"მეუღლეები მშვენივრად ჩაეწერნენ დარდით გულმოკლული მშობლების როლებში" - გახმაურებული იაპონური რომანის გაგრძელება მშობლებს, რომლებსაც საინტერესო ამბების კითხვა გიყვართ, ჩვენი საიტი წიგნების ონლაინვერსიებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ ინტერნეტში კითხვას, კომპიუტერით თუ მობილურით, თავისებური კომფორტი ახლავს. თანაც ჩვენი რუბრიკა ახალ წიგნებს სრულიად უფასოდ წაგაკითხებთ.
ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.
ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა
ცხოვრება ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.
მეორე ნაწილი. იხილეთ დასაწყისი
* * *
ასეთი სახის მოვლენები ჩვეულებრივი ადამიანური წარმოდგენების ფარგლებს სცდება, მაგრამ ცხოვრების არც ერთ სხვა მომენტში პირობითობა და ტრადიციები ასეთ მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებს. მეუღლეები მშვენივრად ჩაეწერნენ დარდით გულმოკლული მშობლების როლებში. მრავალრიცხოვან სამძიმარსა და თანაგრძნობას იღებდნენ.
ნებისმიერი სიკვდილი - ეს გარკვეული კუთხით საქმიანი ოპერაციაა, ასე რომ, იკუტას წყვილს საქმე თავზე საყრელი ჰქონდა. ოჯახის უფროსს, მასარუს, შეიძლება ითქვას, დრო თითქმის არ რჩებოდა, რომ გლოვას მართლა მისცემოდა. კაცუოს კი, რომელიც ამდენი ზეიმით გაოგნებულიყო, ეჩვენებოდა, რომ უფროსებმა რაღაც თამაში წამოიწყეს.
ბოლოს და ბოლოს ოჯახმა თავი გაართვა მრავალრიცხოვან პროცედურას. თანამოზიართა ფულადმა შემოწირულობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შეადგინა (უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ოჯახის უფროსი, რომელსაც ტრაგედია დაატყდა თავს, ცოცხალი და სავსებით შრომისუნარიანია, შემოწირულობა რატომღაც ყოველთვის მეტია).
მასარუსა და ტომოკოს თვითონვე აოცებდათ თავიანთი ფუსფუსი.
ტომოკოს უბრალოდ არ შეეძლო გაეგო, როგორ შეიძლებოდა მასში თანაეარსება მწუხარებას, რომელიც დრო და დრო გონებას უბინდავდა, და ყოველგვარი წვრილმანისადმი გადამეტებულ ყურადღებას. გემოს ვერ იგებდა, ისე ჭამდა, სახეზე შეყინული მგლოვიარე ნიღბით, მაგრამ მადა მაინც ცხოველური ჰქონდა.
ტომოკოს ძალიან ეშინოდა იმ მომენტის, როდესაც კანაძავიდან მასარუს მშობლები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ მათ დაკრძალვას ძლივს ჩამოასწრეს. ისევ აიძულა თავს, საშინელი სიტყვები წარმოეთქვა: "ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე". მაგრამ მერე თავის მშობლებს ეცა საჩივლელად:
- პირველ რიგში მე უნდა შემიცოდოთ! მე ხომ ორი შვილი დავკარგე! არადა, ყველა მდუმარედ განმიკითხავს! ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი! რატომ უნდა ვითხოვო მათგან პატიება?! თითქოს ვიღაც ძიძა ვიყო, რომელსაც გაუფრთხილებლობით პატრონის შვილები დაეხრჩო! არადა, მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ მათი თვალისჩინი იასუე. მისი ბედი, რომ მოკვდა. რატომ, რატომ არავის ესმის, რომ ყველაზე მეტად მე განვიცდი? მე ხომ დედა ვარ! ერთბაშად ორი შვილი გამომეცალა ხელიდან!
- არ ხარ მართალი, შვილო. არავინ არ ფიქრობს შენს დადანაშაულებას. მასარუ-სანის დედამ ხომ თქვა: "ყველაზე მეტად საბრალო ტომოკოა ცოდო", და შენს დანახვაზე ატირდა.
- ეს მხოლოდ სიტყვებია.
ტომოკო სრულიად უმიზეზოდ განიცდიდა დაუკმაყოფილებლობის განცდას. თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობდა - არავის არ შეუძლია მისი ტანჯვის შეფასება და გაგება. ისეთი უბედურება გადაიტანა, რომ ნებისმიერი, ყველაზე დაუჯერებელი პრივილეგიების უფლებაც კი აქვს, ამის ნაცვლად კი იძულებულია, დედამთილს პატიება სთხოვოს! არა, საკუთარი თავითაც უკიდურესად უკმაყოფილო იყო ტომოკო. ვერ უმკლავდებოდა გაღიზიანებას, რომლისგანაც, ისე როგორც ეგზემისგან, მთელი სხეული ეწვოდა, და ტომოკო დედასთან გარბოდა თანაგრძნობის ძიებაში.
საბრალოს ვერ გაეგო, რომ სასოწარკვეთილებაში მოჰყავდა ზოგადად ადამიანური გრძნობების არასრულყოფილებასა და სიღარიბეს. მართლაც, აბსურდია - ერთი ადამიანი დაიღუპა თუ ათი, ცრემლებს ყველა ერთნაირად ღვრის. ნუთუ შეიძლება ცრემლები გრძნობის საზომი იყოს? ან რომელი გრძნობის? როგორი ჩანს ის, ტომოკო, სხვების თვალში? და კიდევ უფრო მეტად ეკვეთებოდა სასო, როცა ცდილობდა საკუთარ სულში ჩაეხედა და იქ მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობასა და წყვდიადს ხედავდა.
