ონლაინრომანი "ცუდი დასაწყისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
I ნაწილი II ნაწილიIII ნაწილიIV ნაწილიდილით ისე ვისაუზმეთ, ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ. უცხოებივით ვისხედით. არც კი შემიხედავს მისთვის. დედა წუხდა, რა ცუდია, კესო რომ გვტოვებს, იქნებ კიდევ დარჩენილიყო რამდენიმე დღეო, მაგრამ უკან არ დავიხიე. კიდევ ერთხელ კატეგორიულად განვაცხადე, რომ მას აუცილებელი საქმე ჰქონდა თბილისში და დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო. კესო მოკუნტული იჯდა და კრინტს ვერ ძრავდა. მგონი, ლუკმის გადაყლაპვაც კი უჭირდა. გულში ვზეიმობდი. ეს გამარჯვებას ნიშნავდა, მე გავიმარჯვე მასზე. გაჭრა ჩემმა პატარა შურისძიებამ და ცოტა შვებაც ვიგრძენი. ახლა ჯერი თორნიკეზე მიდგა. მისთვისაც მინდოდა სამაგიერო გადამეხადა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით ის, რომ თურმე სწორედ შეცდომებს მოსდევს გამოცდილება, არ მასვენებდა შინაგანი ხმა, რომ მისთვისაც გამეწნა ისეთივე "სილა", როგორიც კესოს მოხვდა... ან ცოტა უფრო მტკივნეული... ან, პირიქით, ნაკლებად მტკივნეული. ყველაზე დიდი დამნაშავე მაინც თორნიკე იყო ამ ამბავში. მისმა საქციელმა ჩემში თითქოს მიძინებული გარეული მხეცი გააღვიძა, რომელიც დაჭრეს და ტკივილისგან გამწარებული გალიას აქეთ-იქით აწყდება. ახლა ზუსტად ვიცოდი, როგორ მოვიქცეოდი ხვალ, ზეგ ან სულაც, ერთი წლის შემდეგ. თორნიკეს დაუდევრობით გადადგმულ ნაბიჯზე მომავალში სხვა აგებდა პასუხს. სულ სხვა, მაგრამ მისნაირი ბევრი ბიჭი დაიტანჯებოდა. ჰო, მტკიცედ გადავწყვიტე, ჭკუა მესწავლებინა კაცებისთვის და მე კი დავტანჯულიყავი მათთან ურთიერთობისას, არამედ ისინი დამეტანჯა. თითქოს გამომაფხიზლა ამ შემთხვევამ, გამომაფხიზლა ჩემმა ხუხულასავით ერთ წამში დანგრეულმა სიყვარულმა, რომელიც ოცნების კოშკის იდეით ავაგე... მორჩა! დღეიდან იოლად ვერავინ შემაბამს, ვერ მომატყუებს და ვერ დამარწმუნებს თავის სიყვარულში. მე ახლა სხვა ადამიანი ვარ, სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში!
ახლა კი ჯავრი მახრჩობდა. მინდოდა, როგორღაც დამეცალა ბოღმა, რომელიც სულს მიღრღნიდა, მინდოდა, მიმეხრჩო ვინმე, ან მეცემა, ან, სულაც, მომეკლა, ამწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
მთელი დღე ვიწრიალე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერანაირი საბაბი ვერავის ვერ გამოვუნახე. ამასობაში დაღამდა. ვიცოდი, ვერაფრით დავიძინებდი, ვიდრე ბოლს არ გამოვუშვებდი, ამიტომაც პირდაპირ ნაზის ოთახში შევაჭერი. ის ჟურნალს კითხულობდა.
- ნაზი, რატომ არ გარეცხე ჩემი სარაფანი? - ლამის ვუყვირე და აგრესიის უფრო გამოსახატავად თითები მოვმუჭე.
- როგორ არ გავრეცხე, გაშრა კიდეც და დასაუთოებლად გავამზადე. დაკეცილი დევს.
