"თავისზე ექვსი წლით უმცროს ბიჭს ხვდებოდა, რომელიც იმ დროს თურმე სკოლის მოსწავლე იყო... სერიოზულ შარში გახვია არასრულწლოვანი" - მშობლები

"თავისზე ექვსი წლით უმცროს ბიჭს ხვდებოდა, რომელიც იმ დროს თურმე სკოლის მოსწავლე იყო... სერიოზულ შარში გახვია არასრულწლოვანი"

2022-11-05 09:19:51+04:00

ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

რომანის დასაწყისი



გოჩა სტუდენტობის წლებში გაიცნო. უფრო სწორად მაშინ, როცა ბოლო კურსზე გადავიდა. ჯერ ოცდაორი წლის იყო. საზაფხულო არდადეგები რომ დაიწყო, პრაქტიკაზე ახალგაზრდულ ბანაკში უკრეს თავი ხელმძღვანელად ერთ პატარა, ზღვისპირა სოფელში.
ბანაკი ფართოდ იყო გაშლილი კარგა მოზრდილ ტერიტორიაზე. ეზოში ოთხი კორპუსი იდგა - ორი ერთსარსულიანი, ყაზარმის ტიპის, ორიც - ასანთის კოლოფივით მართკუთხედი და ორსართულიანი. იქვე, მარცხნივ, სასადილო იყო, სადაც დამსვენებლებს უნდა ეკვებათ.ზღვა ერთი ხელის გაწვდენაზე მდებარეობდა, როგორც კი წიწვნარს გადაივლიდი. მისი ტალღების ხმაური ბანაკამდე ადვილად აღწევდა.
მაიკოს მისახედად და სამეთვალყურეოდ პირველი რაზმი შეხვდა, ყველაზე უფროსი ასაკის მოსწავლეებით დაკომპლექტებული. იგი მე-9-10 კლასელებისგან შედგებოდა. რაზმში სულ ცამეტი მოსწავლე იყო, ცხრა ბიჭი და ოთხი გოგონა. მათგან შვიდი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, დანარჩენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ორნი თბილისელები იყვნენ, გოგო და ბიჭი, ერთი - თელაველი, ორი ბათუმელი და ორიც - ქუთაისელი. მათგან მხოლოდ ერთს, თელაველ ფშავ ბიჭს, ბუბას ჰქონდა სკოლა დამთავრებული, მაგრამ საბუთებში ისე იყო გაფორმებული, როგორც მეათეკლასელი. იმ დროს საშუალო განათლება ათ კლასს მოიცავდა, თორმეტწლიანი სწავლება ჯერ არ იყო შემოღებული. გოჩაც ამ ბავშვების რიგში ერია. სწორედ ის იყო თბილისელი და კიდევ ერთი გოგონა, რომლის სახელი ახლა აღარც ახსოვდა მაიკოს. არც სხვების სახელები ახსოვდა, ბუბასა და გოჩას გარდა, რადგან ამ ორთან შემდეგშიც გააგრძელა ურთიერთობა და ვერ დაივიწყებდა.
თავდაპირველად გოჩაც სკოლადამთავრებული ეგონა, რადგან ბიჭმა ასე უთხრა და არც მაიას ჩაუხედავს საბუთებში, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. მოსწავლეების დოკუმენტაცია დირექტორთან ინახებოდა.
დირექტორიც მაიასავით ახალგაზრდა ბიჭი იყო, თავმომწონე და ამპარტავანი. აშკარად ეტყობოდა, კარიერული წინსვლისთვის ყველაფერზე წავიდოდა. ყველას ზემოდან დაჰყურებდა, თითქოს ბანაკში მისი ტოლი არავინ იყო. დღენიადაგ ჰალსტუხი ეკეთა, იმ პაპანაქება ზაფხულის დღეებში, ქვეყანა რომ იწვოდა. რამდენჯერ უფიქრია მაიკოს, ნეტავ რა რჯის, თავს რომ იხრჩობს, ამ მიყრუებულ სოფელში ვინ დაინახავს მის ჰალსტუხს, არ ურჩევნია, თავისუფლად იყოსო? მაგრამ მას არავინ ეკითხებოდა. სერგო ერქვა იმ ბიჭს და ალავიძე იყო გვარად, ეს კარგად ახსოვს. დირექტორი არასდროს ინტერესდებოდა, როგორ გრძნობდნენ თავს ბავშვები, მათი ხელმძღვანელები, როგორ იკვებებოდნენ, რამე პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ... დილით ადგებოდა, ყველას მიესალმებოდა, დაიხურავდა ქუდს და კაცმა არ იცის, საით მიდიოდა. მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა უკან, როცა შებინდდებოდა. ხანდახან შუადღესაც შემოივლიდა. ეს იყო და ეს. ბანაკის ღამით დატოვების უფლება არ ჰქონდა. სანამ ბანაკი მოქმედებდა, დირექტორსაც, როგორც სხვა დანარჩენ მომსახურე პერსონალს და მოსწავლეებს, იქ უნდა ეცხოვრა.
ყველაზე რთული ასაკის მოსწავლეები მაიკოს შეხვდა. ხუმრობა ხომ არ იყო, ეს ბავშვები ერთ წელიწადში სრულწლოვანი გახდებოდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგებოდნენ. ყველას საკუთარი "მეს" გამომჟღავნება სურდა. ამავე დროს, არც ერთი არ გამოირჩეოდა განსწავლულობით და ნაკითხობით. მგონი, კლასგარეშე ლიტერატურა არც კი ჰქონდათ წაკითხული. ერთადერთი ბუბა იყო, ამ მხრივ რომ ბრწყინავდა. ვაჟა-ფშაველას პოეზია ზეპირად იცოდა და ხშირად კითხულობდა ყველას თვალწინ მის ლექსებს, ან რომელიმე პოემიდან მოზრდილ სტროფებს... თვითონაც წერდა ლექსებს და თავის შემოქმედებას მაიკოს ხშირად უკითხავდა.
ამ მხრივ გოჩა განსხვავებული იყო. იგი სწავლით და ცოდნით ვერ დაიკვეხნიდა, ყოველ შემთხვევაში, არ ამჟღავნებდა. არც დისკუსიაში ერეოდა არასდროს. სამაგიეროდ, სპორტსმენი იყო, კარატეზე დადიოდა და უკვე შავი ქამრის მფლობელიც გახლდათ. ეს მის აღნაგობას მართლაც ეტყობოდა. ფართო, გაშლილი მხრები და დაკუნთული სხეული ამაზე მეტყველებდა. ნაბიჯებიც ისეთი მტკიცე ჰქონდა, ნებისმიერ ზრდასრულ მამაკაცს რომ შეშურდებოდა. ყოველთვის მოქუფრული დადიოდა, თავს ადვილად არავის უყადრებდა, მაგრამ თუ გაიღიმებდა, სახე სრულიად ეცვლებოდა. შავგვრემანი ბიჭი იყო, შავი თმით და კუნაპეტ ღამესავით შავი, მბრწყინავი თვალებით. მაგრამ ჩამოწეული ქუთუთოები მის თვალებს რაღაც ამოუცნობ სევდას ანიჭებდა. ზედმეტად მუქი ფერის კანი ჰქონდა, გეგონებოდათ, მზეზე გარუჯულაო. რაღაცით აფრიკელსაც კი ჩამოჰგავდა თავისი შავი, დიდრონი თვალებით და მსხვილი წითელი ტუჩებით. ერთადერთი, ცხვირი ჰქონდა ისეთი ლამაზი, როგორიც სპარტანელებს და აფრიკელთან ამ მხრივ საერთოს ვერ მოუნახავდით.
დიდად არავისთან მეგობრობდა, მხოლოდ მაიასთან პოულობდა საერთო ენას. არც ცეკვა-თამაშში ერთვებოდა, არც სიმღერასა და შეჯიბრებებში, ასეთ დროს განმარტოებით ყოფნას ამჯობინებდა. შეიძლება ამიტომაც იყო, რომ ამ ორ ბიჭს - გოჩასა და ბუბას შორის თითქოს ფარული შუღლი ჩამოვარდა. არა, არ ემტერებოდნენ ერთმანეთს, არასდროს უჩხუბიათ, მაგრამ მახვილი თვალი მაშინვე შეამჩნევდა, რომ ერთმანეთს ემეტოქეობდნენ. ჩუმი ჭიდილი შეინიშებოდა მათ ურთიერთობაში. მაშინ არ იცოდა მაიკომ, რომ ამის მიზეზი თვითონ გახლდათ, რომ ორივე ბიჭი მასზე ყურებამდე იყო შეყვარებული. რას წარმოიდგენდა? ისინი მისთვის მოსწავლეები იყვნენ, მათთვის კი ის - ხელმძღვანელი. თუმცა მალე გამოაშკარავდა ეს ამბავი.
ერთხელ ბუბამ მოდის ჟურნალიდან ამოხეული რომელიღაც მოდელის ოთხად გაკეცილი სურათი ამოიღო და მაიკოს გაუწოდა, აი, ასეთ გოგოს ვეძებ, რომ შევიყვაროო. მაიკოს გაეცინა, ეს უცხოელი მოდელია და ასეთი სად გინდა იპოვოო. იმან კი მიუგო, მაიკო მასწ, ეს გოგო თქვენ გგავთ ძალიანო, თქვენც ჟურნალიდან გადმომხტარს ჰგავხართო. ეს მინიშნება იყო და მაიკოც მიუხვდა ბიჭს, საითაც უმიზნებდა. თუმცა არ შეიმჩნია და სხვა დროს ამ თემაზე საუბარი აღარ ჩამოუგდია.
მაიამ მალე აუღო ალღო თავისი რაზმის წევრებს. გოგონებს უცებ დაუახლოვდა და თან იმდენად, რომ მეექვსე დღეს ყველა მათი საიდუმლო ზეპირად იცოდა. არც ბიჭებთან გასძნებელია მეგობრული ურთიერთობის დამყარება, თვითონაც ახლახან გამოსულიყო მათი ასაკიდან და იცოდა, როგორ უნდა მისდგომოდა თითოეულ მათგანს. პირველ რიგში, ყველას აუკრძალა, "მასწს" ნუ მეძახით, რომელი თქვენი მასწავლებელი მე ვარო.
- აბა, რა დაგიძახოთ, მასწ? - შეეკითხა ბუბა.
- რა და... რა ვიცი, მაიკო ხელმძღვანელო! აი, ასე მომმართეთ, - უცებ იპოვა გამოსავალი.
- აუ, რამსიგრძე მიმართვაა, - ჩაერია ამ დროს საუბარში გოჩა, - მაშინ მოკლედ დაგიძახებთ - მაკოხელ! ჰა, როგორია? - თქვა და თავისსავე ნათქვამზე გულიანად გაეცინა.
მას შემდეგ შერჩა ეს მეტსახელი - მაკოხელ. მერე ყველა ასე მიმართავდა, სხვარაზმელებიც კი.
ერთი-ორი ისეთი ერია რაზმში, რომლებიც კარგად მღეროდნენ. ჰოდა, შემოისხამდა მათ აქეთ-იქიდან, მეორე და მესამე ხმას მიუმღერებდა, თვითონ პირველს შეუბერავდა და ისე დააგუგუნებდნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, თქვენი მოწონებული. ცეკვა? ოხ, ნუ იტყვით. ცეკვა მაიასთვის ყველაფერი იყო. თითქოს ამისთვის შექმნა ბუნებამ. ბავშვობიდან ცეკვავდა და არც მაშინ მიუტოვებია, როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეგრევე ჩაეწერა სასწავლებლის ანსამბლში და სცენიდან არ ჩამოსულა. აქ, ბანაკშიც არ ჩერდებოდა. გამოიტანდა მაგნიტოფონს გარეთ, ჩართავდა ბოლო ხმაზე და ფეხშიშველა დაუვლიდა ხოლმე. ყველას ეხვეწებოდა, ჩემთან ერთად იცეკვეთო, მაგრამ ეს ერთადერთი იყო, რომელშიც ვერც ერთი მოსწავლე ვერ აიყოლია. სამაგიეროდ, ისხდნენ და აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ თავიანთ ხელმძღვანელს, ყელმოღერებული რომ ტრიალებდა წრეში ტანწვრილი და ფეხშიშველი. ეჰ, როგორი კენარი გოგო იყო მაშინ, ბიჭებს თვალი ზედ რჩებოდათ.
ბანაკის გვერდით სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. მათ ერთი ღობე ყოფდათ. ჰოდა, მოადგებოდნენ ეს ახალწვეულები ბადისებურად ნაქსოვ მავთულის საერთო ღობეს, თითებით ჩაებღაუჭებოდნენ წვრილ მავთულბადეს და თვალს არ აშორებდნენ მოცეკვავე მაიას.
საინტერესოდ გადიოდა დღეები. ეწყობოდა შეჯიბრებები, მხატვრული კითხვის საღამო, კონცერტები. მაიას რაზმი ყოველთვის პირველ ადგილზე გადიოდა და ეს არც იყო გასაკვირი. არც თვითონ იშურებდა ძალ-ღონეს და არც მისი რაზმელები უცრუებდნენ იმედს საყვარელ ხელმძღვანელს. მოტივაციაც ჰქონდათ. თუკი მაიას დაუჯერებდნენ, ღამის გასეირნება გარანტირებული იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ შუაღამეს, ბანაკი რომ მიიძინებდა, მაია და მისი რაზმი ზღვაზე გაიპარებოდნენ. უჩუმრად გადაივლიდნენ წიწვნარს, მოაგროვებდნენ ხმელ ტოტებს, დაანთებდნენ პატარ კოცონს, გადაძვრებოდნენ იქვე, მოსახლეობის ეზოებში, მოიტანდნენ ნედლი სიმინდის ტაროებს და წვავდნენ ნაკვერჩხლებზე. ერთადერთი, რასაც მაიკო სასტიკად კრძალავდა, ღამით ზღვაში ჩასვლა იყო. ეშინოდა, რომელიმე მათგანი ყურადღების მიღმა არ დარჩენოდა და წყალში არ დამხრჩვალიყო.
აი, ასე მხიარულად ატარებდნენ დროს, მაგრამ ერთმა არასასიამოვნო შემთხვევამ ყველაფერი გადაფარა.
ერთხელ ორი რაზმი, პირველი და მეორე, დირექტორის ბრძანებით, ხელმძღვანელებმა ექსკურსიაზე წაიყვანეს. ავტობუსი დილაუთენია მოადგა ბანაკის ჭიშკარს. ჯინსის შარვალსა და მოკლე მაისურში გამოწკეპილი მაია შესაშური სანახავი იყო. თავზე სწორედ ისეთი კეპი ეხურა, როგორიც წეღან გოჩას, ოღონდ წითელი. ავტობუსის მძღოლს თან ორი კაცი მოჰყვა, ახალგაზრდები, ორივე ნასვამი ჩანდა. დიდად არ ესიამოვნა მაიას და სხვა ხელმძღვანელებს უცხო ადამიანების თან ხლება, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. მძღოლმა თქვა, ჩემი გამყოლები არიან, მანქანას გზაში რამე რომ დაემართოს, ესენი უნდა მომეშველონო.
