ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი IXIII ნაწილიXIV ნაწილი
ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა, როცა გულახდილი საუბრებისთვის შაბათ საღამოს ყველანი ჰაი-ოთახში შევიკრიბეთ და თამამად გამოვაცხადე, ვასიკოს ვხვდები-მეთქი. მარკოც ჩვენთან იყო. მას ნაკვთი არ შერხევია სახეზე, გოგონები კი... მართალია, გაოცდნენ, მაგრამ მოლაპარაკებულებივით ყველამ მარკოს შეხედა და არა მე. ალბათ ეგონათ, ამის მოსმენისას ჩვენი ბიჭი აფეთქდებაო. მან კი ყველას სათითაოდ მოავლო თვალი, ცალი მხარი და ცალი წარბი ერთდროულად ასწია და "კექსი უკვე ჭამეთ?" მზერით მე გამომხედა, ოღონდ სიტყვიერად არაფერი უთქვამს, ამას ვერც გამიბედავდა. რახან მარკო ასე შეხვდა ამ ამბავს (მათ ხომ არ იცოდნენ, რომ მისთვის უკვე ყველაფერი ნათქვამი მქონდა), ისეთი ტაში დასცხეს და ისე ახმაურდნენ, რომ ოთახში ყურთასმენა აღარ იყო.
- კარგი, კარგი, გეყოფათ! ვსიო, მეტს აღარაფერს ვიტყვი. აღარც მკითხოთ. ემილი, შენთან რა ხდება? - სასწრაფოდ ემილიზე გადავიტანე ყურადღება.
- ჩემთან? - ღიმილი მსწრაფლ მოისხიპა მან და უხერხულად შეიშმუშნა, - მგონი, ისეთი არაფერი.
- ასეთი? - არ მოვეშვი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, გვანცულას სტუმრობის შემდეგ რაღაც მაინც შეიცვლებოდა.
- ა! ასეთი... - თქვა და ყურებიც კი გაუწითლდა, - სამი დღის წინ ჩემმა დედამთილმა დამირეკა და მომიკითხა, სხვათა შორის, ისე თბილად, თითქოს მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდეს.
- ოოო, ეგ კარგია, - ერთდროულად ვიყვირეთ მე და მარკომ, ენიც აგვყვა, მხოლოდ ელისს არ უთქვამს არაფერი, რადგან მისთვის ეს ახალი არ უნდა ყოფილიყო. ის და ემილი ხომ სულ ერთად იყვნენ და ერთმანეთის შესახებ სხვებზე მეტი იცოდნენ.
- დღეს საღამოს კი, სანამ გზაში მოვდიოდით, თამაზმა დარეკა, - მორცხვად დაამატა მან.
- უუუ, ეს კიდევ უფრო მაგარი ამბავი! - შესძახა მარკომ, - ბიჯოო, რეები ხდება, აზრზე ხართ? წინ მივიწევთ, ფროოგრესს!
- მიხარია, ემილი, - მშვიდად ვთქვი, - შერიგებას აპირებთ ალბათ, არა? - ვითომ საქმის კურსში არ ვიყავი.
- არაა... არა მგონია... ეს არ უთქვამს.
- აბა, რატომ დარეკა ან ერთმა, ან მეორემ?
- სოფის გამო... ბავშვზე მელაპარაკნენ.
- მერე? არ დაპატიჟე ჩვენთან? მოსულიყვნენ და ენახათ, რა.
- რა ვიცი... ეგ არ მიფიქრია.
- უნდა გეფიქრა, - დავამუნათე, - აწი იფიქრე. კიდევ რომ დარეკავს გვანცა, უთხარი, რომ მე ვეპატიჟები, კარგი?
ემილის პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თავი დააქნია, ისიც ჭოჭმანით.
ენის ბევრი არაფერი ჰქონდა სალაპარაკო, ვმეცადინეობ და ჩარიცხვის იმედი მაქვსო, გამოგვიცხადა.
- ეგ ხომ ისედაც კარგა ხანია, ვიცით, - შეეპასუხა მარკო, - ჩვენ ახალი, რამე ახალი გვინდა. მიდი, გაბედე!
- რა ახალი, აბა რა ვთქვა? - გაიოცა ენიმ.
- მე რასაც შემპირდი, ის თქვი. - წააქეზა მარკომ.
- ააა, ეგ ხო, - გაიღიმა ენიმ და მცირე პაუზის შემდეგ თქვა, - მარკიზმა მითხრა, დაბადების დღე რესტორანში უნდა გადავიხადოო და პირობა მივეცი, რომ მეც წამოვიდოდი. სულ ესაა.
იმის ნაცვლად, რომ ამ ამბავს ერთი აჟიოტაჟი გამოეწვია და ჩემი სენსაციის მსგავსად ოვაციები მოჰყოლოდა, ყველას ენა ჩაგვივარდა. ჩემი და ვასიკოს ამბავიც არ ყოფილა ასეთი მოულოდნელი. ყველა ერთმანეთს მივაჩერდით, ყველას გაოგნება გვეხატა სახეზე. გონს პირველი მე მოვეგე და ტაში შემოვცხე, მერე სხვებიც ამყვნენ და ენის მივვარდით. მე და ემილიმ გადავკოცნეთ და მივულოცეთ, ასე რომ გამოცოცხლდა, ელისმა ხელშიც კი აიყვანა, მხოლოდ მარკო იჯდა კმაყოფილი სახით, არც კი შერხეულა. ის ჩვენზე ბედნიერი იყო, რადგან ამას მხოლოდ მან, ჩვენს დაუხმარებლად მიაღწია.
