ნაადრევი ქორწინების თემა, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია და ხშირად პირად საუბრებშიც გვსმენია შემთხვევებზე, როდესაც არასრულწლოვანი გოგონები საკუთარი ნებით თუ ე.წ. გარიგებით არაოფიციალურად ქორწინდებიან მამაკაცებზე, ხშირად - ასევე არასრულწლოვნებზე, თუმცა ეს ფაქტები არ საჯაროვდება, იმალება, რადგან კანონით ისჯება და სრულწლოვანების მიღწევამდე ათასგვარ ხერხს მიმართავენ ფაქტის დასამალად, მაშინაც, როდესაც გოგონა ორსულდება და შვილს აჩენს...
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, გაიმართა კვლევის "ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები" პრეზენტაცია.
კვლევა მოამზადა "დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა", გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიება გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ, საქართველოს სახალხო დამცველმა - ნინო ლომჯარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილმა, და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა.
კვლევის მიზანია, გააანალიზოს საქართველოში ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე საკანონმდებლო თუ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებული ბარიერები და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების გზით ხელი შეუწყოს ამგვარ შემთხვევებზე პრევენციული და ეფექტიანი რეაგირების პოლიტიკის გაუმჯობესებას.
"კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, უნიკალურ ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მულტისექტორული მიდგომა და ეფექტიანი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შევძლოთ ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება - მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება." - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
კვლევაში გაანალიზებულია სისხლის სამართლის 74 საქმე, რომელიც ჩადენილია და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა 2020 და 2021 წლებში. მასში შესულია ისეთი საქმეებიც, სადაც სამართალწარმოება დასრულებულია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოში, ან შეწყდა გამოძიება. ასევე წარმოდგენილია ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე მომზადებული თვისებრივი კვლევის შედეგები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2020-2021 წლებში და 2022 წლის პირველ 6 თვეში შესწავლილი საქმეები.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აიკრძალა 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითად იმოქმედა ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების, ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებში, ასევე ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
მცირე ამონარიდი კვლევიდან:
ᲡᲙᲝᲚᲘᲡ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲔᲑᲗᲐᲜ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲔᲑᲘ:
"სკოლის მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ადრეულ ასაკში ნებაყოფლობითი ქორწინების შემთხვევები უფრო გავრცელებულია, ხოლო უკანასკნელ წლებში იძულებითი ქორწინების შემთხვევები თითქმის არ ახსენდებათ. ზოგიერთი მათგანის აზრით, იძულებითი ქორწინება ხშირად რელიგიის სახელით, ძირითადად, აზერბაიჯანულ თემში ხდება. ქვემო ქართლში გამოკითხულმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ნიშნობისა და იძულების ფაქტები არც ისე იშვიათია. გაიხსენეს შემთხვევა, როდესაც მეოთხეკლასელი გოგო დანიშნეს აზერბაიჯანულ თემში. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი ხშირად სიღარიბეა. ასევე, შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობისგან გაქცევის სურვილი, ფიზიკური ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ და ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის მხრიდან იძულება. მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქორწინება ბავშვებს ართმევს სათანადო განათლების მიღების უფლებას, მათ არ აქვთ გააზრებული თავიანთი გადაწყვეტილება და არ არიან სათანადოდ მომწიფებულები ასეთი ნაბიჯისთვის. მოსწავლეთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს ინფორმაცია, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აკრძალულია, ხოლო მათი ნაწილი საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას ამის შესახებ, ნაწილს კი არასწორი ინფორმაცია აქვს. მოსწავლეთა უმრავლესობამ იცის, რომ მათი ან სხვა პირის მიმართ იძულების, მოტაცების ფაქტის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ პოლიციას. თუმცა მოსწავლეების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ქორწინება ნებაყოფლობითია, არ ჩაერევიან და მხოლოდ ქორწინების იძულების შემთხვევაში მიმართავენ პოლიციას. მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნა, რომ მსგავს ფაქტებზე უწყებისთვის მიმართვას არ აპირებენ, რადგან ადამიანების არჩევანში და სხვის საქმეში ვერ ჩაერევიან, რადგან "ეს ოჯახი მათი მტერი გახდება"...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს - დაახლოებით 212 სისხლის სამართლის საქმეზე - 51, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) - დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
არსებული კვლევის თანახმად, დანაშაულის გამოვლენისა და შეუტყობინებლობის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ პროცესში ბევრი ადამიანია ჩართული - ოჯახის წევრებიდან დაწყებული, სამედიცინო სფეროთი დამთავრებულია.
მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც გამოძიება არასრულწლოვანი გოგოს დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო, მისი შვილის მიმართ დედამთილის მხრიდან შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ 15 წლის არასრულწლოვანი იყო ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, რომლის შესახებაც ცნობილი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოს ორი ექიმისთვის - გინეკოლოგებისთვის, რომლებსაც ამის თაობაზე არ შეუტყობინებიათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებულის განმარტებით, გინეკოლოგებმა მას ისიც კი ურჩიეს, თუ როგორ დაეცვა თავი ორსულობისგან, ვინაიდან 15 წლის იყო და მშობიარობა გაუჭირდებოდა. ექიმებმა გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათთან დაზარალებული მისული იყო მენსტრუაციული ციკლის დარღვევის გამო და არ იცოდნენ, რომ მას, შესაძლოა, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა.
კველვის თანახმად, არასრულწლოვანი გოგოების გამოკითხვისას ბევრი სხვადასხვა ისეთი ფრაზა ვრცელდება, რაც მათზე უარყოფითად მოქმედებს, შესაძლოა, დამალონ სიმართლე ან კიდევ გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლნი გახდნენ. კვლევაში გამოყენებულია გამოკითხვების დროს არასრულწლოვანი გოგონების განცდები და წუხილები ქორწინების იძულებისა და მოტაცების პრაქტიკასთან დაკავშირებით. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ მოყვანილია შესაბამისი მაგალითები:
საკუთარი სახლის ეზოდან გატაცებული 15 წლის დაზარალებული გამოკითხვის ოქმში განმარტავს: "გთხოვთ, დამიცავით მე და ჩემნაირი გოგონები ასეთი ძალადობისგან და გათხოვების დაძალებისგან, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, მე არ ვარ ნივთი, რომელსაც მაშინ აიღებენ და წაათრევენ, როცა მოუნდებათ და თან დასცინებენ იმის გამო, რომ შეძლო ხმის ამოღება და თავის დაცვა".
კიდევ ერთ საქმეში, გატაცებული არასრულწლოვნის 7 წლის ძმა, რომელიც შეესწრო დის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ჩვენებაში განმარტავს: "როცა დიდი გავიზრდები, ძალიან მაგარი ვიქნები და ჩემს დას დავიცავ, რომ არავინ წაიყვანოს და სცემოს. გუშინ რომ ძალით წაიყვანეს, მე ძალიან შემეშინდა და ძალიან შემეცოდა, რომ მას ვერ მივეხმარე".
კიდევ ერთი დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენებაში ვკითხულობთ: "მინდა სოფელში შეიცვალოს მიდგომები, გოგოებს არ ეკითხებოდნენ როდის თხოვდებიან და არ ხდებოდეს მათი მოტაცება სკოლის მერხებიდან".
ამავე კვლევის თანახმად, გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც ბავშვის გამოკითხვის პროცესზე მისი კანონიერი წარმომადგენლის დასწრება ეწინააღმდეგებოდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, ან დაზარალებულზე ზეგავლენის რისკების გამო, საჭირო იყო საპროცესო წარმომადგენლის მოწვევა.
მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, რომელიც ქორწინების მიზნით, სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ეხებოდა, არასრულწლოვნის გამოკითხვას ესწრებოდა მისი დედა, რომელიც თავადვე უწყობდა ხელს შვილის ადრეულ ასაკში ქორწინებას (დაზარალებულის განმარტებით, მისი და კაცის მშობლები შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ დაოჯახებაზე).
კვლევის ავტორებმა სხვადასხვა უწყებების მისამართით კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავეს, რაც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი