ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისი
ტაქსი გავაჩერე და თეატრისკენ ავიღე გეზი. ჩვენი დაცვა, გივი თავის სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა და წამოხტა. ცივად მივესალმე და ისე ავუარე გვერდი, ღიმილის ღირსი არ გავხადე. უკვე ნერვებს მიშლიდა ეს კაცი, უთქმელად რომ მეპრანჭებოდა.
გოგლას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიჭერი. ის ტელეფონზე საუბრობდა და ხელით მანიშნა, დაჯექიო. სკამზე დავეხეთქე. ალბათ შეშლილის სახე მქონდა.
გოგლა მალე მორჩა ლაპარაკს, თუმცა თავად არც ულაპარაკია, მხოლოდ ჰო-ს ამბობდა. როცა ყურმილი დაკიდა, ღრმად ამოიხვნეშა და ორაზროვნად გამომხედა.
- იცი? - მინდოდა, მომეყოლა, რაც ჩავიდინე.
- ვიცი! - გამაწყვეტინა, - ამწუთას ველაპარაკე დათოს. ეგ სისულელე რამ გაფიქრებინა?
- ღმერთო, რა სირცხვილია! როგორ შევცდი. ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
- მეც სწორედ ეს გამიკვირდა. შენნაირი გაწონასწორებული ადამიანისგან არ მოველოდი.
- მაგრამ ისე დაემთხვა ყველაფერი...
- მესმის შენი. ახლა დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. დათომ გაგიგო.
- კი მაგრამ, რატომ დამიმალა, შვილი რომ ჰყავდა და ცოლმა მიატოვა?
- იმიტომ, რომ ეს ამბავი ძალიან ცოტამ იცის. ჯერ არ ახმაურებს. ხომ გესმის, კაცისთვის ძნელია ასეთი რამის აღიარება. ტეხავს.
- ალბათ, - მზერა ავარიდე მეგობარს. თანდათან ვწყნარდებოდი.
- ხვალ მოხვალ? რეპეტიციას ვიწყებთ.
- არა მგონია, ძალიან ცუდად ვარ, ვერ შევძლებ, გოგლა. როგორ გითხრა, ბოლო ხანს ისეთ მდგომარეობაში ვარ, ყველაფერი მეზარება. ახლა ყველაფერი სულერთია ჩემთვის.
- არ გინდა... აიყვანე თავი ხელში! შენ ბევრ ადამიანს სჭირდები, თანაც ისეთი, როგორიც იყავი. - მამშვიდებდა გოგლა.
- დათოსი მრცხვენია.
- არაფერი სასირცხვილო არ ჩაგიდენია. ხდება ხოლმე. შენი ბრალი არ არის.
- ამ ბავშვმა მთლად დამაბნია.
- ცოტაც მოითმინე, არ არსებობს, რაღაც არ გამოჩნდეს, კვანძი არ გაიხსნას.
- მეჩვენება, რომ ტვირთად მაწვება. გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ.
- მოითმინე ცოტაც, დამიჯერე! ყველაფერი დალაგდება, გული მიგრძნობს.
თავი დავუქნიე. თვალები ცრემლით ამევსო.
- ცრემლები არ დამანახვო! არ გიხდება და, თანაც, მეშინია ცრემლების, ცუდად მხდის, - გოგლამ გამიღიმა.
- კარგი, აღარ დაგანახვებ... - მცირეოდენი პაუზის შედეგ ავდექი, - წავალ მაშინ.
- წადი და ხვალ თუ შემოივლი, დიდად დამავალებ.
- უჩემოდაც გაართმევთ თავს. მაინცდამაინც დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს ჩემი რეპეტიციაზე დასწრება, ხომ ასეა?
- ეგრე იყოს, ჯერჯერობით უშენოდაც ვირეპეტიციებთ, მერე კი შენც შემოგვიერთდები.
- ჰო, - საწყალობლად გავუღიმე მეგობარს, მივუახლოვდი, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.
- შენ ყველაზე საოცარი მეგობარი ხარ, ვინც კი ოდესმე მყოლია. ნამდვილი სასწაული.
უსიტყვოდ გამიღიმა.
გოგლას დავემშვიდობე და შინ დავბრუნდი. ახლა ფიქრიაზე მინდოდა მეყარა ჯავრი. როგორი შეცდომა დამაშვებინა!
