გიორგი სარქისოვი პირველი ქართველი პაციენტია, რომელსაც გული გადაუნერგეს. ოპერაცია 10 წლის წინ ჩატარდა. ის საკუთარ ამბავს გადაცემაში "როგორ გადავრჩი" იხსენებს:
- ყველაფერი 2011 წელს დაიწყო. 17 ნოემბერს სამსახურში ვიყავი. უჰაერობა იქამდეც მაწუხებდა, მაგრამ საგანგაშო არ ყოფილა. იმ დღეს სუნთქვა კიდევ გამიძნელდა და თანამშრომელმა შემომთავაზა, წავიდეთ და რენტგენი გადაიღეო. ექიმი კაბინეტიდან რომ გამოვიდა, ფერი არ ედო. ჩემს თანამშრომელს ჩუმად უთხრა, რომ სასწრაფოდ კლინიკისათვის უნდა მიმემართა. იმ დღეს არ წავედი. სახლში რომ მივდიოდი, გზაშიც ცუდად გავხდი. დილით ბებიაჩემმა გამაღვიძა და მითხრა, იხრჩობოდიო. მართლა ვეღარ ვსუნთქავდი. სასწრაფო გამოვიძახეთ, კლინიკაში გადამიყვანეს და ფილტვებში დიდი რაოდენობით სითხე აღმოჩნდა. სითხე ამომიღეს, 10 დღე კლინიკაში გავატარე. რომ გამომწერეს, იმ საღამოს ისევ ცუდად გავხდი... კარდიომიოპათიის დიაგნოზი დამისვეს. ექიმმა მითხრა, რომ ახალი გული მჭირდებოდა…დეპრესიაში ჩავვარდი. გულის გადანერგვა ერთადერთი ტელევიზიით მქონდა გაგებული. ესეც ზღაპარი მეგონა... მერე ჩემი მოძღვარი, მამა სერაფიმე დამელაპარაკა და გადავწყვიტე, რომ ბრძოლა დამეწყო.
130 ათასი დოლარი მოითხოვეს. გულის გადანერგვის ოპერაცია ქალაქ მინსკში ჩამიტარდა. თანხა ჩემი მეგობრების დახმარებით შევაგროვე...
გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, არანაირი გართულება არ მქონია. სიცხეც არ მქონია. ძალიან წარმატებული ოპერაცია აღმოჩნდა. ჩვეულებრივად ვიყავი. დიდი რაოდენობით მედიკამენტებს ვიღებდი. თითქმის ყოველ ნახევარ საათში უნდა მიმეღო, უნდა ჩამეცალა ერთი ყუთი, მეორე დღეს ახალი ყუთი შემოდიოდა. რომ გამომწერეს, იგივე ყუთით ჩამოვედი. 3 თვეში ბიოფსიაზე წასვლა მომიწია. 24 მედიკამენტიდან, დაახლოებით, 8 მედიკამენტი მომიხსნეს. მე-6 თვეს რომ კვლავ გავფრინდი, ჩემი ანალიზები დარეგულირებული იყო და 5-6 მედიკამენტი მომიხსნეს. ახლა 4-5 წამალს ვსვამ. თავს იდეალურად ვგრძნობ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით...
ერთი პერიოდი ვფიქრობდი იმაზე, რომ სხვისი გული მქონდა გადანერგილი. არ ვიცოდი, ვისი გული გადამინერგეს. ერთადერთი, რაც მითხრეს, იყო ის, რომ გარდაცვლილი 38 წლის მამაკაცი, ბაიკერი, სპორტსმენი იყო. სხვა დეტალები არ უთქვამთ. რამდენიმე თვე ვფიქრობდი ამაზე... შემდეგ საავადმყოფოშიც მითხრეს, ეცადე, ნაკლებად იფიქრო, რომ სხვისი გული გაქვსო. იფიქრე, რომ შენი გულია და ჯანმრთელი ხარო.
ოპერაციიდან 5 წელში დავოჯახდი. მადლობა ღმერთს, რომ ოჯახი შევქმენი...
ოპერაციის შემდეგ ჩემი ცხოვრება ბევრად შეიცვალა. ადრე არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, პრობლემა მქონოდა. ვარ აქტიური, ვცდილობ, ვივარჯიშო.
ოპერაციიდან 5 წელში დავოჯახდი. მადლობა ღმერთს, რომ ოჯახი შევქმენი. ახლა ჩემი შვილი 5 წლისაა. მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, თავისუფალი დრო ბავშვთან გავატაროთ. აქტიური მშობლები ვართ და მის აღზრდაში ორივე ჩართულები ვართ.
იხილეთ გადაცემა სრულად: