ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისირა უცნაური სიზმარი ვნახე წუხელ. სასიამოვნო და მომთენთავი. არა, ჯერ დათოს უნდა მოვუყვე. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
გემრიელად გავიზმორე, პირსახოცის ხალათი მოვიცვი და სააბაზანოში ჩავიკეტე. სწრაფად გადავივლე წყალი, დროის დაკარგვა არ მინდოდა. თმას გაშრობაც კი არ მიცდია, პირსახოცი ჩალმასავით შემოვიხვიე თავზე, კომპიუტერს მივუჯექი და სკაიპი ჩავრთე.
დათო უკვე მოსულიყო და მელოდა. გამეღიმა. უკვე ვეღარ ითმენს უჩემოდ. ეს კარგია.
- მზეც გამოვიდააა, - მომწერა. - პირყვითელა მზე.
- პირყვითელა... რა ლამაზი სიტყვაა, დათ! ისე, მართლა გამოვიდა მზე, დღეს ალბათ კარგი ამინდი იქნება.
- ვითომ? წვიმაა გამოცხადებული, - დაიჯღანა.
- რას ამბობ! შეუძლებელია. დღეს დათბება და იცი, რატომ?
- არ ვიცი.
- იმიტომ, რომ წუხელ სტუმრად მყავდი. მესიზმრე და კარგ ხასიათზე გამეღვიძა.
- როგორ გესიზმრე?
- როგორ და იქ მოხვედი, ჩემს სამყაროში. რომ მოხვედი, გამიღიმე, შენ რომ იცი, ისე. მეც გაგიღიმე, მე რომ ვიცი, ისე.
- მერე?
- მერე მთელი ღამე დაგატარებდი. 69 ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი დაგათვალიერებინე, მე რომ ვიცი, ისე. ბოლოს დაიღალე, მოითენთე. მე კიდევ მოგასვენე. შენთვის განკუთვნილ საძინებელში შეგიყვანე, სევდისფერი მწვანე ფერებით მოხატულ საძინებელში.
- მიყვარს მწვანე, - აცეკვდა.
- მერე შენ წამოწექი. როგორც კი თავი ბალიშზე მიდე, ჩაგეძინა, მშვიდი და უშფოთველი ძილით. მე ახლოს მოვედი შენთან... უფრო ახლოს... კიდევ უფრო ახლოს... მერე მუხლებზე დავეშვი და ფრთხილად შეგეხე თითებზე. შემდეგ შენი ხელები ჩემს მკერდში ჩავიწვინე და დაველოდე, როდის გაიღვიძებდი. არ გავრხეულვარ, შენს სუნთქვას, თანაბარს, ვუგდებდი ყურს და შენს ძილს ვდარაჯობდი, რომ არავის დაეფრთხო. 6,9 საათი გეძინა, - ვუყვებოდი სიზმარს და თან ვაფორმებდი. ამასთან, მის "საყვარელ" 69-ს სხვადასხვა ვარიაციით ვიყენებდი.
- ბოლოს გაგეღვიძა.
- რა თბილი ხარ, მერიკუნა, - დათომ კოცნა გამომიგზავნა, - როგორ საყვარლად მოყევი, შენ რომ იცი, ისე. ცოტა სევდიანი სიზმარი იყო, არა? მაგრამ ტკბილი, თბილი, რაღაცნაირი "ტკბილთბილა".
- რაღაც მინდა გკითხო, მხოლოდ ერთი კითხვა.
- არა, არც ერთი! არ გვინდა...
- პირველად რომ დაგინახე აქ, მაშინვე მივხვდი, რომ მზისფერი იყავი... ახლა კი უნდა გავიდე. მაპატიე, მერიკუნჩიკ!
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და გულდამძიმებულმა გამოვრთე კომპიუტერი.
ფიქრისგან თავი მისკდებოდა. რატომ მიმალავს ვინაობას? ვინ არის ასეთი? რა ჭირს? იქნებ მართლა ნაცნობია და იმიტომ ვერ მეუბნება? არა, ამას წინათ მითხრა, ერთმანეთს არ ვიცნობთ და არც საერთო ნაცნობები გვყავსო. მაშინ საიდან გაჩნდა? როგორ მიპოვა?
ფიქრი ფიქრს ცვლიდა, კითხვა - კითხვას, პასუხი კი არ მქონდა.
თმა ფენით კოხტად დავივარცხნე, თბილად ჩავიცვი, ქოლგა მოვიძიე, ჩანთაში ჩავაგდე და ის იყო, სახლიდან გასვლას ვაპირებდი, რომ დაიგრგვინა. გაოცებულმა გავიხედე ფანჯრისკენ. სქელ ღრუბლებს ცა მთლიანად დაეფარა. რა უცნაურია, რამდენიმე წუთის წინ მზე ანათებდა და ასე სწრაფად როგორ მოიღრუბლა?
ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა, ზარის ხმა ოთახის სიღრმიდან ისმოდა. კიდევ კარგი, დარეკა, თორემ ხომ დამრჩებოდა? ტელეფონი ტახტზე ეგდო უმწეო ბავშვივით.
მონიტორს დავხედე. გოგლა მირეკავდა. ამას რაღა უნდა? ისევ თეატრში მომიწევს ვითომ გასვლა? ალბათ სცენართან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია, - გავიფიქრე და მწვანე ღილაკს თითი მივაჭირე.
