2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ მიმდინარეობს. 12 ივლისს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს. ტრადიციულად, ტესტები არაერთგვაროვნად შეფასდა. ზოგიერთი აბიტურიენტი იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ჩვეულებრივ საჯარო სკოლის მოსწავლეზე არ არის გათვლილი და მისი კარგად დაწერა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მათემატიკაში გაძლიერებულად მეცადინეობს ან ამ პროფილის სკოლაში სწავლობს. ზოგის შეფასებით კი ტესტი საშუალო სირთულის იყო. სოციალური ქსელიდან რამდენიმე კომენტარს გაგიზიარებთ:
- "მათემატიკის ტესტს მარტო კომაროველებზე აპროგრამებენ თუ რა?! სხვა სკოლის მოსწავლეები ყველა ლამის ნამტირალევი გამოდიოდა."
- "თქვან პირდაპირ, რომ კომაროველებისთვის ადგენენ ამ ტესტებს და აღარ დავრეგისტრირდებით საერთოდ მათემატიკაზე, ამხელა იმედგაცრუება და სტრესი რომ არ გვქონდეს".
- ზოგი 1 ქულიანი ისეთი იყო, რომ იმდენად გაგწურავდა, ბოლოს 3-4 ქულიანებისთვის გონებრივი თუ ფიზიკური ენერგია აღარ გრჩებოდა + დროც აღარ იყო საკმარისი..
- ვფიქრობ, ტესტი არ იყო განსაკუთრებით რთული. ყოველ წელს ასეთი შეფასებები ისმის მათემატიკის ტესტებზე, მაგრამ პრობლემა სირთულე არ არის. პრობლემაა დრო - 41 დავალების შესასრულებლად 3 საათი არის ყოვლად არაადეკვატური. გამოდის, რომ დაახლოებით 4 წუთი გვაქვს თითო დავალების შესასრულებლად. ეს დრო ერთქულიანებისთვის თუ იქნება საკმარისი, სამ და ოთხქულიანების ამოხსნას ხომ მეტი დრო უნდა. 37 შემოსახაზის შემდეგ გონება ხომ უნდა დაასვენო, რომ შემდეგ რთულ, ღია დავალებებზე გადახვიდე.
- ამოხსნა კი არა, პირობაც ვერ წავიკითხე. რომელ განვითარებულ ქვეყანაში არის მიღებული, მოზარდის ასე მენტალურად განადგურება. ეს ტესტები არის შეუსაბამო!!!! აუცილებლად გაასაჩივრებს უმრავლესობა. ეს აღარ არის გამოცდა. ეს არის ახალგაზრდებისთვის ყოველგვარი მოტივაციის ჩაკვლა.
-
როდესაც ტესტს ართულებთ, შესაბამისი ცოდნა უნდა მოგვცეთ სკოლებში და არ უნდა იყოს მხოლოდ ვეკუა-კომაროვის ბავშვებზე მორგებული. ტესტი უნდა იყო საშუალო დონის. როდესაც სწავლის ხარისხს გააუმჯობესებთ, შემდეგ პრეტენზია აღარ იქნება ტესტებზე. ის ბავშვები, რომლებიც 35+ ელოდნენ, ახლა ბარიერს ნატრობენ. უბრალოდ უსამართლობაა. ნება იბოძეთ და ქულები სამართლიანად მოამატეთ. ყოველ წელს რომ სიურპრიზებს აკეთებთ და საერთოდ ასეთი რთული ეროვნულები არც ერთ წელს არ ყოფილა და რამე განსაკუთრებული წელია თუ რა ხდება? გარდა ამისა,ისედაც დასტრესილი ბავშვები, არასაკმარისი დრო, ბევრი დავალება, რომელსაც ფიქრი ჭირდება და ბოლოს უბრალოდ ენერგია აღარ გვაქვს ამოხსნითვის. ბოდიში, რომ ყველა პითაგორა არ ვართ.
-
"მარტივი იყო მათემატიკა, პირველი ორი საათი და ორმოცი წუთი. მერე გავჭედე, ციფრებს ვეღარ ვაკლებდი ერთმანეთს... არ ინერვიულოთ!!"
- "მათემატიკა ადვილი იყო. მივედი, დავჯექი, "ესა მესა, გადის ესა" და გამოვედი."
- "ცოტა მაინც თუ გაქვს ნასწავლი, დაწერ ადვილი ჭამაც არაა."
