ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IXIV ნაწილი
XV ნაწილიროგორც კი შინ მოვედით, მაშინვე სადილის შეცხელება დავიწყე. სოფიმ და გაბიმ თავი გაიგიჟეს, არ გვშიაო, არადა, ექვი ხდებოდა.
- ამათ მე გავასეირნებ, ჯესის გავიყვანთ სკვერში, - ენიმ მხარზე თავი დამადო, - ცოტას ირბენენ და მერე მოშივდებათ. მანამ შენ სუფრა გაშალე. აბა, შენ იცი, - ლოყაზე მაკოცა და ბავშვებს ხმამაღლა გასძახა: - სოფი, გაბი! აბა, მოემზადეთ ჯესისთან ერთად, ეზოში გავდივააართ!
ატყდა ერთი აჟიოტაჟი. ვინ სად გარბოდა და რატომ, ვერ გაარკვევდა კაცი. სოფი ჯესის ჯაჭვს ეძებდა, გაბი - ფეხსაცმელს. ჯერ ერთმა იწუწუნა, მერე - მეორემ... როგორც იყო, მოაბეს თავი და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. სოფიმ, სანამ გავიდოდა, მამასთან მიირბინა, აკოცა და ყურში უჩურჩულა, არ წახვიდე, მე მალე დავბრუნდებიო...
- უჰ, დაისვენა ყურებმა, - სიცილით მივუჯექი გაშლილ სუფრას, - თამაზ, შინაურულად გადაიღე ახლა, მორიდება არ დამანახვო.
- დიდი მადლობა, უკვე ვისადილე, - თამაზი ჯერაც ვერ გათამამებულიყო.
- მერე რა? შუდღეს მეც ვისადილე, მაგრამ მაინც მომშივდა. მიდი, მიდი, უგემრიელესი სოუზია, დააგემოვნე. - და მის პასუხს არც დავლოდებივარ, ისე გავუვსე თეფში.
- თითო ჭიქა ხომ არ გადაგვეკრა? კარგი სკოჩი მაქვს, ერთმა ჩემმა მოდელმა ჩამომიტანა შოტლანდიიდან.
- რა ვიცი... შეიძლება.
- ვაიმე, ნუ ხარ ასე მორიდებული, ძალიან გთხოვ. უკვე უნდა გათამამდე, გასაგებია? ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიძე ხარ! - შევუძახე და სასმლის მოსატანად გავედი.
თითოც დავლიეთ და მეორე და მესამეც. ამასობაში შევჟუჟუნდი და ლაპარაკის საღერღელიც ამეშალა.
- როდის აპირებთ ერთად ცხოვრებას? - ვკითხე და ღიმილით გავამხნევე.
- ალბათ ზაფხულში. აი, ზღვაზე წავალთ დასასვენებლად სამივე და რომ ჩამოვალთ...
- ოოო, ეგ კარგად გადაგიწყვეტიათ. მშვენიერი აზრია. აი, სანამ ჩამოხვალთ, ჩვენც გადავბარგდებით და ბინას დაგიცარიელებთ.
- რა ბინას? - გაიოცა.
- ამ ბინას. აქ არ უნდა იცხოვროთ? თუ.... - აღარ გავაგრძელე.
თამაზი წამოწითლდა. იშვიათად, კაცი გაწითლდეს, ეს კი გაწითლდა.
- მე აქ მირჩევნია, თუ ემილის არ ექნება საწინააღდეგო და... თქვენც თუ მიმიღებთ, - ამ სიტყვებზე თვალები დახარა, - არ მესმის, რატომ უნდა გადახვიდეთ. ჩემ გამო? მე თუ ხელს შეგიშლით...
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! რას ჰქვია ხელს შეგვიშლი! უბრალოდ, გვინდა, რომ მარტო იყოთ. ახლა თქვენ მეორე თაფლობის თვე გეწყებათ და ამიტომ დანარჩენები სრულიად ზედმეტები ვართ. ის კი არა, სოფიც რომ წავიყვანოთ დროებით, ურიგო არ იქნებოდა.
- არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს, დეიდა კარლა...
- მოდი, შევთანხმდეთ, დეიდას ნუ მეძახი. კარლა დამიძახე, კარგი?
- მეც მერიდება, ასე რომ მოგმართავთ, მაგრამ რა ვიცი, ვერ ვძლიე თავს. არ ვიცოდი, ქალბატონო სჯობდა თუ დეიდა.
- კარლა სჯობს. უბრალოდ, კარლა. კარგი?
თავი დამიქნია.
- ჰოდა, რახან აქეთ მოდიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკე გინდათ ცხოვრება, თორემ ეგრე შენებთანაც კი დარჩებოდი. ასე არ არის?
- თქვენთან სხვა სიტუაციაა. აქ საერთოდ ვერ ვგრძნობ უცხო გარემოს. ისეთი შინაურული ატმოსფეროა, რომ... დედაჩემის ამბავი ხომ იცით, დაიწყებს იქ უფროსი დიასახლისის როლის თამაშს, ისევ უსიამოვნება, ისევ არეულობა. ეს კი არ მინდა.... სწორად გამიგეთ.
- ჰო, მაგრამ გვანცა როგორ შეეგუება ამ ამბავს? ჯერ ისიც მიკვირს, რომ შეგარიგათ. როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის გამოცანად რჩება.
- ვინ, დედაჩემი? - თამაზმა თვალები ასწია და ჯიქურ შემომხედა, - გადაწყვეტილება მე მივიღე, დე... კარლა, - როგორც იქნა, სახელით მომმართა, - მისთვის რომ დამეჯერებინა, დღეს სხვა ცოლი მეყოლებოდა. ხან ვის მირიგებდა და ხან ვის. ბოლოს ვუთხარი, ცოლის შერთვას არ ვაპირებ-მეთქი. ძაან სერიოზულად დავუსვი საკითხი - ან ემილის შევურიგდები, ან რძალსა და შვილიშვილს ვერ ეღირსები-მეთქი. ბოლოს მოლბა და კარგიო, დამნებდა, მაგრამ სანამ ამას მეტყოდა, რა ვიცი, ვისთან არ ყოფილა თურმე, ყველაფერი გაუკითხავს ემილიზე, როგორ ცხოვრობს, რა შემოსავალი აქვს, ვინმე ხომ არ ჰყავს და რა ვიცი... მოკლედ, ნერვები დამაწყვიტა.
- რატომ? სრულიად მესმის მისი. შენ რა, გამორიცხავ, რომ ამდენ წელს მიტოვებულ გოგოს სხვა გაეცნო და ახალი ცხოვრება დაეწყო? აგერ, ელისიც დაშორდა ქმარს, მაგრამ იპოვა მაქსი და მეორედ თხოვდება.
- გეთანხმებით. არა, არ გამოვრიცხავ, მასაც შეეძლო ასე მოქცეულიყო, მაგრამ ემილიზე ყველაფერი ვიცოდი, ასე რომ, შემოწმება ნამდვილად არ იყო საჭირო.
- საიდან იცოდი?
- მარკოსგან, - თაზო კვლავ გაწითლდა, - მარკოსთან სულ მქონდა ეს წლები ურთიერთობა და ის ყველაფერს მიყვებოდა.
- ააა! აი, თურმე რა ყოფილა! ოხ, რა ეშმაკის ფეხია ეს ჩემი შვილი და მასთან ერთად შენც, შე ყურუმსაღო! - გამხიარულებულმა საჩვენებელი თითი ავუქნიე თამაზს.
- ვაღიარებ, რომ ასეა, - თავზე ხელი გადაისვა ბიჭმა. სასმელმა მასაც შემატა სითამამე და თანდათან მოეშვა, უფრო და უფრო გამიშინაურდა, - დედაჩემთან ცხოვრება ძნელია, კარლა, გეფიცებით. რა თქმა უნდა, დედაა ჩემი და უზომოდ მიყვარს, მაგრამ აუტანელი ქალია. ისეთი კაპრიზები აქვს, რომ წყობილებიდან გამოგიყვანს. ამის დიდოსტატია. ყველაფერი თავის გემოზე უნდა, რომ გაკეთდეს. თეფშს აქედან აქ ვერ გადაადგილებ, თუ ნება არ მოგცა. - თამაზმა თან კატრისმწნილიანი თეფშის გადაადგილების დემონსტრირება მოახდინა.
- მართალი ხარ, თავისებური ქალია, მაგრამ რას იზამ. შენთვის სიკეთე უნდა.
- ვიცი, რომ უნდა. იმ დღეს სოფი მივუყვანე და გაგიჟდა, იმდენი ეფერა. საღამოს არ მატანდა, ჩემთან დარჩესო. ახლა იმაზე ტირის, შენ რომ გადახვალ, აქ უთქვენოდ რა გამაჩერებსო. მამაჩემი კიდევ ხმას არ იღებს, ის საერთოდ არ ერევა ასეთ საქმეებში. მაგრად ჰყავს დედაჩემს მიჩმორებული, ისე, ჩვენში რომ დარჩეს. ამიტომაც არ მინდა, მეც იგივე დამემართოს, კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს და ჩემი სიტყვა მეთქმის. ვიცი, დედაა და კარგი უნდა ჩემთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგის ნაცვლად ცუდი გამოსდის. მესმის მისი, მაგრამ რა გავაკეთო? მისი ჭირვეულობის გამო ამდენი წელი სიცარიელეში ვცხოვრობდი. რა დავაყენო წინ - დედა თუ ჩემი ოჯახი? ბოლოს და ბოლოს, ორივეს თავ-თავისი ადგილი აქვს. აჯობებს, ცალ-ცალკე ვიყოთ. ამიერიდან თავისი კაპრიზები მამაჩემს მოახვიოს თავზე, მშვენივრად უგებენ ერთმანეთს, - თაზომ გაიცინა.
კარგა ხანს ვილაპარაკეთ. მერე ენიც დაბრუნდა ბავშვებთან ერთად. სოფი მამამისს კალთაში ჩაუხტა და ეტიტინა.
ელისი და ემილი გვიან დაბრუნდნენ. რამდენიმე ხანს კიდევ დარჩა თამაზი, მერე კი წასვლა დააპირა. მისი შეჩერება ვცადე.
- თაზო, დარჩი ამაღამ აქ. სანამ უნდა იარო აღმა-დაღმა? მე და ენი მაღლა ავალთ, მარკოსთან. ელისის საძინებელი იქითაა, ხელი არ შეგეშლებათ, - ეშმაკურად შევღიმე, - ასე რომ, დარჩი.
რამდენიმე წამი იყოყმანა. ემილისაც გადახედა, რას იტყვიო. ის კი იდგა ალანძული და სიმორცხვე რომ დაეფარა, სოფის ეღლაბუცებოდა, ცალი ყური კი ჩვენკენ ჰქონდა.
- ემილი, შენ რას იტყვი? არ ჯობია, დარჩეს? გვანცას დაურეკე და უთხარი, რომ ჩვენთან რჩები.
- არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა თამაზმა, თან ისე იღიმოდა, აშკარად სურდა დარჩენა, - უხერხული არ იქნება?
- ღმერთო ჩემო! ვისთან მიმართებაში იქნება უხერხული? შენს ცოლთან? შვილთან? ჩვენთან? რა სისულელეა.
- მამიკო, დალჩი ლაა, - სოფი დედას გაუსხლტა და მამას მუხლებზე შემოეხვია, - ელთად დავჭვეთ და ჟღაპალი მომიკევი შიმბაჟე, ხო?
- აი, სოფისაც უნდა მამიკოსთან. მალე მარკოც მოვა, ვილაპარაკოთ, თუ გინდა, კიდევ დავლიოთ. მე მთლად სამჭიქიანი კი არ ვარ, უფრო მეტიც შემიძლია, - გავიხუმრე, თუმცა მეტი ნამდვილად არ შემეძლო, - მიდი, დაურეკე დედაშენს, მიდი, მიდი, - ლამის ძალით ამოვაღებინე მობილური ჯიბიდან.
- კარგი, მხოლოდ ერთი პირობით, - დამთანხმდა ბოლოს და თვალი თვალში გამიყარა, - თქვენც აქ დარჩებით, არაა საჭირო მარკოსთან ასვლა და ამისთანები. მე და ემილი სხვა დროსაც ვახერხებთ, რაც საჭიროა, იმას, ასე რომ, - ამ სიტყვების გამო ემილისგან მუჯლუგუნი მოხვდა მხარში, რასაც მხიარული სიცილი მოჰყვა.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ არ დავიშლებოდით და იმ ღამეს ყველა ერთად გავატარებდით. ის კი არა, მარკოსაც დაეზარა მაღლა ასვლა და ისიც ჩვენთან დარჩა. სასტუმრო ოთახში ორადგილიანი სავარძელი გამაშლევინა და გვიან ღამით, როცა ქეიფს მოვრჩით და სუფრა ავალაგეთ, კარგა გვარიანად შემთვრალი, ჩაცმული ზედ გაიშოტა... როცა ღრმად დაეძინა, მხოლოდ მაშინ მოვახერხე მისთვის ტანსაცმლის გახდა, რაშიც ენი დამეხმარა...
- მხოლო მაქსი აკლია ახლა ჩვენს " სასტავს" და მორჩა, ყველანი ერთად ვიქნებით, - გაიცინა ენიმ, როცა მარკოს გავხადეთ და საბანი დავაფარეთ.
კიდევ კარგი, ვასიკო არ ახსენა, ტაქტიანი გოგოა, ასეთები არ ეშლება.
- და ლენუკა, - ჩემი მხრიდან დავამატე.
ლენუკას ხსენებაზე სულ რაღაც წამით შუბლი შეეჭმუხნა, თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.
- რა იყო, რამეს მიმალავ? - დავეკითხე.
- მარკო აღარ ხვდება ლენუკას, არ იცოდი? - ყრუდ მომიგო.
- რას ამბობ, მართლა? არა, არ ვიცოდი. არ უთქვამს. დიდი ხანია?
- მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ურთიერთობა რომ გაწყვიტა, ეგ ნამდვილად ვიცი. გოგოებმაც იციან. ალბათ იფიქრეს, რომ შენც იცოდი, ამიტომ არ გითხრეს.
- არა, არ ვიცოდი. - კვლავ გავიმეორე, ამჯერად შეფიქრიანებულმა.
ვიცოდი, მარკო ამას რომ აპირებდა, მაგრამ თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, არ უთქვამს. ერთხელ ხომ მითხრა, ვიღაც სხვა მიყვარს და ვერ გადამიწყვეტია, ეს ლენუკას როგორ ვუთხრაო.
- შენ იცი ის ვინ არის?
- ვინ ის? - თითქოს შეკრთა ენი.
- ის, ვინც მარკოს უყვარს.
გოგომ თვალი ამარიდა, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და თავი გადააქნია.
- არ ვიცი.
- არც გოგოებმა იციან?
- არც გოგოებმა.
- ეს უკვე საინტერესოა. რატომ მალავს ნეტავ? - დავინტრიგდი, - იმედია, საშინელება არ იქნება.
- არ ვიცი... - ზანტად წარმოთქვა ენიმ, - წამო, დავწვეთ, თორემ ლამისაა ზეზეულად დამეძინოს.
დავწექი, მაგრამ რული არ გამეკარა...
ვასიკო და მე ინტენსიურად ვხვდებოდით ერთმანეთს, ხან სასტუმროში, ხანაც მის ბინაში. მასთან უფრო იმ დროს შევდიოდი, როცა შინ ენის გარდა არავინ იყო. არ მინდოდა, გოგოებისთვის სალაპარაკო მიმეცა. ენი სულ სხვა იყო, ის არავისთან სიტყვას არ დაძრავდა. ისე გავდიოდი, არც ვუბარებდი, მაგრამ ალბათ ხვდებოდა, თუმცა ერთხელაც არ უკითხავს, სად მიდიხარო.
ვასიკო, როგორც კი სახლში დაბრუნდებოდა, დამიმესიჯებდა, თუ მოახერხებ, შემოდიო. როცა ვახერხებდი, შევდიოდი. თუ სიტუაცია არ იყო, მივწერდი, რომ არ გამოდიოდა და თვითონ შემოვიდოდა ხოლმე, საღამოს ჩვენთან ატარებდა. გოგონებს ძალიან მოსწონდათ იგი, რაც უზომოდ მახარებდა. ხშირად ხელს წაგვიკრავდა საქმეებში, ლურსმნის დაჭედება იქნებოდა თუ რამის შეკეთება, რამდენჯერმე ვახშამიც კი მოგვიმზადა, რამაც ყველა აღაფრთოვანა. უგემრიელესი კერძები გამოსდიოდა, ოქროს ხელები ჰქონდა. ორი ისეთი სალათა მასწავლა, მსგავსი არაფერი გამისინჯავს.
ვცდილობდი, იშვიათად შევხვედროდი. არ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა გაუბრალოებულიყო. ამაზე ბრაზდებოდა. მე ყოველდღე მინდა შენი ნახვა, შენ კი გამირბიხარო. სამი დღის წინ წავკამათდით ამ საკითხზე და გაბრაზებული გამოვედი მისგან. მას მერე არ შემხმიანებია და ჯიბრზე არც მე მოვიკითხე.
და აი, დღეს, საღამოს, აივანზე სარეცხს რომ ვფენდი, მისმა მანქანამ კორპუსთან შემოუხვია და გაჩერდა იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ აჩერებდა ხოლმე. ჯერ თვითონ გადმოვიდა, მერე მანქანას შემოუარა, კარი გააღო და ვიღაცას გადმოსვლაში დაეხმარა. გავშრი. ლამის დავეკიდე სარეცხის თოკს, ისე გადავიხარე წინ, თან ვცდილობდი, არ შევემჩნიე.
ულამაზესი ქალი იყო ის ვიღაც. ჩემზე ბევრად ახალგაზრდა. ჩემმა კაცმა იმ ქალს მხარზე ხელი გადახვია და სადარბაზოსკენ ბედნიერი სახეებით გამოემართნენ. გული ლამის გამიჩერდა. ჩვენი ორთვიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად ვიეჭვიანე...
მეგონა, გული გამისკდებოდა. როგორ დამეჯერებინა, რომ ასე თავხედურად, გასართობად ვიღაცას მოიყვანდა სახლში? იქნებ ყოფილი ცოლია? მაგრამ ქალს, რომელსაც გასცილდა, ხელს გადახვევდა? იქნებ ახლობელია? ფიქრს ფიქრი ცვლიდა, ეჭვს - ეჭვი. რა უნდა მეღონა? ისე ვიყავი დარეტიანებული, რომ ენიმაც შემატყო.
- რა გჭირს? - გვერდზე მომიჯდა და ხელი გადამხვია.
- ენი... იცი რა? წეღან ვასიკო ვიღაც ქალთან ერთად მოვიდა.
- მერე რა?
- შენი აზრით, ვინ უნდა იყოს?
- იქნებ ნათესავია ან თანამშრომელი. მაგაზე ნერვიულობ?
- ვითომ?.. რამე საბაბი მაინც მქონდეს, რომ მივუზარუნო, კარს რომ გამიღებს, რეაქციით მივხვდები, რა ხდება.
- შენც ადექი და რამე სთხოვე, - მირჩია ენიმ.
- რა ვუთხრა, რამე მინდა-მეთქი? რაღაც ხომ უნდა იყოს ის რამე.
- რა ვიცი, აბა... - ენი ჩაფიქრდა, - კაცს რა შეიძლება სთხოვოს ქალმა?
მხრები ავიჩეჩე. ენიმ ხელი ჩამოიღო ჩემი მხრიდან და თვალებმოწკურულმა ჭერს ახედა.
- ევრიკა! - წამოიყვირა უცებ, - ვიცი, რაც უნდა ვქნა! - და წამოხტა.
გაოცებულმა გავაყოლე თვალი. სამზარეულოდან გავიდა. ნეტავ რა ჩაიფიქრა-მეთქი, ის იყო, გამიელვა გონებაში, რომ მოულოდნელად რაღაც ჭრიალი გაისმა, რასაც ენის ნაბიჯების ხმაც მოჰყვა.
- მიდი! - თავი ვასიკოს ბინის მხარეს გაიქნია.
- რა ჩაიდინე?
- სასტუმრო ოთახში ჭაღის ნათურა ჩავხსენი.
- რაა? რატომ?
- იმიტომ, რომ აღარ ინთება. შედი ახლა და უთხარი, რაღაც ჭაღს ვერ ვანთებ და ხომ ვერ დამეხმარები-თქო, მერე კი შენ იცი.
- აჰაა. ჩემი ეშმაკი გოგო, - ჩავილაპარაკე. გამიხარდა, გამოსავალს რომ მიაგნო.
ჰოლში გავედი, სარკეში ჩავიხედე, თმა გადავივარცხნე, ჩემი ორეული შევათვალიერე და სრულიად კმაყოფილი დავრჩი, ჩემი ასაკის კვალობაზე მშვენივრად გამოვიყურებოდი.
მხოლოდ ერთი გაბმული ზარი დავრეკე და დავიცადე. გული ისე ბორგავდა საგულეში, მეგონა, მისი ხმა მთელ სადარბაზოში ისმოდა.
კარი გაიღო. ვასიკო გამოჩნდა, მაგრამ არა დილის ხალათით, სახლში რომ სჩვეოდა ჩაცმა. ასეთი ხალათი კი, ფაფუკი, ჩვენ რომ პირსახოცის ხალათს ვეძახით, სამი სხვადასხვა ფერის ჰქონდა. მეუბნებოდა, განწყობის მიხედვით ვიცვამ თითოეულსო. კარგ ხასიათზე მყოფი ლურჯს იცვამდა, " ისე რა" ხასიათზე - ხაკისფერს, ხოლო ცუდი განწყობისას ნაცრისფერს მოიცვამდა ხოლმე. ასე რომ, ვიცოდი, როდის როგორ ხასიათზე დამხვდებოდა.
