საზოგადოებრივ მაუწყებელზე 40 წელი იმუშავა. დღეს ჟურნალისტობა სხვაგან უწევს, ერთ-ერთ რადიოში თოქშოუ "აქტიური დრო" მიჰყავს. ამბობს, რომ პარალელურად უცხოელებთანაც თანამშრომლობს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე ამბები სულაც არ უკვირს და ამ ყველაფერზე გულახდილად გვესაუბრება.ტელეჟურნალისტი დოდო შონავას შვილზე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზეც ვკითხეთ, ჟურნალისტზე, რომელიც მაუწყებლის ხელმძღვანელს ღიად დაუპირისპირდა და ამ ეტაპზე "მოამბის" წამყვანობიდან ჩახსნილია. დოდო შონავა ჩვენი სტუმარია და AMBEBI.GE-ს კითხვებს პასუხობს.
- ქალბატონო დოდო, როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რაც ახლა ქვეყანაში მიდის?
- ცოტა შორიდან დავიწყებ და ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, როგორ მზადდებოდა ის, რაც ბოლო სამ თვეში ჩამოყალიბდა. პოლიტიკური თვალსაზრისით, 2009 წელსაც, კრიზისული მდგომარეობა იყო, ასეთი საშინელი არა, მაგრამ მიახლოებული. საჭირო გახდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისეთი პლატფორმა შექმნილიყო, სადაც ოპოზიცია იმ ეთერის გამოყენებას შეძლებდა. მაშინ ამისთვის „მეორე არხი“ შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ვიყავი. იმ მედიაპლატფორმამ, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლაში თავისი წვლილი შეიტანა. 2017 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძე მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, ეს არხი დახურა. მოსპო საზოგადოებრივ მაუწყებელში იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას თავისი ეთერი ჰქონოდა. ჩემთვის ეს პატარა მინიშნება იყო და ბევრ პოლიტიკოსს შევხვდი, ვუთხარი, რომ ეს და დაუშვებელია, მაგრამ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს...
ამასთან, თუ თვალს გადავავლებთ იმას, ბოლო 5-6 წლის მანძილზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ნაბიჯები იდგმებოდა, მაშინ ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ, რომ ამ ზღვრამდე მივედით. მიმაჩნია, რომ ეს ის ზღვარია, რომელმაც შეიძლება ისეთ წარსულში გადაგვაგდოს, რომლის შესახებ ამბები მოგვისმენია და მომისმენია თუნდაც, ჩემი ოჯახის რეპრესირებული წევრებისგანაც. ის მონაყოლი ხშირად გაზვიადებულიც მეგონა, რომ მათში ფანტაზია ერია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რეალურია. ის ყველანაირი შეზღუდვას, რასაც რუსეთში წლები დასჭირდა, აქ ფაქტობრივად რამდენიმე თვეში დაჩქარებულად მოხდა. ვინც ამას ასე დაჩქარებულად აკეთებს, ვფიქრობ, იგი შეშინებულია, რადგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა. ამბობენ, რა უნდოდათ, რა საჭირო იყო 28 ნოემბერს ასეთი ტრიგერი, ასეთი თვითდაჯერებული გამოსვლა და იმ განცხადების გაკეთებაო. ვინაიდან ხალხი არჩევნების შემდეგ გარეთ მასობრივად არ გამოვიდა, ჩათვალეს, ამ ამბის გატარება შეეძლოთ. მთელი საზოგადოების სახელით მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა მხოლოდ დღევანდელი საზოგადოების, იმ ადამიანების სახელითაც, ვინც ამ მიზანთან მიახლოებას შეეწირა... მე ის მაიმედებს, რომ ბოლომდე ამ ყველაფერს ვერ შეძლებენ.
- ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თქვენი შვილია. მან ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა... როგორ აფასებთ მის ამ ნაბიჯს?
- ამას მოველოდი. ბოლო დროს ძალიან დეპრესიული იყო, ვხედავდი, რომ აღარ შეეძლო ამ ყველაფერთან შეგუება... რაღაც პერიოდი 18:00-იან „მოამბეში“ იყო სტუმრების ბლოკი, სადაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ. იქ შეეძლო თავისი პროფესიული ღირსების დაცვა, რადგან ორივე მხარეს საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებს უსვამდა... ისეთი ადამიანია, არასდროს მოგახვევს საკუთარ პრობლემებს, მაგრამ მე ხომ დედა ვარ და ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს მაუწყებელთან? განაგრძეთ კითხვა