ონლაინრომანი: "ზურიკო"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია.
იხილეთ რომანის დასაწყისი- ვა, რონალდოს ფორმა გაცვია? ჩვენ ბოდიში! - მოწონება ტუჩებით გამოვხატე. კვასკვასა წითელი ფერის სპორტული მაისური და ტრუსები აცვია, რვალარიანი.
- საიდან?
- მამაჩემის ძმაკაცმა მიყიდა. აქ შემხვდა გუშინ. გამიწყალა გული, რამე უნდა გაჩუქოო. მეც ეგ ავირჩიე.
- მაგარია. გიხდება, - გავფშიკე ცერი.
არაფერი უთქვამს. რაღაც მოწყენილი მეჩვენება.
- რა გჭირს?
- არაფერი, - უხასიათოდ ჩაილაპარაკა.
როგორ არაფერი! ცხვირი გაქვს ჩამოშვებული. აბა, მომიყევი წვრილად, რა ხდება! - მოვითხოვე კატეგორიულად.
განზე იყურება და მარცხენა ფეხის წვერს ათამაშებს.
- გუშინ საღამოს ძაღლმა მიკბინა, - ხმა შეეცვალა.
- რას ამბობ! როგორ, სად, როდის?.. - მივაყარე ავტომატის ჯერივით, - აბა, მიჩვენე! ძალიან გაქვს?
- ისე, რა!
- შემახედე, შე საძაგელო, სადამდე გეხვეწო! - გავბრაზდი ბოლოს.
- ო-ო-ჰ! შეხვეული მაქვს. რა გახსნის ახლა ამას.
აიწია შარვლის მარჯვენა ტოტი და სახვევის შეხსნა დაიწყო. შეიხსნა და ფეხი გამოსწია, კარგად რომ მენახა. კინაღამ გული წამივიდა, ისე ჰქონდა ბარძაყზე ხორცი გამოგლეჯილი. ნეტა, როგორ დადის ასე ღია ჭრილობით!
- კი მაგრამ, სად იპოვე, ბიჭო, ძაღლი, ასე რომ დააკბენინე თავი! - შეძრწუნებას ვერ ვმალავ. არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება.
- აქ დაბოდიალობს ხოლმე, ერთი შავი ძუკნაა. ახლახან დაყარა ლეკვები. ვაჭმევდი ხანდახან. წუხელ კიდე, რო ვნახე, ლეკვებით იყო. ერთი მომეწონა ძალიან, სულ შავი იყო, შუბლზე კი თეთრი ზოლი ჰქონდა. ვიფიქრე, მივეფერები-მეთქი, მოვკიდე ხელი და არ მეცა უცებ? ძლივს ამაგლიჯეს.
- ძალიან გეტკინა? - შევწუხდი. ლამისაა, ვიტირო.
- პირველ წამს ვიგრძენი ცო-ტა (თითით მაჩვენა) წვა, მერე ვაფშე არ მტკიებია, რა! - ზრდასრული ბიჭივით გააქნია ხელები.
- ახლავე უნდა წავიდეთ ექიმთან! - მივიღე გადაწყვეტილება.
- რა ექიმთან! ხომ არ გაგიჟდი! რა მინდა ექიმთან!
- შენ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთე. ახლავე ადექი და გამომყევი, თორემ...
თვალმოჭუტულმა შემომხედა. არ ვიცი, რა დაინახა ჩემს "თორემში", ერთი კია, მაშინვე წამოდგა და მორჩილად დამიდგა წინ.
- ნემსი გაგიკეთებია ოდესმე? - შევარბილე ტონი.
- არა.
- გეშინია?
- რისი?
- ნემსის.
- ჰმ! ნემსის კი არა, მგლის არ მეშინია.
- მაშინ წავედით.
* * *
მიმღებში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი თვლემს. ალბათ, ექთანია. ექიმი მოვითხოვე. ქალი უცნაურად ჩიფჩიფებს, თან წარამარა კბილზე იკიდებს ხელს. შევამჩნიე, საუბრის დროს როგორ უყანყალებს პროთეზი. "ემანდ არ გადმოუვარდეს"! - გავიფიქრე.
- სადღაც აქ არის. მალე შემოვა, დაელოდეთ.
- ქალბატონო, ბავშვი ძაღლმა დაკბინა. ლოდინის დრო ნამდვილად არა მაქვს, - სიმკაცრე შევმატე ხმას. შენც არ მომიკვდე, წარბიც არ შეიხარა.
- თქვენნაირი მდგომარეობით მოდის აქ ყველა, ჩემს სანახავად კი არა! - გაკაპასდა.
არ ღირს კამათის გაგრძელება. ველოდებით. კარგა ხანი გავიდა, ექიმი კი არა და არ ჩანს.
- როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? - დავკარგე ბოლოს მოთმინება.
პროთეზიანმა, როგორც იქნა, იკადრა და ტელეფონის ყურმილს გადაწვდა...
- მე ვარ. მანდ არის?
- ...
- უთხარი, ჩამოვიდეს. ძაღლის ნაკბენია.
დაკიდა ყურმილი.
- თქვენ ყველა პაციენტს ასე ექცევით, ქალბატონო? - ვერ ვიკავებ თავს.
სათვალის ზემოდან გაოცებული მზერა მესროლა.
- უკაცრავად! რითი ხართ უკმაყოფილო? - ირონიულად მეკითხება.
- იმით, რომ მე ნახევარი საათის წინ მოვითხოვე ექიმი, თქვენ კი მხოლოდ ახლა იძახებთ მას, - ახლა კი "ნამეტნავად" ავუწიე ხმას.
- თქვენ სად მუშაობთ, გენაცვალე? - ისევ ირონიით.
- ჟურნალისტი ვარ! - "მივახარე" ნიშნის მოგებით. ერთი წამით გახევდა.
- მერე, მასე გეთქვა თავიდანვე, შე ქალო! - "გაუხარდა".
მოუსვენრობა შეეტყო. ჯერ მაგიდის უჯრა გამოაღო, ვითომ რაღაცას ეძებდა, მერე კარადას ეცა, იქაც ვერაფერი იპოვა, ბოლოს საპროცედუროს კარი შეაღო და ოთახში გაუჩინარდა. არ გასულა წუთიც და ოდნავ შეღებული კარიდან გამოგვძახა:
- აბა, შემოდი, ბიჭუნა, მოგამზადებ, სანამ ექიმი მოვა.
ზურიკომ მუდარით ამომხედა.
- მეც შემოგყვები, ნუ გეშინია.
- არ მეშინია, მაგრამ მაინც შემოდი.
ზურიკო სკამ-ლოგინზე გაწვა და თვალები დახუჭა.
- მთელი ჩემი ცხოვრება ამ საავადმყოფოში გავატარე. ავადმყოფი არასდროს დამიტოვებია უყურადღებოდ. ეს ყველამ იცის და სულ "პადარკებით" მოდიან. ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, დეიდა, თქვენ ისეთი ყურადღებიანი ხართ, ისე შემაყვარეთ თავი, ვერ მოვისვენებ, პატივი რომ არ გცეთო და 20 ლარი მაჩუქა, - ქაქანებს ქალი, - მოიტანენ ხოლმე ყვავილებს, ან "ბამბანერკას". ვის რათ უნდა დღეს შენი ყვავილები და კამფეტები. არ ჯობია, ერთი-ორი ლარი ჩაუკუჭო ჯიბეში ადამიანს? მაინც ხომ იმდენი ეხარჯებათ მაგ საჩუქარში! ჩემთვის კიდე, მადლია, პურს მაინც ვიყიდი ან შაქარს, - გაუტია.
ამ დროს კარი ხმაურით გაიღო და ჯერ ღიპი შემოვიდა, მერე - კაცი, ნახევრადგამელოტებული თავით.
- აბა, რომელს გვიკბინა ძაღლმა? - ხელებს იფშვნეტს და თან გვათვალიერებს, - დედას თუ შვილს?
- შვილს, შვილს, - ჩემ მაგივრად პასუხობს ღიმილად ქცეული ექთანი.
- ჭრილობა დაუმუშავეთ რაიმეთი? - მომიბრუნდა ღიპიანი.
- ა-რა, - დავიბენი უცებ.
- როდის უკბინა?
- გუშინ საღამოს.
- მერე, აქამდე სად იყავი, კაცო? - მხოლოდ ახლა მიიღო საქმიანი იერი ექიმმა.
- სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს გავიგე, - ავიწურე მხრები.
- კი მაგრამ, თქვენ ამ ბავშვის დედა არა ხართ? - დაიწყო დაკითხვა.
- არა.
- აბა? დეიდა? - არ მეშვება "ღიპი".
- არა, არც დეიდა.
- აბა ვინ ხართ, მეზობელი?
- მეგობარი ვარ. - გულწრფელად ვპასუხობ.
- ა-ა-ა. გასაგებია, გასაგები, - ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. თუმცა, აშკარად ეტყობა, არაფერიც არ არის გასაგები.
- თქვენ თუ გყავთ შვილი? - აგრძელებს დაკითხვას.
- თქვენ ბავშვის მდგომარეობა გაინტერესებთ, თუ ჩემი? - გავიწყვიტე მოთმინების ძაფი და შეტევაზე გადავედი.
"ღიპმა" ხმა გაკმინდა. მერე საპნიანი წყლით მობანა ჭრილობა, მერე რაღაცით დაუმუშავა და... შეხვევა დაიწყო.
- რას შვრებით, არ უნდა გაუკეროთ? - შევშფოთდი.
- სამი დღე ძაფების დადება არ შეიძლება. ტეტანუსზე აცრილია?
- არა მგონია.
- ჰოდა, მით უმეტეს. სამი დღის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავკერავთ. ძაღლი შინაური იყო?
- არა, მაწანწალა.
- სად მოხდა დატაკება? - დეტექტივივით იკითხა ექიმმა.
- ბაზრობაზე.
- ბაზრობაზე? იქ რა...
- იქვე ცხოვრობს, - გავაწყვეტინე.
- მაშინ მოუწევს მუცელში ნემსების კეთება. მინიმუმ თხუთმეტი მაინც დასჭირდება.
- აუჰ! - გული შეუღონდა ზურიკოს, - რა ამბავია!
- აბა! ასეა! სხვანაირად არ გამოვა მაგ საქმე. ეს ყველაფერი კი ფული ჯდება. ხომ ხედავთ, სახელმწიფო არაფერს გვაძლევს. ამ წამლების ყიდვა კი ბევრი გვიჯდება. არც იშოვება, რომ იცოდეთ. ბინტი რომ ბინტია, ისიც ჩვენი საყიდელია.
- კი მაგრამ, მე ჟურნალისტი ვარ და ვიცი, რომ ცოფზე მკურნალობა უფასოა! - ვაგრძელებ შეტევას.
- იცით, ჩემო კარგო, რომ ამ წამლებს მე საკუთარი ჯიბიდან ვყიდულობ? კი არ მჩუქნიან! ისიც მეყოფა, ლტოლვილებს რომ ვემსახურები სამადლოდ!
