"დედაჩემმა ბავშვი ჩააბარა... გოგო, სამი კვირის... მისი რჩენის საშუალება არა მაქვსო" - მშობლები

"დედაჩემმა ბავშვი ჩააბარა... გოგო, სამი კვირის... მისი რჩენის საშუალება არა მაქვსო"

2022-09-05 18:58:59+04:00


ონლაინრომანი: "ზურიკო"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია.
იხილეთ რომანის დასაწყისი

ცოტა გავიარეთ. მეც არ ვიცი, საით მივდივართ. ყველაფერი ამომვარდა თავიდან. უაზროდ ვადგავართ გზას.
- იცი, დედაჩემს რა ლამაზი სახელი ჰქვია? - მეუბნება უცებ.
- არ ვიცი? - გადავხედე.
- ნანა. ხომ კარგი სახელია?
- უჰ! ძალიან. საერთოდაც კარგი ქალია, ლამაზი. შენ კი, თურმე, არ უჯერებ. სად გასწავლიან, კი მაგრამ, შვილმა დედას არ დაუჯეროსო? - დავტუქსე მსუბუქად.
- მაგი ცუდად იქცევა. შენ არ იცი. შენ ბევრი რამე არ იცი! - მოიღუშა.
- გცემს ხოლმე, არა?
- მამაჩემის ტყავის ქამრით. ადრე უფრო მერეოდა, ახლა დიდი ვარ და აღარ ვუჩერდები, ეგრევე გავრბივარ ხოლმე. - ამას გარდა... - შეჩერდა, თვალმოჭუტულმა შემომხედა, ვუთხრა თუ არაო.
- მითხარი, რისი თქმა გინდა. ხომ იცი, არავის ვეტყვი. იქნებ შემიძლია დაგეხმარო, - მოვუჭირე ხელზე ხელი.
- შენ იცი, სად არის თბილისში ბავშვთა სახლი, სულ პატარა ბავშვების სახლი?
- ვიცი, როგორ არ ვიცი. იქ რა ხდება?
- შენ რომ მიხვიდე, ხომ შეგიშვებენ? - სუნთქვა გაუხშირდა.
- აბა რას იზამენ! - ვუდასტურებ.
- მე ორჯერ ვიყავი და არ შემიშვეს.
- კი მაგრამ, იქ რა გინდოდა? - ვგრძნობ, როგორ დავიძაბე.
გაჩერდა. ხელი გამიშვა და გამომცდელად შემომხედა.
- ნუ წელავ, მითხარი, რა ხდება! - უკვე თხოვნაზე გადავედი.
- იქ... დედაჩემმა... ბავშვი ჩააბარა... გოგო... სამი კვირის.
უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ვიგრძენი, როგორ დამბურძგლა.
- ვისი ბავშვი?
- თავისი. ჩემი და.
- როდის?
- მითხარი, ხომ არავის ეტყვი?
- არა, ზურიკო, ვის უნდა ვუთხრა. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
- არც მამაჩემს, არც დედაჩემს, ხო?
- პირობას გაძლევ.
- შარშან ზამთარში გაუჩნდა გოგო. ნოემბერში. მამაჩემი უკვე ციხეში იყო. მერე საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თქვა, ბავშვი მკვდარი დაიბადაო. მე კი გავიგე, ერთ ქალს რომ ელაპარაკებოდა ტელეფონით, ჩვილ ბავშვებში ჩავაბარეო, ახლა მისი რჩენის საშუალება არა მაქვს, ცოტა ხანს იყოს და მერე გამოვიყვან, ცოტა რომ წამოიზრდებაო.
- მერე? - ჩემს ხმას ვერ ვცნობ.
- მერე არც კი მისულა. მე ვიყავი ორჯერ, მაგრამ არ შემიშვეს. რამდენჯერმე ვთხოვე, წამიყვანე სანახავად-მეთქი. შენ იქ არაფერი გესაქმებაო. მოასწრებ მის ნახვას, მამაშენი რომ გამოვა ციხიდან, გამოვიყვან და სულ აქ იქნებაო. ახლა ჩვენ ძლივს ვარსებობთ, იმას რა ვაჭამოო...
- აქამდე რატომ არ მითხარი?
- რა ვიცი, აბა! - აიჩეჩა მხრები.
- გინდა, ახლავე წავიდეთ?
- მინდა! - გაუნათდა სახე.