მაიას არ გამოჰპარვია უსიამოვნო სტუმრების დაჟინებული მზერა, მის ყოველ მოძრაობას რომ აკვირდებოდნენ და ერთმანეთში ხმადაბლა რაღაცას ლაპარაკობდნენ. თითქოს საიდუმლო შეთქმულებას აწყობენო, ისე იყურებოდნენ, თან ორაზროვანი ღიმილი დასთამაშებდათ ტუჩებზე. მაიკო ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო და გოჩას უთხრა, ჩემთან დაჯექი და საერთოდ, გვერდიდან არ მომშორდეო. რას იფიქრებდა, თუ ამით დათვურ სამსახურს გაუწევდა ბიჭს.
როცა რამდენიმე მონასტერი მოიარეს და შუადღეს სადილად დასხდნენ მწვანე მოლზე, მაიკომ თავისი რაზმელები შემოისხა ირგვლივ, თითქოს ერთგვარი გალავანი აღმართა, რომ იმ უცნობ ბიჭებს მასთან მიახლოებისა და დალაპარაკების საშუალება არ ჰქონოდათ. თან დირექტორზე ბრაზობდა, ამსიშორე გზაზე ქალები მარტო რომ გამოუშვა ბავშვებთან ერთად და თვითონ არ წამობრძანდა. აბა, ამათ თავს როგორ გაუყადრებდა! არადა, კაცი რომ ყოფილიყო მათთან ვინმე თავისიანი, ვინ რას აკადრებდა რომელიმეს?
მიუხედავად ამისა, ექსკურსიამ მშვიდობიანად ჩაიარა. ერთადერთი ის იყო, რომ იმ ორმა ბიჭმა კიდევ დაამატა და ზომაზე მეტი დალიეს, როცა სადილად დასხდნენ. როგორც ჩანს, თადარიგი ადრევე დაეჭირათ და დასალევი თან წამოეღოთ.
უკანა გზა ხმაურიანი გამოდგა. მთვრალები ყაყანებდნენ და რაღაც მომენტში ლამის ჩხუბამდეც მივიდა საქმე, მაგრამ მძღოლმა ივაჟკაცა და, როგორც იქნა, ორივე დააშოშმინა.
როგორც კი ბანაკში დაბრუნდნენ და ავტობუსი თავის გზას გაუდგა, მაიკომ მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, თავი სამშვიდობოს დაიგულა. მაგრამ თურმე შეცდა. რას იფიქრებდა, რომ ავტობუსი ბანაკიდან ცოტა მოშორებით გაჩერდებოდა და ის ორი მთვრალი ბიჭი გოჩას მოტყუებით გაიყვანდა ბანაკიდან საქმის გასარჩევად? მაიას არც არაფერი შეუმჩნევია და არც გოჩა მოუსაკლისებია. სამზარეულოში შესული მზარეულებს ვახშმის გაშლაში ეხმარებოდა.
ცოტა ხანში შეიქნა ერთი ალიაქოთი და შეშინებული მხოლოდ მაშინ გამოვარდა გარეთ. როცა დასისხლიანებული გოჩა დაინახა, შეკივლა და მისკენ გაექანა. მეორე ხელმძღვანელმა პოლიციას გამოუძახა. ატყდა ერთი ამბავი. გოჩას დიდი არაფერი სჭირდა, ცხვირიდან სისხლი წასკდომოდა მხოლოდ, ის ორი კი ისე იყო ნაცემი, პოლიციელებმა ძლივს ჩადეს მანქანაში. კარგა ხანს იყვნენ პოლიციელები, ყველანი დაკითხეს, მიიძიეს, მოიძიეს, ვინ რა იცოდა, როგორ და სად მოხდა ინციდენტი, ბოლოს ოქმი შეადგინეს და წავიდნენ, ის ორიც თან გაიყოლეს თავის მძღოლიანად. გოჩა არც წაუყვანიათ და არც გამოუთქვამთ ამის სურვილი.
მაიამ ბიჭი ცალკე ოთახში გაიყვანა და დაუწყო გამოკითხვა, რა მოხდაო, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ დააცდენინა. არ ვიცი, რას მერჩოდნენ, დამიბარეს, გარეთ გავსულიყავი და მეც გავედი, იქ კი დანებით შეიარაღებულნი დამხვდნენო. მაიკო დაინტერესდა, ვისი პირით შემოუთვალეს დანაბარები. თურმე მისი რაზმის ერთ წევრს, ნუკრის უთქვამს, გარეთ გელოდებიანო. ეს ნუკრი იმ სოფლის მცხოვრები იყო და, როგორც ჩანს, იმ ბიჭებს იცნობდა.
რადგან გოჩას ვერაფერი ათქმევინა, ნუკრი შემოიყვანა ოთახში და ახლა ის გაწურა შეკითხვებით. ნუკრიმაც აარიდა თავი პირდაპირ პასუხს, მისგან მხოლოდ ის გაიგო, როგორ მოიქნია გოჩამ ფეხები ისე, რომ ორივეს დანები გააგდებინა და მერე სათითაოდ დააყარა განიარაღებულებს და ცხვირიდან ძმარი ადინა. თვითონ მხოლოდ ერთი მუშტი მოხვედრია და სისხლიც ამიტომ წასკდა ცხვირიდან.
ისე განერვიულდა მაიკო, რომ იმ ღამით არ უძინია. გვიანობამდე დადიოდა ოთახიდან ოთახში, ჩამოუვლიდა თითოეულის საწოლს და ბოლოს ისევ გოჩას მიადგებოდა. არც მას ეძინა. ერთხელაც, მორიგი ჩამოვლისას, ბუბამ ჩუმად ანიშნა, ახლოს მოდიო. მაიკო მივიდა და ბიჭს საწოლზე ჩამოუჯდა.
- რა ხდება, ბუბა? - ჩურჩულით ჰკითხა.
- მშურს მისი, მაკოხელ, - ჩურჩულითვე უპასუხა ბუბამ.
- ვისი? - ვერ მიუხვდა მაია.
- გოჩასი. ნეტავ მე ვყოფილიყავი მის მაგივრად და თუნდაც ვეცემეთ.
- რატომ, ბიჭო, რატომ ამბობ მაგას?
- თქვენი გულისთვის ორს კი არა, მთელ ბანდას შევებრძოლები, მაკოხელ!
- ჩემი გულისთვის?
ბუბა ოდნავ შეცბა.
- ჩემი გულისთვის იჩხუბეს? - გაიმეორა შეძრწუნებულმა.
- არ იცოდით? იმათ უთქვამთ, რატომ აგვაცალე ის გოგო ხელიდან, ახლოს რომ არ გაგვაკარე, შენ ვინ ხარ, ხელი რომ შეგვიშალეო და დანით გამოწეულან.
ამ ამბავმა მაიკოს თავზარი დასცა. ახლაღა მიხვდა, რამხელა შარში გახვია ბიჭი.
მეორე დილით, როცა ყველანი აიშალნენ და გოჩასთან მივიდა დასალაპარაკებლად, იმან უყვირა:
- რას მერჩოდით, მაკოხელ, ჩემი სიკვდილი გინდოდათ?
იმ დღეს მაიკომ ერთი სიცოცხლე გაათავა. როგორ უნდოდა, იმწუთასვე მომკვდარიყო. მას შემდეგ ვერა და ვერ მოინელა თავისი უნებლიე შეცდომა, რომელმაც დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაადგმევინა.
ჯავრი დირექტორზე იყარა, რომელმაც ცოტა ხნის მერე დაიბარა და საყვედური უთხრა, რატომ არ გააკონტროლეთ თქვენი რაზმის წევრებიო. აი, მაშინ კი იფეთქა.
- თქვენ? თქვენ სად იყავით იმ დროს, როცა ჩვენ ექსკურსიაზე გაგვიშვით? ქალები და ბავშვები მარტონი რომ დაგვყარეთ? თქვენ რომ იქ ყოფილიყავით, ყველა უსიამოვნებას ავცდებოდით და ეს ამბავი არ მოხდებოდა. ვინ გგონიათ თქვენი თავი, ზემოდან რომ დაგვყურებთ? მინისტრი ხართ თუ დეპუტატი?
- მე ჯერ თათბირი მქონდა, მერე კი მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიყავი, - ჩაიბურდღუნა შეცბუნებულმა "მამლაყინწამ".
- თქვენც ახლა კანონებს არ ადგენდეთ! - დასცინა მაიკომ, - ბავშვებზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, იქნებ ამიხსნათ? თუ ბანაკის დირექტორობა ფაფის ჭამა გგონიათ? - ეს უთხრა და კარი ისე გამოიჯახუნა, ლამის ჩამოაგდო ანჯამებიდან.
მერე უცნაური ჭორები მოვიდა ბანაკში, - ის ბიჭები შურისძიებას აპირებენ და ბანაკს თავს უნდა დაესხან გოჩას მოსაკლავადო. ყველანი აფორიაქდნენ. მცირეოდენი ბჭობის მერე გადაწყვიტეს, ბიჭი სასწრაფოდ თბილისში, მშობლებთან დაებრუნებინათ. ასეც მოიქცნენ. სასწრაფოდ დაურეკეს გოჩას მშობლებს, საქმის ვითარება აუხსნეს, ბილეთი უყიდეს და მატარებელში ჩასვეს, თან ერთი პასუხისმგებელი პირიც გააყოლეს, რომ ბიჭი სახლში უვნებლად დაბრუნებულიყო.
ბანაკის დამთავრებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. მაიკოს დანა პირს არ უხსნიდა. საქმის გასარჩევად არავინ მოსულა, ალბათ ამბავი მიუტანეს იმ ნაძირალებს, გოჩა იქაურობას გაარიდესო.
ამასობაში პრაქტიკის დროც ამოიწურა და მაიკო თბილისში დაბრუნდა. ეგონა, იმ უსიამოვნო ამბის დავიწყებაში დედაქალაქი უშველიდა, მაგრამ ამაოდ, საბოლოოდ დაკარგა მოსვენება. რამდენიმე დღის შემდეგ გოჩას დაურეკა და მოიკითხა. ბიჭი ამჯერად სიხარულით შეხვდა მის ზარს...

