სა-მკითხველ-ორომანი
"უნდა შემიცოდოთ! მე ხომ ორი შვილი დავკარგე! არადა, ყველა მდუმარედ განმიკითხავს!"
"უნდა შემიცოდოთ! მე ხომ ორი შვილი დავკარგე! არადა, ყველა მდუმარედ განმიკითხავს!"
1 / 5
Next
მშობლებს, რომლებსაც საინტერესო ამბების კითხვა გიყვართ, ჩვენი საიტი წიგნების ონლაინვერსიებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, წიგნის ყიდვა მაღაზიებშიც შეგიძლიათ, მაგრამ ინტერნეტში კითხვას, კომპიუტერით თუ მობილურით, თავისებური კომფორტი ახლავს. თანაც ჩვენი რუბრიკა ახალ წიგნებს სრულიად უფასოდ წაგაკითხებთ.
ნაწარმოების გაგრძელება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს გამოქვეყნდება.

ეს ცნობილი ოაპონელი მწერლის იუკიო მისიმას გახმაურებული რომანია - "სიკვდილი შუა ზაფხულში". რომელშიც გამაოგნებლად რეალისტურად აღწერილი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ამბები, რომელსაც ერთ დღეს ორი შვილი ერთად გარდაეცვლება... როცა
ცხოვრება ამით არ მთავრდება და როცა ცხოვრებას სხვა გაგრძელებებიც აქვს - რომანი ამაზეა, და ადამიანის ჩვეულებრივ განცდებსა და სისუსტეებზე... წაიკითხეთ და განიცადეთ გახმაურებული რომანი, გაგრძელებებით, ექსკლუზიურად ჩვენს საიტზე.



მეორე ნაწილი. იხილეთ დასაწყისი

* * *
ასეთი სახის მოვლენები ჩვეულებრივი ადამიანური წარმოდგენების ფარგლებს სცდება, მაგრამ ცხოვრების არც ერთ სხვა მომენტში პირობითობა და ტრადიციები ასეთ მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებს. მეუღლეები მშვენივრად ჩაეწერნენ დარდით გულმოკლული მშობლების როლებში. მრავალრიცხოვან სამძიმარსა და თანაგრძნობას იღებდნენ.
ნებისმიერი სიკვდილი - ეს გარკვეული კუთხით საქმიანი ოპერაციაა, ასე რომ, იკუტას წყვილს საქმე თავზე საყრელი ჰქონდა. ოჯახის უფროსს, მასარუს, შეიძლება ითქვას, დრო თითქმის არ რჩებოდა, რომ გლოვას მართლა მისცემოდა. კაცუოს კი, რომელიც ამდენი ზეიმით გაოგნებულიყო, ეჩვენებოდა, რომ
უფროსებმა რაღაც თამაში წამოიწყეს.
ბოლოს და ბოლოს ოჯახმა თავი გაართვა მრავალრიცხოვან პროცედურას. თანამოზიართა ფულადმა შემოწირულობამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა შეადგინა (უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ოჯახის უფროსი, რომელსაც ტრაგედია დაატყდა თავს, ცოცხალი და სავსებით შრომისუნარიანია, შემოწირულობა რატომღაც ყოველთვის მეტია).
მასარუსა და ტომოკოს თვითონვე აოცებდათ თავიანთი ფუსფუსი.
ტომოკოს უბრალოდ არ შეეძლო გაეგო, როგორ შეიძლებოდა მასში თანაეარსება მწუხარებას, რომელიც დრო და დრო გონებას უბინდავდა, და ყოველგვარი წვრილმანისადმი გადამეტებულ ყურადღებას. გემოს ვერ იგებდა, ისე ჭამდა, სახეზე შეყინული მგლოვიარე ნიღბით, მაგრამ მადა მაინც ცხოველური ჰქონდა.