"აგაშენა ღმერთმა! მეც მანდა ვარ!" - გავიფიქრე გახარებულმა და ვატაკე:
- ჰოდა, ზურიკოც დევნილია.
- დევნილი? საიდან გამოდევნეს? - ვერ მიხვდა ექთანი.
- ლტოლვილია, ქალბატონო, ანუ დევნილი. ეს ერთი და იგივეა.
- ახ! ეს გაზეთების ენაზე, ალბათ, არა? - "გაუნათდა" გონება ქალს და პროთეზი კვლავ "შეისწორა".
ექიმს ნირი წაუხდა. აშკარად. დანა პირს არ უხსნის. დგას გამეხებული და ამპულას ხსნის.
- მომიტანოს ცნობა, რომ ლტოლვილია... თუ დევნილი! - დაამატა მკვახედ.
- კი ბატონო! - თაფლის სანთელივით დავდნი.
- მომსახურების ფული მაინც გადაიხადეთ. თქვენც ხომ არა ხართ ლტოლვილი, - ტილივით გათავხედდა ექიმი.
რას ვიზამ. ჩემი სული მის ხელშია. ბავშვს არაფერი ავნოს.
- ახლა მთლად უპატივცემულოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ... ინტერვიუს გავაკეთებ თქვენზე, - დავაკონკრეტე მომსახურების გადახდის ფორმა.
ექიმმა ამოქაჩა ამპულიდან წამალი, მერე მოიმარჯვა შპრიცი, ორივე ხელით მაღლა ასწია და ჰაერი გამოუშვა...
- აბა, ბიჭი. ცოტა გეტკინება, მაგრამ უნდა მოითმინო, - და ჩაარჭო მუცელში. ზურიკო მხოლოდ დაიჭყანა. არც დაუყვირია, არც დაუკვნესია.
- ე! ეს ვინ ყოფილა! მალადეც! - აღტაცებაში მოვიდა "ღიპი" და ზრდილობის გულისთვის ძლივს გაიღიმა.
- მორჩა! დაბანა სასტიკად არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. აწი ივლით ყოველდღე. ზეგ ჭრილობასაც გავკერავთ. იმ ძაღლს თუ დაიჭერთ, შეიძლება ამდენი ნემსი არც დასჭირდეს, - მოკლედ მოჭრა და საპროცედურო დატოვა.
ზურიკოს სახე და ხელები გაუოფლიანდა. ექთანი არ გვშორდება. შაბაშის მოლოდინშია, ალბათ. გავხსენი ჩანთა, ქალი ხელებში მიყურებს. "რით განსხვავდება ახლა ეს ქალი ზურიკოსაგან? არაფრით", - გამომაქვს დასკვნა, ვიღებ ჩანთიდან ცხვირსახოცს და ბავშვს ოფლს ვწმენდ. ექთანს მოლიდინი გაუცრუვდა...
* * *
მესამე დღეს გავეშურეთ მიკროოპერაციის გასაკეთებლად. ნაკერები უნდა დაადონ. ექიმი კარგ ხასიათზე ჩანს. ალბათ, რომელიღაც "არალტოლვილი" პაციენტი გაატყავა. როგორც ჩანს, წუხანდელი ნაქეიფარია. ახლა კი ისეთი ლუდის სუნი ასდის, უდავოა, დილიდანვე "პახმელიას" ამარცხებდა.
არ მინდა, გაკერვის პროცესს დავესწრო. არ შემიძლია, რა ვქნა! მაგრამ ზურიკო არ მეშვება. ჩაუბღუჯავს ჩემი ხელი და არ მიშვებს. ზურგით დავდექი. დაარჭვეს გამაყუჩებლები და ღიპიანი საქმეს შეუდგა. უცებ ზურიკომ სიმწრით დაიყვირა და ისეთი გინება მიაყოლა, სართულების დათვლა ვერ მოვასწარი.
- მდაა! ალბათ, ვერ მოასწრო გაყუჩება. ვაცალოთ ცოტა. - ხელები ზურგსუკან დაიწყო ექიმმა და ფანჯარასთან მივიდა.
- თქვენ დიდი ხანია, გათხოვილი ხართ? - ხელების ფათური დაიწყო ჩემს წარსულში ღიპიანმა.
- ისე რა, - არ ვაკონკრეტებ.
- რამდენი შვილი გყავთ? - ახლა ცხვირიც ჩაყო შიგ.
- ერთი.
როგორც იქნა, დაამთავრა. ხუთი ნაკერი დაადო.
- ამ ძაფებს ახსნა არ სჭირდება. კეტგუტია, თავისით გაიწოვება. ხომ ხედავთ, ესეც ვიშოვე ამ გაჭირვების დროს... თქვენი გულისთვის, - დააყოლა და გამიღიმა.
"ეს კაცი, მგონი, მე მეპრანჭება," - დავასკვენი.
- ჩვენ უკვე სამი ნემსი გავიკეთეთ, არა? ესე იგი, ხუთი კიდევ დაგვრჩა.
წარბები შევჭმუხნე.
- რატომ ხუთი? - დავიწყე ვაჭრობა.
- რვაზე არ შევთანხმდით?
- არა. თავიდანვე თხუთმეტზე იყო საუბარი, - ხმა უკვე ოფიციალური გამიხდა.
- ჰოო, რაღაც ასე მახსოვდა.
- მე დავაზუსტებ მაგას! - გაისმა მუქარა ჩემი მხრიდან.
- არა, იყოს თხუთმეტი. ჯანდაბას!
