ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისირამდენი ხანია, ამ სახლში არ ვყოფილვარ. როგორ შეუცვლიათ აქაურობა. თითქმის წელიწადი გავიდა, რაც დავშორდით და არაფერი იყო გასაკვირი, მით უმეტეს, რომ დედამთილის სანახავად არცთუ ხშირად მივდიოდი. ბოლოს შარშან ახალ წელს ვიყავი აქ. მაშინ, ასე თუ ისე, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა სიურპრიზს მიწყობდა ჩემი "უმანკო" მეუღლე.
მიცვალებული ძლივს მოჩანდა შავატლასგადაფარებულ ტახტზე. მთლად გალეულიყო საწყალი. ჩემს ყოფილ დედამთილს თავზე შავი თავსაფარი წაეკრა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ცხვირიც გაწითლებოდა ტირილისგან. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ცოცხალს ვერ იტანდა და მკვდარი როგორ გახდა მისთვის ასე გულდასაწყვეტი? ან, იქნებ, მართლა გულწრფელი იყო და ეს ლიზა აზვიადებდა სასა ბებოსთან მის დამოკიდებულებას? არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ციალას გვერდით პატარძალი იჯდა, გოჩას ახალი მეუღლე. მშვენიერი ქალი იყო, ახალგაზრდა და სიმპათიური, წუნს ნამდვილად ვერ დავუდებდი. თავად გოჩა არსად ჩანდა.
შედგა თუ არა ლიზამ ოთახში ფეხი, მოთქმას მოჰყვა. ეს პროცესი საშინლად მთრგუნავს. არ მიყვარს, როცა გაბმული ზარით იციან ქალებმა ტირილი, ამიტომ წრე შემოვუარე მიცვალებულს, ქალებს მივუსამძიმრე და მაშინვე სადარბაზოში გავედი. სწორედ იქ შევეფეთე ქმარყოფილს, კიბეზე ამორბოდა.
- მოხვედით? გამარჯობა! - ქოშინით მომესალმა და გადამკოცნა.
- ჰო... ვიზიარებ... - ხმადაბლა მივუგე და თვალი ოთახის სიღრმისკენ გავაპარე, მაინტერესებდა, მისმა მეუღლემ შეამჩნია თუ არა, როგორ შემხვდა მისი მეორე ნახევარი.
არა, მას ლიზიკო ეფარებოდა, რომელიც მიცვალებულის სასახლეზე იყო დამხობილი და მწარედ მოთქვამდა.
- არ შემოხვალ? - გოჩამ იდაყვზე წამავლო ხელი.
- არა, აქ ვიქნები, არ შემიძლია ტირილის მოსმენა. უთხარი, მალე გამოვიდეს, რა, ბავშვი ფიქრიასთან მყავს დატოვებული.
- ბავშვი? რა ბავშვი... - დაიბნა გოჩა.
გამომცდელად შევხედე. ერთხანს ვაკვირდებოდი მის რეაქციას და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მან ბასაზე არაფერი იცოდა.
- ბავშვი ავიყვანე, შვილი მყავს, - ამაყად თავაწეულმა ვახარე.
- მართლა? დიდი ხანია?
- ნუუუ... არც ისე.
ისე დაიბნა, მეტი ვეღარაფერი მკითხა. გილოცავო, ამის თქმაც კი ვერ მოახერხა, მხოლოდ თავი დააკანტურა რამდენჯერმე და ოთახში შევიდა.
დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ლიზიკო მალევე გამოვიდა. კარგა გემრიელად იყო ნამტირალევი. წარამარა ცხვირს იწმენდდა.
- მოიოხე გული?
- ეეეჰ, ძალით მოკლეს საწყალი ქალი, - ხელი ჩაიქნია მამიდამ და ტაქსი გააჩერა.
სათნოების სახლში დაბრუნებულებს საოცარი ჩოჩქოლი დაგვხვდა. მოხუცები კართან ატუზულიყვნენ და ერთმანეთში ყაყანებდნენ. ჩემი ოთახიდან კი ბასიას ჩაბჟირებამდე ტირილის ხმა ისმოდა.
- რა დაემართა? - შეშფოთებული გავიქეცი იქითკენ.
- რა ვიცი, შვილო, ასე ტირის, რაც წახვედით, - ჩაივიშვიშა ნინო ბებომ და ლოყაზე შემოიკრა ხელი.
ფიქრიას ხელში აეტატებინა ბასუსა და აქეთ-იქით დაატარებდა ოთახში, თან ანანავებდა, თან უმღეროდა.
- რა ჭირს?
- გოგო, რა ვიცი, ვერაფრით გავაჩერე, გაიჭაჭა ტირილით. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.
მაშინვე პედიატრთან დავრეკე, ვუთხარი, ისტერიკულად ტირის-მეთქი. სასწრაფოდ ჩემთან წამოიყვანეო.
ასეთი გიჟური დღე არ მქონია. ისე ვიყავი შეშინებული, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. კიდევ კარგი, ფიქრია გვერდით მყავდა, თორემ ალბათ გავაფრენდი. დათოს გაუჩინარებას უსიამოვნებების მთელი წყება მოჰყვა. ლიზა ვერ წამოვიდა, აყაყანებულ მოხუცებს მარტო ვერ დატოვებდა.
სანამ პედიატრი ბასას სინჯავდა, ჩემი დამემართა. ბავშვს რომ რამე დამართოდა, კარგი დღე არ მელოდა. ჯერ ერთი, რომ სხვისი შვილი იყო და მეორეც, მისი არსებობის შესახებ არც ერთმა სახელმწიფო ორგანომ არაფერი იცოდა.
- კბილი იწყებს ამოჭრას, - გაიღიმა ნინო ექიმმა, - საშიში არაფერია, სიცხეც ამიტომ აქვს. ცოტას იჭუჭყუნებს და როგორც კი ამოუვა პირველი კბილი, დაწყნარდება. რეცეპტს ახლავე გამოგიწერ და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც გეტყვი. დაწყნარდი, საშიში არაფერია, - დამაიმედა პედიატრმა.
მთელი სამი დღე და ღამე არ გვიძინია მე და ფიქრიას. ბასუსას პირველი კბილი პირველი გამოცდა გამოდგა ჩემთვის. მეოთხე დღეს, როგორც იქნა, დაწყნარდა, გაიღიმა და აღუღუნდა მისებურად. კბილმა ამოჭრა. რა სასაცილო სანახავი იყო, როცა გაიცინებდა. საყვარლად მოუჩანდა ერთი ცალი პაწაწუნა კიჭი.
როგორც იქნა, ოდნავ გამომიკეთდა ხასიათი. აღარაფერს დავეძებდი, რადგან ბავშვი კარგად იყო. ახლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მოვქცეულიყავი. არასწორად ვიქცეოდი, როცა მის შესახებ თავიდანვე არ განვაცხადე. ეს საქციელი თავისთავად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. ერთადერთი იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ წერილი მქონდა თან, მისი მშობლის დატოვებული, სადაც მთხოვდა, ბავშვის შესახებ პოლიციისთვის არ მეცნობებინა. მაგრამ ყოველდღე ისე რთულდებოდა სიტუაცია, ერთხელაც არ მიფიქრია იმაზე, ბავშვი ავად რომ გამხდარიყო და მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, რა უნდა მომემოქმედებინა. იმის წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ბასას რამე დაემართებოდა, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევისთვის ხომ უნდა ვყოფილიყავი მზად? ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, მიმემართა სათანადო ორგანოებისთვის, განმეცხადებინა ბავშვის შესახებ და, თუ ნებას დამრთავდნენ, მეშვილა იგი. უარს, იმედი მქონდა, არ მეტყოდნენ. ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ვიყავი, კარგი შემოსავალი მქონდა, ამიტომ ამ მხრივ პრობლემა არ უნდა შემქმნოდა. მიუხედავად ამისა, მინდოდა, ცოტა გავლენიანი ადამიანი ჩამერთო ამ საქმეში, ამიტომ გოგლას დავურეკე და დახმარება ვთხოვე. ჩემდა გასაკვირად, მან თავი შეიკავა.
- მერი, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად იქცევი? - დაკითხვა მომიწყო მეგობარმა.
- აბა რა გავაკეთო? რას ვუცადო? - გავღიზიანდი.
- იქნებ გამოჩნდეს პატრონი? რომ მოგადგეს ერთ მშვენიერ დღეს, მერე რა პასუხს აძლევ?
- მომკითხავი აქამდე შემეხმიანებოდა, გოგლა. სათამაშო თოჯინა ხომ არ არის, ცოცხალი არსებაა, ადამიანია, ბოლოს და ბოლოს! როდემდე უნდა ვმალო? რამე რომ დაემართოს, სად წავიდე, ვის მივადგე? სამი ღამე არ მიძინია, ისე ცუდად იყო.
- რა დაემართა?
- კბილმა ამოჭრა, მაგრამ სანამ გავიგებდი, ჩემი დამემართა, ლამის მოვკვდი ნერვიულობით. რამე სერიოზული რომ დაემართოს, მერე ვინ მიშველის? დამეხმარე, ძალიან გთხოვ. თუ შეგიძლია, დამიდექი გვერდით და თუ არ შეგიძლია, არც ეგ მეწყინება, სხვას ვნახავ ვინმეს.
- კარგი, არ ინერვიულო, საღამოს გამოვივლი და დავილაპარაკოთ. იქამდე ვნახავ ვინმეს და გავარკვევ, რისი გაკეთება შეიძლება.
ცოტათი დავმშვიდდი. გოგლა ყველაზე მეტად მეიმედებოდა ამ საკითხში. ვიცოდი, არ დამაღალატებდა.
სწორედ იმ საღამოს, გოგლას მოსვლამდე, ქალაქის ტელეფონზე ზარი გაისმა. ვიღაც ქალი მირეკავდა, რომლის ხმის გაგონებისთანავე ეჭვმა გამკრა.
- ქალბატონო მერი, როგორ არის ჩვენი პატარა?
- რომელი ხარ? - თითქოს ნემსი გამიყარესო, ისე მომხვდა ეს სიტყვები გულში.
- მგონი, ხვდებით, ვინც ვარ... ალბათ ამის ახსნა არ დამჭირდება.
- ბავშვი კარგად არის. თქვენ დედამისი ხართ?
- ნუ, ასეც შეიძლება ითქვას. ჩემი წერილი ხომ გაქვთ შენახული?
- დიახ, რა თქმა უნდა, - ნერვიულობისგან ხელ-ფეხი გამეყინა.
- ალბათ შეგეშინდათ, ამდენ ხანს რომ არ გამოვჩნდი. ძალიან გთხოვთ, დაიტოვეთ ბავშვი, გემუდარებით, სხვას არ ჩაუგდოთ ხელში. მე ვიცი, თქვენ რომ შვილი არ გყავთ, იმიტომაც აგირჩიეთ. ისიც ვიცი, როგორი კარგი ადამიანი ხართ და ბასას არაფერს გაუჭირვებთ. ცოტა ხანიც მოითმინეთ და...
- და რა? მოხვალთ და წაიყვანთ, არა?
ყურმილს იქიდან პასუხი არ გაუციათ.
- და გგონიათ, ასე ადვილად გაგატანთ? - მთელი ხმით ვიყვირე, - მე თქვენი ძიძა ვარ თუ მოსამსახურე? თუ მე უნდა გავზარდო, მე უნდა შევინახო და დედასავით მოვუარო, მევე დავიტოვებ. ჩემს შვილად ჩავწერ და გავზრდი. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ის თქვენ წაიყვანოთ, გასაგებია?
მეგონა, შემედავებოდა, თვითონაც ისტერიკას დაიმართებდა, გამომლანძღავდა ან პირიქით, ხვეწნას დამიწყებდა, მან კი ყურმილი დამიკიდა.
გავოგნდი. ასეთ რეაქციას დედისგან არ ველოდი. ვერაფერი გავიგე.
- რაო, რა გითხრა? - ფიქრია ბავშვიანად თავს წამომადგა.
- გამითიშა. მგონი, ვერ არის ნორმალური, - ხელები გავასავსავე.
- ხვალ წავალ სატელეფონო კომპანიაში და გავიგებ, რა ნომრიდან შემოვიდა ზარი, - დავიქადნე, თან ბოლთანს ვცემდი ოთახში, ისე ვიყავი გაცხარებული.
- არა მგონია, მაგას აზრი ჰქონდეს, - ცივი წყალი გადაასხა ჩემს ნათქვამს ფიქრიამ.
- რატომ? - კოპები შევკარი.