ტომოკოს ძალიან ეშინოდა იმ მომენტის, როდესაც კანაძავიდან მასარუს მშობლები ჩამოვიდოდნენ, მაგრამ მათ დაკრძალვას ძლივს ჩამოასწრეს. ისევ აიძულა თავს, საშინელი სიტყვები წარმოეთქვა: "ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე". მაგრამ მერე თავის მშობლებს ეცა საჩივლელად:
- პირველ რიგში მე უნდა შემიცოდოთ! მე ხომ ორი შვილი დავკარგე! არადა, ყველა მდუმარედ განმიკითხავს! ისინი ფიქრობენ, რომ ჩემი ბრალია ყველაფერი! რატომ უნდა ვითხოვო მათგან პატიება?! თითქოს ვიღაც ძიძა ვიყო, რომელსაც გაუფრთხილებლობით პატრონის შვილები დაეხრჩო! არადა, მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ მათი თვალისჩინი იასუე. მისი ბედი, რომ მოკვდა. რატომ, რატომ არავის ესმის, რომ ყველაზე მეტად მე განვიცდი? მე ხომ დედა ვარ! ერთბაშად ორი შვილი გამომეცალა ხელიდან!
- არ ხარ მართალი, შვილო. არავინ არ ფიქრობს შენს დადანაშაულებას. მასარუ-სანის დედამ ხომ თქვა: "ყველაზე მეტად საბრალო ტომოკოა ცოდო", და შენს დანახვაზე ატირდა.
- ეს მხოლოდ სიტყვებია.


ტომოკო სრულიად უმიზეზოდ განიცდიდა დაუკმაყოფილებლობის განცდას. თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობდა - არავის არ შეუძლია მისი ტანჯვის შეფასება და გაგება. ისეთი უბედურება გადაიტანა, რომ ნებისმიერი, ყველაზე დაუჯერებელი პრივილეგიების უფლებაც კი აქვს, ამის ნაცვლად კი იძულებულია, დედამთილს პატიება სთხოვოს! არა, საკუთარი თავითაც უკიდურესად უკმაყოფილო იყო ტომოკო. ვერ უმკლავდებოდა გაღიზიანებას, რომლისგანაც, ისე როგორც ეგზემისგან, მთელი სხეული ეწვოდა, და ტომოკო დედასთან გარბოდა თანაგრძნობის ძიებაში.
საბრალოს ვერ გაეგო, რომ სასოწარკვეთილებაში მოჰყავდა ზოგადად ადამიანური გრძნობების არასრულყოფილებასა და სიღარიბეს. მართლაც, აბსურდია - ერთი ადამიანი დაიღუპა თუ ათი, ცრემლებს ყველა ერთნაირად ღვრის. ნუთუ შეიძლება ცრემლები გრძნობის საზომი იყოს? ან რომელი გრძნობის? როგორი ჩანს ის, ტომოკო, სხვების თვალში? და კიდევ უფრო მეტად ეკვეთებოდა სასო, როცა ცდილობდა საკუთარ სულში ჩაეხედა და იქ მხოლოდ და მხოლოდ გაურკვევლობასა და წყვდიადს ხედავდა.
ტომოკოს აოგნებდა, როგორ იყო აქამდე ცოცხალი. საათობით დგას მგლოვიარე - საშინელ სიცხეში - და გულიც კი არ მისდის. ხანდახან გონება ებინდებოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე აფხიზლებდა მძაფრი, სიტყვებით უთქმელი განცდა - სიკვდილის შიში.
- გამოდის, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე მეგონა, - ამოთქვა ატირებულმა, დედის მკერდს მიკრულმა.
უცებ ტომოკომ გაიაზრა, რომ სრულიად არ ეცოდებოდა გარდაცვლილი იასუე. მეტისმეტად გულჩვილი იყო, რომ განსვენებულის მიმართ სიძულვილი განეცადა, მაგრამ თუ რაღაც სიძულვილის მსგავსმა დატოვა კიდეც კვალი მის გულში, ამის მიზეზი ის საბედისწერო ოთხი საათი იყო, რომელთა განმავლობაშიც ტომოკო მხოლოდ გარდაცვლილ მულზე ფიქრობდა და საკუთარი შვილები სრულიად დავიწყებული ჰყავდა.
ცოფდებოდა, როდესაც მასარუ მშობლებთან საუბრისას ტიროდა, ბედკრულ დას ჩიოდა, რომელიც ასე შინაბერა გარდაიცვალა.
