"ბავშვი გადაარჩინეს, დედა - ვერა. ორი თვე იყო აპარატზე შეერთებული. გამწარებულმა სიდედრმა ბავშვი გამომიგზავნა, შენ თვითონ მოუარეო" - მშობლები

"ბავშვი გადაარჩინეს, დედა - ვერა. ორი თვე იყო აპარატზე შეერთებული. გამწარებულმა სიდედრმა ბავშვი გამომიგზავნა, შენ თვითონ მოუარეო"

2022-10-12 19:15:40+04:00


ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი


ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა. არავის დაურეკავს. არადა, ყოველ წამს ველოდი უცნობი ქალის ზარს. საშინელ ხასიათზე ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. ადგილს ვერ ვპოულობდი, უარესად ჩავიკეტე საკუთარ ნაჭუჭში. დათოსთანაც ვეღარ ვკონტაქტობდი ძველებურად. მასთანაც სევდიანი საუბარი გამომდიოდა. ხანდახან ვეღარც ვლაპარაკობდით, თითქოს სასაუბრო გამოგველია, მხოლოდ სმაილებს თუ გავუგზავნიდით ერთმანეთს და ეგ იყო. მერე სამი დღით დაიკარგა, აღარ გამოჩენილა. ჩემს უხასიათობას დავაბრალე, ალბათ თავი მოვაბეზრე ამდენი წუწუნით-მეთქი.
სასოწარკვეთილი დავდიოდი. ვხვდებოდი, რომ ბასას სახით მეორე ძვირფას ვიღაცას ვკარგავდი. დანაკარგი ადამიანს ყოველთვის ამუხრუჭებს და წინ წაწევაში ხელს უშლის. რაღაც პერიოდის განმავლობაში ცხოვრება უინტერესო და სულერთი ხდება და ყველაფრის მიმართ კარგავ ინტერესს. ეს არაერთხელ გამოვცადე ჩემს თავზე. თანდათან უფრო და უფრო ღრმა დეპრესია მიპყრობდა. სევდის ნაოჭები უფრო მკვეთრი გამიხდა. ტუჩის კუთხეებში მიმალულ ნაოჭებს ვეძახი სევდის ნაოჭებს. მე კი არა, ალბათ ყველა ასე ეძახის. შინიდან არ გავდიოდი, აღარ ვლაპარაკობდი, გარესამყაროსთან, ფაქტობრივად, კონტაქტი გავწყვიტე. არადა, უცნობი ქალიც მეცოდებოდა. ის ხომ დედა იყო, რომელსაც შვილს ართმევდნენ? ამის გამო ხანდახან სინდისის ქენჯნა ჩამინისკარტებდა ხოლმე გულში მწარედ, მაგრამ მეორე წუთს კვლავ აგრესია მეუფლებოდა მის მიმართ. ასეთ პაწაწინას როგორ შეელია? ამისთანა ქალს დედა ჰქვია?
ბასას ხელიდან არ ვუშვებდი, ფიქრიასაც კი არ ვატანდი სასეირნოდ, ქუჩაში არ დახვდნენ და ხელიდან არ წაართვან-მეთქი.
მეც იშვიათად გამყავდა ეზოში. ძირითადად, აივანზე გასვლით ვკმაყოფილდებოდი, ან დილაუთენია, სანამ ინათებდა, მაშინ ჩამყავდა და ნახევრად მძინარე ბავშვს ვასეირნებდი. მანიაკური შიში დამეუფლა. ასე თუ გაგრძელდებოდა, ალბათ ფსიქიატრიული არ ამცდებოდა.
ამასობაში სექტემბერიც დადგა და, ჩემი დაბადების დღეც მოახლოვდა. მოახლოვდა რა, ამაღამ მოვა, შუაღამის მერე.
ჩემი მეგობრები წინასწარ გავაფრთხილე, არაფერს ვაპირებ და არავინ მოხვიდეთ-მეთქი. ქეიფის და დროსტარების სურვილი არ მქონდა. მარტო მინდოდა ყოფნა. ფიქრიაც მიხვდა ამას და გამერიდა. იშვიათად თუ შემომივლიდა ან დამირეკავდა.
საღამოხანს გავბედე და ბასა ეზოში ჩავიყვანე, თან შეშინებული ვიხედებოდი აქეთ-იქით. მეშინოდა, უცებ ვინმე არ მეცეს და ბავშვი არ წამართვას-მეთქი. ბასა მიძალიანდებოდა, ხელი გამიშვი, ჩემით უნდა გავიაროო. კარგა ხანს ვაბაჯბაჯე, სანამ გვარიანად არ დაიღალა. მერე ამოვიყვანე სახლში, ვაჭამე და დავაძინე, თან ვუმღეროდი. ისიც ჩემთან ერთად ღიღინებდა, სულ ააა-ს გაიძახოდა, სანამ ძილმა არ წაართვა თავი. ლოყები უღაჟღაჟებდა. ისეთი საყვარელი იყო, მინდოდა, ჩამეკბიჩა მისი ბურთივით მრგვალი ლოყები.
