ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისიიმ ღამეს მართლაც მკვდარივით დამეძინა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და მეორეც - არაჩვეულებრივ გუნებაზე დამაყენა დათოსთან გატარებულმა რამდენიმე წუთმა. ახლა უკვე ყველაფერი მაინტერესებდა მასზე. ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრდა. საინტერესოა, რატომ არაფერს მიყვება თავის თავზე? სხვა მამაკაცებს არ ჰგავს, თავს რომ იქებენ - ათას ტყუილს იგონებენ, რათა ქალს თავი მოაწონონ. ის ოდნავადაც არ ცდილობდა ამას. ეს მხიბლავდა მასში, მაგრამ მთლად ასე უცნობად დარჩენა აღარ.
გაბმულმა ზარის ხმამ გამომაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე. როგორ მინდოდა, გემრიელად გამომეძინა. რომ არა ეს "დაუპატიჟებელი" ზარი, ალბათ კიდევ კარგა ხანს გავაბამდი ძილს. ხელი ტუმბოზე გადავყავი და ყურმილს უხალისოდ დავწვდი. ნინოს მეზობელი მირეკავდა, ანია.
- მერი, დილა მშვიდობისა, ჩემო კარგო. ბოდიშს გიხდი, ასე ადრე რომ გაგაღვიძე, მაგრამ ცუდი ამბავი უნდა გითხრა.
- რა მოხდა? - წამოვხტი საწოლიდან.
- ნინოს თავს რაღაც ხდება. მაგის ქმარი შიშველია გამოსული გარეთ, სადარბაზოში გდია და ყვირის, მიშველეთო. მგონი, მთვრალია ან კაიფში. კარს ვერ ვაღებთ მე და ლია, ისე გვეშინია. ლიამ მითხრა, ხომ არ დახოცა ცოლ-შვილიო. სასწრაფოში დარეკეთო, გაჰყვირის და აღარ ვიცით, რა ვქნათ.
- ანია, არ გრცხვენია? რა კითხვა მაგას უნდა? ახლავე გააღე კარი და ნახე, რა ხდება, სასწრაფოსაც გამოუძახეთ, მეც მოვდივარ!
არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი, კისრისტეხით ჩავირბინე კიბეზე, თან ფიქრიას დავურეკე, ასეთი ამბავია და წამოდი-მეთქი.
ნინოს კორპუსთან მისულს, სანამ ტაქსიდან გადმოვიდოდი, ლამის გული წამივიდა. სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების სამი მანქანა იდგა.
- რა მოხდა? ვინმე გარდაიცვალა? - მივვარდი ყველაზე ახლოს მდგომის მძღოლს.
- გაზით მოიწამლა ოჯახი.
- მერე? - შევკივლე გაფითრებულმა.
- არ ვიცი, იქ არის მთელი ბრიგადა, მე ვერაფერს გეტყვით.
ხელის კანკალით გამოვიძახე ლიფტი. სწორედ ამ დროს მეზობლებმა პირველი საკაცე ჩამოატარეს, რომელზეც ნატო იწვა.
- ნატო, გენაცვალე! - მივვარდი დაქალის შვილს, - რა დაგემართათ?
- მოვიწამლეთ... გაზით... მგონი, გადავრჩით ყველანი, - ლუღლუღით მითხრა.
- ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ, - მომიახლოვდა ახალგაზრდა ექიმი ქალი, - თქვენ ახლობელი ხართ, ალბათ, არა? გადარჩნენ, ახლა სანერვიულო არაფერია. დროზე მოვუსწარით.
ექიმს აღარ გამოველაპარაკე, არც ლიფტს დაველოდე, ფეხით ავვარდი სართულებზე.
როგორც იქნა, ავაღწიე მეექვსემდე. კარი ღია დამხვდა. ახლა ზაზა გამოიყვანეს საკაცით.
- მერი, მოხვედი? ხედავ, რა დღეში ვართ? ეგღა გვაკლდა, რა, - სიმწრის ღიმილი გამოესახა სახეზე.
- ნინო სადაა?
- იქაა ისიც.
ოთახში შევედი. იქაურობა მეზობლებით და თეთრხალათიანებით იყო სავსე. თვალებით ნინოს დავუწყე ძებნა და ვერ ვიპოვე.
- ნინო სადაა? - ლიას მივაჭერი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა.
- აგერაა, - თვალებით მანიშნა ფანჯარასთან მდგომ ქალზე, რომელსაც შეშლილის გამომეტყველება ჰქონდა.
