ქაღალდის რელიკვია - ონლაინრომანი
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
დასაწყისიეს ონლაინრომანი დღიურებად არის წარმოდგენელი, რომელშიც მთავარი გმირი წარსულს იხსენებს. შესაბამისად, მოქმედება საბჭოთა წარსულში ხდება. ამბის დასაწყისი იხილეთ
ბმულზეIII ნაწილი
1 აპრილი
შურისძიება ჭკუაში დამიჯდა. ახლა იმაზე უნდა მეფიქრა, როგორ მომეხერხებინა ეგ საქმე, რა გზით. რა სატყურა უნდა წამომეგო ანკესზე, რომ ნანა "დახარბებულიყო". ბევრი ვიმტვრიე თავი. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიფიქრე. არის! ხაფანგი დაგებულია...
სკოლაში მივედი თუ არა, მაშინვე ბიძინას დავუწყე ძებნა. ანატომიის კაბინეტის წინ დავიჭირე. თვალით ვანიშნე, მჭირდები-მეთქი. განვმარტოვდით.
- ბიძინა, რაღაც უნდა ვიღონოთ. მეტი აღარ შემიძლია. შემჭამეს მასწავლებლებმა, - დავიწყე ჩივილი.
- რა გაგიხურეს საქმე, რა უნდათ. აღარ უნდა დაგვაყენონ? - სიბრაზისაგან სახე წამოუჭარხლდა.
- მოვიფიქროთ რამე. შიშით შენს გვერდით ვერ ჩამივლია.
- რა მოვიფიქროთ, მითხარი.
- ისე მოვიქცეთ, თითქოს დავშორდით ერთმანეთს, - წამოვაყენე წინადადება.
- მერე, შენ გგონია, დაიჯერებენ?
- მომისმინე! სკოლის დამთავრებამდე ცოტაღა დარჩა. როგორმე მოვითმენთ ამ ორ თვესაც. მერე ვერავინ ვერაფერს დაგვიშლის. ახლა ერთი იდეა მაქვს. იმისათვის, რომ ჩვენი დაშორება დაიჯერონ, რაღაც სცენარების გათამაშება მოგვიწევს.
- რა სცენარების? - პირდაღებული მიყურებდა.
- რა და... ვითომ სხვა შეგიყვარდა. ამას ადვილად დაიჯერებენ.
- მე-ე? - ცერა თითის ზურგი მკერდზე მიიბჯინა.
- შენ, შენ. აბა, მე ხომ არ მოვაჩვენებ სხვაზე შეყვარებულად თავს. მეტიც არ უნდათ, მერე უნდა ნახო ჩემი ლანძღვა. შენ კი ბიჭი ხარ. თუ გაიგებენ, სხვა უყვარსო, პირიქით, გაუხარდებათ და ბოლოს და ბოლოს, შეგვეშვებიან.
- ჰო, მაგრამ... ვის მოვაჩვენო თავი შეყვარებულად? ვის ვუთხრა, ვითომ შენ მიყვარხარ და მოდი, ისე მოიქეცი, ყველანი დავაჯეროთ-თქო? ტეხავს, - შორს დაიჭირა ბიძინამ.
- შენ ვერ გამიგე. სულაც არ არის აუცილებელი, ეგ ამბავი ვინმემ იცოდეს. ჩვენს გარდა არავინ უნდა გაიგოს. გესმის? აი, მე ვეტყვი ნანას, ვითომ შენ ის გიყვარს და არა მე. აქედან კი აგორდება მთელი ტალღა, - შევამზადე ნიადაგი.
- ნანა რა შუაშია? - მთლად დაიბნა.
- ნანა საუკეთესო კანდიდატურაა. მერე, როცა სიმართლეს ეტყვი, ადვილად გაგიგებს და ნაწყენი არ დაგრჩება. შენი დაქალი არაა? ეგონოს, რომ ვითომ შეგიყვარდა.
- აუ, არა, რა?!
- დამიჯერე, ბიძინა. სხვა გამოსავალი არ არის. მართლა ხომ არ უნდა დავკარგოთ ერთმანეთი? მე ამდენი ნერვიულობა არ შემიძლია. გამოცდები ჩასაბარებელი მაქვს. რომელზე ვიფიქრო - საგამოცდო ბილეთებზე, თუ მასწავლებლების "სასიყვარულო" შენიშვნებზე?
ბიძინას პასუხი არ გაუცია. კარგა ხანს ჩაფიქრებული იდგა. მერე თავი ასწია და მითხრა.
- კარგი, ეგრე იყოს. რაც იქნება, იქნება.
ანკესი ჩავაგდე. ესეც ასე! ხომ კარგად მომაფიქრდა. დღის განმავლობაში მოვაგვარე ყველაფერი. ლალის ვუთხარი, ვიჩხუბეთ და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, მერე თამილას "მივახარე", მერე ნინოს, ბაჩანას და... ჭორი დაირხა. მესამე გაკვეთილზე უკვე მთელმა სკოლამ - მასწავლებელ-მოსწავლიანად იცოდა, რომ ჩვენი სიყვარული "ხუხულასავით დაინგრა". მიზეზი? მეკითხებოდნენ კლასელები. მგონი, სხვა მოსწონს, მაგრამ ვინ, ჯერ არ ვიცი. ამას მალე გავარკვევ! იყო ჩემი პასუხი. რა კარგად გამომივიდა! მშვენივრად ვითამაშე მიტოვებული შეყვარებულის როლი. აფსუს, რა მსახიობი ვცდები! ჩემი "დრამწრის" ყოფილ მასწავლებელს რომ ენახა ეს სცენები, გენიოსად მაღიარებდა. თავად მოვიხიბლე საკუთარი "მონაცემებით".
დიდ შესვენებაზე ნანა შემოვარდა კლასში. ასეც ვიცოდი! აჰა, ქალბატონო! გაგიხარდა, არა? ზედმეტი "ჩალიჩები" აღარ დაგჭირდება, ხომ? გეგეების და ვიღაცების გამოყენება არ იქნება საჭირო. ჰმ, ვნახოთ, ვნახოთ...
- ნატა, რა ხდება? - სულს ძლივს ითქვამდა.
- არაფერი, რა უნდა ხდებოდეს, - ვითომ ვერ მივუხვდი.
- აბა, რომ მითხრეს?
- რა გითხრეს?
- ბიძინასთან იჩხუბაო?
- ჰო-ო-ო! ეგ მართალი უთქვამთ.
- რატომ?
- იყო მიზეზი.
- მაინც? თქვენ მასე მილიონჯერ გიჩხუბიათ, მაგრამ შერიგებულხართ.
- ახლა აღარ შევრიგდებით, - ოფიციალურად ვთქვი.
- რა დააშავა ამისთანა?
- შენ რა, არ იცი, რა დააშავა? - ისე შევუტიე, ფერი დაკარგა.
- ა-რა, მე საიდან უნდა ვიცოდე.
- გუშინ დამირეკა და გამომიცხადა, მგონი სხვა მიყვარს და ბოდიშს გიხდიო.
- კაი, ნუ გაახურე! - აშკარად არ დაიჯერა.
- ზუსტად ასე მითხრა, მაგრამ არ გამიმხილა, ვინ არის ის "ბედნიერი".
- ჩვენი სკოლელიაო?
- არც ეგ თქვა, თუმცა, ძალიან კარგადაც ვიცი, ვინც მოსწონს, - დემონსტრაციულად წარმოვთქვი.
- ვინ? - ნანას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, ვის დავასახელებდი. ალბათ, პირველს სურდა, ბიძინას დედისთვის სარძლოს ახალი კანდიდატურის გამოჩენის შესახებ ეცნობებინა.
- არ ვიტყვი, სანამ არ დავრწმუნდები.
- მე მითხარი. ხომ იცი, არავის ვეტყვი.
- ჰო მაგრამ, მერე ტყუილი რომ გამოდგეს? - ვითომ თავი შევიკავე.
- მიდი, მიდი, მაინც თქვი. ჩემგან ხომ იცი, არსად გავა, - შემაგულიანა.
- გეწყინება, - განვაგრძე ყოყმანი.
- მეწყინება? - რატომ მეწყინება? მითხარი, თუ ქალი ხარ, ნუ დამტანჯე.
- შენ, ჩემო კარგო, შენ! - თავის კანტურით გავუმხილე.
უცებ ხველა აუტყდა. ალბათ, ნერწყვი თუ გადასცდა მოულოდნელობისაგან.
- საიდან მოიტანე ეგ სისულელე! - თვალები გაუფართოვდა.
- გეთანხმები, რომ სისულელეა, მაგრამ მართალი სისულელეა, - განვაგრძე თავის კანტური, - კარგა ხანია, ვატყობდი, მაგრამ მაინც არ მჯეროდა. უბრალოდ, ვერც ვიფიქრებდი ეგეთ რამეს. დღეს კი თავად დამიდასტურა.
- კი მაგრამ, რა იცი, რომ ჩემზე თქვა? აკი, ვერ ვათქმევინეო?
- ხომ გითხარი, ეჭვად მქონდა-მეთქი. შენ რა, ვერ ამჩნევდი?
- არა, რას ამბობ. ბიძო ძმასავით მიყვარს, - "ბრალდება" თავიდან აირიდა ნანამ.
- ალბათ, არ დაკვირვებიხარ. ან კი საიდან მოგივიდოდა თავში აზრად ამგვარი რამ. აი, დღეიდან დაუკვირდი და შენ თვითონაც შეამჩნევ.
- რაღაც ძაან მეეჭვება, - ყოყმანით შენიშნა ნანამ და შეფიქრიანებული გატრიალდა. მივხვდი, ანკესზე მაინც წამოეგო. იმტვრიოს ახლა თავი!
შინ გვიან მოვედი. ცეკვის რეპეტიცია მქონდა. რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ლელა მასწავლებელმა მე და ფრიდონს სიქა გაგვაძრო. ერთი ოცჯერ მაინც გაგვამეორებინა მეორე და მესამე ტაქტი. მთელი დღე დოლის გუგუნი ჩამესმოდა ყურში და ლელას ღუღუნა ხმით ნათქვამი: "ერთი, ორი, სამი - შვიდი, რვა"... სკოლიდან მისავათებული დავბრუნდი. სადილობის თავიც არ მქონდა. ის იყო, ტანთ გამოვიცვალე, რომ ტელეფონმა დარეკა. მაშინვე ყურმილს ვეცი. არ შევმცდარვარ, გეგა იყო.
- როგორა ხარ, ტუხა? - ჩემი ხმა უკვე "დაზეპირებული" აქვს.
- გადასარევად, მაგრამ ეგ "ტუხა" რას ნიშნავს? - ეპითეტის "არსს ვერ ჩავწვდი".
- ტუხა შავგვრემანს ნიშნავს, - სიცილი გაისმა ყურმილში.
- რაღაც ვერ გავიგე...
- შავგვრემანი, ანუ შავტუხა, - განმარტა გეგამ.
- შენ გინდა თქვა, რომ მე შავტუხა ვარ? - ცხვირი ავიბზუე.
- რა, არა ხარ? - კითხვა შემომიბრუნა.
შავგვრემანს კიდევ არა უშავდა, მაგრამ ეგ "შავტუხა" ძალიან არ მომეწონა და ამ ორი სიტყვის განმასხვავებელ თვისებებზე დავიწყე საუბარი.
- შავტუხას შავთმიან, შავთვალება და მუქთვალებიან ადამიანზე იტყვიან, - გაბუტული ვყვებოდი, - მე კი მწვანე თვალები მაქვს. ასე რომ...
- შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგხედავ მაგ თვალებში, - შემაწყვეტინა გეგამ.
ცხელმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში. სულ გადამავიწყდა, დარეკვისთანავე რომ უნდა მეჩხუბა მასთან და ყოველგვარი კონტაქტი გამეწყვიტა. თითქოს დავმუნჯდი. ჩემს ჯინაზე არც ის იღებდა ხმას.
- თუ გეწყინა, არასდროს მოგმართავ მასე. სხვა სახელს შეგარქმევ. თუმცა, ჩემთვის მაინც "ტუხა" დარჩები, - მაინც არ დათმო ბოლომდე.
- დღეიდან ჩემთან აღარ დარეკავ, გეგა, - უცებ გამახსენდა წინასწარ შედგენილი დიალოგის პირველი წინადადება.
- რატომ? - ხმა ისე შეეცვალა, მივხვდი, ძალიან გაუკვირდა.
- იმიტომ, რომ არ მსიამოვნებს შენთან საუბარი.
- ეგ რას ნიშნავს... დღეს პირველი აპრილია?
ახლაღა გამახსენდა, პირველი აპრილი რომ იყო. ეგ არც მიფიქრია. ოჰო! კოზირად გამომადგება ნანასთან მიმართებაში. როცა გაიგებს, რომ მოვატყუე, თავს ვიმართლებ - 1 აპრილი იყო და ვიხუმრე-მეთქი. თუმცა... არა, ეგ "საბუთი" ალბათ, არ გამოდგება...
- აპრილი არაფერ შუაშია და არც პირველი.
- აბა? ასე უცებ რა მოხდა? სულ რამდენიმე დღეში?
- ეგ იმან გითხრას, ვის შეკვეთასაც ასრულებ, - ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი.
- რა შეკვეთას? ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა. ცოტა გასაგებად შეგიძლია? - ახლა სულ სხვანაირი გაუხდა ხმა.
- ვინც ჩემი გაცნობა და გართობა დაგავალა, იმას ჰკითხე-მეთქი, მგონი, გასაგებად გითხარი, - ტონი ავიმაღლე, თან გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
- ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია. შენ რაღაც გეშლება, ტუხა, - მაინც ასე მომმართა, - არა ვარ ის კაცი, რომლის გამოყენებაც ადვილად შეიძლება.
- მაშინ რატომ რეკავ ჩემთან, სრულიად უცხოსთან?
- მომწონხარ და იმიტომ. ძალიან მომწონხარ. შეიძლება მეტიც...
- ეგ რას ნიშნავს... დღეს პირველი აპრილია? - გავიმეორე მისივე სიტყვები.
- შენ მართალი ხარ, დღეს პირველი აპრილია, - თქვა უცებ და გამითიშა... წყვეტილი "ტუ-ტუ" კარგა ხანს ისმოდა ყურმილში...
2 აპრილი
როცა ხასიათი მიფუჭდება, პირველი ბებიაჩემი მატყობს ხოლმე. დაკვირვებით გამაყოლ-გამომაყოლებს თვალს, თქმით კი არაფერს მეტყვის. დღეს კვირა იყო და მთელი დღე შინ მომიწია ყოფნამ. გეგასთან საუბრის მერე დანა პირს არ მიხსნიდა. როგორ დამიკიდა ყურმილი! როგორ მეწყინა! ნუთუ აღარ დარეკავს? იქნებ მე შევეხმიანო? ვკითხავ, რა ვთქვი ამისთანა, რა ეწყინა. ტყუილი ხომ არ მომიგონია? იქნებ უარყოს კიდეც, რომ ნანას დავალებით არ რეკავს? ხომ შეიძლება მართლა არ რეკავდეს... მაგრამ გულიკომ რომ მითხრა? გულო ხომ არ მომატყუებდა! მით უმეტეს, არც იცოდა, მე თუ ვინმესთან ტელეფონით ვურთიერთობდი. იქნებ, რომ არ დაბნეულიყო, ან რომ არ ჩაჭრილიყო ჩემთან საუბარში, საუკეთესო გამოსავლად ეგ მიიჩნია? არ არის გამორიცხული. ეგ ვერსია ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან... რა ფარისეველი ყოფილა! როგორი ხერხები გამოიყენა ჩემს დასაახლოებლად. მეც დავიჯერე რომ ვიღაცის თვალში შეიძლება ლამაზი ვყოფილიყავი. რა იდიოტი ვარ!
სილვა ბებიამ ხან აქედან მომიარა, ხან იქიდან, მაკვირდებოდა. არ შევიმჩიე. ბოლოს ვეღარ მოითმინა, ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა და უსიტყვოდ მომაჩერდა. კარგა ხანს თვალებით ვზომავდით ერთმანეთს.
- რა იყო, ბებო? - დავარღვიე დუმილი.
- ეგ მე უნდა მეკითხა, შვილო - მოხდა რამე?
- არაფერი, რა უნდა მომხდარიყო.
- ვინმემ ხომ არ გაწყენინა? - დაიწყო გამოკითხვა.
- არა, ბებო, არა. არც არავინ მაწყენინა.
- ცუდად ხომ არ მოგექცა ვინმე, არ დამიმალო, - მაინც არ იშლიდა ბებია თავისას.
- ო-ოჰ! ნუ გამიწყალებ ახლა გულს შენი შეკითხვებით. პარატა გოგო კი არა ვარ, რა მოგივიდა! ნუ იცი ხოლმე ასე ჩაკირკიტება.
- იჩხუბეთ? - გამომცდელად შემომხედა.
- ა-რ-ა! - ჯიუტად გავაქნიე თავი.
- ხომ იცი, ვერ გამომაპარებ. მე შენ ასეთი დიდი ხანია, არ მინახიხარ. მითხარი, რა გაწუხებს. ვინმემ თუ რამე გაკადრა, დროზე უნდა თქვა, ქვეყნის სალაპარაკოდ არ გაიხადო თავი, - თითი დააკაკუნა მაგიდაზე.
- მოლანდებები გაქვს, ბებიაჩემო, რა! საკმარისია, ცუდ ხასიათზე დავდგე, მაშინვე კრუხივით მომაფრინდები - ასე ხომ არ იყო, ისე ხომ არ იყო. აუცილებელია, მაინცდამაინც რამე მომხდარიყო?
- აბა რა გემართება?
- ბებო, ჩემთვის ჯერ ბიჭს არ უკოცნია. სხვა რამეებზე საუბარიც ზედმეტია. არ გჯერა ჩემი?
- მე შენი ყოველთვის მჯეროდა, შვილო, მაგრამ... რა ვიცი, დროება ისე შეიცვალა... ახლა ყველაფერი სხვანაირად ხდება. ჩემ დროს ასე არ იყო.
- შენ დენიკინის დროს ცხოვრობდი, ბებიკო. ახლა ბრეჟნევის დროა.
- დენიკინსაც მოუკვდა პატრონი და ბრეჟნევსაც. მე არ მინდა სიბერეში გავმწარდე. ისე ნუ მომკლავს ღმერთი, ლიზას გათხოვებას და შენს ჩარიცხვას ვერ მოვესწრო. მერე კი ჯანდაბამდის გზა მქონია. ჩემი კოსტას სიკვდილის მერე როგორ უნდა დავდიოდე ცოცხალი, - ცრემლი მოერია ქმრის ხსენებაზე.
ბაბუა ოთხი წლის წინ ინფარქტით გარდაიცვალა. ეს ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იყო. მეგონა, ბებიაჩემი თავს მოიკლავდა, ისე უყვარდათ ერთმანეთი. ამ ხნის ქალი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ფეხებს ჰბანდა ქმარს. მერე, ლოგინში ჩაწოლილს, მხარზე აკოცებდა, საბანს შეუკეცავდა, შუქს ჩაუქრობდა და ბრას აუნთებდა. ბაბუას ძილის წინ აუცილებლად უნდა წაეკითხა რამე. მის სკამზე მუდამ სათვალე, წიგნი და გაზეთი ეწყო.
სილვა ბებია ვერაფრით მიეჩვია უქმროდ ცხოვრებას. პირველ ხანებში მისთვის ყველა დილა ხმამაღალი მოთქმით იწყებოდა და ყველა საღამო სასაფლაოზე გასვლით მთავრდებოდა. მერე თანდათან შეეგუა დაქვრივებას. ასეა, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი... ახლა ყოველთვე ქმრის პენსიის მოსვლას გულისფანცქალით ელის. ბაბუას, როგორც ომგამოვლილს და როგორც თანამდებობის პირს, მაღალი პენსია ჰქონდა დანიშნული. ბებია გამოართმევს ხოლმე ჩვენს ცალთვალა არკადი ფოსტალიონს ამ ფულს, გულზე მიიხუტებს და თვალცრემლიანი მოთქმას დაიწყებს - ჩემი კონსტანტინე, იქიდანაც კი არ მივიწყებს, იქიდანაც კი მეხმარება შვილების გაზრდაშიო. პატარა ბავშვივითაა. ღმერთის სჯერა. სულ მარხულობს. აღდგომა დღეს ქუთაისში მიდის ხოლმე ეკლესიაში, რომ ილოცოს და ზიარება მიიღოს მღვდლისაგან. მე კი შეღებილი კვერცხი ვერ დამიჭერია ხელში. ორშაბათს, სკოლაში მისულ მოსწავლეებს, დირექტორი სათითაოდ თითებს გვიმოწმებს, საღებავისაგან გაწითლებული ხომ არა გაქვთო. არადა, როგორ მიყვარს ეს დღე. "ალილოზე" რომ დადიან ღამით. კიდევ ჭიაკოკონობა მიყვარს. მთელი ქუჩა ჩვენს ჭიშკართან რომ შევიკრიბებით. რაც კი უბანში საბურავებია, ყველას აქ უყრიან მეზობლის ბიჭები თავს. რევაზი მთელი წელი აგროვებს ხოლმე ძველ, უვარგის საბურავებს. მერე ვანთებთ დიდ ცეცხლს, ვახტებით ზემოდან და რა ვიცი - მიდის ერთი რია-რია, შეჯიბრი, სიმღერა და ქეიფი. ბებიაჩემი კი დაყვება უბნის გოგო-ბიჭებს და ცვილისგან თავისი ხელით გამოქნილ ჯვრებს ზედ კისერთან, თმის ძირებში მიაწებებს ხოლმე, კუდიანებმა არ გაგთვალონო. ამისთანების გამო სულ კინკლაობა მოსდიოდა ბაბუასთან, რომელსაც ცოლის ასეთი "მორწმუნეობა" სულაც არ ეპიტნავებოდა. ჩემს ნათლობასაც წინ აღუდგა. მაგის გულისთვის შეიძლება სამსახურიდან დამითხოვონო. აბა რა ექნა! კაცი ქალაქკომის მდივნის მოადგილე იყო. ამის გამო გივის ბაბუაჩემი არ უყვარდა. "ურწმუნო თომას" ეძახდა. კაცს რომ ღმერთი არა სწამს, იმას არაფერი არა სწამსო, შთამაგონებდა. თუკი სულხან-საბას სწამდა უფალი, ილიას, ვაჟას და ჯავახიშვილს, კოსტაია ვიღაა, არ იწამოსო, ბაბუაზე იტყოდა. მაგრამ ერთხელაც შეეცვალა მასზე წარმოდგენა. ბაბუა ავარიაში მოყვა თავისი "ვილისით". გვერდით მამაჩემი ეჯდა. შინ მომავალს მოსახვევში, ჩვენსავე ქუჩაზე უცებ მუხრუჭმა უმტყუნა და მანქანა ღრმა თხრილში გადავარდა. თვითონ კი გადარჩა, მაგრამ მამაჩემი ძლიერ დაშავდა. მთელი ქუჩა შეიყარა. ღამის ორი საათი ყოფილა თურმე. მე ტკბილად მძინებია იმ დროს. სწორედ მაშინ შესწრებია გივი მასწავლებელი ზურგშექცევით მდგომ ბაბუაჩემს, პირჯვარს რომ იწერდა თურმე და იურას გადარჩენას შესთხოვდა ღმერთს. "ეს სხვის დასანახად ყოფილა თურმე ურწმუნოო", - განმიმარტა მეორე დღეს. ის იყო და ის. მას შემდეგ გივისთვის ბაბუაჩემი სამაგალითო ადამიანი გახდა, როგორც ყველასთვის ყოველთვის...
მგონი, ძალიან გადავუხვიე. ჰოდა, იმას ვყვებოდი, ძლივს დავარწმუნე სილვა ბებია ჩემს "უმწიკვლობაში". რას გადამეკიდა! სულ ჰგონია, რომ რაღაცას ვუმალავ, რომ სათქმელს ბოლომდე არ ვეუბნები. ისე, სადღაც მართალია. მართლა არ ვეუბნები. ბიძინას ამბავიც მზიასგან იცის მხოლოდ. გეგაზე ხომ... რა სისულელეა! მაგას რა მათქმევინებს. კივილს დაიწყებს - იმხელა კაცს სხვა რა უნდა უნდოდეს შენგან, თუ არა პატარა გოგოს შეცდენაო. მეცინება. ყოველთვის ასე ფიქრობს და ამ აზრს ვერასდროს ვერავინ შეაცვლევინებს. საერთოდ, ძალიან ეჭვიანი ქალია. ქმარზეც ეჭვიანობდა თურმე ახალგაზრდობაში. ისე, ბაბუაჩემს ქალები ძალიან ჰყვარებია. საყვარელს საყვარელზე იცვლიდა თურმე. განსაკუთრებით ერთი ძალიან ლამაზი საყვარელი ჰყოლია - ქალბატონი თამარი, მსახიობი. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მაგ ქალის გამო კინაღამ პარტიიდან გაურიცხავთ. ისევ ბებიამ უშველა თურმე - რა საყვარელი, რის საყვარელი, თამარი ჩემი დაქალიაო, შესულა მდივანთან და საყვედურებით აუვსია, კონსტანტინეზე, სულით "სპეტაკ კომუნისტზე" ეგეთი რამ როგორ დაიჯერეთო, საჯაროდ შეურცხვენია.