ამჯერად ვერ გამოვიცანი, რადგან ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რომლითაც ფანჯრიდან დავინახე. მომეჩვენა, თითქოს ჩემს დანახვაზე შეცბა, მაგრამ მხოლოდ წამით.
- კარლა? - ხმადაბლა წარმოთქვა.
- გამარჯობა, ვასიკო! - მეც ხმადაბლა მივუგე, - მაპატიე, გაუფრთხილებლად რომ მოვედი, მაგრამ შენი დახმარება გვჭირდება.
- რატომ მებოდიშები, კარლა? ჩვენ შორის რა საჭიროა ცერემონიები? მითხარი, რა პრობლემა გაქვს და რაც შემიძლია... - აღარ გააგრძელა.
- სასტუმრო ოთახში ჭაღი ჩაქრა, არ ვიცი, კონტაქტის ბრალია თუ ნათურების. მე მაგის არაფერი გამეგება, იქნებ გენახა? ენი მეუბნება, ალბათ ნათურა დაიწვაო და რა ვიცი, აბა!
ამ დროს სამზარეულოს კარმა გაიჭრიალა, იქიდან კი ისეთი სურნელი და შიშხინის ხმა გამოდიოდა, აშკარა იყო, ტაფაზე ღორის ხორცი იწვებოდა და ორივენი სამწვადაოდ ემზადებოდნენ.
სურნელს და შიშხინის ხმას ლამაზი ქალიც გამოჰყვა - მაღალი, ტანადი, გრძელფეხება, თეთრყირმიზი. ნეტავ მეც მქონოდა ეგეთი სიმაღლე, ჩემი მეტრი და სამოცდაექვსით ვერასდროს ვამაყობდი.
- ვასკა, რა ხდება? - იკითხა უცნობმა და მე მომაშტერდა, მერე გაიღიმა და მომესალმა.
მეც, რამდენადაც შევძელი, ავაწყვე ღიმილი ჩემს სახეზე და მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე. "გაგიმარჯოს" თუ ვუთხარი, აღარ მახსოვს, ისე ვიყავი აფორიაქებული. ვცდილობდი, თავი არ გამეცა, მაგრამ ვახერხებდი კი?
- ანი, გაიცანი, ეს ჩვენი მეზობელია, ქალბატონი კარლა, კარის მეზობელი.
ო, ღმერთო! არც "კარის მეზობელი" მომეწონა და არც "ქალბატონი" მომესალბუნა გულზე, ეს უკვე ოფიციალურ გაცნობას ჰგავდა.
- შუქი გამოვ... გამოგვერთო, - ბორძიკით წარმოვთქვი, ჩემდა საუბედუროდ, ენა დამება. თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რას ვროშავდი.
- მობრძანდით, კარში რატომ დგახართ? - კვლავ გამიღიმა ქალმა, თანაც საოცრად მიმზიდველად.
- კარლა, შენ შედი, მე კი გავალ და ვნახავ, რისი ბრალია, - თქვა ვასიკომ და განზე გადგა, რომ გზა დაეთმო.
აბა, იქ შემსვლელი ვიყავი? კბილს კბილზე ვაჭერდი, რომ ცრემლები შემეკავებინა.
- არა, ხელს არ შეგიშლით, დიდი მადლობა, - რაც შეიძლებოდა რბილად გამოვთქვი, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე.
- რა ხელს შეგვიშლი, შენ დღეს ვერ გცნობ, - გაიცინა ვასკამ და მკლავში ხელი ჩამავლო, - შემო, შემო. ცოტა მოგვიანებით ვაპირებდი შენთან დარეკვას და მოპატიჟებას, მაგრამ არა უშავს, ნაადრევი სტუმარი უფრო სასიხარულო სტუმარია.
- მოულოდნელი სტუმარი უნდა გეთქვა, - ცალყბად გავუღიმე ჩემი გულის ამფორიაქებელს და ადგილიდან ვერ დავიძარი, კარის ზღურბლზე გავიხიდე.
ვასიკომ თვალები ეშმაკურად მოწკურა, ტუჩებზე კი ისეთი კმაყოფილი ღიმილი გამოესახა, შენი შინაგანი განცდა რომ გაიძულებს და ვერაფრით მის დამალვას ვერ ახერხებ. ხომ არის მომენტი, როცა გინდა, რომ შენი ღიმილი ვიღაცას არ დაანახვო, მაგრამ ტუჩებს ვერ იმორჩილებ, რადგან ისინი შენზე კმაყოფილნი არიან და არ გემორჩილებიან. აი, ასე გამიღიმა. იგი მაშინვე მიხვდა, რაც მაწუხებდა, მიხვდა, რომ ეჭვიანობის ტალღამ დამრია ხელი, ამიტომ ღიმილს ხმამაღალი სიცილი მოაყოლა და მითხრა:
- ანის კი გავაცანი შენი თავი, მაგრამ შენთვის არ გამიცვნია ჩემი ანი. - და გაჩუმდა.
"ჩემი ანიო" - ამაზე ხომ მთლად დამცეცხლა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ალბათ გადამწიფებულ პამიდორსაც კი გადავუჯოკრე.
- ეს ჩემი დაა, ჩემი ყველაზე-ყველაზე და, - როგორც იქნა, დაასრულა წინადადება, რომელმაც სულაც არ მაგრძნობინა შვება, პირიქით, უარესად დავიძაბე.