არ მახსოვს, რა დამემართა. ერთიანად ამაძაგძაგა. საკუთარი მეგობარი ვერ ვიცანი, მეგობარი, რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა. მთლად გაშავებულიყო სახეზე, ადამიანის ფერი არ ედო. ქვედა ყბა უცნაურად უკანკალებდა, კბილების ერთმანეთზე რაკუნის ხმა მესმოდა.
- ხედავ, მკლავები რას მიგავს? - ნინომ მაჯები ამოიტრიალა და ხელები დამანახვა.
შევძრწუნდი. მკლავები გვამური ლაქებით ჰქონდა დაფარული.
- კლინიკური სიკვდილი მქონდა.
- რას მეუბები, ნინ! როგორ დაგემართათ ასეთი რამ? კობა სადაა? ბავშვს ვერ ვხედავ! - დაფეთებულმა გავიხედ-გამოვიხედე.
- კობა თავის კლასელთან დარჩა წუხელ. კიდევ კარგი, ისიც რომ არ იყო, ის მაინც გადაურჩა ამ საშინელებას.
- თუ შეიძლება, არ ილაპარაკოთ, - მსუქანმა ექიმმა ქალმა ხელი მოკიდა ნინოს და დივანზე ჩამოსვა, - წნევას გაგისინჯავთ.
ყველა გაისუსა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდა ადამიანი.
რამდენიმე წამში ექიმმა უმწეო მზერა მაინცდამაინც მე მომაპყრო.
- არც წნევა ესინჯება და არც პულსი. ემზარ, სასწრაფოდ სისტემა და ეგრევე კლინიკაში!
ასე მეგონა, ჭიანჭველები დამასხდნენ ზურგზე, ისევ შემაკანკალა. ვიგრძენი, როგორ მიბნელდებოდა თვალთ. ცოტაც და გული წამივიდოდა. ლიამ შეამჩნია, რაღაც რომ ვერ მქონდა რიგზე და ხელი შემაშველა. ვიღაცამ სკამზე დამსვა, ვიღაცამ წყალი მომირბენინა, ვიღაცამ ლოყაზე გამილაწუნა...
როცა გონს მოვეგე, ნინოს ნაცვლად დივანზე მე ვიწექი, სასწრაფო დახმარებას ისიც წაეყვანა...
- უკეთ ხარ? - ლიკას ჩემი თავი მუხლებზე დაედო და ყურებს მისრესდა.
- მე რა მიჭირს, ისინი როგორ არიან? - ჩურჩულით ამოვთქვი.
- კარგად იქნებიან, ნუ დარდობ. ცოტა ხანს იწექი და მერე ჩვენც წავიდეთ საავადმყოფოში. ფიქრიამ დარეკა, პირდაპირ იქ მივალო.
- როგორ მოხდა ყველაფერი, ვინმემ იცის? - სათითაოდ შევხედე ყველა მეზობელს.
- გამათბობელი დარჩენიათ. ეგონათ, რომ გამორთეს და არ ყოფილა გადაკეტილი. მთელი ღამე ჟონავდა აირი. მაგას ხომ სუნი არა აქვს და დაგროვდა. მერე ზაზას გაღვიძებია და ღებინება აუტყდა თურმე. ნინოს ეძახდა და ვერ გააღვიძა. მერე როგორღაც გაუღია კარი და ჩვენ გვიბრახუნა. დახოხავდა ძირს. მე და ლიამ არ გავუღეთ კარი, მთვრალი გვეგონა. მერე შენ დაგირეკეთ... რა ნახა ჩემმა თვალებმა! რომ შემოვედი, ნატოც გათიშული იყო და ნინოც. ეგრევე გავხეთქე ფანჯრები და ჰაერი შემოვუშვი. მერე ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ ორივეს და რა ვიცი... გამოგვივიდა, მოვიდნენ გონს. ამასობაში სასწრაფომაც მოგვისწრო.
- ღმერთო, რას გადარჩენილან... - ამოვიხრიალე მისუსტებულმა და ტირილი წამსკდა...
***
მთელი კვირა გონებიდან არ მშორდებოდა ნინოზე ფიქრი. წარმოვიდგინე, ზაზას რომ არ გაღვიძებოდა, რა მოხდებოდა. ამის გაფიქრებაც კი მზარავდა. სამი მიცვალებული ერთი ოჯახიდან და ყველა ახლობელი ადამიანი. რა საშინელებაა. მადლობა უფალს, რომ გადარჩნენ.