- ეგ რა გარეცხილია, საპნის ლაქები ეტყობა! წესიერად ვერ შეხედე? თუ რამით უკმაყოფილო ხარ? იქნებ ხელფასი არ გყოფნის? ის არ არის საკმარისი, სამადლოდ რომ გარჩენს დედაჩემი?
ნაზიმ გაოცებული მზერა მომაპყრო, მაგრამ ნაკვთი არ ატოკებია სახეზე. მშვიდად შემომხედა, მერე ჟურნალი დაკეცა, გვერდზე გადადო, დინჯად წამოდგა, ნელა მომიახლოვდა და ისეთი მტკიცა ლოყაზე, სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა. ენა ჩამივარდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ვერაფერი მოვიფიქრე. ნაზი მშვიდად გაემართა სავარძლისკენ, დაჯდა, ჟურნალი გადაფურცლა და კითხვა განაგრძო.
- რატომ გამარტყი, შე დეგენერატო! - ესღა მომაფიქრდა პასუხად, რადგან მისმა რეაქციამ უარესად გამაწბილა.
- იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექეცი. მე შენი ბავშვი არ ვარ. ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია, შენს სახლში ვცხოვრობ და ცოტა მეტ პატივისცემას ვიმსახურებ, - აუღელვებლად მომიგო.
- ან იმსახურებ და ან არა! ღირსი ხარ! ეგრე გინდა! - გამწარებული ვყვიროდი.
- მორჩი ღრიალს. თუ რამე გაქვს სათქმელი, აგერ დამიჯექი და მომიყევი. ვხედავ, რომ რაღაც შეგემთხვა, მითხარი და იქნებ შევძლო დახმარება.
- არაფერიც არ შემემთხვა და ასეც რომ იყოს, მაინც არ მოგიყვები.
- აი, დარდი. მაშინ მე თავი დამანებე, გასაგებია? - ოდნავ აუწია ქალმა ხმას.
- მეზიზღებით ყველანი! - კბილებში გამოვცერი და აცრემლებული კარს მივადექი.
- ნეკა, მოდი აქ, დაწყნარდი და ვილაპარაკოთ, კარგი? არ გვინდა ეს ძალად მტრობა, არ გამოგდის, ხომ ამჩნევ? - ნაზის მშვიდმა კილომ ადგილზე გამაქვავა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მის მკლავებში მოქცეული მთელი ხმით ვზლუქუნებდი და უდანაშაულო ადამიანს პატიებას ვთხოვდი.
- რაში მჭირდება შენი ბოდიშები, რას სულელობ! ხომ ვიცი, რომ ვიღაცამ ძალიან მწარედ გაგაბრაზა. იმასაც ვხვდები, ვინც. ამიტომ შეწყვიტე ტირილი და აქეთ გამოიხედე. მე უკვე დამავიწყდა, რაც მითხარი. ვითომ სიზმარი იყო და მორჩა. გაიგე? - ნაზიმ თავი ამიწია და ლოყაზე მაკოცა.
გვიანობამდე დავყავით ერთად. ორივენი მის საწოლზე ვიყავით წამოწოლილი და ვსაუბრობდით. ჩემი და თორნიკეს ამბავი მოვუყევი, მაგრამ ის, რაც ლისის ტბაზე, ნაძვის ძირში ვნახე, დავუმალე. ვერ გავბედე მისთვის ეს მეთქვა. ისედაც ძალიან დამცირებულად ვგრძნობდი თავს. თანაც, მისი პატარა ოთახი ვერ დაიტევდა იმ ცოდვას, რომელიც კესომ და თორნიკემ ჩაიდინეს. ნაზი ჭკუას მარიგებდა. მეუბნებოდა, ქალი გრძნობებს უცებ არ უნდა აჰყვეს, ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, თორემ ინანებსო. მისი რჩევები ჩემთვის გაკვეთილი იყო, გაკვეთილი, რომელიც აუცილებლად უნდა დამეზეპირებინა, რათა არასდროს დამვიწყებოდა...
ეს ის ღამე იყო, როცა ჩემთვის ზაფხული დამთავრდა...
* * *
მე თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში ვსწავლობდი. კლასში სულ 18 მოსწავლე ვიყავით, ამათგან მხოლოდ 9 გოგონა, დანარჩენი - ბიჭები.
სწავლა რომ დაიწყო, ცოტათი დაბნეული აღმოვჩნდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. უკარებას როლი მეთამაშა, თუ პირიქით, გავლაღებულიყავი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში არც არაფერი მომხდარა. განსაკუთრებით კესოსთან ურთიერთობა მაღელვებდა. უკვე აღარ მინდოდა მის გვერდით ერთ მერხზე ჯდომა. ამას თავადაც მიხვდა და უკან გადაჯდა. ჩემ გვერდით კი პუტკუნა მერიკომ მოიკალათა. ის მხიარული გოგონა იყო, ძალიან საყვარელი და თბილი. კარგად სწავლობდა, ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი იყო, გონება უჭრიდა და ცოტა არ იყოს, სხვებივით მეც მშურდა მისი. კესოს ზედაც არ ვუყურებდი, მის გვერდით ერთხელაც არ გამივლია. მერიკოს დავუახლოვდი და ახლა მხოლოდ მასთან ერთად დავდიოდი ყველგან. კესოს კი თითქოს ვერც ვამჩნევდი. კლასელებს არ გამოპარვიათ, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა, მაგრამ ზედმეტი შეკითხვები არავის დაუსვამს. კესო ისედაც არც ერთს თვალში არ მოსდიოდა თავისი ამპარტავნების გამო.
მეგობრული კლასი იყო ჩვენი კლასი. ამაში მასწავლებლებიც გვიწყობდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ. ზოგი ახალგაზრდა, ზოგიც ხანში შესული, მაგრამ თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა თავისი საქმე.
განსაკუთრებით სერგო მასწავლებელი გვიყვარდა. ის ქართულ ლიტერატურას გვასწავლიდა. დაახლოებით 30 წლის იქნებოდა, ცოლშვილიანი. ყოველთვის პეწიანად იცვამდა. ზამთარში შავი ჯემპრი, ჯინსის შარვალი და პიჯაკი ეცვა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი აუცილებლად - შავი მაისური. სულ მიკვირდა, რამ შეაყვარა ახალგაზრდა კაცს ასე შავი ფერი-მეთქი. თან ერთი უცნაური თვისება ჰქონდა. მზის სათვალეს არასდროს იხსნიდა. ზამთარშიც კი ეკეთა გაკვეთილზე. ინტერესი მკლავდა, ერთხელ მაინც ჩამეხედა მის თვალებში, მენახა, როგორი ფერის თვალები ჰქონდა, მაგრამ ეს "ბედნიერება" არა და არ მეღირსა. რას არ ამბობდნენ მასზე, ალბათ ელამიაო, ან ცალ თვალში მხედველობა დაკარგული აქვსო, მაგრამ მე არც ერთი მჯეროდა და არც მეორე. ვგრძნობდი, რომ მისთვის ეს მხოლოდ ჩვევა იყო და სხვა არაფერი.
სერგო მასწავლებელი შეყვარებული იყო ლიტერატურაზე, მსოფლიო მწერლები მგონი, ყველა წაკითხული ჰქონდა. გარდა ამისა, უყვარდა თეატრი და მხატვრობა. ძალიან ბევრს გვესაუბრებოდა ამ თემებზე და საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. ხშირად სახლშიც მივდიოდით მასთან და იქ ვაგრძელებდით დისკუსიებს. მისი ცოლი ალადებით და ჩაით გვიმასპინძლდებოდა ხოლმე.
მისი დამსახურება იყო, რომ კლასში ქართული ლიტერატურა ყველას გვიყვარდა. ცოტა გრამატიკა "გვიჩმახებდა", არ მოგვწონდა ეს საგანი სირთულის გამო, მაგრამ სერგოს ხათრით მაინც ვსწავლობდით. ბევრი რამ შეგვძინა სერგო მასწავლებელმა.
ერთი სული მქონდა, როდის ჩამთავრდებოდა სკოლის პერიოდი, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანი გავმხდარიყავი. ჩემს წარსულზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ როგორც კი თორნიკე გამახსენდებოდა, გული საშინლად მიფორიაქდებოდა. მაინც ვერ შევძელი მისი დავიწყება. ალბათ სადღაც, ბნელ კუნჭულში, მაინც მიყვარდა.
ერთ დღესაც, ისე მოხდა, რომ შინ მიმავალი პირდაპირ შევეფეთე, ვიღაც ბიჭებთან ერთად სიცილით მოუყვებოდა ქუჩას. მის დანახვაზე მუხლები მომეკეცა, ფეხი ამერია და სახეზეც ისე გავწითლდი, ადუღებულ წყალში ჩაგდებულ გოჭს დავემსგავსე. მინდოდა, თავი ამერიდებინა მისთვის, მეორე მხარეს გადავწყვიტე გადასვლა, მაგრამ დამაგვიანდა. მან შემამჩნია და დამიძახა.
- ნეკა!
შევჩერდი. შევეცადე, რაც შეიძლებოდა, მშვიდი გამომეტყველება მიმეღო.
- როგორ ხარ? სად დამეკარგე? რამდენს გეძებდი იმ დღეებში და არ გამოჩნდი, ვერ დაგელაპარაკე.
- რაზე უნდა დამლაპარაკებოდი? - თვალი თვალში ჯიქურ გავუყარე.
- იმაზე, რაც მოხდა. არ მესმის, რატომ მიიღე ის ამბავი სერიოზულად. შენც ხომ იცი, რომ კესოზე არასდროს მიფიქრია? მასთან, უბრალოდ, გავერთე და ეგ იყო, მეტი არაფერი.
- არ მაინტერესებს, - გულგრილად წარმოვთქვი და გვერდის ავლა დავუპირე, მაგრამ მაჯაში მტაცა ხელი.
- მოიცა, სად გარბიხარ! შემომხედე! აი, ასე... ახლა კი მითხარი, არ მოგენატრე? ჩემზე არ ფიქრობდი? ის დღეები არ გახსენდება, ერთად რომ ვატარებდით? მე სულ მახსენდები და გეძებდი კიდეც.
- არა, არ მომნატრებიხარ და არც არაფერს ვიხსენებ, ყველაფერი იმ დღესვე დამთავრდა! - ვცდილობდი, გულგრილი ვყოფილიყავი.
- იტყუები. ვიცი, რომ გენატრებოდი. ახლაც გენატრები. შენს თვალებში ვკითხულობ ამას. არ გინდა, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ?
ცახცახმა ამიტანა. რა უცებ გამიხსნა ნახევრადმოშუშებული იარა. ყველაზე მტკივან ადგილზე დამაჭირა ფეხი.
- ხვალ, ამ დროს, ზუსტად ამ ადგილზე დაგელოდები, კარგი? და მოდი... აუცილებლად. ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო, - ყურთან მომიტანა ტუჩები და როცა სათქმელს მორჩა, ლამის ჩავიკეცე...
* * *
იმ ღამეს ძილი არ გამეკარა. მხოლოდ თორნიკეზე ვფიქრობდი. კვლავ განმიახლდა ძველი ჭრილობა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ მაინც ჯიუტად ვცდილობდი მის გამართლებას. რა მოხდა მერე, კაცია, უარი რატომ უნდა ეთქვა? მაგრამ... და აი, ეს "მაგრამ" მჭედავდა სწორედ. კესო ხომ ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. სხვა ვინმე ვერ? მიუხედავად ამისა, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა და შევხვდებოდი...
ცოტათი დავაგვიანე შეხვედრაზე. რა მაგარ ფორმაში იყო, თვალი ზედ დამრჩა. გულიც კი დამწყდა, თავის დროზე რომ არ გავარკვიე მასთან ყველაფერი და უსიტყვოდ რომ დავკარგე. იქნებ ჯერაც არ არის გვიან? სადღაც მაინც ბჟუტავდა იმედის ნაპერწკალი.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი, წავედით.
- სად მივდივართ? - აკანკალებული ხმით ვიკითხე.
- მენდე, ცუდ ადგილას ნამდვილად არ წაგიყვან.
თორნიკემ ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უკარნახა. უხმოდ მივედით "დანიშნულების" ადგილამდე. ტაქსი რვასართულიან კორპუსთან გაჩერდა, ვაჟა-ფშაველაზე. მუხლები მიცახცახებდა, მანქანიდან გადმოსულს წონასწორობა რომ არ დამეკარგა, თორნიკეს დავეყრდენი.
- რა გემართება? ისე გეშინია, - ჩაიცინა.
როგორ არ მომეწონა ეს ჩაცინება. წამიერად ვინანე კიდეც, შეხვედრაზე რომ დავთანხმდი, მაგრამ შევედით თუ არა ბინაში, ყველაფერი დამავიწყდა. მან სიტყვის თქმაც არ მაცალა, მკლავები მომხვია. თავბრუ დამეხვა. ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა...
დაახლოებით ორი საათი დავყავით ერთად. არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, არადა, თითქოს რაღაც-რაღაცები უნდა გაგვერკვია. მხოლოდ მაშინ შემაწუხა თავმოყვარეობამ, როცა თორნიკემ ადგომა დააპირა.
- მოიცა ცოტა ხანს, სალაპარაკო მაქვს, - მაჯაზე ვტაცე ხელი და შევაჩერე.
- რაზე? რამე არ მოგეწონა? - არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ მის ტონში ზიზღი ვიგრძენი.
- არ იცი, რაზე? - სიბრაზისგან სახე ამიჭარხლდა.
- ნეკა, არ გვინდა ეს ქალური ისტერიკები, კარგი? მე შენთან არაფერში ვარ ვალდებული. ხომ მართალია? დაგაძალე რამე? გაგაუპატიურე? ის, რაც ჩვენ შორის მოხდა და ხდება, ჩვენი, ორივეს კეთილი ნება იყო. ასე გვინდოდა და ასე გავაკეთეთ. გასარკვევი რა გვაქვს? მე შენს პირად ცხოვრებაში არ ვერევი. გეკითხები, ჩემ გარდა სხვა ბიჭი გყავდა თუ არა? არ გეკითხები. შენც ნუ შემეკითხები, ოკეი?
- საქმე იმაში კი არ არის, რომ...
- ვიცი, რასაც გულისხმობ. მადანაშაულებ. შენი აზრით, არ უნდა მოვქცეულიყავი ასე? რადგან შენი დაქალოჩკაა, იმიტომ? იცი, რას გეტყვი? ის მომენტი უკან რომ დაბრუნდეს, ისევ იმას გავაკეთებდი, რაც გავაკეთე. მეტი საქმე არ მქონდა, უარი მეთქვა და მერე ჩემზე ელაპარაკა, მამაკაცობა არა აქვსო. იმ დღის მერე არ გავკარებივარ, ვითომ არც ვიცნობ, ისე ვექცევი.
დაზაფრული ვუსმენდი. მინდოდა, მეკითხა, მე რას მიპირებ-მეთქი, მაგრამ იმდენად მეშინოდა პასუხის მოსმენის, კრინტი ვერ დავძარი.
- ნუ ხარ "იზმენებში". მე შენ არ მიგატოვებ, შენთან ყველაზე მაგრად ვგრძნობ თავს. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. გაიგე? ახლა ჩაიცვი და წავიდეთ, საქმეზე მაგვიანდება. ამ დღეებში დაგირეკავ და კიდევ შევხვდეთ.
ცრემლები ყელთან მქონდა მობჯენილი, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა, ატირებული ვენახე.
- ეს ჩემი ძმაკაცის ბაითია, კიდევ დამითმობს, პრობლემა არ არის. ჩვენი ბუდე გვექნება და როგორც მოვახერხებთ, ისე მოვყუჩდებით ხოლმე აქ, - შერბილებული ტონით მითხრა და ჩაცმას შეუდგა...
* * *
ორი კვირა ისე გავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს. ღამეებს ვათენებდი კომპიუტერთან, ფეისბუკში ვიყავი შემძვრალი, მაგრამ ის წერილსაც კი არ მწერდა. მეც ვაჯობე ჩემს თავს და არ შევეხმიანე. არ ჩავთვალე ღირსად, გამოვლაპარაკებოდი. მისი შესახვეწი არაფერი მჭირდა. მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ დავუშვი შეცდომა და ახლა მთელი ძალისხმევით ვცდილობდი მის გამოსწორებას.
ერთხელაც სტატუსი დავდე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო და ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი. ერთხანს ითმინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ და მომწერა, რა იყო, ახალი საყვარელი გაიჩინეო? აბა შენს ლოდინში ხომ არ დავბერდებოდი-მეთქი. სიცილი დამაყარა. შენ მე გიყვარვარ და ჩემს მოტყუებას ნუ ცდილობო. მის ამ სიტყვებს მხოლოდ ერთი ობოლი ღიმილის სიცილაკით ვუპასუხე. ამან, ცოტა არ იყოს, დაძაბა და ისევ შეხვედრა მთხოვა. ახლა კი სადავეები ჩემს ხელში აღმოჩნდა. იმდენი ვახვეწნინე, იმდენი, იმდენიიიი... მაინც უარი ვუთხარი. ვერ დამითანხმა და გაბრაზებულმა მეგობრების სიიდან ამომშალა.
საერთოდ არ მწყენია. გასაოცარი იყო. ადამიანი, რომელზეც მაბოდებდა, ტკივილსაც ვეღარ მაყენებდა უკვე...
* * *
ეს ერთი წელიც და დამთავრდებოდა ჩემი მოსწავლეობის ხანა. 1 ნოემბერს დაბადების დღე მქონდა. დედამ მითხრა, რადგან სკოლას ამთავრებ, კარგ დაბადების დღეს გადაგიხდით მე და მამაშენიო. დიდად არ გამხარებია. ისედაც არასდროს ვიგიჟებ ხოლმე თავს დაბადების დღეებზე თუ სხვა სახის წვეულებებზე. მაინც მარტოსულად ვგრძნობდი ყოველთვის თავს.
- დაპატიჟე შენი კლასელები, ჩვენ წავალთ სახლიდან, მარტო იქნებით და თქვენთვის გაერთობით. ხომ გირჩევნია? ნაზი დარჩება მხოლოდ, რათა სუფრას მიხედოს. შენ ხომ არ იტრიალებ, იუბილარი! ჩვენ გენდობით, შვილო, დანარჩენი შენ იცი, მთლად თავზე ნუ დაიმხობთ სახლს და მეზობლების სალაპარაკოდ ნუ გაგვიხდი საქმეს.
პასუხად მხოლოდ ცალყბად გავუღიმე.
დილით რიგრიგობით შემოვიდნენ ჩემს საძინებელში ჯერ დედა, მერე სანდრიკა და ბოლოს მამა. დედამ ოქროს ჯაჭვი მაჩუქა, სანდრიკამ - მობილურის ჩასადები ბუდე, მაგრამ მამაჩემის საჩუქარმა ძველაზე მეტად გამახარა - პლანშეტი, მინიკომპიუტერი. როგორ ვოცნებობდი ამაზე! რა კარგი მამიკო მყავს!
გამოვცოცხლდი. ასეთი საჩუქრები არასდროს მიმიღია. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. ერთი მხრივ, რა კარგი ყოფილა, როცა სკოლას ამთავრებ. 17 წლის გავხდი. კიდევ ერთი წელიც და სრულწლოვანი დამერქმეოდა.