შინ დაბრუნებულს კი შავი დღე დუაყრია ქმრისთვის - თუ არ გამოსწორდები, აწი ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო. ბაბუაც "გამოსწორებულა". მას შემდეგ თბილისს აქეთ ქალისთვის არ შეუხედავს. იქ კი ვინ დაუწყებდა თვალთვალს და კუდში დევნას, სილვა ბებიას მეტი, მაგრამ ცოლის ნაკლებად ეშინოდა ბაბუას. რაც უნდა ეჩხუბა ქალს, ბოლოს მაინც შეირიგებდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა მისი მხრიდან არ ემუქრებოდა.
რაც ქმარი დაკარგა, ბებიამ ეჭვიანობის მოჭარბებული გრძნობა მთელი დატვირთვით ახლა ჩვენზე გადმოიტანა - ლიზა მამიდასა და ჩემზე. მე კიდევ ბავშვი ვარ და ძალიან არ მერჩის, ქალიშვილი კი შავ დღეში ჰყავს. ყველა ნაბიჯს უთვლის და ყველა წუთს. ხუთი წუთით ადრე რომ მოვიდეს, ვინ მოგდევდაო, ეტყვის, ხოლო ხუთი წუთის დაგვიანებისთვის - ვინ შეგაყოვნაო. აი, ასეთი უცნაური ქალია.
ეჰ, რომ იცოდეს, რა "მაქინაციებს" ვაწყობ ღამით... როგორ ვიპარავ ტელეფონს სასტუმრო ოთახიდან და როგორ გამაქვს ჩემს საძინებელში! მერე საათობით როგორ ვბაასობ გეგასთან! მომკლავს! ნამდვილად ერ გადავურჩები. კიდევ კარგი, არ იცის...
5 აპრილი
ოთხშაბათია. გეგამ არა და არ დარეკა. მე კი გამალებით ველოდები მის ზარს. ვიფიქრე, იქით დავურეკავ-თქო, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე. მეორე დღეა, ვყოყმანობ. არა, კი დავრეკე, მიპასუხა კიდეც, მაგრამ ხმა არ გავეცი. არ გავუთიშე, სანამ თვითონ არ დამიკიდა ყურმილი. მერე ველოდებოდი, იქნებ მიხვდეს და გადმომირეკოს-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად. არ მაღირსა "მისმა ბრწყინვალებამ". ეგეც ერთგვარი მეთოდია. თავი უნდა მომანატროს, რომ მერე თბილად შევხვდე და საყვედურებით არ ავავსო - არიქა, რაღამც დარეკა, როგორ შეიძლება ჩხუბიო. ალბათ, ასე ფიქრობს. მე მგონი, სწორადაც. ოღონდ შემეხმიანოს და ეშმაკსაც წაუღია ნანა და მისი "გამოყენებები". ჯერჯერობით რას ვაგებ - რომელ პაემნებზე მე ვხვდები, რომ, ბებიაჩემისა არ იყოს, სადმე ბნელ კუთხეში შემიტყუოს? რა ვქნა, ძალიან მენატრება. საოცრად კარგი მოსაუბრეა. "ნაკითხი, განათლებული, ექიმი", - მეზობლები რომ იტყვიან ხოლმე სასურველ სასიძოზე.
მართალია, გეგა არ რეკავს, მაგრამ სამაგიეროდ ბიძინა "აქტიურობს", ოღონდ არა ჩემთან, არამედ ნანასთან. იმ სულელმა, მგონი, მართლა დაიჯერა. ორი დღეა, ტვინი გამიბურღა. ბიძინამ ასე შემომხედა, ასე მითხრა, ასე მომექცა, იქ გამაცილა, აქ გამომყვა და ა.შ. არ შეუყვარდეს ამ ოხერს! ბიძინასაც რომ დაუჯდეს ჭკუაში? მერე რა ვქნა? ვითომ მეწყინება? ამის გაფიქრებაზე ვიგრძენი, როგორ აღვშფოთდი. როცა მეგონა, რომ ბიძინას "გადართვა" გამიხარდებოდა გეგასთან ურთიერთობის გამო, პირიქით მოხდა. ეჭვიანობამ გამკენწლა. ნანას, როგორც ვატყობ, უხარია ჩემი შეყვარებულის ასეთი მოჭარბებული ყურადღება. შტერი! ჰგონია, რომ ბიძო მართლა მასზეა გადარეული. რა სულელი გოგოა. ისეთ დეტალებს მიყვება, უკვე გულზე ვსკდები. აი, ხვალ მივალ სკოლაში და ბიძინას შავ დღეს დავაყრი. მგონი, ზედმეტი მოსდის. მართლა ხომ არ მოუვიდა თვალში? აჰა, მე უკვე ვეჭვიანობ და ძალიან "მწარედაც". მაგრამ გეგაზეც რომ ვფიქრობ? რაო, ნატა, არცერთი გეთმობა? ორივესთან გინდა ურთიერთობის გაგრძელება? ეგრე სად არის! - შემოვუძახე ჩემს ორეულს. საკუთარ თავს ვერ მოატყუებ. არა, უნდა ვუთხრა ნანას, რომ მოვატყუეთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...
გაკვეთილებზე უყურადღებოდ ვიჯექი. ბიძინა ვერ მოვიხელთე დილიდან სალაპარაკოდ. არა უშავს, დღეს "კინოს დროა" და იქ შევხვდები. ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.
- აფიშა ნახე? - მიჩურჩულა მათემატიკის გაკვეთილზე ბაჩანამ.
- არა, რა ფილმი გადის? - ჩურჩულითვე ვკითხე.
- "ბობი".
- აუჰ! არ აგვიკლეს ამ ინდური ფილმებით? ამოვიდა ყელში.
- მაგარი ფილმია, თანამედროვე.
- მეეჭვება. რაც უნდა იყოს, ინდურია, - ტუჩი ავიბზუე.