შემდეგ სახლი მივალაგე, მოვალაგე და როცა ყველა საქმეს მოვრჩი, ინტერნეტში შევედი, დათო მომენატრა. იქ მესიჯი დამხვდა, კარავში შემოდიო. სასწრაფოდ ჩავრთე სკაიპი. ზუსტად ერთსა და იმავე წამს მივწერეთ ერთმანეთს.
- ერთდროულად შემოვედით, - გავუცინე.
- ჰო. ნეტავ რაშია საქმე?
- რაშია და... მომენატრე, - გავუშიფრე.
- მეც. მერიკ! გილოცავ დაბადების დღეს! ეს წაიღე! - და ფაილები გამოუშვა.
უმრავი რამ გამომიგზავნა - სიმღერები, მონიტორზე დასაყენებელი გირლიანდები, მოციმციმე ხეები, მოხტუნავე მაიმუნები, დათუნიები...
სიხარულისგან გავგიჟდი. თითქოს ერთბაშად მომეხსნა დეპრესია.
- შენ ჩემი შვება ხარ, ვეეეეებერთელა შვება, - მივწერე. - რა ბედნიერებაა, რომ არსებობ. უფრო დიდი ბედნიერებაა, მე რომ გიცნობ და ორმაგი ბედნიერება - მე რომ მახარებ. ხედავ, რა გამოვიდა? ბედნიერება მეოთხე ხარისხში. ახლა რომ მივყვე, 69-ე ხარისხამდე ავალ, ამიტომ აღარ გავაგრძელებ.
- ეგ გავიფიქრე მეც, - მომწერა და უცებ ჩემი საყვარელი სმაილი გამოგზავნა - მორცხვი ბიჭუნა, რომელიც ქოჩორს ისწორებს. ეს რიტუალის დაწყების ნიშანი იყო. ვიცოდი, ამას შემდეგ აუცილებლად კოცნა ან ჩახუტების სმაილები მოყვებოდა. შემდეგ კი, ბოლოს, დამორცხვების ნიშნად, თვალებზე ხელაფარებული სმაილი დააგვირგვინებდა ამ საყვარელ რიტუალს. ვგიჟდებოდი ამ პროცესზე. ისე ოსტატურად ხატავდა სმაილებს ერთმანეთის მიყოლებით, გული მიჩქარდებოდა ხოლმე.
- იცი? შენს სახელს რომ ვამბობ, მეღიმება რატომღაც, - სიტყვები მოაყოლა სმაილებს.
- რატომ?
- რა ვიცი, მიხარია ალბათ.
- ახლა მე უნდა მნახო, როგორ მიხარია და მეღიმება. 
ასეთი სასიამოვნო დაბადების დღე არასდროს მქონია. ბედნიერების მეცხრე ტალღამ მეცხრე ცაზე ამისროლა...

იმ ღამეს მკვდარივით დამეძინა. როგორც ჩანს, სასიამოვნო საღამომ დაძაბულობა მომიხსნა, ყველა ტკივილი და დარდი დამავიწყა და ჩემს ნერვულ სისტემაზე დადებითად აისახა.
დილით კაკუნის ხმამ გამომაღვიძა. ძლივს გავახილე თვალები. კაკუნი ზარმა შეცვალა. ცოტა არ იყოს, შიშმა შემიპყრო. ბოლო დროს ხომ სულ ბასას დედის მოლოდინში ვიყავი. როგორც იქნა, მივაღწიე კარამდე და სათვალთვალოში გავიხედე. ორი თეთრხალათიანი დავლანდე. გაოცებულმა სწრაფად გავაღე კარი.
- თქვენ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება?
- მე? არა! - დავიბენი.
- ცხვარაძე ვლადიმერი.
- ა! ეგ ზედა სართულზეა, ზუსტად ჩემ ზემოთ, - საჩვენებელი თითი მაღლა ავიშვირე.
მივხვდი, რომ სასწრაფო დახმარება დათომ გამოიძახა, ჩემმა ახალგაცნობილმა მეზობელმა. როგორც ჩანს, მამა ცუდად გაუხდა. ოთახში შევბრუნდი და ჩაცმას შევუდექი. ვიფიქრე, ცოტა ხანში ავალ და ამბავს გავიგებ, ყურადღების ამბავია-მეთქი. ის ხომ ჩვენს სათნოების სახლში აპირებდა მამამისის მოყვანას. მაგრამ მარტო ვერ ავიდოდი, ბასას უმეთვალყურეოდ ხომ ვერ დავტოვებდი? სწორედ ამ დროს ფიქრიამ დამირეკა, დაბადების დღე მომილოცა. ვთხოვე, გამოსულიყო, თან ავუხსენი, რა სიტუაციაც შეიქმნა. ერთ საათში მოვალო, გახარებული შემპირდა. უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე ველოდი, ფრანგული სუნამო და ყვავილები მომიტანა.
ბასა ფიქრიას დავუტოვე და მაღლა ავედი. კარი შეღებული დამხვდა. მაინც დავაკაკუნე, პირველად შევდიოდი მეზობელთან და დაუპატიჟებლად ხომ არ შევეჭრებოდი?
