ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისილიზიკოს კარგა გვარიანად შეაგვიანდა. შეგნებულად არ დავურეკე, არ მინდოდა ციალასთან ლაპარაკი.
მამიდა მარტო დაბრუნდა, სასა ბებოს გარეშე.
- რაო? - ოთახში შევყევი აქოშინებულს. მსუქანია და მალე იღლება ჩემი მამიდა.
- ჯანდაბა და დოზანაო. კარგა გვარიანად ვუსაყვედურე. იცი, რა დღეში დამხვდა ქალი? ვერ ლაპარაკობდა.
- რატომ?
- რატომ და დაუძლურებულია, შვილო. იქნებ არც აჭმევს საჭმელს, ვიცი? შარდის სუნით ყარდა. პერანგს გამოვუცვლი-მეთქი, მოვატანინე ახალი, მერე ძლივძლივობით წამოვაყენე და რას ვხედავ! ნაწოლები გასჩენია ისეთი, სულ სისხლი სდიოდა!
- რას ამბობ, ლიზა! მართლა? ეს რა მითხარი, გული აი, ასე ამიჩქარდა, - მუშტის მოძრაობით გამოვხატე ჩემი გულის დაგადუგი.
- მე რა დღეში ჩავვარდი? თავი ძლივს შევიკავე, რომ არ ვაფეთე შენს დედამთილს იმ გაბრტყელებულ სახეში! სასას ყველაფერი გავუკეთე, რისი გაკეთებაც შევძელი. სპირტიანი წყლით მოვწმინდე, იოდით დავუმუშავე, მალამო წავუსვი... წამოყვანა მინდოდა. ის ქალბატონიც თანახმა იყო, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ მობრძანდა შენი ქმარი და სასტიკი უარი მითხრა, ამის დღეები დათვლილია და ჯობია, სახლში მოკვდესო. ეგ უნამუსო, ეგა!
- ეჩხუბე?
- არა, რა ვეჩხუბე, ხმა არ ამომიღია. შენ არ გითხრას მერე რამე, მაგრამ ისეთი თვალებით შევხედე, ადგილზე მივასიკვდილე.
- სულ არაფერი უთხარი, ქალო? - აღვშფოთდი.
- მხოლოდ ის ვუთხარი, ყველანი სიბერის შვილები ვართ-მეთქი. მეტი არაფერი.
ისე გავცოფდი, ჩანთას ვეცი, მობილური ამოვიღე და დასარეკად მოვიმარჯვე.
- არ დარეკო, მერი! - ხელი დამიჭირა მამიდამ, - მაგათთან აყალმაყალი არ ღირს, ტყუილად ვერაფერს შეაგნებინებ. შენ რომ მოხვდი მაგათ ოჯახში, მხოლოდ ამას ვნანობ, მეტს არაფერს. კი იმსახურებდი ათასჯერ უკეთესს, მაგრამ შენი არჩევანი ის ბედოვლათი იყო და...
- ახლა მეუბნები, ლიზიკო, მაგას? - გავიღიმე, - აკი ჩემი გოჩაო და რამე? გგონია, დამავიწყდა?
- მე რა ვიცი, აქამდე კარგი ბიჭი მეგონა, მაგრამ ახლა ისეთ რამეს შევესწარი, შენ არ გეწყინოს, მაგრამ გული მერევა მის ხსენებაზე.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. ჩვენ კარგა ხანია, ერთმანეთს დავშორდით, - "ვახარე".
- დაშორდით? - ეჭვნარევი მზერა მესროლა, - მართლა მეუბნები, თუ მატყუებ?
- მართლა გეუბნები, როდის მომიტყუებიხარ?
- "კარგა ხანი" რას ნიშნავს?
- 6 თვეზე მეტი გავიდა უკვე.
- აბა, აბა! გუშინწინ არ მითხარი, ერთად ვიქეიფეთო?
- ჰო. აი, მოტყუებით მაშინ მოგატყუე.
- "მალადეც"! - თვალები დააკვესა ლიზამ, - როგორ მოახერხე!
- კარგი, ჰო, ერთი კეთილი ტყუილი როგორმე მაპატიე.
- კეთილი ტყული მხოლოდ ზღაპრებში არსებობს. შენ ის მითხარი, რატომ დაშორდით?
- იმიტომ, რომ არაკაცია.
- რაში გამოიხატა? - არ მეშვებოდა მამიდა.
- რაში და სხვა ქალთან ცხოვრობდა, საყვარელი ჰყავდა. მერე ვითომ ცოლად მოიყვანა, ორსულად არისო, მითხრა. მერე მუცელი მოეშალაო, მერე ესაო, მერე ისაო... ამას წინათ შენთან მინდა დაბრუნებაო. კარგად ბრძანდებოდე-მეთქი და კარი მივუხურე.
- მაგის სახელი არ ახსენო ჩემთან! მორჩა! ჩემთვის ეგ კაცი და დედამისი მკვდრები არიან! - გამოიტანა მამიდამ საბრალდებო დასკვნა. - ეს რომ მცოდნოდა, ერთს გემრიელად მივთათხავდი ორივეს!