სამი დღე ნინოს გვერდიდან არ მოვშორებივარ. ზაზა და ნატო დარჩნენ საავადმყოფოში, პროფილაქტიკის მიზნით, ნინო კი იმავე ღამეს შინ დაბრუნდა. მეშინოდა, ცუდად არ გამხდარიყო. თავზე დავფოფინებდი. დილით პირდაპირ საავადმყოფოში გავრბოდი მისი ქმარ-შვილის სანახავად, მერე სამსახურში, საღამოს კი კვლავ ნინოსთან ვბრუნდებოდი. ამასობაში დათოსთან კავშირი გამიწყდა. მთელი სამი დღე ვერ შევეხმიანე. ნინოსთან მერიდებოდა ინტერნეტში შესვლა. რა დროს ეგ იყო, მეგობარი ცუდად მყავდა და ხომ არ გავერთობოდი, როცა მისთვის უნდა მომევლო.
მესამე ღამეს ფიქრიაც შემოგვიერთდა, მეც თქვენთან დავრჩებიო. ისეთი ალეწილი მოვიდა, მივხვდი, რაღაც უჩვეულო რომ გადახდა თავს.
- აბა, მოყევი ახლა, რა მოხდა, - მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.
- მეტყობა, არა? სახეზე მაწერია?
- თვალებზე, - შევუსწორე და ნინოს გადავხედე.
- რაო, მიყვარხარო? - ირონიით შეეკითხა ნინო.
- არა, რა მიყვარხარო.
- აბა არ მიყვარხარო? - არ მოვეშვით.
- არაფერიც არ უთქვამს.
- მაშინ ეგეთი სახე რატომ გაქვს? თვალები - ამღვრეული, სახე - აფორიაქებული, ღაწვები - აწითლებული, - დავახასიათე დაქალი.
- დღეს იქეიფეს სამსახურში და ცოტა დავლიე.
- ცოტა კი არა, ბევრი, - შეუსწორა ნინომ.
- ხო, ბოლოს ბევრი გამოვიდა. ტუალეტში მომინდა გასვლა და ვიგრძენი, ფეხი როგორ მერეოდა. უცებ ვიღაცამ ხელი შემაშველა. მოვიხედე და ეგ არ არის? თურმე უკან გამომყვა.
- მერე? - ერთდროულად შევძახეთ მე და ნინომ.
- მერე იდაყვში ჩამავლო ხელი და ტუალეტის მაგივრად მის კაბინეტში ამოვყავი თავი. გოგოებო, იცით, რა მაგარი იყო? რომ ჩამბღუჯა, ჰაერში ამწია, თავის მაგიდაზე შემომსვა და იმდენი მეფერა... იცით, როგორ მკოცნიდა? აი, ძალიან, ძალიან მოწყურებულად.
- როგორ გამაკვირვე, - თავი გადავაქნიე, - შენისთანა ქალს რატომ არ აკოცებდა მოწყურებულად, რა.
- ზუსტად ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ არ მეუბნება. არ შეიძლება, კაცი ასე ფაქიზად გეპყრობოდეს და არ უყვარდე.
- შენ სულ ასე გგონია. საკმარისია, ვინმე მოგეფეროს და გგონია, რომ ყველა გონის დაკარგვამდეა შეყვარებული. სოსოზეც ეგრე არ ამბობდი?
- სოსო მე არასდროს მყვარებია. მითქვამს ოდესმე?
- რა ვიცი, გაგიჟებული კი იყავი და... ცოლად მივყვებიო, შენ არ ამბობდი? - არ დავინდე.
- ჰო, მაგრამ მერე ხომ მალევე გადამიარა. სულ რაღაც ერთ კვირაში. ამას კიდევ ვერ ვივიწყებ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარს.
- სექსიც გქონდათ?
- არა, სექსამდე არ მისულა საქმე, მარტონი ხომ არ ვიყავით. სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი, მერე ეგრევე დაბრუნდა მოქეიფეებთან, მე კი ტუალეტში გავიქეცი. ძლივს მოვედი აზრზე.
- მეტი რაღა გინდა, უფრო გაგიმძაფრებია მისი ინტერესი. ახლა პაემანსაც დაგინიშნავს. იქირავებს სადმე ერთი დღით ან ღამით ოთახს და მიდით, - გადავიკისკისე.
- რატომ დამცინი, მერი? - თვალები აუწყლიანდა ფიქრიას.
- პატარა ბავშვივით იქცევი და რა ვქნა, თავს ვერ ვიკავებ. შენ რას იტყვი, ნინ?
- რა უნდა ვთქვა, შეყვარებულია ბავშვი და...
- მოვა დრო, შენც შეგიყვარდება და მერე ვნახოთ, გადაგიხდი სამაგიეროს! - "დამემუქრა" ფიქრია.
