ონლაინრომანი "ცუდი დასაწყისი"
ავტორი:
სვეტა კვარაცხელია იხილეთ I ნაწილი
იხილეთ II ნაწილიIII ნაწილი
მზიანი დილა გათენდა. ქარიც ჩადგა. გაღვიძებისთანავე სარკეს მივვარდი და ჩემი თავის დათვალიერებას შევუდექი. იქნებ რამე მეტყობა? დავიჯერო, ვერავინ ვერაფერს შემამჩნევს? სწორედ ამ დროს თავზე კესო წამომადგა.
- რა გჭირს? შეშინებული გამოიყურები.
- არაფერი, უბრალოდ, თავი მტკივა, - მზერა ავარიდე და თავი ჩავღუნე, რომ ჩემი გაწითლება არ შეემჩნია.
- ნახე ის ბიჭი? თორნიკე, შენ რომ მოგეწონა.
- ვინ გითხრა, რომ მომეწონა? საიდან დაასკვენი? ვნახე.
- თუ არ მოგეწონა, რისთვის ნახე? - არ მომეშვა კესო.
- სულ რამდენიმე წუთით, შემთხვევით შემხვდა და არ მივსალმებოდი? რას ჩამაცივდი?
- იცი რას ამბობენ? ეგ შენი თორნიკე მაგარი "ბაბნიკიაო".
- მერე მე რა ვქნა? იყოს რა... - ამის გაგონებაზე გული ამიჩქარდა.
- არც არაფერი, - უდარდელად მომიგო ჩემმა მეგობარმა და თვითონაც ჩაიხედა სარკეში.
- ვინ გითხრა ეგ? - ვერ მოვითმინე.
- თორნიკეს ამბავი?
- ჰო.
- ვინ და გოგოებმა. სხვათა შორის, ბიჭებიც ლაპარაკობენ და მაგრა შაყირობენ ამაზე სულ.
- საერთოდ არ მაინტერესებს, - შევეცადე, გულგრილად მეპასუხა.
- წამოხვალ ბადმინტონის სათამაშოდ?
- არა. არ მიყვარს ბადმინტონი, ხომ იცი...
- კარგი, მაშინ მარტო წავალ.
კესომ ხტუნვა-ხტუნვით დატოვა ოთახი. მარტო რომ დავრჩი, გულზე საშინელი ნაღველი შემომაწვა, მაგრამ მალევე გადამიარა. შეიძლება მართალიცაა, რასაც თორნიკეზე ამბობენ, მაგრამ ჩემთან სულ სხვა ურთიერთობა აქვს. ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ და სხვას როგორ ექცევა, რაში მაინტერესებს? აი, წავალ ხვალ, შევხვდები და კესოს ნათქვამი სრულიად გადამავიწყდება.
მეორე დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენა. თორნიკე უფრო თბილი იყო, უფრო მოსიყვარულე და სექსიც უფრო ვნებიანი მეჩვენა. დაძაბულიც არ ვიყავი, არც არაფერზე ვფიქრობდი, მის ალერსს ალერსით ვპასუხობდი. ამჯერად გავუგე სექსს გემო და როცა ყველაფერი დამთავრდა, სასიამოვნო მოთენთილობა ვიგრძენი. ტკივილი კი საერთოდ არ მიგრძნია.
საოცრად ვეწყობოდით ერთმანეთს ამ მხრივ. მე მომწონდა მისი კოცნა და მასაც მოსწონდა ჩემი მოფერება. გარდა ამისა, მეც ვსწავლობდი ნელ-ნელა, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. თორნიკეს ეტყობოდა, კარგი გამოცდილება ჰქონდა ამ საქმეში მიღებული. იმ დღეს თითქმის არ გვილაპარაკია, მხოლოდ ვნებათაღელვით ვიყავით დაკავებული.
* * *
ისეთი კარგი დღე მქონდა და საღამო ჩამიშხამდა. მამა ჩამოვიდა თბილისიდან და დედასთან ჩხუბი მოუვიდა. ყველაფერი კი ჩემ თვალწინ მოხდა. სანდრიკაც იქვე იყო, მხოლოდ კესო გვაკლდა და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა. სულაც არ მინდოდა, კესოს ჩვენი ოჯახის უსიამოვნებები გაეგო.
- მოვალეობის მოხდის გამო შეგიძლია საერთოდ არ მოხვიდე, შალვა, იჯექი იმ შენს სამსახურში და რაც გინდა, ის აკეთე! - ყვიროდა დედა.
- კარგი ახლა, დაიოკე ნერვები, მარტონი არ ვართ, ბავშვების მაინც მოგერიდოს! - მკაცრად შენიშნა მამამ, შემდეგ კი ჩვენ გამოგვხედა, - წადით თქვენს ოთახებში!
- არა, მათაც იცოდნენ, როგორი მამა ჰყავთ! ფეხი არ გაადგათ არც ერთმა აქედან! - დაგვიტატანა დედამ.
- გეყოფა, გოგო! - უღრიალა მამამ.
- რა მეყოფა, რა? გგონია, მადლობელი დაგრჩები, თუკი ამოხვალ და დაგვხედავ? სულ ესაა შენი მოვალეობა ოჯახის მიმართ, არა? დამღალე, იცი? არ შემიძლია ასე ცხოვრება! ამდენი ტყუილის ატანა უკვე დამამცირებელია! ჩაიხედე ერთი სარკეში, რას დაემსგავსე!
მამას საშინელი ფერი დაედო, ტუჩები აუკანკალდა. მოულოდნელად სამარილეს სტაცა ხელი და დედას მარილი თვალებში შეაყარა.
- ვაიმეეეეეეე! - განწირული ხმით იყვირა დედამ და თვალებზე ხელი აიფარა, - როგორ მეეეწვიიიის!
მამა დინჯად წამოდგა, უხეშად წაავლო დედას ხელი და ონკანთან მიიყვანა. ამ ინციდენტის შემდეგ არც ერთს ხმა არ ამოუღია, ორივე ისე იქცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- ხომ არ დაბრმავდება დედა? - ჩურჩულით იკითხა სანდრომ. ის ძალიან იყო შეშინებული.
- არა, მამიკო, არ დაბრმავდება, - მშვიდად მიუგო მამამ, ჯიბიდან ორი ათლარიანი ამოიღო და სანდრიკას გაუწოდა, - ხვალ წადი და იყიდეს ის ბურთი, შენ რომ გინდოდა. აჰა, გამომართვი.
ჩემს ძმას თვალები გაუბრწყინდა. მამას ფული გამოართვა და ოთახიდან გავარდა.
- ნეკა, წამო, ბაღში ჩავიდეთ, თან ყავა დავლიოთ, - აკანკალებული ხმით მომმართა დედამ.
ჩავედით და სელის სავარძლებში მოვკალათდით. უხმოდ ვსვამდით ყავას. ვერაფერს ვეკითხებოდი, მისგან ველოდი, რას მეტყოდა. ვხვდებოდი, რომ დედა უბედურად მიიჩნევდა თავს და მართლაც ასე იყო. გაუხარელი ცხოვრება ჰქონდა. ერთადერთი, სანდრო ძია უხალისებდა ყოველდღიურობას და ამის დამალვაც უწევდა. თვალწინ წარმომიდგა, როგორი ზიზღით და სიძულვილით შესცქეროდა მამას, როცა ეჩხუბებოდა. აქამდე ეს არასდროს შემიმჩნევია. ამან, ცოტა არ იყოს, შემაშინა. მივხვდი, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.
ცოტა ხნის შემდეგ მამამ გამოგვიცხადა, ყველანი წავიდეთ და ლისის ტბაზე გასეირნება მოვაწყოთო. კესოც ჩვენთან იყო. არ მინდოდა, დედა და მამა მარტონი დარჩენილიყვნენ, მეშინოდა, ისევ არ ეჩხუბათ, ამიტომ გვერდიდან არ ვშორდებოდი.
ტბაზე ავედით. სწორედ იმ ადგილს ჩავუარეთ, სადაც მე და თორნიკე ერთმანეთს ვკოცნიდით. ფეხი ამერია და პომიდორივით გავწითლდი. კესომ გამომცდელად შემომხედა.
- აი, თურმე, სად დადიხარ ხოლმე, - ნიშნის მოგებით მითხრა.
- სად დავდივარ? - ავიმრიზე.
- ყველაფერს მივხვდი, რომ იცოდე, - თითქოს დამექადნა მეგობარი.
- რატომ ჩხუბობთ? - საუბარში დედა ჩაერია, - ნეკა დიდი გოგოა და სადაც უნდა, იქ წავა. სხვათა შორის, მას უყვარს განმარტოება და სულაც არ მიკვირს, აქ თუ მოდის ხოლმე. ალბათ აქ კარგად გრძნობს თავს.
უარესად გავწითლდი. ისე ავფორიაქდი, სუნთქვა შემეკრა. კესომ ვერ გაბედა, დედას შეპასუხებოდა, მე კი მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა.
ცუდ ხასიათზე დავდექი. ასე მეგონა, ჩემი საიდუმლო ყველამ იცოდა და ამიერიდან სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ თორნიკე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეგდო.
მიუხედავად ამისა, მისთვის არაფერი მითქვამს. მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობდი და კესოს გამო არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება.
ერთხელ, დილით, როცა მე და თორნიკე კვლავ ერთმანეთს შევხვდით და სანაპიროზე გაწოლილები ერთმანეთს ქვიშას ვაყრიდით, თავზე კესო წამოგვადგა. კიდევ კარგი, სხვა რამით არ ვიყავით დაკავებული. კესოს საბანაო კოსტიუმი ეცვა.
- ერთობით? შეიძლება, მეც შემოგიერთდეთ? ხელს ხომ არ შეგიშლით? - ირონიულად შემოგვხედა.
- მობრძანდი, - თორნიკემ მუცლიდან ქვიშა გადაიფერთხა და წამოჯდა.
გული დამიმძიმდა. სულაც არ მსიამოვნებდა, კესო რომ დაგვადგა, თუმცა გული იმით დავიმშვიდე, რომ იგი ამას ხშირ ხასიათს არ მისცემდა. ან კი რა უნდა ეკეთებინა ჩვენთან ერთად? იმედია, ამდენს მიხვდებოდა.
მოულოდნელად კესო წინ აესვეტა წამომჯდარ თორნიკეს და უტიფრად დაუწყო თვალიერება.
- სპორტზე დადიხარ? - ჰკითხა.
- დავდივარ. მერე რა? - თვალმოჭუტულმა ახედა ჩემმა შეყვარებულმა.
- არაფერი, ისე გკითხე, - კესო მის გვერდით გაგორდა ქვიშაში.
რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა. კესო გვერდიდან არ გვშორდებოდა. იძულებული ვიყავით, მისი ჩვენ გვერდით ყოფნა მოთმინებით აგვეტანა. არადა, როგორ გვწყუროდა ერთმანეთის ალერსი, ამას კი ვერ ვახერხებდით. ისიც შევამჩნიე, რომ კესო აშკარად და თავხედურად ეპრანჭებოდა ჩემს შეყვარებულს და ამას არც მალავდა. თორნიკე არ იმჩნევდა მის გამოწვევას და მეც ისე მექცეოდა, თითქოს ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა.
თუმცა, სამი-ოთხი დღის შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა. კესო კვლავ ბადმინტონის თამაშს დაუბრუნდა. როგორც ჩანს, მობეზრდა ჩვენთან. თანაც, იქ, სპორტულ მოედანზე, ისეთი ბიჭები დადიოდნენ სათამაშოდ, რომ კესო ასეთ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა!
* * *
ერთხელაც სანდრიკა გახდა ცუდად. გაცივდა და მაღალი სიცხე მისცა. სამი დღე ვერ დავუგდეთ ტემპერატურა, ძმრიანი წინდებიდან დაწყებული, რა არ გაუკეთა ხან დედამ, ხან ნაზიმ, მაგრამ დაუწევდა სიცხე და მერე კვლავ აუწევდა. მე, დედა და ნაზი მორიგეობით ვათევდით ღამეს მის საწოლთან და დღისითაც არ ვშორდებოდით გვერდიდან. ამის გამო შინიდან ვერ გავდიოდი და თორნიკეს ვერ ვნახულობდი.
როგორც იქნა, ჩემი ძმა მეოთხე დღეს გამოკეთდა. ჭამაც დაიწყო და წვენებიც დალია. მეც მომეშვა, აღარ ვიყავი მის გვერდით საჭირო. ამით ვისარგებლე და დაახლოებით თორმეტი საათისთვის ტბაზე გავვარდი, იქნებ თორნიკე დამხვედროდა იქ.
არა, არ დამხვდა... გულში რაღაც ჩამწყდა. ნეტავ რას ფიქრობდა ეს დღეები? არ მელოდებოდა? იქნებ უკვე იყო და რომ არ გამოვჩნდი, წავიდა? გადავწყვიტე, ნაპირს დავყოლოდი და იმ მხარეს გავსულიყავი, სადაც პირველად გვქონდა სექსი. რატომღაც, სწორედ იქ მომინდა განმარტოება.
როცა იმ ნაძვებს მივუახლოვდი, რომლის ძირშიც ვიწექი, გულმა რეჩხი მიყო. წინათგრძნობა რაღაც ცუდს მკარნახობდა. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ხის ძირში მოძრავი ლანდები შევამჩნიე. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ჩემს საყვარელ ადგილს, მით უფრო მიპყრობდა შიში და მღელვარება.
ნეტავ არ მივსულიყავი... გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, ნიკაპი ამიკანკალდა და ძლივს შევიკავე თავი, არ მეყვირა.
თორნიკე და კესო იწვნენ ჩვენი ხის ქვეშ... მე არც კი შევუმჩნევივართ.
ყოველგვარი ისტერიკის გარეშე დავტოვე იქაურობა...
* * *
აღარ მახსოვს, სახლამდე როგორ მოვაღწიე. მხოლოდ ის მახსოვს, ნანახისგან აკანკალებული როგორ შევვარდი ჩემს ოთახში, ლოგინზე დავემხე, თავი ბალიშში ღრმად ჩავრგე და უხმოდ ავტირდი...
მთელი დღე არ გამოვსულვარ ოთახიდან. სახლში ალბათ იფიქრეს, რომ შინ არ ვიყავი, რადგან საძინებელში არავინ შემოსულა და არც არავის მოვუკითხივარ.
აღარაფერზე ვფიქრობდი. როცა ტირილით გული ვიჯერე, გულაღმა დავწექი და უაზროდ ჭერს მივაშტერდი. თითქოს გულზე მომეშვა. არ ვნერვიულობდი, არც სასოწარკვეთა დამუფლებია. მიკვირდა, რატომ ვიყავი ასე მშვიდად, რატომ არ მტკიოდა გული, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნამსხვრევებად მექცა. შეიძლება სწორედ ამიტომ. მას შეგრძნების და რამის აღქმის უნარი დაკარგული ჰქონდა. ის მკვდარი იყო უკვე. ასეთი გულგრილი არასდროს ვყოფილვარ. ახლა ერთადერთი რამ მინდოდა, მხოლოდ ერთ რამეს ველოდი. კესო რაც შეიძლება, მალე გამოჩენილიყო. მისთვის სამაგიერო უნდა გადამეხადა...
გვიან საღამოს მამა ჩამოვიდა. შევატყვე, ნასვამი იყო. კესო ჯერაც არ დაბრუნებულიყო. ამდენ ხანს რას აკეთებენ? ნუთუ მთელი დღე ერთად გაატარეს? ამის გაფიქრება ლურსმანივით მესობოდა გულზე. როგორც ჩანს, ნელ-ნელა გამოვდიოდი შოკიდან, იმიტომ, რომ მგრძნობელობა თანდათან აღმიდგა. სიბრაზე ხან წამომივლიდა, ხან დამიცხრებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, წონასწორობიდან არ გამოვსულიყავი და წეღან მოფიქრებული სცენარი არ გამეფუჭებინა.
