ონლაინრომანი: "ზურიკო"
ავტორი:
სვეტა კვარაცხელია.იხილეთ რომანის დასაწყისიშაბათი დღეა. მარტო ვარ. შინ რაღაცას ვსაქმიანობ. უცებ ტელეფონის ზარი გაისმა. პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მირეკავენ. ზურიკოა დაკავებული ქურდობისთვის. მე მიბარებენ. ბავშვთა ინსპექტორი ესა და ეს... გავქანდი. წვიმს... ძლივს მივაგენი პოლიციის შენობას. პირველი, ვინც განყოფილებაში შესვლისას თვალში მომხვდა, ფაშფაშა, ოქროში ამოვლებული ქალი იყო, რომელიც მოუსვენრად იჯდა სკამზე და ბეჭდებით დახუნძლულ თითებს მაგიდაზე ათამაშებდა.
- თქვენი საბუთები! - მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანა ინსპექტორმა. დავაძრე ჩემი ჟურნალისტის მოწმობა და ცხვირწინ ავუფრიალე პოლიციელს. ამას კი არ ელოდა. შეცბა. და მერე როგორ! ვერ მივხვდი, რა იყო მისი შეშფოთების მიზეზი. ყველაფერი ნათელი გახდა, როცა მოგვიანებით ზურიკო ვნახე...
- რაშია საქმე, რა ჩაიდინა ასეთი?
- ფული მოპარა ამ ქალბატონს.
- არ არსებობს! - კატეგორიულად უარვყოფ.
"ოქროში ამოვლებულმა" ორაზროვნად გამომხედა.
- თქვენ რა ხართ მისი? - მეკითხება ინსპექტორი.
- ახლობელი... ერთადერთი, - დავამატე.
მოგვიანებით ზურიკო მიყვება:
* * *
იმ დღეს დილიდან დაითარსა. ლარიც ვერ გააკეთა. ამინდიც გაფუჭდა. ნამდვილი თავსხმა იყო. კუჭი აეწვა შიმშილისაგან. ფული ვერ გაიმეტა ხაჭაპურისთვის. უაზროდ დაყიალობდა. მერე იქვე, მაღაზიაში შევიდა, იქნებ რამე დავითრიოო. დაითრია. გამყიდველს კბილის ჯაგრისების დასტა აწაპნა, მერე ჩამოუარა გალუმპულ "ბაზარომანებს" და თითო ოც თეთრად გაყიდა. ესეც ლარი და ოცი თეთრი. ცოტაა. უცებ ის ქალი შეამჩნია. ფაშფაშა. ჩანთებით დატვირთული სპილოს ნაბიჯებით მიაბოტებდა. ხელებში ეცა:
- მოგეხმარებით, ქალბატონო, გაჩერებამდე მიგატანინებთ, - მოიშველია მრავალნაცადი ფრაზა. "ფაშფაშამ" უნდობლად გადახედა.
- დაიკარგე აქედან! - არ დაანება ჩანთები.
ზურიკო არ მოეშვა. ბოლოს ქალი დანებდა და სთხოვა, აქვე ახლოს ვცხოვრობ, სამშობიაროსთან და ბარემ სახლამდე მიმატანინე ნავაჭრიო.
- ორმოცდაათ თეთრს მოგცემ, თან გაჭმევ, - უთხრა.
გაუხარდა. დაავლო ხელი ტვირთს და უკან მიჰყვა "ფაშფაშას". შევიდნენ იტალიურ ეზოში. მეორე სართულზე ასვლა ცოტა გაუჭირდა, მაგრამ რას დაეძებდა. ფულის გულისთვის ამ "სპილოსაც" აიტანდა, თუნდაც კუკიაზე. ქალი კარგა ხანს იჩხრიკებოდა ხელჩანთაში. გასაღებს ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა, მოარგო კარს. გადაატრიალა. შევიდნენ. "ფაშფაშამ" ხელჩანთა სკამზე მიაგდო. "აი, სასახლე-ე-ე!" - გაიფიქრა ზურიკომ.
- აგერ დაჯექი. არა, ჯერ აბაზანაში შედი, ხელები დაიბანე და მერე დაჯექი. გაჭმევ! - უბრძანა. თვითონ კი მაცივრის კარი გამოაღო.
გულუხვი აღმოჩნდა: გამოალაგა ცივად მოხარშული დედალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, პამიდორი, ყველი... ბიჭმა ნერწყვები გადაყლაპა. გემრიელად შეუდგა ჭამას... მალე მორჩა. მადლობა გადაუხადა "ფაშფაშას" და დაელოდა, ფულს როდის მისცემდა. ქალმა საფულე ამოიღო, გახსნა და... ისევ ხელჩანთას ეცა. ამოყარა ყველაფერი, გადაატრიალა, გადმოატრიალა... ბოლოს იქუხა:
- სად წავიდა ჩემი ფული! შენ მომპარე, ბიჭო?!
- მე... არა, დეიდა, ხელი არ მიხლია, - მუხლები აუკანკალდა.
- ახლავე დააბრუნე და არაფერს გეტყვი. თორემ პოლიციას გამოვუძახებ, იცოდე!
ზურიკოს ფული არ აუღია, მაგრამ პოლიციაში მაინც ამოყო თავი...