- ღიაა, შემოდით, - მომესმა შიგნიდან მისუსტებული ხმა.
გაუბედავად შევაღე კარი. სასტუმრო ოთახში, სავარძელში, ხანში შესული, წვერგაუპარსავი მამაკაცი იჯდა, ხელში ტროსი ეჭირა და ნიკაპი ხელის ზურგებზე ჩამოედო.
- გამარჯობა, - მივესალმე, - ბატონი ვლადიმერი ბრძანდებით, არა? მე თქვენი ქვედა სართულის მეზობელი ვარ... დათო სახლშია? - მორიდებით მივმართე.
- გაგიმარჯოს, შვილო, მობრძანდი. აქაა სადღაც, ეგერ, თავის ოთახში იქნება, ან სამზარეულოში, ან აივანზე. რა ვიცი, ნახე, - თავი ასწია მამაკაცმა და სავარძლის საზურგეს მიაწვა.
სამზარეულოში შევიხედე, იქ არავინ დამხვდა. საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს, თითქოს ვიღაცის პირად ცხოვრებაში ნებადაურთველად ვაფათურებდი ხელებს. ვინ დამპატიჟა, რომ მოვედი? იქნებ იმ კაცს სულ არ სიამოვნებს უცხოების სტუმრობა? საძინებელს მივუახლოვდი. დაკაკუნება მინდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადავიფიქრე, არ ვიცი, რატომ, ამას ვერ ავხსნი. სახელური ჩამოვწიე და კარი ოდნავ შევაღე. შიგნით არ შევსულვარ, მხოლოდ თავი შევყავი და ირგვლივ მიმოვიხედე...
დათო არსად ჩანდა, მხოლოდ კომპიუტერის ნაცნობი ზუზუნის ხმა ისმოდა. მოულოდნელად თვალთ დამიბნელდა, ასე მეგონა, სიზმარში ვიყავი...
კომპიუტერის მონიტორიდან ჩემი და ბასას სურათი შემომყურებდა, ეკრანის მთავარ ფოტოდ დაყენებული...
ეს ერთ-ერთი იმ ფოტოთაგანი იყო, რომელიც დათოს გავუგზავნე სკაიპით. თვალებს არ ვუჯერებდი. როგორ! აქ, ერთი ხელის გაწვდენაზე მყავდა თურმე ჩემი უჩინარი პრინცი და არ ვიცოდი, ვინ იყო? რა ჰქვია ამას? რა მიზანი ჰქონდა მის თამაშს? რას ითხოვდა ჩემგან ან რას მოელოდა? რატომ მომექცა ასე? ფიქრები და კითხვები ერთმანეთში აირია. ისე დავიბენი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ერთადერთი, რასაც ამწუთას ვგრძნობდი, ბრაზი იყო, რომელიც მახრჩობდა. როგორ გამაპამპულა ამხელა ქალი. სწორედ ამ დროს აივანზე გამავალი კარი გაიღო და დათო გამოჩნდა, მხარზე გადაკიდებული პირსახოცით. ნიავმა საიდანღაც მოხალული ყავის მძაფრი სურნელი შემოაქროლა.
ერთმანეთს შევხედეთ. ჩემმა მზერამ სიტყვასიტყვით გადასცა მის მზერას სათქმელი. თვალებით საუბარი სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. შემდეგ კომპიუტერის მონიტორს გავხედე. დათომაც.
- იცი? ეს... - რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უკმეხად გავაწყვეტინე:
- ალბათ ამ მომენტში საუკეთესო წინადადება იქნებოდა - "ეს ის არ არის, რაც შენ გგონია", როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, მაგრამ მე და შენ, სამწუხაროდ, ამწუთას კადრს მიღმა ვართ, ეს ფილმი არ არის! - ზიზღნარევი ხმით ამოვთქვი და ოთახიდან ისეთი სისწრაფით გამოვვარდი, თითქოს უკან ვიღაც მომდევდა.
საწყალ მოხუცს კომეტასავით ჩავუქროლე გვერდით, არც კი დავემშვიდობე და აკანკალებული კიბეზე დავეშვი.
ფიქრიას ყავა მოედუღებინა და მელოდა. ბასუსა ორივე ხელით სკამის საზურგეს მოჭიდებოდა და ტიტინით ქანაობდა.
- რა ფერი გადევს? - ფიქრია გაოცებული მომაჩერდა.
ტუჩ-ნიკაპი ამიცახცახდა, იქვე, იატაკზე ჩავიკეცე და ავზლუქუნდი.
გაოგნებული ფიქრია მომვარდა. შეშინებულმა ბასამ ღრიალი მორთო.
ტირილი შევწყვიტე და ბასასკენ გავჩოჩდი. ბავშვი კალთაში ჩავისვი და მოვეფერე. გაშეშებული ფიქრია ხმას ვერ იღებდა. თავი ავწიე და ცრემლიანი მივაჩერდი:
- ეს დათო, - საჩვენებელი თითი ზევით ავიშვირე, - და ის დათო, - კომპიუტერისკენ მივმართე მზერა, - ერთი და იგივე პიროვნებაა, გესმის? - და ყველაფერი მოვუყევი.
