.
- რატომ? გამორიცხავ ასეთ რამეს?
- გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს. ვისთან უნდა გაეჩინა? იმ ქალს სწორედ იმის გამო დაშორდა, რომ მუცელი მოეშალა და...
- იმას მოეშალა, მაგრამ იქნებ სხვისგან ჰყავს? სულ არ გამიკვირდება, ასე რომ აღმოჩნდეს. შენი ქმარი დიდი ხანია, დაქრის ქალდაქალ! რომელ ერთთან "გაუვარდა ფიშტო", მის გარდა, არავინ იცის. იქნებ მასაც კართან დაუსვა რომელიმე ყოფილმა და მერე შენ შემოგტენა?
- ფიქრია, მოეშვი ასეთი საზიზღრობების ლაპარაკს, ძალიან გთხოვ. დიდი აბსურდია, რასაც შენ ამბობ.
- კაი, ბატონო, ხმას აღარ ამოვიღებ, მაგრამ...
- გაჩუმდი-მეთქი, გთხოვე! - ისე გავღიზიანდი, აღარ გავაგრძელებინე, - ამ ლაპარაკს ჯობია, დამეხმარო. აღარ ვიცი, საიდან დავიწყო. რა მჭირდება პირველ რიგში, რომელ ქვას შევუშვირო თავი, - მოვყევი წუწუნს.
- კარგი, დაწყნარდი, ერთი ღრმად ამოისუნთქე და შემომხედე... აი, ასე. ახლა მე მომისმინე. პირველ რიგში, საჭმელზე იზრუნე. პედიატრს იცნობ ვინმეს? დავურეკოთ, მოვიყვანოთ, ნახოს, გასინჯოს, რამე ხომ არ აწუხებს, არის თუ არა ჯანმრთელი...
პედიატრი! მართალი იყო ფიქრია, ახლა ყველაზე მეტად პედიატრი მჭირდებოდა.
- რა ჭკვიანი ხარ, ფიქრია, გენიოსა! ეკას დავურეკავ, საუკუთესო პედიატრია.
- ჰოდა, ძალიან კარგი. რამდენი თვისაა?
- მე რა ვიცი! იმ ჩემი ცოდვით სავსეს, წერილში ასაკიც დაეწერა, რა მოხდებოდა? სად ვიმკითხავო ახლა, რამდენი თვისაა? - სახე ხელებში ჩავრგე.
- კარგი, დამშვიდდი. მოდი, ასე მოვიქცეთ. მე ეკას დავურეკავ, ამასობაში შენ ჩადი და ფაფისთვის მასალა ამოიტანე. რომ მოშივდეს და უცებ ტირილი დაიწყოს, რა დააწყნარებს ამას მერე? მიდი, მიდი, ნუ მიყურებ ასეთი საწყალი თვალებით! ყველაფერი კარგად იქნება, მე და შენ ამისთანას სამს მოვუვლით, რას ჩამოგიყრია ყურები?
მისმა სიტყვებმა გამამხნევა. მართლა და მართლა, რა გახდა ერთი ჩვილის მოვლა? ბოლოს და ბოლოს, ჩემი რომ მყოლოდა, ხომ მომიწევდა იმავეს გაკეთება? დროა, საქმეს მივხედო.
საფულეს დავტაცე ხელი, პალტო მოვიცვი და აფთიაქში გავვარდი, იქ უკეთ გამარკვევდნენ, 4 თვის ბავშვი რით მეკვება, თან პამპერსებსაც ამოვაყოლებდი.
კვლავ გადაუღებლად წვიმდა. საშინელი ამინდი იდგა, მე კი მიხაროდა. სადარბაზოდან გასულმა აღმოვაჩინე, რომ ქოლგა დამრჩენოდა. არც ამას შევუშინებივარ. ხელები გავშალე და თვალდახუჭული წვიმას ჩავეხუტე. რამდენჯერმე დავტრალდი, წვიმასთან ჩახუტებულმა ცეკვა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ დღეიდან ხდებოდა ჩემი ცხოვრება ყველაზე ბუნდოვანი, მაინც მიხაროდა. იქნებ სწორედ ის მიხაროდა, რომ ბუნდოვანი ცხოვრება მელოდა? გაურკვევლობებით, მოულოდნელობებითა და სიძნელეებით სავსე?