მაიკომ თვალის დახამხამებაში გაშალა სუფრა. ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ყავასთან მისაყოლებელი ნამცხვარი სახლში ყოველთვის მოეძევებოდა, მით უფრო, ბოლო დროს, როცა თანამშრომლებმა და მეგობრებმა მასთან სტუმრობას მოუხშირეს.
- ნუ წუხდები, მაკო, მე მარტო ყავას დავლევ, - თქვა გოჩამ და მოფუსფუსე ქალს ახედა.
- ვწუხდები კი არა, მსიამოვნებს. შენთვის ცხოვრებაში სუფრა არ გამიშლია, - გულწრფელი ღიმილი შეაგება მაიამ.
- არც შენი მოდუღებული ყავა დამილევია არასდროს, - შენიშნა მამაკაცმა.
მაიკომ დანანებით გადააქნია თავი.
- კარგი, დავანებოთ ამ ყველაფერს თავი. მომიყევი, რას შვრები, რას საქმიანობ... - შეცვალა საუბრის თემა.
- აბა, რა გითხრა... სკოლა დავამთავრე თუ არა, ჯარში გამიწვიეს და ავღანეთში ამოვყავი თავი. მაშინ ისეთ ხასიათზე ვიყავი, სადაც უნდა გავეგზავნეთ, ყველგან წავიდოდი, ოღონდ კი აქაურობას მოვშორებოდი. - სევდა გაერია გოჩას ხმაში, - მერე ჩამითრია სამხედრო საქმემ და ჩამოვედი თუ არა, აკადემია დავამთავრე და დავრჩი ამ სფეროში. თუ სადმე რამე ომი იყო, ყველგან ვმონაწილეობდი. მერე კათედრაზე ლექცებს ვკითხულობდი აქაც, უცხოეთშიც... კიდევ... ვხატავ... ჩემი ნახატებითაც ვაკეთებ ცოტას... პატარა ბიზნესიც მაქვს ჩემთვის, მე და დედაჩემს გვყოფნის, რა ვიცი...
- და მამაშენი?
გოჩამ ამოიხვნეშა.
- მამა გარდაიცვალა... ექვის წლის წინ.
- უი, რას ამბობ... ვწუხვარ... რა დაემართა? - მაიკომ ყავის ფინჯანი განზე გადგა და ნიკაპი ხელებზე დაიბჯინა.
- ინსულტი... აი, ამ ხელებში ჩამაკვდა, - მამაკაცმა ხელები გაშალა და ზედ დაიხედა, - დღესაც ვერ მომინელებია. ძალიან განვიცადე. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დღემდე ყოველ წელს, როგორც კი იანვარი მოახლოვდება, სახლიდან გავრბივარ და მთელი ორმოცი დღე ვიკარგები.
- რატომ? სად? - დაიბნა მაია.
- მონასტერში მივდივარ. ეს ერთადერთია, რაც შვებას მგვრის. ზუსტად ახალი წლის ღამეს გახდა ცუდად, ოცდათერთმეტ დეკემბერს, ჯერ სუფრასაც არ მივსხდომოდით... სასწრაფომ ვეღარ მოუსწრო, წამში გათავდა კაცი.
- შენ ყოველთვის ემოციური იყავი, - მაიკომ ხელზე ხელი დაადო და ოდნავ გადაუსვა.
გოჩამ დანისლული მზერა მიაპყრო.
- გედოს ხელი ასე, კარგი?
მაიამ ისევ გაიღიმა, ამჯერად ნაღვლიანად. ხელი არ აუღია.
- კარგა ხანს შოკში ვიყავი, საავადმყოფოშიც კი ვიწექი. დედაჩემს არ ეგონა, თუ გადავიტანდი. მამასთან სხვა ურთიერთობა მქონდა.
- ხო, მესმის...
- შენ? შენი ამბებიც მომიყევი.
მაიაკო ოდნავ წამოწითლდა. არ უთხრა, ავად რომ იყო. უარესად არ ვატკინო გულიო, გაიფიქრა.
- მე მწერალი ვარ, გამომცემლობაში ვმუშაობ. რა ვიცი, კარგად ვარ, მომწონს ჩემი სამსახური...
- ანაზღაურება?
- მშვენიერი. მყოფნის. ჩემს შვილსაც ვეხმარებოდი, სანამ აქ იყო და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ახლა მარტო ვარ. იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ ერთ ოჯახს კიდევ შევინახავდი, რამე რომ ყოფილიყო.
გოჩამ უცნაურად ჩაიღიმა. მე თუ შემინახავდიო, თითქოს ღიმილით ეკითხებოდა.
- წიგნები თუ გაქვს გამოცემული?
- რა თქმა უნდა... რამდენიმე. ერთ ცალს გაჩუქებ, თუ წაიკითხავ.
- რატომაც არა, სიამოვნებით. - გოჩამ ხელი ამოატრიალა და თავის ხელისგულში მოიქცია მაიკოს თითები.
ერთმანეთს შეხედეს.
- ერთი დღე არ მიცხოვრია შენზე ფიქრის გარეშე, - ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
- მე კიდევ იმდენი საზრუნავი მქონდა, წარსულზე საფიქრელად არ მეცალა, - წარბები შეყარა მაიკომ, შუბლი ნაოჭებით დაეღარა.