როგორც კი დამინახა, აფორიაქებულმა რაღაცის თქმა დააპირა. ისეთი სახე ჰქონდა, ცოტა არ იყოს, შემეცოდა.
- ახლა არაფერი მითხრა, თორემ თავს ვერ შევიკავებ! - ხელის აწევით, უხეშად მივმართე, - ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, სასაცილო მდგომარეობაში ჩავვარდი. - კვლავ ამაკანკალა, დივანზე ჩამოვჯექი და თავი საზურგეს მივადე თუ არა, ტირილი წამსკდა, - რატომ დაგიჯერეეეე, - სასოწარკვეთილი მოვთქვამდი.
ფიქრია ხმას ვერ იღებდა. ბავშვი მკერდზე მიეხუტებინა და თავზე ხელს უსვამდა. ბასამ ატირებული რომ დამინახა, შეეშინდა და თვითონაც აღნავლდა.
ფიქრიამ მისი დაწყნარება სცადა. ხელები ბავშვისკენ გავიშვირე.
- აქ მომიყვანე! - კვლავ უხეშად მივმართე მეგობარს.
ფიქრიამ უსიტყვოდ გამომიწოდა პატარა. ბასუსა კალთაში ჩავისვი და დავუყვავე.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ გაუსაძლისი გახდა.
- არ მეტყვი, რა მოხდა? - გამბედაობა მოიკრიბა ფიქრიამ, ჩემ წინ ჩაიმუხლა და ხმადაბლა მკითხა.
უაზროდ დავხედე. როგორ მინდოდა, მთელი ბოღმა მასზე გადამენთხია, მაგრამ შემეცოდა. მას ხომ ჩემი დახმარება სურდა, რა მისი ბრალი იყო, თუ არ გამოვიდა?
- დათოს ბასაზე უფროსი შვილი ჰყავს, თანაც სახლში, ჩემი თვალით ვნახე, - კვლავ ცრემლით ამევსო თვალები.
- რას ამბობ! - შეიცხადა ფიქრიამ და ხელისგულები მუხლებზე დამადო თანაგრძნობის ნიშნად.
- როგორ შემრცხვა. განსაკუთრებით დედამისის. წესიერად არც კი შევეცადე გარკვევას.
- რა უთხარი? ეჩხუბე?
- თავი დამანებე, ახლა ეს არ არის საინტერესო. - უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი ფიქრიაზე.
ის გრძნობდა, როგორ გავცივდი მის მიმართ. წამოდგა, ფანჯარას მიახლოვდა და გარეთ გაიხედა. არც ერთი ხმა არ ვიღებდით. სიჩუმე ფიქრიას ნაღვლიანმა ხმამ დაარღვია:
- მე წავალ...
გაკვირვებულმა მისკენ გავიხედე.
- სად წახვალ?
- სახლში. ასე აჯობებს.
- რატომ?
- ვიცი, რომ ჩემზე ბრაზობ და ისიც ვიცი, როგორ ცდილობ ამის დამალვას, მაგრამ არ გამოგდის. ალბათ მართალი ხარ, ჩემი ბრალია. არ უნდა ჩავრეულიყავი შენს საქმეში, თავად უნდა გადაგეწყვიტა, რას მოიმოქმედებდი. ნეტავ სულ არ შემხვედროდა ის ქალი და არ გამეგო ეს ამბავი! ყველაფერი გავაფუჭე!
გული შემეკუმშა. სინდისის ქენჯნამ შემაწუხა. ახლა რომ წასულიყო, სამუდამოდ დავკარგავდი მეგობარს.
- უკვე გადამიარა, შენ არაფერ შუაში ხარ. ჩემი ბრალია, არ უნდა დამეკარგა წონასწორობა. ჯერ გოგლა უნდა მენახა და მერე მეფიქრა, რა უნდა გამეკეთებინა... არ წახვიდე, ბასას მოვლის თავი აღარ მაქვს. მარტო ვერაფერს გავაკეთებ. გთხოვ...
ფიქრია დარჩა...
ცხოვრება ნელ-ნელა თითქოს ჩადგა კალაპოტში. ფიქრიაზე აღარ ვბრაზობდი, გამიარა. ან კი რას ვერჩოდი? მთელი გულით, უანგაროდ მეხმარებოდა, გვერდით მედგა, ბავშვს უვლიდა. უნამუსო უნდა ვყოფილიყავი, მისთვის ეს არ დამეფასებინა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ურთიერთობა მაინც ოდნავ დაძაბული რჩებოდა. ფიქრია ძველებურად თავისუფლად ვერ გრძნობდა თავს. ეს კი მეც მძაბავდა.
დათოსგან კვლავ არაფერი ისმოდა. უფრო და უფრო ვიკეტებოდი ჩემს თავში, აღარაფერი მახარებდა. რაც უფრო იგვიანებდა ჩემი იდუმალი მამაკაცი, მით უფრო მიმძაფრდებოდა სიყვარული. ვერაფერი მგვრიდა შვებას, ბასაც კი, რომელსაც ამასობაში კიდევ ერთი კბილი ამოუვიდა. როცა გაიცინებდა, საყვარელ ბაჭიას ემსგავსებოდა, მულტფილმიდან გადმომხტარს. ვხვდებოდი, რაც დრო გადიოდა, მით მეტად ვეჩვეოდი ბავშვს და მასთან განშორება ძალიან, ძალიან გამიჭირდებოდა.
გულმავიწყობაც დამჩემდა. ამას წინათ, სახლიდან გასული, ორჯერ მოვბრუნდი გზიდან - ჯერ მობილური დამრჩა, მერე სიგარეტი. ბოლო დროს ბევრს ვეწევი, იმაზე ორჯერ მეტს, სანამ დათოსთან ვკონტაქტობდი. თითქოს სიგარეტში ვახშობდი დარდს. სიგარეტი ისედაც მიყვარდა, მასაც "ვუყვარდი". ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. მაინც ვერაფერს ვუხერხებდი ჩემს თავს, ვერა და ვერ დავატყვევე სევდა. ჩემი ცხოვრება რომელიღაც დავიწყებული ზღაპრის გმირს დაემსგავსა. თანდათან ვკარგავდი მოგონებებს, საკუთარ ნაფეხურებს, სითბოს, სიყვარულს, ღიმილს...
ჩემი გარდასახვა ყველას უკვირდა. გულგრილობის ნიღაბი მოვირგე, სასა ბებიას ორმოცზეც კი არ წავედი, იქ აღარაფერი მესაქმება-მეთქი. არც ეს მაღელვებდა. აქამდე ფიქრებით მაინც ვირთობდი თავს, ბოლო დროს კი ესეც შევწყვიტე. უფრო სწორად, დავიწყებდი დათოზე ფიქრს და ვეღარ ვამთავრებდი, მეზარებოდა. ჩემი გონება მთლიანად მისით იყო მოცული, თვალებგაფაციცებული ყველგან მას ვეძებდი, მე კი არავინ მეძებდა. ვეღარ ვხვდებოდი, ის უფრო მიყვარდა, თუ მისი სიყვარული. აღარც ვნება მეძალებოდა, უმამაკაცობა ჩემს გარეგნობას აშკარად დაეტყო, მაგრამ შინაგანად ვერ ვგრძნობდი ამას, ჩემი ვნება უმისამართოდ, ჩემ გარეშე დაეხეტებოდა.
ერთადერთი, დროს ვგრძნობდი მხოლოდ. დროს ადამიანი მაშინ შეიგრძნობს, როცა ვიღაცას ან რაღაცას ელოდება. ბოლო თვეებში გამუდმებით მოლოდინის რეჟიმი მქონდა ჩართული, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩემთვის დრომ არსებობა დაიწყო. მე მას ვგრძნობდი, მხოლოდ მას. ბებერი დრო! რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო სწრაფად გარბის.
მამიდას გული უკვდებოდა ჩემს შემხედვარეს, მაგრამ არაფერს მეკითხებოდა. გრძნობდა, რომ ჩემი ტკივილი სიყვარულს უკავშირდებოდა, ამიტომაც ჩუმად იყო, არ მაწუხებდა. იცოდა, რომ ამ პრობლემას თავად უნდა გავმკლავებოდი, თვითონ უნდა მომეგვარებინა ჩემი პირადი ცხოვრება.
სათნოების სახლშიც იშვიათად ვჩნდებოდი, არადა, როგორ მიყვარდა იქაურობა. ვიღაცისთვის სამსახური მეორე ოჯახია ან მესამე, ჩემთვის კი ის ყოველთვის უპირველესი იყო. შეიძლება იმიტომაც, რომ საკუთარ სახლში მქონდა სამსახური, თანაც ყველაზე საყვარელი და საჭირო სამსახური, რომელიც ყოველგვარ ანგარებას იყო მოკლებული.