- ეგრე ადვილად გასაშიფრი რომ ყოფილიყო, აქამდე მიაგნებდი. მაგას რომ სახლი და საშუალება ჰქონდეს, ბავშვს შენ მოგიგდებდა? მე მგონი, მართლა ჯობია, პოლიციაში განაცხადო.
ამ საუბარში ვიყავით, გოგლა რომ ამოვიდა. მის დანახვაზე გული ყელში მომებჯინა და ავქვითინდი.
- რა გატირებს, სულელო? - მომეფერა მეგობარი, - ღმერთმა საჩუქარი გამოგიგზავნა და შენ ტირი? რამ შეგაშინა?
მოვუყევი, რაც მოხდა, თან ცრემლად ვიღვრებოდი.
- იქნებ მართლა ჯობია, ცოტა ხანს დაიცადო? რაღაც ძალიან აბურდულია ეგ საქმე. რა იცი, რა უჭირს იმ ქალს. არ გეცოდება?
- მე არ გეცოდები? მე რა დავაშავე? უკვე ისე შევეჩვიე, არ მემეტება სხვისთვის, გამიძნელდება დათმობა, გესმის? - ავღრიალდი.
- კარგი, დაწყნარდი, რაღაცას მოვიფიქრებთ. გგონია, თუ იშვილებ, ეს გამოსავალი იქნება? მერე რომ მოვიდეს და ბავშვი მოგთხოვოს, რას იზამ?
- რას ჰქვია რას ვიზამ! ვიტყვი, რომ მე გავზარდე, რომ ამაგი მაქვს მასზე და არავის აქვს მისი წართმევის უფლება! აი, რას ვიზამ! დედამისს თუ უნდოდა, თავიდან არ მოიშორებდა!
- მაგრამ ჩვვენ არ ვიცით, ამ შემთხვევაში კანონი ვის მხარეს იქნება, გესმის? ჯერ ეგ უნდა გავარკვიოთ. მაცალე ერთი-ორი დღე, ადვოკატს ვნახავ, დაველაპარაკები. მეტყვის, რა შანსები გვაქვს. იქამდე ნურაფერს მოიმოქმედებ. არ მინდა, ცხოვრება ტანჯვად გექცეს, გამიგე? მეცოდები კიდევ ტკივილისთვის, ამიტომ გეუბნები, - რჩევას მაძლევდა გოგლა, რომელიც მანქანის გასაღებს ათამაშებდა ხელში.
დავუჯერე. თან იმ წუთას ისე ვიყავი აღელვებული, სრულიად არაადეკვატურად ვიქცეოდი. გადავწყვიტე, დავმშვიდებულიყავი, ამეწონ-დამეწონა შექმნილი მდგომარეობა და დამშვიდებულ გონებაზე მიმეღო გადაწყვეტილება. ამასთან, ლიზამ არ იცოდა ეს ამბავი, ამიტომ მის გარეშეც არ მინდოდა რამე მომემოქმედებინა. დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა.
- კარგი, ეგრე იყოს, გენდობი, - თავი დავუქნიე გოგლას, ჩემი თითები მისაში გადავხლართე და მავედრებელი მზერა მივაპყარი, რითაც ვაგრძნობინე, რომ მხოლოდ ის იყო ჩემი მაშველი რგოლი.
- ყველაფერს მოვაგვარებ. შენ კი აშკარად დასვენება გჭირდება და მაგასაც მოვაგვარებ, კარგი?
- მაგას როგორ მოაგვარებ? - ურწმუნოდ შევხედე.
- ეგ მე ვიცი. ხვალ ბავშვი ფიქრიას დაუტოვე, შენ კი გაისეირნე.
- სად? - თვალები გამიფართოვდა.
- ამას ხვალ გაიგებ, ახლა კი წავედი. ხვალ ზარს დაელოდე.
გოგლა გავაცილე და საწოლზე მივეგდე. ხვალ ალბათ სადმე წამიყვანს, რომ ცოტა განვიტვირთო, ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ ეს სულაც არ ამსუბუქებდა ჩემს მდგომარეობას. გართობის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი...
დათოსგან არაფერი ისმოდა. მე კვლავ ჩემს ფეისბუკის გვერდს დავუბრუნდი. ვწერდი ისეთ სტატუსებს, მხოლოდ მისთვის რომ იქნებოდა გასაგები. ვდებდი გულისმომკვლელ ფოტოებს და ვეხვეწებოდი, დაბრუნებულიყო, არ მივეტოვებინე. არაფერმა გაჭრა. ის დაბრუნებას არ აპირებდა. ხანდახან ვესტუმრებოდი მზისფერ პლანეტას, ვათვალიერებდი სურათებს, ჩემსავე გვერდზე ვწერდი მას წერილებს და სულმოუთმელად ველოდი, როდის დაიწკაპუნებდა მესიჯის ხმა და როდის შემეხმიანებოდა ჩემი უცნობი შეყვარებული.
ლოდინმა გული გამიწვრილა. როცა დავწვებოდით მე და ფიქრია, ორი გულდათუთქული, უიმედოდ შეყვარებული ქალი, ერთმანეთს შევჩიოდით ჩვენს ამბებს. არც მას გაუმართლა თავის კაცთან. სამსახურიდან ხომ დაითხოვა და ესეც არ აკმარა! ერთხელაც არ დაურეკა, ახლოსაც არ გაიკარა ამისთანა გოგო! მე რაღა უნდა მეთქვა? ჩვენ საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან ვირტუალური მიმოწერის გარდა.
უკვე მერამდენედ ვუყვებოდი ფიქრიას ჩვენი ურთიერთობის ამბებს. ისიც ისე განიცდიდა, თითქოს თავად გადახდენოდეს ეს ყველაფერი.
- არადა, მართლა როგორი კარგი ადამიანი ჩანს, - ჩამეხუტა ფიქრია.
- ჰო, კარგი, თანაც ძალიან კარგი. უბედურება იმაშია, რომ ვიცი, რატომ მიყვარს, მაგრამ არ ვიცი, ვინ მიყვარს, - ამოვიოხრე და სული ამოვაყოლე ამ ამოოხვრას.
- აუცილებლად გამოჩნდება. აი, ნახავ, სულ მალე გამოჩნდება, მერი, ტყუილად ნერვიულობ, - მანუგეშებდა დაქალი.
გაორებული ვიყავი. ჩემს ერთ ნახევარს ის დათო უყვარდა, რომელმაც ასე შეცვალა ჩემი ცხოვრება, მეორე ნახევარი კი მგელაძისკენ მიიწევდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, მცხეთაში რომ დაგვპატიჟა.
