ონლაინრომანი "თვითმკვლელობა დაკვეთით"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
რომანის დასაწყისიგვიანი შემოდგომა იყო. გოჩა იმ დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ჩანდა. ჩვეული მარშრუტი გაიარეს, ფეხით გავიდნენ რუსთაველზე. მერე გოჩამ უთხრა, დედაჩემს შენთან დალაპარაკება უნდა და შეიძლება დაგირეკოსო. მაიაც დათანხმდა, რა პრობლემაა, დამირეკოსო.
ზარმაც არ დააყოვნა. ქალბატონმა ნინომ საღამოს დაურეკა.
- მე ნინო ვარ, გოჩას დედა, - ქალს სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
- გამარჯობათ, ქალბატონო ნინო. გოჩამ მითხრა, რომ ჩემთან დალაპარაკება გსურდათ.
- ჰო, მინდოდა თქვენთან საუბარი, თუ უხერხული არ იქნება და მომისმენთ.
- რა თქმა უნდა, გისმენთ, საუხერხულო არაფერია.
- მაია, გიყვართ ჩემი შვილი?
- კი, როგორ არა, ქალბატონო ნინო, ძალიან მიყვარს, - გულუბრყვილოდ მიუგო.
- მასაც ძალიან უყვარხართ, მაგრამ... არ ვიცი, როგორ გითხრათ... სკოლის მოსწავლისთვის ცოტა ნაადრევი მგონია თქვენი ასაკის გოგოს შეყვარება.
- რა-ა? როგორ, გოჩა სკოლის მოსწავლეა? - მაიკოს ელდა ეცა.
- არ იცოდით?
- არა, მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს. უფრო სწორად, მითხრა, რომ სკოლა წელს დაამთავრა.
- არა, მომავალ წელს ამთავრებს.
- მე... - დაიბნა მაიკო, - თქვენ ალბათ არასწორად გამიგეთ, როცა გითხარით, მიყვარს-მეთქი. მე... ისე... მეგობრულად, შინაურულად მიყვარს.
- ეჭვიც არ მეპარება. სხვანაირად არც დამიშვია. სხვა თუ არაფერი, თქვენსა და ჩემ შორის მხოლოდ ცამეტი წელია სხვაობა. მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა გთხოვოთ.
- გისმენთ, ქალბატონო ნინო.
- რაც ბანაკიდან ჩამოვიდა, ვერ ვცნობ, ძალიან შეიცვალა, სკოლაში აღარ დადის, გაკვეთილებს აცდენს. მხოლოდ თქვენი სახელი აკერია პირზე. წიგნის ხელში აღებაც აღარ უნდა. არადა, დამამთავრებელ კლასშია, ახლა თუ არ ისწავლა, დაიღუპება.
- მე რა შემიძლია? - ხმა შეეცვალა მაიკოს.
- უბრალოდ, ხელი არ ჰკრათ. თანაგრძნობით მოეკიდეთ, გთხოვთ. როგორმე დავამთავრებინოთ სწავლა და რომ მოეწყობა, მერე აღარ მეშინია. მანამდე...
მაია მიუხვდა. ეს არ იყო ძნელი საქმე, როგორმე მოაგვარებდა.
- არ არის პრობლემა, ქალბატონო ნინო, მე ყველანაირად გვერდით დავუდგები. იმედია, დამიჯერებს და...
- თქვენი იმედი მაქვს, მაია. ერთადერთი ხართ, ვისაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია....
და აი, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ჯერ ეჩხუბა გოჩას, რატომ დამიმალე, თუ მოსწავლე იყავიო. იმან თავი იმართლა, სხვანაირად პატარა ბიჭივით მომექცეოდიო. გაოცდა მაია, განა ასე არ ექცეოდა? ნუთუ გოჩა ვერ ხვდებოდა ამას? თავს რომ უტოლებდა, განა იმას ნიშნავდა, რომ მის მიმართ სხვა გრძნობა გააჩნდა? ერთი ხანობა ისე იყო გაბრაზებული, მისი ხმის გაგონებაც არ სურდა, მაგრამ დედამისისთვის პირობა ჰქონდა მიცემული და სიტყვას ვერ გადავიდოდა.
მოუხშირეს ერთმანეთის ნახვას. როცა ნახვას ვერ ახერხებდნენ, საათობით იყვნენ ტელეფონზე ჩამოკიდებული. ვერც გაიგო მაიკომ, როგორ შემოეპარა გულში სიყვარული. კარგა ხანს ვერ გააცნობიერა, რომ ეს ცხვირმოუხოცავი ბავშვი შეუყვარდა. ჭკუას არიგებდა, რჩევებს აძლევდა, გამუდმებით ეკითხებოდა, როგორ სწავლობდა, ამ საგანში რა წინსვლა გაქვს, იმ საგანში როგორაა საქმეო...
გოჩამ თანდათან მართლა მოუმატა სწავლას. გარდა ამისა, რეპეტიტორებთანაც დადიოდა და კეთილსინდისიერად ემზადებოდა უმაღლესში ჩასაბარებლად.
ერთხელაც გოჩა ავად გახდა. შუა ზამთარი იყო და ვარჯიშიდან წამოსული გაცივებულა. ფილტვების ანთება დაემართა, ორი კვირა იწვა და მკურნალობდა.
მაიკოს ამ ორი კვირის განმავლობაში თავისი დაემართა. ბიჭის უნახაობა კლავდა, ადგილს ვერ პოულობდა. სანახავად მისვლა ვერ გაბედა, თუ დაურეკავდა ხოლმე. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ გოჩას გარეშე ვერ ძლებდა, ისევე როგორც უწყლოდ და უჰაეროდ.