- ექიმო, მე გადავიხდი მკურნალობის ფულს, ოღონდ მხოლოდ ნახევარს. მეტის საშუალება ნამდვილად არა მაქვს. ამ ბავშვს კი არავინ ჰყავს ჩემ მეტი. უნდა შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაშიც.
- რაზეა ლაპარაკი, ჩემო კარგო. ჟურნალისტი, ამისთანა მშვენიერი გოგონა. როგორ გაწყენინებთ! - მხარზე გადამხვია ხელი. "უყურე შენ! ეს ბებერი არშიყი, რა დღეშია!"
* * *
გარეთ რომ გამოვედით, ზურიკომ ხელში გამოკრული ცხვირსახოცი მომაჩეჩა.
- ეს რა არის?
- მანდ ფულია. ჩემი.
- საიდან?
- ვაგროვებდი, რაც მომრჩებოდა დედაჩემისგან. კომპიუტერის სასწავლად მინდოდა. მერე ვახურდავებდი და ვინახავდი. 32 ლარია. რა ვიცი, თუ საკმარისი იქნება...
- ეს ფული, ჩემო ძმაო, შენთვის შეინახე, - გავბრაზდი. - შენ რა გგონია, მაგათ მე თავს დავაჩაგვრინებ? შენ მაგაზე არ იდარდო. მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ვგრძნობ, სიარული უჭირს. სხვა გზა არ არის, ხელში უნდა ავიტატო.
- აუჰ! რამხელა მუტრუკი ყოფილხარ! - გავეხუმრე, მოხერხებულად გადავიწვინე მკლავებზე და გაჩერებისკენ გავემართე ჩემი "მძიმე ტვირთით".
* * *
დღეს ბოლო ნემსის გასაკეთებლად მიმყავს. ირაკლიმ ერთი კვირაა, შემჭამა, მეც მაყურებინე, როგორ ითმენს მუცელში ჩხვლეტასო. ხათრი ვერ გავუტეხე და შევუსრულე თხოვნა. ბიჭების შეხვედრა უსიტყვო გამოდგა. მხოლოდ გაუღიმეს ერთმანეთს.
- რა იყო, ენა გადაყლაპეთ, თუ გამარჯობა დაგავიწყდათ! - დავუცაცხანე.
ზურიკომ ცისფერი თვალები მოჭუტა და მორიდებით ამომხედა. ირაკლიმაც იგივე გაიმეორა. უხერხულად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.
- ეს ზურიკოა, ეს - ირაკლი! - დავიწყე გაცნობა თავიდან.
ხითხითი აუტყდათ. უხერხულობაც გაიფანტა. თუმცა, ზურიკო არ ჩერდება, მხრები უცახცახებს სიცილისაგან.
- რა გაცინებს, ბიჭო? - მეც მეცინება მექანიკურად.
- ალბათ, ჩემს ყურებზე იცინის, კვახის ფოთოლივით რომ მაქვს! - გაიღიმა ირაკლიმ, ორივე ყურზე მოიკიდა ხელი და გარმონივით გაწელა. ამ დღეებში თმა გადავხოტრე და პარტყუნა ყურები მკვეთრად გამოუჩნდა.
- შენც ტილები გყავდა? - ყურებამდე ჩაეხა ზურიკოს პირი.
ახლა ირაკლისაც გადაედო სიცილი.
- არა, ბიჭო! რა ტილები. მე ყოველ ზაფხულს ასე ვიხოტრავ. მევასება და იმიტომ! - ძველბიჭურად მოუქცია ბოლოს.
- რას ნიშნავს "შენც"? კიდევ ვის ჰყავს ტილები? - იჭვნეულად ვეკითხები.
- არც არავის, - ხმაში შეცბუნება შეეტყო. - ეს ისე ვთქვი, სიტყვაზე, - და... სახეზე ღიმილი უცებ მოისხიპა.
- ერთი აქ მოდი და ეგ შენი გოგრა თავი მაჩვენე! - საჩვენებელი თითით მოვიხმე ჩემკენ.
ირაკლი მოემზადა. გაფაციცებით მიყურებს. ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ხარხარს.
- სულ ცხრა ნომერი ტილებია. არ უნდა შემოწმება, - დაყარა ფარ-ხმალი თვალმოჭუტულმა.
სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც კი ვერ შევიკავე თავი.
- კარგი, ეგრე იყოს. არ შევამოწმებ, მაგრამ მოგიწევს "ხოტორ-ხოტორ-ხრისა". შევთანხმდით?
- წამალი არ შეიძლება? - დაიჯღანა და მეხვეწება.
- უ-უ-ჰ! არ გინდა, ბიჭო! - უცებ სახესთან ახლოს მიუახლოვა ტუჩები ირაკლიმ. - ერთხელ მეც წამისვა ეგ წამალი დედაჩემმა და ისე ამეწვა, ყურებიც კი გამიწითლდა (დამოწმების ნიშნად მთელი სისწრაფით მოისრისა ცალი ყური). ჯობია, ჩემნაირად გადაიხოტრო. ბარტეზივით ვიქნებით.
ორივე გულიანად იცინის.
- გუშინ ჩამოვივარცხნე და შვიდი ცალი გადმოვარდა. იცი, რამხელები იყო? გატუნტულებულ გოჭებს ჰგავდნენ! - უყვება ირაკლის.
* * *
- ეს ბავშვები რავა ერთნაირები არიან... ძმებივით, - გაოცება ვერ დამალა ექიმმა. - შენია?
პასუხის ნაცვლად გავუღიმე. უხსენი ახლა, ამ სიცხეში - არა, ბატონო, ეს ჩემია, ეს კი სხვისი-თქო. ამდენს რა ილაპარაკებს!
