ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IX ნაწილიXI ნაწილი
სებასტიანს დიდი ზარ-ზეიმით დავხვდით აეროპორტში მე, ემილი და სოფი. ელისი არ წამოვიდა და არც გაბი გამოუშვა. ნაწყენი იყო ჩემზე და მებუტებოდა. თვითონ ხომ მოიშხამა გუნება და ბავშვსაც ჩაუმწარა სიხარული. გაბის ისე უნდოდა აეროპორტში წამოსვლა, სულ ცხარე ცრემლით იტირა. მარკო რომ ყოფილიყო, არ დაანებებდა ელისს, მაგრამ მარკო იმ დღეს საერთოდ გაგვერიდა - სებასტიანის სახელის გაგონებაც არ უნდოდა.
ჩვენდა გასაკვირად, ფრანგი სასიძო მარტო როდი ჩამოვიდა, თან ვიღაც ქალი ახლდა, მასზე გაცილებით უფროსი, რაც ერთი შეხედვისთანავე აშკარა ჩანდა. ვიფიქრე, ალბათ დაა მისი ან დედა-მეთქი. იმანაც გამაოცა, რომ რეალურ ცხოვრებაში მამაკაცი გაცილებით უშნო იყო, ვიდრე ფოტოებზე - დაჭორფლილი სახე და წითური თმა ღაჟღაჟა ლოყებთან ერთად ერთობ უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ემილისაც შევატყვე, რომ განიხიბლა.
მაგრამ პირველი ელდა მაშინ მეცა, როცა თავისი თანამგზავრი გაგვაცნო - ეს ჩემი მეუღლეა, ლორაო.
მეუღლეო! ლორაო! მგონი, გაოცებისგან ყბა მომეღრიცა. არც საწყალი ემილი ჩავარდნილა უკეთეს დღეში. ნეტავ რას მოეთრეოდა, ცოლიანი თუ იყო? ან ეს ბებერი რაღამ შეართვევინა? არადა, როგორი სიხარულით შევხვდი. ჭკუაზე არ ვიყავი, "მშობლიური" ფრანგული რომ მესმოდა და მეც ფრანგულად მიწევდა ვიღაცასთან საუბარი.
როგორი სულელები ვართ ქალები, არა? ოცნების კოშკებს ვაგებდით, სანამ სებასტიანი ჩამობრწყინებას ინებებდა, ზღაპრული რაშით ხან პარიზის თავზე დავფრინავდით, ხანაც თბილისის აეროპორტს ვურტყამდით ირაოს საფრანგეთიდან უკან დაბრუნებულები. ოცნებაცაა და ოცნებაც! ჰა-ჰა-ჰა! ოინიც ამას ჰქვია. საინტერესოა, რისთვის ჩამოვიდა? ახლა უკვე სხვა ცნობისმოყვარეობა მკლავდა. მეორე ცოლად ხომ არ უპირებს დასმას? მერედა, ფრანგული კანონმდებლობით ეს რომ აკრძალულია? მეგობარ გოგონად სჭირდება? მაგრამ ჩვენ? ჩვენ არ გვეკითხება?
მე და ემილიმ წუხელ თავზე დავითენეთ, სანამ ნაირ-ნაირები მოვამზადეთ და დავაცხვეთ, თან იმაზე ვბჭობდით, სასტუმროში დაგვებინავებინა სტუმარი თუ ჩვენთან, სახლში. ბოლოს გადავწყვიტეთ, ჩვენთან დაგვეტოვებინა, ჩემს საძინებელში მოგვეთავსებინა, ემილი ბავშვიანად და ენი კი მარკოსთან გაათევდნენ ღამეს, ჩემთან მხოლოდ ელისი დარჩებოდა გაბისთან ერთად. ცოტა არ იყოს, გვეუხერხულა სებასტიანის სასტუმროში გაშვება. თუ სტუმართმოყვარეობაა, სტუმართმოყვარეობა იყოსო - ასე ვმსჯელობდით.
ერთი სიტყვით, დანა პირს არ მიხსნიდა, ემილისაც კრიჭა ჰქონდა შეკრული. სებასტიანი მას ინგლისურად ელაპარაკებოდა, მერე მე ფრანგულად მომიბრუნდებოდა. პასუხის გაცემის სურვილიც კი დამეკარგა, მაგრამ რაღას გავაწყობდი? სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა, თუნდაც იმიტომ, რომ საჭესთან ვიჯექი და დიდი ალბათობა იყო, ცხელ გულზე ვინმეს დავჯახებოდი. სებასტიანი კი იჯდა ლორასა და ემილს შორის გაჭიმული, მუხლებზე სოფი ეჯდა და ისე ეფერებოდა, თითქოს მისი ღვიძლი შვილი ყოფილიყო.