უეცრად დავსერიოზულდი, ღიმილი პირზე შემაშრა. დათო გამახსენდა. ფიქრიაზე არანაკლებ სასაცილო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. ვეკეკლუცებოდი მამაკაცს, რომელზეც არაფერი ვიცოდი. წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო, როგორ გამოიყურებოდა... საერთოდ არაფერი ვიცოდი მასზე. იმასაც ვერ ვხვდებოდი, რატომ მალავდა თავის ვინაობას. იქნებ ნაცნობია? ვაითუ, მთლად ახლობელია და ანკესზე წამოვეგე! ამის გაფიქრებაზე ალი წამეკიდა სახეზე. ცოტა მეტი სიფრთხილის გამოჩენა მმართებს. და საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიო, ვისთან მაქვს საქმე. ასე არ შეიძლება, - ფიქრში გავუწყერი ჩემს თავს.
- შენ რაღა დაგემართა? - ნინოს ჩემი სახეცვლილება არ გამოჰპარვია.
- არაფერი, რაღაც გამახსენდა.
- თავისი გოჩა გაახსენდა ალბათ. - ჩაიქირქილა ფიქრიამ.
- გოჩა არა კვახი! - დავიღრინე.
- მოხდა რამე?
- არაფერი. რაღაც ძველი ამბავი გამახსენდა, - არ გავენდე მეგობრებს, ჯერ ამის საჭიროებას ვერ ვხედავდი.
- ამას რა ვუყოთ? - ნინომ ფიქრიას გადახედა.
- მაგას არაფერი ეშველება, - ხელი ჩავიქნიე, - როგორი შტერიც იყო, ისეთი დარჩა. სანამ კბილებივით 32 კაცს არ გამოიცვლის და ბოლოს სიბრძნის კბილი არ ამოუვა, იქამდე არ დაღვინდება.
- კარგი, შეეშვი, თავისი გაჭირვება ეყოფა. იმედია, ახლა მაინც გამოიღებს ფხას ის შენი ნიკოლოზი და "გაგაფორმებს", ბოლოს და ბოლოს.
- კი, აბა, სწორედ მაგაზე ვოცნებობ! - აღშფოთდა ფიქრია.
- აბა ცოლად ეგ შენ ვერ შეგირთავს და... - გავასავსავე ხელები, - შენ გამო ოჯახს რომ არ დაანგრევს, ხომ იცი, არა?
- ისე დაანგრევს, როგორც დაგიბარებია, - დაიქადნა ჩემმა დაქალმა.
- ოი, ოი, ოი! შენ ისევ დაფრინავ, ჩემო სიხარულო, - ჩაიცინა ნინომ.
- რა ბედნიერებაა, ხვალ ისევ ერთად ვიქნებით მთელი ოჯახი, - სევდიანად ჩაილაპარაკა ნინომ.
დილით, ნინოსგან წამოვედი თუ არა, მაშინვე შინ გავვარდი და კომპიუტერს მივუჯექი. ერთი სული მქონდა, მენახა, როგორი მესიჯები დამხვდებოდა დათოსგან. ის ყოველდღე შემოდიოდა თურმე, დღეში ორჯერ, სამჯერაც კი და მე რომ არ ვხვდებოდი, წერილებს მიტოვებდა.
"სად დადის ეს გოგო?" - მწერდა იგი, - "რაღაც არ ჩანს".
"ხომ კარგად ხარ? სად დაიკარგე?"
"ისევ არ ჩანს... თაყვანისმცემლები დაესია და იმათ იგერიებს ალბათ..." - ასეთი შინაარსის იყო მისი წერილები.
თაყვანისმცემლებს მართლაც დაეტოვებინათ კომენტარები ჩემს ფოტოებზე, ნაცნობებსაც და უცნობებსაც.
რატომღაც, გულში გამკრა, რომ ეს კომენტარის ავტორი ვინმე დათო მგელაძე ის უცნობი დათო უნდა ყოფილიყო, ვისაც ამ ხნის განმავლობაში ვეკონტაქტებოდი. ალბათ ორი პროფილი აქვს, ერთი ნამდვილი, მეორე გამოგონილი, კამასუტრას გაკვეთილების ჩასატარებლად. გამეღიმა. რა იცის, რომ თაყვანისმცემლები დამესია, თუ ჩემს გვერდზე არ შემოვიდა და კომენტარები არ წაიკითხა? გამოდის, სხვა პროფილითაა შემოსული და ისე შემათვალიერა. მდააა. თუ ეს არის, სულაც არ არის ურიგო "ყმაწვილი". ასაკითაც ტოლები ვართ. ნეტავ ვინაა? იქნებ ჰყავს ვინმე ჩემი ნაცნობი მეგობრებში? ის იყო, მეგობრებზე თვალის გადავლებას ვაპირებდი, რომ ჩასაფრებულივით მისი მესიჯი მომივიდა.