- გისმენ, გოგლა!
- სად ხარ, გოგონი?
- ჯერ სახლში. რა იყო?
- აქვე ვარ და ხომ არ შემოგიარო? სიურპრიზი მაქვს შენთვის.
- მოდი, მაგარ ყავასაც დაგალევინებ, - გამიხარდა ბავშვობის მეგობრის სტუმრობა.
გოგლა ორე წუთში ამოვიდა. ძალიან საქმიანი იერით შემოაბიჯა ოთახში.
- მშვიდობაა?
- რატომ არ უნდა იყოს მშვიდობა? - გადამკოცნა, - როგორ ხარ? ისევ მარტო დადიხარ, შე საწყალო? - ირგვლივ მიმოიხედა.
- ჰო, აბა აწი მე ვის რაში ვჭირდები, - გავუცინე, - წამო, სამზარეულოში დავსხდეთ, ყავას მოვხარშავ. რა სიურპრიზზე მელაპარაკებოდი წეღან?
- შენი პიესა დაიძრა, რეპეტიციობენ უკვე. არ გინდა, გამოხვიდე? დახედე, რას აკეთებენ.
- მართლა? რა კარგი ამბავია! ესე იგი, ფულსაც მალე მივიღებ, ხომ?
- კი, აბა რა! პრემიერა ალბათ აპრილის ბოლოს დაიგეგმება. მინდა, სეზონის დახურვამდე მოვასწროთ. რას შვრები, შენი ამბები მომიყევი, ქმარს ხომ არ შეურიგდი?
- გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში! მშვენივრად ვგრძნობ თავს.
- ახალი არავინ გამოჩნდა მერე? ამისთანა ქალი ეულად რომ დანარნარებ ცისქვეშეთში.
- არა და არც მიძებნია. სადღა არიან ნამდვილი მამაკაცები.
- აბა უყურე! თვალსაც კი არ ახამხამებს, ამას მე რომ მეუბნება! - გადაიხარხარა გოგლამ.
- შენ არ ითვლები, შენ ჩემი მეგობარი ხარ.
- გინდა, გაგაცნო?
- ვინ? - გაოცებით შევხედე, თან ყავის ათქვეფას შევუდექი.
- ვინ და დათო. შენ რომ მეკითხებოდი იმ დღეს, მგელაძე.
სიმხურვალე ღაწვებიდან დაიძრა, მთელი სხეული მოიარა და კვლავ ღაწვებთან დაიდო ბინა. ხელი გამიშეშდა, რომლითაც ყავას ვამზადებდი.
- და რატომ გგონია, რომ გაცნობა მინდა? - შეცვლილი ხმით ვკითხე.
- რა ვიცი. არ მგონია, მაგრამ ვიფიქრე, მარტო-ქალია და მეგობარი კაცი არ აწყენდა-მეთქი.
გამომცდელი მზერა ვესროლე. ამ დროს მისი ტელეფონი აწკრიალდა. გოგლამ ტელეფონი ამოიღო გულის ჯიბიდან და დახედა.
- ა! ძაღლი ახსენეო და... დათოა, - შემომცინა და მობილურზე გააბა საუბარი.
- რაო, დავიდოვიჩ? მე მოგენატრე, თუ ხინკალი?.. არა, მეგობართან ვარ. ქალია იმისთანა, ყველაფერს დაგავიწყებს. არ გინდა, გაგაცნო?.. როდის? ახლავე, თუ გინდა. სად ხარ, მითხარი?.. უჰ, მთლად აქვე ყოფილხარ, შე კაცო! 9 ნომერთან გააჩერე და მე-6 სართულზე ამოდი, პირდაპირ კარია... რა გრცხვენია, კარგი, ნუ ამბობ რაღაცას, ამო, ამო, ყავა მზადდება და თან თურმე ძალიან მაგარი, - გოგლამ ეშმაკურად შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
სისხლი გამეყინა ძარღვებში. ნუთუ აქ უნდა მოვიდეს? ნუთუ თავის ფეხით მოდის ჩემს გასაცნობად? ის არის, ნამდვილად ის არის! აბა ასე როგორ დაემთხვა ყველაფერი? რაღა ახლა დარეკა? რაღა აქვეა, ორ ნაბიჯზე? ჩაწყობილი ამბავია, წყალი არ გაუვა!
- იმედია, თავხედობაში არ ჩამითვლი, შენი ნებართვის გარეშე რომ დავპატიჟე, - მომიბოდიშა გოგლამ.
- არა, რას ამბობ, - ძლვიძლივობით გავიღიმე, - მაშინ მესამე ფინჯანსაც გავამზადებ, რახან სტუმარი მოდის. როგორი ყავა უყვარს? ტკბილი, ნაკლებად ტკბილი, თუ უშაქრო?
- მაგას ტკბილი უყვარს, მე კი, როგორც ყოველთვის, უშაქრო გამიკეთე.
"ტკბილი უყვარს"... შეუმჩნევლად ჩავიღიმე. გოგლას ვერაფერი შევატყვე, თითქოს დადგმულ სცენარს არ ჰგავდა მისი ქმედება, ძალიან ბუნებრივად იქცეოდა, თუმცა მის მსახიობურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებდი, ჩემი გაცურება არ გაუჭირდებოდა.