ეს სწორედ იმ მეორე დღეს მოხდა, გოგლა რომ შემპირდა, დაგასვენებო. დილით დათომ დარეკა, ამოსვლა მინდა და თუ არის შესაძლებელიო. უარს როგორ ვეტყოდი. სანამ ის მოვიდოდა, მაინც გავიპრანჭე, არ მინდოდა, ცუდ ფორმაში ვენახე. მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ და იმ დათოს შორის რაღაც საერთო იყო.
თავიდან ცოტა დაძაბული ჩანდა. მერე ბასიას ეთამაშა, კარგა ხანს აბურთავა და უფრო მოთამამდა. მერე მომიბრუნდა და მითხრა, მცხეთაში გეპატიჟებით სამივესო. მარტო ჩემი დაპატიჟება ვერ გაბედა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს გოგლას ოინები იყო. ის მალულად ხელს უწყობდა ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას.
ფიქრიამ მაშინვე იაზრა შექმნილი ვითარება და წამოხტა.
- ჯერ კიდევ ცივა, ბასასთვის არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ასეთ ამინდში მცხეთაში წაყვანა. მე დავრჩები მასთან, თქვენ კი წადით. ცოტა გულსაც გადააყოლებ, მერი, - ისე სხაპასხუპით ჩამოარაკრაკა, თითქოს დაზეპირებული ჰქონოდეს ფრაზები.
დათომ მე გადმომხედა. ღიმილი ვერ შევიკავე.
- თუ წავალთ, ყველანი ერთად წავალთ, თუ არადა, მეც დავრჩები. ბასუსას არაფერი უჭირს, თბილად ჩავაცმევთ და ისე წავიყვანთ, ჯვარზე ხომ ავალთ? - ამ შეკითხვით დათოს გამხნევება ვცადე, რომელიც აშკარად დაბნეული ჩანდა.
- ჰო, რა თქმა უნდა, ჯვარზეც, სვეტიცხოველშიც, დედათა მონასტერშიც...
- მით უკეთესი. ფიქრია, მიდი, გაემზადე, ბავშვს მე ჩავაცმევ.
ბასუსა ისე შევფუთნე, მხოლოდ ცხვირი მოუჩანდა.
- გოგო, რა გიქნია, ცოდო არ არის? - შეიცხადა ფიქრიამ, - ეს მერე მოვახვიოთ, იქ რომ მივალთ, ახლა არ სჭირდება, - და ჩემი საგულდაგულოდ შემოხვეული პლედი ისევ მოაშორა.
გავწითლდი. შემრცხვა, დათოს თანდასწრებით შენიშვნა რომ მომცეს. ეს დათომაც შეამჩნია და გამიღიმა.
- ყველაფერი რიგზეა, გარეთ თბილა, მზიანი დარია, არც იქ იქნება სიცივე, თუ ქარმა არ დაუბერა. აი, ჯვარზე შეიძლება ცოტა აგრილდეს, მაინც მაღალზეა და... - ამ სიტყვებით ჩემი გამხნევება სცადა.
კარგი ვქენით, რომ წავედით. არაჩვეულებრივი მოგზაურობა გამოვიდა. ბასასაც მოუხდა სუფთა ჰაერი. მთელი დღე დავხეტიალობდით. დათო ხან სად დატოვებდა მანქანას, ხან სად. როცა ბასუსას ძილის დრომ მოუწია, მანქანის უკანა სავარძელზე მივაწვინეთ და დავაძინეთ. ფიქრია მოუჯდა გვერდით. ამასობაში მე და დათო განვმარტოვდით და კარგა ხანს ვისაუბრეთ.
ვერაფერში გამოვიჭირე. ერთი მინიშნებაც კი არ წამოსულა მისგან, რომ იმ დათოსთვის მიმემსგავსებინა. პირდაპირ კითხვებს ესეც გაურბოდა. ერთადერთი, რაც გავიგე, ის იყო, რომ პირველ ცოლს წლების წინ დაშორებია და მისგან ორი შვილი ჰყავდა - გოგონები. მეორედ ოჯახის შექმნაზე ჯერ არ უფიქრია.
მეც მოკლედ მოვუყევი ჩემი ქმართან დაშორების ამბები და მეც იგივე გავიმეორე - რომ მეორედ გათხოვებაზე აღარ ვფიქრობდი.
დათომ ჩაიღიმა. მეც ჩავიღიმე...
***
იმ ღამეს მე და მთვარე დიდხანს ვებრძოდით ერთმანეთს. არც თვითონ იძინებდა და არც მე მაძინებდა. ორივენი ორ დათოზე ვკამათობდით - რეალურზე და ვირტუალურზე.
ჩემი აზრით, სიყვარული ამოუცნობი მფრინავი ობიექტივითაა, რომლის არსებობის ზოგს სჯერა, ზოგს კი ილუზიად მიაჩნია. ეს არის ჭირვეული გრძნობა, რომელიც არასდროს არავის არაფერს დაეკითხება, როცა უნდა და რამდენჯერაც მოესურვება, იმდენჯერ მოვა. ქამელეონივით იცვლის ფერს, ხასიათს, სახეს, ხან ვულკანივით ამოიფრქვევა, ხანაც ნაკვერჩხალივით მინავლდება.
თვალებდაჭყეტილი ვათვალიერებდი სიბნელეში კედლებს, რომლებიც დათოთი იყო გაჟღენთილი. ის ყველგან იყო და თან არსად. ის ჩემში იყო და ჩემს გარეთაც. ის ერთი იყო და ამავდროულად, ათასი, ოღონდ მხოლოდ ჩემგან დამალული. ღმერთო, ასე ჩუმად არასდროს ვყოფილვარ. გარეგნულად არ ვიმჩნევდი დარდს, არადა, სული ბობოქრობდა. ხმაურით შევიჭერი მის ცხოვრებაში და დუმილი მივიღე პასუხად. დამტოვა მარტო, ჩემს ფერმიხდილ ოთახთან ერთად. მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრი სულში სევდად გამეჩხირა. როგორ მინდოდა, დროდადრო მაინც ვყვარებოდი. დათო, დათო, დათო...
გარეთ მარტი ჭირვეულობდა, გაზაფხულის ყველაზე თავნება თვე, ჩემს გულში კი დაუსრულებლად თოვდა მასზე ფიქრი და მბარდნიდა და მბარდნიდა.