ყველაზე მეტად მარკოს ჯავრი მქონდა. ამას რომ გაიგებდა, არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. ალბათ სულ ფრენა-ფრენით გადაისროდა ფანჯრიდან. კიდევ კარგი, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. თან მეცინებოდა, ამ სცენას რომ წარმოვიდგენდი, თან მეტირებოდა, ემილის ასე რომ გაუცრუვდა იმედი.
სახლში რომ შევედით, თვალებს არ დავუჯერე - ელისს ისეთი ლამაზი სუფრა გაეშალა, თქვენი მოწონებული. გულში მესიამოვნა, რომ არ დაიზარა და ჩემზე დაბოღმილმა ზურგი არ გვაქცია. სამზარეულოში შევიყვანე და ჯერ მადლობა გადავუხადე, მერე კი ბოდიში მოვუხადე, წუხელ ზედმეტი მომივიდა, საჭიროზე მეტად გავცხარდი-მეთქი. თვითონც მომიბოდიშა, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართალს მეუბნებოდი და გაბისთან მიმართებაში ბევრ რაღაცას ვაშავებო.
ასე რომ, კვლავ ტკბილი, შეკრული ოჯახის სტატუსით მივუსხედით სუფრას სტუმრებთან ერთად. ეს სებასტიანი სოფის წამითაც არ იშორებდა გვერდიდან, სუფრასთანაც კი მუხლებზე დაისვა და ისე შეუდგა ჭამას. მე საკმარისად ოფიციალური ტონით გამოვუცხადე, ჩვენთან ბავშვები უფროსებთან ერთად მაგიდასთან სადილად არ სხდებიან, ამიტომ გთხოვთ, სოფი ჩამოსვათ-მეთქი და ბავშვი, ასე ვთქვათ, ხელიდან ძლივს "გავაგდებინე". უკვე ეჭვები მღრღნიდა. ამჯერად სხვა ვარაუდი ამომიტივტივდა გონებაში - ნეტავ სოფის წართმევა ხომ არ განუზრახავს-მეთქი და ისე მოვიქოქე, როგორც მექანიკური სათამაშო მანქანის ზამბარა, ხელს რომ აუშვებ და ზრ-რრრ-ს ხმიანობით გავარდება წინ.
როგორც იყო, სადილი ჩავამთავრეთ და ბუხრის ოთახში გადავინაცვლეთ, ცეცხლი ავაგუზგუზეთ და სავარძლებში გადავნაწილდით. ორადგილინი სავარძელი, რაღა თქმა უნდა, სტუმრებს დავუთმეთ.
აღფრთოვანებული სებასტიანი ენას არ აჩერებდა - რა გემოვნებითაა აქაურობა მოწყობილიო, ბუხარიო, ცეცხლიო, ყვავილებიო... ზამთრის ბაღი ჩვენც გვაქვს, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი არ არისო. მერე ემილი ამოიჩემა, უფრო ლამაზია, ვიდრე სურათებზეო. იმდენი გაგიხმა თავი-მეთქი, გავიფიქრე, ჩემს გოგოებს ისეთი დაფოტოშოპებული სურათები ედოთ სოციალურ ქსელში, ფრთებიღა აკლდათ, ანგელოზებად მოგჩვენებოდნენ, მაგრამ ცხოვრებაში კი არ იყვნენ ეგეთი ულამაზესები, თუმცა გარეგნობა მართლაც არც ერთს არ აკლდა. ვითომ ჯენტლმენობას იჩენდა ჩვენი ფრანგი ვაისასიძო. რახან გაუჩერებლად ყბედობდა და არსებითზე სიტყვის დაძვრას არ აპირებდა, ამომასხა, კვლავ ოფიციალური ტონი დავიჭირე და შევეკითხე, თქვენი ვიზიტის მიზეზი რა არის-მეთქი.
- ოოო, მადმუაზელ! - ხელები გაშალა და ისე გაიცინა, ჭორფლებიც კი აჰყვნენ, - ჩვენ ძალიან კარგი წინადადება გვაქვს ემილისთან. მე და ლორა ცხრა წელია, ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ შვილები არ გვყავს. სამწუხაროდ, დავისაჯეთ, რას ვიზამთ. ლორა უშვილოა, საშვილოსნო ამოაჭრეს და ხელოვნური განაყოფიერებითაც კი ვერ გააჩენს ბავშვს. ემილი რომ გავიცანი, აღტაცებული დავრჩი. სოფი ისეთი დიდებულ ბავშვია... ისე მიყვარს, როგორც შვილი... მეც და ლორასაც...
- და მერე? - ისე ცივად გავაწყვეტინე, ნირი წაუხდა. ლორას გადახედა, რა ვქნაო, იმან კიდევ "თქვი შენი სათქმელი" მზერით გაამხნევა, და ამანაც გააგრძელა:
- ვიფიქრეთ, ემილი თან წავიყვანოთ. ფულს გადავუხდით, ხელფასი ექნება ყოველთვიური, სოლიდური თანხა... მინდა, შვილები მისგან ვიყოლიო... ორი მაინც... მერე კი უკან დაგიბრუნდებათ. - ასე დაამთავრა თავისი სათქმელი და გასაქცევად გამზადებულივით ცალი დუნდულით ჩამოჯდა სავარძელზე, თან ერთმანეთში ჩახლართული თითები პირდაპირ თავის სასირცხვოზე დაიწყო, თითქოს შარდი მოსწოლია და მას იკავებსო.
რა კარგი ვქენი, თავიდანვე რომ მოვქოქე ჩემი თავი. ისეთი ზ-რრრ ხმიანობა ამოვუშვი, ეს ჩვენი სტუმარი გაოგნებული შეხტა. აღარ მახსოვს, რა ვილაპარაკე, რამდენ ხანს, როგორი ეპითეტებით შევამკე ერთიც და მეორეც. რაც კი ფრანგული ვიცოდი, ბოლომდე მათ დავახარჯე. სანამ თავის სურვილს გაახმოვანებდა, ვაპირებდი, რაც შეიძლება ზრდილობიანად დამეჭირა შორს მისი წინადადება, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ მისმა შემოთავაზებამ იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, თავი ვეღარ შევიკავე. ეს სრული შოკი იყო. მართალია, სალანძღავი სიტყვები არ დამცდენია, მაგრამ საკმაოდ ვრცლად ჩამოვუყალიბე, რამხელა დამცირება იყო ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის და რამდენად მიუღებელი წინადადება. ემილი უკვე ღრიალებდა, იმდენი იტირა, რომ თვალები ჩაუწითლდა. ელისმა ოთახიდან გაიყვანა, იქ კი სოფი გაგიჟდა, დედა ატირებული რომ დაინახა.
ცოლ-ქმარი კარგა ხანს გაქვავებული იჯდა. ასეთ დახვედრას არ მოელოდნენ. აღარ მოვერიდე. ბოლოს გამოვუცხადე, სასტუმროში ნომერს შევუკვეთ და შეგეძლებათ გამგზავრებამდე იქ მოეწყოთ-მეთქი. არც ფულის გადახდას შევპირებივარ და არც სანახავად მისვლას. ამჯერად ქართული სტუმართმოყვარეობა მთლიანად დავივიწყე. არადა, გეგმაში გვქონდა, ისტორიული ადგილები მოვატაროთ, ყველაფერი დავათვალიერებინოთ, რაც კი ღირებული და საამაყო გვაქვს-მეთქი. ამის ღირსნი არ იყვნენ. რაც დაიმსახურეს, ის მიიღეს. ისიც კი ვუთხარი, რა გარანტია გქონდათ, ასეთ რამეზე რომ დაგთანხმდებოდით, ამხელა გზა რომ გამოიარეთ, გეგონათ, სიხარულით ავიტაცებდით თქვენს წინადადებას-მეთქი? დონორი დედა იქ გეპოვათ, პარიზში, რაღა საქართველო და ქართველი მოისურვეთ-მეთქი. ერთი სიტყვით, არაფერი დამიკლია, რასაც ვფიქრობდი, ყველაფერი უცერემონიოდ მივახალე.
სასტუმრომდე მანქანით ორივე ელისმა მიაცილა, სადაც წინასწარ დავრეკე და ორადგილიანი ნომერი დავუჯავშნე. მას შემდეგ სებასტიანზე არაფერი გვსმენია. ემილი კი კიდევ ერთხელ დაგვრჩა ცხოვრებაზე გულგატეხილი...