- ესენი ჩემი ბიჭები არიან, - მოკლედ მოვჭერი ბოლოს და ორივეს ერთდროულად გადავუსვი თავზე ხელი.
- აკი ლტოლვილიაო?
- ლტოლვილია, ლტოლვილი, თანაც დევნილი ლტოლვილი, - მობეზრებული ადამიანის ტონით ჩავილაპარაკე, - ცნობა ხომ მოგიტანათ, - დავამატე.
პასუხი არ გაუცია. დღეს რაღაც ვერ არის ხასიათზე. არც უფულობაზე ჩივის, არც მთავრობაზე, არც ცოფიან ძაღლებზე...
ირაკლი თვალებგაფაციცებული უყურებს, როგორ შეჰყავს ექიმს შპრიცი პატარა, გალეულ მუცელში და როგორ იჭყანება ზურიკო ჩხვლეტისაგან. დღეს ცოტა ზედმეტიც მოუვიდა დაჭყანვა. ალბათ, ირაკლი რომ გაამხიარულოს. რა ეშმაკია! ირაკლის გადავხედე. ისიც ზუსტად ისე იჭყანება, თითქოს ეს-ესაა, მასაც ნემსი დაარჭვესო. მეცინება. ყოველთვის ასე განიცდის სხვის ტკივილს...
მორჩა. ყველა პროცედურა ჩამთავრებულია.
- უღრმესი მადლობა, ექიმო. მე მგონი, ვალში არ ვრჩებით ერთმანეთთან, არა? - შემპარავი ღიმილით ვეკითხები ღიპიანს.
თანხმობის ნიშნად მხრები ასწია, ხელები ფართოდ გაშალა და თავი უკან გადააგდო. "აბა, რა მეთქმისო".
- ღმერთმა ნუ შეგვახვედროს ერთმანეთს, - ჩამოვართვი ხელი, - ასეთ ამბავში, - მოწყალედ დავამატე და ზურგი ვაქციე.
მოვხვიე ხელი ჩემებს და წავასხი გაჩერებისკენ.
* * *
- ეკლესიაში ნამყოფი ხარ? - ვეკითხები ზურიკოს "მარშრუტკაში".
- არა. თუმცა, ერთხელ კი, მგონი. მამაჩემმა წამიყვანა, მაგრამ მაშინ სულ პატარა ვიყავი. აი, ამხელა (ხელებით მომიზომა). არც კი მახსოვს წესიერად.
- პირჯვარი თუ იცი, როგორ უნდა გადაიწერო? - დაინტერესდა ირაკლი.
- არა.
- მე გასწავლი, - დაფაცურდა მაშინვე.
მთელი გზა, სანამ ქაშვეთამდე მივაღწევდით, ირაკლი უხსნიდა, რა პრინციპით უნდა გადაეწერა პირჯვარი და რისი აღმნიშვნელი იყო ამ პროცესის თითოეული მომენტი...
ეკლესიას რომ მივუახლოვდით, ბავშვებს ხურდა ფული მივეცი, მათხოვრებისთვის რომ ჩამოერიგებინათ.
- თითოს - თითო! - მკაცრად გავაფრთხილე.
საინტერესო მომენტი იყო. ზურიკო, თვითონ მათხოვარი, სხვა, მისნაირ მათხოვრებს მოწყალებას ურიგებდა...
- დე, მეტი ხურდა არ გაქვს? - მეკითხება ირაკლი.
- რად გინდა, შვილო, ხომ მოგეცი?
- ყველას არ შეხვდა და რა ვქნა! - შეწუხებული მპასუხობს.
- ყველას სამყოფი სად არის, ბიჭო, გადაირიე? - დავუწიე ხმას, - სხვებს სხვა მომსვლელები მისცემენ.
შევედით. ჰაერი სანთლის სუნითაა გაჟღენთილი.
- გადაიწერე, გადაიწერე! - სასწრაფოდ უჩურჩულა ირაკლიმ.
ზურიკო ერთხანს დაიბნა ამდენი ხატისა და ანთებული სანთლის დანახვაზე. მერე სცადა პირჯვრის გადაწერა, მაგრამ... ირაკლის სიცილმა დაარღვია ეკლესიის მყუდროება.
- რა გაცინებს, შე საძაგელო! - ჩუმად ვუბრაზდები.
- შეხედე, დე, რო-გორ გა-და-იწე-რა! - იჭაჭება ირაკლი და სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთს.
ზურიკოს ხუთივე თითი მიუტყუპებია ერთმანეთისთვის და ხან თმაზე დაიდებს ხელს, ხანაც - მუცელზე. ირაკლი ძლივს დავაწყნარე.
* * *
- ეს რა არის? - მეკითხება სუნთქვაშეკრული.
- ეს ხატია, - ვპასუხობ ჩურჩულით.
- ვისი?
- წმინდა მარიამის. გაგიგია?
- კი. ეს?
- ეს წმინდა გიორგია, თეთრ ცხენზე ამხედრებული. იცი?
- ესეც გამიგია. ეს ვისი ხატია?
- ესა?.. ეს მეც არ ვიცი, - ავიწურე მხრები. - რა მნიშვნელობა აქვს, სანთელი ნებისმიერ ხატთან შეგიძლია დაანთო... და სურვილიც ჩაიფიქრო, თან პირობა უნდა დადო, რომ ყოველთვის კეთილად და ჭკვიანად მოიქცევი. არავის მოატყუებ, ცუდ საქცელს არასდროს ჩაიდენ.
თავი დამიქნია. საოცრად დაძაბულია. ხან ზევით იყურება, ხან - ქვევით. მეშინია, თავბრუ არ დაეხვას.