- ბავშვი რომ გყოლოდა, კარგი იქნებოდა, - სრულიად მოულოდნელად, სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- რა ვქნა, ღმერთმა უშვილო დამარჩინა და რა ჩემი ბრალია.
- იქნებ შეუთავსებლობის ბრალი იყო? ექიმთან ამაზე გილაპარაკია?
- კი, როგორ არა, მაგრამ შეუთავსებლობა არაფერ შუაშია, მე ვარ უშვილო.
ამ დროს კვლავ დაურეკეს გოგლას.
- ჩავალ, ამოვიყვან, თორემ ისეთი ბოთეა, შეიძლება კარს ვერ მოაგნოს, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და გავიდა.
მაშინვე სარკეს ვეცი. მთლად საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, როგორც სხვა დროს, მაგრამ მაინც არა მიშავდა. სასწრაფოდ დავიმატე შავი ფანქარი თვალის კუთხეებში და ცოტა პომადაც გავისქელე ტუჩებზე. რომ მცოდნოდა, ხომ უფრო "გემრიელად" გამოვიპრანჭებოდი? ნეტავ როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა?
ძალიან დავიბენი, გული გამალებით მიცემდა, ჰაერი არ მყოფნიდა. არ ვიცოდი, როგორ შევხვედროდი დათოს. მეგონა, ხმას ვერ ამოვიღებდი. როცა კარის საკეტი გატკაცუნდა, ისე დამებორკა ფეხები, ადგილიდან ძლივს დავიძარი.
მიუხედავად ამისა, დავინახე თუ არა დაუპატიჟებელი თუ დაპატიჟებული სტუმარი, ისეთი სიმშვიდით შევხვდი, თითქოს უკვე ვიცნობდი. დაძაბულობამაც გამიარა და სიწითლემაც. გამაოცა ჩემმა თავმა, ამას ნამდვილად არ მოველოდი.
როგორი ნაცნობი სახე ჰქონდა ამ დათოს. მგონი, მენახა კიდევაც სადღაც. შეიძლება ეკრანზე. თუ მუსიკოსია, ალბათ ტელევიზორშიც ხშირად ჩნდება, დავასკვენი ჩემთვის. სწორედ ასეთს მოველოდი. სწორედ ასე გამოიყურებოდა იგი ჩემს წარმოდგენაში. ძალიან მაღალი იყო, მელოტი და ძალიან სიმპათიური. წვრილი თაფლისფერი თვალები ჰქონდა და თბილი, ეშმაკური ღიმილი. მხოლოდ კეხიანი ქართული ცხვირი აძლევდა ოდნავ მკაცრ გამომეტყველებას. აკი ცისფერი თვალები მაქვსო? მატყუარა!
- აი, ეს არის ჩემი მერი, გაიცანი, ძმაო, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და გულიანი ქალი, - ასე წარუდგინა გოგლამ მეგობარს ერთი საათის წინ პრინცესად შერაცხული "მერიკო პირველი".
- მოხარული ვარ... - ხელი მძლავრად ჩამომართვა მოსულმა, - დავით მგელაძე, არშემდგარი მუსიკოსი, - და მორიდებულად ჩაიცინა.
- სასიამოვნოა, - გავუღიმე.
- შემდგარი, მაგრამ უმუშევარი, - შეუსწორა გოგლამ და სკამი გამოუწია, - აგერ დაბრძანდი, საპატო ადგილას.
დათო დაჯდა და უხერხულად მიმოიხედა.
- რავა დაბარებულივით გაჩნდი აქ, წეღან მე და მერი შენზე ვლაპარაკობდით, - როხროხით გაიცინა გოგლამ.
- მე ყავას მოვიტან, - დავფაცურდი და სამზარეულოს მივაშურე.
რამდენიმე წუთის შემდეგ სამივენი მაგიდას ვუსხედით, ყავას ვსვამდით და ისე ვმასლაათობდით, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით. ჩვენი სასაუბრო თემა სულაც არ გვეხებოდა რომელიმე ჩვენგანს პირადად, როგორც ყველა, პოლიტიკაზე ვლაპარკობდით. აღმოჩნდა, რომ მე და დათოს ერთნაირი შეხედულება გვქონდა მთავრობაზე, ოპოზიციაზე, ქვეყანაში მიმდინარე ავ-კარგ მოვლენებზე. ვირტუალურ სივრცეში პოლიტიკაზე არასდროს გვისაუბრია, ამიტომ იმ დათოს შეხედულებები ჩემთვის ცნობილი არ იყო. სამაგიეროდ, ამ დათოსი ვიცოდი. ასე რომ, შემდეგ პაემანზე იმ დათოსთან სალაპარაკო თემა უკვე მქონდა შერჩეული.
ვერაფერსაც ვერ მივხვდი. ეს ის იყო თუ არა, ვერ დავადგინე. ის ჩვეულებრივად იქცეოდა, ისე, როგორც იქცევიან ახალგაცნობილ ადამიანებთან უცნობი ადამიანები. ცოტა სითამამე აკლდა თითქოს. არადა, გოგლას გადმოცემით, ქალების მუსუსი უნდა ყოფილიყო. ეს კი ვერ შევამჩნიე. არც ერთი ხარბი ან შემფასებლური მზერა. ის კი არა, მომეჩვენა, რომ მისთვის სრულიად უინტერესო ვიყავი. წამითაც არ შეტყობია, რომ დილით რომანტიკულ ხასიათზე დავაყენე, თუმცა არც მე მეტყობოდა ეს.