- ძიძიგურო! გაგიცივდა პატრონი! გამოდი დაფასთან და გაიმეორე, რაც ავხსენი, - ისე მოულოდნელად იკივლა ლუბა მასწავლებელმა, შიშისაგან შევხტი. ნირწამხდარი გავედი დაფასთან. მგონი, ფერი აღარ მადევს სახეზე. ის იყო, თქმას ვაპირებდი, არაფერიც მომისმენია თქვენი ახსნილი გაკვეთილიდან-თქო, რომ ზარიც დაირეკა. შვებით ამოვისუნთქე. გადავრჩი...
კლუბში ცოტა დაგვიანებით მივედი - კატუშას მაღაზიაში შევიარე, სამელნე და ჩინური კალმის წვერი უნდა მეყიდა. ეს ჩინურები ახლა გამოვიდა. მომრგვალებული წვერი აქვს. რბილად წერს, არ დღაბნის ასოებს. შუშის სამელნეც შევარჩიე. კარგია გამჭვირვალე, მეცოდინება მაინც, მელანი სადამდე ასხია. ჩვენს სკოლაში ჯერ კიდევ არ გვაძლევენ პასტით წერის უფლებას. ახირებული კაცია ჩვენი დირექტორი. ყველაფერში ორიგინალობა სურს. სხვა სკოლებში გოგონებმა კაბებიც კი დააგრძელეს წვივამდე, ბატონი გიორგი კი ჩვენ ამის უფლებასაც არ გვაძლევს - მოსწავლე ბავშვურად უნდა გამოიყურებოდესო. ბაფთის გარეშე ხომ არავის უშვებს. საცოდავი თამილა! ბიჭურად შეიკრიჭა თმა და კინაღამ მოკლეს - სადაც გინდა, იქ დაიბნიე ბაფთა, თუ არადა, სკოლაში მოსული არ გნახოთო, ცალკე დამრიგებელი უჩიჩინებდა, ცალკე სასწავლო ნაწილი. სხვა რა გზა ჰქონდა - ააცვა ბაფთა ძაფზე, გაუყარა სარჭი და კინკრიხოზე დაიმაგრა. ეჰ, რა ეშველებათ ამ კონსერვატორებს. ამათ რა "გაათანამედროვებს"...
...დარბაზი გადაჭედილი იყო. თვალი მოვავლე უკანა რიგებს. ჩემი კლასელები, როგორც ყოველთვის, ბოლოსწინა რიგში ისხდნენ. ბიძინას დავუწყე ძებნა. უცებ გავშრი... ნანას გვერდით იჯდა. კინაღამ გული შემიღონდა. იმანაც შემამჩნია. ეტყობა, ჩემი მზერა იგრძნო. ნაძალადევად გავუღიმე. არა, დალაპარაკება შეუძლებელია. თანაც, დღეს ციცო მასწავლებელია მორიგე, ჩვენი დამრიგებელი. არ ღირს. ხვალ ნოტაციების კითხვას დამიწყებს. უარესად გამიფუჭდა ხასიათი... შუქი ჩაქრა და სეანსიც დაიწყო. გულგასიებული დარბაზიდან გამოვედი და შინისკენ გავსწიე.
6 აპრილი
დღეს გაერთიანებული ფიზკულტურა გვქონდა. ეზოში ჩაგვიტარდა. ნორმატივები უნდა ჩაგვებარებინა. ხელსაყრელი მომენტი შევარჩიე და ნანას რომ წამზომი ჩაურთო აჩი მასწავლებელმა ასმეტრიან დისტანციაზე, ბიძინას გადავულაპარაკე:
- მგონი, თქვენ უჩემოდაც მშვენივრად ეწყობით ერთმანეთს, - თან ელეთმელეთი მომდიოდა.
- მე შენს დავალებას ვასრულებ, ჩვენში რომ დარჩეს. ხომ არ დაგავიწყდა? - მწყრალად შემომხედა.
- ნამეტანი მონდომებით ასრულებ, რაღაც. არ მითხრა, აზარტში შევედიო, - სიბრაზე უკვე ყელში მომებჯინა, - ისიც კარგად გიჟუჟუნებს თვალებს, არა? შემთხვევით ხომ არ შეგიყვარდა?
- შენს ირონიას საზღვარი არა აქვს... რაზე შემატყვე, რომ შემიყვარდა! - თვალებში შემომხედა. მზერა ავარიდე.
- რა ვიცი, გუშინ კლუბში გუგულებივით ერთად კი ისხედით და...
- ეგ ჩემი ბრალი არ არის. იდეა შენი იყო. ნანასთან რა გინდა, რა შუაშია. იქით ატყუებ და კიდევ ამრეზით მოიხსენიებ? - მისაყვედურა.
- ჰოდა, გყავდეს მანდ! მშვენივრად უხდებით ერთმანეთს! - ტირილნარევი ხმით მივაძახე და ზურგი შევაქციე.
უცებ ვიგრძენი, როგორ შემეხო ზურგზე მთელი ტანით. მხრები გამითბა. ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩურჩულით მითხრა.
- მე შენ მიყვარხარ მხოლოდ, სხვა არავინ. გესმის?
როგორ მესიამოვნა! თითქოს ტკივილი დამიამაო.
- გესმის? - გაიმეორა.
- მესმის, - ძლივს გასაგონად ვუპასუხე.
- გჯერა?
თავი დავუქნიე და ოდნავ განზე გავდექი, ვინმეს რომ არ შეემჩნია მისი სიახლოვე. ფრთხილად გადავხედე კლასელებს... ბაჩანას მრავლისმეტყველ მზერას წავაწყდი...
მთელი საღამო ბიძინაზე ვფიქრობდი. რა კარგია, გამოდის, ვუყვარვარ. სულ ტყუილად მეშინოდა. ნანაზე კი ახია. შეუყვარდეს. უარესის ღირსია. წარმომიდგენია, როცა ყველაფერს გაიგებს, რა სახე ექნება!
ათი საათი ხდებოდა, რომ დარეკა, გასტრონომთან გელოდები და გამოდიო. ასეთ დროს როგორ მოახერხა შინიდან გამოსვლა? რა უნდა ნეტავ? რამე ხომ არ მოხდა? ათასი კითხვა მიტრიალებდა გონებაში, თან იმაზე ვფიქრობდი, როგორ გავპარულიყავი შეუმჩნევლად. ვერ მოვახერხებდი. სხვა რამე უნდა მეღონა. ბოლოს "ვიღონე". ბებიაჩემს გავძახე, გივისთან გადავალ ხუთი წუთით, წიგნი უნდა გამოვართვა-მეთქი და ოთახიდან გავვარდი.
მაღაზიის უკან ძლივს დავლანდე ბიძინას სილუეტი. ახლოს მივედი.
- ბიძინა, შენა ხარ? - ხმადაბლა დავუძახე.
- მე ვარ, მოდი, - უფრო ბნელი კუთხისკენ გაიწია.
მივუახლოვდი. სხეული მითრთოდა. "ღამის პაემანზე" პირველად ვიყავი.
- ასე გვიან რამ მოგიყვანა? - ჩურჩულით ვკითხე.
პასუხის ნაცვლად უცებ წელზე მომხვია ხელი და მკერდზე მიმიკრა. გავიტრუნე. რაღაც დაბნეულობასაც ვგრძნობდი. ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ ერთმანეთთან. მსგავსი რამ პირველად ხდებოდა მთელი წლის მანძილზე. შევხედე. მთვარის შუქზე თვალები უბრწყინავდა. სახე ახლოს მომიტანა. უნებურად თვალები დავხუჭე... ტუჩებში მაკოცა. ჩვეულებრივად, ბავშვურად. ეს არ იყო ფილმებში ნანახი კოცნა.
- გიყვარვარ? - ჩურჩულით მკითხა, თან ჩაბღუჯული ვყავდი.
- კი.
- პირობას მომცემ, რომ სხვას არ გაჰყვები ცოლად?
ახლა კი ვიკადრე თვალების გახელა.
- პირობას? - უცნაურად მეჩვენა მისი წინადადება, - ისე მელაპარაკები, თითქოს აკვნიდან დანიშნულები ვიყოთ, - მისი მკლავებიდან თავის დაღწევა ვცადე. არ გამძალიანებია, ადვილად "შემელია".
- შენი თავის იმედი არა გაქვს?
- არა, მაგაში არ არის საქმე, უბრალოდ, არ ველოდი ეგეთ რამეს. რა ვიცი, თუ საჭიროა... პირობას გაძლევ, - ვთქვი და მივხვდი, ვიჩქარე. ვიჩქარე და იმწუთშივე ვინანე.
კვლავ დამიპირა კოცნა. მსწრაფლ დავუსხლტი ხელიდან და წასასვლელად გავემზადე.
- ჩემებმა არ იციან, გამოსული რომ ვარ, სასწრაფოდ უნდა გავბრუნდე, რა ვქნა, - ვიმართლე თავი, გამოვემშვიდობე და სირბილით დავუყევი ქუჩას.
- მოხვედი, ნატა, - ბებია შემომეგება კარის ზღურბლთან, - ახლა ვაპირებდი შენთან წამოსვლას, არ შეეშინდეს-თქო.
- ჰო, მოვედი, - ძლივ გასაგონად ჩავილაპარაკე და ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
- წიგნი?
- რა წიგნი? - ვერ მივხვდი.
- გივის წიგნი არ გამოართვი?
- ჰოო! გამოვართვი და მაგიდაზე დამრჩა.
იჭვნეულად გამომხედა. რაღაც არ მოეწონა ჩემს ნათქვამში, თუმცა არაფერი უთქვამს.
ჩემს ოთახში გავედი. ლოგინში ჩავწექი. სასიამოვნო მოთენთილობას ვგრძნობდი. ცოტა ხანში ბებიაც შემომყვა.
- მართლა, რა უნდა მეთქვა, ვიღაც ბიჭმა დარეკა და გიკითხა, - მითხრა და თან ჩემი ტანსაცმლის დაკეცვას შეუდგა.
- ბიჭმა? ვინა ვარო, არ თქვა? - გული შემიქანდა.
ამ წუთამდე გეგა საერთოდ არ გამხსენებია.
- კლასელი ვარო.
- რომელი კლასელი, სახელი არა მაქვსო?
- გოგა თუ გიგა, რაღაც ასეთი, ვერ გავიგონე წესიერად.
სუნთქვა შემეკრა.
- არა უშავს. ხვალ სკოლაში ვნახავ, - ჩავიბურტყუნე და საბანში ჩავიმალე, ვითომ ძალიან მეძინებოდა.
ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა საძინებლიდან. ტელეფონი უნდა შემომეტანა. გეგა აუცილებლად დარეკავდა. გული მიგრძნობდა. სილვა ბებია გასვლას არ ჩქარობდა. ახლა მოუნდა მაინცდამაინც ჩემი ტანსაცმლის დაკეცვა და წიგნების მილაგება. კარგა ხანს იტრიალა.
- შუქი ჩაგიქრო, ბებო? - როგორც იქნა, დაამთავრა.
ხმა არ გავეცი. თავი მოვიმძინარე.
- გენაცვალოს ბებია, - ჩურჩულით თქვა, დაიხარა და თავზე მაკოცა. მერე საბანი შემომიკეცა გულმოდგინედ, შუქი ჩააქრო და კარი ფრთხილად გაიხურა. ცოტა ხანს მივაყურადე. როგორც კი ფეხის ხმა მიწყდა, სასტუმრო ოთახში გავვარდი, ტელეფონის აპარატს ხელი დავავლე და საძინებლისკენ გავაქანე. ზარი, რაც შეიძლებოდა, დაბალ ხმაზე დავაყენე. ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა. კინაღამ ჩამთვლიმა. ჩამთვლიმა კი არა, სიზმრის რაღაც ნაწილის ნახვაც მოვასწარი, სანამ გეგა დარეკავდა.
- ალო! - პირველსავე ზარზე დავეტაკე ყურმილს. ვიცოდი, ამგვარი საქციელით ჩაჭრილი ვიყავი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. შემეშინდა, ტელეფონის წკრიალს ჩემები არ გაეღვიძებინა, თუმცა ხმა ჩაწეული მქონდა.
- გავაგრძელოთ ჩვენი შეწყვეტილი დიალოგი? - გეგამ ისე დაიწყო საუბარი, თითქოს ორიოდე წუთის წინ დავცილდით ერთმანეთს.
- ... - დავიბენი.
- რა იყო, ნატა, პასუხის ღირსადაც არ მთვლი?
საბანი თავზე წავიფარე ხმის დასახშობად.
- პირველ აპრილს რომ დავიწყეთ... იმედია, დღეს მაინც დამეჯერება. რას იტყვი? თუ საერთოდ აღარ დამეჯერება?
- არ ვიცი.
- ვინ იცის, აბა? ვის ვკითხო?
- არც ეგ ვიცი...
- გამოდის, ჩვენი საუბარი ვერ შედგება? ჰა? - რაღაც სიცივე დაეტყო ხმაში.