როგორ შემრცხვა! შემრცხვა იმის, რომ ვასიკო მიმიხვდა, რასაც განვიცდიდი, იმისიც შემრცხვა, პატარა გოგოსავით ტყუილის სათქმელად ჭაღი რომ მოვიშველიე. რას იფიქრებდა ჩემზე?
- სასიამოვნოა, ანი, - წარმოვთქვი და უცებ, ჩემდა ჭირად, ნერწყვი სასულეში გადამცდა. ხველა ამიტყდა და თვალებიდან ნაპერწკლებთან ერთად ცრემლები გადმომცვივდა, სიმწრის ცრემლები. ერთხანს სული ვერ მოვითქვი.
უეცრად ვასიკომ სიცილით ხელი მომხვია და მკერდზე მიმიკრა, თან ისე ძლიერად მომიჭირა მკლავები, ლამის დავიფშვენი. ეს ისე სწრაფად მოხდა, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი.
- სულელი გოგო, - ყურთან მიჩურჩულა და ჩემი თმის სურნელი შეისრუტა, მერე ანის გახედა და ხმამაღლა თქვა, - შეიყვანე, ანუშკი, მე ახლავე მოვალ, - ამ სიტყვებით მსუბუქად წინ მიბიძგა, - ანი დღეს ჩამოვიდა ჰამბურგიდან და სანამ თავისთან წავიდოდა, ჩემთან წამოვიყვანე, რომ ერთმანეთისთვის გამეცანით. ის დაუსწრებლად კარგა ხანია, გიცნობს და უკვე უყვარხარ. ახლა შენი ჯერია, შენ უნდა შეიყვარო.
ალმური სახეს მიწვავდა, თითქოს გახურებულ ღუმელში მქონდა თავი შეყოფილი. რა სირცხვილი ვჭამე, მაგარი საზიზღარი პიროვნება ვარ! ეს როგორ დამემართა? - ვფიქრობდი გულში.
შეიყვარეო... მე ანი უკვე მიყვარდა, რახან ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულის სისხლისმიერი სიყვარული აღმოჩნდა, მაგრამ ღირდა ამის ხმამაღლა გამოცხადება? არ ვიცოდი, ღირდა თუ არა, მაგრამ მაინც ვთქვი:
- ჩათვალე, რომ უკვე მიყვარს, - და ნათქვამი ჩემი საფირმო გაღიმებით დავაგვირგვინე.
- რაღაცებს ვამზადებდით, კარლას რომ შემოვიყვან, პატარა სუფრა გავშალოთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგვაცადა? - როხროხებდა ვასიკო.
მე ანის შევყევი, ვასკა კი ჩვენთან შევიდა. ორი წინადადების თქმა ვერ მოვასწარით ერთმანეთისთვის, რომ ვასიკომ შემოაღო სასტუმრო ოთახის კარი.
- ნათურა იყო მოშვებული, ყველაფერი რიგზეა, - რიხიანად თქვა და ანის გადახედა, - აქ რატომ ხართ? კარლა შენ სტუმარი გგონია? სხვათა შორის, ის ამ სახლის დიასახლისია - პატარა სახლის პატარა დიასახლისი, ამიტომ ახლა ორივენი მარშ! სამზარეულოსკენ მწყობრი ნაბიჯებით იარეთ და საჭმელს მიხედეთ. მგელივით მშია.
იმწუთას ჩემი კმაყოფილი ღიმილი უნდა გენახათ. ასე ალბათ არც ერთ ქალს სამყაროში არასდროს გაუღიმია. დანამული ტორტივით სრულყოფილი იყო ჩემი ბედნიერება.
როგორ მიყვარდა ეს კაცი! გაოგნებული ვიყავი, ამ ასაკში ასე შეყვარება როგორ შევძელი-მეთქი. ქმარი ამ სიძლიერით მყვარებია? არ ვიცი. თავს ვერ დავდებ. ალბათ არა, თორემ რა მინდოდა პარიზში? ჩვილი ბავშვი და ქმარი უპატრონოდ მივაგდე... აი, ახლა რომ მქონოდა შანსი პარიზში სამუშაოდ გასამგზავრებლად, არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდი. რისი ბრალი იყო ეს? ჩემი გონება ყოველთვის ერეოდა ჩემს გულს. მყარად ფლობდა მას და ფრთების შესხმის საშუალებას უსპობდა. არადა, გონება ერთადერთია, რომელიც საღად აზროვნებს და სიყვარულის თუ ცდუნების თავიდან აცილება შეუძლია. ცდუნება კი, პირველ რიგში, თვალებს ატყვევებს, იქიდან სიგნალს გულს გადასცემს, მერე კი სხვა ორგანოებს - ყელს, მკერდს, მუცელს და ა.შ. და ყველა ერთად ერთვება ვნებათაღელვის დაუოკებელ ორომტრიალში. ასეთ დროს გონება უძლური ხდება, ამდენ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდეს და ცდუნებისგან იხსნას. ამიტომაცაა ძნელი, სიყვარულს წინ აღუდგე. იგი მეტასტაზებივითაა - თანდათან რომ ედება ორგანიზმს და ვერც ამჩნევ, სანამ ტკივილები არ დაგეწყება. აი, როცა ეს ტკივილები დაგეწყება, ჩათვალე, რომ სწორედ მაშინ გაქვს დარხეული, რადგან აღმოაჩენ, რომ მას უკვე ყურებამდე მოუღწევია... ჰო, მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული...
საოცარი საღამო იყო... სამნი ერთად, ერთ მაგიდასთან... ურთიერთსიმპათია, ერთმანეთის სულში ჩაწვდომა... მე და ანიმ მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს. მე ის მომწონდა, მას მე მოვწონდი... მეტი რა უნდოდა კარლას? მეტი რა უნდოდა ვასიკოს? არც არაფერი...