ტომოკოს აოგნებდა, როგორ იყო აქამდე ცოცხალი. საათობით დგას მგლოვიარე - საშინელ სიცხეში - და გულიც კი არ მისდის. ხანდახან გონება ებინდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე აფხიზლებდა მძაფრი, სიტყვებით უთქმელი განცდა - სიკვდილის შიში.
- გამოდის, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე მეგონა, - ამოთქვა ატირებულმა, დედის მკერდს მიკრულმა.
უცებ ტომოკომ გაიაზრა, რომ სრულიად არ ეცოდებოდა გარდაცვლილი იასუე. მეტისმეტად გულჩვილი იყო, რომ განსვენებულის მიმართ სიძულვილი განეცადა, მაგრამ თუ რაღაც სიძულვილის მსგავსმა დატოვა კიდეც კვალი მის გულში, ამის მიზეზი ის საბედისწერო ოთხი საათი იყო, რომელთა განმავლობაშიც ტომოკო მხოლოდ გარდაცვლილ მულზე ფიქრობდა და საკუთარი შვილები სრულიად დავიწყებული ჰყავდა.
ცოფდებოდა, როდესაც მასარუ მშობლებთან საუბრისას ტიროდა, ბედკრულ დას ჩიოდა, რომელიც ასე შინაბერა გარდაიცვალა.
"ნუთუ ვიღაც და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვილები", - ფიქრობდა ტომოკო. გამუდმებით დაძაბული იყო. კრემაციის წინა დღეს ცხედრებთან გატარებული უძილო ღამის შემდეგაც კი ვერ ახერხებდა დაძინებას. და არაფერი, თავიც კი არ სტკიოდა. პირიქით, ფიქრები სავსებით მკაფიო და ფხიზელი ჰქონდა.
ნაცნობები, რომლებიც უწყვეტად დადიოდნენ თანაგრძნობის გამოსახატავად, ტომოკოს გუნება-განწყობილებით ინტერესდებოდნენ. ერთხელაც, თავი ვერ შეიკავა და მოუჭრა:
- თავი დამანებეთ, ღვთის გულისათვის, ჩემი გუნება წესრიგშია. ცოცხალი ვარ თუ მოვკვდი, ახლა რაღა აზრი აქვს?!
თუმცა თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობდა და ჭკუის დაკარგვის შიშიც აღარ სდევდა. სავსებით საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა - კაცუოსთვის.
მაგრამ ხანდახან, როცა ხედავდა, ძაძებში ჩაცმული მორიგი სტუმარი პატარა კაცუოს როგორ უკითხავდა წიგნს, და უხაროდა, რომ იმ პირველ, საშინელ საათებში თავი არ მოიკლა, ტომოკო მოულოდნელად საკუთარ თავს იჭერდა ფიქრზე: იქნებ უბრალოდ სითამამე არ ეყო, სიყვარული არ ეყო? ასეთი საღამოების დროს, ქმრის მკერდს მიყრდნობილი, გაყინული, კურდღელივით ცარიელი თვალებით დაჰყურებდა იატაკს, ტორშერის სინათლის ლაქას და საბრალობლად იმეორებდა:
- ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ჩემი უპასუხისმგებლობა. საერთოდ არ მქონდა უფლება, იასუე-სანისთვის ჩემს შვილებზე ზრუნვა დამევალებინა.
ტომოკოს ხმას გამომხატველობა აკლდა, თითქოს ცარიელ მთებს მიმართავდა, რომლებსაც მხოლოდ ექოთი შეეძლოთ ეპასუხათ.
მასარუს ესმოდა, რას ნიშნავდა თვითბრალდების ეს შეტევები. ცოლს სურდა, რომ მას რაიმე სასჯელი დასტყომოდა თავს. შეიძლება ითქვას, სწყუროდა ეს სასჯელი...
ქელეხის შემდეგ, რომელმაც ორკვირიანი უბედურება დაასრულა, ოჯახის ცხოვრება ნორმალურ მწყობრში ჩადგა. ბევრი სთავაზობდა ცოლ-ქმარს, ბავშვი წაეყვანათ თან და სადმე კურორტზე გამგზავრებულიყვნენ - დაესვენათ და გული გადაეყოლებინათ. მაგრამ ტომოკოს ერთნაირად ეშინოდა ზღვისაც, მთებისაც და ცხელი წყაროებისაც; მას არ შეეძლო ანდაზის დავიწყება: უბედურება მარტო არ მოდის.
ერთ საღამოს, უკვე ზაფხულის ბოლოს, ტომოკო კაცუოსთან ერთად გინძაზე გაემგზავრა. მასარუს შეუთანხმდა, რომ სამსახურის შემდეგ შეხვდებოდა და სადმე ერთად ივახშმებდნენ.