- ამ ჯვართან კი სანთელს მიცვალებულებს უნთებენ, - მივიყვანე კუთხეში, შავარშიაშემოვლებულ ქვის მაგიდასთან.
- ახლობლები ხომ გყავს გარდაცვლილები?
კვლავ დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად და წამჩურჩულა:
- მაშინ სამი სანთელი მინდა.
- ერთიც საკმარისია, ყველა ერთად უნდა მოიხსენიო, - მეც ვჩურჩულებ...
* * *
- ვის დაუნთე სანთელი? - ეკითხება ირაკლი გარეთ გამოსვლისას.
- ჩემებს: ბებიას, ბაბუას და მამიდას.
- რა დაემართათ? - ახლა მე დავინტერესდი.
- აფხაზეთში დაიღუპნენ. ომი რომ დაიწყო, თურმე მამიდა ავად ყოფილა ჭლექით, ლოგინიდან ვერ დგებოდა. ამიტომ ბაბუამ და ბებიამ არ მიატოვეს. მერე ამბავი მოვიდა, სამივენი დახოცესო... მამაჩემი მომიყვა.
"აი, თურმე, საიდან მოდის ჭლექის ისტორია", - გავიფიქრე და ირაკლის გადავხედე. ბავშვს სახე შეძრული აქვს. "ახლა ამ ამბით გამომილაყებს ტვინს", - გული შემიწუხდა, როცა წარმოვიდგინე, რა შეკითხვებს მომაყრიდა ღამით, ძილის წინ.
- ახლა კი გავქანდეთ და ვჭამოთ! - რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა წამოვიძახე და კბილები ავაკაწკაწე, ვითომ ძალიან მშია. - აბა, ვის უნდა კატლეტი?
- მე! - ამყვა ირაკლი.
"მეც", - არ თქვა ზურიკომ, მაგრამ მიმახვედრა.
- მაშინ წავედით! - დავრაზმე ორივე და ნაბიჯს ავუჩქარეთ.
* * *
ავიღეთ სამი კატლეტი პიურეთი, თითო ნაჭერი ხაჭაპური, თითო ნამცხვარი, სამი კოკა-კოლა და სამი ნაყინი. ირაკლის თვალი ვერ ძღება, ყველაფერი უნდა, რასაც ხედავს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ამდენს, უბრალოდ, ვერ მოერევა. მეც ჭკუა ვიხმარე:
- ჯერ ესენი ავიღოთ, შვილო, დანარჩენები მერე, თუ კიდევ მოგინდებათ! - დავარიგე ჩვილი ბავშვივით.
სავსე სინი ძლივს მივათრიე მაგიდასთან. დღეს შედარებით ცოტა ხალხია. ალბათ, ჯერ კიდევ დილაა და იმიტომ. ზურიკო გახევებული ზის. აქეთ-იქით იყურება.
- რა გემართება, ზურიკო? - ვეკითხები.
- რა კარგია აქ. ასეთ ადგილას პირველად ვარ. ერთი ჩამომატარა ეხლა ოხ... რა ფულს გავაკეთებდი?!
- ნუ სულელობ, დაიწყე ჭამა! - თეფში ახლოს მივუწიე.
- და კიდევ, ჩემი ოცნებაა, ერთი კაზინოში შემიყვანა. იქ ბევრი მაყუთი ტრიალებს... მაგრამ ვინ შეგიშვებს.
- გიცდია, რო? - მეღიმება.
- უჰ! რამდენჯერ!
- ე! დანა-ჩანგალი არ უნდა იხმარო? - ტუჩები მოპრუწა ჩემმა.
- გამსახურდიამ თქვა, ხელსა და პირს შუა მოციქული საჭირო არ არისო! - ნიშნის მოგებით გაეპასუხა ზურიკო. ეს, ალბათ, მამამისმა ასწავლა.
- ტყუილია! - არ დანებდა ირაკლი. - გამსახურდია პრეზიდენტი იყო, მაგას არ იტყოდა. დედი, ხომ საჭიროა დანა-ჩანგალი? - ახლა მე მომიბრუნდა.
- საჭიროა, საჭირო.
- მერე... მე არ ვიცი დანის ხმარება, - შეწუხდა ზურიკო.
- მე გასწავლი! - კვლავ გამოიჩინა ენთუზიაზმი მისმა "პედაგოგმა".
- ოღონდ ახლა არა! - მკაცრად მოვითხოვე. - როგორც იცი, ისე ჭამე! - დავუყვავე ბავშვს და ირაკლის ვანიშნე, სხვა დროისთვის გადავდოთ-მეთქი...
რას ერჩი, ჩანგალს მშვენივრად იმარჯვებს. ირაკლის სიცილი წასკდა. შევხედე.
- ეხლა ჩარლი ჩაპლინივით რომ ააცეკვოს კატლეტი, რა მაგარი იქნება, არა, დე? - გაახსენდა ფილმი.
- მეც მაქვს ეგ კინო ნანახი. მოხარშულ შნუროკებს რომ ჭამს, არა? - აჰყვა ზურიკოც.
- ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება!
- არ ვლაპარაკობთ, ვიცინით, - კმაყოფილია თავისი ენაკვიმატობით ირაკლი.
აქ ყველაფერი გემრიელია. მუსიკაა ცოტა მოსაწყენი.
- ნაყინიც მივაყუმბაროთ? - ეკითხება ირაკლი თანამეინახეს.
- ჯერ ეგ ხაჭაპური დაამთავრე! შეხედე ზურიკოს, როგორ მოასუფთავა თეფში. ლამაზი ცოლი ეყოლება. შენ კი მახინჯი შეგხვდება! - დავმოძღვრე.