* * *
ჩვილ ბავშვთა სახლში სიწყნარეა. თეთრხალათიანი ქალები გამოგვეგებნენ. თავაზიანად მიმიღეს. ერთი მათგანი ექიმის კაბინეტში შემიძღვა. ზურიკო დერეფანში დავტოვე. ექიმს ავუხსენი ჩემი მისვლის მიზეზი. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ცოტათი შეცბუნდნენ.
- იცით, ის ბავშვი რამდენი ხანია, გარდაიცვალა, - შეწუხებული სახით მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
- როდის? - რაღაც ჩამწყდა გულში.
- იანვარში. საცოდავი, ავადმყოფი იყო, უსუსური. სულ ხაოდა. ტირილიც კი არ შეეძლო. ფილტვები ჰქონდა თავიდანვე ძალიან სუსტი. რამდენჯერმე შევუთვალეთ დედამისს, მოსულიყო და მიეხედა ბავშვისთვის, ან გაშვილების უფლება მოეცა, ან მკურნალობის ფულზე ეზრუნა, მაგრამ... არც კი შემოგვეხმიანა. ჩვენ ვერაფერი შევძელით. თუ გნებავთ, ისტორიას გაგაცნობთ.
- არა, არის საჭირო. გმადლობთ, ქალბატონო.
უხმოდ გამოვტრიალდი. ზურიკო კვლავ დერეფანში მელოდება. კიდევ კარგი, შიგნით არ შევიყვანე. ვფიქრობ, რა ვუთხრა...
- რაო? - მოუთმენლობა ეტყობა ხმაში.
- იცი, ზურიკო, შენი დაიკო ვიღაცას უშვილებია. მდიდარ უშვილო ცოლ-ქმარს და მოსკოვში წაუყვანიათ. კარგ ოჯახში იზრდებაო, მითხრეს, - უმოწყალოდ ვცრუობ. სხვა რა დამრჩენია. პაუზა გაიწელა...
- ვიცოდი, ეგრე რომ იქნებოდა! ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი! - ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ერთი და იმავეს.
- მასე მოუხდება დედაჩემს! წავიდეს ახლა და იპოვოს! ღირსია! - წამოიყვირა აცახცახებულმა უცებ, ხელიდან გამისხლტა და ეზოში გავარდა.
ჭიშკართან ძლივს დავეწიე და საყელოში ჩავავლე ხელი. ვცდილობ, დავაწყნარო. ვთხოვ, შინ გამომყვეს, ირაკლისთან. ირაკლი ახლა უებარი წამალი იქნება მისთვის. როგორც იქნა, დიდი მუდარის შემდეგ დავიყოლიე. ჩავსხედით ტაქსიში და ირაკლის მივაშურეთ...

* * *
შაბათია. კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა. "ნეტავ ვინაა ამ დილაუთენია?" - გავიფიქრე და მაშინვე მაღვიძარას შევხედე. ათის ნახევარია. კაი დილაუთენია კი ყოფილა! ბრახუნი განმეორდა. სწრაფად წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი გავქანდი კარისკენ.
- ვინ არის? - გავძახე "გამოღმიდან".
ხმას არავინ იღებს. გავიხედე სათვალთვალოში. შენც არ მომიკვდე. ვიღაცას ხელისგული აუფარებია ზედ. მივხვდი, ვინმე შინაური რომ იქნებოდა და უყოყმანოდ გადავატრიალე გასაღები. კარი გამოვაღე თუ არა, უცებ შავი ცელოფნის პარკი ამიფრიალდა ცხვირწინ. შიშისა და მოულოდნელობისგან შევხტი, თუ შევკივლე, არ მახსოვს.
ზურიკოა.
- უჰ! შენ რა გითხარი, როგორ შემაშინე! რა არის, ბიჭო, ეს?! რა მოგითრევია, რა სუნი აქვს?!
- ეს თევზია, შენ რომ გიყვარს, - პირი ყურებამდე ჩახევია კმაყოფილი ღიმილისგან.
- რა ყველის ვაჭარივით იკრიჭები, შე მაიმუნო! ამ დილაუთენია რომ დამადექი თავზე, ხეზე გეძინა? - მოჩვენებითად ვუწყრები.
- შემო, შემო, თორემ გავიყინე! - ჩავავლე მკლავში ხელი და შემოვიყვანე. - მოყევი ახლა, ვის აწაპნე ეს თევზი. დედააა! რამდენია-ა-ა?! - აშკარად მიხარია.
- არავის! პროსტა დავითრიე! - უკვე ყურებიანად იღიმება და სახეგაბრწყინებული ირაკლის საწოლზე ჯდება.
- პრივეტ! რა დროს ძილია, ბიჭო, აშენდა ქვეყანა! - დაჰკრა ხელი წვივზე საბნის გარედან. გაბადრული ირაკლი წამოხტა და პირდაპირ ზურგზე შეახტა.
- ჰე, მოყევი ახლა, რით გამახარებ! - შევახსენე.
- კაროჩე, სანაპიროზე ხო იცი, ანკესებით რომ თევზაობენ, პივნოი ბართან. ხოდა, იქ ჩავიარე. ადრე იყო ძალიან. ერთი ბიჭი იდგა და ეს აცმა ეჭირა. დავითვალე. ვხედავ, კაი თორმეტი ცალია. იფ! ვიფიქრე, ეს ახლა კაი ღომთან ერთად ხოშიანი სადილი გამოვა-თქო. მივედი. ძველი ნაცნობივით მივესალმე. ისიც მომესალმა. რამდენად ყიდი-მეთქი, ვკითხე. ხუთ ლარადო. ხუთი რა ამბავია, ოთხი არ გეყოფა-თქო? ჯანდაბას, იყოსო. მაშინ ჩამიდე ცელოფანში და მაიტა-მეთქი. ჩამიდო. გამოვართვი. ახლა მე წავალ და ოც წუთში ფულს მოგიტან, კაცურად, ოღონდ ერთი პირობით-მეთქი: ოთხი ლარის ზევით რაც მომრჩება, ჩემი იყოს-თქო. ერთი კი გაიქაჩა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ ვაცალე: რა არ მენდობი-მეთქი? - შევეკითხე. გაიხედ-გამოიხედა. იფიქრა, ეს მარტო არ იქნება და აქ სიტყვაზე არ დამიწყონ გამოჭერაო. არიქა, არავინ მცემოსო და კიო, მითხრა, რავა არ გენდობიო. ხოდა, სიტყვა სიტყვაა, ოც წუთში ფული აქ იქნება-მეთქი. მოვტრიალდი და წამოვედი. წამოვედი და წამოვედი-ი-ი, - იცინის.
ირაკლიც მისჩერებია გაბრწყინებული სახით, ბაძავს მიმიკებით, თითქოს ეს ყველაფერი თვითონ ჩაიდინა, ისეთი სახე აქვს...
- კი მაგრამ, ის კაცი რომ მოატყუე და სიტყვა გატეხე, ეს არაფერია? - შევაგდე ნამუსზე.
- მერე რა, ის კიდევ დაიჭერს. დიდი ამბავი, - შერცხვა ცოტა.
- სირცხვილი შენი. ადამიანს პატიოსნად ნაშოვნი ლუკმა პირიდან გამოგლიჯე, მე მომიტანე, რომ მასიამოვნო. როგორ გგონია, ყელში გადამივა?
- მე და ირაკლის ხომ გადაგვივა, - ეშმაკურად მომიჭრა.
ხითხითებენ. მოდი ახლა და ელაპარაკე! ხელი ჩავიქნიე და სააბაზანოში შევედი.