- არა უშავს, მოასწრებ, - გულიანად გამეცინა, - მე სასა მადარდებს, რა ვუყოთ?
- მაგის დღეები დათვლილია. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლით. - ხელი ჩაიქნია ლიზამ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, - ამეცადინე ეგენი?
- კი, აბა რა, ფიქრიაც მომეხმარა.
- საჭმელი?
- ვასადილე და სამხარიც მიირთვეს ცოტა ხნის წინ - კაკაო და ნამცხვარი.
- წადი მაშინ, არ დაგიღამდეს. არ მიყვარს, ღამით რომ დადიხარ. ამათ მე მივხედავ. - მამიდამ ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ბოლო წამს შემობრუნდა და გამჭოლი მზერა მესროლა, - ბინას ხომ არ ითხოვს? - გოჩას გულისხმობდა.
- ჯერ არა.
- ვერც მოითხოვს, - კატეგორიული ტონით დაასკვნა და გავიდა.
***
ძალიან ციოდა. დღეს მთელი დღე მოდიოდა და მოდიოდა აგრესიული საავდრო ღრუბლები, ერთად იყრიდნენ ცაზე თავს, თითქოს რიგგარეშე სესია ჰქონდათ დანიშნული. ისეთი პირი უჩანდა, წუთი-წუთზე უნდა დაეცხო წვიმას, რამდენჯერმე დაიგრგვინა კიდევაც, მაგრამ რატომღაც, არ გაწვიმდა.
ყველაზე სევდიანი ამქვეყნად წვიმაა და ეს სევდა მის ხმაურში ისმის, მის ფერებშიც. მიუგდეთ ყური, შეხედეთ წვიმის ფარდას და გაიგონებთ და დაინახავთ.
ზამთარში უქუდოდ სიარული არ მიყვარს, იმდენი ქუდი მაქვს, ერთ მაღაზიას გავხსნიდი. ყელიც სულ შარფით მაქვს დაფარული, რადგან ძალიან მცივანა ვარ. იშვიათად, ზამთარში დეკოლტე ჩავიცვა და ჩემი სხეულის ლამაზი "დეკორატიული ნაწილი" გამოვიჩინო. ასე მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში ვიქცევი, როცა აუცილებლობა მოითხოვს. მაგალითად, თუ შეხვედრაზე მივდივარ ან სადმე საღამოს კაბის ჩაცმაა აუცილებელი. სხვა შემთხვევაში სპორტულ სტილს ვამჯობინებ. ბოტასი და მისი ჯანი! ჯინსის შარვალი და მოკლე ქურთუკი.
სულ ორი დღე და გაზაფხულიც მოვა. უცნაური რამ მემართება გაზაფხულის დადგომისას. რაღაცნაირად ძგერს გული, თითქოს გამოცოცხლებას ვიწყებ, სისხლი დუღილს უმატებს და მოლოდინიც მძაფრდება. რისი? რა ვიცი... რაღაცის. წელს - მით უმეტეს, როცა მარტო უნდა შევხვდე გაზაფხულს, სრულიად გზახსნილი და მოვალეობებისგან თავისუფალი. არავინ მეტყვის, სადილი რატომ არ არის მზად, პურია ამოსატანი, ტანსაცმელი გამირეცხე, ხვალ ადრე გამაღვიძე... მგონი, მთლად ცუდი არ უნდა იყოს ეს თავისუფლება, რას იტყვით? განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ ოჯახის დანგრევაში შენ არ მიგიძღვის წვლილი, რომ შენი ბრალეულობა არაფერში იკვეთება. აი, ხომ გაუხდა სანანებელი? ხომ მოუნდა უკან დაბრუნება? ძალიანაც კარგი. მიხვდეს, რა დაკარგა!
ყოველთვის ასეა. ვინც ჩემგან წასულა, ყველას მოსურვებია უკან დაბრუნება. გოჩა ჩემი პირველი მამაკაცი კი იყო, მაგრამ პირველი სიყვარული არ ყოფილა. იქამდე ორჯერ სხვა მიყვარდა. ორივე დავკარგე. არ ვიცი. ვფიქრობ, ჩემი ბრალი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, წლების შემდეგ, როცა მათ შევხვდი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს, ორივემ აღნიშნა, რომ ჩემს მერე გაუჭირდათ სხვა ქალის შეყვარება, რომ ჩემი დავიწყება ვერ შეძლეს. ახლა ორივე მყავს ინტერნეტსივრცის მეგობრების სიაში. ისეთ რამეებს მწერენ ხანდახან, გული ლამისაა, სიამოვნებისაგან დადნეს. მსიამოვნებს, მაგრამ წარსული წარსულია, არ მსურს მისი უკან დაბრუნება, მით უმეტეს, ორივე ცოლშვილიანია.
ერთი ფშაველი იყო, ერთად ვსწავლობდით. იმ დღეს მომწერა, შენ რომ გელაპარაკები, ისევ ისე მაკანკალებს, როგორც სკოლის პერიოდშიო. ამას წინათ ლექსიც კი დაუწერია და გამომიგზავნა: "ისევ ისეთი მახსოვხარ, ლამაზი, თვალებცქრიალა, სხვა ყველაფერი დრო-ჟამმა გალეწა, გაატიალა. სევდის და დარდის კოცონი აანთო, ააბრიალა... ისევ ისეთი მახსოვხარ, შავთვალება და ამაყი,
გულს ცეცხლად მონაკიდები, როგორც ფშაური არაყი! აღარ ილევა უკუნი, ღამე ფიქრებში ნანაყი, სულში ბიბინებს წარსული, სათუთად გადანანახი, შორს მოსჩანს დასალიერი, მთებია გადასალახი, არ ვიცი, სიცხადეა, თუ მახსოვს სიზმარში ნანახი. ისევ ისეთი მახსოვხარ, ხან მოწყენილი, ხან ლაღი..."
მომეწონა ლექსი, ნამდვილ ფშავურ კილოზე იყო დაწერილი და დიდი ამბით შევინახე ჩემს "სასიყვარულო არქივში".
ოხერი რამეა ეს სიყვარული. ზოგს ლექსად მოაწვება ხოლმე. მეც ვწერდი ერთ დროს ლექსებს, მაგრამ მერე სიყვარულმა გამიარა და ლექსის წერის სურვილმაც გადამიარა.
არადა, რა კარგი მდგომარეობაა, როცა ვიღაცის სიყვარულს დაატარებ გულით, სხეულით, თვალებით, ფიქრით... ყველაფერი რომ გიხარია, ყველაფერი რომ გემსუბუქება, პრობლემებიც კი. ჩემი სიყვარული ცოტათი განსხვავებულია ჩვეულებრივი მდგომარეობისგან. მე სულ მეშინია, ისე ვარ ხოლმე ჩაბღაუჭებული ჩემი სიყვარულის ობიექტს, თითქოს ვიღაც მართმევდეს... თურმე არცთუ უმიზეზოდ. განა არ წამართვეს? რას ვიფიქრებდი, გოჩას ოდესმე თუ დავშორდებოდი? მზესავით ამოვიდა, გამათბო, გადაიარა და მზესავით ჩავიდა...
ეჰ... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. არ მინდა წარსულზე ფიქრი. მივალ ახლა სახლში, ჩავთბები, მერე მოვივლი ვირტუალურ სივრცეს და თუ ჩემმა ახალმა ნაცნობმა კარგ ხასიათზე დამაყენა, მთელი ღამით გადავსახლდები ჩემს ჩაკეტილ სამყაროში, სადაც ყველა ოცნება სწრაფად სრულდება. იმედია, ასეთი სამყაროს მფლობელი მხოლოდ მე არ ვარ. თქვენც გექნებათ ალბათ, აბა, გამოტყდით?
ამასობაში სახლშიც მოვედი. ფიქრებში სწრაფად გაილია დრო. ვერ მოვითმინე და პირველ რიგში კომპიუტერი ჩავრთე, გათბობა კი მხოლოდ ამის შემდეგ. ყავა მოვიდუღე, სიგარეტი მოვიძიე და მივაჩერდი ფერად ეკრანს. მდაა... დათო არ ჩანს, ყოფილა შემოსული, მაგრამ მალევე გასულა და მხოლოდ 4 ყვავილი დაუტოვებია ჩემთვის. ცუდი ბიჭი! მე კიდევ ერთი სული მქონდა, როდის შევეხმიანებოდი. გამიცრუვდა მოლოდინი.
როგორც კი ჩემი ვირტუალური ფანჯარა განათდა, წამოვიდა და წამოვიდა წერილები ნაცნობების, უცნობების... უცნობებს აღარ ვცემ პასუხს, მეზარება. ერთიც მეყოფა - ერთი და ხარისხიანი. რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს. ნაცნობებს შევეხმიანე, მივწერე, მომწერეს, კიდევ მივწერე, კიდევ მომწერეს... ამასობაში გახდა თორმეტი საათი. მივხვდი, რომ დათო აღარ შემოვიდოდა. ყოველი შემთხვევისთვის, მის ფანჯარაში "მძევლად" დავტოვე მთვარიანი ღამის სმაილი და გამოვედი.
ლოგინში შევწექი და ტელევიზორი ჩავრთე. გადავრთე არხიდან არხზე, გადმოვრთე და გული ვერაფერს დავუდე, ფილმებსაც კი. მივხვდი, რომ ახლა მთელი გულისყური მხოლოდ ჩემი უცნობი მეგობრისკენ იყო მიმართული, სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ამიტომ ტელევიზორი გამოვრთე, შუქი ჩავაქრე და ჩემს ფერად სამყაროში გადავედი, რათა ცხრა მთას იქით გადაკარგული დათო იქ მომეწვია...
რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად იგრძნო თავი. უბრალოდ, ადამიანები ვერ ვაფასებთ ამ "ცოტას". ყველაფერი ბევრი გვინდა - სიხარულიც, სიყვარულიც, ბედნიერებაც, ტანსაცმელიც, საჭმელიც, სასმელიც და, რაც მთავარია, ფული. მე კიდევ ძალიან ცოტა მყოფნის ყველაფერი. ზოგი ისე განიცდის ამ "ცოტას", რომ ავადაც ხდება. სრული ჭეშმარიტებაა, როცა ამბობენ, ყველა დაავადება პრობლემებისგან მოდის, ემოციურ ფონზე ვითარდებაო.
რაღაც სულელური იდეა დამებადა ამწუთას. აი, როცა ავადმყოფობის ისტორიას ავსებენ, სხვა სამედიცინო გრაფებთან ერთად, ფსიქოემოციური გამოკითხვებიც რომ იყოს ჩამატებული. მაგალითად, ასე:
სისხლში სიხარულის რაოდენობა - (პროცენტებში)
სექსუალური მდგომარეობა - (ერთჯერადი ან მრავალჯერადი)
ბედნიერების მოცულობა - (გრამობით).
საინტერესო ფსიქოემოციური პორტრეტი დაიხატებოდა.
აი, ასეთ სისულელეებზე ვფიქრობ, როცა ვწვები. მერე ჩემს ფანტაზიებში გადავსახლდები და სასიამოვნო რამე-რუმეებს ვიგონებ, რომ დავისიზმრო ხოლმე.
ამ ღამესაც ასე მოხდა. როდის-როდის, ცხადი გამეპარა და ძილი მომეპარა...
***
დათო კიდევ რამდენიმე დღეს არ გამოჩენილა. ჩვევად მექცა უკვე, ყოველ დილით, სანამ შინიდან გავიდოდი, კომპიუტერს ვრთავდი და მის წერილებს ველოდი. მართლაც მხვდებოდა იქ ყვავილები, ოთხად-ოთხი ყვავილი ყოველ დილით და ყოველ საღამოს. მეც ხან ღიმილს ვუგზავნიდი, ხან მთვარიან ღამეს. ერთხელაც არ შევეკითხე, სად დაიკარგე-მეთქი. არ მინდოდა გაეგო, რომ ზედმეტად ვიყავი მისით დაინტერესებული. არადა, გული მიმძიმდებოდა, რომ აღარ შემოდიოდა.
დღეს ზამთრის ბოლო დღეა. ხვალიდან გაზაფხული იწყება. დაღლილი ვარ, ბოლო დროს ცუდად მძინავს. ლამისაა, თავზე დამათენდეს. არადა, ცოტა გამოკეთდა ამინდი. შუადღეს, როგორც იქნა, მზეს ღრუბელი ჩამოეცალა და ჩამოთბასავით. გამიხარდა. სანამ სამსახურში ვიყავი, ცხრაჯერ მაინც გავედი აივანზე, რომ მივფიცხებოდი მზის სხივებს. ნეტავ ვინმეს თუ უყვარს მზე ისე, როგორც მე?
ახლა ღამეა. მზემ ვარსკვლავების ამარა დატოვა დედამიწა. როგორც ყოველთვის, ვარ მარტო და ვყურყუტებ ინტერნეტში, თან მზესუმზირას ვაკნატუნებ. დრო ძალიან ნელა გადის, ალბათ იმიტომ, რომ მოლოდინის რეჟიმი მაქვს ჩართული. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, მინდა, მომესათუთოს ვინმე. ვინმე კი არა, ის - დათო. ნეტავ შემოვიდოდეს.
- ვაა! მზესუმზირასავით გოგო მოსულა! - მომივიდა შეტყობინება.
გული ისე შემიფრთხიალდა, სუნთქვა შემეკრა. ასე ძალიან დიდი ხანია, არაფერი გამხარებია. ამიხდა ნატვრა. თითქოს დაემთხვაო, მე მზესურმზირას ვაკნატუნებდი, მან კი მზესუმზირასავით გოგო მიწოდა.
ღიმილი გავუგზავნე.
- მზის გოგომ მზიანი ღიმილი მაჩუქა, - მომწერა და მომაყარა ვარსკვლავისფორმიანი 9 სხივი.
- როგორ ხარ? - ვკითხე და დავაყოლე, - გამარჯობა!
- შენ? - შემიბრუნა კითხვა და თვითონაც დააყოლა, - გაგიმარჯოს!
- რა ვიცი, ვარ.
- მზიურად, ხომ?
- ალბათ, - კვლავ გავუღიმე.
- რას აკეთებ?
- მზესუმზირა მივახალე წეღან და იმას ვაკნატუნებ.
- იცი, რომელი საათია?
შევხედე ეკრანის ქვემოთ, მარჯვნივ, საათის მაჩვენებელს და მივწერე:
- ის დროა, როცა დიდი ისარი პატარას ჩაეხუტა.
- მართალია, მერიკუნჩიკ! თორმეტი საათია... 1-ლი მარტი დაიწყო. გაზაფხულს გილოცავ!