დაახლოებით ერთი საათი დავყავით ერთად და ისე დავშორდით ერთმანეთს, ვერაფერსაც ვერ მივხვდი. საბოლოო დასკვნა მაინც ვერ გამოვიტანე.
- წვიმა იქნებაო დღეს, ამბობენ, - გამოაცხადა გოგლამ.
- იქნებაო კი არა, იწყებს უკვე, - ფანჯარას გახედა დათომ.
- ჰოდა, წასვლის დროც მოსულა. სამსახურში მე გაგიყვან, მერი, - შემომთავაზა გოგლამ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და დათოს მივუბრუნდი. - თქვენ?
- მე მანქანით ვარ, არ დავსველდები, - გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და ნაზად მეამბორა, - გამიხარდა თქვენი გაცნობა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ჩემი ფიქრები დათოს ირგვლივ ტრიალებდა. რა კარგია, რომ გავიცანი. თუ ის არის, აუცილებლად შემეხმიანება, მომიკითხავს. ალბათ შეხვედრასაც მთხოვს. მეც შევხვდები და იქ გამოჩნდება, სად მარხია ძაღლის თავი. მაგრამ დამირეკავს კი? ნომერი რომ არ იცის? ოჰ, ეგ რა პრობლემაა, გოგლასგან გაიგებს. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, თითქოს ხელი ჩავჭიდე იმ ძაფს, რომლის ბოლო მეორე დათოსთან მიმიყვანდა, მაგრამ ერთი რამ მაინც მიძლერებდა ეჭვს. მან მითხრა, საერთო ნაცნობები არ გვყავსო. მაშ, გოგლა ვინ არის? სწორედ მან არ გაგვაცნო ერთმანეთი? ის არ მომატყუებდა. იქნებ ის იგულისხმა, იქ, ვირტუალურ სივრცეში რომ არ გვყავდა საერთო ნაცნობი? ვგრძნობდი, რომ ამით თავს ვიმშვიდებდი.
- ჰა, მოგეწონა? - გოგლას ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია.
- კი, კარგი ტიპია, - ღიმილი ვერ შევიკავე.
- იმასაც მოეწონე.
- შენ რა იცი? - ირიბად გავხედე.
- ვიცი... მოხარშულს ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, შენი უფრო ახლოს გაცნობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
- ვნახოთ, - ორაზროვნად ჩავილაპარაკე და ტუჩები მოვკუმე, რომ ეშმაკური ღიმილი დამემალა.
- შენ ძალიან ხომ არ გეჩქარება? ერთი წუთით ტელევიზიაში შევირბენ, პატარა საქმე მაქვს, მაქსიმუმ, ათი წუთი, - სვლა შეანელა გოგლამ.
- არა, არსად მეჩქარება, დაგელოდები. - გამიხარდა კიდევაც, ცოტა ხნით მარტო რომ დამტოვებდა ჩემს ფიქრებთან. ახლა სულაც არ მეჩქარებოდა ჩემს მოხუცებთან, უფრო მეტიც - დღეს იქ მისვლის სურვილი სრულებით არ მქონდა. მინდოდა, ლოგინში შევწოლილიყავი და ჩემს ახალგამომცხვარ სიყვარულზე მეფიქრა. ფიქრი კი, იცოცხლე! უსასრულოდ შემეძლო. სამყარო შემეძლო ფიქრებში ამეშენებინა - ყველაზე კეთილი, თბილი და მზიანი სამყარო, ყველაზე კეთილი, თბილი და მზიანი ადამიანებით დასახლებული.
ძრავა ჩართული დატოვა და გათბობაც, არ შეგცივდესო. საავდრო ღრუბლებს უფრო და უფრო მოერეკებოდა დასავლეთის ქარი. აგრესიული ღრუბლები ისე დამძიმებულიყვნენ, აშკარა იყო, გაწვიმდებოდა.
მიყვარს წვიმაში მანქანით სეირნობა. წვიმის წვეთებს რაკუნი რომ გაუდის სახურავზე და წინა სარკეს მონოტონური მოძრაობით რომ ასუფთავებს ორი რეზინის ჩხირ-მწმენდავი. არც ვიცი, სახელი რა ჰქვია. მანქანა რომ არ მყავს, არც მისი ნაწილების სახელები ვიცი. არა უშავს, მალე ვიყიდი და ყველაფერში გავერკვევი.
ამასობაში გოგლას საჭიროზე მეტად შეაგვიანდა. დიდად არ შევუწუხებივარ მის დაგვიანებას, ერთადერთი, რაც მაწუხებდა, მამიდაჩემი იყო. ბოლო დროს, დათოს გადამკიდე, სულ ვიგვიანებ სამსახურში. "ლიზა და მამიდა" კი ამის გამო გამუდმებით მეწუწუნება, დისციპლინა გაკლიაო. ამიტომ მინდოდა, სანამ დამირეკავდა და გამომთათხავდა, იქამდე მივსულიყავი.
როგორც იქნა, გამოჩნდა გოგლა და ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის.
