კოლინსების მრავალშვილიანი ოჯახი რა ხანია, ცნობილია საზოგადოებისთვის. კარისა კოლინსი მეუღლესთან და 11 შვილთან ერთად ტეხასში ცხოვრობს. ცნობილი ბლოგერია და თავისი ცხოვრების ამბებს, ასევე მის მიერვე გადაღებულ ფოტოებს უზიარებს ასი ათასობით გამომწერს.
თუმცა კარისას ცხოვრების წესი და დამოკიდებულება აღზრდისა და ბავშვების ჯანმრთელობის მიმართ, ხშირად ხდება განხილვის თემა. მაგალითად, მას არ დაჰყავს ბავშვები სკოლაში. ასევე ეწინააღმდეგება აცრებს და ამბობს, რომ ღმერთი კარნახობს ამას ყველაფერს. ამის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა ჯერჯერობით ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას და ჟურნალისტებს თავისი მოსაზრებებიც გაუზიარა.
კარისა ამბობს, რომ დიასახლისია და მთელ დროს ოჯახს უთმობს.
"ბავშვებს სახლში ვასწავლი, ისინი შინაურ სწავლებაზე არიან. მაქვს ორი ოჯახური ბიზნესი - ვფოტოგრაფობ და პატარა ინტერნეტ-მაღაზია მაქვს ქალებისთვის. ქმარი ფინანსების სფეროში მუშაობს. გარდა ამისა, საკალათბურთო ბანაკებს აწყობს და ხის დამუშავებითაც არის დაკავებული. საშინაო ეკლესიაც გვაქვს და იმასაც ვუძღვებით", - ამბობს კარისა.
"არ ვიცი, მკიცხავს თუ არა ხალხი, თუმცა ყოველთვის დიდ ყურადღებას ვიპყრობთ, შეკითხვებს მისვამენ და ეს მომწონს. მომწონს ხალხთან ურთიერთობა და ჩვენი ამბის გაზიარება...
უფროსი შვილები შევიყვანე სახელმწიფო სკოლაში, ქმრის დაჟინებული მოთხოვნით. თუმცა ვიცოდი, რომ ღმერთი შინაურ სწავლებას მკარნახობდა. ერთ წელიწადში მივხვდი, რომ მართალი ვიყავი. ბავშვები ისევ შინ არიან და მთელ დღეს მათთან ვატარებ, სახლში ვამეცადინებ, ხელს ვუწყობ მათი ნიჭის და უნარების განვითარებას. როცა სკოლაში იყვნენ, ვერ ვხედავდი დიდხანს და ვერც იმას ვიგებდი, რა ნიჭი ჰქონდათ. ახლა მთლიანად მათთან ვარ".