როგორც იქნა, დავოკდი, აფთიაქში გადავირბინე და ნაცნობ გამყიდველებს გავესაუბრე. ისეთი ფაფები მომცეს, ზედმეტი ჯაფა რომ არ სჭირდებოდა. გახსნიდი თბილ წყალში, წამოადუღებდი და მორჩა, ბასას სადილი მზად იყო. იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით, ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიაც მეგულებოდა და იქაც გავიარე. რა სიძვირე დამხვდა! მაგრამ რას დავეძებდი? იქაც, გამყიდველის რჩევით, ორი ხელი ტანსაცმელი ვიყიდე, პერანგები და შარვლებიც მოვაყოლე და ნავაჭრით კმაყოფილი დავბრუნდი შინ.
ჯერჯერობით ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. ისე მოსაღამოვდა, ბასას არ შევუწუხებივართ. მე უკვე მოვნათლე პატარა, ბასიას და ბასუსას ვეძახდი. ფიქრია ხან ბასკას იტყოდა, ხანაც ბაცაცუნას. სახელების ვარიაციებზე ბევრს ვხალისობდით. საღამოხანს ეკაც გამოვიდა, პედიატრი. ის ნინოს მეგობარი იყო, ნინოს ბავშვებმა მის ხელში გამოიარეს. ნახა პატარა, მიათვალიერა, მოათვალიერა, გაატიტვლა, ხელში შეათამაშა და კმაყოფილმა დააქნია თავი, კაჟივით ბიჭიაო.
- რამდენი თვის იქნება? - ერთი სული მქონდა, სანამ ამას გავიგებდი.
- ალბათ ოთხის, ხომ ხედავ, ჯერ კბილს არ ამოუჭრია, არც შებერილი აქვს ღრძილები. სავარაუდოდ, ასეა. ვინ იცის, იქამდე იქნებ კიდევ გამოგიგზავნოს დედამისმა წერილი და უფრო მეტად გაგარკვიოს წვრილმან რამეებში. - შემომღიმა ეკამ.
- შენს პირს შაქარი. არა, ეს როგორ დაავიწყდა? - ვჯავრობდი.
ეკა რომ გავაცილეთ, მე და ფიქრიამ გემრიელად ვივახშმეთ. მერე იმაზე ვფიქრობდი, რაში ჩამეწვინა ბავშვი. მისი კუთვნილი კალათა კი მქონდა, მაგრამ რომ ეტირა, როგორ უნდა დამერწია?
თუმცა, მალევე მოვძებნეთ გამოსავალი. ფიქრიას გაახსენდა, რომ სარწეველა საწოლი ნინოს ჰქონდა, თავისი შვილების ნაქონი. მორჩა, ახლა უკვე ყველაფერი მქონდა მოგვარებული. მრჩებოდა მხოლოდ ერთი რამ და ყველაზე მთავარი - დათო! ვერ გადამეწყვიტა, მეთქვა თუ არა მისთვის, რაც მოხდა, თუ დროებით თავი შემეკავებინა? ეს ერთი. მეორე უფრო სათუო საქმე იყო - ფიქრია თუკი ჩემთან დარჩებოდა, როგორღა დავკონტაქტებოდი მას? ერთადერთი გზა რჩებოდა - ფიქრიას უნდა გავნდობოდი და მისთვის დათოს არსებობის შესახებ მეთქვა.
მეგობარი ყურადღებით მისმენდა. ხანდახან მეოცნებე მზერით გადმომხედავდა და ისე განიცდიდა ჩემს მონაყოლს, თითქოს მის თავს ხდებოდა ეს უცნაური ამბავი.
როცა ყველაფერი მოვუყევი, გავჩუმდი და მის რეაქციას დაველოდე.
- მდაა... საინტერესო თავგადასავალია, - მითხრა მან, - რა თქმა უნდა, ცოტა ხანში აუცილებლად გამოჩნდება და თუ ეს ის დათოა, რომელიც შენ გაიცანი, უკვე გამოჩენილა და ისაა, - დაასკვნა.
- ჰო, მაგრამ ჯერ ხომ არ ვიცი ეგ.
- ეგეც გაირკვევა. სანამ მოითმენს? ხომ იცი, კაცები როგორი სულსწრაფები არიან. ტყუილი კი არ არის გამოთქმა - კაცებს არ მოსწონთ სიყვარული სექსის გარეშე, ქალებს კი სექსი სიყვარულის გარეშე.
- არადა, რა ზუსტი ნათქვამია, არა? - ავკისკისდი.
- ბედნიერი ხარ მასთან? - უეცრად მკითხა ფიქრიამ.
შევხედე. ტანჯვა აღბეჭდვოდა სახეზე. სევდიანად გავუღიმე და ვუპასუხე:
- მასთან არ ვტირი.