როცა შეღამდა, ორივემ ერთად მივაცილეთ ანი თავის ბინამდე ჩემი მანქანით. შინ მობრუნებულებმა კი ერთმანეთს სიყვარული კიდევ ერთხელ ავუხსენით - სიტყვითაც და უსიტყვოდაც...
და აი, ზაფხულიც დაიწყო. ეს თვე განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ჩემი შვილი სწორედ ივნისში დაიბადა - 13-ში. ყოველთვის შინაურულად აღვნიშნავდით ამ დღეს - პირველ ხანებში მეცამეტე სართულზე, ჩვენთან, მერე სახინკლეებში ან რესტორნებში, შარშან აქ, ამ ბინაში მოვაწყვეთ ქეიფი და დაუვიწყარი დრო ვატარეთ. წელს მარკომ რესტორანი აირჩია და როცა ვასიკომ თავის მხრივ, საკუთარი რესტორანი შესთავაზა, წამითაც არ უყოყმანია, სიამოვნებით დათანხმდა.
თითქოს არაფერი იყო უჩვეულო, მაგრამ მაინც იყო - ენი მოგვყვებოდა თან. ბავშვები გვანცა ბებოს მივუყვანეთ, რომელმაც გაბიც და სოფიც სიამოვნებით დაიტოვა. იმწუთასვე დაუძახა მეზობლის ბიჭს, დაახლოებით გაბის ტოლს და ისე მოეწონათ ბიჭებს ერთმანეთი, რომ გაბის დარჩენაზე უარი არ უთქვამს.
რა ლამაზები იყვნენ ჩემი გოგოები. ენი განსაკუთრებით - მართლაც რომ ბრწყინავდა. მარკოც ერთობ იმპოზანტურად გამოიყურებოდა. პიჯაკი ცხოვრებაში არ სცმია, იმ დღეს კი ყავისფერი პიჯაკით გამოგვეცხადა და ყველანი აღგვაფრთოვანა. სულ ბრავოს შეძახილებით ურბინეს გოგოებმა გარშემო.
რა თქმა უნდა, თაზო და მაქსიც შემოგვიერთდნენ. მარკომ მეგობრების დაპატიჟებაზე უარი თქვა, ჩვენ ხვალ მოვუვლით ამ საქმეს, დღეს ჩემებთან მსურს ქეიფიო.
ჩემს ლურჯთვალა ელისს ლურჯი კაბა ეცვა და, რომ იტყვიან, მის სხეულს " ზედ აკვდებოდა" , ისე მოუხდა. სხვათა შორის, ჩემი შეკერილი კაბა იყო. ემილი კლასიკურ შავ-თეთრში გამოეწყო - შავი შარვალი, თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი ერთობ სოლიდურ იერს სძენდა. თავის სიგამხდრესაც მშვენივრად ფარავდა. ენი კი... ოოო! ენი ჩემს ნაჩუქარ წითელ კაბაში ღმერთქალივით გამოიყურებოდა. თვალს ვერ მოწყვეტდი. მარკომ სულ " ეკბატანას ვარდი" უძახა. მე დავცინე, ეკბატანას ბაღის ვარდი წითელი კი არა, სპილოსძვლისფერია-მეთქი. გაიგიჟა თავი, წითელიაო. ავდექი და ციტატა ზეპირად მოვუყვანე. მარკომ ერთხანს მიყურა, მიყურა, მერე კი მაინც თავისი დაიჟინა, გინდა თუ არა, ეკბატანას ვარდია. ჯერ ერთი, იმ ბაღში განა მარტო სპილოსძვლისფერი ვარდები ყვაოდა, დედუცი. მეორეც, მე სახის ფერს ვგულისხმობ, კანი აქვს სპილოსძვლისფერი, კაბა რა შუაშიაო. მოახერხა და ჭკუაში მაჯობა. მაჯობა და მეც გავჩუმდი. ენიმ შესძახა, მხოლოდ ჩადრი მაკლიაო, რამაც ყველანი გაგვამხიარულა.
არც მე გამოვიყურებოდი ურიგოდ. ატმისყვავილისფერი კაბა მეცვა, ტანზე მოტმასნილი, წინ ჩახსნილი და როცა ნაბიჯს გადავდგამდი, ჩემი ლამაზი ფეხები კიდევ უფრო ლამაზი მოჩანდა, სანახევროდ ატლასის ქსოვილს შეფარებული.
მარკომ თამადად ვასიკო დააყენა, რაც ძალზე მესიამოვნა. ვასკამაც ისეთი თამადობა გასწია, თქვენი მოწონებული. მამაპაპურ სადღეგრძელოებს კი არ მიეძალა, სულ სიყვარულს უტრიალა გარშემო. მერე სათითაოდ დალოცა ორი წყვილი - ემილი და თამაზი, ელისი და მაქსი. როცა ჯერი ენიზე მიდგა, მარკომ ხელი ასწია და ჩვენს თამადას სიტყვა გააწყვეტინა, თუ შეიძლება, მე მათქმევინეო. ვასიკომ ხელები გაშალა, ჩემი თავი გენაცვალოსო და მარკოც წამოდგა. ჭიქა ასწია, ყველას მოგვავლო თვალი და დაიწყო:
- იცით? ამქვეყნად ყველაზე მეტად დედაჩემი მიყვარს და ყველაზე დიდ პატივს მას ვცემ. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, გავახარო და ჩემი ქმედებით ბედნიერი გავხადო... დედა, - მომიბრუნდა უეცრად, - ვიცი, რომ, რასაც ახლა ვიტყვი, შენთვის მოულოდნელი იქნება, ერთგვარი სიურპრიზი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ეს ამბავი გაგახარებს, ისევე, როგორც ყველა აქ მყოფს. მე შეყვარებული ვარ, დე... ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო მიყვარს, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ენამოსწრებული, ყველასგან რომ გამოირჩევა თავისი სუფთა სულით და დათბილული გულით. ეს გოგო შენც გიყვარს, დე. ამიტომ მოემზადე, შემოდგომაზე ოჯახს ვქმნი და ამაში შენ უნდა შემიწყო ხელი...
სმენად ვიქეცი. ვინ გოგოზე ლაპარაკობს ნეტავ? წამითაც არ გამივლია გულში, შინაური მეგულისხმა.
ამასობაში მარკომ თავისი სათქმელი დააგვირგვინა:
- მე და ენის ერთმანეთი გვიყვარს, დედა... ჰოდა... დაგვლოცე ახლა შენებურად შენი ყველას დამტევი გულით.
მეხის გავარდნასავით დაირხა ეს სიტყვები ჰაერში, რამაც მეხის დაცემასავით იმოქმედა ჩემზე. განა იმიტომ, რომ ენი არ მომწონდა ან არ მიყვარდა. გოგოებში განსაკუთრებულად გამოვარჩევდი, მასთან სულ სხვა ურთიერთობა მქონდა, საოცრად მიგებდა და ვუგებდი. ერთადერთი იყო, ვისაც არაფერს ვუმალავდი და გულს უშიშრად გადავუშლიდი, მაგრამ...
მაგრამ... რა იყო ეს " მაგრამ" , ვერ გეტყვით. მოულოდნელობა? ენის წარმომავლობა? იქნებ მისი წარსული? თუ ჩემი შვილისთვის ეკბატანას ვარდზე უკეთესი მინდოდა?.. არ ვიცი.
ენის შევხედე. არ გამიღიმია. არც ერთი სუფრის წევრი ხმას არ იღებდა, თითქოს ყველამ ენა გადაყლაპა, თითქოს ყველა ერთიანად მოიშალაო... საერთო დაძაბულობამ ქარიშხალივით გადაუარა ჩვენს სუფრას...
შევხედე ენის და მის თვალებში იმდენი რამ ამოვიკითხე, იმხელა ნდობას, მოკრძალებას, მუდარას, სიყვარულს, სითბოს მპირდებოდა ეს მზერა, რომ გულიდან უცებ გადამეყარა საწვიმრად გამზადებული ღრუბლები, რამაც საოცრად შემამსუბუქა და ფეხზე წამომაყენა. ენისკენ მივიწევდი. მივუახლოვდი და პირისპირ დავუდექი. კვლავ შევხედე. მისი თვალები ამწუთას მხოლოდ და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა: " მაპატიე, მაპატიე" .
ხელები მხრებზე დავაწყვე და ვუთხარი:
- რახან ახალ ცხოვრებას იწყებ, ესე იგი, მზად ხარ ამისთვის.
- არ არსებობს ახალი ცხოვრება ძველის გარეშე, მე ტკივილიანი წარსული მქონდა, - მომიგო მან ისე ხმადაბლა, მგონი, ჩემ გარდა არავის გაუგონია.
- წარსული ჩამოცვენილი ფოთლებივითაა, ენი. უნდა მოაქუჩო და დაწვა, - მოვიშველიე ჩემი საყვარელი ფრაზა და გულში ჩავიკარი.
აი, მაშინ კი ახმაურდა სუფრა. გაისმა ტაში, ოვაციები, მხიარული წამოძახილები... ჩემი შვილი ჩემკენ გამოექანა, ხელში ამიყვანა და რამდენჯერმე დამაბზრიალა.
- პირველი ცეკვა დედაჩემს ეკუთვნის, - დაიყვირა მარკომ, მუსიკოსებთან მიირბინა, ფული მისცა და რაღაც შეუკვეთა. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი სიმღერა.
და ჩვენ ვალსი ვიცეკვეთ... მერე ენის და მარკოს ჯერი დადგა. ტანგო! - ეს იყო მათი არჩევანი. აი, ცეკვა ამას ერქვა. ჩემი ბალერინა გოგო ჯეირანს ჰგავდა. როგორც ჩანს, რეპეტიციები გაიარეს მე-13 სართულზე, როცა ენი ვითომ ფილმის სანახავად მიჰყავდა მარკოს. საოცრად შეწყობილად ტრიალებდნენ საცეკვაო მოედანზე... უცხოებიც კი მობილურმომარჯვებულები უღებდნენ სურათებს...
აგვისტოს ბოლოს მე და ვასიკომ ჯვარი დავიწერეთ... მალულად... ყველას დავასწარით... მასთან რომ გადავედი საცხოვრებლად, მხოლოდ მაშინ გაიგეს ჩემებმა... ხოლო სექტემბერში სამი ქორწილი ერთად გადავიხადეთ: მარკოს და ენის, ელისის და მაქსის, ემილისა და თამაზის... ერთ წელიწადში კი ბებია გავხდი - ამ ქვეყანას ლუკა მოევლინა...
გული სავსე იყო სიხარულით, სიყვარულით, სითბოთი და ბედნიერებით. თითოეული ჩვენგანი ხვდებოდა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი მყარი ადგილი მონახა მზის ქვეშ...
ჭირი იქა, ლხინი აქა... ლხინი აქა, ლხინა აქა...
დასასრული