მერე კიდევ ორი კვირა ვერ ნახა. კი გამოკეთდა გოჩა, მაგრამ შინიდან არ უშვებდნენ, ვაითუ, ისევ გაცივდესო. მაიკოს ბრაზი მოსდიოდა თავის თავზე, ეს რა მემართება, ასე როგორ ამერია გონება, პატარა ბიჭზე ფიქრი როგორ ამეკვიატაო. თან ეს ისეთი ამბავი იყო, რომელსაც ვერავის ეტყოდა. როგორ ეთქვა დაქალებისთვის, სკოლის მოსწავლე მიყვარსო? შაყირით აიკლებდნენ. რამდენჯერმე სცადა, იქნებ როგორმე ამოვიგდო მასზე ფიქრი გონებიდანო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამუდმებით გოჩაზე ფიქრობდა.
რა დაავიწყებს ამ ამბების შემდეგ მათ პირველ შეხვედრას. გოჩამ დაურეკა, ინგლისურის მასწავლებელთან ვარ, წერეთელზე, გამოფენასთან, შვიდ საათზე ვამთავრებ და იქნებ გამოხვიდე, რომ ერთი წუთით მაინც გნახოო.
გავიდა კი არა, გაფრინდა. ტაქსი გააჩერა და გავარდა. როგორც კი გოჩა კორპუსის კუთხიდან გამოჩნდა, მიეჭრა და ისე ჩაეკრა გულში, თითქოს მთელი წლის უნახავი ჰყოლოდა...
ისევ განაახლეს შეხვედრები. ამჯერად ფეხით სიარულს მოუკლეს. მაიკოს ეშინოდა, ისევ არ გაცივდეს და მე არ დამბრალდესო, ამიტომ ძალიან ცოტა ხნით ხვდებოდნენ ერთმანეთს, სულ რამდენიმე წუთით. მაიასთვის ეს რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო.
ამასობაში ვერც შეამჩნია, როგორ ჩამოსცილდა მეგობრებს. ჯგუფელები საყვედურობდნენ, ჩვენთან ერთად არსად დადიხარ, სულ ჩაიკეტე შენს თავში, რა გემართებაო. ვერ გაბედა მათთვის გული გადაეშალა. იცოდა, ამნაირ ნაბიჯს არავინ მოუწონებდა.
შემდეგ გაზაფხული დადგა, დათბა. ახლა უკვე შეიძლებოდა ფეხით სეირნობა. ისევ და ისევ ალექსანდრეს ბაღი ამოიჩემეს. სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუ ორჯერ და სამჯერ არა.
ერთ დღესაც, შაბათი იყო, ქაშვეთის ეკლესიის წინ, გაჩერებაზე შეხვდა. ჩავიდნენ პარკში და ამოჩემებულ მერხზე დასხდნენ. საღამო ხანი იყო, ცოტა გრილოდა. გოჩამ ხელი გადახვია. იმ პერიოდში უკვე იცოდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ. გოჩა ბედნიერებით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. აი, მოვეწყობი წელს და ეგრევე ცოლად შეგირთავო. მაიას ამაზე ეცინებოდა. მერე შენი მშობლები რას იტყვიანო? იმათ იციან და თანახმანიც არიანო. იცოდა მაიამ, რომ ბიჭი ატყუებდა, მაგრამ არ ეწინააღმდეგებოდა. თავი მხარზე დაადო. მერე ნელა მიიბრუნა მისკენ ტუჩები და გოჩას ყელზე აკოცა. იმანაც დახარა თავი და ლოყაზე აკოცა. კარგა ხანს ასე ისხდნენ, გაჩუმებულნი და გულაჩქროლებულნი. თითქოს ერთმანეთის გულების ბაგაბუგი ესმოდათ. მერე რაღაცნაირად, თავისდა უნებურად მოხდა ისე, რომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. გოჩასთვის ეს პირველი კოცნა იყო, მაიკოსთვის - არა. რადგან თავად გამოიჩინა ინიციატივა, ისე გამოვიდა, რომ თან კოცნიდა, თან ასწავლიდა, მას როგორ ეკოცნა...
რა ბედნიერები იყვნენ მაშინ. ეს პირველი დღე იყო, როცა თითქმის არ ულაპარაკიათ. უბრალოდ, ისხდნენ თავიანთვის ჩუმად, კოცნიდნენ ერთმანეთს და მხოლოდ მათი სხეულები საუბრობდნენ.
ექვსი წლით იყო ბიჭზე უფროსი, მაგრამ მასზე მეტი ჭკუა კი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, აანალიზებდა იმას, რომ სასაცილო მდგომარეობაში იგდებდა თავს, მაგრამ რომ უყვარდა? ამისთვის რა მოეხერხებინა? იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ამ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა, რომ არავინ მოუწონებდა საქციელს, მაგრამ უკან დახევაც არ შეეძლო. სწორედ იმ დღეს უთხრა პირველად, მიყვარხარო. ამან მთლად გააგიჟა ბიჭი. ვინ იცის, რამდენი თვე ელოდა ამ სიტყვას.
იმ დღეს თითქოს როლები გაცვალეს - მაია იყო ბიჭი, გოჩა კი - გოგო. კარგი ჯენტლმენივით გააცილა ბოლოს, სახლამდე ტაქსით მიიყვანა, კორპუსთან ჩამოსვა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა შინ. მოსვლისთანავე დაურეკა და ჰკითხა, ხომ ახვედი სახლში, ხომ კარგად ხარო. როცა დარწმუნდა, რომ გოჩა უკვე შინ იყო და სანერვიულო აღარაფერი ჰქონდა, დამშვიდდა...