- აჰაა... როგორც იქნა, გამოჩნდა. გამარჯობა, ბელა რაგაზა! - იტალიურად მომესალმა. - როგორ ხარ?
- გრაციე, კარგად, - მეც ნახევრადიტალიურით ვუპასუხე, - გაგიმარჯოს. ცოტა მახველებს, ისე არა მიშავს. თავად როგორ გიკითხოთ?
ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, მხოლოდ ღიმილი გამოიმეტა ამჯერად.
მის გვერდზე შევედი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე. კვლავ ერთი ფოტო ედო, არც მეტი და არც ნაკლები.
- სკანირებას მიკეთებს ლამაზი გოგო, - მომწერა.
- არა, უბრალოდ, გესტუმრე, ვიფიქრე, ყავას მაინც დამალევინებს-მეთქი.
- ახლავე, მაგაზე ადვილი რა არის? - მიპასუხა და ორი ფინჯანი ყავა უცებ დამიხატა, თან პატარა ბიჭის და გოგოს სმაილიც მოაყოლა.
- მადლობა.
ამასობაში მისი ფოტოები შევათვალიერე, თან მცირე ანკეტურ მონაცემებსაც გავეცანი. აჰა... მონიკა ბელუჩი მოსწონს თურმე. ჰმ... კარგი გემოვნება კი ჰქონია. მამაკაცების უმრავლესობა ანჯელინა ჯოლიზე აფანატებს. მე კი ეგ ანჯელინა დიდად არ მომწონს. აი, ბელუჩი კი მართლაც კარგი ქალია და ასე მგონია, ვისაც მონიკა მოსწონს, ყველა იმ მამაკაცს დახვეწილი გემოვნება აქვს.
არაფერი მითქვამს მგელაძეზე. ვიფიქრე, თუ მართლა ის არის, არ დავაფრთხო-მეთქი, ამიტომ არც კი ვაგრძნობინე.
- სად წავიდა? გაშპა, - რომ არაფერი მივწერე, თვითონ შემომეხმიანა.
- აქ ვარ, არსადაც არ წავსულვარ, - არ დავაყოვნე პასუხი.
- მოშპა.
გულიანად გამეცინა. აშკარად კარგი იუმორის გრძნობა გააჩნდა და ეს ყველაზე მეტად მხიბლავდა მასში.
- თაყვანისმცემლებს იგერიებ? - თვალი ჩამიკრა.
- უკვე მოვიგერიე, - ეშმაკურად გავუღიმე.
- სად იყავი, რომ არ ჩანდი?
- აქ ვიყავი, უბრალოდ, შენ ვერ მამჩნევდი.
- შენ ვინ ვერ შეგამჩნევს, მატყუებ რაღაცას.
- პატარა პრობლემები მქონდა, ამიტომაც ვერ შემოვდიოდი, - ახლა უკვე სერიოზულად ვუპასუხე.
- მართლა და... შენს სათნოების სახლს რატომ არ აპიარებ? რეკლამას რატომ არ უკეთებ? ამისთანა თვალში საცემი ქალი არსად ჩანხარ, - შემეკითხა.
- იმიტომ, რომ არ მიყვარს თავის გამოჩენა. ჩუმად მირჩევნია ყოფნა, ჩემთვის, მტვერივით შეუმჩნევლად. მე მხოლოდ მზის სხივებზე ვჩანვარ, - გავუცინე.
- შენ რომ ჩანხარ, მზე აღარ ჩანს, - მომიგო.
- მერიკო! 6 წუთი დარჩა და უნდა გავიდე.
- რა ცოტაა და რა ცუდია, ცოტა რომაა.
- აბაა! 69 რომ ყოფილიყო, აჯობებდა.
- აჯობებდა, მაგრამ ეგრე სადაა? 69 წუთი ადვილი მოსაპოვებელი რომ იყოს, 69 არ იქნებოდა, - ჩავუქარაგმე.
თვალებდაელმებული კაცუნები მომაყარა.
- დაგაბნიე? - გავუღიმე.
- პირიქით, მე ვცდილობ, არ დაგაბნიო.
- ნუ გეშინია, არ ვიკბინები, - პატარა გოგონა და ყვავილი გავუგზავნე, - ჰუმანოიდი ვარ.
- მე არაფრის მეშინია, ტანკისტი ვიყავი ომამდე.
- ააა! კარგი ტანკი გეყოლებოდა.
- კი, მაგარი, ტ-69.
ამაზე ისეთი სიცილი ამიტყდა, თვალები ამიცრემლიანდა.
- როგორ გამაცინე... გენაცვალე! - ვერ მოვითმინე და მივეფერე.