გული შემიქანდა. ახლა ამან ყურმილი რომ დამიკიდოს, აღარასოდეს დარეკავს და ალბათ, სამუდამოდ დავკარგავ. მერე? მაწყობს? არამც და არამც! არც მისი დაკარგვა მინდა.
- კი მაგრამ, ეს საუბარი არ არის? ვერ გავიგე, რა არ შედგა, - ვიპოვე გამოსავალი.
პაუზა გააკეთა. რამდენიმე წამი და კვლავ ალაპარაკდა.
- იცი, ახლა რა ვქენი? - ისევ "დაუთბა" ხმა.
- რა? - საბნის ქვეშ უკვე აღარ მყოფნიდა ჰაერი. ცხვირი გარეთ გავყავი, რომ სუნთქვის საშუალება მომცემოდა.
- შვებით ამოვისუნთქე, - გაიცინა.
- რატომ?
- ყურმილი რომ არ დამიხეთქე, იმიტომ. ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება რომ ისურვე, იმიტომ. უფრო მეტსაც გეტყვი, გინდა?
- მითხარი, აბა?
- მე შენ მოგწონვარ.
- მომწონხარ?
- თანაც როგორ. სულ ჩემზე ფიქრობ.
- დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე.
- რატომ, სიმართლე რომ გითხარი, იმიტომ?
- შენ ხომ მე არ მიცნობ. საიდან გამოიტანე ასეთი დასკვნა?
- შენმა ხმამ გაგცა. არც მეტი, არც ნაკლები, - კვლავ გაიცინა.
- რა ხმა მაქვს ამისთანა? ახლაც ისე გელაპარაკები, როგორც სხვა დროს.
- არა. შენი ხმის ტემბრს მონატრება ზოლად გასდევს. ეს მაშინვე ვიგრძენი. ასე არ არის?
გავჩუმდი. რა მეთქმოდა, სიმართლეს ამბობდა. მენატრებოდა კი არა, ლამის იყო, ყურმილში ჩავმძვრალიყავი.
- მეც მაგ დღეში ვარ, - თქვა მოულოდნელად.
- რა დღეში? - გავოგნდი, ნუთუ ნაფიქრს მიმიხვდა?
- მეც მომენატრე. შენ ვერ მატყობ ხმაზე?
- ვერა.
- ვერც სიტყვებზე? სხვანაირად როგორ დაგაჯერო? მითხარი მაინც, როგორ მოვიქცე.
ვერაფერიც ვერ ვუთხარი. ერთადერთი, რისი სურვილი მქონდა, დიდხანს ესაუბრა ჩემთან, რაც შეიძლება დიდხანს. არც შუაღამე მადარდებდა, არც დილა და არც სწავლა...
- ჰა, ნატა, მეტყვი?
- რას? - მიბნედილი ხმით ვკითხე.
- სხვანაირად როგორ დაგაჯერო?
- არ ვიცი. კაცი შენ ხარ, ქალის შებმა შენ დაგავალეს და მე მეკითხები, როგორ დამაჯერო შენს გრძნობებში? - მწარედ ვუკბინე.
- აუ! ნუღარ მიმეორებ მაგ სისულელეს, რა! ჩემთვის არავის არაფერი დაუვალებია! - ტონი შეიცვალა გეგამ.
- აჰა, ეგეც მე ვარ? თეთრზე მეუბნები, შავიაო. არ ვიცოდე მაინც, რა გაქვთ ჩაფიქრებული შენ და ნანას.
- ნანას? ნანა ვინ არის, ეგეთს საერთოდ არ ვიცნობ, - ისე სხარტად მიპასუხა, მივხვდი, მატყუებდა.
- ამ ქალაქში უამრავი ნანაა. დავიჯერო, ერთსაც არ იცნობ? - უკვე გამოჭერაზე ვიყავი.
- როგორ არ ვიცნობ, მაგრამ...
- მაგრამ იმ ნანას არ იცნობ, ვიზეც მე გესაუბრები, არა?
- წარმოდგენა არა მაქვს, ვინა გყავს მხედველობაში, - ჯიუტად იდგა თავისაზე.
- შენს სინდისზე იყოს, გეგა. მე მეტს აღარაფერს გეტყვი.
- ძალიან კარგს იზამ, თუ არ მეტყვი. არ გვინდა ეს სისულელეები. თუ გინდა, შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ ყველაფერი. კარგი?
- არა, დიდი მადლობა. ვერ ვხედავ მაგის საჭიროებას, - რაღაც განხიბვლა ვიგრძენი.
- რატომ, არ მენდობი? ხომ არ გეშინია ჩემი?
- შენ რა ბებიაჩემივით მელაპარაკები! - სიცილი ვერ შევიკავე.
- რაო, ბებიაშენი რას ამბობს?
- რაო და გეგას ერთ სიტყვაზეც არ ენდოო, - ნიშნისმოგებით ვთქვი.
- ერთ სიტყვაზე, თუ ერთ ნაბიჯზეო?
- ეგ ერთი და იგივეა.
- ვითომ?
- ვითომ.
- ერთი სიტყვით, შენთან მოსასვლელი ყველა გზა მომიჭერი, არა?
გავჩუმდი. მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე. არც გეგა იღებდა ხმას. ყურმილის მილს დავუწყე წვალება...
- კარგი, ტუხა, რადგან ასეა, რა გაეწყობა. შენც კარგად იყავი და მეც, - ერთი ღრმად ამოიხვნეშა და ყურმილი დაკიდა.
გული მომეწურა. საუბრის ასეთ დამთავრებას არ ველოდი. მაინც გავაბრაზე. რომ იტყვიან, "ცხვირი ჩამოვუშვი". ალბათ, აღარ დარეკავს. იქნებ ასე სჯობდეს? ხომ ვგრძნობ, როგორ ვაშავებ ბიძინასთან. რომ დაუფიქრდე ადამიანი, მოტყუებული რჩება ჩემგან. რაღაც ძალიან ინტრიგებში გავეხვიე. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის ჩემს ასაკში? რა ცუდი ვარ! სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებსო, უთქვამთ. მე კი ამ სიყვარულის გამოისობით მთლად გავბოროტდი. თვითონაც არ ვიცი, საითკენ მიმყავს ჩემი ცხოვრების სცენარი. მგონი, ბლომად შეცდომას ვუშვებ...
გაგრძელება