დედას უკვე ეძინა. ეძინა ნაზისაც. ისინი სანდრიკას ოთახში ათევდნენ ღამეს. მე აივანზე სარწეველაში ვიჯექი, ჟაკეტი მჭიდროდ მქონდა შემოხვეული ტანზე და კესოს ველოდებოდი. მამა ბარბაცით მომიახლოვდა და ჩემ წინ დაჯდა. შევხედე. ისეთი ნაღვლიანი მზერა ჰქონდა... ასეთი სევდიანი პირველად ვნახე.
- მთვრალი ხარ? - ვკითხე.
- არა, ნასვამი.
- ეს ერთი და იგივეა.
- არ არის ერთი და იგივე.
- სულერთია. არც ნასვამმა უნდა ატარო მანქანა. თბილისიდან ამ მდგომარეობაში როგორ წამოხვედი?
- ეგ არაფერია, შვილო.
- დაიღალე?
- რატომ, მეტყობა რამე? - მწარედ ჩაიცინა, მერე უეცრად შემომიბრუნა კითხვა, - იცი, როგორ გამოიყურება დაღლილი ადამიანი?
- ვიცი, - მშრალად მივუგე და მივხვდი, ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ღირდა, არ მინდოდა ახლა ფილოსოფიური მონოლოგების მოსმენა, - ჩაის დალევ?
- ღვინოს დავლევ, ჩაის არააა, - ჩაიღიღინა და თვალი ჩამიკრა.
- ღვინო არ გვაქვს! სამაგიეროდ, გვაქვს ჩაი ან ყავა.
- არ მინდა. შენ როგორ ხარ, მამიკო? როგორ გაერთე დღეს?
- ისე, როგორც არასდროს, დაუვიწყარი დღე მქონდა, - ახლა მე ჩავიცინე ისე, როგორც წეღან მამაჩემმა.
- ძალიან კარგი. შენს ასაკში მეც კარგად ვერთობოდი. ცუდი იცი, რა არის? ახლოს რომ არ ვარ შენთან. არადა, ამის სურვილი ყოველთვის მქონდა.
- მერედა, რამ შეგიშალა ხელი? - დაკვირვებით შევხედე.
- რა ვიცი, ალბათ ვიზარმაცე ან ველოდებოდი, უფრო დიდი როდის გაიზრდებოდი. ახლა გიყურებ და ვხვდები, რომ საგრძნობლად გაზრდილხარ. აბა, რას იტყვი, ვილაპარაკოთ?
- რაზე? - გაოცებული მზერა მივაპყარი, ასეთ მამას პირველად ვხედავდი, მსგავსი გულახდილი საუბარი ჯერ არ გვქონია... თუმცა ეს საუბარი არც იყო, ეს იყო მხოლოდ მცდელობა გულახდილი საუბრისა.
- რა ვიცი, შენზე, - თითები ერთმანეთში ჩახლართა და თავჩაქინდრულმა ქვემოდან ამომხედა.
- რა გაინტერესებს? - ისე ჯიქურ მივაშტერდი, ამწუთას რომ ეკითხა, წოლილხარ თუ არა ვინმესთანო, ალბათ სიმართლეს ვეტყოდი.
- რა და... რა და ყველაფერი. როგორ ცხოვრობ, ვისთან მეგობრობ, პრობლემები ხომ არ გაქვს, ვინმე ხომ გჩაგრავს და ასე შემდეგ, - მთლად მთავარ საკითხამდე ვეღარ მივიდა.
- არა, მამა, ყველაფერი რიგზეა, არაფერი მაწუხებს, - ჟაკეტი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოვიტმასნე, რადგან შემაკანკალა.
- მერედა, მაგას რა ჯობია! თუ რამეა, აქ ვარ, შენ ოღონდ მითხარი და... იცოდე, ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი.
- ვიცი, მამა.