- თქვენ სად მიდიხართ? - გადავხედე ორივეს.
- ჩვენ წავალთ სადმე, არ დავიკარგებით. ორისთვის მოვალთ, მგონი, ეს დრო გეყოფათ, არა?
- ჰო, რა თქმა უნდა. სანდრიკო?
- სანდრიკოს ბიძამისი წაიყვანს ხვალამდე, - დედამ გულში ჩაიხუტა მოწყენილი და გაბუტული სანდრო და ნაღვლიანად გამიღიმა.
სწორედ ამ ღიმილით მივხვდი, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე აპირებდნენ საღამოს გატარებას. დედა ალბათ, სანდრო ბიძიას ეწვეოდა სახლში, მამა კი თავის `მარადიულ~ საყვარელს ესტუმრებოდა. მასაც დიდი ხანია, სხვა ქალი ჰყავს. სწორედ ამიტომ გაირბინა მათ შორის შავმა კატამ, მაგრამ დანამდვილებით დღესაც არ ვიცი, პირველად რომელმა რომელს უღალატა...
* * *
გოგო-ბიჭები ნელ-ნელა მოგროვდნენ. ყველაზე მეტს მერიკო მხიარულობდა. ძალიან მომწონდა ეს გოგო თავისი ხალასი ხასიათის გამო. კესო შეგნებულად არ დავპატიჟე. კიდევ ერთხელ ვიძიე შური მასზე. იჯდეს ახლა სახლში და შურით გასკდეს, მის გარდა, მთელი კლასი ჩემთანაა.
ნაზიმ კარგა ხანია, სუფრა გაშალა. ღვინო გვქონდა, მაგრამ მე ბუფეტიდან ორი ბოთლი კონიაკიც გამოვიღე და ბიჭებმა ჩამოასხეს. ცოტა რომ დავლიეთ, შევხურდით და თანდათან გავმხიარულდით. ბოლო ხმაზე ჩავრთეთ მუსიკა და ყველანი ავცეკვდით. ცოტა ხანში ბიჭები ისე დათვრნენ, ცეკვის თავიც არ ჰქონდათ. მეც ძალიან შემამსუბუქა ალკოჰოლმა, მაგრამ ჩემს სევდას ვერაფერი მოვუხერხე. არა, თორნიკეზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი დედასა და მამაზე. დედა ვიცოდი, სანდრო ბიძიასთან იქნებოდა, მამა ალბათ, თავის საყვარელთან, რომელსაც ვერ ვიტანდი. იგი არასდროს მყავდა ნანახი, მაგრამ რატომღაც, ძალიან მახინჯი და დაბარჯული წარმომედგინა. არ ვიცი, რატომ. ასე მეგონა, თავის დღეში თვალწასული წინდებით დადიოდა და ქუსლები ჰქონდა გაუხეშებული. ალბათ, მინდოდა, ასეთი ყოფილიყო, რათა დედას გული არ ტკენოდა, მამა ჩემზე უკეთეს ქალს ხვდებაო.
უცებ ვიღაცის მზერა ვიგრძენი. მოვიხედე და გუგა შემრჩა ხელში, ჩვენი სკოლელი, მასზე ერთი წლით ვიყავი უფროსი. იგი არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბიჭებისგან, დაჭორფლილი სახ ჰქონდა, მაგრამ ამწუთას მესიამოვნა მისი ყურადღება.
ამასობაში კარგა გვარიანად შეღამდა და ბავშვები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ. ზოგი ეზოში ჩავიდა, ზოგმა სმა გააგრძელა, ზოგიც აივანზე განმარტოვდა. გუგა მომიახლოვდა და მთხოვა, მამაშენის ნაჩუქარი კომპიუტერი მანახეო. სიხარულით დავთანხმდი და ჩემს ოთახში გავედით. ჩემი პლანშეტი წითელი ფერის იყო. ამაყად გავხსენი და ჩავრთე. გუგა ჩემ უკან იდგა. მოულოდნელად ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელი მხარზე და კისერზე მაკოცა. გაოცებულმა მოვხედე.