- მე კიდევ, რაც გავიცანი, მას მერე ცრემლი არ შემშრობია თვალზე. იმ ერთი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, არც კი მეკონტაქტება. ცივად მომესალმება და მორჩა, დარეკვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
- შეეშინდა, როგორც ჩანს.
- არ ვიცი... ისე იქცევა, ვითომ ჩვენ შორის არასდროს არაფერი ყოფილა. მეც რა ვქნა, ხომ არ შევეხვეწები? არადა, დავიტანჯე, ძალიან ცუდად ვარ, ძალიან.
- დაივიწყე ეგ კაცი, გირჩევ.
- მირჩევ, მირჩევ! შენ სხვისთვის გაქვს ჭკუა და შენთვის? არ გეჩვენება, რომ ჩემზე უარეს დღეში ხარ? არც კი იცი, კაცზე ხარ შეყვარებული თუ ქალზე, იქნებ გაშაყირებს ვინმე?
- არა, ეგ გამორიცხულია.
- რატომ ვითომ?
- იმიტომ, რომ ჩვენი ნაცნობობა კარგა ხნის წინ დაიწყო, გუშინ დ გუშინწინ კი არა და არც ერთი არ ვფიქრობდით იმაზე, რომ აქამდე მივიდოდა საქმე. ეს სრულიად შემთხვევით გადაიზარდა სხვა ურთიერთობაში, დაუგეგმავად.
- ესე იგი, გოჩას არ შეურიგდები?
- არა, მასთან ყველაფერი დავამთავრე.
- არ გეცოდება მაინც?
- ვინ, გოჩა? რა სჭირს ჩემი შესაცოდი? ეს მე ვარ შესაცოდი, ის კი არა. განქორწინებულ მამაკაცს თავისუფალი კაცი ჰქვია, განქორწინებულ ქალს კი მარტოხელა. კიდევ ის უნდა მეცოდებოდეს? - ავიჯაგრე.
- ჰო, ასეთი სხვადასხვანაირები ვართ ქალები და კაცები, მაგრამ მაინც ვერ ვძლებთ ერთმანეთის გარეშე.
- ძალიან კარგადაც ვძლებ, საერთოდაც არ მახსენდება, - ნიშნის მოგებით მივუგე.
- კარგი, კარგი, ნუ მეჩხუბები. ის არ გახსენდება, მაგრამ სრულიად უცნობზე ჭკუა გეკეტება, ვერ ხედავ? მიდი, მიდი, მიუჯექი შენს კომპიუტერს, ბასკუნას მე მივხედავ, - მხარზე მომითათუნა ხელი და ადგა.
ცოტა კი მერიდებოდა მეგობრის, მაგრამ უკვე ვეღარ ვითმენდი, ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი ინტერნეტში, რათა ფოტოები მეპოვა და მზისფერი პლანეტის მოწყობას შევდგომოდი. ჩვენ ხომ შევთანხმდით...
***
მთელი საათი ვიმუშავე. ისეთი ლამაზი სურათები მოვძებნე, გული ამიჩქროლდა, მათი უმეტესი ნაწილი ზღაპრებიდან აღებული ნახატები იყო. რას არ ნახავდით აქ - კოშკებს, ბაღებს, მდინარეს, ზღვას, ნაკადულს, ცხოველებს, ფრინველებს, ყვავილებს, ქვიშიან სანაპიროს, მომღერალ თუ მოცინარ პრინცსა და პრინცესას... ფოტოები ჩქარ-ჩქარა ავტვირთე, მინდოდა, სანამ დათო შემოვიდოდა, პლანეტა გაშენებული დახვედროდა. ერთ ღამეში შეიქმნა პლანეტა - სამყაროში ყველაზე მზისფერი, ყველაზე თბილი და ნათელი მერილენდი, ანუ მერლანდია.
სუნთქვაშეკრული ველოდი, როდის შემოვიდოდა, როდის ნახავდა ამ ყველაფერს და რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამიმართლდა. იმ ღამეს არ შემოვიდა.
გული დამიმძიმდა. ისედაც საშინლად ემოციური დღე მქონდა, ახლა კი მისი არგამოჩენაც დაერთო ამას. პირველის ნახევრამდე დაველოდე, იქნებ ფეხი მოუცდეს-მეთქი და როცა აღარ გამოჩნდა, გამოვრთე კომპიუტერი.