* * *
- მეტი არავინ ყოფილა სახლში! - თითქოს ცხელი კარტოფილით აქვს პირი გამოტენილიო, ისე ატრიალებს ენას "ოქროში ამოვლებული".
- საფულე რომ დაკარგულიყო, ვიფიქრებდი, ამომივარდა-თქო. ცარიელი იყო, მარტო ხურდები ჩაუტოვებია ამ ჯიბგირს, ამას! ამომაცალა, სანამ მეორე ოთახში გავიდოდი. მეც რამ გამიყვანა იქით, როგორ ვენდე ამ ლაწირაკს! უარესი მეკუთვნის! - არ ცხრება "ფაშფაშა".
ვცდილობ, ავუხსნა ინსპექტორს, რომ ზურიკო მათხოვარია, თითქმის უპატრონო, მაგრამ...
- იგი ფულს არ მოიპარავდა! - გადაჭრით დავასკვენი.
- რატომ გგონიათ, რომ არ მოიპარავდა? - პოლიციელმა თავი გვერდზე გადააგდო და შერლოკ ჰოლმის მზერით შემომხედა.
- ვინც მათხოვრობს, ის ფულს არ იპარავს! - ვაფრქვევ სიბრძნეს.
- მაჩვენეთ ბავშვი, დაველაპარაკო! - მოვითხოვ.
ინსპექტორს სახე მოექცა. ცუდად მენიშნა. გავიდა და ცოტა ხანში შემოიყვანა. შემოიყვანა და... ფერი მეცვალა. რა ვნახე! ახლა მივხვდი, რატომ შეშფოთდა იგი, როცა ჩემი პირადობის მოწმობას დახედა. ნაცემი, სახედალურჯებული, ტირილისგან თვალებდასიებული ზურიკო ცახცახებდა. შიშისგან.
- ეს რა გიქნიათ! - აღმომხდა სიმწრით. - თქვენ არა გყავთ სახლში პატარები! ასეთი უშვილოები და უძიროები როგორ ხართ ეს პოლიციელები! - არ დავინდე ქართული პოლიცია. ვატყობ, როგორ ვუწევ ნელ-ნელა ხმას.
- ხვალვე გაგწერთ გაზეთში! მთელ განყოფილებას! - "ვიშიშვლე" ჩემი მთავარი "იარაღი".
- დაწყნარდით, ქალბატონო. ხელი მომიხვდა, გაქცევა უნდოდა. არც სახელი გვითხრა, არც გვარი. თქვენი ტელეფონი ძლივს ვათქმევინეთ. - თავი იმართლა პოლიციელმა.
ვცდილობ, დავწყნარდე. ხელს ვიშვერ ზურიკოსკენ. ბავშვი გამოქანდა და ჩამეხუტა. ვიგრძენი, როგორ დამისველდა მკერდი. სლუკუნებს. მალე სლუკუნი გულამოსკვნილ ტირილში გადაიზარდა. უხარია, რომ აქ ვარ, მის გვერდით. "ნუ ტირი. ახლა უყურე, ამათ რას დავიფრენ" - ვუჩურჩულე ყურში, მინდა გავამხნევო.
- ნუ გეშინია, ახლავე გავარკვევ ყველაფერს! - ვამბობ ხმამაღლა.
- ქალბატონო, იქნებ სხვაგან შეინახეთ ფული, კარგად გაიხსენეთ, - რაც შეიძლება ზრდილობიანად მივმართე "ფაშფაშას".
- როგორ გეკადრება, გენაცვალე! სკლეროზი კი არ მჭირს. პატივი ვეცი, ორ ლარს დავპირდი მოხმარებისთვის (გულში მეცინება. ორი ლარის მიმცემი რომ ყოფილიყო, იმ წვიმაში ტაქსით წავიდოდა შინ), ვაჭამე, ვასვი. ამან კი... სხვაგან სად უნდა შემენახა. ტრუსიკში ხომ არ ჩავი... - უცებ სიტყვა გაუწყდა. სახე ეცვალა და ხელი უნებურად მკერდისკენ გააქანა.
წამით გახევდა. მერე სკამზე გვერდულად შეტრიალდა, ხელი ძუძუებში ჩაიყო და... "იპოვა ამ ძროხამ", - გავიფიქრე ზიზღით. ლოყაზე შემოიკრა ხელი:
- ჩემი სიკვდილი! ჩემი სიკვდილი! ეს რა დამემართა! ეს რა დამემართა! ვაი სირცხვილო! ვაი სირცხვილო! - ორ-ორჯერ იმეორებდა ერთსა და იმავეს.
- მაპატიე, გენაცვალე, მაპატიე! სულ დამავიწყდა. ნამდვილი სკლეროზი მაქვს! - მოჩვენებითად ცრემლნარევი ხმით ქაქანებს "ოქროში ამოვლებული".
ექვსი ნომერი (დაახლოებით) ლიფიდან ამოაცურა ოთხად გაკეცილი ათლარიანები, დემონსტრაციულად ასწია ჰაერში, დაგვანახა და მაგიდაზე დააგდო:
- ცეცხლში დასაწვავი! ეს რა დამემართა!
- დათვალეთ, ქალბატონო, ხომ არ გაკლიათ? - გველის გესლზე უარესია ჩემი ირონია.
არ იმჩნევს.