- ასიანი! - დამემოწმა ეშმაკურად. - ჯანდაბას, იყოს მახინჯი, მეტი აღარ მინდა, რა? - თითით ყელი გამოიგლიჯა.
აღარ ვაძალებ...
- მორჩა? - დავსვი საყოველთაო შეკითხვა.
- მორჩა, - დამიდასტურეს, სკამები გაახრიგინეს და წამოდგნენ.
- ახლა სად მივდივართ? - შემომაპარა ირაკლიმ.
- სად და სახლებში.
- ცოტა ხნით ჩვენთან წამოვიდეს, დე, ხომ შეიძლება? - მანიშნებს ზურიკოზე.
- რას მეხვეწები, წამოვა, აბა, რას იზამს. საღამომდე დრო აქვს. თან ტილების წამალიც წავუსვათ. ამასაც გავუწითლოთ ყურები, კარგი? - თვალი ჩავუკარი და სამივენი ავუყევით რუსთაველს.
უცებ ზურიკომ მკლავზე მომქაჩა. გადავიხარე:
- დიდი მადლობა, ნატა, ჯიგარი ხარ! - პირველად მომმართა სახელით. ახლაღა შევნიშნე. ეს პირველი შემთხვევა იყო.
- მადლობა ირაკლის უთხარი. დღევანდელი დღის იდეა მას ეკუთვნის, - თავიდან ავიცილე სამადლობელი, მერე კმაყოფილმა ორივეს ჩავკიდე ხელი და მიწისქვეშა გასასვლელში გავუჩინარდით.
* * *
რაღაც ძალიან დააგვიანა. ადრე ასე არ მოქცეულა, ყოველთვის დროზე მოდიოდა ხოლმე. დღეს კი... რაღაცაშია საქმე. უკვე ნახევარი საათია, ველოდები. დრო თითქოს გაიწელა... აი, ისიც! როგორც იქნა, გამოჩნდა! მაგრამ, მგონი, მარტო არ უნდა იყოს. ეს ვინღაა? აჰა! ალბათ, დედამისია. საინტერესო ვიზიტია. რატომღაც უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ნეტავ, რა უნდა? კოხტაპრუწა ჩანს. მშვენიერი აღნაგობისაა, წვრილკანჭება. უმკლავებო, მოკლე შავი კაბა აცვია, იმდენად მოკლე... მეტი რომ არ შეიძლება. მზეზე გარუჯულა. უხდება. თმა ყვითლად აქვს შეღებილი. აი, წარბები კი სულ დაუპუტავს, ღერა-ღერა - ერთი წვრილი ზოლიღა დაუტოვებია. ეს კი ვულგარულ იერს აძლევს...
მომიახლოვდნენ. ზურიკოს თვალებში შიში ამოვიკითხე. ჯერ არ ვიცი, როგორი სახე უნდა მივიღო, როგორ დავხვდე "მომხვდურს". ჩემთვის ხომ უცნობია მისი ვიზიტის მიზანი. გადავწყვიტე, დაველოდო "იერიშს" და ამიტომ პირდაპირ ზურიკოს მივმართე. ჩემს მაჯის საათზე მივანიშნე საჩვენებელი თითით:
- შენ მთელი 40 წუთით დაიგვიანე, მეგობარო! - და ნაძალადევად გავიღიმე. შემდეგ კი შევხედე ზურიკოს გვერდით მდგომს.
- ალბათ, იცი, ვინცა ვარ, არა? - თავიდანვე შენობით, ამასთან, აგდებულად მომმართა, გახსნილი ჩანთიდან კევი დააძრო და პირისკენ გააქანა.
- არ არის ძნელი მისახვედრი, - ჯიქურ ვუპასუხე.
- ის თუ იცი, რისთვისაც მოვედი? - აშკარად მტრულადაა განწყობილი ჩემ მიმართ. ჯერ არ ვიცი, რა ამბავია ჩემს თავს!..
- აი, მაგას კი ვერ ვხვდები, - გავაღვივე ცნობისმოყვარეობა. მგონი, არც მე მომდის თვალში.
- ეხლავე გაგაგებინებ! - გამწარებული ღეჭავს კევს, - რას დასდევ ამ ბავშვს კუდში დედა ტერეზასავით, სხვა ვერავინ ნახე? რაის სკოლაო, რაის კომპიუტერიო... ვინ გექაჩება ენაზე? და საერთოდ, გამაგებინე, რა გინდა ჩემი ოჯახისგან?
- თქვენი კარგად ყოფნა, სხვა არაფერი, - კარგად შექეიფიანებულ თანამეინახესავით მოვედი ლოცვა-კურთხევის ხასიათზე.
- შენ სად მუშაობ, ჭირიმე, ერთი მითხარი! - არ უწევს ტონს.
- უშიშროების სამინისტროში, მაიორი ვარ! - უშიშრად დავაფრქვიე პირველი, რაც ენაზე მომადგა.
ეს საიდანღა მომაფიქრდა! რას მივედები! მაგრამ უკვე გვიანაა, პირზე მომდგარ სიტყვას უკან ვერ ჩავაბრუნებ. და გავუბერე:
- ბავშვთა განყოფილების ინსპექტორი ვარ (ყოჩაღ! ეს კარგად გამომივიდა!).
არ ესიამოვნა. ფერიც კი ეცვალა. შევამჩნიე, როგორ დაუწყო ფეთქვა ძარღვმა ყელზე, ლავიწის ძვალთან.