ბასუსა ჭკვიანი ბიჭი აღმოჩნდა, უფრო სწორად, მშვიდი. ღამით ერთხელაც არ უტირია. იწვა თავისთვის და გემრიელად ეძინა. ფიქრიაც ჩემ გვერდით დაწვა, რამე რომ იყოს, აქვე ვიქნები და დაგეხმარებიო. გვეგონა, მტირალა ბავშვი იქნებოდა და ღამის თევა მოგვიწევდა ორივეს, მაგრამ შევცდით.
მთელი ღამე არ მიძინია. რული არ გამეკარა თვალზე. ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდ შარში გავყავი თავი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ყველაზე მეტად ამ ბავშვის წარმომავლობა მაინტერესებდა. ვის რაში დასჭირდა მისი თავიდან მოშორება? ან რატომ მე ამომირჩიეს მაინცდამაინც მის მომვლელად? რა გარანტია ჰქონდათ, რომ დავიტოვებდი? პრინციპში, პასუხი მარტივი იყო - თუ უარს ვიტყოდი ბასას აღზრდაზე, დედა ალბათ განგაშს ატეხდა, ბავშვი მომპარესო და ამ გზით უკან დაიბრუნებდა შვილს. მარტივად და უმტკივნეულოდ, მცირე სამსახიობო მონაცემების გამოყენებით. ქალს ყველაზე კარგად ეხერხება ატირება, თუ ეს საქმეს სჭირდება. ბევრჯერ მინახავს თეატრალურად აცრემლებული ქალი, ასეთები ბევრია ჩვენ ირგვლივ.
დილით თვალებდასივებული ავდექი. სარკეში რომ ჩავიხედე, შემეშინდა, ისე ვიყავი შეშუპებული. უძილობა სილამაზის ყველაზე დიდი მტერია, მე თუ მკითხავთ.
ბასიას ვაჭამე. ისე კრუტუნებდა ჭამის დროს, სიცილს ვერ ვიკავებდი. ამასობაში ფიქრიამაც გაიღვიძა და მობოდიშება დამიწყო:
- რა დამემართა, არ ვიცი, მკვდარივით მეძინა. ხომ არ უტირია?
- არა, შენსავით არც ბასასუნა გარხეულა, - გავიცინე, - შემთხვევით, შენი ხომ არ არის ეს ბალღი? - გავეხუმრე.
- ჩემია კი, როგორ არა! საუკუნეა, კაცთან არ ვყოფილვარ, - ტუჩი აიბზუა ფიქრიამ.
- მერე მაგას რა ჯობია? უფრო უსაფრთხოდ იქნებიან კაცები, შენგან თავდასხმა არ ემუქრებათ, - დავცინე მეგობარს.
- რა ბოროტი ხარ, მერი! - მუჯლუგუნი გამკრა ფიქრიამ და საძინებლიდან ზმორებით გავიდა.
ესეც ასე. ერთ დღეში დავამუღამე, როგორ ვაჭამო პატარას, პამპერსი როგორ გამოვუცვალო და როგორ დავაძინო. როგორც ჩანს, დედობის კარგი მონაცემები მაქვს, - მეცინებოდა ჩემს თავზე.
ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რომ შევეჩვევი ამ ღუღუნა ბასუსას და შვილივით შემიყვარდება, მერე როგორ დავუთმო სხვას? თუნდაც მის მშობელ დედას? ძაღლს და კატას ვერ ელევიან პატრონები და ბავშვს როგორ შეველიო? ამაზე ფიქრი გონებას მიღრღნიდა.
- მერი, შენ გეძინა? - ფიქრია შემობრუნდა, პიჟამა გაიხადა და ჩაცმას შეუდგა.
- არც ერთი წვეთი, მთელი ღამე თეთრად გავათენე, - თავი გავაქნიე და ბასა ხელში ავიყვანე., - როგორ აბრიალებს თვალებს, ერთი შეხედე!
- ძალიან საყვარელი ვიღაცაა, ნეტავ დედამისი რა ჭკუაზეა? როგორ ძლებს შვილის გარეშე, ვერ წარმომიდგენია.
- აბა რა ვიცი, - მხრები ავიჩეჩე და ბასასუნას ჩამოკიდებული ლოყები ხარბად დავუკოცნე.
რძის სურნელი ასდიოდა პატარას. ყოველთვის ვგიჟდებოდი ამ სურნელზე და მუდამ მშურდა იმ დედების, ვისაც ასეთი საყვარელი შვილები ჰყავდა.