- იმედია, საქმე არ გაგიფუჭდება... - დამნაშავის მზერით გამომხედა.
- არა, რა სისულელეა, სულ რომ არ მივიდე, არაფერი დაშავდება, - მსუბუქად ვიცრუე - ერთდროულად ტყუილიც ვთქვი და მართალიც. მიუსვლელობით მართლა არაფერი დაშავდებოდა, თუ ლიზას გაბრაზებას არ ჩავთვლით.
ამასობაში წვიმამ დასცხო, თან ისე, რომ ერთ მეტრში არაფერი ჩანდა.
გოგლამ ტროტუარზე შეახტუნა თავისი ჯიპი, რათა ნაკლებად დავსველებულიყავი. მადლობა გადავუხადე მომსახურებისთვის და სირბილით შევვარდი სადარბაზოში.
მამიდას კორპუსი მხოლოდ სამსართულიანია. კორპუსი არც ეთქმის, უფრო სახლია, ოღონდ სამსართულიანი, რომლის ერთი მხარე ქუჩას გადაჰყურებს, მეორე კი შიდა, იტალიურ ეზოს, თუმცა შესასვლელი მხოლოდ სადარბაზოდან აქვს.
საშინლად შემამცივნა თბილი მანქანიდან გადმოსულს, ამიტომ სირბილით ავუყევი კიბეს,
რას დაემსგავსება ახლა ჩემი თმა, საკმარისია, წვიმა მოხვდეს, რომ ეგრევე დაიწყებს დახვევას და ცხვრის ბეწვს ემსგავსება. არადა, როგორ საგულდაგულოდ დავივარცხნე!
ბოლო სართულზე მხოლოდ ჩვენი ბინაა, რადგან დანარჩენი ორი, რომელიც ადრე სხვებს ეკუთვნოდათ, მამიდამ იყიდა მეპატრონეებისგან და შემოიერთა. ამიტომაც გამოვიდა 6-ოთახიანი. როცა ბოლო სართულს მივუახლოვდი, შორიდანვე დავლანდე, რომ კართან რაღაც იდო. კარგად ვერ გავარჩიე, ყუთი იყო თუ კალათა. ზემოდან წითელი გაშლილი ქოლგა ჰქონდა გადაფარებული. ახლოს მისულმა აშკარად გავარჩიე საბავშვო ეტლის კალათა, ისიც წითელი ფერის.
თავდაპირველად, სანამ მივუახლოვდებოდი, ყუთით მოტანილი წიგნები მეგონა. ვიფიქრე, ალბათ რომელიმე ორგანიზაციამ გამოგზავნა მოხუცებისთვის-მეთქი. შევცდი. ცოტა უცნაურად მომეჩვენა ეს ყველაფერი. ხელი შევავლე კალათის კიდეს, ქოლგა ავწიე და შიგ ჩავიხედე. რაღაც გაირხა. შეშინებული უკან გადავხტი. რა უნდა იყოს? უეცრად ჩვილის ტირილის ხმა გაისმა და კალათა ოდნავ გაქანდა. იმდენად დავიზაფრე, კივილი მოვრთე. ამ სიცივეში ვინ დატოვა ბავშვი ასე უპატრონოდ?
ჩემს კივილზე კარი გაიღო და თვალებგაფართოებული ლიზა გამოვარდა კიბის მოედანზე.
- რა ხდება, რა ამბავია? რა მოხდა? - გაფითრებული მომაჩერდა მამიდა.
საჩვენებელი თითი კალათისკენ გავიშვირე.
ლიზამ შიგ ჩაიხედა.
- ო, ღმერთო! რა პაწუკაა... ვისია?
- არ ვიცი, ლიზიკო, რა ვიცი, ვისია, ამოვედი და აგერ დამხვდა.
პატარამ ღნავილს უმატა.
ლიზამ ფრთხილად ამოიყვანა ბავშვი, გულზე მიიკრა და დაუყვავა.
- ჩუუ, ჩუუ, პატარავ, ნუ ტირი, ნუუუ, - მერე წარბი შეკრა და მე შემომიღრინა, - რას გაშტერებულხარ? შემოიტანე ეს კალათა და შემოდი!
- ვისია? - უმისამართოდ ვიკითხე.
ამასობაში კიბის მოედანი ქალებით გაივსო. ჩემი ყველა მოხუცი გარეთ გამოლაგდა. ყველას ერთი და იგივე კითხვა ეკერა პირზე - საიდან გაჩნდა ეს ბავშვი?
მამიდა ძალიან გაბრაზდა.
- საიდან ჩნდებიან ბავშვები, არ იცით? - მკაცრად მიმოატარა მზერა, - მართლა წერო ხომ არ მოიყვანდა! - ამ სიტყვებით სახლში შევიდა და კარი მოიხურა. ცნობისმოყვარე მოხუცები უკან მიჰყვნენ ლიზიკოს.
ქოლგა დავკეცე და კიდევ ერთხელ ჩავიხედე კალათაში. იქ წერილიც იდო. რატომღაც, ვივარაუდე, რომ წერილი ჩემს სახელზე უნდა ყოფილიყო.
ჩემი ვარაუდი გამართლდა. თეთრი ფერის კონვერტში ბლოკნოტიდან ამონახევი ფურცელი იდო, რომელზეც წვრილი, დაწვენილი ასოებით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა - "ესეც შენი ნანატრი შვილი, მერი! გული მიგრძნობს, იმედს არ გამიცრუებ და დედად შედგები".
