ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IIX ნაწილიX ნაწილი
ისეთი ლამაზი ფასადი ჰქონდა ვასკას რესტორანს, თვალი ზედ დამრჩა. ჩემი ოცნების სახლს წააგავდა რაღაცით - ერთსართულიანი, რამდენიმე კიბით ასასვლელი, წინ მთლიანად შემინული, შეჭრილი გვერდებით და კრამიტის სახურავით. ოჰ, ასეთ სახლზე ვოცნებობდი.
როგორც კი დარბაზში შევედით, მომსახურე პერსონალი მაშინვე გარს შემოეხვია თავის შეფმზარეულს, თან თვალს ჩემკენ აპარებდნენ, ნეტავ რა აკავშირებს ამ ქალთანო. მათი გამოპარებული მზერა აშკარად მოწმობდა, რომ საყოველთაო მოწონება დავიმსახურე, რამაც სიამოვნება მომგვარა. ჩემი ოქროსფერი კაბა ისე ბრწყინავდა ყვითელი სინათლეების ფონზე, აშკარად ღამის დედოფალს ვგავდი, რასაც არათუ სხვები, მეც ვხვდებოდი.
ვასკამ კუთხის მაგიდისკენ მიმითითა, იქ დავსხდეთ, სიმყუდროვეა და ხელსაც არავინ შეგვიშლისო. სიხალვათე იყო-მეთქი, ვერ ვიტყოდი, რესტორნის დარბაზი თითქმის შევსებულიყო. ძალზე ბევრნი იყვნენ უაზროდ მოყაყანენი და ძალზე ცოტანი ჩუმად მოსაუბრენი. ჰაერში ბლუზის ჰანგები იფრქვეოდა, რაც უფრო ინტიმურს ხდიდა ატმოსფეროს.
მოგვაყარეს და მოგვაყარეს კერძები, ცხელი თუ ცივი, მშრალი თუ წვნიანი, პირველი თუ მეორე...
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე საერთოდ ყველაფერი ცხელი მიყვარს, - დაიწყო ვასკამ, როცა სუფრა გაივსო, - ჩემს ცნობიერებაში ცხელი განსაკუთრებულ აღგზნებას იწვევს. ნებისმიერი რამ, ცხელი ყავა, ცხელი აბაზანა, ცხელი ზაფხული, ცხელი ხაჭაპური, ცხელი ქალი, ცხელი სასმელიც კი. აი, ამიტომაც ეს გროგი დააგემოვნე. - ამ სიტყვებიც ორთქლადენილი სასმელი ბოკალში ჩამოასხა.
- ის, რაც ახლა უნდა მოიტანოს მარიამმა, სულ სხვა რამეა, ჩვენებური არ გეგონოს.
დავნებდი. ოფიციანტმა წამებში შეასრულა შეფის ბრძანება და მაგიდაზე უცნაური ფორმის ბოთლი შემოდგა ფრანგული ეტიკეტით. გული ამიჩქროლდა. ყველაფერი ფრანგული ჩემში ყოველთვის მღელვარე განცდას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ სასმელს დიდად არ ვეძალებოდი.
რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ ვასკა შეხურდა და დაძაბულობაც მოეხსნა, გაიხსნა, გათამამდა, ხმასაც კი აუწია.
- დავგრადუსდი, - თითქოს დარცხვენით თქვა.
- ხანდახან დაგრადუსებაც საჭიროა, - გავამხნევე.
- ოღონდ არ ვიცი, ამან უფრო დამათრო (ბოთლს თითები მიუკაკუნა) თუ ამან ( ჩემს თმას მსუბუქად გაჰკრა ხელი).
თავი ინსტინქტურად უკან გადავწიე.
- ისე, მინდა იცოდე, რომ მე ცუდი გოგო ვარ! - ხმა გავიმკაცრე.
- მეეჭვება.
"ნუ გეეჭვება", - გულში გავეპასუხე და ეს პასუხი ცბიერი ღიმილით მივაწოდე, მერე კი ხმამაღლა დავამატე:
- უნდა დაიჯერო. - ირიბად წამომართულ კლდეს დავემსგავსე, რომელზე ასვლაც შეუძლებელია.
- სხვათა შორის, მეც ცუდი ბიჭი ვარ, რაც ამწუთას კიდევაც დავამტკიცე შენი თმის შეხებით, ასე რომ, მგონი, ერთმანეთს გავუგებთ, კარლა.
- პირიქით, ვასიკო. მინუსი და მინუსი ერთმანეთს არასდროს მიიზიდავს, - უკვე ისე ვიყავი განხიბლული, რაც უფრო ცდილობდა ჩემს შებმას, მით უფრო შორს ვიჭერდი თავს.
- ვცადოთ, ცდა ხომ ბედის მონახევრეა, - დანებებას არ აპირებდა.
- ამასთან, მე უკვე ვბერდები.
- ჰოდა, ერთად დავბერდეთ. გყვარებია ოდესმე ვინმე?
მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე:
- მყვარებია, მაგრამ... მაშინ ახალგაზრდა და შტერი ვიყავი. ახლა კი ბებერი ვარ, მაგრამ მაინც შტერი... ამიტომ შტერულ შეკითხვას ვსვამ: ხომ იცი, რომ შენზე უფროსი ვარ?
- მერე რა? ორი-სამი წელი არაფერია. ამასთან, შენ ჩემზე ახალგაზრდულად გამოიყურები. ასე რომ, შემოგვხედავენ და ჩვენზე იტყვიან, არაჩვეულებრივი წყვილიაო. დამიჯერებ, რომ გითხრა, დაგინახე თუ არა, მას მერე შენზე ვფიქრობ, სიზმრადაც ხშირად გხედავ.
ამაზე გამეცინა, იმიტომ, რომ მეც ბევრჯერ დამსიზმრებია, ეროტიკული სიზმარიც კი მინახავს მასზე, მაგრამ ამაზე კრინტს როგორ დავძრავდი?
- ვასკა, არ მითხრა, რომ ეს შენი ყველაზე დიდი სიყვარულია, რომ რაც უფრო ემატება ადამიანს ასაკი, მით უფრო ძლიერად უყვარდება.
ვასკამ ღრმად ამოხვნეშა, გაჩუმდა და ასპარეზი დუმილს დაუთმო, რომელმაც კარგა გვარიანად გაიჯეჯილა. მეც ვერ ამოვიღე ხმა, არ ვიცოდი, რაზე მელაპარაკა. ისევ თვითონ უშველა დაძაბულობას:
- საქმე სიყვარულის სიდიდე როდია. ეს გრძნობაა, რომელიც მხოლოდ სიღრმით იზომება და არა სიდიდით, - დახშული ხმით ამოთქვა, მერე თავი ასწია, თვალი თვალში გამიყარა და შემეკითხა, - არ გინდა, ვინმე შეიყვარო?
- უფრო არა, ვიდრე კი, - მოკლე პასუხი გავეცი, მაგრამ არა დაკონკრეტებული.
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი, ტუჩებზე რომ ჰქონდა მიფარებული, მოულოდნელად ჩამოიღო და ჩემი მარჯვენა ხელის ზურგზე მიმოატარა. როცა მისი თითის მოძრაობას დავაკვირდი, მივხვდი, რომ გული დახატა. მის შეხებაზე გული რაღაცნაირად ამიხმიანდა, შინაგანმა ხმამ კი უმოწყალოდ ამიწია ყური, ცდუნებას არ აჰყვეო.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ნული მთელი ერთი პროცენტი მაინც მრჩება შანსი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, ასე არაა?
თავი გავაქნიე და გაუღიზიანებელი ტონით ამოვთქვი:
- შენ ხომ შემპირდი, რომ ეს მხოლოდ მეგობრული საღამო იქნებოდა, რატომ იქცევი ასე? რისთვის მომიყვანე აქ, უსიამოვნო თუ სასიამოვნო საღამოს მოსაწყობად? - ეს ვთქვი და წამოდგომა დავაპირე.
- არა! ოღონდ ეგ არა! ძალიან გთხოვ, კარლა, ახლა რომ წახვიდე, ჩემს თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ. მორჩა, მეტს აღარაფერს ვიტყვი. თუ მეგობრული საღამოა, ჯანდაბას, მეგობრული იყოს. უბრალოდ, მინდოდა, გცოდნოდა, რომ როცა შენ გხედავ, ნეტარებით ვიტანჯები. სულ ეს იყო.
- პირობა მომეცი, რომ ამ საკითხს მეტად აღარ დაუბრუნდები.
- გაძლევ შეფმზარეულის გემოვნებიან სიტყვას! - წამოხტა, გაიჭიმა და მხედრული სალამი მომცა.
ამაზე გულიანად გამეცინა.
- ეგ არაფერი... ახლა დრო მოვიდა, ჩემი საფირმო კერძი დაგაგემოვნებინო.
კვლავ მოიხმო მარიამი და ყურში რაღაც უჩურჩულა. გოგონა ღიმილით გაგვშორდა, ცოტა ხნით შემდეგ კი თეფშით ცხელი კერძი შემოიტანა.
- როცა ახალი კერძის შექმნას ვიწყებ, სამზარეულოში წარმოუდგენელი რამ ხდება. როგორც კი ჩემს გონებაში კერძის ვერსია ჩნდება, მისი კონტურები, ფეთქებადსაშიში სიტუაცია იქმნება. ძალიან ემოციური ვარ... მიდი, დააგემოვნე, - ამ სიტყვებით კერძი თეფშზე ბლომად გადმომიღო. - სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია, მზარეულობა იმდენად ჩემი საქმიანობა იყო. წლების განმავლობაში ვიყავი ქვეყნიდან წასული და ნოსტალგიური განწყობა, ტკივილი ჩემი განუყრელი გრძნობა იყო. ყველაფერი მენატრებოდა - მეგობრების წრე, ცეკვა, სიმღერა, გასტრონომია... მე ის ვარ, ვინც თავად პროფესიამ "აირჩია", რადგან ძალიან კარგი მხედველობითი მეხსიერება და გემოს რეცეპტორები მაქვს. ეს პროფესია სხვა მგრძნობელობას უკავშირდება, რომელიც ბევრ ადამიანს არა აქვს. შეიძლება ბევრი ჩემზე უკეთესი მზარეულიცაა, მაგრამ არა აქვთ განსაკუთრებული მგრძნობელობა. ეს თანდაყოლილი უნარია, რომელსაც გამოცდილება ამყარებს. იგი ძირითადად უკავშირდება გემოს რეცეპტორებს, ენის წვერს, მხედველობასა და ყნოსვას. გემოს რეცეპტორები აპარატის მეხსიერებაა, რომელიც გემოს ან დადებითად აღიქვამს, ან უარყოფითად. დიდი ხნის წინ დავიწყე გემოების მოძებნა და შესწავლა. იცი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? ადამიანი აგემოვნებს სხვადასხვა არომატს, აქედან რაღაცას იმახსოვრებს და რაღაც იშლება მეხსიერებიდან. ადამიანის მეხსიერება პატარ-პატარა, უამრავი სათავსისგან შედგება და ყველა შთაბეჭდილებას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. როცა კერძს აგემოვნებ, მეხსიერების სათავსებიდან ერთმანეთს ეჯახება ის გემოები და არომატები, რომელიც ათვისებული გაქვს. წინ ის არომატებია, რომელიც მოგეწონა, უკან ის, რაც არ მოგეწონა. გასტრონომიული კულტურა სხვა ფილოსოფიაა და სულაც არ უკავშირდება ადამიანის ქცევის კულტურას, ისევე როგორც გემრიელად ჭამის სიყვარული არ ნიშნავს გურმანობას. ამ კულტურაში იგულისხმება ცხოვრების წესი, მაგალითად, კვირაში ორჯერ მაინც კარგ რესტორანში წასვლას და კერძების დაგემოვნებას, კერძების დაბალანსებულ შერჩევასაც, ეს იქნება ხორცეული, თევზეული თუ ვეგანური სამზარეულო. მაგალითად, როცა რესტორანში მოხვდები ქალთან, კერძი ზომიერად შერჩეული უნდა იყოს, გარკვეული წონასწორობის დაცვით, რომ ზედმეტად არ დაგანაყროს, რაც დისკომფორტს შეგიქმნის. ჩვენი საზოგადოება ჯერ მზად არ არის მსგავსი კონცეფციის რესტორნისთვის. ეს ჩუმი რევოლუციაა, რომელიც მე წამოვიწყე... მოგეწონა?