გამუდმებით ასე იყო. თუ მას ხედავდა, მშვიდად იყო, დასცილდებოდა და ნერვიულობდა. სხვა რამეებზე ვეღარ ფიქრობდა, თვალწინ სულ გოჩას სახე ედგა, ყურებში მისი ხმა ჩაესმოდა. უკვირდა, ბანაკში ასეთი სიტყვაძუნწი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ენას რომ არ აჩერებდა, სულ ხუმრობდა და იცინოდა. სიამოვნებდა მაიას, ამხელა ბედნიერებას რომ ანიჭებდა მისთვის საყვარელ ადამიანს. სიამოვნებდა და თან ეშინოდა. იცოდა, რომ ამ ურთიერთობას ერთ მშვენიერ დღეს წერტილს დაუსვამდა. არადა, არ ემეტებოდა. იმდენად კარგად იყო, იმდენად სავსე, ისეთი ნათელი შემოჰქონდა გოჩას მის ყოველდღიურ ყოფაში, ვერ ელეოდა. ყოველი შეხვედრის ბოლოს ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს, გოჩა "შეისუნთქავდა" მისი სხეულის სურნელს, მთლიანად, სრულად... "შეგისუნთქე", - ეტყოდა ჩურჩულით და გაუღიმებდა. მერე ეს "შესუნთქვა" გოჩას მომავალ შეხვედრამდე ჰყოფნიდა. მაიაც ანალოგიურად იქცეოდა, იმ ერთ მაგიურ სიტყვას თვითონაც იტყოდა ჩურჩულით და ისიც გაუღიმებდა. მაგრამ მას შემდეგ შეხვედრამდე არ ჰყოფნიდა ბიჭის სურნელი. რამდენიმე საათი გავიდოდა და კვლავ ენატრებოდა, კვლავ მასთან ყოფნას ელტვოდა. ერთად გატარებული საათების განმავლობაში ისიც გოჩას ტოლი იყო, პატარა გოგოსავით ერთობოდა. გარეგნულად არც ეტყობოდათ ასაკობრივი სხვაობა, მაიკო კაფანდარა იყო, პატარა სახე ჰქონდა, პატარა ნაკვთებით და ოც წელსაც კი არავინ მისცემდა.
ასე გაიარა გაზაფხულმა. ივნისი დადგა. დაიწყო გამოცდების ციებ-ცხელება. გოჩას - გამოსაშვები გამოცდები ელოდა წინ, მაიას - საკურსო. ახლა ისე ხშირად ვერ ახერხებდნენ შეხვედრას, მაგრამ ტელეფონით კონტაქტობდნენ.
იმ დღეს ბოლო გამოცდა ჰქონდა. გოჩამ ეს იცოდა და უნივერსიტეტში მიაკითხა. უზარმაზარი თაიგული მიუტანა, წითელი ვარდების. მაიამ უნივერსიტეტის კიბე ჩაირბინა და ყვავილების დანახვაზე ისედაც ციმციმა თვალები უფრო აუციმციმდა.
- ჩემია? - ვითომ მიამიტი ბავშვივით ჰკითხა.
- ჰო, მაგრამ ჯერ არ გაძლევ, - გოჩამ თაიგული ზურგს უკან დამალა.
- რატომ?
- წამო, წავიდეთ და გზაში გეტყვი, მანქანა გველოდება.
მაიკომ გოჩას მზერას თვალი გააყოლა და სუნთქვა გაუჩერდა. გზისპირას მერსედესი იდგა, რომელიც ბიჭებით იყო სავსე, ორნი იყვნენ ან სამნი. ისე ანერვიულდა, სათვალავი აერია, თვალები დაებინდა. მიხვდა, რომ გოჩა მოტაცებას უპირებდა.
- რამდენი გამოცდა დაგრჩა? - ცოტა არ იყოს, შეკითხვა ცივად გამოუვიდა.
- არც ერთი, გუშინ მოვრჩი, ხომ დაგირეკე? - გოჩას სახე შეეცვალა.
ჰო, დაურეკა და უთხრა, გამოცდებს მოვრჩიო. ისე აებნა მაიკოს გონება, აღარ გაახსენდა. არადა, აშკარა იყო, გოჩამ მოატყუა. სკოლის გამოცდები ივნისის ბოლომდე გრძელდებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მის მორიგ ტყუილზე არც გუშინ გაამახვილა ყურადღება.
- რატომ მეკითხები? - ბიჭის ხმამ ფიქრებიდან გამოაფხიზლა.
- ეს ბიჭები რატომ მოიყვანე? - განხიბლული ხმით შეეკითხა.
- ისე, - მხრები აიჩეჩა ნირწამხდარმა. თეთრი პირისახე რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაწითლდებოდა, მაგრამ მისი ფერის კანს სიწითლე რას დააკლებდა? თუმცა მაიკომ შეამჩნია, როგორ შეუტოკდა კუნთი ქვედა ყბაზე და მიხვდა, გოჩაც ანერვიულდა.
- ისე არაფერი არ ხდება, გოჩა! - გაღიზიანებული ტონით მიმართა და ვერც მიხვდა, ხმას როგორ აუწია, - ხომ იცი, რომ ვერაფერს გამომაპარებ. ვიცი, რისთვისაც ხარ მოსული, ამიტომ მაგ მანქანაში არ ჩავჯდები. თუ ჩემი ცოლად მოყვანა გინდა, მოვიდნენ შენი მშობლები და მითხრან, რომ თანახმანი არიან, სხვა შემთხვევაში მე შენ არ გამოგყვები, გასაგებია?
ბიჭს შუბლი შეეჭმუხნა.
- ჩემი მშობლები რა შუაშია? შენ მე უნდა გამომყვე, მაგათ კი არა.
- აი, ხედავ? შენ თვითონ ეწინააღმდეგები შენს თავს. იცი, რომ ამას არ მოგიწონებენ. მოგიწონებენ კი არა, შეიძლება სახლშიც არ შეგიშვან. ძალიან დიდი ბოდიში, არავის გასალანძღი თავი არ მაბია. არ გამოვა ეგ საქმე, დამიჯერე. მე შენი ცოლი ვერ გავხდები. თუ მოიცდი ხუთი-ექვსი წელიწადი, მერე ვნახოთ.
- რა-ა? თან მოვიცადო და თან "მერე ვნახოთ"? - დაცეცხლა გოჩას, - და შენ მეუბნები, რომ გიყვარვარ?