კაცუოს უკვე მოესწრო იმ ფაქტთან შეგუება, რომ მას არაფერზე ეუბნებოდნენ უარს. დედა და მამა უცებ ისეთი ალერსიანები გახდნენ, რომ საშიშიც კი ეჩვენებოდა ეს. მას ახლა ისე ექცეოდნენ, როგორც შუშის სათუთ სათამაშოს. როდესაც ქუჩის გადაკვეთა იყო საჭირო, დედა პირდაპირ ჭკუიდან იშლებოდა: კაცუო ხელში აჰყავდა და ლამის ოთხით გადარბოდა გზაზე, თან მტრულად უმზერდა შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს.{{ArticleSplitCont}}
ტომოკოს თვალებში ნემსებივით შეერჭო მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი საცურაო კოსტიუმები. შეცბა. ერთ-ერთ მანეკენს მწვანე საცურაო კოსტიუმი ეცვა, იმის მსგავსი, რომელიც იასუემ იყიდა. ტომოკომ თვალი აარიდა და სწრაფად აუქცია გვერდი. მერე სულ ცდილობდა გახსენებას, მანეკენს ჰქონდა თუ არა თავი: ეჩვენებოდა, რომ არ ჰქონდა, ხან კი მოულოდნელად იასუეს მკვდარი სახე ელანდებოდა - თვალებდახუჭული, სველი აწეწილი თმით. ახლა ყველა მანეკენში დამხრჩვალს ხედავდა.
"ნეტავ მალე დასრულდებოდეს ზაფხული", - გაიფიქრა. თვით ამ სიტყვის ჟღერადობაშიც კი სიკვდილის მყრალ სუნთქვას გრძნობდა. ზაფხულის ნათებაც უკვე მყრალი ეჩვენებოდა.
კიდევ რჩებოდა დრო და ტომოკო უნივერმაღში შევიდა - დახურვამდე ოცდაათი-ორმოცი წუთი იყო. კაცუომ სათამაშოების განყოფილებაში მოითხოვა შესვლა და მესამე სართულზე ავიდნენ. საბავშვო საცურაო კოსტიუმების სექციასთან ტომოკომ ლამის სირბილით გაათრია ბავშვი. დედები აზარტულად აფათურებდნენ ხელებს საცურაო კოსტიუმების გროვაში. ერთი მათგანი ხელში ატრიალებდა ლურჯ საცურაო ტრუსებს, მერე კი უფრო მაღლა ასწია, რომ ფანჯრის მიღმა საღამოს მზეს უკეთ გაენათებინა საქონელი. ლითონის ბალთამ გაიელვა. "როგორ ეჩქარება თავისი ბიჭუნასთვის სუდარის შერჩევა", - გაიფიქრა ტომოკომ.
კაცუომ თავისი კუბიკები მიიღო და უნივერმაღის სახურავზე მოინდომა არბენა. ზემოთ, სათამაშო მოედანზე, შედარებით გრილოდა. ზღვიდან გრილი ნიავი უბერავდა. გისოსებიდან ქალაქი მოჩანდა, კატიდოკის ხიდი, ცუკისიმას ნავსაშენი, სავაჭრო ხომალდები ყურეში.
კაცუომ დედის ხელისგულიდან ხელი გაითავისუფლა და მაიმუნის გალიასთან მივიდა. ტომოკო სიფხიზლეს არ დაუტოვებია - შვილს ზურგსუკან დაუდგა. მაიმუნი საშინლად ყარდა - ქარი უბერავდა ალბათ მისი მხრიდან. შუბლშეჭმუხნილი მაიმუნი ჩაფიქრებული ათვალიერებდა დედა-შვილს. ცალი ხელი უკანალზე მიედო და ისევე გადავიდა სხვა ტოტზე; დანაოჭებული ბებერი სიფათით შეტრიალდა და ტომოკომ პატარა და ჭუჭყიანი, მთლად წითელი ყური დაინახა. აქამდე არასდროს დაუთვალიერებია ცხოველი ასე ყურადღებით.
გალიის სიახლოვეს პატარა აუზი იყო, შუაში შადრევნით. შადრევანი არ მუშაობდა. აუზის აგურებით მოკირწყლულ ნაპირებზე გეჯები იდგა ხეებით, მათ შორის კი, დაახლოებით კაცუოს ტოლი ბავშვი დაბაჯბაჯებდა. ლამის წაქცეულიყო. სიახლოვეს უფროსები არ ჩანდნენ.
"მიდი, დაეცი! ჩავარდი აუზში და დაიხრჩვი!" - უცებ გზნებით აღმოხდა ტომოკოს, რომელიც ხარბად აკვირდებოდა ბავშვის გაუწონასწორებელ ნაბიჯებს. მაგრამ ბავშვი არ ეცემოდა. მთელ აუზს შემოუარა, მერე შენიშნა, როგორი ყურადღებით უყურებდა უცნობი დეიდა, და გაუღიმა, თავისი სიმამაცით ამაყმა. ტომოკოს პასუხად არ გაუღიმია. მოეჩვენა, რომ ბიჭუნა მას დასცინოდა. კაცუოს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გააბიჯა.
ტომოკო ვახშამზე დიდხანს დუმდა, მერე კი ქმარს მიმართა:
- ისე, არა უშავს, კმაყოფილი გამომეტყველება გაქვს. რაღაც არ ჩანს, რომ ძალიან განიცდიდე.
მასარუმ ჩაახველა და მეზობელ მაგიდებს გადახედა.
- შენ რა, არ გესმის? მე ხომ შენთვის ვცდილობ, მინდა გაგამხნევო.
- შეგიძლია ასე ძალიანაც არ ეცადო.