- მეც გენაცვალე. - ვერც იმან მოითმინა და მომეფერა.
- და ტ რას ნიშნავს? - არ შევიმჩნიე, რომ მომეფერა.
- ტიგერ-69.
- აჰაა, გასაგებია.
- 2 წუთი დარჩა.
მოწყენილი სიცილაკი დავუხატე.
- შენ უფლება გაქვს, 3 წუთი დაამატო, - ყვავილი და ოთხი კოცნა დამიხატა.
- კოცნით შეფერილი ყვავილი, - აღვნიშნე, - რა კარგია, რაღაცის უფლება რომ მაქვს. უფლებამოსილმა უკვე დავამატე სამი წუთი.
- ამ ყვავილს ბარამბოს გემო აქვს, ტკბილია ძალიან, - ამიხსნა.
- ძალიან ტკბილი, - დავუდასტურე.
- ზედმეტად ტკბილი. - უფრო დაატკბილა. - და შენი დამატებული წუთებიც გაილია ამასობაში.
- საღამოს შემოხვალ? - სულსწრაფობა გამოვიჩინე.
- ალბათ, არ ვიცი... - და დააყოლა, - 69 წამი დარჩა.
- ჰო, წამებსაც გვითვლიან უკვე, - ისევ მოვიწყინე.
- კარგი, დავიშალოთ დროებით, ნახვამდის, ლამაზო გოგო!
- ნახვამდის, დათ!
***
მთელი დღე ზეაღმატებულ ხასიათზე ვიყავი. კი არ დავდიოდი, დავქროდი, მიწას თითქოს არც ვაკარებდი ფეხს. ჯერ ჩემს მოხუცებს შევუარე, მერე თეატრში გავიქეცი, რადგან გოგლამ დამირეკა, შენი პიესა "მაესტრო და მზე" დავამტკიცეთ და მსახიობები უნდა შევარჩიოთ როლებზეო. ასეთ რამეებში აუცილებლად დამიხმარებს ხოლმე, ჩემთან კონსულტაციის გარეშე არც ერთ რეჟისორს არ მისცემს უფლებას, დამოუკიდებლად შეარჩიოს მსახიობები. მე კი მეუხერხულება. რა ჩემი საქმეა, რეჟისორი ვის შეარჩევს? მე ხომ არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური? მაგრამ რადგან სცენარი ჩემია, გოგლას მიაჩნია, რომ ჩემს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. მე კიდევ ეშმაკობას მივმართავ ხოლმე, რათა არც ერთს არ ვაწყენინო. გოგლას უსიტყვოდ ვეთანხმები, შემდეგ რეჟისორს ვხვდები და ვეუბნები, რომ თავისი გემოვნებით შეარჩიოს მსახიობები, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ამა თუ იმ როლს ვინ ითამაშებს. ასეთი მიდგომით ყველა კმაყოფილია - დირექტორიც, რეჟისორიც და მეც, რა თქმა უნდა.
გოგლამ გადამკოცნა და მისაყვედურა, რატომ დაგვივიწყეო.
- ხანდახან ისე მაინც დაგვენახვე, რომ თავი შეგვახსენო, - მსუბუქად დამტუქსა.
- რა ვიცი, მერიდება. არ მინდა იფიქრო, რომ ჩემი პიესების გამო გაბეზრებ თავს.
- შენ როგორ უნდა მოაბეზრო ვინმეს თავი? სად შეგიძლია მაგდენი? - ლოყაზე მიჩქმიტა, - მეტჯერ არ დაგცდეს ეგეთი რამ! - თითი დამიქნია. - მოგვეწონა შენი მაესტრო, ლამაზი პიესაა. გელა მზადაა დასადგმელად.
- რა მაგარიააა! - ტაში შემოვკარი, - მიხარია.
- ჰოდა, მიდი, ნახე, ერთად გაიარეთ. მსახიობები შეარჩიეთ.
- ჰო, რა თქმა უნდა, - როგორც ყოველთვის, დავეთანხმე და მოულოდნელად რაღაც აზრი ამომიტივტივდა, - გოგლა, იცი, რა მინდა, გკითხო?
- აბა, გისმენ მთელი გულისყურით, - გოგლა შეჩერდა, დოინჯი შემოიყარა და სათვალის ზემოდან გადმომხედა.
- ვინმე დათო მგელაძეს ხომ არ იცნობ?
- მუსიკოსს? როგორ არ ვიცნობ, ჩემი ძმაკაცია. ასე ვართ გადაბმულები, ა! - და ორი საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუსვა.
- მართლა? - თვალები გამიბრწყინდა, - არ გინდა, გამაცნო?
- რა პრობლემაა, გაგაცნობ ერთხელაც. ჩვენ ხშირად ვხინკლაობთ.
- ოღონდ არ ვიცი, მე და შენ ერთსა და იმავე დათო მგელაძეზე ვლაპარაკობთ თუ არა. როგორ გამოიყურება? - აჭარხლებულს სუნთქვა შემეკრა.
- როგორ და არის ძალიან მაღალი, ძალიან მელოტი და ძალიან მექალთანე, თან ძალიან მუსიკოსი.
"ის არის!" - გამიელვა გონებაში.
- მექალთანე?
- საშინელი თან, - კვერი დამიკრა გოგლამ, - კაბიანს არ გაუშვებს. დღე და ღამე ფეისბუქშია შემძვრალი.
ძლიერმა დარტყმებმა გული შემირყია. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი დათო და ის დათო ერთი და იგივე პიროვნება იყო.
- და მის მეგობრებში რატომ არ ხარ?
- საერთოდ არ ვარ მანდ რეგისტრირებული, - გაიცინა, - დათომ რით დაგაინტერესა? შენც ხომ არ მოგისინჯა ნიადაგი?
- არა, არა, არც დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. სხვამ მთხოვა, რაღაცები გამეგო მის შესახებ და უბრალოდ, ისე გკითხე, არც მეგონა, თუ იცნობდი, - ცოტა არ იყოს, დავიბენი.
- ოოო, მაშინ მეტს არაფერს გეტყვი, ძმაკაცს ხომ არ გავცემ, - სიცილით მიპასუხა და გელას კაბინეტის კარზე დაააკაკუნა.
მეტის გაგება არც მინდოდა, ესეც საკმარისი იყო ჩემთვის...
თეატრში დიდხანს შემოვრჩი, რის გამოც გვიან დავბრუნდი შინ და ეგრევე კომპიუტერს მივუსკუპდი.
როგორც ყოველთვის, ნაცნობი ფრაზა დამხვდა - "სად დადის"... მის "ფანჯარაში" შუქი ციმციმებდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ დათო აქ იყო და მელოდებოდა.
- დამაგვიანდა... მაპატიე. არ მეჩხუბო, კარგი? თეატრში ვიყავი, ჩემი პიესა დაამტკიცეს და რაღაცები მქონდა მოსაგვარებელი.
- პიესა? ეგ კარგია. სხვა როგორ ხარ? ისევ გახველებს?
ესეც კი ახსოვდა. არადა, დილით ამაზე არც გაუმახვილებია ყურადღება.
- ცოტას.
- ბევრს ეწევი ალბათ შენ.
- ისე რა... მაქსიმუმ 13 ღერი დღეში.
- არ გინდა, ცოტა დააკლო?
- ცოტა რამდენია?
- აი, მაგალითად, 6-მდე რომ ჩამოიყვანო ან 9-მდე მაინც. - და თვალი ჩამიკრა.
- ვეცდები... შენი ხათრით.
- ეცადე. ესე იგი, პიესა კარგიაო?
- კიო, კარგიაო და დავდგამთოოო.
- მიხარია.
- მე კი მიხარია, რომ არ მებუტები... გალოდინე.
- ლამაზი გოგოები მუდამ ალოდინებენ.
- ჩემი ბრალი არ არის, 6 ადგილას რომ მუშაობ და დღეში 9 საქმე გაქვს ადამიანს, სხვანაირად ვერ მოიქცევი.
- ისევ 69? - გაიცინა.
- რაღაც მოდაში შემოვიდა, არა? - მეც გავიცინე.
- ეგ სულ მოდაშია, ყავლი არასდროს გაუდის, როგორც "ბითლებს".
- "ბითლებს"? - მუსიკის ხსენებაზე ყურები ვცქვიტე, გოგლამ ხომ მითხრა, მუსიკოსიაო, - გიყვარს "ბითლები"?
- კი, ბითლომანი ვარ.
- მე დიდად არა. სულ რამდენიმე სიმღერა მომწონს მათი შესრულებით.
- მე მოგასმენინებ რაღაცებს და შეგიყვარდება.
- მე თვითონაც მოვუსმენ, იუთუბიზე მაგის მეტი რაა.
- არა, ეგრე არა. შენ შეიძლება "ცუდი" სიმღერებით დაიწყო, მე შეგირჩიო, დიდი სიამოვნება გელის წინ, მათი ახლიდან გაცნობისა.
- მე "სმოკი" მომწონს.
- ეგეც კარგი ჯგუფია. კრის ნორმანი.
- ეგ ჩემი შეყვარებული იყო ახალგაზრდობაში, - სიცილით "ჩავბჟირდი".