- "წინა წლის უფრო რთული იყო და გულს ნუ უხეთქავთ ხალხს, რა, გეხვეწებით."
- "გამოცდა კი არა, სასაკლაო იყო."
- "ვინც ამაზე ამბობს მარტივიაო, გაგიმარჯოთ ღმერთმა. რიგით მე-3 ჩაბარებაა და ასეთი სირთულის აქამდე არ მიწერია."
- "წელს, წინა წლებთან შედარებით, უარესი იყო, როგორ დავწერე, არ ვიცი."
- "მათემატიკა დავწერე კი არა, აქეთ დამწერა და გადამტეხა ხერხემალში."
- "იმის თქმა, რომ მასწავლებლებშია პრობლემა, არ შეიძლება. უმეტესობას შთაბეჭდილება აქვს, რომ 1-2 წელი მომზადებით მთელ მასალას ისწავლის და სკოლაში არაფერს არ აკეთებენ. რეალურად, გამოცდაზე მოტანილი ამოცანების 90%-ის მსგავსს სკოლის წიგნებში იპოვით. ბავშვებს რომ სწავლა არ უნდათ პირველი 10 წელი, მერე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ ქულაზე."
- "ტესტი ვინც შეადგინა, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში რაც ისწავლეს, ყველაფერი ახლა გამოიყენეს."
- "სკოლის მასალა არ შეიცავს იმხელა დონეს, რასაც ეროვნულზე გვთხოვენ."
- "რა უფლებით სთხოვენ ბავშვებს იმას, რასაც თავად არ ასწავლიან საჯარო სკოლებში? ეს არ იყო არც პროგრამის დონე და თუ მსგავსი საკითხები არის კიდეც კლასებში გაბნეული, ან ძაან ზედაპირულად ისწავლება და ან საერთოდ არ ისწავლება. ვის სჭირდება ეს მარაზმი? იმაში გვცდით, რამდენად კარგად მოვძებნეთ რეპეტიტორები? ამას ჰქვია ერთიანი ეროვნული გამოცდები? ერთიანი ეროვნული არ არის, ეს არის ვინ უკეთ მოემზადა რეპეტიტორებთან, თორემ სკოლაში ვინ რა ისწავლა, მაგაში რომ ტარდებოდეს გამოცდები, ალბათ ბევრი სკოლა დაიხურებოდა..."
- "სკოლაში არაფერს გვასწავლიან, გვიწევს მთელი წელი მოვემზადოთ და მოგაქვთ ისეთი ტესტები, რომ სკოლის ნასწავლით გადამსვლელ ქულასაც ვერ აიღებ... ჯერ სკოლებში მოაგვარეთ საქმე, მასწავლებლებში, ეზრდებათ ხელფასი რაში? იმაში რომ ჩვენ კიდევ მოვემზადოთ სხვებთან? ყველაფერს რომ მოაგვარებთ, მერე მოგვთხოვეთ ასეთი ტესტების წერა..."
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია. 2023 წელს კი - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკაში 2023 წელს მაქსიმალური შეფასება - 51 ქულა 43-მა აბიტურიენტმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75% -მა.
შედარებისთვის, 2022 წელს მათემატიკაში მაქსიმალური 51 ქულის მიღება 19-მა აბიტურიენტმა შეძლო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 13.74 % -მა.
2021 წელს მათემატიკაში მაქსიმალური შეფასება - 51 ქულა 13-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 82.65%-მა.
2020 წელს კი მათემატიკაში მაქსიმალური შეფასება - 59 ქულა (2020 წელს მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულა 59 იყო) – 13-მა აბიტურიენტმა მიიღო. ზღვარი გადალახა 82.5%-მა.
ჯერჯერობით, 2024 წლის მათემატიკის ტესტის სირთულეზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც სტატისტიკური მონაცემები შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება. ხოლო, როგორც წესი, იმ ვარიანტში, სადაც შედარებით დაბალი შედეგები დაფიქსირდება, ქულათა გათანაბრების პრინციპით, აბიტურიენტებს ქულა მოემატებათ.
აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგნისათვის აქვეყნებს პროგრამას, რომელთა ცოდნაც აბიტურიენტებს გამოცდაზე მოეთხოვებათ. 2024 წლის პროგრამები კი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
თამარ იაკობაშვილი