- ნუ ხარ ეგოისტი. იმაზე იფიქრე, ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს ბავშვზე.
- სულ ერთია! მე რა დედა ვარ! - ვახშამი ჩაშხამდათ.
სასოწარკვეთილება, რომელიც გამუდმებით სდევდა თან მის ცოლს, მასარუს უკვე თრგუნავდა. მამაკაცებს, სახლის გარდა, სამსახურიც აქვთ და ის გულის გადაყოლებაში ეხმარებათ. ტომოკოს კი სხვა საზრუნავი არ ჰქონდა, თავისი უბედურების გარდა. ყოველ საღამოს, სამსახურიდან შინ დაბრუნებული მასარუ იძულებული იყო ერთი და იგივე ერთგვაროვანი საჩივრები მოესმინა. ახლა უკვე ცდილობდა, შინ გვიან მისულიყო.
ტომოკომ მოსამსახურეს უხმო, რომელიც მანამდე მსახურობდა მათთან და კიეოსა და კეიკოს ყველა სათამაშო მისცა - იმ ქალს იმავე ასაკის ბავშვები ჰყავდა.
ერთხელ ტომოკომ დილას ჩვეულებრივზე უფრო გვიან გაიღვიძა. ფართო საწოლის მეორე ნაპირში მოკუნტულს ეძინა მის ქმარს, რომელიც წინა ღამეს გვიან დაბრუნდა, ნასვამი. საძინებელში ჯერ კიდევ ტრიალებდა სპირტიანი სასმლის მჟავე სუნი. მასარუ მეორე მხარეს გადაბრუნდა, ზამბარები აჭრიალდა. ახლა, როცა სამი ბავშვიდან ერთადერთი კაცუო დარჩა, ტომოკო მას მეორე სართულზე აწვენდა, მათ ცოლქმრულ საძინებელში, თუმცა კი იცოდა, რომ ეს არასწორი იყო. ახლა მოსკიტის საწინააღმდეგო ორი თეთრი ბადის მიღმა შვილის სახეს ხედავდა, ძილში თანაბრად რომ სუნთქავდა. იმ ამბის შემდეგ კაცუოს რატომღაც ყოველთვის ტუჩმოქცეულს, თითქმის დამანჭულს ეძინა.
ტომოკომ ფარდიდან გამოყო ხელი და ზონარი მოქაჩა. სასიამოვნო იყო ძილისგან გახურებული ხელისგულით ზონრის უხეში ხორკლების შეგრძნება. ფარდა ოდნავ გაიშალა. ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. მშვენიერი დილა თენდებოდა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ იყო მასში, მაგრამ ტომოკომ მძაფრად შეიგრძნო მისი მშვენიერება. უძრავად იწვა, თავი არ აუწევია ბალიშიდან და ბედნიერების განცდა ავსებდა.
უცებ შეკრთა - ნეტარი გამოფხიზლების მიზეზს მიხვდა. პირველად ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილი შვილები არ დასიზმრებია. ყოველ ღამე ხედავდა მათ სიზმარში, წუხელ კი - არა. მათ ნაცვლად რაღაც სულელური და სასიამოვნო ესიზმრა.
ტომოკოს საკუთარი უგულობისა და ქარაფშუტობის შეეშინდა, ატირდა. ფიქრებით შესთხოვდა უბედური ბავშვების სულებს, მათი უგულო დედისთვის მიეტევებინათ. მასარუს გამოეღვიძა, ალმაცერად გადახედა მოქვითინე ცოლს. მის სახეზე რაღაც ახალი შენიშნა - ჩვეული სასოწარკვეთის ნაცვლად სიმშვიდეს დაესადგურებინა.
- ისევ ნახე ისინი სიზმარში?
ცოლს არ უნდოდა მისთვის მოეყოლა და მოატყუა:
- ჰო.
მართალია, იცრუა, მაინც ეწყინა, რომ ქმარი არ ტიროდა მასთან ერთად. მასაც რომ ეტირა, ისიც დაიჯერებდა თავის ტყუილს.{{ArticleSplitCont}}
თანდათანობით ტომოკო სულ უფრო ხშირად უფიქრდებოდა იმას, შეეძლოთ თუ არა მას და მასარუს ღირსეულად ეტარებინათ თავს დამტყდარი უბედურება. ბავშვების დაღუპვა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სუფთა შემთხვევითობით მოხდა, მაგრამ მაინც, ფიქრობდა ტომოკო, მე და მასარუ არანაირად არ ვერგებით ასეთ საშინელ ტრაგედიას.
ამ მწუხარების მეხსიერებაში შენახვა, ყოველწამიერად მისი გახსენება - ჩვენს ძალებს აღემატება. ალბათ უკეთესი იქნება, მშობლებიც თუ დაივიწყებენ დარდს, როგორც სხვებმა დაივიწყეს.
სულმოკლეობასთან მებრძოლი ტომოკო ხვდებოდა, როგორ აცოფებდა გულჩვილი მოხუცი ქალების ნუგეში, რომლებიც უმტკიცებდნენ: "რას იზამ, ასეთი ყოფილა შენი ხვედრი". ტომოკო ახლაც ცდილობდა, საკუთარ გულში პროტესტისა და სიბრაზის განცდა გაეღვიძებინა. ადრე ბედს დამორჩილება საშინელებად მიაჩნდა. გარდაცვლილ ახლობლებს ერთბაშად ვერ ვემშვიდობებით, თან გვდევს შეგრძნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია.