თითქოს სითბოთი დავბოლდი. ბურუსი რომ ჩამოწვება მთაში, ისე ჩამოწვა ჩემს სხეულში სასიამოვნო სითბო. თან ეს მერიკუნჩიკი! ასე აქამდე არავის მოუმართავს.
- დიდი მადლობა, დათო! რა საყვარელი ხარ! ჩემთვის გაზაფხული არასდროს არავის მოულოცავს, მით უმეტეს - მისი დაწყების პირველივე წუთზე.
გამიღიმა.
- ახლა კი ძილის დროა, გავიქცეთ! ღამე მშვიდობისა, მზისფერო მერი!
მეც დავემშვიდობე და ინტერნეტიდან გამოვედი, ჩემი გული კი იქ დარჩა...
***
ძალიან გვიან დავბრუნდი შინ. დღეს სათნოების სახლში კონცერტი გვქონდა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით. გაიხარეს მოხუცებმა. ნინოც იყო ბავშვებით, ფიქრიაც. ავავსეთ საჩუქრებით. როგორ აუჩუყდათ გული, შაქრო პაპაც კი იცრემლებოდა მალულად. რამდენი ვიტირე... მოვა დრო და ერთ მშვენიერ დღეს მეც მაგათი ტოლი გავხდები, მეც იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდები და მეც ასე მომექცევიან ალბათ. ამას რომ წარმოვიდგენ, მეტი თანაგრძნობით ვიმსჭვალები მათ მიმართ და მინდა უფრო ვეფერო. ვცდილობ, ჩემგან სითბო არ დააკლდეთ. ისინიც ხედავენ, როგორც ჩანს ამას, ისინიც გრძნობენ და ამიტომაც ვუყვარვარ ყველას. ჩემი იქ გამოჩენა მათთვის დღესასწაულის ტოლფასია. თვითონაც რომ გამიკეთეს სიურპრიზი? თავიანთი მოქსოვილი წინდები და ქუდი მაჩუქეს, წინდებს კი ჩავიცვამ შინ, მაგრამ აი, ქუდს ნამდვილად ვერ დავიხურავ გარეთ. სამაგიეროდ, როცა მათთან ვიქნები, მაშინ "გამოვიპრანჭები" და ვაგრძნობინებ, მათი ნაჩუქარი როგორი ძვირფასია ჩემთვის.
მაღალქუსლიანმა ტერფები მატკინა. ზღვის მარილი გავაზავე წყალში და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ფეხები შიგ ჩავყარე. როგორ მესიამოვნა! ისე მომთენთა ცხელმა წყალმა, ძილი მომერია. რა ჯობია ახლა ბალიშზე თავის მიდებას და გემრიელად გამოძინებას, მით უმეტეს, რომ ცუდად მძინავს ბოლო დროს. მაგრამ ახლა ძილის დრო არ არის, ვირტუალურ სივრცეს უნდა ვესტუმრო და ჩემი იდუმალი მეგობარი მოვინახულო. ვინ იცის, იქნებ მელოდება? მინდა, რომ მელოდებოდეს.
კომპიუტერს მივუჯექი და ლამის სული ამომხდა, სანამ ჩემი პროფილი გავხსენი. რამდენი წერილი დამხვდა მისგან მოწერილი! აი, ლოდინიც ამას ჰქვია! როგორც ჩანს, დაელია მოთმინება და წერა და წერა.
- სად დადის ნეტავ... - ასე იწყებოდა მისი შეტყობინება და შემდეგ ასე გრძელდებოდა, - რაღაც ძალიან იგვიანებს. მოვა ახლა დაღლილი და იტყვის, მაპატიე, რომ დავიგვიანეო, ესაო, ისაო...
სანამ მის მონაწერ მესიჯებს ვკითხულობდი, კიდევ მომივიდა შეტყობინება.
- არ სცალია ალბათ. როგორც ჩანს, თაყვანისმცემლებს იგერიებს.
- აქ ვარ, დათ! უბრალოდ, ვკითხულობდი. ამას დრო ხომ უნდა? - და გავუღიმე.
- აჰაა. მოვიდა. გამარჯობა, მზისფერო მერი!
- გაგიმარჯოს. როგორ ხარ?
- შენ?
- მე ძალიან დაღლილი ვარ.
- ჰო, აბა რა იქნება, რთული დღე გქონდა დღეს, კონცერტი, რამე... რუმე...
- ჰო.
- კარგად ჩაიარა?
- ძალიან. ბევრი ვიტირე.
- რატომ?
- რა ვიცი, რატომღაც, გული ამიჩუყდა და მოხუცების შემხედვარეს საფიქრალი გამიჩნდა.
- რა საფიქრალი? - გაოცდა.
- მეც ხომ დავბერდები ერთხელაც...
- აი, თურმე რაზე ფიქრობს, - და გამიღიმა.
მეც გავიღიმე, რეალურადაც და ვირტუალურადაც.