- რაც შეეხება დედაშენს და მე, ამაზე არ იდარდო. ყველა ოჯახში ხდება ჩხუბი და კამათი. დედაშენი მაგარი ქალია, გჯეროდეს მისი. ჩვენ უკვე შევრიგდით. ხომ გაგიგონია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო. ასეა. ჯერ ვიჩხუბეთ, მერე შევრიგდით. არ მიაქციო ამას ყურადღება.
- ვიცი, მამა, - თუთიყუშივით ერთსა და იმავეს ვიმეორებდი.
- შენი დაქალი სადაა?
- მოვა მალე, მაგრამ ხვალ თბილისში უნდა წავიდეს, - ცივად წარმოვთქვი.
- რატომ, მობეზრდა ჩვენთან?
- არა, დაურეკეს, აუცილებლად ჩამოდიო, საქმე აქვს.
- დამაწყნარებელი გვაქვს რამე? დედაშენი ხომ სვამს რაღაცებს ხოლმე.
- ნასვამი ხარ, არ შეიძლება შენთვის.
- შეიძლება. დავლევ და გავითიშები. უფრო მშვიდად დამეძინება. აბა, წავედი, თორემ ხვალ ადგომა გამიჭირდება. ღამე მშვიდობისა, ჩემო პატარა დიდო გოგო!
- ძილი ნებისა, მამა.
კესოს გამოჩენას არა და არ დაადგა საშველი. ძალიან შემცივდა. უფრო ალბათ, ნერვიულობისგან. ჩემს ოთახში შევედი და ჩაცმული წამოვწექი. რაც უფრო ახლოვდებოდა კესოს გამოჩენის დრო, მით უფრო მემატებოდა მღელვარება. აფორიაქებული უნებლიე მოძრაობებს ვაკეთებდი. ხან ხელის თითებს გავატკაცუნებდი, ხანაც ფეხის თითებს ავამოძრავებდი.
როგორც იქნა, კარი გაიღო და შემოვიდა. გაუკვირდა, როცა ნახა, რომ ლოგინში არ ვიყავი შეწოლილი.
- არ გძინავს?
- სად იყავი? - მშვიდად შევუბრუნე კითხვა.
- ვსეირნობდი.
- ვისთან ერთად?
- მარტო.
- და გგონია, დაგიჯერებ? შენ და მარტო სეირნობა, თანაც ღამე, თანაც ამდენი ხნით.
- რა გინდა, ნეკა? რაღაც აღრენილი ჩანხარ. მოხდა რამე?
- შენი აზრით, არ მოხდა?
ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა, თუმცა სიმშვიდის შენარჩუნებას შეეცადა და ისეთი მიამიტი სახე მიიღო, თითქოს არაფერში ყოფილიყო დამნაშავე.
- მე არ ვიცი, რას გულისხმობ. თუ მეტყვი, მეცოდინება.
- გეტყვი, რატომაც არა, - საწოლზე ფეხმორთხმით წამოვჯექი, ხელები მუხლებზე დავიწყვე და ღიმილით გავაგრძელე, - ზღაპარს მოგიყვები. შენ სეირნობდი დილიდან. სეირნობდი ტბის სანაპიროზე. მერე შეხვედი ნაძვებით დაბურულ ტყეში. არა, დაბურულში არა, მეჩხერ ტყეში, როგორც წითელქუდა. მოულოდნელად გამოხტა მგელი. შენდა გასაოცრად, ამ მგელს თორნიკეს სახე ჰქონდა.
კესო გველნაკბენივით შეხტა. თვალებგაფართოებული შეშინებული მომაჩერდა.
- არ გამაწყვეტინო! - ხელისგული წინ გავიშვირე და ასე შევაჩერე, როცა რაღაცის თქმა დააპირა, - მერე იმ თორნიკესსახიანი მგელი და გემრიელად შეუდგა შენს შეხრამუნებას. ასე იყო?
ენა ჩაუვარდა. მხოლოდ ტუჩებს ისველებდა წარამარა და თვალებს ახამხამებდა.