აღარ ვილაპარაკებ იმაზე, როგორი რვა მარტი გაგვითენდა და დაგვიღამდა. არც მეგობრების მოლოცვებმა გვიშველა, არც მარკოს საჩუქრებმა. ის დღე კი არა, მთელი თვე ჩაგვმწარდა. ემილი კრიჭაშეკრული დადიოდა, წესიერად არც კი გველაპარაკებოდა. ენის მსგავსად თავის თავში ჩაიკეტა და მორჩა. ორი კვირა სამსახურშიც არ გასულა, სოფისაც კი არ აქცევდა ყურადღებას. საწყალი ბავშვი იმდენად მომეჯაჭვა, რომ იძულებული გავხდი, დროებით ძიძის როლი შემეთავსებინა. სოფიც დასევდიანდა, ენისაც არ მიჰყვებოდა საღამოობით ჯესის გასასეირნებლად. არადა, ენი ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალა, ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს გაჰყავდა ჯესი გარეთ და იმის მიუხედავად, გაჰყვებოდნენ სოფი და გაბი თუ არ გაჰყვებოდნენ, გამოაბამდა ჯაჭვს ჯესის და სკვერში გადიოდა, რომელიც ჩვენგან მესამე კორპუსის უკან მდებარეობდა.
მარკო ხომ დასაბმელი შეიქნა, როცა სებასტიანის ამბავი გაიგო. გაცოფებული იწევდა, მითხარით, რომელ სასტუმროში დაბინავდა, რომ ცხვირ-პირი დავუნაყოო, მაგრამ მე და ელისმა არ გავუმხილეთ. მერე მთელი თვე გვაყვედრიდა, ხომ გაფრთხილებდით, რომ ეგ კაცი ცუდი მასტი იყო და რატომ არ დამიჯერეთო. იმდენად განიცადა ემილის ამბავი, რომ იმ დღიდან მოყოლებული თვის ბოლომდე სამჯერ უგონოდ მთვრალი დაგვადგა თავზე. ერთხელ მთლად შუაღამისას წამოგვყარა ლოგინიდან, ისეთი ბრახუნი ატეხა კარზე და სებასტიანის მისამართით გინების კორიანტელი დააყენა. მთელი კორპუსი ფეხზე დადგა. რომელიღაც მეზობელმა პატრულსაც კი გამოუძახა. როცა, საბედნიეროდ, ყველაფერი მიწყნარდა, გალეშილმა ტირილი მორთო, მე რა კაცი ვარ, როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანს ასე მოექცნენ და სამაგიეროს გადახდა არ შემიძლიაო. ხან მუშტები დაუშინა მაგიდას, ხან ფეხები აბრაგუნა. მერე კალთაში ჩამიდო თავი და ისევ ატირდა. როგორც შემეძლო, დავამშვიდე, ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან... როდის-როდის ჩაეძინა და მაშინღა ამოვისუნთქე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შვებით...
ასეთ დაძაბულ ვითრებაში ჩაიარა მარტმა. მაქსის სტუმრობაც გადაიდო. შეგვეშინდა, სებასტიანზე დაბოღმილმა მარკომ მაქსზე არ იყაროს ჯავრიო და მისი ჩვენთან ვიზიტი აპრილისთვის გადავწიეთ. გაზაფხული ცუდად დაიწყო...
აპრილის პირველივე რიცხვებიდან ისე დათბა, რომ გათბობა გამოვრთეთ. ის კი არა, დილიდან საღამომდე ფანჯრები ღია გვქონდა და თუ შინ ვიყავით, აივანზე გავდიოდით და მზეს ვეფიცხებოდით.
იმისთვის, რომ ემილისთვის ტკივილი დაგვევიწყებინა, რაღაც უნდა მოგვეფიქრებინა. მორიდებული და უთქმელი ისედაც იყო, მაგრამ ახლა მთლად სევდა გახდა. მარკო, როგორც ყოველთვის და როგორც ყველასთან, მის გამხიარულებასაც მთელი არსებით ცდილობდა. ხან გვერდით ამოიყენებდა, მხარზე ხელს გადახვევდა და ელისს გასძახებდა, მიდი, ჩაგვაფოტკოვე მინორი და მაჟორი და მერე ფეისის ვოლზე დადეო. ხან ზურგზე მოიგდებდა და ოთახში დაარბენინებდა, ხანაც კბილის პასტას აიღებდა და უკან დასდევდა, უნდა გაგპასტოო. ემილის წივილ-კივილი მთელ სახლში ისმოდა. ჩვენ კი ვიცინოდით, მაგრამ დიდად არც ამან უშველა მის ტკივილს.
ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ისეთი, რომ ცოტათი მაინც დავიწყებოდა ეს ამბავი. ბოლოს ელისმა მიაგნო გამოსავალს. ემილის რამდენი ხანია, მანქანის ყიდვა უნდა და იქნებ ამან გაახალისოსო. ემილი მანქანისთვის ისედაც აგროვებდა ფულს, გოგოების ფირმა მშვენივრად მუშაობდა, შემოსავალს არ უჩიოდნენ, ცოტას ჩვენც თუ დავუმატებდით, ახლავე შეგვეძლო მისთვის ავტომობილის შეძენა. მარკო მაშინვე დაფაცურდა. მე, როგორც ყველაზე შემოსავლიანმა, არ დავიზარე, არც დამენანა და ათასი დოლარი დავდე, ხუთასი ელისმა დაამატა, ამდენივე მარკომ მოაქუჩა. ემილის დანაზოგიც გამოვიდა დაახლოებით ორი ათას ხუთას დოლარამდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე შეგვეძლო მისთვის მანქანა გვეყიდა. ემილიმ თავდაპირველად შორს დაიჭირა, გაგონებაც არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმეთ და აპრილის შუა რიცხვებისთვის საქმე მოვაგვარეთ. მარკო და ელისი მთელი კვირა დარბოდნენ მანქანების ბაზრობაზე, რომ რამე ხეირიანი მოეძებნათ და მოძებნეს კიდევაც - ჰიუნდაი. მართალია, ახალი და სალონიდან გამოყვანილი არ იყო, მაგრამ განვლილი მანძილის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ახალს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
შენაძენმა ასე თუ ისე გავლენა იქონია ემილიზე. მართვის მოწმობა ჰქონდა, ელისის მანქანასაც დაატარებდა ხოლმე, ამიტომ მიჩვევა არ გასჭირვებია. ასე იყო თუ ისე, ნელ-ნელა ხასიათიც გამოუკეთდა. ყველანი ისე ვიყავით დათრგუნვილები მის გამო, რომ სიხარულის გამოხატვისაც კი გვეშინოდა. ვიღას ახსოვდა ჩვენი გულახდილი საუბრების საღამოები, ამისთვის ვის ეცალა? თითქოს დავშორდით ერთმანეთს, ძველებური სიმხიარულე აღარ იგრძნობოდა სახლში. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, საერთოდ ხომ არ დავიშალოთ და ჩვენ-ჩვენს ბინებში გადავბარგდეთ, იქნებ გოგოს თავის შვილთან მარტო ცხოვრება ურჩევნია-მეთქი. ერთ საღამოს კიდევაც შევთავაზე, თუ გინდა, დაგტოვებთ მარტო და შენთვის იცხოვრე-მეთქი. ტირილით გასკდა, უთქვენოდ რა გამაძლებინებსო.
- ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, კარლა, - სლუკუნით მითხრა, - თქვენ რომ არ იყოთ, ალბათ თავსაც არ ვიცოცხლებდი. მე რომ ახლა მარტო დამტოვოთ, ვიცი, რომ გავგიჟდები. ახლა მხოლოდ თითოეული თქვენგანის გვერდით ყოფნა თუ მიშველის, სხვა ვერაფერი.
მაშინ ულტიმატუმი წავუყენე, ასე თუ გააგრძელებ, მართლა წავალთ და ყველანი დაგტოვებთ-მეთქი.
- უკვე აუტანელი გახდა შენი ყურება. ცხვირ-პირი ჩამოგტირის, თითქმის არ გველაპარაკები. სიმართლე გითხრა, ყველა დაიღალა შენი მოჟამული სახის ყურებით. ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა ასეთი? ვიღაც ფრანგს რაღაც დებილური იდეა მოუმწიფდა თავში, ამის გამო თავი დარდით უნდა მოიკლა? მე თუ მკითხავ, მისნაირ ადამიანებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი მზის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ. ჩვენდა ჭირად, სებასტიანისნაირებსაც აქვთ არსებობის უფლება. მისი უაზრო წინადადება ჩვენთვისაა უაზრო, თორემ თავის ქვეყანაში საკმარისად აზრიანია. იქ ასეთი რამეები არავის უკვირს. ასე რომ, ძალიან გთხოვ, ნუღარ მიიტან გულთან ახლოს ამ სისულელეს და ჩვენც ნუ შეგვიწირავ შენი ვარამით. ცოტა ჩვენზეც იფიქრე, კარგი?