* * *
შუადღეა. ბაზრიდან ვბრუნდები. ორივენი შინ დავტოვე, თან გავაფრთხილე, ჩემს მოსვლამდე ეზოში ფეხი არ გაადგათ-მეთქი. ბინას მივუახლოვდი თუ არა, მესმის ხმები: "მაღალი!" "არის მაღალი!" "დაბალი!" "არის დაბალი!" გამიკვირდა. შევაღე კარი და რას ვხედავ: ირაკლის გამოუფენია კარტი, დაულაგებია ერთმანეთის მიყოლებით შეტრიალებულად და თამაშობენ "ფორტუნას".
- რას შვრებით, ლომებო? - აშკარად გაოგნებული ვარ, ეს რამ მოაფიქრათ.
- ვთამაშობთ. მე ვითომ წიფურია ვარ, ზურიკო კი ახალი სიძეა და აბა, თუ მოიგებს! - ჭყლოპინებს ირაკლი.
უცებ სიგარეტის სუნი ვიგრძენი. ცუდად მენიშნა.
- ირაკლი, ჩვენთან იყო ვინმე მოსული, შვილო?
- არა?! სულ მარტო ვიყავით, - იგი ისევ თავის სტიქიაშია.
- როგორ არა! დენის კაცი იყო! - იყვირა ზურიკომ და ირაკლის თვალი ჩაუკრა.
ის ბოთე კი ვერ მიხვდა.
- არა, დე, არავინ არ ყოფილა! რატომ ატყუებ დედაჩემს, ა? - შეუტია.
- მობრძანდი ერთი ახლოს! - თითით მოვიხმე "ჩვენი ძმა".
მომიახლოვდა და საწყლად ამომხედა. არ დავინდე:
- შენ რა, სიგარეტს ეწევი? - ცივად შევეკითხე. ირაკლიც შეცბა.
- ხანდახან.
- რამდენი ხანია?
- ორი თვე იქნება.
- იტყუები!
- მამას გეფიცები!
- რატომ ეწევი?
- ბოლი რომ გამოვუშვა, იმიტომ, - თავხედურად იცინის.
ერთხანს გავჩუმდი. ვფიქრობ, როგორი სვლა უფრო მისაღები და მომგებიანი იქნება ასეთ მომენტში. ირაკლი დაძაბული გვიყურებს. ის არც შემიმოწმებია, ვიცი, არ მოწევდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე:
- ზურიკო, ერთი რამ დაიმახსოვრე. თუ შენ ჩემთან და ირაკლისთან მეგობრობა გინდა, დღეიდან არც ერთი ღერი სიგარეტი არ უნდა მოსწიო, სანამ დიდი ბიჭი არ გახდები. გესმის? თუ არადა, თვალით არ დამენახო. მე არ მიყვარს ცუდი ბიჭები!
- დედი, ახლა აპატიე, რა, მეტს აღარ მოწევს. ხომ არ მოწევ? - ირაკლი მიუახლოვდა ზურიკოს და ლოყაზე ხელისგული მიადო.
- ცოდოა, არ ეჩხუბო, - მეხვეწება. ცდილობს, როგორმე "შეარბილოს" სიტუაცია. მუხლებზე ჩამომიჯდა და თითქმის ჩურჩულით მეუბნება:
- იცი, დე, მეც მინდოდა მოწევა და არაფრით არ მომცა! - დიდად "გაკვირვებული" ტონით გააგრძელა. - მეც გამასინჯე-მეთქი და არაო. აი, რატო არა-მეთქი. იმიტო, რომ შენ კაი ბიჭი ხარო. შენ ცუდი ხარ-მეთქი (გაფშიკა საჩვენებელი თითი)? მე ქუჩის ბიჭი ვარ, მე რას მედრებიო, - ასე მითხრა. არადა... ახლა ხომ არაა ქუჩის ბიჭი, ჰა, დე? შენ ხომ უვლი? მითხარი, რა!
თავს ვუქნევ.
- კარგი. ამ ერთხელ მიპატიებია, მაგრამ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი! - ბოლომდე ვინარჩუნებ სიმკაცრეს.
- ურა-ა-ა! ვაშა-ა-ა! - მუშტები ჰაერში აიქნიეს და ყვირილით გაცვივდნენ აივანზე.
უცებ კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ანგარიშმიუცემლად გავაღე, არც მიკითხავს, ვინ არის-მეთქი... ორი უცხო ტიპი დგას. ერთს მარჯვენა ხელი კედელზე მიუბჯენია და სათვალის ზემოდან უტიფრად გამომცქერის. მეორე ოდნავ განზე დგას. შედარებით თავაზიანი ჩანს.
- ვინ გნებავთ?
- ნატა თქვენა ხართ?
- დიახ.
- ჩვენ სიტყვა დაგვაბარეს შენთან, დაიკო... ზონიდან.
- ზონიდან? რა ზონიდან? - უცებ ვერ მივხვდი.
- გუჯას ზონიდან, - ცინიკურად მეუბნება სათვალიანი.
- ა-ა-ა! გასაგებია. მობრძანდით, ზურიკოც ჩვენთანაა.
შემოვიპატიჟე დაუპატიჟებელი სტუმრები. გუჯა ხომ ზურიკოს მამას ჰქვია. არ მესიამოვნა ვიზიტი. ვგრძნობ, არც ისე კარგ საქმეში მაქვს ცხვირი ჩაყოფილი.
- ბიჭებო, თქვენ ცოტა ხანს გარეთ გადით, კარგი? ჩვენ საქმე გვაქვს, - ვთხოვე ბავშვებს. ისინიც უხმოდ გაიკრიფნენ სადარბაზოში.
- გისმენთ. რით დავიმსახურე ზონის ასეთი ყურადღება? - ვცდილობ, ოდნავ ოფიციალური ვიყო.
ერთი, ჩემ წინ რომელიც ზის, სწორედ ის, სათვალიანი, აშკარად კაიფშია. თვალები დანისლული აქვს წამლისგან. საფეთქელთან ძარღვი უტოკავს. უტიფრად მათვალიერებს. მეორე ოდნავ მოშორებით მოკალათდა სავარძელში. ის "ფხიზელია", ამასთან, უფრო ზრდილობიანად გამოიყურება.
- შენ, ჩემო დაიკო, ჩვენმა ძმამ კაცურად მიგიღო. გენდო. ბავშვიც კი ჩაგაბარა. ხომ იყო ასე? - კბილებში გამოსცრა სათვალიანმა.
- მერე? შემეშალა რამე? - ჩავიცინე.
- მეტი რაღა უნდა შეგეშალოს, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, შენი ჭირიმე. ჩვენ ძმურად იქცეოდი გვეგონა. შენ კიდე უშიშროების მაიორი ყოფილხარ. ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა... ხო აზრზე ხარ, რას ვამბობ...
თავი უსიტყვოდ დავუქნიე და შვებით ამოვისუნთქე. "თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ამას კი მოევლება", - გავიფიქრე. ახლა ის ზრდილობიანი ჩაერთო საუბარში:
- დაიკო, ცუდად ნუ გაგვიგებ. ხომ იცი, ჩვენ საძმოს არ უყვარს ეს ორგანო, ძაღლობა და მამაძაღლობა. იტოგში, რაღაც-რაღაცები უნდა გაირკვეს, რა!  - დაიწყო თავის კანტური "ფხიზელმა".
- რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ამდენი ალია-ბალია. მე, თუ ჩემს სიტყვას ენდობით, არც მაიორი ვარ უშიშროების და არც რიგითი ჯარისკაცი. ეს ტყუილი ზურიკოს დედასთან დამჭირდა. იქ რაღაც ქალური სიტუაცია შეიქმნა. ხომ გესმით, და მეც იძულებული გავხდი, ეს მეთქვა, თორემ ერთი უბრალო კომპიუტერის მასწავლებელი ვარ. ეგ არის და ეგ. თუ გნებავთ, შეამოწმეთ ჩემი საბუთები (არც ჩემი ჟურნალისტობა ვახსენე, მაგათთვის არც ეს იქნებოდა დიდად მოსაწონი).
შორს დაიჭირეს. ასეც ვიცოდი. ეგ ხომ არაკაცური საქციელია. მერე ღიმილით მოვუყევი, რაც იყო, როგორც იყო, რათა დამემტკიცებინა, რომ მაგ საქმეში "სუფთა" ვიყავი და, როგორც იქნა, "საძმო" დავაშოშმინე. როცა ყველაფერი გაირკვა, აუტყდათ ჩემი ხელების კოცნა ხან ერთს, ხან - მეორეს და სანამ კარამდე მივაცილებდი, სულ გულზე იდებდნენ გაშლილ მარჯვენას ბოდიშისა და მადლობის ნიშნად. ოღონდ მადლობას რაში მიხდიდნენ, არ ვიცი.
- ხომ ვართ ძმები? - გასვლის წინ მეკითხება წამლით გაბრუებული.
პაუზა გავწელე.
- არა ვართ? - გამიმეორა შეკითხვა და ეშმაკურად შემომხედა.
- აბა, რა გითხრათ, ორი კაცი ქალთან საქმის გასარჩევად მოდიხართ და რა ძმობაზეა ლაპარაკი.
ჩაიცინეს, არაფერი უთქვამთ, კიდევ ერთხელ დამიკოცნეს ხელები და წავიდნენ.