- რას აპირებ? - ფიქრიამ ბასა გამომართვა.
- არაფერს, ყველაფერი დამთავრდა, - უიმედოდ გადავაქნიე თავი, - სრულ შოკში ვარ. რას ვიფიქრებდი! - ვვიშვიშებდი თავჩაღუნული.
მთელი დღე შეშლივით დავდიოდი აქეთ-იქით. კომპიუტერს არ გავკარებივარ. მეზიზღებოდა ჩემი თავი, მეზიზღებოდა დათო და ყველაფერი ის, რაც მას უკავშირდებოდა. ისე ვიყავი გაცოფებული, გადავწყვიტე, გამექრო ჩვენი ვირტუალური სამყარო და წერტილი დამესვა ამ უაზრო ურთიერთობისთვის. არავის დანახვა მსურდა, არავისთან დალაპარაკება, არავის მოსმენა. ბასასაც კი ვერ ვიტანდი, მისი ხმაც ნერვებზე მშლიდა. ფიქრია მიხვდა, ჩემთვის ყველაზე კარგი ახლა მარტო დარჩენა იქნებოდა და ბასასთან ერთად ნინოსთან წავიდა. როგორც კი მარტო დავრჩი, საწოლზე მივესვენე და გემრიელად ავტირდი.
როდის-როდის ჩავწყნარდი და ფიქრები "ავამუშავე". როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალი? არ ვიცოდი, სად უნდა მეძებნა სიტუაციიდან გამოსავალი. როგორ მომატყუა, ეს როგორ მეპატიებინა? ძნელი იყო ამ ყველაფერთან გამკლავება. მინდოდა, მოვმკვდარიყავი. ბევრჯერ მიფიქრია სიკვდილზე - მეძინა, ვფიქრობდი, ვჭამდი, ვფიქრობდი, დიეტაზე ვიყავი... მაინც. და აზრი? არანაირი, გარდა იმისა, რომ სიკვდილის მეშინოდა, ყოველთვის მზარავდა მასზე ფიქრი - როგორ! მოვკვდები და ყველაფერი დამთავრდება? ამის დაჯერება არ მინდოდა. მაინც ხშირად ვფიქრობდი, მაგრამ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ამ დოზით - არასდროს მიფიქრია, რატომღაც, ზედმეტად ამეკვიატა. გეგმებს ვაწყობდი, რომელი საშუალება უფრო უმტკივნეულო იქნებოდა თავის მოსაკლავად და არჩევანი საძილე საშუალებებზე შევაჩერე.
ტკივილი უფრო და უფრო იზრდებოდა. ვიცოდი, რომ ასე გაგრძელდებოდა ძალიან დიდხანს... დღეები, თვეები, წლები... მე ასე მჩვეოდა. მე ასე განვიცდიდი. ამას ემოციური სიგიჟე ერქვა. ეს კოლაფსი იყო. მერე ჩამეძინა.
სიზმარში მთელი სისწრაფით გავრბოდი, თანდათან ვუმატებდი სიჩქარეს. აი, სადღაც მივედი და თეთრად შეღებილი კარი ხელის კვრით შევაღე. აქოშინებული შევჩერდი. ოთახში უამრავი ადამიანი ირეოდა. ყველამ ჩემკენ მოიხედა და უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ფარდაჩამოფარებული კარი გაიღო, დათოს აივნის კარი და ის გამოჩნდა. ზუსტად ისე, როგორც ცხადში. ვცდილობდი, სიზმარი მეკონტროლებინა. მინდოდა, დათოს ბოდიში მოეხადა, პატიება ეთხოვა. ვერა, ვერ მოვერიე ჩემს სიზმარს. დათომ გამიღიმა და მკითხა: "მერედა, შევძლებთ"? და იქ მყოფთ გადახედა. ხელისგულები ყურებზე ავიფარე და არაადამიანური ხმით ვიყვირე. ყვირილმა გამომაღვიძა... ერთიანად ოფლში ვიყავი გახვითქული, გული მოუსვენრად მიბორგავდა.
ვერ მოვითმინე და კომპიუტერს მივუჯექი. მინდოდა, ყველაფერი წამეშალა და საერთოდაც, გამექრო პროფილი, მაგრამ როგორც კი ჩემს გვერდზე შევედი, გული გამიჩერდა. მას წერილი მოეწერა, მხოლოდ ორიოდე სიტყვა - "თუ მომისმენ, ყველაფერს აგიხსნი". არ ვუპასუხე, მაგრამ ჩემს განზრახვაზეც ავიღე ხელი. იმდენად ლამაზი იყო ჩვენი ურთიერთობა, დამენანა გასაქრობად. გარდა ამისა, ვერ ველეოდი იმ ურთიერთობას, რომელიც მასთან მქონდა. ის იცდიდა, ელოდებოდა, გავცემდი თუ არა პასუხს. მე კი ჯიუტად ვდუმდი. არც თავად მწერდა არაფერს. ვიჯექი კომპიუტერთან და მონუსხულივით მივჩერებოდი მონიტორს. არ ვტოვებდი იქაურობას. არც ის ტოვებდა და ორივენი ჯიუტად ვდუმდით.