ამან გაჭრა. იმდენად შეაშინა მარტო დარჩენის პერსპექტივამ, რომ იმ საღამოსვე შეიცვალა. გველაპარაკა კიდევაც, გაიცინა, საჭმელიც ჭამა, ბავშვსაც ეთამაშა და ენისაც გაჰყვა საღამოს ჯესის გასასეირნებლად.
მეორე დღიდან კი ცხოვრება ძველ დინებას დაუბრუნდა.
ყოველთვის მეგონა, რომ ჩემს შვილს კარგად ვიცნობდი, მისი მესაიდუმლე ვიყავი და არაფერს მიმალავდა. თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ რაღაც გამომპარვია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების მიღმა დამრჩენია.
საღამო ხანი იყო, შინ მარტო მე და ენი ვიყავით. ენი მეცადინეობდა. მტკიცედ გადაწყვიტა, ზაფხულში მისაღებ გამოცდებზე გასულიყო და სამედიცინოზე ჩაებარებინა. ცეკვის გაგრძელებაზე სიტყვაც არ დაუძრავს, ეს თემა დიდი ხნის წინ დაიხურა. არც უნივერსიტეტში აღდგენაზე ლაპარაკობდა, ხელახლა ჩაბარება მოისურვა. მთელი დღე ოთახში იყო ჩაკეტილი და კითხულობდა, სწავლობდა. უნარებში მარკო ამეცადინებდა. რამდენჯერ დამიგდია ყური, როგორ უხსნიდა ამა თუ იმ ტექსტის შინაარსს, როგორ სხარტად და მსუბუქად აგებინებდა, როგორ ამოეხსნა ესა თუ ის მათემატიკური ამოცანა. ენი ისედაც ნიჭიერი გოგო იყო და მარკოს ახსნილს ადვილად ითვისებდა. სხვა საგნებში კი დამოუკიდებლად მეცადინეობდა, სახელმძღვანელოებიდან თავს არ იღებდა.
ჯესი თავის ფარდაგზე იწვა და თვლემდა, მე კი აივანზე სარეცხს ვფენდი. ამ დროს ჩემი მობილური აწკრიალდა და არ გაჩერდა. მაინც არ ვუპასუხე, სანამ გაფენა არ დავამთავრე. როცა საქმეს მოვრჩი და ნომერს დავხედე, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი მირეკავდა. ბოლოს მესიჯი გამოეგზავნა, მაღლა ვარ, შენთან საქმე მაქვს და ამოდიო. რატომღაც, შემეშინდა, რამე შარში ხომ არ გაეხვია-მეთქი და გულამოვარდნილი ავვარდი მასთან.
- მშვიდობაა? - შეშინებულმა შევათვალიერე, ნაცემი არ იყოს-მეთქი.
სიცილი აუტყდა.
- რა იყო, რა პანიკაში ხარ? შემო!
- რა ვიცი, ისე დამიბარე, მეგონა, ქვეყანა იქცეოდა. დაბლა ვერ ჩამოხვედი? აქ რატომ ამომიყვანე?
- იმიტომ, რომ მინდოდა, მარტო მე და შენ ვყოფილიყავით.
ლოჯიაში გავედით. სავარძელში ჩავჯექი და დაძაბულმა ფეხი ფეხზე გადავიდე.
- დე, შენი რჩევა მჭირდება, - რაღაცნაირად დამორცხვებულმა მითხრა.
- აბა, გისმენ. რა ხდება? - მთლად დამეჭიმა სხეული, სუნთქვაც კი გავიჩერე.
- რა ვქნა, ლენუკას რა მოვუხერხო, დედუცი? - სინანულით სავსე მზერა მომაპყრო.
- ლენუკას? რა იყო, ორსულადაა? - ეს იყო ერთადერთი, რამაც გონებაში გამიელვა.
- არა, რა ორსულად... კაი, რა მოგივიდა, რას დაპანიკდი? - გაიცინა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ნაძალადევად გამოუვიდა.
- მე რას დავპანიკდი, შენ თვითონ არ ამბობ სათქმელს ბოლომდე და... მითხარი მაშინ, რა სჭირს და გეტყვი, რაც უნდა მოუხერხო. დაშორდით ერთმანეთს?
- არა, ჯერ არა... უბრალოდ... მინდა დავშორდე და არ ვიცი, როგორ.
ახალმა ამბავმა დამამშვიდა. თუ მხოლოდ ეს იყო მისი შფოთვის მიზეზი, რატომღა უნდა მენერვიულა?
- არ გიყვარს?
- კი მიყვარს, მაგრამ... - მცირე პაუზა გააკეთა, მერე კი გააგრძელა, - სხვაც რომ მიყვარს?