მისმა სიტყვებმა მაიას გული ატკინა, ძალიან ატკინა, მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა. გაახსენდა დედამისი, როგორი გამაფრთხილებელი ტონით უთხრა მაშინ, როგორც კი სკოლის გამოცდებს მორჩება, თქვენი ურთიერთობაც უნდა დამთავრდესო. ზუსტად ამ სიტყვებით არ უთქვამს, მაგრამ ქვეტექსტებით მიანიშნა. ახლა ზუსტად ის დრო იყო, როცა ამ ურთიერთობისთვის წერტილი უნდა დაესვა, საბაბიც თავისთავად გამოჩნდა.
- როგორც ჩანს, არ მყვარებიხარ... - ჩაწყვეტილი ხმით ჩაილაპარაკა, - რადგან ჩემთვის შენი მშობლების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის. ამიტომ აჯობებს, დავშორდეთ ერთმანეთს აქ და ახლავე.
გოჩა გაშრა. ყბები ისე მოკუმა, სახე დაეძაბა. მაიკო შეემზადა. ეგონა, ბიჭი აღშფოთდებოდა, მწარე-მწარეს ეტყოდა, მანქანაში ძალით ჩასმას დაუპირებდა, მაგრამ სრულად საპირისპირო რამ მოხდა.
მოულოდნელად გოჩამ ზურგს უკან დამალული თაიგული პირდაპირ სახეში ესროლა, ზედ ზიზღით სავსე მზერაც მოაყოლა, გატრიალდა და მანქანისკენ წავიდა.
დარჩა მაიკო გახევებული, შეურაცხყოფილი და დამცირებული, ყველა სიკეთესთან ერთად - მიტოვებულიც...
ის დღე იყო და ის დღე. გოჩა არ გამოჩენილა. არც დაურეკავს. არც მოუკითხავს. თითქოს ცამ ჩაყლაპა... ან მიწამ... ან ჰაერში აორთქლდა...
მაია მაინც ელოდა. ეგონა, ბიჭი მის გარეშე ვერ გაძლებდა. ეგონა, აუცილებლად შეახსენებდა თავს. ადრეც ბევრჯერ უჩხუბიათ და პირველი ყოველთვის გოჩა დგამდა შესარიგებელ ნაბიჯს - პირველი რეკავდა.
გაუჭირდა. ისე გაუჭირდა, რომ დეპრესია დაეწყო. იმ დღესვე, გოჩას რომ დაშორდა, ცუდად გახდა, ძლივს მოასულიერეს გოგოებმა. პირველად მაშინ გაუმჟღავნა დაქალებს მისი არსებობის ამბავი. პირველად მაშინ მოუყვა სხვებს თავისი სიყვარულის შესახებ. ყველამ თანაგრძნობით მოუსმინა. მაიკო ამას არ მოელოდა. ეგონა, დასცინებდნენ, ჭკუის სწავლებას დაუწყებდნენ, მაგრამ არა. პირიქით, ყველამ თანაუგრძნო. უსაყვედურეს და დატუქსეს კიდევაც, მაგის დედას რას დაეძებ, თუკი ერთმანეთი გიყვართ, ბოლოს და ბოლოს, მოულბება გული და ეგ იქნება. არასასურველი რძლის გამო რომელ დედას დაუკარგავს შვილიო. მით უფრო, შენ ისეთი ხარ, აუცილებლად შეაყვარებ თავს, როცა ოჯახში შეხვალო.
მაია მწარედ ტიროდა. მეგობრების შეგონებას უპასუხოდ ტოვებდა, უბრალოდ, ტიროდა და ტიროდა.
არა, თვითონ ერთი ნაბიჯის გადადგმასაც არ აპირებდა. მას შემდეგ, რაც გოჩამ გააკეთა, პირველი როგორ უნდა შეხმიანებოდა? ბიჭმა ყვავილები სახეში შეაყარა, გულში ალბათ შეაგინა კიდევაც ერთი გემრიელად და ზურგი აქცია. აბა, სხვას რას ელოდა? ყურებამდე შეყვარებულ ადამიანს, ბედნიერებით მეცხრე ცაზე რომ დაფრინავდა, მოულოდნელად გამოუცხადა, არ მყვარებიხარო და რა, აღტაცებული ტაშს შემოკრავდა? მადლობას გადაუხდიდა და ხელებს დაუკოცნიდა? თავმოყვარე კაცი ყველა მასავით მოიქცეოდა.
თავს მაინც იმშვიდებდა. დარწმუნებული იყო, რომ გოჩა გამოჩნდებოდა. ის კი... სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან.
დრო გადიოდა, ტკივილი - არა. წყენამ გაუარა, სიყვარულმა - არა. რაც უფრო მიუწვდომელი რჩებოდა გოჩა, მით უფრო ენატრებოდა, მით უფრო გაუსაძლისი ხდებოდა მის გარეშე არსებობა.
დეპრესიამ პიკს მიაღწია. შემოდგომაზე ლოგინად ჩავარდა და ორი თვე ფეხზე ვეღარ დგებოდა. არ ჭამდა, არაფერს არ აკეთებდა, უაზროდ თვალებგახელილი იწვა ლოგინში და ფიქრობდა... ფიქრობდა გამოზოგილად. ყოველდღე მათი გაცნობის თითო დღეს იხსენებდა. იხსენებდა დეტალებში, წუთებში, წამებში, საათებში... მერე მეორე დღეს ელოდებოდა, რომ სხვა დღის მოგონებები გაეცოცხლებინა.