დავდიოდი უმაკიაჟოდ, თვალებდაუხატავი, წონაშიც დავიკელი და თვალები ჩემი სევდისოდენა გამიხდა. აღარც სილამაზის სალონს ვსტუმრობდი. ასეთი მოუვლელი კარგა ხანია, არავის ვენახე, მაშინაც კი, როცა ქმარმა მიმატოვა.
გაზაფხულის ბოლო საღამო იყო, მზეგადასული საღამო. ცხელოდა. სათნოების სახლიდან ვბრუნდებოდი. დაღლილი ნელა ავდიოდი კიბეზე. მოულოდნელად ნაბიჯების ხმა მომესმა ზემოდან, ვიღაც ჩამორბოდა. ჩემი ახალგაცნობილი მეზობელი აღმოჩნდა, დათო. თითქოს ვერ მიცნო, კინაღამ უცხოსავით ჩამიქროლა გვერდით, მაგრამ გამისწორდა თუ არა, უეცრად შედგა.
- თქვენ? - გაიოცა, - გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, დათო, როგორ ხართ?
- ვერ გიცანით...
- ჰო, სხვებიც ვერ მცნობენ ბოლო დროს... - საწყალი სახით შევხედე.
- შემიძლია რამეში დაგეხმაროთ? მე...
- არა, გმადლობთ, ყველაფერი რიგზეა. მამათქვენი როგორ არის? როდის აპირებთ ჩვენთან მოყვანას?
რაღაცნაირად შეცბა, დაბნეულობა გამოეხატა სახეზე.
- ჯერ ვერა... ცოტა გამოკეთდეს, ასეთ მდგომარეობაში ვერ მოვიყვან. ახლა მე უნდა ვიყო მის გვერდით.
- გასაგებია. არ მოგერიდოთ, როცა გადაწყვეტთ, შემომეხმიანეთ, კარგი?
- დიდი მადლობა, მერი... უღრმესი მადლობა.
- არაფრის. თუ ფინანსური პრობლემის წინაშე დგახართ, წამით არ იფიქროთ ამაზე. როგორმე მოვრიგდებით, გასაგებია? მართლა გეუბნებით, გულით, - რატომღაც, ამეკვიატა, რომ ეკონომიურად უჭირდა.
- არა, ეგ არაფერ შუაშია. მაპატიეთ... არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება. თქვენ ანგელოზი ხართ.
- რას ამბობთ! არ დაიჯეროთ! უფრთო ანგელოზები არ არსებობენ, - შორს დავიჭირე მისი ქათინაური.
პასუხი არ გამცა, უხერხული მოძრაობით ჩამომართვა ხელი და ახლა უკვე დინჯი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბის საფეხურებს.
ამასობაში მაისი ჩამთავრდა და ჩემი ოთახი ივნისით გაივსო. ზაფხული ყველა სეზონზე მეტად მიყვარს, თუმცა ამჯერად არც მისი დადგომა გამხარებია.
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე და სანამდე მივიდოდა ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურების პროცესი, რომ არა დათოს გამოჩენა. იგი ზუსტად 69-ე დღეს, 1 ივნისს მესტუმრა. მესტუმრა, მაგრამ სრულიად სხვა სტატუსით.
დილით, როცა კომპიუტერს მივუჯექი, გაოცების ყვირილი აღმომხდა. შეტყობინებებში წერილი იყო შემოსული. სულმოუთქმელად დავაჭირე კონვერტის გრაფას... მესიჯის ავტორი იყო ვინმე პატარა პრინცი, რომელსაც ჩემთვის 6 ცალი ყვავილის სმაილი გამოეგზავნა.
ღმერთო, ღმერთო! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გული უცნაური ბაგაბუგით აწყდებოდა კედლებს - ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს... თითქოს ბუდიდან ამოფრენას ლამობდა. ვიყუჩე... მივაყურადე ჩემს გულს. ის სიყვარულის როკვას ასრულებდა.
მაინც არ ვიჩქარე. მხოლოდ ღიმილი გავუგზავნე მოულოდნელ და სასურველ სტუმარს, არაფერი მივწერე. არც ის მწერდა. ყოველდღე ყვავილები მხვდებოდა მხოლოდ. მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობდა, მაგრამ მისი ფანჯარა არა და არ აციმციმდა, ერთხელაც ვერ დავიჭირე საიტზე.