რამდენჯერაც ჩემგან წავიდა, იმდენჯერ ჩემი სულის ნაწილი წაიღო. როგორ დავცარიელდი, ნეტავ იცოდეს... სამწუხაროდ, სიყვარულს სიცარიელე არ უყვარს... როგორ მინდოდა იმ ცხოვრებაში დაბრუნება, რომელშიც ის მყავდა - მზისფერ პლანეტაზე. ის კი არ ჩანდა...
როგორც ჩანს, განგებამ არ ისურვა ჩვენი შეხვედრა, ალბათ არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ალბათ არ უნდა გამეცნო. ალბათ შევცდი. ალბათ ეპო-ქალურია ეს შეცდომა. მაინც არ ვნანობ. თუმცა, რომც ვინანო, უკვე გვიანაა. შორს შევტოპე ძალიან და უკან ვეღარ გამოვდივარ. ეს კი ნიშნავს, რომ განწირული ვარ მიტოვებისთვის.
არადა, რა კარგია, როცა გიყვარს... უკეთესი, როცა უყვარხარ... და საუკეთესო, როცა ორივეს უყვარს ერთმანეთი...
თავი ავწიე და ნახევრად ბნელ ოთახში სილუეტი დავლანდე: მან თითქოს თითი გამოიშვირა, შეეხო ჩემს ბაგეებს და ვიგრძენი, როგორ გადმოვიდა ჩემში რაღაც ძალა, როგორ შეერია ჩემს სუნთქვას ნაცნობი სისუსტე, რომელსაც ვერასდროს გაექცევი, რადგან ქალი ხარ.
მინდოდა მასთან, მაგრამ არა ასე. მინდოდა ჩვეულებრივად, მიწიერად, როგორც რიგით მოკვდავს, მხოლოდ პლანეტური რომანი არ მყოფნიდა. ყველაფერი მთავრდება, ყველაფერი ნელდება, მონატრების გარდა. მეც ენით აუწერელი მონატრება მჭირდა. როგორი სიამოვნებით გადმოვეშვებოდი მის მკერდზე... ჩანჩქერივით. ის კი აგვიანებდა. აგვიანებდა ჩემი ძილიც, რომელიც ღამეს დაეტყვევებინა...
სახეზე სითბო ვიგრძენი, რომელიც თითქოს გადაადგილდებოდა ერთი ნაკვთიდან მეორეზე. თვალი გავახილე. მზე ყვითლად გაბმული ძაფივით შემოპარულიყო ოთახში და თავისი ცხრა სხივით მეფერებოდა.
ფიქრია არ იწვა ჩემ გვერდით, არც ბასა ჩანდა. ალბათ ეზოში ჩაიყვანა, გაასეირნა, რომ მე არ გავეღვიძებინე ატიტინებულს.
ავდექი თუ არა, ტელევიზორი ჩავრთე. გლობალურ დათბობაზე იყო გადაცემა. ნეტავ ჩემს სულში როდის მოხდება გლობალური დათბობა?.. გამეღიმა. მზის სითბოსგან სახე მიხურდა. ვიღიმოდი, მაგრამ ამ ღიმილს თან ახლდა მზემოკიდებული სევდა, რომელიც თავს არ მანებებდა.
- ნეტავ მერცხლად მაინც გავჩენილიყავი, - ჩურჩულით წარმოვთქვი, თუმცა სახლში არავინ იყო, - ავფრინდებოდი სულ მაღლა, მაღლა, სანამ მზეს არ შევეხებოდი.
სარკეში ჩავიხედე და შევამჩნიე, რომ ისევ ვიღიმოდი. "ნეტავ, რა მაღიმებს?" გავიფიქრე, მაგრამ ჩემი თავისთვის გაღიმება არ დამიშლია. არ შემეძლო. ვიხედებოდი სარკეში და ვგრძნობდი, რომ კვლავ მარტო დავრჩი. მომინდა, ხმამაღლა წარმომეთქვა ეს სიტყვა - მარტო, მარტო... მე ქალი ვარ, რომელსაც მამაკაცი უყვარს, მერე რა, რომ უიმედოდ? ეს ხომ ძალიან მარტივია - ამისთვის ღიმილის აკრძალვა არ ღირს. მთავარია, მიყვარს.
რა საინტერესოა, როგორ ახერხებენ ადამიანები სიყვარულის შენარჩუნებას? ხომ არიან ისეთი წყვილებიც, რომელთაც სიბერემდე უყვართ ერთმანეთი და სიკვდილამდე მეორე ნახევრების ერთგულები რჩებიან? როგორ უნდა გაახარო ყვავილი ისე, რომ არასდროს დაჭკნეს და გახმეს? ან არ გარდაიქმნას ეკლიან კაქტუსად, მწარე ალოედ და მახრჩობელა ლიანად? მეგონა, ყოვლისშემძლე ვიყავი, ადვილად შემეძლო მამაკაცისთვის თავის შეყვარება და არაფერიც არ გამომივიდა.
ფანჯარა გამოვაღე. თითქოს ატეხილი იყო ბუნება, ისეთი საოცარი ამინდი იდგა გარეთ - მარტისთვის უჩვეულოდ თბილი და მშვიდი. ერთი დღეც და აპრილი დაიწყება. ნეტავ რას მომიტანს გაზაფხულის ეს ლურჯი თვე? როგორ გამიაპრილდება? რას მიქადის?
მწარედ ამოვიოხრე და ისევ სარკეს მივადექი. რას ვგავარ! სევდის სიცილაკს დავემსგავსე - ტუჩის კუთხეებში ნაოჭის ხაზებმა ჩამოიწია. როგორ მეთამაშება ცხოვრება! მე და დრო ერთად ვბერდებით, თუმცა ის უკვდავია, მე კი მოკვდავი. ჩემი ბებერი დრო! ისიც ჩემთან ერთად ნაოჭდება, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, მარადიულია.
ეჰ, ვიღას ვჭირდები ასეთი მომჭკნარი? ხომ ვამბობ სულ - ახლა იმ ასაკში ვარ, როცა გამოცდილი ქალის ღიმილიც არ მშველის. ფაქტი სახეზეა - აგე! დამიწუნა ჩემმა სასურველმა მამაკაცმა და გამექცა. გაშპა! როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა. იქნებ "მოშპეს" ისევ?