უძილობა დასჩემდა. ანტიდეპრესანტებს მიეძალა. თავიდან კი უშველა, მაგრამ ორგანიზმი რომ მიეჩვია, მერე წამლებიც ვეღარ აძინებდა. ყველას ძალიან შეეშინდა, რადგან მისი ავადობა ძალიან ჰგავდა ფსიქოზს. რომ არა თათია, თავისი კლასელი, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გამოვიდოდა მდგომარეობიდან. გამოვიდოდა კი არა, შეიძლებოდა უფრო გამწვავებოდა სენი და სამუდამოდ დეპრესიაში ჩარჩენილიყო. თათია აიძულებდა, ამდგარიყო, გაევლო, გამოევლო, მისთვის ყავა მოედუღებინა. მთელი დღე ეტიტინებოდა, ენას არ აჩერებდა. რას აღარ იხსენებდა სკოლის პერიოდიდან, მაიკოსთვის სრულიად დავიწყებულ ამბებს გამოქექავდა და ცდილობდა, მეგობარი გაეცინებინა, საუბარში აეყოლიებინა. ჯერ ოთახიდან ოთახში დაატარებდა, მერე ნელ-ნელა აივანზე გაიყვანა, მერე - ეზოში, მერე - ქუჩაში და, ექვსი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მაიკომ პირი ამ ქვეყნისკენ ქნა, შემობრუნება დაიწყო. ჯერ ღიმილი გამოესახა ტუჩებზე, ცოტა ხნის შემდეგ გაიცინა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ გაიხუმრა და ასე, ნელ-ნელა კვლავ ნორმალურ ადამიანს დაემსგავსა. ახლა უკვე შემიძლია გათხოვებაო, წამოიძახა გახარებულმა თათიამ, როცა დაქალი ფეხზე დააყენა და... ორიოდე თვეში მართლაც გათხოვდა. ისედაც ობლობაში გაზრდილ მაიკოს მარტო დარჩენა არ გასჭირვებია. თუმცა მარტო სულაც არ იყო. გოჩაზე ისევ და ისევ ფიქრობდა. ეს ფიქრები კი იმდენად ავსებდა, რომ მარტოობაზე არ წუხდა. იმ პერიოდში წერაც დაიწყო. დაიწყო და აღარ გაჩერებულა. როცა პირველი რომანი ჩაამთავრა, მაშინვე თათიას დაურეკა და სთხოვა, წაეკითხა. იმანაც არ დააყოვნა, მოვიდა და ხელნაწერი წაიღო. წაიკითხა, შეუქო, გამომცემლობაში მივიტანოთო, ურჩია. ასე რომ, მისი პირველი ცენზორი ძალაუნებურად ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მისი რჩევა გაითვალისწინა და მართლაც მიიტანა ერთ-ერთ გამომცემლობაში. მოუწონეს, მაგრამ კარგა ხანს ალოდინეს, სანამ დაუბეჭდავდნენ. იმ წლებში ცოტა არეული იყო ქვეყანა და ადვილად არაფერი კეთდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დააყენეს საშველი და მისი პირველი წიგნიც გამოიცა. რომანს დიდი მოწონება ხვდა წილად.
მალე პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. შემდეგ სამსახურიც შესთავაზეს, ამასობაში ნიკაც გაიცნო და მის ცხოვრებას აზრი მიეცა...
გოჩამ ქუჩა გადაჭრა და თექვსმეტსართულიანი კორპუსის კუთხეში გაჩერებულ მანქანაში ჩაჯდა. მაიკოს ნაჩუქარი წიგნი გვერდით, სავარძელზე დადო და მანქანა დაქოქა. ნელა, ძალიან ნელა გაუდგა გზას, ძლივს მიღოღავდა. უკან მომავალი მანქანები წარამარა უსიგნალებდნენ, მაგრამ სიჩქარისთვის არ მოუმატებია, ვისაც გასწრება უნდოდა, მოახერხებდა, ის ხელს არავის უშლიდა. ნელა მოძრაობდა, რადგან ფიქრებში იყო ჩაფლული. მაიკოს ბედი აშფოთებდა. გულს მხოლოდ ერთი კითხვა უღრღნიდა. ვის უნდა ნდომებოდა მისი სიკვდილი. მართალია, დაკვეთა მას უნდა შეესრულებინა და ამას არასდროს დაუშვებდა, მაგრამ ეს გამოსავალი არ იყო. მის მაგივრად სხვას დაიქირავებდნენ და საქმეს ის სხვა დაამთავრებდა. არ ეყო გამბედაობა, ყველაფერი მოეყოლა მისთვის. ვერ უთხრა, ქილერი ვარ და ფულს ამით ვაკეთებო. ბოლომდე ისიც ვერ უთხრა, როგორი მძიმე პერიოდი გამოიარა, როგორ გაუჭირდა მის გარეშე და როგორ გაუმრუდდა ცხოვრება. დროდადრო ამართლებდა კიდევაც ქალის საქციელს, მაგრამ ხანდახან ისე შეიპყრობდა ბრაზი, მასზე ფიქრიც არ სურდა. დედას რამდენიმე წელი საშინლად ეპყრობოდა. არ აპატია მშობელს, საყვარელ ქალს რომ დააშორა. არასდროს დაავიწყდება ის დღე, შინ მისულმა ნინოს რომ უთხრა, მაკოს დავშორდიო.
- რატომ? - ისე გულგრილად ჰკითხა დედამ, თითქოს ვიღაცის ამბავს იგებდა.
- როგორც ჩანს, არ ვყვარებივარ, ამდენი ხანი მატყუებდა თურმე, - ბიჭი კბილებს აღრჭიალებდა, ისე გახშირებულად სუნთქავდა, ნინოსაც კი ესმოდა.
- და რა, ეს მანამდე არ იცოდი? მე ვიცოდი და შენ არ იცოდი? - დედას თავი არ აუღია, გამალებული აგრძელებდა ქსოვას.
- შენ საიდან იცოდი? - გაოცებულმა ბიჭმა კოპები შეიკრა და დედას წინ დაუდგა.
- თვითონ მითხრა.
გოჩას თვალები გაუფართოვდა.
- რა გითხრა თვითონ... როდის გითხრა?
- მაშინ, როცა ტელეფონზე ველაპარაკე.
- რაღაცას მატყუებ, ნინო! - ხმას აუწია გოჩამ, - შენ არ მითხარი, მაიამ ასე თქვა, მიყვარსო?