"ნუთუ ვიღაც და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შვილები", - ფიქრობდა ტომოკო. გამუდმებით დაძაბული იყო. კრემაციის წინა დღეს ცხედრებთან გატარებული უძილო ღამის შემდეგაც კი ვერ ახერხებდა დაძინებას. და არაფერი, თავიც კი არ სტკიოდა. პირიქით, ფიქრები სავსებით მკაფიო და ფხიზელი ჰქონდა.
ნაცნობები, რომლებიც უწყვეტად დადიოდნენ თანაგრძნობის გამოსახატავად, ტომოკოს გუნება-განწყობილებით ინტერესდებოდნენ. ერთხელაც, თავი ვერ შეიკავა და მოუჭრა:
- თავი დამანებეთ, ღვთის გულისათვის, ჩემი გუნება წესრიგშია. ცოცხალი ვარ თუ მოვკვდი, ახლა რაღა აზრი აქვს?!
თუმცა თვითმკვლელობაზე აღარ ფიქრობდა და ჭკუის დაკარგვის შიშიც აღარ სდევდა. სავსებით საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა - კაცუოსთვის.
მაგრამ ხანდახან, როცა ხედავდა, ძაძებში ჩაცმული მორიგი სტუმარი პატარა კაცუოს როგორ უკითხავდა წიგნს, და უხაროდა, რომ იმ პირველ, საშინელ საათებში თავი არ მოიკლა, ტომოკო მოულოდნელად საკუთარ თავს იჭერდა ფიქრზე: იქნებ უბრალოდ სითამამე არ ეყო, სიყვარული არ ეყო? ასეთი საღამოების დროს, ქმრის მკერდს მიყრდნობილი, გაყინული, კურდღელივით ცარიელი თვალებით დაჰყურებდა იატაკს, ტორშერის სინათლის ლაქას და საბრალობლად იმეორებდა:
- ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ჩემი უპასუხისმგებლობა. საერთოდ არ მქონდა უფლება, იასუე-სანისთვის ჩემს შვილებზე ზრუნვა დამევალებინა.
ტომოკოს ხმას გამომხატველობა აკლდა, თითქოს ცარიელ მთებს მიმართავდა, რომლებსაც მხოლოდ ექოთი შეეძლოთ ეპასუხათ.
მასარუს ესმოდა, რას ნიშნავდა თვითბრალდების ეს შეტევები. ცოლს სურდა, რომ მას რაიმე სასჯელი დასტყომოდა თავს. შეიძლება ითქვას, სწყუროდა ეს სასჯელი...
ქელეხის შემდეგ, რომელმაც ორკვირიანი უბედურება დაასრულა, ოჯახის ცხოვრება ნორმალურ მწყობრში ჩადგა. ბევრი სთავაზობდა ცოლ-ქმარს, ბავშვი წაეყვანათ თან და სადმე კურორტზე გამგზავრებულიყვნენ - დაესვენათ და გული გადაეყოლებინათ. მაგრამ ტომოკოს ერთნაირად ეშინოდა ზღვისაც, მთებისაც და ცხელი წყაროებისაც; მას არ შეეძლო ანდაზის დავიწყება: უბედურება მარტო არ მოდის.
ერთ საღამოს, უკვე ზაფხულის ბოლოს, ტომოკო კაცუოსთან ერთად გინძაზე გაემგზავრა. მასარუს შეუთანხმდა, რომ სამსახურის შემდეგ შეხვდებოდა და სადმე ერთად ივახშმებდნენ.
კაცუოს უკვე მოესწრო იმ ფაქტთან შეგუება, რომ მას არაფერზე ეუბნებოდნენ უარს. დედა და მამა უცებ ისეთი ალერსიანები გახდნენ, რომ საშიშიც კი ეჩვენებოდა ეს. მას ახლა ისე ექცეოდნენ, როგორც შუშის სათუთ სათამაშოს. როდესაც ქუჩის გადაკვეთა იყო საჭირო, დედა პირდაპირ ჭკუიდან იშლებოდა: კაცუო ხელში აჰყავდა და ლამის ოთხით გადარბოდა გზაზე, თან მტრულად უმზერდა შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანებს.
1 / 5
Next
ბეჭდვა