ბოლოს ელისის ჯერი დადგა.
- ახლა მე დავაგვირგვინებ დღევანდელ საღამოს. ხვალ მაქსი გვეწვევა, - ამაყად და თითქოს ჯიბრიანად გამოგვიცხადა.
- ხვალ? - ლამის წამოვხტი, - კი მაგრამ, მომზადება არ გვინდა? აქამდე რატომ არ თქვი?
- რა პრობლემაა, ისეთს არაფერს ვაპირებ.
- რას ნიშნავს, არაფერს აპირებ? სუფრა? როდისღა მოვასწრებთ?
- მოსასწრები არაფერია, მხოლოდ ნამცხვრები გვექნება, ხილი და რამე დასალევი. ვსიო.
- ასე რატომ გადაწყვიტე, ელის? - მეწყინა, - ის ბიჭი პირველად მოდის ჩვენს ოჯახში და როგორი აპირებ დახვედრას, ნამც...
- ტკბილად, - შემატყვეტინა ელისმა, - მან ასე ისურვა და მეც მომწონს ასე. თუ დავიღალე და არაქათი გამომეცალა, ღამისთევა თუ მომიხდა, რა ჯანდაბად მინდა ასეთი სტუმრობა?
- გადამრევს ეს გოგო! - ხელისგულები ერთმანეთს გავუტკაცუნე, თითქოს ტაშს ვუკრავდი, - სხვებსაც მოგწონთ მისი საქციელი?
- უჰუ, უჰუ, - მოკუმული ბაგეებით მომიგო მარკომ და ემილიმაც თავი დააქნია. ენი კი მხოლოდ იღიმოდა.
- კი ბატონო, თუ ასე სწორად მიგაჩნიათ, იყოს ასე, - ნირწამხდარი დავნებდი და მაშინვე ოთახიდან გავედი.
- დედაჩემმა ხუმრობა ვერ გაიგო, როგორც ჩანს, - დამეწია გზაში მარკოს ხმა.
დილიდან ყველანი დიდ ფაციფუცში ვიყავით. ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელ-მოსამზადებელი, მაგრამ მაინც ისე დავრბოდით იქით-აქეთ, თითქოს ოთხმოცდაცხრამეტკაციანი სუფრა უნდა გაგვეშალა. ვინ თეფშებს წმენდდა, ვინ კოვზებს ამშრალებდა, ვინ ხილს რეცხავდა...
თითქოს ხომ არაფერი, რა დიდი ამბავი იყო მაქსის სტუმრობა, მაგრამ შინაგანად ყველანი ვნერვიულობდით. მე იმაზეც ვშფოთავდი, რომ მარკოს დღეს თამაზიც უნდა მოეყვანა, რაც ემილიმ არ იცოდა. როგორ შეხვდებოდა გოგო ამ ამბავს, საგონებელში მაგდებდა. ერთადერთი მარკოს იმედი მქონდა, ის როგორღაც გაართმევდა თავს ამ ყველაფერს. ყველაზე უკეთ მან უწყოდა, როგორ მისდგომოდა ემილის.
სოფი და გაბი ყველას ფეხებში გვედებოდა თავიანთი ჯესით. გაბი უხასიათოდ იყო, სულაც არ უხაროდა იმ ვიღაც "დედიკოს მეგობრის" მოსვლა. მე მიზეზი ვიცოდი, ადრე მითხრა, სხვა ბიჭი მინდა დედიკოს გავაცნო, იქნებ ერთმანეთი შეუყვარდეთო. მაჭანკლობის ნიჭს ავლენდა ეს ერთი ციდა ბავშვი. ჰოდა, უნდოდა ახლა მაქსის გაცნობა? რა თქმა უნდა, არა. დრო რომ ვიხელთე, ცალკე გავიყვანე და დიდი ადამიანივით დაველაპარაკე, როცა სტუმარი მოვა, ხამივით არ მოიქცე, ხელი ჩამოართვი და ზრდილობიანად დაელაპარაკე-მეთქი. მაქსს თავისი შვილი ვერ მოჰყავდა, დედამისი არ უშვებსო. არადა, კარგი კი იქნებოდა, ბავშვები ერთმანეთს გაიცნობდნენ.
ელისმა დილიდანვე მოიტანა ხილი, ნამცხვრები და გაქრა. სალონში წავიდა თმის დასავარცხნად და მაკიაჟის გასაკეთებლად. მთელი საქმე მე, ემილისა და ენის შეგვატოვა.
თავქარიანი!
ემილის ვუთხარი, მხოლოდ ელისის ნამცხვრების იმედზე ნუ ვიქნებით, მოდი, ხაჭაპურები დავაცხოთ, ბავშვებს ღვეზელსაც მოვუმზადებ, თორემ ვინ იცის, ადამიანს რომ მოშივდეს და ქეიფის დროს ჭამაც მოუნდეს, დაღუპულები ვართ-მეთქი. ისიც დამეთანხმა და რადგან ცომის მოზელის დრო არ რჩებოდა, თონეში გავარდა, ხუთ-ექვს გუნდას წამოვიღებო. ყველი მქონდა და კარტოფილიც, ხაჭოც იდო მაცივარში, ამიტომ თავისუფლად შევძლებდი ცომეულის მომზადებას.
გული მეთანაღრებოდა, ვასიკო რომ არ იქნებოდა ჩვენთან. მე მას უკვე ჩემიანად მივიჩნევდი და მინდოდა, ისიც დასწრებოდა ჩვენს საზეიმო ლანჩს, მაგრამ აბა, ვისთვის უნდა შემეჩივლა ეს ამბავი? არადა, სული და გული იქით მქონდა.
სუფრა ენიმ გაშალა. ისე ლამაზად დაალაგა ყველაფერი, თვალი ზედ დაგრჩებოდა. ხაჭაპურების გამოცხობას მალევე მოვრჩი, რის შემდეგდაც ღვეზელზე გადავედი. კარტოფილიანი ღვეზელი ბავშვებს უყვარდათ და უფრო იმიტომ გავისარჯე.
ამასობაში ოთხი საათიც გახდა. მაქსის მოსვლამდე სულ რაღაც ერთი საათი რჩებოდა. მარკომ ჩამოიარა, გავალ და მალე მოვალო. მივხვდი, თამაზს უნდა შეხვედროდა. მინდოდა, თამაზი უფრო ადრე მოსულიყო, რათა ელისის კაცი" უხერხულ სიტუაციას არ შესწრებოდა, მაგრამ მარკომ დამამშვიდა, მაგ საქმეს მე მოვუვლი, შენ ნუ ნერვიულობო.
ელისი ჯერაც არ ჩანდა. ვბრაზობდი, ნეტავ სად დაეთრევა აქამდე, რა ვერ დაივარცხნა ის თმა, ან რას ივარცხნის ამისთანას, იმ ბიჭს ჯერ არ უნახავს თუ რა სჭირს-მეთქი.
და აი, პირველი ზარი გაისმა. კარის გასაღებად ემილი გავარდა. მე და ენიც უკან მივყევით. ზღურბლზე მაქსი და უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებული ელისი იდგნენ. ელისს ნახევარ სახეს ღიმილი უფარავდა, მეორე ნახევარს - ვარდების თაიგული.
- შეიძლება?
- მობრძანდით, მობრძანდით, - ისეთი რიხით შესძახა ემილიმ, რომ გამიკვირდა. თავის დღეში უთქმელი და მორიდებული გოგო უეცრად როგორი თამამი გამოჩნდა? პირი ღია დამრჩა.
- გამარჯობა... მაქსი... გამარჯობა... მაქსი... - მე და ენის სათითაოდ მოგვესალმა და გაგვეცნო მაქსი, თან ხელს გვართმევდა, ემილი კი გადაკოცნა.
მოწიწებით შემოვუძეხით სტუმარს სასტუმრო ოთახში და მაგიდის თავთან, საპატიო" ორადგილიან სავარძელში ჩავსვით, რათა ადგილი ელისის გვერდით "დაებევებინა". ცოტა ადრე კი მოგვივიდა სუფრასთან მიწვევა, რადგან მარკო და თამაზი ჯერაც არ ჩანდნენ, მაგრამ ელისმა ჩათვალა, რომ ჩვენი დახვედრა მაქსისთვის საკმარისი იყო. სადღაც გულიც კი დამწყდა, რომ ელისი მარკოს დალოდებას არ აპირებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ამ დროს ოთახში გაბი შემოვიდა. შემოვიდა და უეცრად გაშტერდა. ისეთი თვალებით დაუწყო მაქსს ყურება, გული გადამიქანდა, ბავშვი არ აყვირდეს-მეთქი. არადა, მაქსმაც უცნაური გაოცება გამოხატა, თითქოს სასწაული დაინახაო, რამაც საგონებელში ჩამაგდო. ნეტავ რა ხდება-მეთქი, გაფიქრება ძლივს მოვასწარი, რომ გაბი მოულოდნელად ადგილიდან მოწყდა და ჰოლს მიაშურა.
- გაბი! გაბი! - ძახილით დაედევნა ელისი და კიდევ კარგი, დაედევნა - ზედ კართან დაიჭირა, - რა ველურივით იქცევი, შე საზიზღარო! - დაუსისინა დედამისმა, - შემოეთრიე სახლში!
- აქეთ მოიყვანე, მე მივხედავ მაგას, - ხმადაბლა ვუთხარი ელისს და ბავშვი ხელიდან ავართვი.
საძინებელში შევუძეხი ბიჭს და ვკითხე, ასე რამ დაგაფეთა-მეთქი. თავიდან ხმას არ იღებდა, მერე კი უცებ ტირილი წასკდა.
- გაბი, საყვარელო, რატომ ტირი? - გულში ჩავიხუტე, - რა დაგემართა, ჩემო პატარავ? კარგი, დაწყნარდი და ნუ სლუკუნებ, კარგი? - თავზე ხელს ვუსვამდი და ვამშვიდებდი.
არ მეგონა, მაქსის სტუმრობა ასე თუ იმოქმედებდა მასზე, თორემ საერთოდაც გავარიდებდი აქაურობას.
- კარლა... ის... ის... ეს ის ბიჭია, მე რომ გელაპარაკე.
- ვინ ბიჭი, რაზე მელაპარაკე? როდის მელაპარაკე? - ვერაფერი გავიგე.
- აი... რომ გითხარი, დედიკოს უნდა გავაცნო-მეთქი.
ახლა კი მოვედი აზრზე.
- მართლა? მერე? პირიქით, უნდა გიხაროდეს, რომ დედაშენმა სტუმრად სწორედ ის ადამიანი მოიყვანა, ვინც შენ უნდა გაგეცნო... და... მოიცა, მოიცა... შენ საიდან იცნობ მას?
- საიდან და... ისა... იმას მე თავისი შვილი ვგონივარ, - დაიჩურჩულა ბავშვმა.
ეს კი რაღაც ვერ გავიგე. რატომ უნდა ჰგონებოდა მაქსს გაბი თავისი შვილი, ამ აზრს ვერაფრით ჩავწვდი.
- რას ნიშნავს ეგ... რაც ახლა მითხარი, რას ნიშნავს, ვერ ამიხსნი? - მეც ჩურჩულზე გადავედი.
მოულოდნელად კარი ელისმა შემოაღო, მას თან მაქსი მოჰყვებოდა.
გაბიმ კისერზე მკლავები შემომხვია და ისე ძალუმად ჩამეხუტა, სუნთქვა შემეკრა.
- ბიჭო, მოდი შენ აქ! ეი, გაბი! - ისე უხეშად მიმართა ელისმა შვილს, რომ უცებ ჭკუა გადამეკეტა.
გულში ჩახუტებულ ბიჭს ხელი მეც მოვხვიე და ელისს შევუბღვირე:
- ელის! რა ლაპარაკია ახლა ეს, ა?
- იცის მაგან, რა ლაპარაკიცაა. გამოიხედე ერთი აქეთ! გაბი! მე ვის ვეძახი?
გაბიმ უფრო მომიჭირა მკლავები.
- არ მეტყვით, აქ რა ხდება? - თავი ვეღარ შევიკავე და მეც ხმას ავუწიე.
- რა ხდება და ის ხდება, რომ ამ ლაწირაკმა მაქსი მოატყუა. უთქვამს, მე შენი შვილი ვარო და აგერ, რამდენი თვეა, ატყუებს თურმე.
შევძრწუნდი. იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ გაბის ორივე ხელი იღლიაში აამოვდე, მკერდიდან მოვიშორე და შევხედე:
- მართალია, რასაც დედაშენი ამბობს?
ბიჭმა ცრემლიანი თვალები შემომაბრწყინა და თავი უსიტყვოდ დამიქნია.
- ელის, ნუ ეჩხუბები, რა, - გაისმა მაქსის ხმა, - ცოტა ხანს დამტოვეთ გაბისთან მარტო. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და თვითონ გავარკვევთ, რა მოხდა, - ამ სიტყვებით მან გაბის მხარზე ხელი დაადო და მე შემომხედა:
- ქალბატონო კარლა, თუ შეიძლება... - "ცოტა ხანს მარტო დაგვტოვეთ" კი მზერით მაგრძნობინა.
გაოგნებული წამოვდექი და ელისთან ერთდ ოთახიდან გავედი. სახეები ყველას ჩამოგვძმარებოდა. ხალისი, რომლითაც დილიდან ვფაციფუცობდით, სადღაც გამქრალიყო.
- მე ვერაფერი გავიგე, გოგოებო. თქვენ? - ხან ემილის მივაშტერდებოდი, ხან ენის.
- ვერც ჩვენ, - მხრები აიჩეჩა ემილიმ და სოფის აკოცა, - დედი, შენც ხომ არ გაჩითე გაბისნაირად სადმე მამიკო, ჰა? - გაეხუმრა შვილს.
- კი, - ისე გუწრფელად უპასუხა სოფიმ და ისე თავდაჯერებულად დაუქნია თავი, რომ ემილი სახტად დარჩა.
მე და ენის სიცილი აგვიტყდა.
- რაოო? - აღმოხდა ემილის, - კიო? ვინაა, დედიკო? აბა, ერთი მომიყევი, შენ და გაბიმ რა იმაიმუნეთ ერთად? ეს მაქსი შემთხვევით მამაშენიც ხომ არ არის? - ემილიმ სოფი მუხლებზე დაისვა და სახეში შეაჩერდა.
- ალა, ჩემ... ჩემ მამიკოშ თამაჟი კვია, - ყოჩაღად გამოაცხადა სოფიმ.
გოგოს ფერი ეცვალა ქმრის სახელის გაგონებაზე. თავზარდაცემული რატომღაც, მე მომაშტერდა. "პირველად მესმის" პოზა მივიღე და მხრები ავიჩეჩე.
- მე ნუ მიყურებ, გონზე არ ვარ, რა ხდება, - შორს დავიჭირე ეს ამბავი, თან გულში ვნატრობდი, ნეტავ მარკო დროზე მოვიდეს-მეთქი.
- მერე? სად გაიცანი ის შენი "თამაჟი"? - ვითომ არაფერი, ისე რბილად დაუსვა შეკითხვა ემილიმ შვილს.
- ცილკსი. მე და მალკომ გავიჩანით, - მოაღო პირი სოფიმ.
- უკაცრავად, მაგრამ... - ემილიმ სოფი ძირს დასვა, წამოდგა და პირისპირ ამესვეტა, - კარლა, რა ხდება ჩემს ზურგს უკან, ხომ არ იცი?
- უკვე გითხარი, წარმოდგენა არა მაქვს-მეთქი. - იხტიბარი არ გავიტეხე და თვალი თამამად გავუსწორე. არადა, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ კრინტს როგორ დავძრავდი!
მაპატიე, ემილი!
ემილიმ ჩაახველა და, როგორც იქნა, მეშველა. კარზე ზარი კვლავ დაირეკა. ეს უეჭველად მარკო იქნებოდა.
ასეც იყო. მე მაშინვე გავვარდი. სანამ მივიდოდი, კარი გაიღო და ჯერ ვარდების თაიგულმა შემოყო თავი, ამჯერად მეორემ, მერე კი მარკო და თამაზი შემოვიდნენ.
- ნახეთ, ვინ მოგიყვანეთ? - მარკო გაიჭიმა.
- შეიძლება? დეიდა კარლა, გამარჯობა! - თბილი ღიმილით მომესალმა თამაზი და გადამკოცნა.
- გაგიმარჯოს, შვილო... შენ აქ საიდან გაჩნდი? - ვითომ არ ვიცოდი.
- მარკომ დამპატიჟა...
უკან მოვიხედე და ემილის გაფართოებულ თვალებსა და დამბლადაცემულ მზერას წავაწყდი. სახე გაჰფითრებოდა. არ ვიცი, მომეჩვენა თუ არა, მაგრამ თითქოს ნიკაპი უკანკალებდა.
- სალამი, ემილი...
ამ დროს სოფი გამოხტა, დედამისს ისე ძლიერად დაეჯახა, კინაღამ წააქცია და თამაზს ხმამაღალი შეძახილით მივარდა:
- მამიკო მოვიდა, მამიკო მოვიდა! - და ბავშვი მამაკაცს მკლავებში ჩაუხტა...
ემილი ხმას ვერ იღებდა. თაიგული კი ჩამოართვა ყოფილ ქმარს, რომელსაც მეორე ხელში სოფი აეტატებინა, მაგრამ თქმით სიტყვა არ დაუძრავს. გამეხებულმა თავის საძინებელს მიაშურა და შიგნით ჩაიკეტა.
- მადროვეთ, მადროვეთ.... პარდონ! - მარკომ ყველას დამამშვიდებელი ჟესტები "დაგვირიგა", მანიშნა, თამაზი სასტუმრო ოთახში შეიყვანეო და თვითონ ემილის კარს მიაშურა.
რამდენიმე ფრთხილი დაკაკუნების შემდეგ გავიგონე, როგორ გადატრიალდა გასაღები. ეს იმას ნიშნავდა, რომ ემილიმ მარკოს კარი გაუღო. აი, მაშინღა ამოვისუნთქე... ხმამაღლა, შვებით.
- აწი, მგონი, გვეშველება, - დაბნეული ღიმილით გამოვაცხადე და თამაზს სავარძლისკენ მივუთითე, დაჯექი-მეთქი.
- გმადლობთ... მგონი, შეგაწუხეთ... - შეიშმუშნა ბიჭი.
- რას ამბობ, რა შეგვაწუხე. პირიქით, კარგი ქენი, რომ მოხვედი, ყოჩაღ! დედა როგორაა? - ზრდილობის გულისთვის და კიდევ იმიტომ, რომ გაუსაძლისად დაძაბული სიტუაცია განმემუხტა, გვანცა მოვიკითხე.
- არა უშავს, ჯერ ებრძვის სიბერეს... თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით, კარლა დეიდა.
- მადლობა, საყვარელო. არ მოგერიდოს, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. თუმცა, ისედაც თქვენი სახლია ეს, - ჩემს ნათქვამზე მევე გამეცინა.
- დღეს, მგონი, სასწაულების დღეა, არა? - ეს ელისმა თქვა, რომელიც კარის ზღურბლს მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული მიჰყრდნობოდა და სევდიანი მზერით თამაზს ათვალიერებდა.
- ჩემს მოსვლას გულისხმობ, ელის? - თამაზი მორიდებით მიაჩერდა.
- არა მარტო... ჩემმა შვილმაც რაღაც იხიმანდრა, თან ისე, რომ ყველა გაგვაოგნა.
მე ჩავახველე და თვალით ვანიშნე ელისს, ახლა ამის დრო არ არის-მეთქი.
ამ დროს მარკოც გამოვიდა და თამაზი გაიხმო. როგორც ჩანს, ემილისთან უნდა შეეხვედრებინა. რამდენიმე წამში უკან მობრუნდა, დაჯდა, ყველას შემოგვღიმა და თქვა:
- ყველაფერი რიგზეა. სიმშვიდე შეინარჩუნეთ...
რაღა ბევრი გავგრძელო და, სულ რაღაც ათიოდე წუთში ყველანი სუფრას ვუსხედით. ჯერ ელისი იჯდა, მერე მაქსი, მერე გაბი. მის გვერდით ემილი მოთავსდა, მას თამაზი მიუჯდა და სოფი კალთაში ჩაისვა. აქეთა მხარეს მე, ენი და მარკო დავსხედით. სუფრის თავი ცარიელი დარჩა.
- მარკო, შენ სუფრის თავში ხომ არ... - ჩემს შვილს გავხედე.
- მანდ თამადა უნდა დაჯდეს.
- ვინ თამადა? - ელისმა მარკოს ქვემოდან ახედა.
- წუთი-წუთზე აქ იქნება. ცოტაც მოიცადეთ. ეს რაა, საჭმელი არაფერი გვაქვს?
- აგერ, ხაჭაპურია, დედა, ღვეზელიც, - თეფში მისკენ მივწიე.
- რა იყო, გაზთან ტრიალი დაგეზარათ თუ რა არის? - ხელები გაშალა, - კაცს პირველად ვხედავ და რა, პერაშკი გადაიღე-მეთქი ვუთხრა? - გაღიზიანდა მარკო და მართალიც იყო.
მე ელისს გადავხედე. ის ხმას არ იღებდა. არც მე. მის გამო თავის მართლებას არ ვაპირებდი.
- გასაგებია. ვინ მოიფიქრა ეს ბანძობა? - ეს უკვე ელისის დამცირებას ნიშნავდა, ამიტომ თავი გავწირე.
- მე.
- და რატომ? - შვილი მიმიხვდა, რომ ვცრუობდი და თვალებით გამბურღა.
როგორც ჩანს, წუხელ ალბათ ეგონა, რომ ელისი ხუმრობდა, როცა მაქსის ნამცხვრებით გამასპინძლებაზე საუბრობდა და ამან გააბრაზა.
- არ მინდოდა ამ სტუმრობისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. ვიფიქრე, მეგობრულად დავხვდებით-მეთქი.
- და ახლა თამადა რომ მოვა, რა ვუთხრა?
- ვინ თამადა, მარკო, კარგი რა! - იფეთქა უცებ ელისმა და ფეხზე წამოვარდა.
- დაჯექი მანდ! - ჩემმა შვილმა თვალები დააბრიალა და ელისიც მაშინვე ჩაწყნარდა.
ამ დროს ვიღაცის ტელეფონმა მესიჯის სიგნალი გამოსცა. მარკომ თავის მობილურს დახედა და ადგა.
- აი, ისიც! მოვიდა! - და გავიდა.
წუთიც და, ჰოლიდან ორი კაცის სიცილნარევი ხმები გაისმა.
- რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი გამოვაყოლე. რა ვიცი, ცოტა არაა, დანარჩენი ქალების საქმეა, რა!
ეს ვასიკოს ხმა იყო! ქანდაკებასავით გავშეშდი. გოგოებმა შემომხედეს. მათზე არანაკლებ ვიყავი გაოგნებული. ალმურმა სახე გადამიხურა.
- დე, გამო რა! - დამიძახა მარკომ. როცა გავედი, კაცები უკვე სამზარეულოში იყვნენ და პარკებიდან ხორაგს ალაგებდნენ.
- მე მარკომ დამპატიჟა, რა ვქნა, კარლა, ჩემი ბრალი არაა, - ხელები გაშალა ვასკამ და დამნაშავესავით შემომხედა.
- გაგიმარჯოს, ვასიკო! - მივესალმე და შეთქმულივით გავუღიმე.
იმანაც თვალი ჩამიკრა.
- აგერაა რესტორნის პურმარილი და მიდი, გაიტანე, თორემ სირცხვილია, ის ტიპი რას იფიქრებს! - დამამუნათა ჩემმა შვილმა და მეც დავფაცურდი...
შესანიშნავი სადილი გამოგვივიდა. ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ, ვსვით, ვჭამეთ და ყველაფერი დალაგდა. რაც მთავარია, ემილი ბედნიერი ჩანდა. ისეთი თბილი მზერით შესცქეროდა თავის თამაზს, გული სიხარულით მევსებოდა. ბოლოს გაბის ვთხოვეთ, თავისი საიდუმლო ჩვენთვისაც გაენდო და მოეყოლა, რა გადახდა თავს. იმანაც არ დაიზარა და ახლა უკვე ხალისიანად, მოყოლას შეუდგა:
- დეკემბერში იყო, რა. სკოლიდან რომ გამოვედი, ვიღაც გოგო და ბიჭი მოვიდნენ და მითხრეს, ოც ლარს გაჩუქებთ, თუ იმ ბიჭთან მიხვალ და ეტყვი, რომ მისი შვილი ხარო. მაქსი იყო ის ბიჭი, ცოტა შორს იდგა, მანქანასთან. თან მითხრეს, ვითომ ნანუკა ერქვა დედაჩემს და ის მაქსმა ცხრა წლის წინ ბათუმში გაიცნო, ზღვაზე. მეც მივედი და ვუთხარი. ამან თავიდან არ დაიჯერა. მე კიდევ თავი გავიგიჟე, მართლა შენი შვილი ვარ, რვა წლის ვარ და გიო მქვია-მეთქი. დედა თურქეთშია, ბებია მზრდის და მასთან ვცხოვრობ-თქო. ხოდა, მერე დაიჯერა და წამიყვანა და ნაცხვრები მაჭამა და სნიკერსები მიყიდა. მერე... მერე კიდევ შევხვდით და ჯესი მაჩუქა და...
- აკი ჩემი კლასელის მამამ მაჩუქაო, შე მამაძაღლო? - სიცილით გავაწყვეტინე.
- აბა, რა მეთქვა? - დიდი კაცივით წამოიძახა გაბიმ და გააგრძელა, - მერე სულ დავყავდი ხან სად, ხან სად. ფულსაც მაძლევდა. ნაძვის ხე მაჩუქა და სათამაშოები. მერე მეც მაგრად მომეწონა, მაგრამ ვერ ვუთხარი, რომ ვატყუებდი. შემრცხვა. მერე შენთვის მინდოდა მეთქვა, კარლა, მაგრამ შენც ვერ გითხარი. ვიფიქრე, იქნებ გულახდილობის საღამოს დამასწრონ და ვიტყვი-მეთქი, მაგრამ არაო, შენ მითხარი, ჯერაო პატარა ხარო, - ახლა გაბი მხოლოდ მე მიყურებდა და ისე ჰყვებოდა, - სულ არ შევხვდებოდი, მაგრამ იცოდა, სად ვსწავლობდი და სკოლასთან მოდიოდა, როცა გაკვეთილები მთავრდებოდა. რა ვი, სულ ეს იყო, რა.
- აი, თურმე რატომ აგვიანებდი ხოლმე სახლში, მე კიდევ შიშით გული მისკდებოდა, სად დადის-მეთქი! კარგა მაგრად კი ხარ გასატყეპი, მე თუ მკითხავს კაცი! - ყასიდად გავუწყერი, - წარმოგიდგენია, მაქს? ხან რას მოიმიზეზებდა და ხან რას, ოღონდ კი სახლიდან გამძვრალიყო. შემეშინდა, ვინმემ ცუდ წრეში არ ჩაითრიოს-მეთქი.
ყველას გაეცინა.
- კარგია, რომ ყველაფერი ასე მოხდა, - თქვა მაქსმა, - დღეიდან მასთან ჭიდილი აღარ მომიწევს, თორემ ვინ იცის, იქნებ ვეცემე კიდეც, დედაჩემთან რა გესაქმებაო.
მაქსის ნათქვამს კვლავ საყოველთაო სიცილი მოჰყვა...
საღამოს, როცა ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, მარკომ მკერდზე მიმიკრა და ყურში ჩამჩურჩულა:
- აღარაფერი მითხრა, დედუცი. მე დღეს ის გავაკეთე, რაც შენ გაგიხარდებოდა და მგონი, არ შევმცდარვარ. - და მაკოცა.
არა, არ შემცდარა!
ყველაფერი რაღაცნაირად უცებ და მოულოდნელად აეწყო, თანაც კარგად. ელისი და მაქსი საცაა დაქორწინდებოდნენ, ემილი და თამაზი კი შერიგდებოდნენ. აქეთ ჩემი და ვასიკოს ურთიერთობაც გაგრძელდა, მარკოც დააწინაურეს სამსახურში... შინაური საქმეები ისე გვარდებოდა, როგორც მელოდრამებში - ჰეპი ენდით. ამის გამო შინაგანად დაძაბული ვიყავი. დაძაბული ვიყავი იმის გამოც, რომ ალბათ მალე ემილის ბინიდან გადასვლა მოგვიწევდა. თუკი წყვილი ერთად გააგრძელებდა ცხოვრებას, ჩვენ მათთან რა გვესაქმებოდა?
ამ საკითხზე ერთ საღამოს ელისთან და ენისთან საუბარი წამოვიწყე. ემილი პაემანზე იყო წასული თავის ქმართან. როგორც გოგოებმა მითხრეს, დღიურ სასტუმროს ქირაოდნენ კვირაში ორჯერ და იქ განმარტოვდებოდნენ. ამან უარესად შემაშფოთა. რატომ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს სასტუმროში, როცა ამხელა სახლი აქვთ? გამოდის, ჩვენ ხელს ვუშლით მათ აქ ყოფნით. დროა, ჩვენ-ჩვენ გზას დავადგეთ-მეთქი.
- მეც ველაპარაკე ემილის, მაგრამ თავი გაიგიჟა. უთქვენოდ ერთი დღე ვერ გავძლებო, - თქვა ელისმა.
- უჩვენოდ რა, გადასახლებას ხომ არ ვაპირებთ? აგერ, ენის მდგმურს გავუშვებთ და ავალთ მეცხრე სართულზე. მორჩა, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. არა მგონია, ალმა წინააღმდეგი წავიდეს.
- ალმას ჩემს ბინასთან უკვე აღარაფერი ესაქმება. - ცივად წარმოთქვა ენიმ, - ის აქ ჩამომსვლელი აღარაა, იქ სახლიც აქვს და კარიც. ეს ბინა ჩემია და როგორც მომესურვება, ისე განვკარგავ. გადავიდეთ, მე თანახმა ვარ.
- იქნებ შენ დაელაპარკო ემილის? - ელისმა შემომხედა.
- დაველაპარაკები, - თავი დავუქნიე და საუბარი ამით დასრულდა.
ემილი სალაპარაკოდ მხოლოდ დილით დავიჭირე, რადგან იმ ღამეს შინ გვიან დაბრუნდა. როცა ვუთხარი, რასააც ვაპირებდით, თვალებში შიში ჩაუდგა.
- რას ამბობ, კარლა, გამორიცხულია. თქვენ აქ უნდა იყოთ. მე ხელს არაფერში არ მიშლით.
- ახლა არ გიშლით, მაგრამ ქმარი რომ შემოგივა, მერე შეგეშლება. როგორ წარმოგიდგენია თამაზთან აქ ცხოვრება, თუკი ჩვენც გვერდით გეყოლებით?
- როგორ და ჩვეულებრივად. თამაზი სად იყო, როცა მიჭირდა. თქვენ რომ არა, დღეს შეიძლება ცოცხალი აღარც ვყოფილიყავი. დაგავიწყდა, რა დღე გამოვიარე?
- ემილი, განა შორს წავალთ, აქვე ვიქნებით. ენისთან გადავალთ. როცა ერთმანეთი მოგვენატრება, ავირბენთ-ჩავირბენთ კიბეს და ეგაა. მერიდება იმ ბიჭის. როგორია, ამდენი წელი ცოლთან არ ყოფილა და უცებ ვიღაცებთან ერთად მოუწიოს ცხოვრებამ, რატომ, თორემ კი.
- ჯერ ერთი, არავინ იცის, აქ ვიცხოვრებთ თუ არა, - ნაღვლიანად გააქნია ემილიმ თავი, - ჩემი დედამთილი თავს ჩამოიხრჩობს, თამაზი სახლიდან რომ წამოვიდეს. მეორეც... თაზოს თქვენ ყველანი უყვარხართ და უხარია, როცა აქ მოდის. ასე მგონია, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანები არიანო.
- ემი... დარწმუნებული ვარ, თამაზი მეორედ შეცდომას არ დაუშვებს და გვანცას გვერდით არ გაგაჩერებს. ის ყველა ვარიანტში აქ გადმოვა, შენთან, ამიტომ...
- რატომ გგონია? შენი აზრით, ჩემთნ შერიგების გადაწყვეტილება თაზომ მიიღო? ეჭვი მეპარება. იმ ქალის სურვილი რომ არ ყოფილიყო, თამაზი ნაბიჯსაც არ გადმოდგამდა. შენ არ იცი, რა დონეზე ჰყავს დედამისს გამოჭერილი. მისი ნებართვის გარეშე პირს არ დაიბანს.
- კაი ახლა! მთლად მიწასთან ნუ გაასწორე ის ბიჭი. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, ვერ ხედავ, როგორი შეცვლილია? ვერ დავიჯერებ, ახლაც გვანცას ჭკუაზე დადიოდეს.
- ჰოდა, ჰკითხე. მეც მაინტერესებს, რას გეტყვის. ჩემთან ამ თემაზე საუბარი არ უნდა და რა ვქნა?
საინტერესო იყო, სინამდვილეში როგორ მოხდა, მაგრამ მეტყოდა კი?
- გეტყვის. შენ ისეთი მოწიწებით გიყურებს, რომ...
- ჰო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ან კი სად დავიმარტოხელო?
- მაგის დროც მოვა, - გამიცინა ემილიმ და ჩამეხუტა, თან ყურში ჩამჩურჩულა, მიყვარხარო.
დრო მართლაც მოვიდა, თანაც მალე. ერთ დღეს ემილიმ დამირეკა, მე და ელისი უცხოელებთან ხელშეკრულებას ვაფორმებთ ოფისის შესყიდვის თაობაზე, ამიტომ შინ გვიან დავბრუნდებით და იქნებ სოფი ბაღიდან გამოიყვანოო. მეც ხუთისკენ ბაღში გავქანდი. იქ კი შესასვლელთან, თამაზი დამხვდა დარჭობილი.
- თამაზ, აქ საიდან გაჩნდი? - გადავკოცნე სიძე კაცი.
- ემილიმ მითხრა, ბავშვის გამოყვანას ვერ ვახერხებო და წამოვედი.
- კი მაგრამ, შენ თუ მოდიოდი, მე რას გამომაქცუნა? - გამეცინა.
- არა, მითხრა, კარლა გამოიყვანსო, მაგრამ მე მაინც წამოვედი, გულმა არ მომითმინა. თქვენი ტელეფონი არ ვიცოდი, თორემ დაგირეკავდით. ემილი კიდევ ისე ჩქარ-ჩქარა მელაპარაკა, შეხვედრაზე შევდივარო, რომ ვერ მოვასწარი, მეთქვა, თქვენ არ შეეწუხებინეთ.
- არა უშავს, რა შეწუხებაა, პირველად კი არ გამომყავს. წამო, შევიდეთ, მერე კი ჩვენთან წამოდი, კარგი?
- ასეც ვაპირებ, თუ თავს არ შეგაწყენთ, - უხერხულად შეიშმუშნა.
- არა გრცხვენია? შენ ახლა ისევ ჩვენიანი ხარ, - მკლავში ხელი გავუყარე და ბაღის ეზოში ერთად შევედით.
გაგრძელება