ძალაგამოცლილს მუხლებმა მიმტყუნა და იქვე ჩავიკეცე...
კარგა ხანს ხმას ვერავინ იღებდა. გაოგნებული დავყურებდით ჩვილს და ყველანი ჩვენთვის ვფიქრობდით.
ლიზამ ბავშვი კვლავ კალათაში ჩააწვინა, რომელიც შემოვიტანე და ჯერ კიდევ ხელში მეჭირა... მთლად ჩვილიც არ იყო, 4-5 თვის მაინც იქნებოდა.
- გოგოა თუ ბიჭი? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ენაზე მომადგა.
მამიდამ ისეთი გამგმირავი მზერა მესროლა, შემაჟრჟოლა.
- რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ახლა ეს არ არის! - მკვახედ მომიგო, პატარა კვლავ ხელში აიყვანა და მაღლა ასწია, თითქოს მის წონას ამოწმებსო. ისე იყო დაბნეული, ვერც ხვდებოდა, ასე რატომ იქცეოდა.
ვერ გადავწყვიტე, მეთქვა თუ არა მისთვის, კალათაში წერილი რომ ვიპოვე.
- ხალხნო, - ლიზამ მკაცრი მზერა მოავლო ცნობისმოყვარე მოხუცებს, - თუ შეიძლება, მარტო დამტოვეთ ჩემს ძმისშვილთან! - ეს ისეთი ოფიციალური ტონით განაცხადა, თითქოს გამომძიებელი ყოფილიყო და მკვლელობის ადგილს იკვლევდა.
ყველანი უხმოდ გაიკრიფნენ ოთახიდან.
- ჰო, ეს ბავშვია... - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა, - ძალიან საყვარელი, მაგრამ მიტოვებული ბავშვი.
- ზედ კართან იდო კალათა, - თითქოს თავს ვიმართლებდი, - თავიდან წიგნები მეგონა, ამას წინათ ვითხოვე კერვალიშვილების ორგანიზაციაში და ვიფიქრე, გამოგვიგზავნეს-მეთქი.
- არა, წიგნები ნამდვილად არ არის, ბავშვია, - ლიზა საპასუხო სიტყვებს ვერ პოულობდა და უაზროდ ისროდა წინადადებებს.
- მაგრამ საიდან გაჩნდა იგი აქ, მამიდა?
- რა მნიშვნელობა აქვს, - ჩვეული ტონით გაიმეორა ლიზიკომ და ჩვილი გამომიწოდა.
შევკრთი. ნაბიჯის წინ წადგმა გამიჭირდა, გეგონებოდათ, ნაღმზე მქონდა ფეხი დადგმული და გარხევისთანავე აფეთქდებოდა.
- რას გაშტერებულხარ, გამომართვი! - მამიდა თვითონ მომიახლოვდა, - კალათას დავათვალიერებ.
ხელის კანკალით ჩამოვართვი პატარა. მას ეღვიძა და თვალებს საყვარლად აფახულებდა. პაწაწინა მუშტი პირში ჩაედო და ისე ლოღნიდა, როგორც პურის ნატეხს.
- ღმერთო ჩემო, ვინ გაიმეტა შვილი ასე გადასაგდებად? - ჩემდა უნებურად ამომხდა, ბავშვიანად ფანჯარას მივვარდი და ქუჩაში გადავიხედე. მაინც შემრჩენოდა იმედი, რომ ჩვილის პატრონი იქ, ქუჩაში იდგებოდა, თავსხმა წვიმაში და მზერა ჩვენკენ ექნებოდა მოპყრობილი. თქვენც არ მომიკვდეთ! არანაირი კვალი გულმოკლული თუ უგულო დედისა არ ჩანდა.
- პოლიციაში ხომ არ დავრეკოთ? - დავიწყე გამოსავლის ძებნა.
- რატომ, ისინი პამპერსს გამოუცვლიან, თუ რა? აი, პამპერსებიც აქ არის, არ დავიწყებია პატრონს, - ჩაიცინა ლიზამ და პარკში ჩალაგებული ხუთიოდე პამპერსი ამოიღო კალათიდან, - მშიერი იქნება, ლამისაა, ხელი მოიჭამოს. მიდი, რძე შეათბე, მერე აფთიაქში ჩადი და საწოვარა ამოიტანე.
- რა საწოვარა, ლიზიკო! შეხედე, რამხელაა. ამას ახლა ფაფა უნდა, არც ისე პატარაა, ვერ ხედავ? - კიდევ ერთხელ დავხედე ბავშვს.
- მაშინ ბრინჯის ფაფა გვაქვს ეგერ და ის შეუთბე, - ისევ უკმეხად მომმართა ლიზამ.
- ლიზა, რატომ მეუხეშები?
- გეუხეშები? საიდან მოიტანე? - ირიბად გამომხედა.
- მე რა ვიცი, ისე მელაპარაკები, თითქოს ჩემი ბრალი იყოს, ბავშვი აქ რომ დატოვეს.
- შენი ბრალი არ არის, მაგრამ შენთვის რომ დატოვეს, ეს დღესავით ნათელია.