- უგემრიელესია, - ვუპასუხე პირგამოტენილმა, რადგან მართლაც საოცრებას მივირთმევდი. ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი გამესინჯა. კიდევ უფრო მეტად გამაოცა მისმა მსჯელობამ. საინტერესო ადამიანი შემრჩა ხელთ, რომელიც წარამარ იცვლებოდა. იმდენად განსხვავებული იყო, გეგონებოდა, ამწუთას ატმოსფეროში კი არ ცხოვრობს, სტრატოსფეროდანაა ჩამოფრენილიო...
ამის შემდეგ საღამო უჩვეულოდ სასიამოვნოდ წარიმართა. ბოლოს ვიცეკვეთ კიდეც.
შინ გვიან დავბრუნდით. სადარბაზოში, სანამ ერთმანეთს დავემშვიდობებოდით, სრულიად მოულოდნელად დამეძგერა და ისეთი მგზნებარებით მაკოცა ტუჩებში, სუნთქვა შემეკრა...
თუმცა, იმ ღამეს, ძილის წინ, ამ საღამოზე რომ ვფიქრობდი, შიშმა ამიტანა - მასთან ურთიერთობის გაგრძელება არ მსურდა. რომ წარმოვიდგენდი, ამ საღამოს პაემანთა გრძელი რიგი უნდა მოჰყოლოდა, უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა - რა დროს ჩემი "კექსის ჭამა" იყო, ამის სურვილი უკვე დამკარგვოდა. ხოლო ის, რაც შემრჩენოდა, თავისუფლება იყო, უკაცო ქალის თავისუფლება, რომელსაც ვერაფრით ვერ შეველეოდი...
თუმცა, ჩემთვის უსიამოვნო ეს სიტუაცია არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომელიც ემილის მოელოდა და ემილისთან ერთად - თითოეულ ჩვენგანს, რადგან ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც გათავისებული გვქონდა. ემილის გასაჭირი კი სებასტიანის სტუმრობას უკავშირდებოდა, რომელმაც ჩამოსვლით კი გვასიამოვნა, მაგრამ თავისი წინადადებით თავზარი დაგვცა...
სამი მარტიდან აგერ ოთხი დღე გავიდა და ვასიკოს არც დაურეკავს ჩემთვის, არც შემომხმიანებია. ჩემთვის გასაგები იყო, ასე რატომაც იქცეოდა. სურდა, გამოეცნო, რა რეაქცია მექნებოდა მის დუმილზე. ჰა-ჰა! მაგას ვჭამდი? სულაც არ მენაღვლებოდა, თავს შემახსენებდა თუ არა. ვიცოდი, რაც მითხრა, გულწრფელად მითხრა და არსად დაიკარგებოდა, ხოლო ყალბი სწორედ ეს მანევრი იყო, - "ვითომ არაფერი" რომ ერქვა. არადა, იმ დღის შემდეგ ორჯერ უკვე მესიზმრა. არა და არ გავიდა ეს კაცი ჩემი სიზმრების სამფლობელოდან. ამჯერად ეროტიკულის მსგავსი არაფერი დამსიზმრებია. ერთხელ იყო, ვიჩხუბეთ ვითომ, მეორეჯერ კი ზედაც არ შემომხედა. სწორედ ჩემი სიზმრიდან გამომდინარე ვასკვნიდი, რომ ჩემ იქით გზა არ ჰქონდა, რომ ისვენებდა თუ მუშაობდა, ჩემზე ფიქრით გულს იმძიმებდა. როცა რამე მესიზმრება, ყოველთვის საპირისპიროდ უნდა ამიხდეს - თუ ძილში ვტირი, ცხადში სიხარული მელის, თუ ფულს ვკარგავ, პირიქით, საიდანღაც, სულ რომ არ ველი, ფული შემომივა და ა.შ. ასე რომ, ველოდებოდი, სანამ გაძლებდა თავისი მყარი დუმილით.
ამასობაში სებასტიანის ჩამოსვლის დღე დადგა - რვა მარტიც გათენდა. ვერ ვიტყვი, რომ სპეციალურად დაამთხვია ამ დღეს, რადგან ქალთა ამ დღესასწაულს, მსოფლიოში დიდი რეზონანსი ალბათ საუკუნე იქნება, აღარ გამოუწვევია.
შვიდში, საღამოს, სამსახურიდან ცოტა გვიან მომიწია დაბრუნებამ და გავოცდი, როცა შინ მხოლოდ ენი და სოფი დამხვდნენ. ელისი და ემილი რომ მოვიკითხე, ენიმ მითხრა, მარკომ აუზზე წაიყვანაო. გავბრაზდი, რა დროს აუზი იყო, როცა ხვალ პარიზიდან საპატიო სტუმარს ველოდებოდით? ცანცარა გოგოები! მოვიდნენ ერთი, მაგათ ვუჩვენებ სეირს! გაბიზეც დავიბოღმე, ეს ბავშვი ბოლო დროს რაღაც უცნაურად იქცეოდა. შინ თუ იყო, უცებ რაღაცას მოიმიზეზებდა და გარეთ გავარდებოდა, ხოლო სკოლაში როცა იყო, გამუდმებით აგვიანებდა დაბრუნებას, თითქმის ყოველდღე.
ტელეფონი მოვიმარჯვე და სათითაოდ დავიწყე დარეკვა გაბისთან, ემილისთან, მარკოსთან, ელისთან. შენც არ მომიკვდე! დიდები ალბათ წყალში იყვნენ და გასაგებია, რომ ზარზე არ მიპასუხებდნენ, მაგრამ გაბი? ამ შეღამებულზე რომ შინ არ იყო რვა წლის ბიჭი, ვითომ კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო?
ასე ცხელ გულზე შევუდექი ვახშმის მომზადებას. მართალია, ენის კარტოფილიანი ღვეზელები დაეცხო, მაგრამ ცურვიდან დაბრუნებული ნაგიჟრები რომ მოვიდოდნენ, ღვეზელი ეყოფოდათ? მით უფრო ჩემს შვილს.
ისედაც აღრენილი ვიყავი და ჯესის ყეფა უარესად მშლიდა ნერვებზე. ერთი-ორჯერ ისეთი ვუყვირე, საწყალი ლეკვი წკმუტუნით გავიდა ენის ოთახში.
ბიჭის ამბავი მანერვიულებდა, ამიტომ ენის გავძახე, ჯესი სასეირნოდ გაიყვანეთ შენ და სოფიმ და იქნებ გაბის მოჰკრათ სადმე თვალი, ყურებაწეული მოათრიეთ სახლში-მეთქი. იმწუთშივე ჩაიცვეს და გავიდნენ. მარტი კი იყო, მაგრამ ისეთი სუსხიანი ამინდი დაიჭირა, ყოველ გარეთ გასვლაზე ცხვირი მეყინებოდა.
სოფიმ და ჯესიმ ხმაურით აიკლეს მთელი სახლი, სანამ ეზოში გავიდოდნენ. ნერვები დამაწყდა, მაგრამ წავიდნენ თუ არა, ისეთი სიწყნარე დასადგურდა სამზარეულოში, რომ გულზე მომეშვა. ნეტავ ეს ძაღლი მაინც არ გვყოლოდა, გულს მიწვრილებდა მისი მჭახე ყეფა. არადა, მიყვარს ცხოველები. ყველაზე მეტს მგონი, მაინც მე ვეფერები ამ კანდაჭმუჭნილ მაიმუნს. ძალიან საყვარელი და საოცრად თბილია. ისე იცის ჩახუტება, თითქოს ადამიანი იყოს. თუ გაუბრაზდები, მაშინვე წკმუტუნს დაიწყებს და თავს დახრის, ხვდება, რომ რაღაცაში დამნაშავეა და თითქოს ბოდიშს იხდის.
სულ რაღაც წუთები იყო გასული, რაც ენი და სოფი სასეირნოდ გავისტუმრე, რომ ზანზალაკები აწკარუნდა. ვიფიქრე, გაბი მოვიდა-მეთქი, მაგრამ მარკოს ღიღინი ვიცანი და შესაგებებლად გავედი სუფრის კოვზით ხელში, ტომატით რომ იყო მოთხვრილი.
- სად ბრძანდებოდით თქვენო სრულყოფილებავ? - ემილის მისამართით ვიკითხე, რადგან ხვალინდელ დღეზე ყველაზე უფრო ის იყო პასუხიმგებელი, მაგრამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოვასწარი, რომ გავშრი. ჩემი გოგონები ვერ ვიცანი. სახე ორივეს გაჰფითრებოდა, ადამიანის ფერი არ ედოთ.
- გიყურებთ და უცხოები მგონიხართ, რა გჭირთ?
- ვერ იცანი, დე, ხომ? - ჩაიცინა მარკომ, - ჰოდა, გაიცანი, ესენი ჩემი თევზები არიან. - ეს უკვე ირონიულად დააყოლა.
კითხვა ამჯერად მხოლოდ მზერით გავახმოვანე, სიტყვა არ დამიძრავს.
- ვაიმე, კარლა, რა ჭირად წავედით იმ აუზზე, სულ მარკოს ბრალია, აიჩემა, სებასტიანი არა ტოროლა, წავიდეთ, ვირელაქსაციოთო და... - ელისი გაჩუმდა.
- და? - სარკასტული ტონით გავიმეორე.
- კინაღამ დაიხრჩო ეს ქათამი წყალში. - და ემილის გადახედა.
- აააჰჰჰჰ! - აღმომხდა და ელდანაცემმა ორივე ხელი თავზე შემოვიდე, ჩემი ტომატიანი კოვზი სულ არ გამხსენებია. როგორც ჩანს, თმა ტომატით მოვითხვარე, რადგან ორივეც გაეცინა.
მარკო სამზარეულოში გამძვრალიყო, იქიდან ისმოდა მისი სტვენის ხმა.
- რამდენჯერ გითხარი, სახლში ნუ უსტვენ-მეთქი! - ისეთი ხმით ვიკივლე, მე თვითონ გამიკვირდა.
მარკომ თავი გამოყო კარს იქიდან და სრულიად მშვიდად მიპასუხა:
- მართალია, სტვენა არ შეიძლება, თორემ გავღარიბდებით... დე, ნუ წივი, ხო? ისედაც საშინელი დღე მქონდა და კიდევ ისა... მშია რა, დროზე გაშალე სუფრა, კაი?
- სუფრას მოგცემთ მე თქვენ! დაწანწალებთ აქ უპატრონო ბავშვებივით. მომიყევი ახლა, რა მოხდა, გასკდა გული! - ელისს თვალები დავუბრიალე, ტომატიანი კოვზი მარცხენა ხელში გადავიტანე, მარჯვენა კი თმაზე გადავივსი ტომატის მოსაშორებლად.
- რა მოგიყვე, აბა? ამან ხომ ცურვა არ იცის და თოკზე ეკიდა სულ ხელი. მე ამოსული ვიყავი და ვიმშრალებდი. უცებ დავინახე, როგორ აფართხალდა და დაიწყო ჩაძირვა. ხან ამოყოფდა თავს, ხან ისევ წყალქვეშ მიექანებოდა. კივილი მოვრთე, მარკო, მარკო-მეთქი. ეს კიდევ სხვა ხაზზე დაცურავდა, მთლად ბოლოში. ვაიმეეე, აღარ მახსოვს, როდის მოცურდა მარკო, მარტო ყვირილი მესმოდა. აი, ახლაც ყურში მიდგას, ემილის რომ უყვიროდა, ხელი არ მახლო, ხელი არ მახლოო!
ემილის შევხედე ზარდაცემულმა. თვალები ცრემლით ავსებოდა.
- ხოდა, ჩაავლო თმაში ხელი და გამოაცურა ჩემკენ. გადავრჩით, რა... მარკო რომ არ ყოფილიყო, დარხეული გვქონდა. ცოტა ხალხი იყო ისედაც, თანაც სულ ქალები. მარტო მარკო იყო კაცი.
- და ვინმე არ იყო? ან ინსტრუქტორი ან სხვა...
- წყალბურთელების მწვრთნელი იყო, მაგრამ ისინი მეორე დარბაზში, სხვ აუზში ვარჯიშობდნენ. სანამ მე გონს მოვიდოდი, იქ გავიდოდი და ვინმეს დავუძახებდი, გათავებული იყო ყველაფერი, დაიხრჩობოდა.
თავი გადავაქნიე.