- ჰო, გითხარი, მაგრამ მოგატყუე, რომ სწავლაზე გული არ აგეცრუებინა. ეგ ყველაფერი გათვლილი იყო. შემპირდა, რომ როგორც კი სკოლას დაამთავრებდი, ამ ურთიერთობას ბოლო მოეღებოდა.
- ესე იგი, ჩემს ცხოვრებას ორივენი ჩემ გარეშე წყვეტდით?
დედას პასუხი არ გაუცია, არც საქსოვიდან აუღია თავი, მონოტონურად ატრალებდა ჩხირებს და თვლები ამოჰყავდა - ერთი წაღმა, ორი უკუღმა...
- შენ გელაპარაკები, მგონი! - იღრიალა გოჩამ და მუშტი მთელი ძალით დასცხო შუშის დაბალ მაგიდას, რომელიც ნამსხვრევებად იქცა, მუშტი კი წითლად შეეღება.
- რას შვრები, გაგიჟდი? თავს იკლავ? ვისი გულისთვის, იცი მაინც? - იკივლა ნინომ, წამოხტა და შვილს მივარდა, რომ ჭრილობა შეეთვალიერებინა.
გოჩამ არ დაანება, ახლოსაც არ გაიკარა მშობელი, სააბაზანოში შეიკეტა და წყალი მოუშვა. ცხოვრებაში პირველად, დედის დახმარების გარეშე დაეხმარა თავის თავს - დასერილი ხელი მოიბანა, სპირტით დაიმუშავა და გადაიხვია. როგორ უნდოდა, სისხლისგან დაცლილიყო და ახლავე, აქვე მომკვდარიყო, მაგრამ იცოდა, რომ ამგვარი ჭრილობით ადამიანები არ კვდებოდნენ.
სააბაზანოდან გამოსულმა კი თავის ოთახს მიაშურა, კარი შეიჯახუნა და გასაღებით ჩაკეტა. ეხვეწა ნინო, შემომიშვი, მაჩვენე, რა გჭირსო, მაგრამ ყურიც არ ათხოვა.
საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ნინო ყველაფერს მოუყვა. რეზოს არაფერი უთქვამს. არც გოჩასთან დალაპარაკება უცდია. ალბათ იფიქრა, ჯერ მოზარდია, გარდატეხის ასაკშია, მალე გაუვლის და დაწყნარდებაო. არ ჩათვალა საჭიროდ, ჩარეულიყო და "სერიოზული მიმართულება" მიეცა ამ საქმისთვის.
შეცდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა გოჩამ უმაღლესში ჩაბარებაზე უარი თქვა. ჯერ ჯარში წავალ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოვიხდი და რომ დავბრუნდები, მერე ვისწავლიო. ეს ისეთი შეუვალი ტონით გამოუცხადა მშობლებს, შეპასუხება ვერც ერთმა ვერ გაუბედა. მხოლოდ მაშინ გაიაზრა ცოლ-ქმარმა, რომ მათი ერთადერთი შვილი მოზარდი კი არა, უკვე ზრდასრული მამაკაცი იყო - თავისუფალი, დამოუკიდებელი და პრინციპული.
შემოდგომაზე კომისარიატში დაიბარეს და ჯარშიც გაიწვიეს. ავღანეთში ამოყო თავი, მაგრამ არა შემთხვევით, თვითონ მოითხოვა. უნდოდა, რაც შეიძლება შორს ყოფილიყო საქართველოდან, რომ ყველა და ყველაფერი დაევიწყებინა. მშობლებისგან არ ელოდა გულგრილობას, როცა სიყვარულში არ გაუმართლა. გულგრილობა კი არა, ალბათ სიხარულით აღარ იყვნენ, რომ ბიჭმა მასზე უფროსი ქალის სიყვარულის მარწუხებს თავი დააღწია.
სამაგიეროდ, შური იძია. ორივეს სურვილის წინააღმდეგ წავიდა, სწავლა აღარ ისურვა. ავღანეთში გაწვევით კი დედ-მამას უარესად დასცა თავზარი. ნინო ორი დღე ცრემლად იღვრებოდა. ემუდარებოდა რეზოს, როგორმე გამონახე ნაცნობი, იქნებ ავღანეთს აარიდო და სადმე ახლოს გააგზავნინოო. გოჩამ კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ამას იზამთ, საერთოდ გადავიკარგები სახლიდან და ვეღარასდროს მიპოვითო...
ავღანეთმა ძალიან შეცვალა. პირველად იქ ნახა, რას ნიშნავდა კაცის კვლა, სიკვდილი. ავღანეთში იმ წლებში გაგანია ომი იყო გაჩაღებული. რამდენი მისი ტოლი ქართველის სიცოცხლე იქ დარჩა, იმ საშინელ მიწაზე. თუმცა ორი წელი მალე გავიდა და ჩამოვიდა. უხაროდა, თბილისში რომ ბრუნდებოდა. როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხი დადგა, ჰაერი ხარბად ჩაყლაპა. მშობლიური ჰაერის შესუნთქვამ მაშინვე მაიკოს სურნელის შესუნთქვა გაახსენა... ძალიან წააგავდა ეს "შესუნთქვები" ერთმანეთს. დედა და მამა აეროპორტში დახვდნენ. ორივე ტიროდა, დედა - ხმამაღლა, მამა - უხმოდ. გაუხარდა მათთან კვლავ შეხვედრა, ეგონა, ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა, ურთიერთობა დალაგდებოდა, ცხოვრება ახალ კალაპოტში ჩადგებოდა...
ვერა, ვერ მოახერხა. სულ ფათერაკს ეძებდა, ერთ ადგილას მშვიდად ვერ ჩერდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მაიკოსთან გადატანილი ტკივილის ბრალი არ იყო, ამას ავღანეთში გატარებული დაძაბული ორი წელიწადიც დაემატა. გასაკვირი არ იყო, იქიდან ნერვებდაწყნარებული არავინ ჩამოსულა. კომისარიატიდან ფსიქოლოგთანაც დაიბარეს, მაგრამ არ უვლია, არ მიიჩნია საჭიროდ. რამდენიმე თვე დაისვენა, განმარტოვდა და მერე კვლავ სამხედრო სამსახურში ჩაება. ეგონა, რომ შვებას იარაღის ტარება და საბრძოლო ფათერაკები მოჰგვრიდა. ნაწილობრივ მართალიც აღმოჩნდა, სამხედრო საქმემ გააკაჟა, ნამდვილ მებრძოლად ჩამოაყალიბა, საუკეთესო მსროლელად ითვლებოდა, სნაიპერის კურსებიც გაიარა, ომებშიც მონაწილეობდა, აქაც, იქაც, იმის იქითაც... სადაც ყველაზე ცხელი წერტილი ეგულებოდა, იქითკენ მიჰქონდა თავი. თუმცა... ნერვები საბოლოოდ გაუფუჭდა. პირადი ცხოვრების მოწყობაზე არც კი უფიქრია. ცოლის გაგონებაც არ სურდა. თითქოს ესეც ერთგვარი შურისძიება იყო. თითქოს ჯიბრზე, მშობლებს შვილიშვილი არ აღირსა. არადა, ორივე ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით მამა. მასთან ყოველთვის სხვანაირი ურთიერთობა აკავშირებდა. რეზოს არასდროს უგრძნობინებია მისთვის, რომ ასაკით პატარა იყო, შვილივით კი არ ექცეოდა, არამედ როგორც თანატოლს, ძმაკაცს, მეგობარს. მადლობელი იყო მისი, რომ იმ დღეს, როცა მაიკოს დაშორდა, მამამ შეგონებები არ დაუწყო, არ დაიმარტოხელა და ყველაფერი არ გამოჰკითხა. თუმცა, იმ დროს ეს საქციელი მამას გულგრილობაში ჩაუთვალა. უკვირდა, რომ მამა, მისი ყველაზე ახლო მეგობარი, ძმაკაცი, გვერდით არ დაუდგა, მისი მხარე არ დაიჭირა და არ შეაგულიანა. მერე და მერე, წლების შემდეგ მიხვდა, რომ მაშინ მამა სწორად მოიქცა...
მას შემდეგ ამ საკითხზე არასდროს უსაუბრიათ... არც დედას, არც მამას. ისე ჩაიარა მაიკოს თემამ, თითქოს იგი არც არსებულა, თითქოს ვირტუალური, გოჩას გონებაში გამოგონილი არსება ყოფილიყო, რომელიც ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცა.
არადა, არ მიეცა... მისი მაი მასში ცხოვრობდა. მისი მაკო მისი საკუთრება იყო და თავის ირეალურ სამყაროში არც არავისთვის დაუთმია... არასდროს, არც ერთი დღე, არც ერთი წამი. ვერც ვერავინ მოახერხა მისი განზე გაწევა და გამოთავისუფლებული ადგილის დაკავება. განა იმიტომ, რომ ქალებს თავს ვერ აწონებდა. სულაც არ სჭირდებოდა არავისთვის თავის მოწონება. ქალები ისედაც ბუზებივით ეხვეოდნენ გარს. მისით ყველა იხიბლებოდა, რამდენიმეს სიგიჟემდეც უყვარდა, მაგრამ გოჩას გულს ვერც ერთი ვერ გაეკარა. მაიკოს შემდეგ ვერავის შეყვარება ვერ შეძლო, მსუბუქი რომანები კი მხოლოდ რამდენიმე თვეს თუ გაგრძელდებოდა.
და აი, მაი კვლავ გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მისი საოცნებო "მაკოხელ", ბანაკში რომ შეარქვა. გამოჩნდა და ახალი გულისტკივილიც გაუჩინა. ვიღაცამ მაინცდამაინც გოჩა დაიქირავა მის მოსაკლავად. ვინ? რატომ? ვის რა დაუშავა მაიმ? როგორ ათქმევინოს? თითქოს ბოლომდე არ გაეხსნა მაიკო, ძალიან ზედაპირულად მოუყვა თავის შესახებ. ნუთუ დაივიწყა? საინტერესოა, მართლა არ უყვარდა მაშინ თუ მოატყუა? როგორ უნდოდა, ეკითხა, მაგრამ ვერა, ვერ შეძლო. იქნებ ქმარი იყო მისი ნამდვილი სიყვარული და არა გოჩა? სულაც არ გაუკვირდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. თვითონ პატარა ბიჭი იყო, მაიკო მამაკაცად ალბათ ვეღარც აღიქვამდა. მაშინ რატომ კოცნიდა ხოლმე? განა შეიძლება ისე აკოცო ადამიანს, თუკი არ გიყვარს? რატომღა უხაროდა მის გვერდით ყოფნა? გოჩა ხომ ხედავდა, როგორ მოილტვოდა გოგო მისკენ? ხომ გრძნობდა, რომ მის გარეშე მაი დიდხანს ვერ ძლებდა? პატარა კი იყო, მაგრამ ასეთ რამეებს ამჩნევდა და არ ტყუვდებოდა.
როცა დამკვეთმა მისი სურათი გამოუგზავნა, იმწუთას ვერ მიხვდა, რომ მაიკო იყო, მაგრამ სახე ეცნო. და როცა მიხვდა, ელეთმელეთი დაემართა... იმიტომ იყო ფულის გადმორიცხვა რომ შეაყოვნებინა. ჯერ ყველაფერი უნდა გაეგო.
და აი, დღეს ჩაუსაფრდა, მანქანა წინა კორპუსის კუთხეში დამალა და ქალს სახლთან დაუდარაჯდა. ვითომ შემთხვევით მოხვდა აქეთ...