ასე გავიდა 5 დღე და მე-6 საღამოს, როგორც იქნა, განათდა პატარა პრინცის ფანჯარა. მაშინვე მის გვერდს ვესტუმრე. შემდეგ ის ესტუმრა ჩემს გვერდს.
- ვინ ხარ? - ვეღარ მოვითმინე და მივწერე.
- მე პატარა პრინცი ვარ, - რუსულად მომწერა, - შენ რა გქვია?
მეც რუსულად გავუბი საუბარი.
- მე პატარა პრინცესას მეძახიან, - ამჯერად აღარ გავუღიმე.
- და სახელი რა ჰქვია პატარა პრინცესას?
- მერიკო... ყველაზე მზიანი და ნათელი სახელი.
- მართლა? იმიტომაც არის აქ ასეთი სინათლე? მართალია, რომ ამბობენ, მერიკო პირველს ყველაზე მზიანი თმა და ყველაზე ნათელი ღიმილი აქვსო?
- ესე იგი, მოხვედი...
- მოვედი... მაგრამ ახლა დავიშალოთ. ოღონდ გასვლის წინ ერთხელ კიდევ გამიღიმე, შენ რომ იცი, ისე.
მე კიდევ გაღიმების მაგივრად, დავიჟღანე, როგორც მჩვეოდა, როცა ვემშვიდობებოდით ერთმანეთს.
დაჯღანვის მერე ღიმილიც გავუგზავნე და მის გასვლას დაველოდე. როცა მის ფანჯარაში შუქი ჩაქრა, მზისფერი პლანეტის აღდგენას ბედნიერებით გადაწითლებული შევუდექი...
***
ჩვენ კვლავ ერთად ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ მასთან მხოლოდ ვირტუალური მეგობრობა მაკავშირებდა, იმდენად მავსებდა, თავს მავიწყებდა. უცნაური იყო, მას ყველაფერი მოსწონდა ჩემი, მოვწონდი სწორედ ისეთი, როგორსაც მგრძნობდა. მთავარი ისაა, რომ არ იტყუებოდა. როცა ამას აღნიშნავდა, სრულიად გულწრფელი იყო. მე მისი ხმა არ მესმოდა, მაგრამ გუმანით ვხვდებოდი, რომ არ იტყუებოდა. ერთადერთი, რასაც მიმალავდა, თავისი ამბები იყო. ადრე ცოტა რაღაც მაინც წამოსცდებოდა, ახლა კი, თითქოს წყალი ჩაიგუბაო პირში, სიტყვას ვერაფერზე დააცდენინებდი. ეს მტანჯავდა. რამდენადაც მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა, იმდენად მემატებოდა ტკივილი, რომელიც მისი უჩინარობით იყო გამოწვეული, თუმცა ვცდილობდი, არ მეგრძნობინება, რადგან მეშინოდა, არ დამეფრთხო დ ისევ არ გაქცეულიყო. ერთმანეთის პარალელური ქუჩებივით ვიყავი, ჩემს სიხარულს ზუსტად იმავე დოზით ახლდა დარდი და სევდა - თან კარგად ვიყავი, თან ცუდად. დიდი ოპტიმისტი არც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მასთან დაახლოების შემდეგ ერთიანად შემიპყრო პესიმიზმმა. ტესტი რომ ჩაეტარებინა ვინმეს ჩემთვის და ეკითხა, ეს ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელიო, უყოყმანოდ მეორე ვარიანტს ავირჩევდი. აღარაფრის იმედი არ მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ვერასდროს შევხვდებოდი, ის ამას არ გააკეთებდა. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ასეთი გამოუსწორებელი მიზეზი.
არადა, ძლივს ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც ისევე თავისუფლად შემეძლო მოქცევა, როგორც საკუთარ თავთან ვიქცეოდი და რადგან ვიპოვე, მინდოდა, ჰაერივით გავფრთხილებოდი მას.
ყოველი მასთან საუბარი მაცოცოხლებელ ტალღასავით მიბრუებდა სხეულს. ეს ჯადოსნური შეგრძნება იყო, რომელიც ყინულივით ადნობდა გულს, სულს, სხეულს.