ბოლოს მაინც დათო გატყდა. როგორც ყოველთვის, გახდა თუ არა თორმეტი საათი, საიტი დატოვა და გავიდა. მეც გამოვედი. ამასობაში ფიქრია და ბასაც დაბრუნდნენ. ბავშვს ჩასძინებოდა. ფიქრიას არაფერი უკითხავს, არც მე მითქვამს არაფერი. განადგურებული ვიყავი. ფიქრიას ვთხოვე, ბავშვთან დაწოლილიყო, მე კი ლოჯიაში გავედი და გაუხდელად დივანზე მივწექი, პლედი გადავიფარე და "თვითგვემას" შევუდექი.
"იბრძოლე!" - ჩამძახოდა გონება ბოლო ხმაზე. "იბრძოლე!" - მიკიჟინებდა გაგულისებული გული. "იბრძოლე!" - სასოწარკვეთილი თრთოდა ჩემი ძალზე მგრძნობიარე მკერდი. "იბრძოლე!" - მემუდარებოდა ჩემი ცრემლსავსე თვალები... მე კი ძალა გამომცლოდა და ვერ ვიბრძოდი... როცა ვერაფერი გააწყვეს ცალ-ცალკე, ერთად ამიჯანყდა მთელი სხეული. გონებას ისეთი გუგუნი გაუდიოდა, თავის ტკივილებმა გამანადგურა. გული ისე მოიკუნტა და დაპატარავდა, სუნთქვა შემეკრა, ჰაერი დამეხშო. მკერდი კი ისე გაივსო ტკივილით, ლამის გასკდა... ჩემი ყველაფრის მთქმელი და ყველაფრის ამტანი თვალები ცრემლების ზღვამ წალეკა და მზერა დამიბინდდა... ტუჩები დამიწყლულდა, თეთრი ბუშტუკებით დაიფარა მთელ სიგანეზე... ღმერთო, ისინი ასე არასდროს გაბოროტებულან. ეს იყო იერიში... არა, ეს თავდასხმა უფრო იყო, შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ, შეტევა, რომ მათი მოწონებული პრინცის უკან დასაბრუნებლად რაღაც გამეკეთებინა.
ჩემი სული სულს ღაფავდა უკვე. მხოლოდ მაშინ გაუნათდა გონებას გონება... მხოლოდ მაშინ უყო გულს გულმა რეჩხი... ასე თუ გავაგრძელებთ, მოკვდება და ჩვენც მოვკვდებითო, დაასკვნეს ერთხმად და... ჩემი ამქვეყნისკენ მობრუნებაზე დაიწყეს ზრუნვა... მაგრამ სულთმობრძავმა ჩემმა სულმა იქამდე განუტევა სული, სანამ მე გონს მომიყვანდნენ...

დრო გადიოდა, დღე დღეს მისდევდა, ღამე ღამეს. ჩემს ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. ცვლილებები მხოლოდ გონებაში ხდებოდა. რაც უფრო ვშორდებოდი დათოს, მით უფრო ვვარდებოდი მელანქოლიაში, მით უფრო მენატრებოდა და სიგიჟემდე მსურდა მასთან შეხვედრა. პირველ რიგში, მინდოდა, ყველაფერი გამერკვია, რაც ჩვენს უიმედო ურთიერთობას უკავშირდებოდა. როცა მისგან ახსნა-განმარტებას მოვისმენდი, აუცილებლად გამოჩნდებოდა - ერთად გავაგრძელებდით გზას, თუ ორივენი ჩვენ-ჩვენს საცალფეხო ბილიკებს გავუყვებოდით.
თუმცა მასთან დალაპარაკება არც ერთხელ მიცდია. არც მას უცდია. ერთმანეთს მხოლოდ ჩვენი მოციმციმე ფანჯრები ესაუბრებოდნენ. ერთმანეთზე ჯიუტები ვიყავით. არც ის არღვევდა მდუმარებას და არც მე. არადა, ვერ დავივიწყე. ფიქრში მაინც ველოდებოდი, ვეძახდი, მიყვარდა... მტკიოდა... დრომ ვერ მიშველა. ჩემი გრძნობა ვერ გაახუნა... ვერც ჩემი ტკივილი შეამსუბუქა. ამ ტკივილს ვერ მოერია. მე ისევ ველოდებოდი მას. იმედს არ ვკარგავდი, რომ ბოლოს და ბოლოს, კიდევ ერთხელ მომწერდა და შეხვედრას მთხოვდა. იმედი ხომ ერთადერთია, რომელიც ნატვრას ჯობნის... იმედს ყოველთვის იმედი აქვს...