- აქ ამისთვის შემოგიყვანე? - შუბლი შევკარი და ცივად მოვიშორე მისი ხელი.
- არ ვიცი, რა მემართება. შენ რომ გიყურებ, ყველაფერი მავიწყდება, - უცნაური ხმით მიპასუხა.
მსგავსი სიტყვები ერთხელ უკვე მოვისმინე ლისის ტბის მიდამოებში. რა საოცარია ცხოვრება! ნუთუ მართლა ყველა კაცი ერთნაირია? ამ სიტყვების იქით ვერ მიდის ამათი გონება!
ორივენი ვჩქარობდით, მეც და გუგაც. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, ვინმე კარს მოდგომოდა. ამიტომაც ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, საერთოდ არაფერი მიგრძნია. ალბათ საბოლოოდ ვიძიე შური თორნიკეზე და ეგ იყო. განა შეიძლება, სხვა ახსნა მოეძებნოს ჩემს უგვანო საქციელს? რა თქმა უნდა, არა!
ცივად გავუღიმე. ბიჭი ბედნიერებისგან გონზე არ იყო, მე კი... ჩემთვის სრულიად არაფერს ნიშნავდა ის.
- გავიდეთ, თორემ რამეს იეჭვებენ.
- ნეკა, იმედია, ამას ვერავინ გაიგებს.
გაოცებულმა შევხედე.
- ვინ უნდა გაიგოს? ჩემი თავის მტერი კი არ ვარ, რამ გაფიქრებინა ეგ?- ვიწყინე, თუმცა მისგან არ უნდა გამკვირვებოდა, ის ხომ ჩემზე უმცროსი იყო და ბევრი რამ ჯერაც არ ჰქონდა გაცნობიერებული.
აივანზე დავბრუნდით. არავის შეუმჩნევია ჩვენი გამოჩენა, აქედან გამომდინარე, არც გაუჩინარება. ყველა თავისი საქმით იყო გართული, ყველა ცდილობდა, საღამოსგან განსაკუთრებული სიამოვნება მიეღო.
- ნეკა, ხომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს?- გუგა გვერდიდან არ მცილდებოდა.
- კი, როგორ არა,- თავი დავუქნიე.
- მე სერიოზულად გეკითხები.
- მეც სერიოზულად გპასუხობ,- იმავე ტონით გავუმეორე, გვერდი ავუარე და დაბლა ჩავედი, ეზოში განვმარტოვდი.
გვიან ღამით დაიშალნენ ყველანი. ნაზი მაგიდის ალაგებას უსიტყვოდ შეუდგა. ნეტავ რატომ აქვს ასეთი უკმაყოფილო სახე? ხომ არ დაინახა, მე და გუგა რომ ჩავიკეტეთ ოთახში? ოჰ, რა ვქნა, დაინახა და დაინახა, ნაკლებად მაინტერესებს, რას ფიქრობს ნაზი!
მოგვიანებით დედა მოვიდა. ის მარტო იყო.
- აბა, როგორი დრო ატარეთ?
- მშვენიერი,- მოკლედ მოვუჭერი.
- რამე ექსცესებს ხომ არ ჰქონია ადგილი?
- არა, რა ექსცესებს,- თავი გავაქნიე. ისე მშვიდად ვიყავი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს,- მამა სადაა? ერთად არ იყავით?- განგებ ვკითხე.
- მალე მოვა. წადი, დაიძინე!- თავიდან მომიშორა დედამ და სააბაზანოს მიაშურა.
ჩემს საძინებელში განვმარტოვდი. ღამის სიჩუმეში ახლა მხოლოდ სააბაზანოში მოშვებული წყლის ჩხრიალი ისმოდა, ცოტა გვიან კი კიბეზე მამაჩემის ნაბიჯების ხმაც გაისმა...
გაგრძელება