უაზრობაა თავის ტანჯვა დაგვიანებული მონანიებით, რომ შეიძლებოდა ესა თუ ის ადამიანი ცოცხალი გადარჩენილიყო, მაგრამ ამგვარი აზრები ჩვენი ვალია მიცვალებულების წინაშე. ჩვენ მივისწრაფით, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ წასულები ადამიანური გაგების სფეროში, ჩვენი ადამიანური თეატრის სცენაზე.
ტომოკომ მონანიებაც იგემა და სასოწარკვეთაც, გლოვის ატრიბუტების სიმცირის გამო, რაც ადამიანს ჰქონდა ბოძებული, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის არ იყო საკმარისი. და უცებ მის სულში რაღაც ახალი განცდა გაჩნდა - ბედს დამორჩილება კი არა, არამედ რაღაც უცნაური მყარად დამკვიდრებული ეჭვი. მომხდარ უბედურებაში რაღაც სიცრუეს გრძნობდა. კი, ყველაფერი მეტისმეტად საეჭვო იყო. საკმაოდ ბილწად შემოიჭრა უბედურება უზრუნველყოფილი ოჯახის მშვიდ ცხოვრებაში. თითქოს ბედმა გადაწყვიტა, ყველა ბედნიერ ოჯახზე სასტიკად ეძია შური. ასეთი დარტყმა ჩვეულებრივ სიკვდილზე უფრო არაადამიანური იყო, მკვლელობაზეც კი. თითქოს ვიღაცამ განგებ მოაწყო ყველაფერი: თავიდან ბოლომდე მოვლენები უაზროდ ვითარდებოდა, არც კი უცდიათ, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევის ნიღაბი მოერგოთ.
უცებ ტომოკო დაზაფრა იმან, რომ ყველა მისი ცრემლი და ტანჯვა ამაოდ ჩაივლის. ზაფხული მთავრდებოდა. ისე ელოდა, როდის დასრულდებოდა, ახლა კი შიშმა აიტანა. წავა ზაფხული და მთელი წელი მას ვეღარ ნახავენ ადამიანები. შეიძლება ტომოკოს მოეჩვენოს, რომ არავითარი ზაფხული არც არსებობს. გამოდის, ტრაგედიაც არ იყო?..
სხვაგვარი აგებულების ადამიანს - მასარუს მხოლოდ იმისა სჯეროდა, რაც მისთვის გასაგები იყო. ერთადერთი მომენტი, როდესაც თავს უღალატა, ა.-მდე ტაქსით მგზავრობა გახლდათ იმ ავადსახსენებელ დღეს. როდესაც გაზეთში გაჩნდა ცნობა ახალგაზრდა ოჯახის თავს დატეხილი უბედურების შესახებ, მასარუმ ჩათვალა, რომ სტატია სავსებით ღირსეული გამოვიდა, თუმცა კი ავტორმა იასუეს ასაკი სამი წლით შეცვალა. გლოვასთან დაკავშირებით მასარუსთვის ყველაფერი სავსებით ნათელი და გასაგები იყო. ზუსტად ისე, როგორც ეს ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცი განიცდიდა შიმშილს, ახლა მწუხარებას გრძნობდა: შიმშილის დასაცხრობად უნდა ეჭამა, მწუხარების დასაცხრობად - ეტირა.
მასარუ ცოლზე პატივმოყვარე იყო და მას იზიდავდა დარდით გულმოკლული მამის როლი, როგორსაც გარშემო მყოფნი ხედავდნენ. ასეთი საზარელი უბედურება, რომელიც წარმატებულ, იღბლიან ბიზნესმენს შეემთხვა, ერთი მხრივ, განაიარაღებდა მოშურნეებსა და არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ კი, მას წამებულის რომანტიკულ ელფერს სძენდა.
გრძნობდა რა იმ უცნაურობას, რითაც მიეცემოდა მწუხარებას მისი ცოლი, მასარუ თავისებურად გამოხატავდა პროტესტს: საღამოობით არ მიდიოდა სახლში, არამედ სამიკიტნოებში დაიარებოდა. მაგრამ ალკოჰოლი არანაირ სიამოვნებას არ ჰგვრიდა და უხილავი მოწმის არსებობა, რომელიც მის სულში ჩასახლებულიყო და არ აძლევდა საშუალებას, ღვინით დამტკბარიყო, მასარუს სინდისს ამშვიდებდა. იმაზე ფიქრი, რომ ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და არ თვრებოდა, მას მორალურ კმაყოფილებას ანიჭებდა.
ბოლო დროს მასარუს ჩვევაში გადაუვიდა პატარა კაცუოს საჩუქრებით ავსება. ბავშვს ჯერ უხაროდა, მაგრამ მერე, ხედავდა რა, რომ მშობლები მის ნებისმიერ ახირებას ასრულებდნენ, თვითონაც აღარ იცოდა, რა ესურვა, და სულ უფრო ხშირად უყურებდა ახალ სათამაშოებს გულგრილი სახით. ბოლოს და ბოლოს გამოაცხადა: "არაფერი მინდა", და მშობლებს, თავდაკარგულებს, შეეშინდათ, ავად ხომ არ გახდა მათი შვილი.
შვიდი კვირა მიიწურა. მშობლებმა ტამას სასაფლაოზე მიწა შეიძინეს. მანამდე ახალგაზრდა ოჯახს ამის საჭიროება არ ჰქონია.