ერთ საღამოს კვლავ ერთწინადადებიანი წერილი დამხვდა - "ბასუსას არ მოაკითხეს?" ეს ის მომენტი იყო, როცა დუმილი უნდა დამერღვია. "არა-მეთქი", მივწერე. "ახლა მოვლენ, 69 წამში", - დამიბრუნა პასუხი. ჯერ ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა, ხუმრობა ნამდვილად უადგილო გამოდიოდა. გავფითრდი. ამან საიდან იცის, როდის მომაკითხავენ? ნუთუ ბასას დედა მოძებნა? მივწერე, ვინ მოგაწოდა-მეთქი ინფორმაცია, მაგრამ არ მიპასუხა. ავწრიალდი. საძინებელში შევიჭყიტე. ერთმანეთზე მიხუტებულ ბასას და ფიქრიას მშვიდად ეძინათ. ფრთხილად გამოვიხურე კარი და შემოსასვლელში ავიტუზე, თან, ფეხის წვერებზე აწეული, სათვალთვალოში ვიხედებოდი, კიბის თავს ვზვერავდი. იქ არავინ ჩანდა. მოულოდნელად კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა. შეშინებული შევხტი.
- რომელი ხარ? - რაც შეიძლებოდა, ხმადაბლა ვიკითხე.
- დათო ვარ, - მომესმა გარედან, თუმცა თავად დათო არსად ჩანდა.
ერთიანად ავცახცახდი. დავაცადე, სანამ ცოტათი მაინც დავაწყნარებდი აფორიაქებულ სხეულს, ერთი-ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და კარი გავაღე.
როგორი ნატანჯი სახე ჰქონდა, ძლივს ვიცანი. მარცხენა ყბაზე კუნთი ნერვულად უხტოდა. აშკარად ჩანდა, ცდილობდა, აღელვება დაეფარა. ორივენი ვხვდებოდით, რომ ბევრი გვქონდა სალაპარაკო, ამიტომ უსიტყვოდ გავდექი განზე და გზა დავუთმე. წამიერი შეყოვნების შემდეგ შემოვიდა და ოთახში მიმოიხედა.
- ლოჯიაში გავიდეთ, იქ ვისაუბროთ, - მოგუდული ხმით ვუთხარი, რათა სხეულთან ერთად ხმაც არ ამკანკალებოდა.
საუბრის დაწყება ორივეს გაგვიძნელდა. ერთმანეთის შეხედვაც გვიძნელდებოდა, ამიტომაც წარამარა ვარიდებდით ერთმანეთს მზერას.
აქეთ-იქით მივუსხედით ჟურნალების მაგიდას. არც ყავა შემითავაზებია მისთვის, არც ჩაი. ახლა ამის დრო არ იყო. ამჯერად დუმილი მე დავარღვიე:
- წეღან რა იყო ეს, რა მომწერე?
- ბევრი რამე მაქვს სათქმელი, - დაჟინებული მზერა მომაპყრო.
- გისმენ, - ცივად მივუგე, ფეხი ფეხზე გადავიდე და მივაჩერდი.
დათომ ჩაახველა და ძალიან ჩუმი ხმით დაიწყო, ძლივს მესმოდა მისი სიტყვები:
- მე უმუშევარი ვარ, უფულო, უიღბლო, ყოვლად გამოუსადეგარი ადამიანი, თუ საერთოდ შეიძლება ჩემნაირ კაცს ადამიანი ეწოდოს. იმდენსაც ვერ ვახერხებ, ღვიძლ მამას წამლები ვუყიდო და ვუმკურნალო, ვერც ერთადერთი შვილის რჩენა შემიძლია. ერთი სიტყვით, წყალწაღებული ვარ. არ მინდა იფიქრო, რომ შენთან ურთიერთობა ანგარებასთან იყო დაკავშირებული. სრულიად შემთხვევით აღმოგაჩინე საიტზე. მაშინ არც ვიცოდი, მეზობლები თუ ვიყავით. არასდროს მენახე. აქ მამაჩემი ცხოვრობდა, მე კი ჩემს ცოლთან ვიყავი ჩასიძებული, მას მამა არ ჰყავდა, დედასთან ცხოვრობდა, თან დედისერთა იყო. ნერვული ქალი იყო ჩემი ცოლი, გამუდმებით ვჩხუბობდით. სულ მაყვედრიდა, უსაქმური ხარ, ოჯახის რჩენა არ შეგიძლიაო. მართლაც ასე იყო, ჩემს ერთადერთ სიამოვნებას კომპიუტერი და სოციალური ქსელები წარმოადგენდა. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ნარდის თამაში იყო, რითიც ცოტა ფულს ვაკეთებდი. იმდენს, რომ ინტერნეტის ფული გადამეხადა, სიგარეტი მეყიდა და ჩემი ჭია გამეხარებინა. არ მენაღვლებოდა, სიდედრის ხარჯზე რომ მიწევდა ცხოვრება. ბოლოს იქამდე დაიძაბა სიტუაცია, რომ ორივემ ერთად შემომიტია და შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ, მამაჩემთან გადმოვედი. ორსული ცოლი მივატოვე და აქეთ გადმოვბარგდი. შეუჩნდა სიდედრი ჩემს ცოლს, აბორტი გაიკეთე და მისი შვილისგან გათავისუფლდიო. ჯერ დაუბადებელი ბავშვი სასტიკად შეიძულა. ჩემმა ცოლმა არ ქნა და ბავშვი მაინც გააჩინა. აი, სწორედ მაშინ დაიწყო მთელი უბედურება. მშობიარობა ისე გაურთულდა, კომაში ჩავარდა. ბავშვი გადაარჩინეს, დედა - ვერა. ორი თვე იყო აპარატზე შეერთებული. გამწარებულმა სიდედრმა ბავშვი გამომიგზავნა, შენ თვითონ მოუარეო. ჩემს ცოლს ვერაფერი უშველეს, ორი თვის შემდეგ აპარატი გათიშეს... მიცვალებულსაც არ გამაკარეს. საშინელ დღეში ვიყავი. მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ცოლის დაღუპვას განვიცდიდი და ბავშვის მოვლაც გამიჭირდა. პირველ ხანებში ძიძა ვიქირავე, მაგრამ დიდხანს ვერ გავქაჩე, ფული ვერ გადავუხადე. ვერც სამსახური ვიშოვე. ფიზიკურად შრომას არასდროს ვიყავი შეჩვეული, დაბალანაზღაურებადი სამუშაო კი ჩემს პრობლემებს ვერ მოაგვარებდა. ბავშვი ერთი თვით ჩემმა დამ წაიყვანა თავისთან, მე მივხედავო, მაგრამ მალე მასაც აეწეწა ცხოვრება. ჩემ გამო ქმართან უკმაყოფილება მოუვიდა და ბავშვი უკან მომიყვანა. მამაც ძალიან დაუძლურდა. ორჯერ აქვს ინფარქტი გადატანილი. არც ისე ხნიერია, მაგრამ ისე მოტყდა, 80 წლის მოხუცს დაემსგავსა. გამოსავალს ვერ ვპოულობდი. სწორედ მაშინ მითხრა ჩემმა დამ, შენს ქვემოთ რომ გოჩა ცხოვრობს, იმის ცოლს სათნოების სახლი აქვს და იქნებ მამა იქ დავაწვინოთ, მეც შეგეხიდებიო. შენ არ გიცნობდი, მაგრამ გოჩასთან ასე თუ ისე, მქონდა შეხება. ვესალმებოდით ერთმანეთს. ერთხელ ლუდიც კი დავლიეთ ერთად. როცა ჩემმა დამ შენ შესახებ მითხრა, დავინტერესდი, ვიფიქრე, მივალ სახლში და ჩემს გაჭირვებას მოვუყვები-მეთქი. ერთხელაც, სწორედ იმ დროს დაგინახე, როცა კარს აღებდი და ვერ გეტყვი, რა დამემართა. შენ ის აღმოჩნდი, ვისაც უკვე ვეკონტაქტებოდი ოდნოებსა და სკაიპში. ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. ცუდ დღეში ჩავვარდი. ყველაფერი ერთად მომაწვა. ჯერ ერთი, მეზობელი იყავი, მეორეც - შენს ქმარს ვიცნობდი. ვიცოდი, რომ დაშორდით, ეს უკვე ნათქვამი გქონდა, მაგრამ მაინც... კაცური მომენტია, ალბათ ამის ახსნა არ არის საჭირო. გარდა ამისა, შენი სიყვარულის ღირსი არ ვიყავი, არ ვიმსახურებდი შენნაირ ქალს. მე ვერაფერს მოგცემდი, შენც ისევე გაგაწამებდი, როგორც ჩემი ცოლი გავაწამე. ამისთვის კი არ მემეტებოდი. ისე, შენთან ურთიერთობამ ძალიან შემცვალა. ბევრ რამეზე ამეხილა თვალი და ჩემი თავი შემძულდა. არასრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი თავი. ამიტომაც ვიკარგებოდი ხანდახან და არ ვჩნდებოდი. ვებრძოდი ჩემს თავს, მინდოდა, გავმქრალიყავი, მაგრამ რამდენიმე დღე რომ გავიდოდა, ვხვდებოდი, რომ უშენოდ არ შემეძლო. სწორედ მაშინ მომივიდა თავში იდეა, ჩემი ბიჭი შენთან დამებინავებინა.
- როგორ! ბასა შენი შვილია? - ამის გაგონებაზე წამოვხტი.
- ჰო, ჩემი შვილია...
უღონოდ ჩავეშვი სავარძელში. კრიჭა შემეკრა, კრინტი ვერ დავძარი.
- ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, თუ შენ ამას გაიგებდი, მაპატიებდი. შენნაირია ადამიანი არასდროს შემხვედრია. ამიტომაც გიკრძალავდი, ახლოს მოსულიყავი ჩემთან. არ მინდოდა, შეგყვარებოდი. მე ცუდი ადამიანი ვარ და არ მინდოდა, გული გტკენოდა. მაგრამ ასე გამოვიდა და ეს არც შენი ბრალია და არც ჩემი. მე ქალებს სულ სხვა მიზნით ვუბამდი სოციალურ ქსელებში საუბარს. თავს ვირთობდი ამით, დარდს ვიქარვებდი. შენმა გამოჩენამ კი რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ცუდი გულის ადამიანი არ ვარ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ამიტომაც გავურბოდი ჩემი ვინაობის გამხელას. ბოლოს ყველაფერი კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა. სინდისი მქენჯნიდა, ასე რომ მოგექეცი, ამიტომაც ბავშვის დაბრუნება გადავწყვიტე.
- ის ქალი ვინ იყო, რომ მირეკავდა?
- ჩემი და. რომ გაიგო, რაც გავაკეთე, მაგრად გამომლანძღა. ძალიან უჭირდა ამ თამაშში ჩაბმა, ძლივს გელაპარაკებოდა, შენც ხვდებოდი ალბათ. მე ვკარნახობდი, რა ეთქვა. აი, სულ ეს არის ჩემი ამბავი... ახლა არაფერი მითხრა, გთხოვ. მაპატიე, თუ შეგიძლია, და თუ არ შეგიძლია, მაინც არაფერი მითხრა. ასე, ყოველგვარი საყვედურების გარეშე დავიშალოთ. ოღონდ შვილი დამიბრუნე. ძალიან ვნანობ, გული რომ გატკინე, ეს არ მინდოდა.
- ერთი წუთით! - ხელის აწევით გავაჩერე, - იქნებ ერთხელ მაინც გეცადა, ჩემთვისაც გეკითხა, მე რა აზრის ვიყავი ამ ყველაფერზე? იქნება და, თანახმა ვიყავი, ისეთი მიმეღე, როგორიც ხარ? ამაზე არასდროს გიფიქრია?
- არა, არ მიფიქრია. ამის დაშვებაც კი შეუძლებლად მიმაჩნდა. ვის რაში ვჭირდები ასეთი? მით უმეტეს - შენნაირ ადამიანს. გამატანე ბასა და წავალ.
- არა, ბასას ახლა ძინავს. ხვალ ჩამოდი და წაიყვანე, - ისევ გამიცივდა ხმა.
- კარგი, მაშინ წავალ. მაპატიე და მადლობა. მადლობა და მაპატიე, - ხელისგულები ერთმანეთს შეატყუპა და უკან დახევით კარისკენ გაემართა. გზადაგზა მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდა - მადლობა, მაპატიე...
როგორც კი დათომ კარი გაიხურა, ჩემი ფერმიხდილი და სიგარეტით გაბოროტებული ოთახი სიმარტოვით გაივსო. მესმოდა დათოსი, ძალიან კარგად მესმოდა. ვერაფერში ვადანაშაულებდი. მთელი ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში, წამითაც არ უცდია ჩემი შებმა. პირიქით, სულ გამირბოდა. ზედმეტად კარგად ვიცნობდი მას. ვგრძნობდი, რომ კარგი ქმარი იქნებოდა, თუკი მე ვიქნებოდი კარგი ცოლი. სამსახური რა პრობლემა იყო? მე მომეხმარებოდა სათნოების სახლში. მომმარაგებლად იმუშავებდა. ეს თანამდებობა ხომ მე მქონდა შეთავსებული. ამიერიდან ჩემ მაგივრად ირბენდა. სხვა რა? ბასას ერთად გავზრდიდით, თუ საერთო შვილი არ გაგვიჩნდებოდა.
ბევრი არ მიფიქრია. კომპიუტერს მივუჯექი და წერა დავიწყე, რომ დილით შემოსულს გაეგო, რას ვთავაზობდი. ჩემი შეთავაზება კი ერთი ლამაზი ზღაპარი გამოვიდა - ლამაზი ზღაპარი პატარა პრინცსა და პრინცესაზე:
***
ოთახი, სადაც ახლა ამას ვწერ, ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროს ეკუთვნის და მე ტალღების ღელვის ხმა მესმის. ვუსმენ ყურადღებით, რადგან ეს ხმა საუკუნეების სიღრმიდან მოდის. მე და დათოს თაფლობის დღეები გვაქვს, ჩვენ ტკბილად ვცხოვრობთ ჩვენი ძველი სამყაროს ჭაღარა ექოში და ვსულდგმულობთ იმით, რასაც სიყვარული ჰქვია. ღამე მშვიდად დგება და ჩვენ ძილს მივეცემით ხოლმე. როგორც კი თვალებს დავხუჭავთ, ბასუსაზე ვიწყებთ ფიქრს, რომელიც თბილისში, ლიზიკოსთან გველოდება.
ყოველი ჩემი დილას გაღვიძება და ღამე დაძინება ერთი და იმავე წინადადებით იწყება და მთავრდება - "მიყვარხარ, დათ!" და ღრმა სიბერემდე არ მომწყინდება ამ წინადადების გამეორება. ეს ერთადერთია, რასაც სიკვდილი არ უწერია...
დასასრული