- სხვა-ა? - გაოცებისგან პირი დავაღე, - ეგ სხვა ვინღაა?
- ნუ, რა მნიშვნელობა აქვს...
- დედა, არ შეიძლება, ორი ქალი ერთდროულად გიყვარდეს. ასე არ ხდება. შენ საერთოდ არ იცი, რა არის სიყვარული. თავის დღეში არ გყვარებია. შენი სიყვარული მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი.
- ე! დაიქოქა ახლა! - უკმაყოფილოდ შენიშნა მარკომ, - კარლა, მე რჩევა მჭირდება, დედის რჩევა, გესმის?
- კი ბატონო, მიდი, მომიყევი ყველაფერი და თუ რამე შემეძლება, გეტყვი.
- მოკლედ... - კვლავ პაუზა გააკეთა და სავარძელში გადაწოლილმა ხელები ინსტინქტურად ჯიბეებში ჩაიწყო, - არის ერთი გოგო, რომელსაც ვუყვარვარ და მეც მევასება. ლენუკაც მევასება... როგორ გითხრა. კარგი გოგოა, ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ნი ტო... ბოლო დროს აღარ ვხვდები, მხოლოდ ვურეკავ. ვეუბნები, ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და ვერ ვიცლი-მეთქი. რაღაცნაირად უნდა მოვახერხო, რომ დავშორდე... რა ვქნა, შენ რას მირჩევ?
ამოვიოხრე. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.
- თუ არ გიყვარს და არ აპირებ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას, დროზე უნდა უთხრა. ტყუილად ნუ დატანჯავ. მეტი რა გირჩიო? ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ის მეორე ვინღაა?
- ეეეჰ, მე კიდევ მეგონა, დედაჩემმა ყველაფერი იცის-მეთქი. ეგ რა რჩევაა? მეცოდება, გესმის? ასე ვერ ვეტყვი, არ მინდა გული დავწყვიტო.
- აბა, როგორ გინდა? რახან შეხვედრის სურვილი არ გაქვს, ესე იგი, არც გიყვარს. იმას კიდევ შენი იმედი აქვს. ამ დროს ატყუებ. ეს არ არის ნორმალური კაცის საქციელი. წესიერი მამაკაცი ასე არ იქცევა. თუ წერტილი დასასმელია, უნდა დაუსვა.
- ხოდა, როგორ, როგორ? - ხელები გაშალა და მუხლებზე დაილაგა.
- როგორ და ჩვეულებრივად. უთხარი, მეგონა, მიყვარდი, მაგრამ აღარ მიყვარხარ-თქო ან მიახვედრე. მე რა ვიცი, სხვა რა გირჩიო? და ის მეორე ვინაა? მე ვიცნობ?
- არა, არ იცნობ. მოვა დრო და გაგაცნობ. მაგარი გოგოა. ლენუკას ჯობია.
- რითი, გარეგნობით?
- ყველაფრით.
უეცრად ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში. რატომღაც, იმ მეორე გოგოს ადგილას ემილი წარმოვიდგინე და ამის გაფიქრებამ გული შემიკუმშა. რატომ? თვითონაც არ ვიცოდი, რატომ. ყველაფერი თვალწინ დამიდგა. როგორ იყო აფოფრილი სებასტიანზე, თავიდანვე რომ აითვალწუნა, როგორ ეჩხუბებოდა ემილის, მოაშორე აქედან, მისწერე, არ ჩამოვიდესო. მერე როგორ გაგვერიდა, როცა ის ბიჭი ჩამოსვლას აპირებდა. ბოლოს საერთოდ არ გაგვეკარა, არც აეროპორტში გამოგვყვა და რა ამბავი დაგვათენა, როცა მისი ზრახვების შესახებ შეიტყო...
ემილი რძლად? ერთი მხრივ, რატომ უნდა ვყოფილიყავი წინააღმდეგი? იმიტომ, რომ ბავშვი ჰყავდა? მერე რა? მე ხომ არ ვიყავი დროებას ჩამორჩენილი ქალი, რომ მსგავსი რამ გამკვირვებოდა. სულ ვამბობდი, ვინც უნდა მოიყვანოს ჩემმა შვილმა, წინააღმდეგი არ ვიქნები, თუნდაც ნაქმარევი იყოს ან ბავშვიანი-მეთქი. ახლა რატომ მცემდა ამის გაფიქრება თავზარს? რა დამიშავა ემილიმ? რაღა მღრღნიდა?