ყველაფერი კარგად მიდიოდა. ყოველი ახალი დღე ახალი დღესასწაული იყო ჩემთვის. ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი საიტზე და ჩემს უჩინარ პრინცს გამოვლაპარაკებოდი. როცა იქ ვიყავი, მიწაზე დაშვება აღარ მინდოდა. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს თაფლობის თვეს ვატარებდი მასთან ჩვენს გამოგონილ სამყაროში. ვხვდებოდი, რომ მასაც მოუხაროდა ჩემკენ. .
მაინტერესებდა, რატომ იყო უმუშევარი. უამრავ ვერსიას ვამუშავებდი ფიქრებში - იქნებ უნარშეზღუდულია და ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული? იქნებ რამე ისეთი ნაკლი აქვს, რისიც რცხვენია და ამიტომ არიდებს თავს ჩემს გაცნობას? გიჟს ვგავდი. ქუჩაში გასული ყოველ შემხვედრ მამაკაცს მას ვადარებდი. ვცდილობდი, ყველაზე მახინჯსა და ჩემი გემოვნებისთვის სასტიკად მიუღებელშიც კი რაღაც დადებითი მეპოვა. თითქოს ვამეცადინებდი ჩემს თავს, რომ მასთან შეხვედრას ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვედროდი. არადა, არ მჯეროდა იმის, რომ კვაზიმოდოზე უარესი იყო, როგორც თავად მეუბნებოდა. როცა ადამიანები ასე ლაპარაკობენ, ყოველთვის პირიქითაა ხოლმე. ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ჰყავდა თუ არა ცოლ-შვილი. ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რომელის გამოც უკან დავიხევდი და რეალურ სამყაროში მასთან ურთიერთობაზე უარს ვიტყოდი. სხვისი ცოლების ისტერიკების თავი არ მქონდა. თუმცა, ისე მიყვარდა, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ამის გამო უარს ვიტყოდი მასზე. როცა ამ დასკვნამდე მივედი, მივხვდი, რომ სიყვარულის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, თანაც სრულიად ბრმად. მიკვირდა ჩემი თავის. მასთან ურთიერთობამ მეც სხვანაირი გამხადა. რისკზე წასვლა არასდროს მხიბლავდა, ასეთი ნაბიჯების სულ მეშინოდა ცხოვრებაში, ახლა კი აღარაფერი მაშინებდა, ოღონდ დათო შემენარჩუნებინა.
ის ყოველთვის ღამის 12 საათზე გადიოდა საიტიდან. კი არ გადიოდა, თითქოს გარბოდა და ჩემი სხეულიც უკან მიჰყვებოდა.
ერთხელაც, უცნაური რამ მოხდა. დათომ შემომთავაზა, სკაიპში მიკროფონი ჩამერთო და წერის ნაცვლად, მელაპარაკა მასთან. თან უნდოდა ჩემი ხმის გაგონება, თან ეშინოდა - ხმამ ღრმად იცის გონებაში ჩაბეჭდვაო. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ არ მიცნობდა? ან იქნებ, მიცნობდა, მაგრამ კვალის ასარევად მოიფიქრა ასე? ერთმანეთის საწინააღმდეგო ეჭვები მღრღნიდა. მე ველაპარაკებოდი, ის მწერდა. რაღაც ამბებს ვუყვებოდი, თან ვიცინოდი. ბევრისგან მსმენია, ლამაზი სიცილი იციო. მივხვდი, მასაც მოეწონა. როცა მწერდა, მიკროფონში მისი კლავიატურის კაკუნის ხმა მესმოდა, თვითონ არ დამლაპარაკებია, მაგრამ როცა რამე მხიარულს ვიტყოდი, თავს ვერ იკავებდა და მოგუდულად იცინოდა. აქედან ადვილად შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა - ბოხი ხმის პატრონი უნდა ყოფილიყო. ეს იყო და ეს. მას მერე მიკროფონით საუბარი არ განმეორებულა.
სამაგიეროდ, ყოველი დილა დათოთი იწყებოდა. ყოველდღე სხვადასხვა წერილს ვუტოვებდი.
დარწმუნებული ვიყავი, სიამოვნებდა ჩემი ასეთი წერილები, მაგრამ პასუხად მხოლოდ ღიმილებს მიგზავნიდა და მხოლოდ ერთ შეკითხვას - ვითომ კარგია ეს?
და მეც დაჟინებით ვუმეორებდი, რომ კარგია, რატომ უნდა იყოს ცუდი. ის ამ კითხვას პასუხგაუცემლად ტოვებდა. მე კი მისი დუმილი მაგიჟებდა...
გაგრძელება