- გინდა? მე ჩავიყვან დაბლა, პარკში გადავალთ, გავისეირნებთ, შენ კი წაუძინე ცოტა, ცოდო ხარ, - შემომთავაზა ფიქრიამ.
ურიგო აზრი არ იყო, ამიტომ უარი არ მითქვამს.
ყავა დავლიეთ, თითო ღერი მოვწიეთ და ბავშვი კარგად შევფუთნეთ, რომ არ შესცივებოდა.
როცა ორივე გავისტუმრე, წყალი გადავივლე და დასაწოლად მოვემზადე. სწორედ ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. გამიკვირდა. ვიფიქრე, ალბათ ფიქრიას რაღაც დარჩა და მობრუნდა-მეთქი.
ჩემდა გასაოცრად, ფიქრიას ნაცვლად გოჩა შემრჩა ხელში. კიდევ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, "ძვირფას შარვალ-კოსტუმში" იყო გამოწკეპილი, რაც მისი სტილი არასდროს ყოფილა. მით უმეტეს, ჰალსტუხი, თანაც, წითელი ფერის.
- შეიძლება? - აფორიაქებული მომეჩვენა, რაც სასტიკად არ მომეწონა.
- შეიძლება, შემოდი, - უხალისოდ მივუგე და გზა დავუთმე.
შემოვიდა და პირდაპირ ტახტისკენ აიღო გეზი, ფრთხილად დაჯდა, შარვლის ტოტები ოდნავ აიწია და ფეხი ფეხზე გადაიდო.
ირონიული ღიმილით მივაჩერდი.
- რა? - პიჯაკზე დაიხედა, - ჩემი კოსტიუმი არ მოგწონს?
- პირიქით, ძალიან მომწონს, - მის წინ სავარძელში ჩავჯექი და ხელები სახელურებზე დავაწყვე, - რა ხდება შენს თავს, ხომ მშვიდობაა? რაღაც ზედმეტად იმპოზანტურად გამოიყურები.
- საქმეზე მოვედი, - თითქოს უჭირდა საუბრის დაწყება.
გული ლამის გამიჩერდა. ახლა რომ ეთქვა, ბავშვი ჩემიაო, ალბათ კივილს მოვრთავდი.
- მერე? არ მეტყვი, როგორ "ჟღერს" ეგ შენი საქმე?
- ვიცი, ძალიან არ მოგეწონება, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ... - ხელების ფშვნეტას შეუდგა გოჩა.
- პირდაპირ მითხარი, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მგონი, უცხოები არ ვართ, - უხეშად შევაწყვეტინე.
- ცოლი მომყავს, - დამაჯახა მოულოდნელად.
არ ვიცი, ოდესმე გაფითრებულხართ? მე არასდროს. ბევრჯერ გავწითლებულვარ, ცივ ოფლსაც დაუსხამს, მაგრამ გაფითრება რა ხილი იყო, აქამდე არ ვიცოდი. ვიგრძენი, რაღაც სხვა, აქამდე განუცდელმა ტალღამ გადამიარა სახეზე და ეს ტალღა გაწითლების კი არა, გაფითრების იყო, რადგან ირგვლივ ყველაფერი გათეთრდა რამდენიმე წამის განმავლობაში.
არ ვიცი, რატომ იმოქმედა ჩემზე მისმა სიტყვებმა. აქამდეც ხომ ჰქონდა ცოლის შერთვის მცდელობა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მაგრამ მაშინ ასეთი რეაქცია არ მქონია. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფილი დავრჩი და განვრისხდი კიდეც, მაგრამ ასე უჩვეულოდ არ შევხვედრივარ მის გადაწყვეტილებას. ახლა კი რაღაც დამემართა. თვითონაც არ ვიცი - რა და რატომ.
მოულოდნელად ისე შემაკანკალა, ძაგძაგი დამაწყებინა. არადა, გათბობა მთელი ღამე ჩართული მქონდა და სულაც არ ციოდა ჩემთან.
- გცივა? - შეწუხებული სახით მკითხა.
- მარტოხელა ქალს ყოველთვის სცივა, მხოლოდ მაშინ დასცხება, როცა გვერდით სასურველი მამაკაცი ჰყავს, - ფილოსოფიურად მივუდექი ამ საკითხს.
- ეგრე თუ მივყვებით, გამოვა, რომ ქალისთვის ნორმალური ტემპერატურა არ არსებოს, - თავი უხერხულად იგრძნო ჩემმა ქმარყოფილმა და ფეხებს ადგილი მოუნაცვლა.