- და რა უნდა ვქნა? ვიტირო თუ ვიყვირო? - გავწიწმანტდი, ბავშვი თეძოზე გარდიგარდმო შემოვისვი და სამზარეულოში გავედი კოპებშეკრული.
არ ვიცოდი, რას აჭმევდნენ, არც ის ვიცოდი, ამხელა ბავშვი როგორ უნდა მეკვება, ამიტომ ნინოს დავურეკე, მოკლედ ავუხსენი საქმის ვითარება და დახმარება ვთხოვე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნინომ მითხრა, ფაფა მიქსერით გაუთქვიფე და ისე აჭამეო. საგონებელში ჩავვარდი. არც ბოთლი მქონდა, არც საწოვარა. კოვზს ხომ არ ჩავჩრიდი პირში?
კალათა შემოვიტანე და პატარა შიგ ჩავაწვინე, მე კი უკვე გამთბარი ბრინჯის ფაფის გათქვეფას შევუდექი. ამ დროს მამიდაც შემოვიდა, ერთიანად გალუმპული ლაბადით. ხელში საწოვარაჩამოცმული ბოთლი ეჭირა. როგორც ჩანს, აფთიაქში ჩავიდა და იყიდა.
- აჰა, ამაში ჩაუსხი. ოღონდ მდუღარეში ამოავლე ბოთლი, არ დაგავიწყდეს.
- მე არ შემიძლია. ცხოვრებაში არ მიჭმევია ასეთი პატარა ბავშვისთვის. შენ მიდი, რა! - ისეთი მუდარის კილოთი ამოვთქვი, მამიდა არ შემწინააღმდეგებია.
რა სასაცილოდ ჭამდა, ვერ წარმოიდგენთ. პაწაწუნა თითები ჩაავლო ბოთლს, ჩაბღუჯა და ფეხების ქნევას მოყვა კმაყოფილი კრუტუნით.
სანამ ლიზა ბავშვს აჭმევდა, ქალაქის ტელეფონს მივუჯექი, ყურმილი მოვიმარჯვე და პოლიციაში დარეკვა გადავწყვიტე.
მინდა გაცნობოთ დაკარგული ბავშვის შესახებ... არა, ასე არ ივარგებს! ვიღაცამ ჩვილი ბავშვი მოგვიგდო... არა, ეს უარესია, ასეთი რამ ბავშვის ყურს არასდროს უნდა გააგონოს ადამიანმა. აბა რა ვუთხრა? მინდა, ეძებოთ ქალი, რომელმაც შვილი მიატოვა?
ყურმილი დავკიდე. არსად დარეკვას არ ვაპირებდი. გულში მიხაროდა კიდეც, ასეთი საჩუქარი რომ გამომიგზავნა ღმერთმა. იმდენად მიხაროდა, რომ მისი დამალვა მიჭირდა. ტუჩებს ძალით ვკუმავდი, რათა არ გამღიმებოდა. სახის კუნთები დამეღალა.
- აჰა, ნაჭამია, - მამიდა წამოდგა, - გამოუცვალე ახლა, ეგ მაინც ხომ შეგიძლია? - და ოთახიდან გავიდა.
კარგი ქნა, რომ გავიდა. მისი თანდასწრებით ამას ვერ გავაკეთებდი, ხელები დამებორკებოდა. ყოველთვის მიჭირს ისეთი რამის გაკეთება, რაც არასდროს გამიკეთებია. პირველი მცდელობა მძაბავს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმე მიყურებს. ახლაც ასე დამემართა. ბავშვს წითელი კომბინეზონი ეცვა, თეთრზოლებიანი. დანაყრებული მიყურებდა და თან თავისთვის ღუღუნებდა რაღაცას.
როცა პამპერსი მოვხსენი, ფსლიტის მძაფრმა სუნმა ცხვირი ამიწვა. ბიჭი ყოფილა! რა საშინელებაა! როგორ გაიმეტეს ასეთი საყვარელი ბავშვი? უეცრად თვალში მომხვდა ოთხად გაკეცილი რვეულის ფურცელი, რომელშიც რაღაც იყო გახველი და რომელიც პამპერსიდან გადმოვარდა. როგორც ჩანს, ვიღაცას მეორე წერილიც მოუყოლებია პირველს. ალბათ დაზღვევის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუკი პირველი ვერ მოაღწევდა ჩემამდე. ხელის კანკალით გავშალე ფურცელი, საიდანაც ქაღალდის ფული გადმოვარდა. 3 ცალი ასლარიანი იყო. წერილში კი უკვე ნაცნობი კალიგრაფიით ეწერა:
"საყვარელო მერი! ჩემს შვილს შენ გაბარებ. ძალიან გთხოვ, პოლიციაში არ დარეკო, არც სოციალურ სამსახურში განაცხადო. იყოს ცოტა ხანს შენთან. თუ ვერ შეეგუები და პატარა ბასა შენთვის ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდება, მოვალ და წავიყვან. პატივისცემით, სასოწარკვეთილი მშობელი."