მასარუ თავის მშობლებს შეუთანხმდა, რომ იასუეს ფერფლსაც იქ დაკრძალავდნენ, ტოკიოში: დაე, მისი და ბავშვებს სიკვდილის მერეც თან ხლებოდა.
ტომოკოს შიში საკუთარი უგულობის თაობაზე ამაო აღმოჩნდა - ყოველდღიურად მისი მწუხარება სულ უფრო მატულობდა. ერთ დღეს მეუღლეები კაცუოსთან ერთად გაემართნენ შეძენილი მიწის ნაკვეთის სანახავად. ადრეული შემოდგომა იდგა.
ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს, რომლებსაც ერთად სამ წელზე მეტი გაუტარებიათ, ყველა სერიოზული სალაპარაკო თემა ამოწურული აქვთ, მაგრამ იკუტების ოჯახში მომხდარმა უბედურებამ თითოეულ მათგანს თავისი პირქუში კვალი დააჩნია. ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნეოდა, როდესაც სადმე ერთად მიემგზავრებოდნენ. უცხოს შეიძლებოდა მოსჩვენებოდა, რომ ეს წყვილი შეერთდა, ერთმანეთის სერიოზულობითა და მწუხარებით მოცული.
მშვენიერი დღე იყო, აღარ იდგა პაპანაქება.
მეხსიერება ხანდახან ჩვენს ცნობიერებას უცნაურად ეხუმრება, დროის აღრევით და მათი ერთმანეთზე დაშრევებით. მგზავრობის დროს ტომოკომ ორჯერ განიცადა მეხსიერების ეს თავისებურება. შეიძლება, ყველაფერში დამნაშავე გამჭვირვალე, მზით გაჯერებული ჰაერი იყო - მან ნახევრად გამჭვირვალედ აქცია ქვეცნობიერი ტომოკოს სულში.{{ArticleSplitCont}}
ტრაგედიამდე ორი თვით ადრე, როგორც ადრე ვახსენეთ, მასარუ საავტომობილო ავარიაში მოხვდა. საღსალამათი გადარჩა, მაგრამ მას მერე ტომოკო ქმრის მანქანაში აღარ ჩამჯდარა და არც ბავშვებს სვამდა. დღესაც ოჯახი მატარებლით გაემგზავრა.
სადგურ მ.-ზე ელმავლიდან პატარა ადგილობრივ მატარებელში უნდა გადამსხდარიყვნენ, რომელიც ტამამდე მიდიოდა. მასარუმ კაცუო ხელში აიყვანა და ვაგონიდან ბაქანზე პირველმა გადააბიჯა. ტომოკო კი შეყოვნდა - ბევრი მგზავრი იყო - და ძლივს მოასწრო ჩამოხტომა, პირდაპირ მის ზურგსუკან მიიკეტა კარი. მორიგის სასტვენის ხმა რომ გაიგონა და მიკეტილი კარის ჭრიალი, ტომოკომ წამოიყვირა და კარის დაჭერა სცადა. მოეჩვენა, რომ დამბურაში კიეო და კეიკო დარჩნენ.
მასარუმ აღელვებულმა ჩასჭიდა ხელი ცოლს და თავისკენ გაქაჩა. ტომოკომ მტრულად შეხედა ქმარს, როგორც პოლიციელს, რომელმაც გაბედა და სადღაც მისი წათრევა სცადა ბრბოს თვალწინ. თუმცა საცდურმა მალე გაიარა და ტომოკომ ქმარს აუხსნა, რაც დაემართა. მასარუს არ ესიამოვნა. გადაწყვიტა, რომ ქალი კომედიას თამაშობდა.
მართალი იყო მასარუ? მსგავსი იმპულსური განცდა შეიძლება გაჩნდეს, მოგონებით გაღვიძებული, ნაცნობი ჟესტით ან ადრე განცდილი სიტუაციის გამეორებით. მართალია, საკმაოდ უხერხულად, მაგრამ ტომოკოს სული ცხოვრების დაუნდობელ შეუწყნარებლობას აღუდგა წინ.
წარღვნამდელმა ლოკომოტივმა, რომელიც ტამას სადგურამდე მიდიოდა, პატარა კაცუო აღაფრთოვანა. ორთქლმავალს წინ ფართო მილი ჰქონდა დამაგრებული, თავად კი რაღაცნაირი მოკლე და ერთდროულად მაღალი იყო, თითქოს ტეტა1 იდგა. ფანჯრის ჩარჩო, საიდანაც მემანქანე იჭყიტებოდა, ისე გაშავებულიყო, თითქოს ხისგან კი არა, ქვანახშირისგან იყო გაკეთებული. ორთქლმავალი დიდხანს ქშინავდა, აცემინებდა, კბილებს აღრჭიალებდა და ბოლოს დაიძრა.
ტომოკო პირველად აღმოჩნდა ტამას სასაფლაოზე და გააოგნა ნათელმა, უდარდელმა სურათმა, რომელიც მათ თვალწინ გადაიშალა. რა სივრცე აქვს დათმობილი მკვდართა სამფლობელოს! რა ლამაზი გაზონებია, მწვანე ხეივნები, რა ფართო გზებია! და უკიდეგანო, საოცრად ლურჯი ცა! მიცვალებულთა ქალაქი გაცილებით მოწესრიგებული და ფაქიზი მოეჩვენა, ვიდრე ცოცხალთა ქალაქი. ადრე ის და მისი ქმარი ისე ცხოვრობდნენ, რომ მსგავს სამყაროსთან შეხება არ ჰქონიათ, ახლა კი მიიღეს უფლება, ხშირად იყვნენ აქ და ამ ფიქრს ტომოკო არ შეუშინებია.
უნდა ითქვას, რომ მართალია, არც ტომოკო და არც მასარუ ამაზე არ დაფიქრებულან, მაგრამ მათი მგლოვიარე ცხოვრება, ერთი შეხედვით ერთადერთი შავი ფერით შეფერილი, იმავდროულად მათ სტაბილურობის, უსაფრთხოების განცდას სძენდა. ის უცვლელი იყო, მოწმენდილი, თითქმის სანუგეშო: მეუღლეები უკვე შეეგუვნენ თავიანთ დანაკარგს და როგორც ეს ემართებათ ხოლმე ადამიანებს, გარდაუვალს შეგუებულებს, მათ ეჩვენებოდათ, რომ ამაზე უარესი უკვე არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
მასარუს მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი სასაფლაოს შორე¬ულ ბოლოში იყო და სამივე გაიოფლა ხანგრძლივი სიარულისგან. მეუღლეები ცნობისმოყვარედ შეჰყურებდნენ განთქმული მარშლის საფლავს და გაეღიმათ კიდეც, როდესაც ვიღაც ნუვორიშის უშველებელი საფლავის ქვა დაინახეს, სარკეებით მორთული.
ტომოკო შემოდგომის ქინქლების წყნარ ზუზუნს უგდებდა ყურს, ბალახის სურნელს შეიგრძნობდა, ფოთლების სურნელში გაზავებულს, და უცებ, განწყობას აყოლილმა თქვა:
- რა კარგია აქ! კიეო და კეიკო არ მოიწყენენ - დიდი სივრცეა... რა სულელი ვარ, არა? რაზე ვფიქრობ...
კაცუოს პირი გაუშრა. გზად მაღალი მუქი ლურჯი ობელისკი შემოხვდათ, პატარა შადრევნით. ბეტონის საფეხურებზე, რომლებიც წრიულად მიემართებოდნენ ბილიკისკენ, წყალი მიედინებოდა - დაბლა სველი ლაქა მოჩანდა. რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც ობელისკთან მიეყუდებინათ თავიანთი ბადეები - ალბათ სასაფლაოზე პეპლებს იჭერდნენ - წყალს სვამდნენ, წუწაობდნენ, წრიპინებდნენ. წყლის რუები მზეზე ფერმიხდილი ცისარტყელებივით ჩნდებოდა.
კაცუო დამოუკიდებელ ბიჭუნად იზრდებოდა. შადრევნიდან წყლის დალევა მოუნდა. ისარგებლა იმით, რომ დედას ხელით არ ეჭირა და ობელისკისკენ გაიქცა. "საით?" - გამკივანად აღმოხდა ტომოკოს. "დასალევად!" - უკანმოუხედავად ჩაიბურტყუნა კაცუომ. დედა დაედევნა და უკნიდან ჩაავლო ხელი.
"მტკივა!" - აწივლდა ბავშვი. მოულოდნელად შეეშინდა კიდეც: იქნებ უკნიდან რაღაც საშინელმა ურჩხულმა დაიჭირა?
ტომოკომ ჩაიმუხლა და ბიჭი თავისკენ მიაბრუნა. კაცუო მას კი არა, მამას უყურებდა, რომელსაც მოესწრო წინ წასვლა და ახლა გაოცებული ადევნებდა თვალს სცენას.
- ამ წყლის დალევა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი გვაქვს წამოღებული.
ტომოკომ მუხლზე დაიდო ჩანთა და თერმოსის თავსახურის მოხსნას შეუდგა...
ბოლოს და ბოლოს მიაღწიეს თავიანთ ნაკვეთს. სასაფლაოს ეს ნაწილი სულ ახალი იყო, ყველა საფლავი უკან დარჩა. ფერფლი ჯერ კიდევ ტაძარში ინახებოდა, მომავალი საფლავები კი ჯერ არ მოენიშნათ: უბრალოდ კვადრატული მიწის ნაგლეჯი, დაჭიმული თოკით აღნიშნული.
- აქ სამივეს დაკრძალავენ, - ამოიოხრა მასარუმ.{{ArticleSplitCont}}
მის სიტყვებს ტომოკოში გლოვის ახალი ნაკადი არ გამოუწვევია. როგორ შეიძლება ხდებოდეს ასეთი არადამაჯერებელი რამეები, ფიქრობდა თავისთვის. დაიხრჩო ზღვაში ბავშვი - ასეთი რამ ხშირად ხდება, სავსებით შესაძლებელი ამბავია. მაგრამ ერთბაშად სამი ადამიანი - რაღაც ბოდვაა! სხვა საქმეა, თუ, ვთქვათ, ათი ათასი. სტიქიურ უბედურებაში ან ომში არაფერია გაუგონარი. ერთი სიკვდილი - ეს სერიოზულია, ასი სიკვდილი - ასევე. შეუსაბამობაა, როცა არც ერთი ხდება და არც მეორე.