- მე სულ ვფიქრობ და არამარტო ასეთ რამეებზე, - მივწერე.
- სულ არ შეიძლება, მერიკ, თორემ დაიღლება ეგ ლამაზი თავი.
- არ დაიღლება, მე ხომ ამქვეყნიური არ ვარ, - და სიმორცხვის სმაილი გავუგზავნე.
დათომაც არ დააყოვნა და ოთხი კოცნა გამომიგზავნა.
- რა ლამაზი კოცნები დამიხატე, - გავუცინე.
- კი არ დაგიხატე, გაკოცე. - შემისწორა და სასწრაფოდ დაამატა, - მეც რომ არ ვარ ამქვეყნიური? საიდან შევხვდით ნეტავ ერთმანეთს? - და გაოცების სამი სიცილაკი დაამატა.
- ალბათ მესამე განზომილებაში, როგორც ჩანს, მეტაფიზიკური კანონი ერთდროულად ამოქმედდა და აქ გამოგვრიყა ორივე, მიწაზე, - განვუმარტე.
- მიწაზე გამოგვრიყა თუ ცაში აგვტყორცნა? - "შემისწორა".
- რა ვიცი, ვითომ ცაში ვართ ახლა მე და შენ?
- არა, ჯერ გზაში ვართ. - "მოკვდა" სიცილით.
- კიდევ კარგი, შენ რომ შეგხვდი, თორემ ხანდახან ისე მაბნევენ დედამიწელები, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო.
- შენ ვინ დაგაბნევს? თავად აბნევ ალბათ სხვებს.
- ახერხებენ მაინც... დედამიწელები არ არიან? ინტრიგები და შურიანობა მაგათი მოგონილია.
- მაგაში გეთანხმები, - გაფშეკილი ცერი ამიწია.
- ხედავ რა ადვილად ვთანხმდებით ორი არაამქვეყნიური არსება? დედამიწელებს კი არ ვგავართ, - ახლა მე "ავტეხე" სიცილაკებით სიცილი. - ჩვენ სულ ცოტა, 10 წლით მაინც ვუსწრებთ დროს.
- 10-ით? თუ 100-ით? ან 1000-ით, ან 69-ით მაინც.
- 69 ოქროს შუალედია?
- აბსოლუტური ჭეშმარიტების ციფრია, თანასწორობის და ჰარმონიის, - გამიშიფრა.
მივუხვდი ეშმაკობას. მშვენივრად ვიცოდი, რასაც აღნიშნავდა ციფრი 69.
- სასწორს მაგონებს ეს ციფრი, - მაინც არ "გავთქვი" ჩემი თავი.
- აიწონა-დაიწონას?
- უცნაური გამოგონებაა ეს მესამე განზომილება, იქ რატომ ვერ შეგამჩნიე? - შევცვალე საუბრის თემა, - ან შენ რატომ ვერ შემამჩნიე?
- იმიტომ, რომ მესამე განზომილებას უამრავი ქვეგანზომილებაც აქვს, ასე ვთქვათ, წახნაგები.
- ჰოო. მაგაზე არ მიფიქრია... დიდი ხანია, აქ ხარ და მელოდები?
- საკმაოდ. მეგონა, უფრო ადრე მოხვიდოდი.
- ვერ მოვახერხე. თან ვიფიქრე, უჩემოდ არ მოიწყენს-მეთქი. კამასუტრას გაკვეთილებს ჩაატარებს-მეთქი ჩემს გამოჩენამდე. იქ ხომ რიგი გიდგას ქალების, - გავეხუმრე.
- დღეს დასვენების დღე აქვთ, - ეშმაკობა იხმარა.
- ა! დღეს ხომ 8 მარტია, სულ დამავიწყდა.
- ეგეც არის და თან, დღეს ხომ ვიპ-მოსწავლე მყავს, მაგათთვის არ მეცალა.
- ვიპ-მოსწავლე მე ვარ?
- მაააშ!
- დიდი პატივია ჩემთვის, მასწავლებელო! - გაოცების სიცილაკები გავუგზავნე.
- ეგ ჩემთვისაა დიდი პატივი. ჰო, მართლა, სკაიპი არ გაქვს?
- მაქვს, მაგრამ არ მიყვარს და იშვიათად ვიყენებ.
- მიდი, ჩართე სკაიპი და დაგიმეგობრებ, მითხარი, როგორ გქვია იქ.
- მერიკო9.
- 9 რატომ?
- 9 რიცხვში ვარ დაბადებული და იმიტომ.
- ოოო. ეგეც 69-ის ერთი ნაწილი.
ამასობაში სკაიპი ჩავრთე და დაველოდე, როდის გამომიგზავნიდა დამეგობრების მოთხოვნას.
ეგრევე მიპოვა და დამიმეგობრა.
- აი, მეც მოვედი... - და მოცეკვავე კაცუნების მთელი "დასი" გამომიგზავნა.
- კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა სკაიპის სამყაროში, მასწავლებელო! - მეც "ავცეკვდი".
- წუხელ როგორ გეძინა?
- ცუდად. ბოლო 6 თვეა, ცუდად მძინავს. ალბათ სტრესული ფონია. ჩვევაში გადამივიდა უკვე.
- ისევ ეს საკრალური ციფრი, ამჯერად 6-იანი. ნერვიულობ?
- მე სულ ვნერვიულობ.
- მერიკუნა, ნუ ნერვიულობ. - დამამშვიდა.
- მაშინაც კი ვნერვიულობ, როცა ძალიან კარგად ვარ. ასეთ დროს იმაზე ვნერვიულობ, ნეტავ სანამდე გაგრძელდება ჩემი კარგად ყოფნა-მეთქი. მეშინია, მალე არ დამთავრდეს ეს "კარგად ყოფნა" და თუ ცუდად ვარ, ხომ ისედაც მაქვს სანერვიულო და ეგაა.
- ასე არ შეიძლება.
- შენ ალბათ არ ნერვიულობ, ხომ?
- რატომ გგონია?
- რა ვიცი, ჩემსავით მარტოხელა არ ჩანხარ და...
- ეგ შეკითხვაა? - ჩაფიქრებული კაცუნას სმაილი მოაყოლა წერილს.
- ზედმეტი კითხვების დასმა არ მიყვარს. უბრალოდ, ჩემთვის ვივარაუდე. თუმცა, კი მაინტერესებს ხოლმე რაღაც-რაღაცები.
- რამე-რუმეები.
- ჰო, რამე-რუმეები, მაგრამ დიდად ცნობისმოყვარე არ გახლავართ.
- კარგი თვისებაა.
- ვცდილობ, ერთნაირ ქალებს არ ვემსგავსო. მგონი, გამომდის, - დავიმორცხვე.
- შენ ვერავისაც ვერ დაემსგავსები. შენ ხარ შენ!
- ეჰ, ღრმა ახალგაზრდობაში იმდენი შეცდომა დამიშვია... წლებია, მათ გამოსწორებას ვცდილობ. ვაქანდაკებ და ვაქანდაკებ ჩემს თავს, ამასობაში, მგონი, მშვენიერი შედევრი გამომივიდა, - გავიცინე.
"აცეკვდა".
- იცი? სულ მინდა გითხრა და ვეღარ მოვახერხე... შენ მე ცხოვრება შემიმსუბუქე, დათ!
- მე? როგორ?
- ისე, ჩვეულებრივად, შენთან საუბარი შვებას მგვრის.
- მოსაუბრეები არ გაკლია შენ ალბათ, - შორს დაიჭირა. - ყველას ენდომება შენთან საუბარი.
- შენ ხარ შენ! - გავუმეორე თავისივე ნათქვამი.
კოცნის "შემსრულებელი" გოგონა-სმაილი გამომიგზავნა და დააყოლა:
- რა ჩქარა ხურავს ეს კიდევ პირს. - მართლაც, სკაიპის ეს სიცილაკი მალ-მალე აღებს და ხურავს პირს. აქ ხომ უმრავლესობა მოძრავი სმაილებია.
ამაზე გულიანად ვიცინე.
- ალბათ გამოუცდელია, - დავიცავი "ჩქარაპირმხურავი" სიცილაკი.
- ეგეც ხომ არ ვამეცადინო? - და ისევ აცეკვდა.
- ცალკე მოგიწევს მაგის მეცადინეობა, - სიცილი "დავაყარე".
- შენთან ერთად დავსვამ. ახალგაზრდები ხართ ორივენი.
- მე რა ახალგაზრდა ვარ, კარგი რა!
- აბა არ ხარ? ნუ მასწავლი! ხომ ვხედავ, თვალები მაქვს.
- აბა მე რა ვიცი? შენი თვალები მე არ მინახავს და... მართლა, რა ფერის თვალები გაქვს?
- ცისა ფერსა...
- მართლა? ლამაზი ფერის გქონია, თუ არ მატყუებ. ვგიჟდები ცისფერთვალება კაცებზე.
- მგონი, ცისფერი მქონდა და ახლა არ ვიცი, - ეშმაკურად გაიცინა.
- ეშმაკუნჩიკობ რაღაცას, - გაბრაზების სმაილი გავუგზავნე.
- რომელ საათზე დაწექი წუხელ?
- ოთხი იყო დაწყებული.
- კომპთან იჯექი?
- არა, რა კომპთან, ვიწექი და ვფიქრობდი, თან ვოცნებობდი.
- რაზე?
- რა ვიცი, სასიამოვნო რამე-რუმეებზე. მე ხომ ჩემი სამყარო მაქვს, სადაც შემოსვლის უფლება ყველას არა აქვს. ჰოდა, იქ ვიყავი. ამ სამყაროს მხოლოდ ღამღამობით ვსტუმრობ და იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად გამახარებდა რეალურ ცხოვრებაში.
- მერიკ ვ სტრანე ჩუდეს! და რას აკეთებ? სად მოგზაურობ?