- კიდევ ვინ იყო შენი შეყვარებული? - ეშმაკურად გამიღიმა.
- აუჰ! ეგრე ბევრი იყო, რაღა მახსოვს.
- მერიკ! დრო იწურება.
- უკვე?
- ჰო, აბა! შენ დაიგვიანე და...
- ესე იგი, "არივედერჩის" დრო მოვიდა, - მოვიწყინე. - დავწვები ახლა და მომიწევს ცხვრების დათვლა.
- ცხვრების თვლას თაფლიანი წყალი დალიო, ჯობია, უფრო მალე დაგეძინება, - მირჩია.
- ჰო, ეგრე ვიზამ.
- ახლა კი ძილი ნებისა და მეტა(დ)ფიზიკური სიზმრები შენ.
- შენც.
- წავედი, მერიკუნა.
- ღამე მშვიდობისა, დათ! - და ჩვეული 4 კოცნის მაგივრად, 3 გავუგზავნე.
- დააკლო ერთი, თუ შემოინახა? - ეშმაკური ღიმილით მომწერა.
- ნელ-ნელა გაპარებ, - სმაილებით "ავკისკისდი".
- ხვალ საღამოს შემოსკაიპდი და სიმღერებს გამოგიგზავნი, ახლა კი გავედით!
კიდევ ერთხელ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და კომპიუტერი გამოვრთე. სავსე ვიყავი შთაბეჭდილებებით. კმაყოფილი - დღევანდელი დღით. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დათო და ის დათო ერთი და იგივე იყო...
წუთი არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, მასზე არ მეფიქრა. მისით ვსულდგმულობდი, ჩემს უფერულ ცხოვრებაში თითქოს ახალი ფერები შემოიჭრა, სურნელოვანი ფერები - წითელი, მწვანე, ყვითელი... ცისარტყელას ემსგავსებოდა ჩემი ცხოვრება. სულსწრაფობას არ ვიჩენდი, არ ვაჩქარებდი, რომ გამცნობოდა, ელაპარაკა თავის თავზე. არაფერს ვეკითხებოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ, დღეს იქნებოდა, თუ ხვალ, თვითონ გაუჩნდებოდა ჩემთან შეხვედრის სურვილი. ერთი ჩემი მეგობრის, ლალის მაგალითი მახსენდებოდა. მთელი წელი ვიღაცას ასე ელაპარაკებოდა, არაფერი იცოდა მის შესახებ, მერე კიდევაც შეხვდნენ ერთმანეთს, პაემანზეც დიდხანს იარეს და ბოლოს შეუღლდნენ კიდეც. შეუღლების და კიდევ ერთხელ გათხოვების სურვილი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ მასთან ურთიერთობაზე უარს რომ არ ვიტყოდი, ეს ნამდვილად ვიცოდი. ერთადერთი, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა, ის იყო, რასაც ნინოს ვუშლიდი - ოღონდ ცოლიანი არ აღმოჩენილიყო. ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის გაბმის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო ახლობელი ვხდებოდით ერთმანეთისთვის. ის სიმღერებს მიგზავნიდა, მე ვუსმენდი. მართლაც სხვა კუთხით დამანახვა "ბითლები" და ისე შემაყვარა, მობილური ამ ჯგუფის სიმღერებით გავავსე და ყველგან ვუსმენდი - სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში, აბაზანაშიც კი...
კარგად ვგრძნობდი თავს, იმდენად კარგად, რომ შიში მიპყრობდა - ვაითუ, მალე დამთავრებულიყო ჩემი ეს "კარგად ყოფნა". ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ გოჩამ კვლავ შემახსენა თავი. გაუფრთხილებლად დამადგა ერთ საღამოს შინ და კატეგორიულად მომთხოვა შერიგება. როცა მის კატეგორიულ მოთხოვნას კატეგორიული უარით ვუპასუხე, ბინაზე ჩამომიგდო ლაპარაკი. აი, მაშინ კი აივსო ჩემი მოთმინების ფიალა. მიუხედავად იმისა, რომ უბინაობას სულაც არ ვუჩიოდი და მამიდის ბინის გარდა, ჩემი მშობლების ბინაც ჩემს საკუთრებად ითვლებოდა, ამ ბინის დათმობას არ ვაპირებდი... აქამდე მზად ვიყავი, მომთხოვდა თუ არა, დამეცალა აქაურობა და უკონფლიქტოდ გავცლოდი ქმარყოფილს, ახლა კი არაფრის დათმობას არ ვაპირებდი. რატომღაც, შევიცვალე, მაგრამ რამ შემცვალა, ამას ვერ ვხვდებოდი...
გაგრძელება