ღმერთო ჩემო! მგონი, ფსიქოლოგიური შემოტევები მჭირს. როგორ შეიძლება გამუდმებით მასზე ფიქრი? ასე ხომ შეიძლება, გავგიჟდე? ერთ მშვენიერ დღეს უიმედო სიყვარულის გამო ფსიქიატრიულში რომ ამოვყო თავი, რას ვიცინებ!
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. მკერდზე გადაღეღილი ხალათი ქამრით შემოვიჭირე და კარის გასაღებად გავეშურე.
არასდროს ვეკითხები ხოლმე კარს მომდგარ სტუმარს, ვინ არის. უცხო ჩემთან არავინ მოდის. ის კი არა, მათხოვრებიც არასდროს მინახავს ჩვენს კორპუსში. არ ვიცი, შეიძლება ერთი-ორჯერ სცადეს კიდეც ბედი და რადგან სარფიანი არ გამოდგა, მერე აღარ გაეკარნენ.
ვიცოდი, კარი ისედაც ღია იქნებოდა, რადგან ფიქრია დაბლა იყო ჩასული, ამიტომ გასაღებისთვის ხელი არ მიხლია, პირდაპირ სახელური ჩამოვწიე.
სადარბაზოში მეზობელი იდგა, რომელსაც მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი.
საერთოდ, მეზობლებთან თითქმის არ მაქვს კონტაქტი, ამიტომაც არასდროს მიხსენებია აქამდე ისინი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენს სართულზე მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ, დანარჩენი ორი ბინა დაკეტილია. ერთმა მეზობელმა გაყიდა თავისი და ახალი მეზობელი ჯერ არ გადმოსულა. იქ მხოლოდ ხელოსნები ირევიან, ალბათ არემონტებს. მეორე ბინა კი ოთხი წელია, ცარიელია. მისი პატრონი ახალგაზრდა ქალია, რომელიც თურქეთში თუ საბერძნეთშია სამუშაოდ წასული. მაღლა სართულებზე ძირითადად, ხანში შესულები ცხოვრობენ, ანუ, ჩემი ასაკის თითქმის არავინ არის. მეზობლებს რომ არ ვიცნობ, სულ გოჩას ბრალია. ის არ კონტაქტობდა არავისთან და რა ჩემი ბრალი იყო? აი, ამასაც არ ვიცნობ, ახლა რომ მომადგა კარს, სახელიც კი არ ვიცი, ერთხელ მივესალმე ამას წინათ, რადგან უეცრად შევეჩეხე სადარბაზოში. ისე, მშვენიერი სიმპათიური მამაკაცია, რომ დააკვირდები. მაღალი, მელოტი... ვერაფრით შევიკავე ღიმილი. ამ ბოლო დროს რაღაც მემართება - მელოტი მამაკაცებისკენ მიმიწევს გული.
- გამარჯობა... მე თქვენი მეზობელი ვარ ზედა სართულიდან, თქვენს თავზე ვცხოვრობ.
- დიახ, ვიცი... მობრძანდით! - შემოვიპატიჟე.
- არა, დიდი მადლობა. რაღაც მინდა გკითხოთ... თქვენ სათნოების სახლი გაქვთ, თუ არ ვცდები, ხომ?
- დიახ, არ ცდებით.
- უკაცრავად, თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ გოჩასთან მაკავშირებდა კეთილმეზობლური ერთიერთობა, ერთხელ ლუდიც კი დავლიეთ ერთად.
ახლა უფრო ფართოდ გამეღიმა. "მაკავშირებდა" იმას ნიშნავდა, რომ იცოდა ჩვენი დაშორების ამბავი. ალბათ გოჩასგან.
- გისმენთ, ბატონო...
- დათო... დავითი, - შემომაშველა თავისი სახელი.
აბა, დათოოო და ისეთი სიცილი ამიტყდა, კაცი დაიბნა. კიდევ ერთი დათო, ესეც მელოტი. რა დავაშავე, ღმერთო, ამისთანა? ანეკდოტს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება!
- მაპატიეთ, რაღაც გამახსენდა, გოჩა რომ ახსენეთ და... გისმენთ, დათო, შემობრძანდით, რა? უხერხულია ასე ზღურბლზე დგომა.
- არა, არა, სულ ორიოდე წუთით, - ხელები გაასავსავა მეზობელმა, - მინდოდა რაღაცები გამეგო. მე... მე მამა მყავს მოხუცი, თან ლოგინადაა ჩავარდნილი და მაინტერესებდა, თქვენთან რა ასაკის ადამიანებს იღებთ და როგორ მდგომარებაში... უკაცრავად, შეიძლება თავს ვერ ვაბამ სათქმელს...
- არა, რას ამბობთ! მესმის, რისი თქმაც გინდათ. ჩვენთვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს და არც იმას, ჯანმრთელია, თუ ლოგინად ჩავარდნილი. ამ ორ შემთხვევაში მხოლოდ ფასშია განსახვავებული.
- ანუ?
- თუ ჩავარდნილია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მისთვის ცალკე მომვლელი უნდა დავიქირაოთ, ხომ გესმით? ამიტომ...
მამაკაცს ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა. ჩემთვის ადვილი მისახვედრი იყო, რაც ხდებოდა. მას ფინანსური პრობლემა ჰქონდა.
- და ფასი? ორივე შემთხვევაში მაინტერესებს, რამდენია თვეში გადასახდელი.
- 400 ლარიდან იწყება. თქვენს შემთხვევაში ალბათ 600 ლარი, მაგრამ როგორც მეზობელს, შემიძლია შეღავათი გაგიწიოთ, მოვრიგდებით როგორმე.
- დიდი მადლობა. მიხარია, რომ გაგიცანით. მოვიფიქრებ. ძალიან კი მიმძიმს, ხომ გესმით, მამააა და მიჭირს, ასე მოვიქცე, მაგრამ მარტოხელა კაცისთვის ძნელია ავადმყოფის მოვლა.
- სამარცხვინო ამაში არაფერია. იცით, როგორ შეძლებულ ოჯახებს მოჰყავთ ჩვენთან თავიანთი მშობლები? ძალიან ცნობილებსაც კი.
- გასაგებია, ქალბატონო მერი. მადლობა, რომ მომისმინეთ. შეგეხმიანებით აუცილებლად, - თავი დამიკრა დათომ და სირბილით აუყვა ზედა სართულისკენ ამავალ კიბეს. მე კი სააბაზანოს მივაშურე ხელ-პირის დასაბანად.
ცოტა ხანში შემოსასვლელი კარი გაიღო და ფიქრია ბასასათან ერთად ხმაურით შემოიჭრა ოთახში.
- მერი, გღვიძავს?
- ჰო, აქ ვარ! - თავი გამოვყავი სააბაზანოდან, თან ხელის კრემს ვიზელდი თითებში.
- რომ იცოდე, რა ამბავი გავიგე, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე!
- რა ამბავი? - ოთახში გამოვედი და ცნობისმოყვარე მზერა მივაპყარი მეგობარს, თან ბავშვი ჩამოვართვი და ჩავკოცნე, - გენაცვალე მაგ ბუსკუნა ლოყებში, ჩემო სიხარულო! ლაო, პატარავ? - მივეფერე აჭყლოპინებულ ბასას.
- ოღონდ მყარად დადექი, რომ გული არ წაგივიდეს! - ფიქრია აჭიანურებდა ამბის მოყოლას.
- თქვი, ნუ შემაღონე! შენი კაცი ცოლს გაშორდა?
- ერთი მაგის დედაც! ჩემი კი არა, შენი კაცი ჩალიჩობს რაღაცას!
- ვინ ჩემი კაცი! - ალმური წამეკიდა სახეზე, რადგან "ჩემს კაცში" მხოლოდ დათოს მოვიაზრებდი.
- ვინ და მგელაძე. იცი მაგის ცხოვრების ისტორია?
- არა, რა ისტორია? - სახე შემეცვალა, მგელაძე თავში აზრადაც არ მომსვლია.
- რა და, თურმე დაახლოებით ერთი წლის წინ ცოლმა მიატოვა. ძალიან ახალგაზრდა ცოლი ჰყოლია, მთლად ბავშვი, სულ რამდენიმე თვე უცხოვრიათ ერთად.
- მერე? - ეს ახალი ამბავი იყო ჩემთვის, დათომ სულ სხვა რამ მითხრა, მეორე ცოლი არ შემირთავსო. "მთლად ბავშვი" არ უხსენებია ჩემთან.
- ის გოგო ორსულად ყოფილა და რომ გაუჩენია, ეს ბავშვი მიუგდო თურმე თავის ქმარს და თვითონ ამერიკაში გაქცეულა ვიღაც სხვა კაცთან ერთად.
- ახლა არ მითხრა, რომ...
- ყველაფერი ისე ემთხვევა, ისე, ისე, რომ... აი, არ ვიცი. ეჭვი მაქვს, ბასასუნა მისი შვილია და ამ ყველაფერში გოგლაა გარეული.
- გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა? - შორს დავიჭირე.
- რამ მაფიქრებინა კი არა, ასიანი ასეა. აბა, დაფიქრდი, მოვლენები თანმიმდევნობით გაიხსენე, თუ ასე არ არის? გოგლამ ყველაფერი იცის. იმ დილით, ბასა რომ ნახე, გოგლამ არ მიგიყვანა სამსახურში?
- კი, მიმიყვანა. მერე რა?
- რა და, რაღა მაინცდამაინც მაშინ აღმოჩნდა შენთან? რაღა იმ დროს შემოიარა? ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. იმ ვიღაცას უნდა სცოდნოდა, შენ რა დროს იქნებოდი სათნოების სახლში, რომ ბავშვი ზუსტად იმ დროს მიეყვანა იქ. გასაგებია?
- მაგრამ... - ისე დამაბნია ფიქრიას ნათქვამმა, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.
- არავითარი მაგრამ! იმ დღის მერე როგორ მოუხშირა იმ დათომ ჩვენთან სიარულს, ვერ ატყობ? გუშინ კიდევ გაგვასეირნა. დაკვირვებიხარ, ბავშვს როგორ ეფერება? და ეს მამაძაღლიც როგორ იწევს მისკენ?
დავმუნჯდი. რაც უფრო ვაანალიზებდი მეგობრის სიტყვებს, მით უფრო მიპყრობდა სიბრაზე. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.
- მაგრამ ამას წინათ რომ ქალმა დარეკა?
- რა სულელი ხარ, მერი! მერე რა, რომ დარეკა? ჩემს ძმაკაცს ჩემთვის რომ ეთხოვა, დარეკე და დაელაპარაკეო, უარს ვეტყოდი? რომელიღაც მაგათი დაქალოჩკა იქნებოდა ალბათ, რომ ეჭვი კაცზე არ აგეღო. მიმიხვდი?
შემაჟრჟოლა. ნუთუ ეს სიმართლეა? ნუთუ მართლა მგელაძის შვილია? მართლა ძალიან უცნაურად ემთხვევა ყველაფერი. გოგლას მოვკლავ, ვერ გადამირჩება!
არ ვიცოდი, გამხარებოდა ეს ამბავი, თუ მწყენოდა. ამწუთას ვერაფერს ვგრძნობდი სიბრაზის გარდა. გაცოფებული ოთახში შევვარდი და ჩაცმას შევუდექი.
- სად მიდიხარ? რას აპირებ?
- გოგლასთან! - ჩავიდუდღუნე.
- მოიცა, ასე არ ივარგებს. ეგრე ვერაფერს გაიგებ, გესმის? - ხელით შემაჩერა ფიქრიამ.
- აბა რა ვქნა? დავჯდე და ველოდო, როდის მოეპრიანებათ მაგ ვაჟბატონებს ჩემი საქმის კურსში ჩაყენება?
- არა, ეგრე არა. აჯობებს, იმ დათოს მოულოდნელად დაადგე სახლში და პირდაპირ მიახალო, რომ ყველაფერი იცი. მაჩვენე შენი შვილი-თქო. საინტერესოა, რას იზამს.
- ჰო, ეგ კარგი აზრია, მაგრამ მე რომ მისი მისამართი არ ვიცი? - შევფიქრიანდი.
- სამაგიეროდ, მე ვიცი.
- მოიცა, მოიცა! შენ საიდან გაიგე ეს ყველაფერი, ვინ გითხრა? - ახლაღა გამახსენდა, რომ მისთვის ამის შესახებ არაფერი მიკითხავს.
- ლეილა შემხვდა წეღან, ჩემი ყოფილი თანამშრომელი, თავის ბიჭთან ერთად. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს. ისიც კი არ ვიცოდი, დათოს თუ იცნობდა. სრულიად შემთხვევით ჩამოაგდო მასზე ლაპარაკი. ჩემი ლევანიკო დამყავს მუსიკის მასწავლებელთანო. ვისთან დაგყავს-მეთქი და დათო მგელაძესთანო. ეგ რომელი მგელაძეა-მეთქი და გაირკვა, რომ ჩვენს დათოსთან დაჰყავს თურმე შვილი. მერე მოაყოლა, საწყალი კაცი, როგორ მეცოდებაო. მოაღო პირი და ილაპარაკა და ილაპარაკა. ეგრევე მოვწვი და ვთხოვე, მეც მომეცი მისამართი, ჩემი დაქალიც ეძებს გიტარის მასწავლებელს-მეთქი. აი, შენ, მისამართი. ოქროსუბანში ცხოვრობს თურმე, საბჭოს მოედანთან, მაღლა.
- სად გაქვს მისამართი?
- ტელეფონში ჩავიწერე, აი!
მეტი არაფერი მიკითხავს. ეკრანს თვალი შევავლე, მისამართი დავიმახსოვრე, მერე აკანკალებული ხელებით ჩავიცვი ტანსაცმელი და თმაც არ დამივარცხნია, ისე გავვარდი სახლიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დათოს გულისთვის გაპრანჭვის სურვილი არ მქონია...
ამ დათოებმა არ შეჭამეს ჩემი ცხოვრება? დუღდა გზაში ჩემი გონება. კინაღამ ვეჩხუბე ტაქსის მძღოლს, ასე მეგონა, კუსავით მიღოღავდა.
როგორც იქნა, აათავა მძღოლმა აღმართი და მითითებულ მისამართზე გამიჩერა. ირგვლივ სულ იტალიური ეზოები იყო. მივადექი იმ ნომერ ჭიშკარს, რომელსაც ვეძებდი და შევაბიჯე. ვიღაც ქალი ლურჯი ფერის თოკზე სარეცხს ფენდა. მივესალმე და მორიდებით ვკითხე, დათო მგელაძე სად ცხოვრობს-მეთქი.
დაკვირვებით შემათვალიერა, მერე თავი მარჯვნივ მიაბრუნა და თეთრად შეღებილ კარზე მიმითითა, მგელაძეები იქ ცხოვრობენო.
დინჯად ავიარე რკინის კიბის ოთხიოდე საფეხური და ზარი დავრეკე. რა დღეში მქონდა გული, მღელვარებას ვერ ვიოკებდი.
კარი დათომ გამიღო და რომ დამინახა, გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
- მერი? - მეტი ვერაფერი თქვა, თითქოს ენა ჩაყლაპაო.
- დილა მშვიდობისა, - ზრდილობის წესები მაინც არ დავარღვიე.
- დილა მშვიდობისა, მობრძანდი, ხომ მშვიდობაა?
- არა, მშვიდობა არ არის! - თითქოს ამ სიტყვებს ველოდიო, ავსისინდი, - რატომ მომექეცით ასე შენ და გოგლა? რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი? მე თქვენ ვინ გგონივართ? გეგონათ, ვერაფერს გავიგებდი? ან სანამდე აპირებდით ამის დამალვას? რა გქონდათ გეგმაში, ძალიან მაინტერესებს!
მამაკაცი დაბნეული მომჩერებოდა, ერთიანად აუჭარხლდა სახე:
- ვერ გავიგე, რამე მოხდა და მე არ ვიცი? რა დავაშავეთ მე და გოგლამ? იქნებ თავიდან დაიწყო? ოღონდ ჯერ შემოდი, მეზობლები გვიყურებენ!
ამ სიტყვებმა ცოტათი დამაშოშმინა. მართლაც და, რა საჭირო იყო, მეზობლებს გაეგოთ, რა ხდებოდა და რისთვის ვიყავი მოსული?
- კარგი, შემოვალ, - აკანკალებულმა თავი დავუქნიე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, რომ დათოს კარის დახურვა შეძლებოდა, მაგრამ ჰოლის იქით აღარ წავედი.
როგორც კი კარი მიხურა, უხერხულად შემოირტყა დოინჯი და რამდენიმე წამი უხმოდ დამზვერა, მერე კი მითხრა:
- ჩემს ოთახში გავიდეთ, თუ რამე დავაშავე, არ მინდა, დედაჩემმა გაიგოს.
- არა, გმადლობთ, დიდ დროს არ წაგართმევ. მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მიპასუხე. რატომ გახდა საჭირო, შენი შვილი ჩემს კართან დაგესვათ შენ და გოგლას და მე გამეზარდა? თუ მოგწონდი, არ შეიძლებოდა, სხვანაირად გაგეკეთებინა ეს ყველაფერი? ბავშვი რატომ გამოიყენე იარაღად?
ღმერთო ჩემო! ან მაგარი მსახიობია, ან მე ვურევ რაღაცას! არასდროს მინახავს ამაზე უარესად დაბნეული მამაკაცი, ზომბივით მიყურებდა.
- რა ბავშვი? ვერ ვხვდები, რა ხდება. ვერაფერი ვერ გავიგე, მერი. იქნებ...
- ვიცი, რომ ბასა შენი შვილია! მე ყველაფერი ვიცი! ახლა გაიგე?
- ჩემი შვილი? - უხერხულად გაიცინა, - არა, ცდები, მოგატყუა ვიღაცამ ან გაგეღადავა, ჩემი შვილი...
- რა ჰქვია შენს შვილს?
- ჩემს შვილს შა.. შა... შაკო ჰქვია... შალვა...
ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ასაკოვანი ქალი გამოჩნდა ბავშვით ხელში...
- დათუნა, ვინ არის, შვილო?
თვალებზე ბინდი გადამეკრა. დათოს დედას წელზე შემოესვა დაახლოებით ბასას ტოლი ან ცოტათი უფროსი ბუთხუზა ბიჭუნა და ჩვენკენ მოემართებოდა.
- როგორც ჩანს, მართლა გამეხუმრნენ, - ისე ავირიე, სირცხვილით არ ვიცოდი, სად დავმალულიყავი, - მაპატიეთ, მაპატიეთ, რა ცუდად გამომივიდა! უკაცრავად, ქალბატონო, როგორც ჩანს, სხვაგან მოვხვდი. ეს რა ლამაზი ვიღაცაა, რა ბომბორა, - მოჩვენებითი სიმშვიდით მივეფერე პატარას, ლოყაზე მსუბუქად ვუჩქმიტე და თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავვარდი.
გაგრძელება