- ყველაფერს, პაემანზეც კი დავდივარ, - და სიცილისგან "ჩავბჟირდი".
- ვის ხვდები პაემანზე?
- ხან ვის, ხან ვის. მაგალითად, ჯონი დეპის, ისიც მყავდა აქ, - ასეთ სისულეებს ვწერდი, თან მეცინებოდა.
- რაო, მერე, გაამართლა?
- მაგარი კაცია. მითხრა, მომწონხარო. - დაბზრიალებული სიცილაკი დავხატე.
- რატომ არ მოეწონებოდი, რა.
- გინდა, გითხრა, შენთან როგორ ვგრძნობ თავს?
- როგორ? - თვალებზე ხელი აიფარა, სკაიპს ასეთი კაცუნაც "ჰყავს".
- ასე მგონია, ბნელ ოთახში ვარ ჩაკეტილი უცხო ადამიანთან ერთად. არ ვიცი, ის ადამიანი როგორ გამოიყურება, სიბნელეში მის სახეს ვერ ვხედავ. და საერთოდ, ვერაფერს ვერ ვხედავ.
- მის გულს ხედავ? - მომწერა და მფეთქავი გული გამომიგზავნა.
პასუხი არ მიმიწერია, ისე გავაგრძელე:
- ორივენი ვსხედვართ ერთ კუთხეში და მისი არ მეშინია, რადგან მეუბნება: ნუ გეშინია, მე აქ ვარ.
- ჰო, ასეა, არ უნდა გეშინოდეს მისი. ის არაფერს გაწყენინებს.
- და ოდნავ მეხება მხრით. ამ შეხებას სითბო მოაქვს, ძალიან თბილი და უსაფრთხო სითბო. მეც ვმშვიდდები. რატომღაც, გული მიგრძნობს, რომ საშიშროება არ მემუქრება. ასე მგონია, რომ შემიძლია მას ვენდო.
- არ გემუქრება... შეგიძლია.
- ჰოდა, სულ ეგ არის, ამის თქმა მინდოდა.
- მადლობა. ეგ ცოტა არ არის.
- მადლობა შენ.
- შენ!
- არა, შენ!
- კარგი, მაშინ - ჩვენ! კონსესუსი მიღწეულია, - "გაიცინა".
- ლამაზად და მშვიდად, - დავამატე.
- ჰო, ახლა კი დროა, დავიშალოთ.
- კარგი, დავიშალოთ.
- და ის სადაა?
- რა?
- კოცნები. არ უნდა გამომიგზავნო?
- წუხელ ხომ გამოგიგზავნე 6 კოცნა?
- ის დამთავრდა.
- ააა! კარგი, რამდენი გამოვუშვა?
- ჯერ ერთი და მაგარი, მერე კიდევ 69.
- ოჰ, ეგ ბევრია. აჰა, გამოვუშვი "ერთი და მაგარი". გამომივიდა? - დავხატე კოცნა.
- ჩაგეთვალა.
შემდეგ ავურიე ერთმანეთში რამდენიმე ლამაზი სმაილი, მთელი "ბუკეტი შევკარი" და გავუგზავნე, თან დავაყოლე:
- ამას სრული ბედნიერება ჰქვია. ეს ყველაფერი ერთად რომ მქონდეეეს!
- მერე დაიწყებდი ფიქრს, როდემდე მექნებაო, - დამცინა. - მერი ხომ სულ ფიქრობს.
- არა, ახლა ეგრე არ ვფიქრობ. ახლა ერთი დღეც მეყოფოდა. ერთი სრული ბედნიერებით დაკომპლექტებული დღე. იმ ერთ დღეს ფიქრისთვის არ მეცლებოდა.
- არ გეცლებოდა. - დამეთანხმა.
- მაქსიმალურად გავცემდი ყველაფერს და მხოლოდ საყვარელი ადამიანისთვის. ჩემთვის მაქსიმალური არასდროს მემეტება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ჩემი მინიმალიზმი ზედმეტად იჩაგრება, - უფრო და უფრო გულწრფელი ვხდებოდი მასთან, უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი და არ მაშინებდა ის, რომ არ ვიცნობდი რეალურ ცხოვრებაში.
- შენ მინიმალისტი ხარ? - დაინტერესდა.
- ჰო. ცუდია, ხომ?
- რა ვიცი... მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რეალური უნდა იყოს სურვილები.
- და მერე იცი, სად გადის ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის?
- გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს რეალურად, ვინ როგორ ხედავს.
- ეგ ჰო. კარგი, დავიშალოთ ახლა, გვიანაა უკვე.
- აბა შენ იცი, კარგად გამოიძინე და ხვალ მოხუცებს მიხედე. სჭირდები მათ, ხომ იცი.
- ვიცი.
- იცის... - გაიღიმა, - მერიკუნჩიკმა ყველაფერი იცის.
მეც გავუღიმე, დავემშვიდობე და გამოვრთე სკაიპი. კვლავ რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ვიგრძენი, რომ შემცივდა...
გაგრძელება