- შენ ქმარ-შვილი გყავდა, მე კიდევ... - აღარ გააგრძელა.
- შენ კიდევ ჩემზე ფიქრის უფლება გქონდა, - წაეშველა მაია.
- ჰო, ეგრეც შეიძლება ითქვას.
- სამაგიეროდ, სულ მახსოვდი, არ დამვიწყებიხარ.
გოჩამ ოდნავ მოუჭირა თითებზე. მაიკომ თვალები დახარა.
- შენ პირველი გოგო იყავი, ვისაც ვაკოცე, - მოულოდნელად გაეცინა გოჩას.
- ვიცი. კოცნა მე გასწავლე. - მაიკომაც ვერ შეიკავა სიცილი.
- მაი, მტრები გყავს? - მოულოდნელად სრულიად სერიოზული სახით ჰკითხა გოჩამ.
- მტრები? რა ვიცი, მე მგონი, არა. არავისთვის არაფერი დამიშავებია და... - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- აუცილებელია ვინმეს რამე დაუშავო, რომ მტრები გაიჩინო?
- აბა, ისე რატომ უნდა გიმტროს ვინმემ? - გაიოცა მაიამ.
- რა ვიცი... იქნებ ვინმეს შურს შენი.
- კარგი, რა, შესაშური არაფერი მაქვს, - ხელი აიქნია ქალმა და წამოდგა, - ხომ არ გშია? კვერცხი მაქვს მხოლოდ, შემიძლია შევწვა.
- არა, არ მშია. რა დროს საჭმელია, როცა შენ გხედავ, - კვლავ დაენისლა მამაკაცს თვალები.
მაიკო ისევ დაჯდა, მაგრამ ამჯერად ხელები კალთაში ჩაიწყო.
- რაც იყო იმას ვერ დავაბრუნებთ, - ჩამქრალი ხმით ამოთქვა.
- ვიმეგობროთ მაინც, ამას წინ რა დაუდგება?
- რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ.
- დაგირეკავ ხოლმე, ხომ შეიძლება?
- როგორ არა, როცა გაგიხარდება. სტუმრადაც შეგიძლია მოხვიდე.
- თუკი მიმიღებ...
- ყოველთვის მიგიღებ, რა სისულელეა.
- მადლობა. წავალ ახლა, ისედაც მოგაცდინე.
- არა, რა მომაცდინე... დარჩი ცოტა ხანს, თუ არ გეჩქარება, - გაწითლდა მაია.
- თუ უხერხულობას არ გიქმნის ჩემი აქ ყოფნა...
- ეგ მეორედ არ გაიმეორო, იცოდე, თორემ მეწყინება...
გოჩა დარჩა. კარგა ხანს ისაუბრეს. მამაკაცმა - თავის გეგმებზე, ქალმა - თავის წიგნებზე. იმან - თავის მეგობრებზე, ამან - თავის დაქალებზე, იმან - ბავშვობაზე, ამან - სტუდენტობის წლებზე, მაგრამ არაფრის დიდებით არ გადმოულაგა გოჩას მასთან განშორების შემდეგ გადატანილი ტკივილის ამბები.
უკვე გვიანი ღამე იყო, გოჩა რომ წავიდა.
- თავს გაუფრთხილდი, - დამშვიდობებისას ყურში ჩასჩურჩულა ქალს და გულში ჩაიკრა, მთელი ძალით შეისუნთქა მისი სურნელი.
- შემისუნთქე? - გაიხსენა მაიამ წარსულში ძალიან ნაცნობი შეკითხვა.
- ჰო და ერთი კვირა ვიმყოფინებ, - წარსულში ძალიან ნაცნობი პასუხი გასცა მამაკაცმა, ქალის ნაჩუქარი წიგნი გულზე მიიხუტა და წავიდა...

შაბათს მაიკო დილიდანვე შეუდგა სამზადისს. დღეს თემოსთან ერთად კინოში მიდიოდა. ექვსაათიან სეანსზე უნდა შესულიყვნენ. მთელი დღე რაღაცნაირად აფორიაქებული იყო, გული საგულეში არ ეტეოდა. თითქოს ახალგაზრდობის წლები დაუბრუნდა. განა რამეს განიცდიდა თემოს მიმართ, ფიქრით გოჩაზე უფრო ფიქრობდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, რომ თემოსთან ერთად ფილმი უნდა ენახა. თან თითქოს დანაშაულს გრძნობდა, რომ ასე იქცეოდა. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, რომ მის ცოლთან ცუდად გამოსდიოდა.
ექვსის ნახევარზე კინოთეატრის წინ იყო დარჭობილი. თვალებით დიდხანს ეძება თემო, მაგრამ ვერსად დალანდა. ამ დროს მობილურზე დაურეკეს.
- მაიკო, სად ხარ?
- გარეთ ვდგავარ, თემო, შენ?
- სალაროებთან მოდი. აქ ვართ.
ვართო? ნეტავ ვისთან ერთადაა? გაუკვირდა მაიას და სალაროებისკენ გასწია.
მამაკაცს ვიღაც ქალი ახლდა, მაიაზე ახალგაზრდა და სანდომიანი. როგორც კი მათ მიუახლოვდა, ქალმა გაუღიმა.
- გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა, ნათია, - თემომ ქალისკენ გაიშვირა ხელი, - ეს კი მაიაა, ჩემი ბავშვობის მეგობარი.
- ახლა კი პაციენტი, - დაამატა მაიამ და თემოს მეუღლეს ხელი ჩამოართვა, - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ნათია.
- ჩემთვისაც, - ნათიას ღიმილი არ მოშორებია ტუჩებიდან და მაია მიხვდა, თემოს ცოლმა მასზე ყველაფერი იცოდა. იცოდა, რომ იგი განწირული იყო სასიკვდილოდ, ამიტომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა.
გუნება გაუფუჭდა. ნამდვილად არ ელოდა, თუ თემო ცოლთან ერთად გამოეცხადებოდა. ან კი რა საჭირო იყო? მაიას ხომ არ უთხოვია, კინოში წამიყვანეო? შეეძლო, საერთოდ არ დაეპატიჟა. ახლა რა გამოვიდა? აშკარად ზედმეტად იგრძნო თავი, თუმცა უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა. ბუტია გოგოსავით ვერ მოიქცეოდა, თავი ამტკივდა და სახლში წავალ, ფილმის ყურება არ მინდაო. არც წყენა შეიმჩნია და მორჩილად შეჰყვა დარბაზში წინ მიმავალ წყვილს.
მაია ნათიას გვერდით დაჯდა.
- გოგოებო, რამე ხომ არ მოგიტანოთ? - თემო უხერხულობის განმუხტვას შეეცადა.
- მე არაფერი მინდა, - შორს დაიჭირა მაიკომ.
- არც მე, - ღიმილით გამოხედა ნათიამ და ქმარს მკლავში ხელი გაუყარა.
იმავე წუთს დარბაზში სინათლე ჩაქრა და ფილმი დაიწყო. მაიას მხოლოდ ახლაღა მოეხსნა დაძაბულობა, თუმცა ფილმი ისე დამთავრდა, ნახევარი ვერ გაიგო, რა ხდებოდა. მთელი საათ-ნახევარი ამ უცნაურ შეხვედრაზე ფიქრობდა. ყველანაირად შეეცადა, გამართლება მოეძებნა თემოს საქციელისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. ნუთუ შეეშინდა, ცდუნებამ არ მძლიოსო? მაიკო რა, კისერზე ჩამოეკიდებოდა? ეს ხომ აბსურდია? განა რამე აგრძნობინა? იმ ძველი, ბავშვობის დროინდელი გრძნობისგან ხომ ისედაც არაფერი იყო დარჩენილი?
სეანსის დამთავრების შემდეგ ბევრი ეხვეწა ცალკე თემო, ცალკე ნათია, სადმე კაფეში დავსხდეთო, მაგრამ არაფრით არ დათანხმდა. ძალიან დავიღალე და მირჩევნია, შინ წავიდე, დავისვენოო.
თემომ ტაქსი გაუჩერა და ფულიც გადაუხადა. მაიკო თბილად დაემშვიდობა ორივეს და უკანა სალონში მოთავსდა.
ინანა, რომ წამოვიდა. რატომღაც, ძალიან განიხიბლა. თემური იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. გოჩა ასეთ რამეს არასდროს გააკეთებდა... სხვათა შორის, არც გოგა...

ბანაკიდან თბილისში დაბრუნებულმა გოჩასთან ურთიერთობა განაახლა. ბიჭი ხშირად ურეკავდა, უნივერსიტეტშიც აკითხავდა. ფეხით დაუყვებოდნენ ხოლმე ჭავჭავაძის გამზირს და რუსთაველამდე ჩადიოდნენ. ყველაზე მეტად ალექსანდრეს ბაღში უყვარდათ დაჯდომა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მაიამ, რომ გოჩა სკოლის მოსწავლე იყო. უბრალოდ, რაღაცნაირად დავალებულად გრძნობდა გოჩას წინაშე თავს. იმ უნებლიე დანაშაულის გამო, რომელიც მის წინაშე მიუძღოდა, სინდისი ქენჯნიდა და მის გამოსყიდვას ლამობდა. თან სიამოვნებდა, ასეთი ბავშვური რომ იყო. ბიჭი სულ ტრაბახობდა - თავისი მშობლებით, თავისი თავით. მამაჩემს ტოიოტა ჰყავსო, ეუბნებოდა, თბილისში მის მეტს ტოიოტა არავის ჰყავსო. მაიას არ სჯეროდა ამის, მაგრამ მაინც ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მის ნათქვამში ეჭვიც არ ეპარებოდა. ერთხელაც გამოუცხადა, დედაჩემს შენზე მოვუყევი, იცის, რომ მიყვარხარ და ჩემი ესმისო. ამის გაგონებამ მაიას თავზარი დასცა. წამითაც არ უფიქრია გოჩას შეყვარება, თუმცა, არც იმაზე უფიქრია არასდროს, რატომ ხვდებოდა ასეთი სიხშირით მასზე ექვსი წლით უმცროს ბიჭს, რომელსაც ჯერ რძე არ შეშრობოდა პირზე.
გაგრძელება