- გეკითხები, ასე იყო-მეთქი?
მოულოდნელად ჩემკენ დაიძრა, საწოლთან ჩაიმუხლა და მუდარანარევი ხმით დაიწყო.
- ასე იყო, მაგრამ მერე რა? ჩვენ ხომ სერიოზული ურთიერთობა არ გვაქვს. მიბრაზდები? მართალი ხარ, შენს ადგილას მეც გავბრაზდებოდი, მაგრამ შენ ამის მიზეზი არ გაქვს, დამიჯერე! ჩვენ მხოლოდ გავერთეთ, მეტი არაფერი. არც მე მიყვარს და არც მას ვუყვარვარ.
- არა, არ გიბრაზდები, - შესაშურად მშვიდი ტონით ვლაპარაკობდი, - თქვენი ცხოვრების გაკონტროლების უფლება ჩემთვის არავის მოუცია, რა უფლება მაქვს, რამეზე პასუხი მოგთხოვო.
- რა საოცარი გოგო ხარ, ნეკა. არ მეგონა, ასე მარტივად თუ შეხედავდი ამ ამბავს. ალბათ არ მოვიქეცი კარგად, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ საშინელება ჩავიდინე. ხომ მართალია? ხომ მაპატიებ?
- გაპატიებ? ვერა! შენ ვერ გაპატიებ, სხვას კი. და იცი, რატომაც.
- გთხოვ, ნეკა...
- ხვალ, როგორც კი გათენდება, აქედან აიბარგები და თვალით აღარ დამენახვები. გასაგებია?
- რა-ა! არა გრცხვენია, მაგას რომ მეუბნები? ვიღაც ბიჭის გამო სახლიდან მაგდებ? მაგნაირს მილიონს გაიცნობ! მე კი შენი საუკეთესო მეგობარი ვარ! - ხმას აუწია.
- აღარ ხარ... უბრალოდ, იყავი და მორჩა.
- განა რა მოხდა ასეთი? შენ რა გაგიფუჭდა ამით?
- სწორედ ის, ამას რომ ვერ ხვდები. მეტი არაფერი მითხრა, იცოდე! ამაღამ სხვა ოთახში დავიძინებ, ხვალ კი ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს აქ! - კბილებში გამოვცერი, დემონსტრაციულად გადმოვედი საწოლიდან და გარეთ გავედი.
- რატომ, ასე, რატომ? - ტირილნარევი ხმით მომაძახა.
- იმიტომ, რომ ჩემი გადასახედიდან შენს საქციელს ღალატი ჰქვია. მე კი მძულს მოღალატეები!
კვლავ დავმშვიდდი. თითქოს შევმსუბუქდი კიდეც. დაბლა ჩავედი, ნაზის ოთახში შევედი და მის საწოლზე წამოვწექი.
თორნიკეს გაცნობიდან მხოლოდ ათიოდე დღე იყო გასული. ასე როგორ გავსულელდი? რატომ დავაჩქარე ჩვენი დაახლოება? რა ბზიკმა მიკბინა? ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვკვდებოდი. თითქოს სისხლი აღარ მოძრაობდა ძარღვებში. ერთიანად მქონდა სხეული გაყინული. ტირილი მინდოდა და ცრემლი არ მეკარებოდა. ყვირილი მინდოდა და ხმას ვერ ვიღებდი. მოულოდნელად თითქოს ვიღაცამ ასანთს ღერი გაჰკრაო, რაღაც გაკრთა გულში და... ცრემლები ღაპაღუპით წამსკდა. საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. თუმცა, რატომღაც, მსიამოვნებდა ეს შეგრძნება. თავი რომანის მთავარ მოქმედ გმირად წარმომედგინა, რომელსაც უღალატეს, გული ატკინეს და რომელიც გაწირეს. მეცოდებოდა ჩემი თავი და სწორედ ეს მსიამოვნებდა.
როდის-როდის ჩავწყნარდი, გავყუჩდი და გვიან, ალბათ პირველი მამლის ყივილისას, ჩამეძინა...
გაგრძელება