როგორ უცებ "მოტვინა", ერთი ამას უყურეთ! ამაზე არც მიფიქრია, მე ისე, უბრალოდ, ზოგადად აღვნიშნე ჩემი ადრინდელი და ახლანდელი მდგომარეობა.
- საქმეს დავუბრუნდეთ, - ხმა გავიმკაცრე, - ესე იგი, ცოლი მოგყავს. და ვის აბედნიერებ? იმ შენს ტურფას? შერიგდით? ისევ დაორსულდა, თუ შეგპირდა, დაქორწინების მერე ოქროსკულულებიან ბიჭუნას გაჩუქებო?
- ის არა, მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე. სხვას ვხვდები ახლა.
- როგორი მარჯვე ხარ, დროს უქმად არ კარგავ. - მწარედ ჩავიღიმე, - და მე რა უნდა ვქნა? დაგლოცოთ, თუ მეჯვარედ გამოგყვეთ? ჩემგან რა გინდა? - უფრო და უფრო ვიძაბებოდი და ვღიზიანდებოდი.
- განქორწინება. უფრო სწორად, მე შევიტან განცხადებას განქორწინების თაობაზე და მინდა ეს იცოდე, რომ მერე არ მითხრა, რატომ არ გამაფრთხილეო.
იმდენად შოკის მომგვრელი იყო მისი სიტყვები, ენა ჩამივარდა. როცა რამე არ მსიამოვნებს ან ვინმეს მოთმინებიდან გამოვყავარ, ყოველთვის ვცდილობ, ცხელ გულზე ჩხუბისგან თავი შევიკავო, რომ მერე სანანებელი არ გამიხდეს ჩემი საქციელი, ამიტომ მაშინვე არ ვუპასუხე.
ღრმად ამოვისუნთქე, მერე ჩავისუნთქე, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და ასე მივაჩერდი გოჩას, რომელიც გამომცდელი მზერით შემომცქეროდა.
სწორედ ეს მზერა არ მომეწონა. მომეჩვენა, რომ მცდიდა, მამოწმებდა, მიმიყვანდა თუ არა მისი ნათქვამი ისტერიკამდე. "აქ რაღაცაშია საქმე", - გავიფიქრე და შევეცადე, სიმშვიდე მაქსიმალურად შემენარჩუნებინა. ამისთვის ღიმილი იყო საუკეთესო საშუალება. ჰოდა, მეც გავიღიმე.
- დიდი მადლობა, რომ მითხარი. ფაქტის წინაშე მოულოდნელად რომ დავმდგარიყავი, ალბათ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, - კბილების კაწკაწით ვამბობდი თითოეულ სიტყვას, კანკალი ვერა და ვერ დავძლიე, - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, რა პრობლემაა. როცა გამომიძახებენ, მოვალ.
პასუხი არ გაუცია. დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა? - წინ გადმოიხარა, ხელები მუხლებზე დაიწყო და მაჯებს დაეყრდნო.
- რა არის აქ საყოყმანო? როცა ორ ადამიანს ერთად ცხოვრება არ სურს, თავისთავად განქორწინებას ნიშნავს.
- და შენ რატომ არ შეიტანე განცხადება?
- იმიტომ, რომ, შენგან განსხვავებით, მეორედ დაოჯახებას არ ვგეგმავ. ამიტომ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ფარატინა ქაღალდს, - ნიშნის მოგებით მივუგე.
- ესე იგი, არ ხარ წინააღმდეგი, ხომ? - უფრო ჩამეძია.
- არა, არ ვარ. თანახმა ვარ, ოფიციალურადაც გაგეყარო, რადგან შენთვის ეს ასე საშური საქმეა. ალბათ ბინაც უნდა დაგიცალოთ ახალშეუღლებულებს, არა? - ჩემთვის კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხე.
- არა, ამის საჭიროება არ არის. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელი ვიცხოვრეთ ერთად. შენც ხომ გეკუთვნის რაღაც. შენ რომ გგონია, მთლად ისეთი უნამუსოც არ ვარ.
- შენ რა იცი, მე რა მგონია? - ამწუთას მეზიზღებოდა.
- ვიცი, შენს თვალებში ვკითხულობ, იქ ისე ადვილად იკითხება ყველაფერი, შეიძლება, არც დაიჯერო.
ჩემდა უნებურად, მზერა ავარიდე და თვალები დავხარე.
- არა, ისე, შემიძლია, ბინაც დაგიცალო, თუ რამეა... ამას წინათ მყარად მოითხოვდი ამას და უეცრად შეცვალე გადაწყვეტილება. ამიტომაც შეგახსენე.
- ჰო, მაშინ ძალიან გავცხარდი და ვიცი, ზედმეტი წამომცდა. ახლა აზრი შევიცვალე, კარგ ხასიათხე ვარ და უფრო კეთილიც გავხდი.
ჩავიცინე.
- კეთილი კი არ გახდი, სიმართლეს ვერ გაურბიხარ, გოჩა, - როგორც იქნა, თავს მოვერიე და ხმას ავუმაღლე, - კარგად იცი, კანონიერებაზე თუ მიდგება საქმე, ეს ბინა ორად გაიყოფა. შენ შენსას მიიღებ, მე - ჩემსას. სამართლიანობა ჰქვია ამას, "კეთილად გახდომა" კი არა.
- თუ გინდა, ასე იყოს, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ერთმანეთს გავუგეთ და მოლაპარაკება მშვიდობიანად დამთავრდა.
- სხვას რას ელოდი? როდის გამიმართავს შენთვის სცენები?
- არც არასდროს, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ასე ადვილად არ დამთმობდი.
როგორ ცდიდა ჩემს მოთმინებას! ძლივს ვიკავებდი თავს, არ მეყვირა.
- შენ ხომ ადვილად შეძელი ჩემი დათმობა, მე რატომ უნდა გამჭირვებოდა? ხვეწნას შეჩვეული არ ვარ. ვისაც ჩემთან არ უნდა, კარგად იყოს, გზა ფართოა, თავისუფლად ამივლის გვერდს და გაივლის.
- არც შენ გიბრძოლია ჩვენი ოჯახის შესანარჩუნებლად, სხვათა შორის, - აქეთ დამდო ბრალი.
- მართალი ხარ, არ მიბრძოლია, რადგან ჩემთვის საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა არავის უსწავლებია. მე ყოველთვის იმას ვცდილობდი, ის ყოფილიყო ბედნიერი, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა.
- ესეც რომ არ გამოგივიდა? - დამცინავი გაუხდა კილო.
- რატომაც არა? ცოლი მოგყავს, შეყვარებული ხარ, უკვე მესამე ქალზე. ახალ ოჯახს ქმნი. არ მითხრა, რომ ბედნიერი არ ხარ. - ახლა მე გამიხდა ტონი დამცინავი, - და ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა. სწორედ იმის დამსახურება, რომ არ ვიბრძოლე შენს შესანარჩუნებლად, თორემ მოგიწევდა ჩემ გვერდით უსიყვარულოდ ცხოვრება.
- ტყუილია! მე შენ მიყვარდი. პატიებაც გთხოვე და შერიგებაც.
- არა, პატიება არ გითხოვია, მხოლოდ შერიგება მთხოვე, ისიც იმიტომ, რომ აქ, ამ სახლში გინდოდა ცხოვრება. აქაურობას ვერ ელეოდი. შენს ტელევიზორთან გინდოდა ჯდომა და ფეხბურთის მატჩების ყურება. ასე არ მითხარი?
თითები ერთმანეთში გადანასკვა, თავი ჩაღუნა და ქვემოდან ამომხედა.
- კარგი, კამათი ახლა უაზრობაა. ჯობია, წავიდე, სანამ გვიჩხუბია და აზრი შეგვიცვლია, - მერე უეცრად ასწია თავი, მიიხედ-მოიხედა და უცნაური გამომეტყველებით მკითხა:
- მარტო ხარ?
მეც მივიხედ-მოვიხედე, გამჭოლი მზერა ვესროლე და მივუგე:
- მგონი, კი.
- სულ მარტო? - არ მომეშვა.
- სულ მარტო, რა იყო, რამეში ეჭვი შეგეპარა? ვინ უნდა იყოს კიდევ, ვინმეს ელოდებოდი, რომ დაგხვდებოდა? - უფრო მიძლიერდებოდა ეჭვი, რომ ბავშვის შესახებ მან ყველაფერი იცოდა.
- არა, ისე გკითხე, რა ვიცი...
- თუ სათქმელი არაფერი გაქვს... - წინადადება არ დავამთავრე, ისე გავიხედე კარისკენ, რადგან იმის შიში მქონდა, ფიქრია არ მობრუნებულიყო ბავშვთან ერთად. არ მინდოდა, ბავშვი ენახა.