არა უშავს, რაც წარსულში იყო, იყო. ახლა უკვე აღარ ბრაზობს. რადგან ისევ იპოვა, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო, ეს განგების ნებაა და აწი მასთან ვერავინ დააშორებს. თუ მის სიყვარულს ვერ მოიპოვებს, იმეგობრებს მაინც და სიკვდილისგან დაიცავს. არავის მისცემს მაიკოს მოკვლის უფლებას, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს ეს!
ამგვარი ფიქრებით გულდამძიმებული შინ დაბრუნდა. დედა ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ქსოვით ირთობდა თავს. ამჯერად მაგიდის გადასაფარებელს ქსოვდა, ოღონდ არა ჩხირებით, არამედ ყაისნაღით და თვლები საგულდაგულოდ ამოჰყავდა.
ნინოს შვილის ამღვრეული თვალები არ გამოჰპარვია და დაფეთებული მზერა მიაპყრო.
- მოხდა რამე?
- არაფერი, - გულგრილად მიუგო გოჩამ და ამოიხვნეშა.
- მაინც? - არ მოეშვა ქალი და სათვალის ზემოდან კიდევ ერთხელ ყურადღებით გამოხედა.
- რა იცი ხოლმე, ნინო, ეს? რა უნდა მომხდარიყო? არაფერი-მეთქი, არ გითხარი?
დედამ გაჩუმება ამჯობინა, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული მოხდა. მის გულს ასეთი რამეები არასდროს გამოჰპარვია.
- სადაა ჩემი ჩუსტები? ისევ ბარსიმ დამალა სადღაც, არა? - გოჩამ ირგვლივ მიმოიხედა, მაგიდის ქვეშაც შეიხედა, დივანიც ასწია და მაცივრის კუთხეც შეათვალიერა.
- არ ვიცი, სადღაც აქ დაათრევდა. იქით ნახე, სადაც საჭმელი უყრია, - უკმაყოფილო ტონით წაიდუდღუნა ნინომ, მერე კი დაამატა, - გშია?
- არა-აა, - გოჩას ხმა ახლა უკვე მეორე ოთახიდან მოისმა, მისი საძინებლის წინ, სადაც ძაღლის ბალიში და ჯამით საჭმელი იდგა. ბარსი კი არსად ჩანდა.
- როგორ მოხდა? ყოველთვის მშიერი ბრუნდები სახლში და... - ნინომ აგრძნობინა, რაღაცას ვხვდებიო.
- მასვეს და მაჭამეს. ასე რომ, არაფერი მინდა. წყალს გადავივლებ და დავწვები, დავიღალე. - ამ სიტყვებით გოჩა კვლავ გამოჩნდა ნახევრად შეჭმული ფოსტლებით, - ამას შეხედე, რა უქნია, - ფოსტლები მაღლა ასწია და დედას დაანახვა, - მერამდენე გამიფუჭა უკვე.
- ათასჯერ გითხარი, შემოდე სადმე, იატაკზე ნუ ტოვებ-მეთქი და არ გესმის. ლეკვია ჯერ, არ იცი, რომ ყველაფერს პირისკენ მიაქანებს? - ნინომ საქსოვი გვერდზე გადადო და წამოდგა.
გოჩა საძინებელში გავიდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. დედა უკან მიჰყვა.
- მითხარი, რა მოხდა, - გულზე ხელებდაკრეფილი შვილს თავზე წამოადგა.
- ვაა! არაფერი, დედა, ყველაფერი რიგზეა! - სიცილის შეკავება სცადა, ძალიანაც უნდოდა საიდუმლო შეენახა, მაგრამ არ გამოუვიდა.
- სანამ არ მეტყვი, არ მოგასვენებ, ხომ იცი, არა?
გოჩამ ამასობაში ტანთ გაიძრო, ფეხები ფოსტლებში გაყო და აბანოს პირსახოცი მხარზე გადაიკიდა. მერე გეზი სააბაზანოსკენ აიღო, მაგრამ კართან მისული უცებ შედგა, დედისკენ მობრუნდა და ყრუ ხმით უთხრა:
- დღეს მაიკოს შევხვდი, სრულიად შემთხვევით.
ნინოს მზერა მოულოდნელად დაეძაბა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა, სათვალე მოიხსნა და ვაჟს კუშტად მიაჩერდა.
შვილი თვალს არ აშორებდა.
- რა იყო, რას მიყურებ? - ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- როგორ არის?
- კარგად. მშვენივრად.
- გათხოვილია თუ შენსავით ეულად დადის ისიც? - ცოტა არ იყოს, აგდებულად გამოუვიდა.
- ახლა ჩემსავით ეულად დადის, ქმარი სამი წლის წინ გარდაცვლია.
ნინომ თვალები დახუჭა.
- შვილები ჰყავს?
- აუ, რა დაკითხვას მიწყობ?
- მაინტერესებს, რა იყო?
- რაში გაინტერესებს? - გაღიზიანდა გოჩა და ხმას აუწია, - როცა საჭირო იყო, მაშინ არ დაინტერესებულხარ.
- ახლა უფრო საჭიროა და იმიტომ! - ნინომაც აუწია ხმას.
- ერთი გოგო ჰყავს, ჰოლანდიაშია.
- ანუ მარტო ცხოვრობს...
- კი, მარტოა.
- იქნებ ახლა მაინც გეშველოს და ცოლად გამოგყვეს. ერთი შვილიშვილი არ უნდა მაღირსო?
- რას მელაპარაკები! მართლა? - სიმწრით გაიცინა გოჩამ, - როცა ვუყვარდი, მაშინ მაქცია ზურგი და ახლა რაღაში ვჭირდები?
- მაშინ მიზეზი ჰქონდა.
- ეგ მიზეზი არც დღეს შეცვლილა, ნინო და დამანებე თავი, რა! - გოჩა სააბაზანოში შევიდა და კარი მოიხურა.
- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, შვილო! - თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა, ოთახიდან გავიდა და საქსოვს მიუბრუნდა.
გაგრძელება