- სად მიდიოდი, შვილო, რომ მიდიოდი, ა? ცურვა არ იცი და რას ხტები მაგ წყალში, შინ ვერ დაეტიე? ან რა უზი აგიტყდა? არ იცით, ხვალ რა დღეა? რაღაცაში არ უნდა წამეხმაროთ? თუ ვალდებული ვარ, ყველაფერი მე ვაკეთო და ვამზადო? ის კაცი ჩემს სანახავად კი არ ჩამოდის! - ჩამოვარაკრაკე და ბოღმისგანაც დავიცალე.
- დიიიდი სებასტიანი მოდის და შენ რა ცურვა აგიტყდა, ჰა! უყურე ამას შენ!
მარკოს იმპროვიზაციაზე ყურადღება აღარ გავამახვილე და აქოთქოთებული ახლა ელისს ვეცი:
- შენ კიდევ, ქალბატონო, რომ დატრაშუნობ აღმა-დაღმა, ერთხელ მაინც მოიკითხე დღეს, სადაა შენი შვილი?
ელისმა დაფეთებული მზერა მომაპყრო.
- ჯერ არ მოსულა? - ჩურჩულით იკითხა და მობილურს ეცა, რომ საათისთვის დაეხედა.
- არ მობრძანებულა, ბატონო, და არც ტელეფონს პასუხობს. როგორი მშობლებიც ჰყავს, შვილიც ისეთია, რა უნდა უთხრა, აბა? - ხელები გავშალე და "ახია შენზეს" მზერით მივაჩერდი გამშრალ ელისს.
მაშინვე ტელეფონს ეცა, ამჯერად გაბისთან დასარეკად, მაგრამ ამაოდ. გაბი არა და არ გვაწვდენდა ხმას.
- პოლიციაში ხომ არ დავრეკოთ? ენი სადაა? სოფი? ჯესი? - და უცებ ღიმილმა გაუბადრა სახე, - მატყუებ, ხო? ჯესის ასეირნებენ, არა?
- არა, ქალბატონო! - ნიშნის მოგებით მივუგე ზუსტად იმნაირი ტონით და ხმით, თვითონ როგორითაც მეკითხებოდა, - ენი და სოფი მის მოსაძებნად გავგზავნე.
- რა მოსაძებნად! - მოულოდნელად აფეთქდა ელისი, - ენი ორ ნაბიჯზე არ გასცდება კორპუსს და სად უნდა მოძებნოს? კაი რა, კარლა! - აქეთ მომიტრიალდა საყვედურებით.
ოი, როგორ გავმწარდი. დოინჯი შემოვიყარე და დაუნდობლად შევდექი, მაგრამ რა შევდექი:
- კაი რა კი არა, კეთილი ინებე და მიხედე შენს შვილს, მთლად ნუ აგირია გონება იმ შენმა მაქსმა და თავი სამყაროს ცენტრი ნუ გგონია! არავინ არაა ვალდებული, შენი დედობა შეითავსოს, გესმის? ცოტა გონს მოდი და საკუთარ თავს კონტროლი გაუწიე! მთლად აიშვი ბოლო დროს, აქაოდა, ქმარი აღარ მყავს და რასაც მინდა, იმას ვიზამო!
ელისი გაშრა. მისთვის ასეთი ბრალდებებით არასდროს მიმიმართავს, მაგრამ მეც ვეღარ მოვზომე. პასუხი არ გაუცია, ნაწყენი სახით ჰოლში გატრიალდა, გარეთ გავიდა და გასვლისას კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.
მისი გასვლა და გაბის ზარის შემოსვლა ერთი იყო - ბავშვი ჩემთან რეკავდა. ლაპარაკისას ქოშინებდა, აქვე ვარ, კორპუსთან და ორ წუთში მანდ ვიქნებიო.
მერე რაც მოხდა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება... გაბის მწარედ მოხვდა დედამისისგან, მაგრამ სად იყო, მაინც ვერასგზით ვერ ვათქმევინეთ. მარკო რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, ალბათ ცემაში შემოაკვებოდა დედამისს ბავშვი. ჩემმა შვილმა ბიჭს ხელი დაავლო და თავისთან წაიყვანა, კარისკენ მიმავალმა კი ელისს მწარედ ჩაუკრა, - შენ ჯერ არ ხარ იმ ასაკში, დედა გერქვასო...
საღამომ მართლაც უსიამოვნოდ ჩაიარა...
გაგრძელება