ტომოკოს გული ვერაფრით პოულობდა იმ საზომს, რითაც ტრაგედიასთან შეიძლებოდა მიახლოება. ტომოკო ხან ცდილობდა არ ეფიქრა იასუეს სიკვდილზე, ხან კი კიეოსა და კეიკოს ერთნაირებად წარმოიდგენდა, როგორც ტყუპს. აქ, მომავალი საფლავების სიახლოვეს, ჩვეულმა ფიქრებმა ახლებური ძალით ჩაითრიეს. მას სულ ეშინოდა, დარდით ერთ-ერთი დაღუპული ბავშვი არ გამოერჩია. უწინდელი, ბედნიერი ტომოკო ბავშვებიდან არც ერთს არ არჩევდა, ახლა კი უჩვეული ზნეობრივი რეფლექსია ტანჯავდა. ადრე არ ჩაფიქრებულა დედობრივ სიყვარულზე, მაგრამ შიშობდა მჭმუნვარება არ გადაემეტებინა, წონასწორობა არ დაერღვია. დარდი - ყველაზე ეგოისტურია ყველა გრძნობას შორის. ტომოკო კიდევ და კიდევ ცდილობდა ისე ეგლოვა კიეო და კეიკო, თითქოს ისინი ერთი მთლიანი ყოფილიყვნენ, და ეს მცდელობა თანდათანობით უბედურებას აცლიდა თავის არსს, აბსტრაქტულად აქცევდა.
- კი მაგრამ, რატომ სამნი! - აღმოხდა ტომოკოს, - რა უაზრობაა! რატომ, რატომ?
სამი მეტისმეტად ბევრია ერთი ოჯახისთვის და მეტისმეტად ცოტაა კაცობრიობისთვის. და არავითარი საზოგადოებრივი მნიშვნელობა - არც გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის მოხდის დროს, არც დაღუპვა ბრძოლის ველზე. სრულიად უსარგებლო, აბსოლუტურად კერძო სიკვდილი! სუფთა ქალური ეგოიზმი ტომოკოს ჩიხში აგდებდა ამ რიცხვი "სამის" გამოცანის წინაშე. მასარუმ, როგორც მამაკაცმა და მეტად სოციალურმა არსებამ, დიდი ხანია გააცნობიერა, რომ მომხდარი ტრაგედიის აღქმა უფრო მოსახერხებელი იყო საზოგადოების თვალით. პირიქით და დიდება ღმერთს, რომ ახლობელთა სიკვდილი არ იყო ძალადობრივი...
დროის შრეობრიობას მეორედ ტომოკო უკანა გზაზე შეეფეთა, სადგურთან. მატარებლის მოსვლას კიდევ ოცი წუთი აკლდა, მოედანზე სეირნობდნენ და კაცუომ სათამაშო ტანუკის ყიდვა ითხოვა. ყავისფრად შეღებილი ჯადოსნური ცხოველები, მიკერებული ყურებით, კუდითა და თვალებით, ძაფებზე ეკიდა.
- ერთი შეხედე! - წამოიძახა ტომოკომ, - ტანუკებს ახლაც ყიდიან!
- ჰო, ალბათ ახლანდელ ბავშვებსაც მოსწონთ.
- არადა, ჯერ კიდევ პატარაობიდან მახსოვს.
ტომოკომ ტანდაბალი მოხუცისგან ტანუკი იყიდა და კაცუოს მისცა. მოულოდნელად თავი იმაზე დაიჭირა, რომ მეზობელ დახლებს ათვალიერებდა, კიეოსა და კეიკოსთვის სათამაშოების ძებნაში.
- რა გჭირს? - ჰკითხა ქმარმა.
- თვითონაც ვერ გამიგია, რა მჭირს დღეს. უცებ ვიფიქრე, რომ დანარჩენებისთვისაც კარგი იქნებოდა საჩუქრის ყიდვა...
ტომოკომ თეთრი ხელები ასწია და თვალები მოიწმინდა. ნესტოები აუთრთოლდა, მზად იყო ექვითინა.
- კარგი, თუ გინდა იყიდე, - მავედრებელი ხმით, ნაჩქარევად თქვა მასარუმ, - სახლში საკურთხეველზე დავდოთ.
- არ არის საჭირო. უაზრობაა ეს. მაშინ უნდა მეყიდა, როცა უცებ დავიჯერე, რომ ისინი ცოცხლები არიან.
ტომოკომ სახეზე ცხვირსახოცი აიფარა. "ჩვენ ცოცხლები ვართ, ისინი კი მოკვდნენ, - გაიფიქრა, - რა საშინელი უსამართლობაა! თურმე რა სისასტიკეა ცოცხლად დარჩენა".
კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მოედანს: წითელი ალმები რესტორნის კარებზე, ქათქათა თეთრი მარმარილოს ფილები დამკრძალავ ბიუროში შესასვლელთან, კრამიტის სახურავები, ცა, რომლის სილურჯემ საღამოსთვის ფაიფურის გამჭვირვალობა შეიძინა. "რა მკაფიოდ ჩანს ნებისმიერი წვრილმანი, - გაიფიქრა ტომოკომ, - ეს დაუნდობელი სამყარო იმდენად მშვიდია, რომ ნებისმიერ, ყველაზე ღრმა გრძნობასაც კი აჩლუნგებს".
რომანის და იუკიო მისიმას სხვა ნაწარმოებების ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ "ბიბლუსის" ქსელში, "რეიტინგის" რჩეული მოთხრობების სერიაში)