- ჩვენ ახალი აღმზრდელობითი მეთოდი შევიმუშავეთ... ამერიკელებთან ერთად (ჩავრთე მთელი ამერიკა ჩემს "მეთოდებში") და ვნერგავთ საქართველოში. დავიწყეთ მაწანწალა ბავშვებით. თქვენ ხომ არ გგონიათ, მარტო ზურიკოს დავდევ კუდში? მის გარდა ხუთი მყავს კიდევ (მიდი, მიდი! - შევაგულიანე ჩემი თავი). ჩემ გარდა სხვებიც მუშაობენ ამ საკითხზე (ჩავრიე მთელი უშიშროება ჩემს ამერიკულ "სისტემაში"). ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ბავშვები ნამდვილ მოქალაქეებად, დავაყენოთ გზაზე, გავზარდოთ ჯენტლმენებად (ახლა უკვე აგიტაციას ვეწევი. ნეტავ რევოლუციონერები თუ მუშაობდნენ მასებზე ასე?). ყველა ბავშვის ოჯახი შესწავლილი გვყავს. ასე რომ... - აღარ დავამთავრე. ყველაფერი ნათქვამია. "აჰა, გაები ჩიტო, მახეში?" - გავიფიქრე ნიშნის მოგებით. და მხოლოდ მაშინ მივხვდი უეცრად, რატომ მერჩოდა ეს ქალი - ზურიკოს გამო. ალბათ, ჰგონია, რომ მე ასეთი მეთოდებით მას შვილს ვართმევ. სულელი! ეგ რამ აფიქრებინა!
- იცით, - მოულოდნელად შეცვალა ხმაც, ტონიც და მიმართვის ფორმაც, - მე არ მეგონა, ასე თუ იყო... ვიფიქრე, ბავშვის გადაბირება ხომ არ უნდა-მეთქი. სწორად გამიგეთ. ეს ერთი შვილი მყავს და ხომ იცით... - აღარ გააგრძელა.
- თქვენ თუ რამის გარკვევა გნებავთ, წამობრძანდით ჩემს კაბინეტში და იქ ვისაუბროთ... სხვა რამეებზეც! - ჩემი ხმა რიხიანად ჟღერს.
კიდევ ერთხელ შევათვალიერე. "რა გრძელი და ლამაზი თითები აქვს", - გავიფიქრე.
- არა, რას ბრძანებთ. მე დღესაც არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ... ისე გამამწარა წუხელ, ისეთი რამეები მითხრა და მიძახა... ამ დილით სულ კინწისკვრით წამოვათრიე, თქვენ რომ მენახეთ.
სახე ნელ-ნელა დაუწყნარდა და, როგორც იქნა, აგრესიული გამომეტყველება გაუქრა.
- მე თქვენ შესახებ გუშინდლამდე არაფერი ვიცოდი. წერილი მომიტანეს ჩემი ქმრისგან და იქიდან გავიგე. ამას ხომ ვერაფერს ათქმევინებ, რომ კვდებოდეს, ისეთი უჯიშოა! გაწყდა ამათი ჯიში! - შეუკურთხა გულიანად ზურიკოს მთელ მოდგმას.
- რაც შეეხება... - ენა დაება, - მე მინდოდა... ძაღლმა რომ უკბინა, არც კი ვიცოდი. მთელი სამი დღე სახლში არ ყოფილა, ღამეც კი არ გაუთევია შინ. ისიც არ ვიცი, სად იყო, ვისთან. არაფერს არ მიჯერებს, სულ თავის ნებაზე დადის. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, - მთლად მოისაწყლა თავი.
- მე, ჩემო კარგო, ბავშვების აღზრდა მაქვს დავალებული, მათი მშობლების კი არა! - რაც შეიძლება, ცივად ვპასუხობ, - თქვენ დედა ხართ და უნდა იცოდეთ, როგორ მიუდგეთ შვილს. ამას სხვა ვერ გასწავლით, - ბოლომდე ულმობელი ვრჩები.
ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურიკო პირდაღებული მისჩერებოდა ხან დედამისს, ხან - მე. აშკარად დაბნეულია. როცა შეამჩნია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა, ცოტა გამოცოცხლდა.
- ახლა კი ჩვენ წავალთ, - გავუღიმე ქალს, - თქვენ თქვენს საქმეებს მიხედეთ, ჩვენ კი დღეს ახალ ეტაპზე გადავალთ, არა, ზურიკო? - გადავხედე პატარას და ხელი გავუწოდე. მაგრად ჩამჭიდა მარჯვენა. ვიგრძენი, ნერვიულობისაგან როგორ ჰქონდა გაყინული თითები. შემეცოდა.
- ჰო, მართლა. მე არ ვიცი, ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ, - მოვიკატუნე თავი, - მაგრამ ადრე რომ მუსიკის მასწავლებლად მუშაობდით, ჩემთვის ცნობილია. ასე რომ, თუ გაგიჩნდეთ სურვილი, დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას, შემომეხმიანეთ. შეიძლება, ადგილი შოვნაშიც დაგეხმაროთ, სკოლაში ან საბავშვო ბაღში, - მომაფიქრდა უცებ (არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ოღონდ დამთანმხდეს და ერთი მასწავლებლის ადგილს თუნდაც მიწიდან ამოვთხრი).
- კარგი მაშინ, მე წავალ, - "ააფრიალა თეთრი ნაჭერი" ზურიკოს დედამ დაზავების ნიშნად, - საღამოს დროზე მოდი შინ, არ დააგვიანო, - მიუბრუნდა შვილს.
ზურიკომ თავი დაუქნია. თვალებში მხიარული ნაპერწკლები გაუკრთა...
გაგრძელება