* * *
- რა უნდოდათ? - შეშფოთებული მომვარდა ორივე.
- ბუს კვერცხები! თქვენი საქმე არ არის! ზურიკო, შენ მიეცი მაგათ ჩემი მისამართი?
- არ-ა, რა ვიცი, მისამართი არ მითქვამს. უბრალოდ, გამომკითხეს, სად ცხოვრობსო და მეც ავუხსენი. მაგრამ ეს გუშინწინ იყო. მერე არც კი მინახავს, - იმართლებს თავს.
- კარგი, რაც იყო, იყო. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დახურეთ კარი!
ეს, ალბათ, სულ დედამისის ოინებია. არა მგონია, მამამისს დაეჯერებინა "ცუდი" ცოლის მონაყოლი ჩემ შესახებ. ოხ! რა არიან ეს ქალები! (სხვათა შორის, იმ დღესვე ვნახე ერთი ჩემი უბნელი, რომელიც კარგად ერკვევა ასეთ საქმეებში და მოვუყევი. გაიცინა, ასიანი იმ ქალის მოგზავნილია, "ფრაერები" იქნებოდნენო. ზუსტად გამომიცნია). გავბრაზდი, მაგრამ ახლა ეს პრობლემა სულაც არ მაწუხებს. ახლა ზურიკო მინდა ერთ რამეში დავითანხმო... და პირდაპირ ვატაკე:
- ზურიკელა, სკოლაში არ გინდა, იარო?
- არა კაცო, რა მინდა სკოლაში!
- შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა! - გავაგრძელე შეტევა.
- ა-რა! ნაღდად არ მინდა! აჰ! აჰ! გთხოვთ, ქალბატონო ნატა, მეტი აღარ გაიმეოროთ ეს სისულელე! - ირაკლი სიცილით იჭაჭება. ზურიკოს ხელები წინ აუფარებია და განზე ისე იყურება ცხვირაპრეხილი, თითქოს საჭმელს იწუნებსო.
- მომისმინე, ზურიკო! მე უკვე ველაპარაკე მასწავლებელს. მხოლოდ ერთი კვირით. არც ჩანთა გექნება, არც - წიგნები. უბრალოდ, მიხვალ, დაჯდები გაკვეთილებზე და მარტო მოუსმენ. არც ისწავლი, არც დავალებებს დაწერ. მხოლოდ მოუსმენ. მინდა ნახო, რანაირია სკოლა. იქნებ მოგეწონოს! ერთი კვირის შემდეგ კი როგორც შენ იტყვი - ან დარჩები, ან წამოხვალ. ჩემი ხათრით, კარგი?
თვალმოჭუტულმა ამომხედა. მერე ირაკლის გადახედა. მერე გაიღიმა, თავი გადააქნია, მერე ამოიოხრა და "ამოუშვა":
- შენი ხათრით, თუ გინდა, ერთი წელიც ვივლი ტყვილა იმ სკოლაში, მაგრამ რა ხეირია, რო? და სიგარეტსაც არ მოვწევ... არასდროს... ასიანი... სიტყვას გაძლევ!
- იმ მეთევზეს რომ მიეცი, ისეთ სიტყვას? - გამოვიჭირე.
- არა, პატიოსან სიტყვას, ნაღდ სიტყვას! - თამამად შემომხედა.
- დაჰკა ხელი! - გავუშვირე მარჯვენა. მძლავრად დაჰკრა.
- მეც, რა, მეც! - ჩაგვიხტა შუაში ირაკლი და თავისი მარჯვენით გაამაგრა ჩემი და ზურიკოს "ალიანსი".

* * *
ერთი სიტყვით, ზურიკო სკოლაში მივიყვანე. უფრო სწორად, მივაბარე მესამე კლასში სულ ხუთი დღით. ვნახოთ, რას იზამს. იქნებ მოეწონოს კიდეც... კი არა მგონია, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვცდი...
ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა!

* * *
ირაკლის სკოლა შეგნებულად გამოვრიცხე. ვიფიქრე, უცხო ბავშვებში რომ დავსვამ, უფრო მორიდებული იქნება-მეთქი.
სკოლაში გამოწკეპილი გამოცხადდა. ტანსაცმელი მე და ირაკლიმ შევურჩიეთ მეორადებში. ახალი ფეხსაცმელები აცვია (14 ლარი), თეთრი პერანგი (3 ლარი), ჯინსის შავი ფერის შარვალი (10 ლარი). სულ ეს არის და ეს მისი ახალი "ავლა-დიდება".
მასწავლებელი თბილად შეხვდა. თავზე გადაუსვა ხელი.
- იმედია, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს... რას იტყვი, ზურიკო? - ალერსით შეეკითხა.
- არაფერს, - ჩაილაპარაკა, თან სადღაც განზე გაიხედა.
- ო-ხო-ხო! როგორი ეშმაკები უცეკვავს თვალებში. ეტყობა, კარგი ხვითოა, აი! - ღიმილით გადააქნია თავი დამრიგებელმა. - ვნახოთ, რა იქნება.
- ვნახოთ, რა იქნება, - გავიმეორე მისივე სიტყვები.
ამასობაში ზარიც დაირეკა.

* * *
სიმართლე გითხრათ, კვირის ბოლომდე შეგნებულად არ მივედი სკოლაში. მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა დამოუკიდებლად. ივლიდა, თუ არა.
პარასკევს კი, კარგი მშობელივით გამოვეცხადე დამრიგებელს. ჩემს დანახვაზე ქალს ფერი დაუბრუნდა სახეზე.
- კიდევ კარგი, მოხვედით, კიდევ კარგი, თორემ მეტის ატანა აღარ შემეძლო. წა-ი-ყვა-ნეთ! - ამ სიტყვების გაგონებისას "ცისფერი მთები" გამახსენდა, "გრენლანდია".
საკლასო ოთახს თვალი მოვავლე. ზურიკოს პერანგი ამოჩაჩვია. თმა გაბურძგნილი აქვს და ბოლო მერხთან, კუთხეში მიყუჟულა, თან უდიერად იცინის.
- ხომ გეუბნებოდი, არ არის აქ ჩემი ადგილი-მეთქი, - მომაძახა უცებ აგრესიულად და ოთახიდან გავარდა.
- მოკლედ, რა არ ჩაიდინა! ჩამოთვლაც კი მიჭირს. ეს დღეები პირდაპირ ჯოჯოხეთად მიქცია მეც და ამ ბავშვებსაც, - თითქმის მოთქვამდა მასწავლებელი, - ამ ხნის ქალი მოვიყარე, 30 წელია, სკოლაში ვასწავლი და ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია. ცელქი ბავშვების მეტი რა მყოლია, ძნელად აღსაზერდელებიც შემხვედრია, მაგრამ (აქ მხრები აიჩეჩა) ასეთი მოუხელთებელი არაფერი მინახავს! მაშინ, შვილო, ასაკიც მიწყობდა ხელს, ჯანიც მომდევდა. ახლა სადა მაქვს ამისი თავი, ნამდვილად ვერ მოვერევი... მაგი რომ ჩემს კლასში სწავლობდეს, ან ეგ იქნება და ან – მე! - გადაჭრით დაამთავრა დამრიგებელმა.
თავი უხერხულად ვიგრძენი. ნეტავი შემევლო ამ დღეებში! ვინანე, ასე უყურადღებოდ რომ დავტოვე "მოსწავლეც" და მასწავლებელიც.
- მომიყევით, ქალბატონო, რა ჩაიდინა, - ვთხოვე მორიდებით.
- რომელი ერთი მოგიყვეთ, შვილო. უკვე ამერია ერთმანეთში, რა როდის იყო. ერთხელ თვითმფრინავები გაუშვა შუა გაკვეთილზე.
- ეგ ორშაბათს იყო, მასწავლებელო! - აყვირდნენ ბავშვები.
- ა! ხომ ხედავთ! გადამირია ესენი! ვერ ვცნობ ჩემს კლასს. ისეთი ბუნჩულები იყვნენ, ისეთი წყნარები. ახლა კი... ძლივს ვახერხებ ამათ მოთოკვას!..
და დაიწყო მოყოლა...
* * *
ისტორია პირველი
ორშაბათი. პირველ გაკვეთილზე გაძლო. წყნარად იჯდა. მეორე გაკვეთილზე აცმუკდა. გვერდით მჯდომ გოგონას რვეული წაართვა, ფურცლებად დახია და თვითმფრინავების გაკეთებას შეუდგა.
- ზურიკო, რატომ არ ხარ ყურადღებით? - შეეკითხა მასწავლებელი.
- არ მაინტერესებს და იმიტომ, - იყო პასუხი.
- არ გინდა, რამე მაინც ისწავლო?
- რად მინდა შენი სწავლა, როცა აგერ, აეროპორტის დირექტორი ვარ, - მკვახედ მიუგო და ყველა თვითმფრინავი მორიგეობით გადააფრინა კლასში.

ისტორია მეორე
სამშაბათი. რუსული ენის გაკვეთილს ახალგაზრდა გოგონა ატარებს. იგი ბავშვებს ეკითხება:
- აბა, ვინ მეტყვის, როგორ იქნება რუსულად ვაშლი?
ზურიკომ ხელი აიწია.
- შენ ჩემი მოსწავლე არ ხარ, ასე რომ, არ შეგეკითხები, - ცივად უთხრა მასწავლებელმა.
- იაბლოკო, - პასუხობენ ბავშვები.
- ეპლ, - ინგლისურად თარგმნის ზურიკო.
ასე - ყველა შეკითხვაზე მოსწავლეები პასუხს რუსულად სცემენ, ზურიკო კი ინგლისურად.
- ზურიკო, შენ თუ ამდენი ინგლისური იცოდი, რატომ აქამდე არ დადიოდი სკოლაში? - გაბრაზდა ბოლოს მასწავლებელი.
- რომ ვიცი, იმიტომ, - მიუგო მშვიდად და იმ დღესვე გადაწყვიტა, შური ეძია მასზე.

ისტორია მესამე
ოთხშაბათი. შუა გაკვეთილია (კვლავ რუსულის). მასწავლებელი დაფაზე წინადადებას წერს. უცებ კლასში ჩოჩქოლი ატყდა. გოგონებმა შეჰკივლეს კიდეც. ნატალია პავლოვნა (ასე მიმართავენ მოსწავლეები) მოტრიალდა.
- რა ამბავია? - გაოგნდა ქალი.
ყველა ერთდროულად ზურიკოს მიაჩერდა.
- ზურიკო, რაშია საქმე! ადექი ზეზე! - უბრძანა.
ზოზინით წამოდგა.
- არაფერი, მასწ, ცდებს ვატარებ.
- რა ცდებს ატარებ, იქნებ ჩვენც გაგვიზიარო!
- რამდენ ხანს გაძლებს ბაყაყი უჰაერო სივრცეში, - წარმოთქვა, მერხს ქვევიდან დახუფული ქილა ამოაძვრინა და მაღლა ასწია. ქილაში გამომწყვდეული ბაყაყი გულაღმა ამოტრიალებულა და ხელ-ფეხს უმწეოდ აფართხალებს. აბა, კივილი მაშინ უნდა გენახათ... შეშინებული მასწავლებელი პირველი გავარდა კლასიდან.

ისტორია მეოთხე
ხუთშაბათი. დამრიგებელი მათემატიკას ხსნის. მოულოდნელად ზურიკო ეკითხება:
- მასწ! ეს ქართული და მათემატიკა რომ ყოველდღე ტარდება, ხატვა და სიმღერა რატომ არ გვაქვს ყოველდღე?
ყველა ხმამაღლა იცინის ახალი ოინის მოლოდინში.
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - მასწავლებელი ახსნას აგრძელებს.
ცოტა ხანში სტვენის ხმა გაისმა.
- ზურიკო, რატომ მიშლი ხელს, რატომ ხმაურობ?
- იმიტომ, რომ ასეა საჭირო, - უდარდელად პასუხობს.
- მაგას არ სჯობია, მომისმინო, იქნებ დაგრჩეს რამე მაგ თავში.
- მე არ მომწონს თქვენი გაკვეთილი. ძალიან უინტერესოდ ხსნით.
- მაშინ შენ ახსენი საინტერესოდ.
- საინტერესოდ კი არა, გასაგებად უნდა ახსნათ. ესენი ჯერ პატარები არიან. ამათთან საინტერესო ახსნა იგივეა, რაც უინტერესოდ ახსნა. ეს ბავშვები ჯერ იმ ასაკში არიან (გაფშიკა საჩვენებელი თითი), რომ მხოლოდ გასაგებად უნდა აუხსნათ.
- კი, მაგრამ, შენ რა, ბავშვი არა ხარ?
- მე არა ვარ ბავშვი, მე კაცი ვარ! - ისეთი მტკიცე ტონით უთხრა, გაოგნებული დამრიგებელი სკამზე ჩამოჯდა.

ისტორია მეხუთე
პარასკევი და... კულმინაცია.
ზარი დაირეკა. მესამე გაკვეთილი იწყება. არის ერთი ღრიანცელი, გამაყრუებელი წივილ-კივილი. შემოდის დამრიგებელი. ბავშვები უცებ მიჩუმდნენ. ავის მომასწავლებლად მოეჩვენა ეს სიჩუმე.
- რაშია საქმე, ბავშვებო, რამე ცუდი ხომ არ მოხდა? - იკითხა შეშინებულმა ქალმა.
ამ დროს კარადიდან (კედელში ჩაშენებული საკიდრები) ბრახუნის ხმა მოისმა.
- ვინ არის მანდ? - შეშფოთდა მასწავლებელი.
- გიორგია ჩაკეტილი!..
- გიორგი ჩაჭედეს, მასწ!..
- ზურიკომ ლურსმნით ჩაჭედა!.. - აყვირდა ყველა ერთხმად.
ზურიკო კი მშვიდად იჯდა ბოლო მერხზე და უმისამართოდ იღიმებოდა.
ერთი პატარა ბიჭი თურმე იმ დღეებში გამუდმებით აჯავრებდა, შენ დაუსწრებელი მოსწავლე ხარ, შემოგზავნილი, არც ჩანთა გაქვს და არც წიგნებიო. ჯერ უთმინა, მერე წაარტყა ერთი-ორი, მერე ყურებიც "დაახია". იმან კიდევ მასწავლებელთან ჩაუშვა. ზურიკო კი ადგა და "ჩამშვები" სამაგალითოდ დასაჯა. შესვენებაზე მოკიდა ხელი აბეზარ ბიჭს, შეაგდო კარადაში, იქვე დააძრო, ვინ იცის, საიდან, ქვა და ლურსმანი (იქნებ შინიდანაც წამოიღო) და ბავშვი კარადაში ჩალურსმა...

* * *
აი, ასეთი "საგმირო" საქმეები ჩაიდინა ზურიკომ სკოლაში ხუთი დღის განმავლობაში. ამგვარი ოინებით კი, როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, მან მთელი კლასი კალაპოტიდან ამოაგდო. ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. ეშველება კი ამ ბავშვს რამე? ხომ არ შევეშვა საერთოდ? ზედმეტად ხომ არ გათამამდა? არადა... ან, იქნებ... ფიქრები ერთმანეთში ამერია.
გარეთ გამოვედი. ძებნა დავუწყე. ჭიშკართან დამდგარა და მელოდება. ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას აწვალებს, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია.
- ყოჩაღ, როგორ მასახელე! დიდი მადლობა! - გაღიზიანებული ვარ, თან სწრაფად მივდივარ.
- არ მინდა სკოლაში და რა ვქნა!
- აბა სად გინდა, ქუჩაში?
- შენთან მინდა. შენთან და ირაკლისთან, - ამომხედა მუდარის თვალით. - არ შეიძლება შენ იყო მასწავლებელი და შენ მასწავლო? ყველაფერს დაგიჯერებ, დედას გეფიცები! - მოჭუტა თვალები. როგორც ხავსს, ისე ჩამჭიდა ხელი და იმანაც აუჩქარა ნაბიჯს.

* * *
შაბათ-კვირას სამეგრელოში მომიწია წასვლამ. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, ირაკლი და ზურიკოც თან წამეყვანა. ნებართვის აღება არ დამჭირვებია - დედამისი ორი კვირაა, შინ არ მისულა და კაცმა არ იცის, სად დადის. ასე რომ, მოვკიდე ორივეს ხელი და ჩავსვი ზუგდიდის მატარებელში.

* * *
დილის ექვს საათზე უკვე ადგილზე ვიყავით. მატარებელი პირდაპირ ჩემს სოფელში ჩერდება. ჯერ კიდევ ბნელოდა, ამიტომ ვაგზლის მოსაცდელში დავიცადეთ, სანამ ინათებდა. თორემ ისეთი წყვდიადი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. როგორც ჩანს, დენი აქ იშვიათი მოვლენაა. პირველი, რაც ვაგონიდან ჩამოსულმა ვიგრძენი, შპალების სუნით გაჟღენთილი ჰაერი იყო, ნესტიანი, მძიმე. და კიდევ ჭრიჭინების ხმა - ძალიან ნაცნობი და ძალიან შორეული...
მალე ინათა. ამინდს კარგი პირი უჩანს. სამივენი ლიანდაგს დავუყევით. ასე ყველაზე მოკლე გზაა ჩემს სახლამდე. ზურიკო პირველადაა სოფელში. ადრე არ განუცდია ეს სიამოვნება და ცნობისმოყვარედ აცეცებს თვალებს აქეთ-იქით. ირაკლი შედარებით მშვიდადაა. მართალია, ორი წელია, აქეთ არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც "სტაჟიანივით" იქცევა ზურიკოს დასანახად.
- მალე მივალთ? - ვერ ისვენებს ზურიკო.
- აი, ოცამდე რომ დაითვლი, მივალთ, - პასუხობს ირაკლი და თვალს მიკრავს.
მალე შპალები დამთავრდა და მოასფალტებულ გზაზე გადავინაცვლეთ. ერთი კილომეტრ-ნახევარი მაინც უნდა გავიაროთ ფეხით. აბა, სადღაა ტაქსი. ტაქსი კი არა, მთელი გზა ისე გავიარეთ, ერთი მანქანაც არ შეგვხვედრია. ჩამკვდარია სოფელი. არაფერი აქ არ მუშაობს...
- კიდევ ბევრი დარჩა? - გულმა არ მოუთმინა ზურიკოს.
- აი, ახლა ცხრამეტამდე დაითვალე და მივალთ, - ხითხითებს ირაკლი.
როგორც იქნა, გამოჩნდა სახლები. აქ, გზის პირას, სულ სიმინდის ყანებია. თუმცა, ვხედავ, ერთი-ორი ფიცრული ოდა ჩაუდგამთ კანტი-კუნტად. "კარგია, თუ ასე მრავლდება სოფელი", - გავიფიქრე ჩემთვის.
საამო ნიავი ქრის, თბილი. აი, ჩემს შუკაშიც შევუხვიეთ.
- კიდევ შორსაა შენი სახლი? - უკვე მერამდენედ იკითხა ზურიკომ. ვერ ითმენს.
- ახლა თორმეტამდე დაითვალე და... - უკვე მერამდენედ ცდილობს მის მოტყუებას ირაკლი.
გზაზე არავინ შეგხვედრია. მართალია, მზე მხოლოდ ახლა ამოიწვერა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ასეთ დროს სოფელი დიდი ხმაურით იღვიძებდა. კიდევ ერთხელ მოვუხვიეთ და ჩემს ეზოსაც მივადექით.
- შო-თი-კო! - დავიწყე ყვირილი. შოთიკო ჩემი ძმისშვილია, ოთხი წლის.
- შო-თი-კო! - ამყვა ირაკლიც.
მერე ჭიშკრის საკეტიც გავაჩხაკუნეთ, ხმაურით გავაღეთ, მერე ისევ დავკეტეთ და როგორც იქნა, გავაგონეთ.
ჯერ მამაჩემი გამოჩნდა, მერე - ჩემი რძალი, მერე ჩემი ძმა და ბოლოს, ჩემი დედინაცვალი. ატყდა მხიარული შეცხადება ჩემს დანახვაზე. მამაჩემმა ბიჭებს გადახედა. უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა, რომელი იყო მათ შორის ირაკლი. ხუმრობა ხომ არ არის, ამდენია ხანია, არ უნახავს,
- ეს მეორე ვინღაა? - გადმომხედა ცალი თვალით.
- ეს მეორე ირაკლია, - ვიცინი გულიანად. ეტყობა, ირაკლის სიმაღლემ მოატყუა.
- ეს კი მისი მეგობარია, - წარვუდგინე ზურიკო.
ბოლოს ნახევარად შიშველი შოთიკოც გამოჩნდა, ნაცრისფერთვალება, ქერაკულულებიანი, ფეხშიშველი გამოტანტალდა პარმაღზე...
გაგრძელება