- როგორც ჩანს, დროა, ექიმს ეჩვენოთ! - ჩავუნისკარტე და მრავლისმეტყველად გადავხედე პოლიციელს.
ქალმა დაკეცილი ფულიდან ათლარიანი გამოაძრო და ზურიკოს გაუწოდა:
- აჰა, შვილო. მაპატიე. ეს რა დღეში ჩავვარდი ამ ხნის ქალი! ბოდიში, გენაცვალე, ბოდიში. მაპატიეთ! - სხვა სიტყვას ვერ პოულობს.
ზურიკო არ განძრეულა. ქალი წამოდგა და ბავშვს ფული შარვლის ჯიბეში ჩაუკუჭა. ზურიკო ეწინააღმდეგება.
- აიღე! - მკაცრად ვეუბნები.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბავშვს ვინ აუნაზღაურებს მორალურ ზარალს? - დავიწყე ზნეობრივი კოდექსის "კითხვა". - სული დაუმახინჯეთ რვა წლის ბიჭს, ამხელა ტრავმა მიაყენეთ და ფულით გინდათ, გამოისყიდოთ? უცხოეთში იცით, რა გელოდათ ამის გულისთვის? იქ მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იხდიან ათასობით დოლარის ჯარიმას! - იერიშით გადავედი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე...
* * *
...სიტუაცია დაწყნარდა. უკვე ახსნა-განმარტება იწერება. არ მაინტერესებს. გასასვლელისკენ ვიწევ. უცებ ზურიკოს ეძახიან - თავისი ორი ლარი და ათი თეთრი უნდა დაუბრუნონ, "ჩხრეკისას" რომ ამოაცალეს. მიბრუნდა. მისცეს. მოტრიალდა, მაგრამ რატომღაც შეყოყმანდა. მოულოდნელად მაგიდასთან მივიდა, თავისი ხურდა ზედ დაყარა, მერე "ოქროში ამოვლებულს" თვალი თვალში გაუყარა და...
- ძროხა! ბებერი ძროხა! - გულიანად მიახალა.
- ეს - ჯარიმა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის! - პოლიციელისკენ მიხვეტა ხურდა და ჩემკენ გამოიქცა.
უჰ! რა მესიამოვნა! მალამოსავით მომეცხო ზურიკოს "კომპლიმენტი". აი, სანახაობა! ზურიკოს ნამდვილი გამარჯვებული გლადიატორის სახე აქვს.
"ხომ მაგარი ვარ!" - ამოვიკითხე მის მზერაში.
- მაგარი ხარ, მაგარი! - ვერ დავმალე აღფრთოვანება.
- რას იზამთ, მაწანწალა ბავშვია, ეპატიება, - ვერ შეველიე ირონიას და გაოგნებულ ინსპექტორს ჰოლივუდის ღიმილი ვესროლე. გამარჯვებულის იერით ჩავავლე ზურიკოს ხელი და... დღის სინათლეზე გამოვიყვანე.
ხასიათი გამოგვიკეთდა. ამინდიც გამოსულა. სოლიდარობას გვიცხადებს, ალბათ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ჩვენ, ეს-ესაა, დიდი ომი გადავიხადეთ - მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ. სამართლიანად...
* * *
- მართლა წამიყვან? - თვალმოჭუტულმა ამომხედა ჩვეული მზერით.
- ვნახოთ. ვეცდები, რამე მოვახერხო. ციხეში შესვლა არ არის ადვილი, - თავს ვიზღვევ...
...გავიდა რამდენიმე დღე. მივდექი, მოვდექი, ზოგი კაბინეტში შევაწუხე, ზოგსაც მობილური "ავუტალახიანე" და ბოლოს მაინც გავჩარხე. მივდივართ. მე და ზურიკო. მიმყავს მამამისის სანახავად. ჩავსხედით წითელ "იკარუსში" და გავუყევით "კუდიგორის გზას"...
საკმაო ხანს გვიწევს ლოდინი. ჯერ ერთ კაბინეტში შეგვიყვანეს, მერე მეორეში, ხან აქ მოვაწერეთ ხელი, ხან - იქ... თავი ამერიკის ციხეში მგონია. ბოლოს, როგორც იქნა, გაგვიყვანეს იზოლირებულ ოთახში. რაღაცამ გაიტკაცუნა, რაღაცამ გაიჩხაკუნა, დაიჭრიალა, მერე გაიჩხრიალა და ისიც გამოჩნდა...
გავოცდი! მთლად ზურიკოა, ზედგამოჭრილი! ისეთივე თმა, ისეთივე თვალები, ისეთივე ტუჩები... ასე მგონია, გაზრდილ ზურიკოს ვუყურებ. ჩემთვის არც შემოუხედავს. შეჩერდა, ცალი თვალი მოჭუტა და გამომცდელი ღიმილით გამოხედა ზურიკოს. ბავშვი ადგილიდან მოსხლტა და კისერზე შეახტა. თვალზე მომდგარი ცრემლი უკან ჩავაბრუნე. "ახლა გულჩვილობის დრო არ არის!" - გავაფრთხილე "მე".
ბოლოს ჩემთვისაც მოიცალა:
- ეს შენა ხარ, ჩემი შვილის ამალთეა, ლამაზო? - ძველბიჭური ტონით კბილებში გამოცრა "დიდმა ზურიკომ". "ლამაზო" მენიშნა - აი, თურმე საიდან გაჩნდა ზურიკოს ლექსიკონში ეს სიტყვა.
- ამალთეასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ! - რაც შეიძლება რიხიანად ვპასუხობ, თან მუხლები მიკანკალებს. არამკითხე მოამბე! რა მინდა აქ, ვინ მეკითხება... - ვტუქსავ საკუთარ თავს.
- კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, დაიკო! - კვლავ გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.
- იყოს! - კვერს ვუკრავ.
...კარგა ხანს ბაასობენ. მერე უცებ მომიტრიალდა:
- ეს ბავშვი რომ ბავშვთა სახლში მოხვდეს, ბევრს ავიტან კუკიაზე! - საჩვენებელ თითს მუქარით იქნევს.
კვლავ ნაცნობი ფრაზა. ეს სიტყვები, ალბათ, ჩემი მისამართით არ არის ნათქვამი. იმედია.
- ხომ მაგარი ბიჭი მყავს? - ისევ ღიმილმა გაუნათა სახე.
- ძალიან. მაგარია! - ცოტა მომეშვა და მეც გავინათე პირი ღიმილით.
- მა რა! გენები თავისას შვება! - დამტვრეული ქართული აქცენტით ლაპარაკობს "დიდი ზურიკო".
- ერთი ეს "სროკი" ჩავამთავრო და მერე მე ვიცი. ყველაფერს ვხარშავ. ჯერ დედაშენს მივხედავ, მერე შენთვის მოვიცლი, მამიკო. ცოტაც გაიჭირვე. პატომ ია ზნაიუ - დააგვირგვინა "ძმების" ენაზე. - ქურდობა კაი საქმე რომ ყოფილიყო, ვერავინ დამასწრებდა.
- რას ამბობთ, ზურიკო სულაც არ ქურდობს. წესიერი შრომით ირჩენს თავს! - დავიცავი და ის იყო, უნდა დამეწყო მოყოლა, რომ... ზურიკოს მუდარით სავსე მზერას გადავაწყდი. მაშინვე მივხვდი. მათხოვრობა არ უნდა ვახსენო. მეც მკვეთრად გადავუხვიე გზიდან და გეზი შევცვალე:
- ვაჭრებს ეხმარება, რაღაცებს ყიდის, მოხუცებს მფარველობს. მეც! - დავაყოლე. "გმადლობთ", - მანიშნა ზურიკომ თვალებით. "არაფრის", - ღიმილია ჩემი პასუხი...
- ახლა უკვე დიდი ბიჭია. უნდა ისწავლოს. სულ ქუჩაში ხომ არ ივლის. აი, კომპიუტერის სწავლა უნდა. მეც დავეხმარები, - ენად გავიკრიფე.
- ჯიგარი გოგონა ხარ, ლამაზო, - დამაკლო ასაკი "დიდმა ზურიკომ", - "სპასიბა. გადამეხადოს.
* * *
შეხვედრა ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა. ზურიკოს ტიტინი არ შეუწყვეტია. არ მახსოვს, ამდენი ოდესმე ელაპარაკოს. მოუყვა, როგორ "დავახურე" პოლიციელებს თავზე ყველაფერი მის დასაცავად; როგორ "შეამკო" მაშინ "ფაშფაშა" და ჯარიმა როგორ გადაიხადა ამისთვის. თან გულიანად იცინის.
- ორი ლარი მივუთვალე, სულ ხურდები, - ხითხითებს.
- საიდან ამდენი ხურდა? - დაინტერესდა "დიდი ზურიკო".
- ამან მასესხა, - ჩემკენ გადმოაქნია თავი და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
უყურე შენ! მეც გამამათხოვრა. წარბიც არ შეუხრია, ისე უცებ იპოვა გამოსავალი. "რა ეშმაკია!" - ვფიქრობ ჩემთვის.
გაოცებული დავრჩი. ეს ბავშვი ისე ბუნებრივად იტყუებოდა, ლამის იყო, ეჭვიც კი შემეპარა, მართლა მე ხომ არ ვასესხე ის ფული-მეთქი...
* * *
უკვე წასვლის დროა. "დიდი ზურიკო" გამოემშვიდობა პატარას. მეც ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი. არ მიშვებს. თვალი თვალში გამიყარა და...
- მქონდეს შენი იმედი, მიხედავ?
ვცდილობ, არ ჩავიჭრა. რა იმედი მივცე, მე თვითონ არა მაქვს ჩემი თავის იმედი. თვალები ჯიქურ გავუსწორე, რამდენიმე წამი ვუყურებ, მერე ჯოკონდას ღიმილი მოვიშველიე, კაი მამაკაცივით იქით მოვუჭირე ხელზე ხელი, დამშვიდობების მიზნით ჰიტლერივით იდაყვში მოვხარე მარჯვენა და უსიტყვოდ გამოვტრიალდი.
- დედაშენს გადაეცი, მე დავბრუნდები-თქო და ცოტა აზრზე მოვიდეს! - კისერში ხელი წაავლო ზურიკოს და თავისკენ მიიზიდა. ბავშვმა თავი დაუქნია.
* * *
გაჩერებაზე ვდგავართ. ხმას არ იღებს. მოიწყინა. როგორც ჩანს, დამძიმდა ემოციებით. რაღაც უნდა მოვიფიქრო. გამახსენდა! ზოოპარკში ხომ გია მუშაობს, ჩემი მეზობელი, ატრაქციონს ატრიალებს. მართალია, ფული ცოტა მაქვს, სამაგიეროდ იმედი მაქვს დიდი - "მეზობელო კარისაო" - ჩავიღიღინე.
უცებ მკლავზე მომქაჩა:
- შენ რა იცოდი, მე რომ კომპიუტერის სწავლა მინდოდა? - თვალები ფართოდ გაუხელია და ცნობისმოყვარედ მიყურებს.
- ჰმ, მე ყველაფერი ვიცი, - გამოვნახე ტყუილის ახალი ფორმა. - შენ რა, არ იცი, ტელეპატი რომ ვარ? სხვის აზრებს ვკითხულობ. აი, ახლაც ვიცი, რას ფიქრობ. გინდა, გითხრა? - ირიბად გადავხედე. თვალები მოჭუტა:
- მიდი რა! დაგიჯერე, აი! - ცოტა გამხიარულდა.
- მართლა, მართლა. გითხრა?
- კარგი, მითხარი, - დამნებდა. პირი დააღო მოლოდინში და გამომცდელად შემომხედა.
- ნეტა ახლა ეს ქალი ზოოპარკში წამიყვანდესო!
ხარხარი აუტყდა. კარგა ხანს იცინოდა, კინაღამ ჩაბჟირდა.
"ასე, შე კაცო", - გავიფიქრე.
- აი, ხომ გამოგიჭირე! არაფერზეც არ ვფიქრობდი! - ნიშნის მოგებით მეუბნება.
- ამ წუთში, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდი, მაგრამ პირველი, რასაც გაიფიქრებდი, ეგ იქნებოდა, - საძირკველს ვუმაგრებ ჩემს ტელეპატობას. როგორც იქნა, გამხიარულდა. მერე მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.
- კარუსელზე უნდა მაკატაო? - არ მეშვება.
- კარუსელზე კი არა, ატრაქციონზე! - ვიხელთე დრო და გადავდგი პირველი ნაბიჯი მის სწავლა-განათლების გზაზე.
- ეგ რაღაა?
- რაღაა და... კარუსელი, - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
- კარუსელი კი არა, ატრაქციონი! - ზუსტად გამომაჯავრა და თან "შემისწორა" მშობლიური ენა. კვლავ ახითხითდა.
* * *
შევედით ზოოპარკში. ახლა ირაკლი რომ მხედავდეს... კიდევ კარგი, სოფელშია.
- არა უშავს, ამათ ჯავრს სულ გიაზე ვიყრი! - ვეუბნები.
ჩემი მეზობელი ადვილად მოვძებნეთ. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია, გავაცანი ზურიკო და... დაიწყო ნამდვილი ატრაქციონი... როგორც კი წრის ერთი ჯერი დამთავრდებოდა, ზურიკო კითხვით სავსე თვალებს შემომანათებდა, ჩამოვიდე თუ არაო.
- სანამდეც გაგიხარდება, იჯექი. მე არსად მეჩქარება. აქაურობა შენია! - ვაჩუქე ზოოპარკი თავისი ატრაქციონით.
- რა მაგარი ტიპია! - მეუბნება გია და ზურიკოს გასცქერის.
- კი, კარგი ბავშვია და ამიტომაც მწყდება გული, - შევჩივლე მეზობელს.
- მშობლები არ ჰყავს?
- როგორა არა, მაგრამ...
- ეტყობა, არც ერთი არგია და არც მეორე... - აღარ დაამთავრა ფრაზა.
მხრებს ვიჩეჩავ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ისიც მეყოფა, "იქ" რომ ვიყავი, დახურულ კარს მიღმა...
ამასობაში გახდა ცხრა საათი. გიამ მთელი ზოოპარკი მოატარა ზურიკოს. მაიმუნებზე გაგიჟდა.
- ჩემსავით სულ ხელებში უყურებენ ყველას! - კვდება სიცილით.
სახე გაბადრული აქვს, ენით აუწერელი კმაყოფილებით ავსებია თვალ-ტუჩი... სანამ თვითონ არ მითხრა, მეტი აღარ მინდა, წავიდეთო, ხმა არ ამომიღია. ლოყები წითლად აქვს შეფაკლული, თმ ოფლით დასველებია. წვეთები ჩამოსდის ყურის ძირებში.
- კაი იყო?
უსიტყვოდ მიქნევს თავს. ლაპარაკის თავიც არა აქვს. დაიხუნძლა შთაბეჭდილებებით. ერთხანს მდუმარედ მივდივართ. უცებ ვიგრძენი, როგორ შემოაცურა ჩემს ხელისგულში თავისი პატარა თითები და სათუთად ჩამკიდა ხელი.
- რა იყო, ზურიკო?
თვალმოჭუტულმა ამომხედა:
- ჯიგარი ხარ, ძალიან ჯიგარი! - მითხრა და გაწითლდა.
მისი პატარა თითები მოხერხებულად მოვიმწყვდიე ხელში და გულში გავეპასუხე: "ეჰ. შენც კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ, აბა, ბედი არ გწყალობს". ხმამაღლა კი არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავუღიმე.