პასუხს ვერ ვპოულობდი. არ ვიცოდი, ეს ამბავი ასე რატომ მაწუხებდა.
- ემილი? - ვეღარ მოვითმინე და ხმადაბლა ვიკითხე.
- რა ემილი? - მარკომ კითხვა შემომიბრუნა.
- ის მეორე გოგო ემილია?
- უჰჰჰ, დედუცი, რა აზრები გაწუხებს, ნორმალური თუ ხარ? - უკმაყოფილო ტონით მომიგო, - მე სოფი რომ უნდა მოვნათლო, დაგავიწყდა? რა შუაშია ემილი? არა, საიდან დაასკვენი ახლა ეგ, დედას გაფიცებ, მითხარი... ჩემს თავს გაფიცებ...
- რა ვიცი, აბა, - მხრები ავიჩეჩე და მზერით გავბურღე, თავს ხომ არ იკატუნებს-მეთქი, მაგრამ ვერ შევატყვე, რომ ჩემს მოტყუებას ცდილობდა.
ადამიანებს მოტყუების ნიჭი, ზოგადად, არა აქვთ. როგორც უნდა ეცადონ, არ შეუძლიათ იცრუონ, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება იტყუებიან, თუმცა როცა ამას ცდილობენ, ან ხმის ინტონაცია გასცემთ ან მიკრომიმიკები.
- არა, დე! - გაბრაზებული მომიბრუნდა, - დამშვიდდი, ემილი აქ არაფერ შუაშია! და მე მაშინ ძაან თუ გავიგიჟე თავი, ასე იყო საჭირო და იმიტომ! ჩემთვის ის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ვალდებული ვარ, ვიზრუნო მასზე და ვსიო, მეტი არაფერი! თუმცა, გინდაც ასე იყოს, მერე რა?
- არაფერი, - მოჩვენებითი სიმშვიდით მივუგე და ცალი მხარი ავიჩეჩე.
- რა, რამე პრეტენზია გაქვს? დავუშვათ, ემილი მიყვარს, მერე რა? - კიდევ ერთხელ გამიმეორა.
ამრეზით გავხედე და თვალი თვალში გავუყარე.
- ნუ მებლატავები, მარკოზ! გითხარი უკვე, არაფერი-მეთქი. უბრალოდ, დავინტერესდი, ის მეორე ემილი იყო თუ არა. მე შენს არჩევანში ჩარევას არ ვაპირებ. ეს შენ კარგად იცი. - ეჭვებმა კვლავ დამრია ხელი.
- კაი, ხო, მორჩა ამაზე საუბარი. ჩადი გოგოებთან, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს. შენ კიდევ სიმშვიდე შეინარჩუნე. ნუ გეშინია, ემილი არ არის ჩემი ღიმილის ობიექტი, როგორც შენ გიყვარს ხოლმე თქმა. რაც არის, არის, მე თვითონ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. - ირონიული ტონი გაღიზიანებით ჩაანაცვლა, სავარძელში გვერდულად გადაწვა და თავი ხელს დააყრდნო.
- ჰოდა, გადაწყვიტე, ოღონდ მხარ-თეძოზე წამოწოლილმა არა, - აგდებით მივუგე და წამოვედი...
იმ ღამესვე დავისვი ელისი და გამოვკითხე, ხომ არ იცი, მარკო კიდევ ვინმეს ხვდება თუ არა-მეთქი. ელისმა ხომ ყველაზე ყველაფერი იცის. ვერაფერს გამოაპარებ. ჭორაობა, იცოცხლე, დედამისივით უყვარს. მაგრამ არც მან იცოდა არაფერი. გაუკვირდა, როცა ლენუკას შესახებ მოვუყევი, მარკოს ჩემთან არაფერი დასცდენიაო.
ამ ამბავმა შემაფიქრიანა. ადრე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. თუ ვინმეზე გვეტყოდა, ჩემი შეყვარებულიაო, იმ ერთს ხვდებოდა და სხვა გოგოებს არ იკარებდა. სანამ ვინმე უყვარდა, იმ ერთის ერთგული იყო. ახლა კი... ერთდროულად ორ გოგოს ხვდებოდა და გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ასეთი საქციელი ჩემი შვილისას არ ჰგავდა. ამან ახალი საფიქრალი გამიჩინა და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ერთი სული მქონდა, გამეცნო, ვინ იყო ის მეორე, ვისაც ვერ ელეოდა, მე კი ვინაობას არ მიმხელდა...
გაგრძელება