9 წლის გაბრიელა ტერეზა მარია სულაც არ არის კმაყოფილი საჯარო ღონისძიებებით. სანამ მისი ძმა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნით ტკბება, მას ერთი სული აქვს, როდის დასრულდება ყველაფერი.
სულ რაღაც ორი წლის წინ, მსოფლიოში ყველაზე სკანდალური მონარქები მონაკოს პრინცესა შარლენი და მისი ქმარი პრინცი ალბერტ II იყვნენ, რომლებიც ყველას ეგონა, რომ განქორწინებოდნენ. წყვილი ერთად, პრაქტიკულად, საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა და, როგორც ამბობდნენ, სხვადასხვა სახლებშიც კი დაბინავდნენ. მაგრამ მალე ჭორებმა პრინც ჰარისკენ გადაინაცვლა, რომელმაც 2023 წლის იანვარში სკანდალური მემუარები გამოაქვეყნა და ოჯახის არც ერთი წევრი არ „დაინდო“. შემდეგ დანიის სამეფოში „აირია მონასტერი“, სადაც 52 წლიანი მეფობის შემდეგ დედოფალმა მარგრეტ II-მ ტახტი უფროსი შვილის სასარგებლოდ დათმო, რომელიც სექსუალურ სკანდალში გაეხვია.
ამასობაში შარლინი და ალბერ II ნორმალური ცხოვრებას დაუბრუნდნენ და ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში ისევ ერთად გამოჩნდნენ. სამეფო წყვილი მონტე კარლოში 46-ე საერთაშორისო ცირკის ფესტივალს დაესწრო შვილების - 9 წლის ტყუპის ჟაკ-ონორე-რენიესა და გაბრიელა ტერეზა მარიას თანხლებით.
ღონისძიების სულისკვეთების შესაბამისად, და-ძმას ცხვირზე ჯამბაზის წითელი ცხვირი ეკეთათ. იმ დროს, როცა შარლენის ვაჟი საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა უფროსების გარემოცვაში გატარებული დროით, მისი ქალიშვილი ყველა ფოტოზე სევდიანი და დაფიქრებული ჩანდა და აშკარად სურდა, სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო.
ამბობენ, რომ გაბრიელა დედას ბაძავს, რომელიც მართლაც იშვიათად იღიმებოდა და მეტსახელად „გაუცინარ“ ან „ყველაზე უბედურ“ პრინცესადაც კი მოიხსენიებდნენ.
როგორც ცნობილია, შარლენმა საკმაოდ ბევრი გადაიტანა და ხშირად ნამდვილად არ ჰქონდა გაღიმების მიზეზი.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ შარლენის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია. კარგა ხანს ოჯახთანაც ვერ ჩადიოდა მონაკოში. მაშინ ეს ამბავი ინფექციას დააბრალეს - შარლენი მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მარტორქების გადარჩენისთვის წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში იყო ჩასული და სწორედ იქ დაავადდა. თუმცა ბევრი მაშინვე ამბობდა, რომ მისი ამდენხნიანი დაშორება ოჯახთან, პირადი ტრავმებით იყო გამოწვეული. ყველასთვის ცნობილია ალბერის მექალთანეობისა და უკანონო შვილების ამბავი. როგორც გაირკვა, არც დაოჯახების შემდეგ შეუცვლია მას ცხოვრების წესი და მუდმივად სტკენდა გულს შარლენს.
პრინცესას ორი შვილის გაჩენამაც არ უშველა, მას მერე კიდევ ვრცელდებოდა ამბები მისი საყვარლებისა და მორიგი უკანონო შვილის შესახებაც კი. შარლენი ამის გამო მუდმივად დანაღვლიანებული იყო და ფოტოების უმრავლესობაც, რაც გათხოვების შემდეგ გადაიღო, სულ სევდიანია.