* * *
მოდის... ეს რაღაა! რაღაცას მოათრევს. ცოტა რომ მოახლოვდა, დავინახე: უზარმაზარი საზამთრო მიუხუტებია მუცელზე და ძლივს მობაჯბაჯებს, ერთი ათი კილო იქნება. უყურე შენ! რა მაწაკი ბავშვია! შევპირდი, დღეს ჩემთან წაგიყვან და ირაკლის გაგაცნობ-თქო. ეს კიდევ ძღვენით მოდის! მოვკლავ!
- რა არის, ბიჭო, ეს?!
- ბოცო, - განმანათლა.
- გაგაბოცოვებ მე შენ! რად გინდოდა ამხელა გორიალა საზამთრო! - დავუცაცხანე.
- აჰა! - დამიგორა ფეხებთან. - ეს ირაკლის!
- ჰოდა, თავად მიუტანე. ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოს, - დავიბანე ხელები.
- მე ვათრევ, ნუ გეშინია, - მამშვიდებს, როგორც ფსიქიატრი პაციენტს.
ჰმ! თავი გადავაქნიე. ელაპარაკე ახლა ამას! ვერაფერს ვიზამ. ხარჯი გაწეულია...
ერთხანს ჩუმად ვსხედვართ. შეისვენოს ცოტა.
- ზურიკო, სკოლაში არ გინდა, იარო?
- რა მინდა სკოლაში! - შეიცხადა.
- წერა-კითხვას გასწავლიან, ხატვას, სიმღერას...
- ეგენი ყველა ვიცი! - გვერდზე გაიხედა და ხელი ჩაიქნია.
- შენ გინდა თქვა, რომ კითხვა იცი?
- მა რა! ქართულად, რუსულად და ინგლისურადაც.
ენა ჩამივარდა. ვერ ვიჯერებ, მაგრამ ისე დარწმუნებით ამბობს, ძნელია ეჭვი შეიტანო მის ნათქვამში.
- გინდა, წაგიკითხო, იქ რა წერია? - ხელს იშვერს ბავშვთა სამყაროს შენობის თავისკენ. თავი დავუქნიე.
- ბავ-შთა სა-მყა-რო, - საკუთარი წესებით "წაიკითხა" წარწერა.
- ბავშთა სამყაროს მოგცემ მე შენ! ვის ატყუებ, შე ჭინკა! - მოვჩეჩე ქოჩორი, - აბა, რამდენი ვ არის იმ წარწერაში? - ჩავეძიე.
- რამდენი? ერთი, - გაკვირვებით მიპასუხა, განა რამდენი უნდა იყოსო, თან ცალი თვალი მოჭუტა.
- ერთი კი არა, ორია. ესაა, კითხვა ვიციო?
- ორი? ორი ვ რად უნდა, შეცდომა მოსვლიათ. არ ცოდნიათ ქართული, - ხითხითებს...
* * *
- მალე მივალთ? - მოუთმენლად მეკითხება გზაში.
- ოც წუთში.
- აუჰ! რა ამბავია!
ერთი სული აქვს, როდის ჩათავდება გზა. სანამ ნუცუბიძის ბოლომდე ჩავაღწიეთ, ერთი ხუთჯერ მაინც გამიმეორა შეკითხვა. ირაკლიც მოლოდინშია. ორი დღეა, სოფლიდან ჩამოვიდა და დიდ ამბავშია...
ქოშინით ავედით მეცხრე სართულზე. სახელური ჩამოვწიე. შევედით ჩემს დანგრეულ ბინაში. რემონტი დავიწყე ჯერ კიდევ შარშან. დავიწყე და დარჩა ასე, დაწყებული, შპალერჩამოხეული კედლებით. ასე იცის უფულობამ...
- შემოდი, - ვეპატიჟები თავის საზამთროიანად. ირაკლი რაღაცას ხატავს. ჩემს ხმაზე თავი ასწია.
- აი, ეს არის ზურიკო. ეს კი ირაკლია, - გავაცანი ერთმანეთს. - ჩამოართვი, ბიჭო, ხელი, რას დაგიღია პირი! - ვუჯიკე ირაკლის.
ძალიან მორცხვია, რა ეშველება! უხერხულად ჩამოართვა ხელი და თვალი საზამთროსკენ გაექცა.
- ხომ კაი ბიჭია? - ვეკითხები ირაკლის.
- არა, საზამთრო უკეთესია, - ხითხითებს ზურიკო და აქეთ-იქით იხედება. "ბუდეს" ათვალიერებს.
- ო-ო-ჰ! ვიცნობ უკვე! - აიმრიზა ირაკლი.
- საიდან? - ეს უკვე ზურიკოს ხმაა.
- დედაჩემის მოთხრობიდან - "ჩამიშვა" ჩემმა სისხლმა და ხორცმა.
- მასე მეც გიცნობ.
- შენ საიდან?
- დედაშენის მონათხრობიდან.
- დე, ჩემზეც წერ მოთხრობებს? - გაიკვირვა.
- ვწერ, აბა არ ვწერ? - სასხვათაშორისოდ ვიძახი და სკამზე ვეშვები.
- ეს შენ! - უცებ ზურიკომ ჯიბიდან შავი ფერის ხელის კომპიუტერი დააძრო და ირაკლის გაუწოდა. - საჩუქრად, - დაამატა.
- ვა! რა მაგარია! მადლობა! - გაუბრწყინდა თვალები.
სამზარეულოში გავედი. ზურიკო შემომყვა, იდაყვზე ხელი მომქაჩა და ჩურჩულით მეკითხება:
- შენც ლტოლვილი ხარ? - შეცდომაში შეიყვანა ჩემმა გადატყავებულმა კედლებმა. გულიანად გამეცინა.
- არა, მე რემონტი მაქვს, - ჩურჩულითვე ვპასუხობ.
ისევ ოთახში გავიდა. ახლა ტელევიზორს შეაცქერდა.
- ამ ტელევიზორში "შავ მარგალიტს" ანახებენ? სერიალს? - იკითხა.
ვიცინით. პირველი უხერხულობა გაიფანტა.
- დე, დღეს ჩვენთან უნდა დარჩეს? - ახლა ირაკლი მეჩურჩულება.
- საღამომდე, შვილო. მერე წავა თავის სახლში, - ვეფერები.
ზურიკოს ყურადღება უკვე პიანინომ მიიქცია. ახლოს მივიდა, ფრთხილად ახადა სახურავი და კლავიშებს ხელი გადაუსვა.
- უკრავ? - გადახედა ირაკლის.
- ცოტას. ჯერ მეორე კლასში ვარ. შენ?
- მე უფრო ცოტას.
უცებ მარტივი აკორდებით აღებული "ლამბადა" გაისმა. გავიტრუნე. მერე - "შალახო"...
- ახლა შენ დაუკარი, - მიუბრუნდა ირაკლის და განზე გადგა. ირაკლიმ დაიმორცხვა, მაგრამ არ "ჩამორჩა" ზურიკოს და "ჭრელო პეპელა" დააგუგუნა. ეს მისი "საფირმო" ნომერია.
- შენ საიდან იცი დაკვრა, ზურაბ ბატონო? - დავინტერესდი.
- დედაჩემმა მასწავლა. ადრე მუსიკის მასწავლებელი იყო. ფანდურზე უკეთესად ვუკრავ.
- მღერი კიდეც?
- აბა?!
- ყოჩაღ! - შევაქე, თან რაღაც ჩამწყდა გულში.
აფსუსია! პატრონი არ უნდა ჰყავდეს?..
* * *
ბიჭები მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. მალე ნამდვილი სანახაობა დაიწყო: ირაკლიმ აივნიდან შემოათრია სათამაშოებით გატენილი შაქრის ტომარა და ზედ ფეხებთან დაუპირქვავა ზურიკოს. ბავშვმა გაოცებისაგან ჯერ პირი დააღო, მერე თვალები გაუფართოვდა და ბოლოს სათამაშოების გორასთან ანგარიშმიუცემლად ჩაიკეცა - ამდენი ერთად ასე ახლოს, ალბათ, არასდროს უნახავს. მანქანების კოლექცია, ქინდერის სერიები, პლასტმასის ჯარისკაცები, პისტოლეტები... ზოგი კარგადაა შენახული, ზოგიც - შელახული, ზოგის კი მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი, ან ცხვირ-კუდი. ზურიკო ხანს ერთს წაავლებს ხელს, ხან - მეორეს, მერე მესამეს გადაწვდება - მოკლედ, ყელამდეა ჩაფლული სათამაშოებში, როგორც მაუგლი ოქროს მონეტების გროვაში. თვალი ვერ ძღება, რომელს მოჰკიდოს ხელი, არ იცის, რომელი ჯობია, ვერ აურჩევია, მაგრამ... არც ერთხელ უთხოვია, მაჩუქეო, არც ხელი წასცდენია მოსაპარად... თუმცა, არც თქმა იყო საჭირო და არც ქმნა. ირაკლის არ შეშლია სტუმრის პატივისცემა...
* * *
უკვე მაგიდას უსხედან. წინ ფლომასტერები დაუყრიათ და ხატავენ. მე სამზარეულოში ვტრიალებ. გავედი. ერთი ვნახო, რა შედევრებს ქმნიან.
- რას ხატავთ? - გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა.
- უცხოპლანეტელს, - თავაუღებლად მპასუხობს ირაკლი.
- ყოჩაღ! მაგარი ბიჭები ხართ, - შევაგულიანე. - იფ, იფ! რა კარგად დაგიხატავს, - ვათვალიერებ რობოტის მსგავს უცხოპლანეტელს.
- მე ვასწავლე, დე! - ეღიმება ირაკლის. ფლომასტერი კბილებში გაუჩრია. ნახატები თითქმის გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.
- შენ კიდევ სკოლაში არ გინდა სიარული. ი-ი-ჰ! - თავში მსუბუქად წამოვარტყი ხელი.
- სკოლაში არ დადიხარ? - გაოცდა ირაკლი.
- არა.
- რამდენი წლის ხარ?
- რვის.
- მერე? მე მეორე კლასში ვიყავი რვა წლის.
- მერე რა!
- არაფერი. ისე, მართლა, დე! რა აუცილებელია სკოლა! მეც არ ვივლი, კარგი? - იღრიჭება ირაკლი.
- ხო! ამოუდექი ძმაკაცივით გვერდში და ყიდეთ ორივემ, რაც ამქვეყნად ლიმონია! რა გინდათ სკოლაში! - შემოვკარი ტაში.
ორივე გულიანად ხითხითებს...
* * *
დრო შეუმჩნევლად გავიდა. ვისადილეთ. საზამთროსაც გავკარით კბილი.
- გმადლობთ, - თქვა ზურიკომ და წამოდგა.
- გაიზარდე. ახლა ეზოში ჩადით, შვილო. ბიჭებს გააცანი შენი სტუმარი, - ვთავაზობ ირაკლის.
- არა, არ მინდა, - ერიდება ზურიკოს.
- რა ვიცი, წამოვიდეს, - ცალი მხარი აიჩეჩა ირაკლიმ. ზურიკო ფეხს ითრევს.
- მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია. შუბლზე კი არ გაწერია, ლიმონს რომ ყიდი, - გავეხუმრე... წავიდნენ. აივნიდან გადავხედე. ირაკლის მხარზე გადაუხვევია ხელი ზურიკოსთვის და საქანელებისკენ მიდიან. ამასობაში გადავქექე ირაკლის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ამოვარჩიე და ზურიკოსთვის გადავდე. ესენი კარგად ექნება...
* * *
მოსაღამოვდა. ქაქანით ამოვიდნენ გაოფლილები, სახეალეწილები.
- რა ხდება?
- ფეხბურთი ვითამაშეთ, დე. წავაგეთ, - ქოშინებს ირაკლი. - არადა, რვით ექვსს ვიგებდით.
- აი, თქვე დოყლაპიებო! - არ დავინდე არც ერთი.
- ირაკლიმ პენალტი დაარტყა და... აახაია! - ხითხითებს ზურიკო.
- აახაია? ეს რას ნიშნავს? პირველად მესმის.
- ააცილას, - მიხსნის ირაკლი.
- აუჰ! მომჭერი თავი, ხომ? - შევიცხადე.
კვდებიან სიცილით.
- დე, იცი, ბიჭებს როგორ მოეწონათ ზურიკო? მარცხენა ფეხით ურტყამს პენალტებს. გააგიჟა სუყველა! ხვალაც ჩამოიყვანეო, მთხოვეს. დარჩეს რა, ჩვენთან? დარჩები? - მიუბრუნდა ზურიკოს. უარის ნიშნად თავი გადააქნია.
- დედაჩემი მომკლავს. უნდა წავიდე, - გულსაკლავად ამოთქვა.
- კარგი. როგორც გინდა, - დათმო ირაკლიმ. მერე განზე გამიყვანა და ჩურჩულით მეკითხება:
- დე, რა ვაჩუქო?
- რა ვიცი, შვილო. რაც გინდა, ის აჩუქე.
- შეიძლება? - ნებართვას მთხოვს.
- სათამაშოები შენია. რასაც გინდა, იმას უზამ!
გაიქცა. აიღო კომპიუტერის კასეტები, აარჩია ერთი და ზურიკოს შეაჩეჩა.
- შენი იყოს. ეს სუპერმენია (ეს მისი საყვარელი კასეტაა).
- რად მინდა? მე კომპიუტერი არ მაქვს, - უკან დაუბრუნა.
ირაკლი წამით შეყოყმანდა.
- მაშინ... კომპიუტერიც წაიღე. მე დედაჩემი მაინც ახალს მიყიდის.
- არც ტელევიზორი მაქვს, - მხრები აიწურა ზურიკომ. ირაკლი ერთხანს დაფიქრდა.
- იეს! ვიცი, რაც უნდა გაჩუქო! - უცებ აღმოაჩინა ჩემმა "არქიმედემ", წაავლო ხელი ზურიკოს და სათამაშოების გროვასთან მიიყვანა... დიდხანს არჩიეს. ზურიკოს ერთ "მერსედესზე" ძალიან დარჩა თვალი. დიდია, ბრინჯაოსფრად შეღებილი. ირაკლის არ გამოპარვია. აიღო და უყოყმანოდ ისიც პარკში ჩაუდო. ზურიკო უძალიანდება.
- აიღე. დედას გეფიცები, მე უკვე აღარ ვთამაშობ ამეებით, მომბეზრდა, - გულწრფელად ეუბნება.
დაბნეულმა ზურიკომ მე გადმომხედა. "შეიძლება?" - მკითხა თვალებით.
- აბა, თვალების ჭუტვას თავი დაანებე! აიღე!
მერე ახლები ჩავაცვით ჩვენს სტუმარს და გაჩერებამდე ჩავაცილეთ.
- კიდევ ხომ მოხვალ? თბილისის ზღვაზე წაგვიყვანს დედაჩემი! - შეპირდა ირაკლი. ზურიკო ჩაჯდა მარშუტკაში... ირაკლი დიდხანს უქნევდა ხელს მიმავალ მანქანას...
- დე, ისეთ "მერსედესს" კიდევ ხომ მიყიდი? - მეკითხება მოულოდნელად. მაინც დაწყდა გული.
- გიყიდი შვილო, ორს გიყიდი, სამს, ოთხს... - დაეჭვებით შემომხედა, რას მატყუებო.
მე კი არ ვიტყუებოდი...
* * *
იმ საღამოს ირაკლიმ გვიანობამდე შეკითხვებით გამაწამა: "რატომ მათხოვრობს, დე? დედამისი ცემს ხოლმე? რა კარგი ბიჭია, არა? კიდევ ხომ მოიყვან? როგორ მეცოდება იცი, დე?.." ლამის იყო, თავზე დაგვათენდა...
გაგრძელება