თუ ბასა მისი შვილი იყო, ჩემი ამ წუთებში მარტო ყოფნა საგონებელში ჩააგდებდა, რაც შემდეგი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობის წინაშე დააყენებდა. როგორმე ხომ უნდა გაერკვია, რა ვუქენი მის შვილს, რატომ არ იყო ჩემთან.
- მამიდაშენი როგორაა? - მკითხა და წამოდგა, ჰალსტუხი გაისწორა.
- ეგ წითელი ჰალსტუხი არ მომწონს, სხვა ფერი უფრო მოგიხდებოდა, - გამოვტოვე მისი შეკითხვა.
- შენ ხომ გიყვარს წითელი ფერი.
- შენ არ გიხდება! - ხაზგასმით გავიმეორე და სარკასტულად გავუღიმე.
თავი დააკანტურა და კარისკენ გაემართა.
- ეს შარვალი საცოლემ დაგიუთოვა? - დავაწიე გზაში.
- ჰო, - შემობრუნდა და გახალისებულმა მკითხა, - ხომ კარგადაა დაუთოებული?
- ალბათ.
- შენ ხომ საერთოდ არ იცი შარვლის დაუთოება, - მიკბინა.
- ვიცოდი, რომ არ დამჭირდებოდა, - მეც ვუკბინე.
პასუხი არ გაუცია. კართან მისული წამით შეყოვნდა და მძიმედ ამოთქვა:
- სასა ბებო ძალიან ცუდადაა, დღე-დღეზე მოკვდება. ამიტომ ვჩქარობ. უკვე ვეღარავის ცნობს, საბოლოოდ ჩავარდა ლოგინად.
სასას გახსენებაზე ცრემლი მომადგა. საოცრად კარგი ქალი იყო, თბილი და ტკბილი მოხუცი და მე ძალიან ვუყვარდი.
რა უნდა მეთქვა. ცრემლი და ბოღმა მახრჩობდა, ამიტომაც ისე გავაცილე ჩემი ყოფილი ქმარი, ხმა არ გამიცია.
ისედაც არ ვიყავი კარგ ხასიათზე და გოჩას ვიზიტმა უარესად გამიფუჭა გუნება. ვიცოდი, დაძინებას ვეღარ მოვახერხებდი. გულის გადასაყოლებლად კომპიუტერს მივუჯექი, იქნებ დათოსგან ყოფილიყო შეტყობინება, მაგრამ აქაც გამიცრუვდა იმედი. დათო დილითაც არ შემოსულა.
გაჯავრებულმა გამოვრთე კომპიუტერი და სამზარეულოს მივაშურე, რომ სადილის თადარიგი მაინც დამეჭირა...
ჩემი ინკოგნიტო თაყვანისმცემელი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ახლოსაც არ გამკარებია. ამაზე ძალიან ვინერვიულე. ვერ ვხვდებოდი, რატომ მომექცა ასე. ერთი ამოსუნთქვით გადავიკითხე ჩვენი ბოლო მიმოწერა, რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი, მაგრამ საგანგაშო ვერაფერი აღმოვაჩინე. ამასთან, სხვა მხრივაც დამემატა საფიქრალი. გაფაციცებით ველოდი, რა მოხდებოდა იმ დღეებში, საიდან მომივიდოდა ცნობა ბავშვის შესახებ - პოლიციაში დამიბარებდნენ, თუ ვინმე უცნობი მომადგებოდა კარს ბასას დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.
ჩემმა ვარაუდმა არ გაამართლა. თუ ეს ბავშვი გოჩას ოინები იყო, სადღაც რაღაცაში ხომ უნდა ეჩინა თავი? რას ელოდებოდა? იქნებ შორიდან მზვერავდა და ყველაფერს ხედავდა? იქნებ იცოდა, რომ ბასა ჩემთან იყო და თავი ქუდში ჰქონდა? ვერაფერს გამოვრიცხავდი. ვერც ვერაფერს მოვიმოქმედებდი, მოვლენების შემდგომ განვითარებას მოთმინებით უნდა დავლოდებოდი.
ფიქრია გვერდიდან არ მშორდებოდა. ყველაფერში მეხმარებოდა. მეორე საღამოს დავბანეთ პატარა. ერთი უნდა გენახათ, რა გაჭირვებით გავაკეთეთ ეს. ორივესთვის უჩვეულო იყო ბავშვის მოვლა, ამიტომ ძალიან გავწვალდით. არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეკავებინა ხელში, ბასუსა კი ჭყლოპინით იქნევდა ფეხებს და ისე გაგვწუწა ორივე, ტანსაცმლის გამოცვლამ მოგვიწია.
გაგრძელება