ჩემდა უნებურად, შვებით ამოვისუნთქე. ყველაფერს თუ არა, საიდუმლოს რაღაც ნაწილს ხომ აეხადა ფარდა? გამოდის, დროებით დამიტოვეს! ვინ იცის, იქნებ არ ჰქონდა საწყალ ქალს საშუალება და სულაც თურქეთში გადაიხვეწა სამუშაოდ, რომ ორიოდე ცენტს მოუყაროს თავი? ისე შემეცოდა უცნობი დედა, თვალებზე ცრემლი მომადგა. აშკარაა, რომ დედას მისი საბოლოოდ მიტოვება არ გადაუწყვეტია. ამაზე ეს წერილიც მიუთითებს. ამასთან, ახალდაბადებულიც არ არის, რომ არ ნდომებოდა შვილი, გაჩენისთანავე მოიშორებდა თავიდან, ასე არ არის? სადაც ამდენი თვე მოუარა, სიყვარულიც ექნება მის მიმართ.
პატარამ ღნავილი მორთო. ისე შემეშინდა, უკან გადავქანდი და კინაღამ იატაკზე მოვადინე ზღართანი. რა გაუნათლებელი ვარ ბავშვთა აღზრდის საკითხებში. როგორ ვიქცევი? თავი ხელში ავიყვანე, გამოცდილ დედასავით დავფაცურდი, პატარა წელს ქვემოთ თბილი წყლით ჩავბანე, გავამშრალე და ახალი პამპერსი შემოვაკარი. მერე კვლავ ჩავაცვი და გულში ჩავიკარი.
მიუხედავად იმისა, რომ ბასა ჩემი გაჩენილი არ იყო და არც დედა ვიყავი მისი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა - თავი დედად ვიგრძენი.
- გოგა თუ ბიჭი? - კარი შემოაღო ლიზამ.
- ბიჭია, - ვუპასუხე და წერილი მამიდას გავუწოდე.
ლიზამ სათვალე ცხვირზე დაიკოსა და ყურადღებით შეუდგა მის წაკითხვას.
- მაინცდამაინც მე რატომ უნდა დამმართოდა ეს? - დავიწუწუნე.
- იმიტომ, რომ შენ შვილი არ გყავს. ვიღაცამ ეს იცოდა და შანსი გამოიყენა.
- ჰო, მაგრამ ცოტა ხნით გიტოვებო, რომ მწერს? მე რა, მოვუარო, თან გადავყვე და მერე ვიღაც მოვიდეს და წაიყვანოს? ეს ხომ აბსურდია? ასე როგორ შეიძლება?
- და შენც დაიჯერე, რაც აქ წერია, არა? არავინ არ არის მომსვლელი. ეს იმიტომ მოგწერა, რომ ბავშვი თავიდან არ მოიშორო. იმიტომ, რომ პოლიციაში არ განაცხადო. მერე, დრო რომ გავა, შეგიყვარდება, შეეჩვევი და, რა თქმა უნდა, შენთვის დაიტოვებ. აი, ამისთვისაა გამიზნული ეს წერილი. რა გულუბრყვილო გოგო ხარ, ვის დაემსგავსე ასეთი, ნეტავ ვიცოდე! - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ლიზამ და კარისკენ გაემართა, - წაიყვანე და რაც გინდა, ის უქენი. აქ ბავშვს ვერ გავაჩერებ, გადამერევა ეს ხალხი! ისე, შენს ადგილას, ახლავე დავრეკავდი პოლიციაში და თავიდან მოვიშორებდი ამ პრობლემას, - რატომღაც აზრი შეიცვალა ლიზიკომ.
"არ ვაპირებ", - გავიფიქრე ჩემთვის და შინ წასასვლელად სასწრაფოდ შევუდექი მზადებას, თან ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი, თანმიმდევრობით ვალაგებდი, რა როგორ გამეკეთებინა და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ძალიან დავიბენი. როცა ჩემს ფიქრებში ბავშვის მოვლა-პატრონობის მთელმა რიგმა პროცედურებმა გაიარა, შევძრწუნდი... შევძლებდი კი? ვიყავი კი ამისთვის მზად?
ნერვებმა ისე მიმიტყუნა, ამაკანკალა. დღეიდან მთელი 180 გრადუსით შეიცვლება ჩემი ცხოვრება. ჩემს სრულ თავისუფლებას საფრთხე შეექმნება. ამიერიდან არა ჩემი, არამედ ამ ბავშვის ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ეგოისტი არ ვარ, თუმცა ჩემი თავი მიყვარს. სიკეთის კეთებაც მიყვარს, მაგრამ ამისთვის თავის მსხვერპლად შეწირვა არასდროს მიცდია. წავიკითხე წერილი და მის გამომგზავნს სიტყვაზე ვენდე. მე დავიჯერე მისი, თურმე პირიქით უნდა გამეგო წერილის შინაარსი. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ბრმად ვენდობი ადამიანებს. დავიჩემო, რომ ანგელოზი ვარ? არა მგონია, ეს შევძლო. არა მგონია, რადგან სულაც არ ვარ ანგელოზი. როცა საჭიროა, ტყუილის თქმაც შემიძლია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც. ვიტყუები მხოლოდ იმიტომ, რომ ტკივილი შევუმსუბუქო ვიღაცას, მიზანი ესაა. ცუდი არავისთვის მინდა, შურიანი არ ვარ, არც ღვარძლი და ბოღმა მახრჩობს. გულით მიხარია სხვისი წარმატებები, მიყვარს ჩემზე უკეთესი ადამიანები, რადგან ისინი ძალიან ცოტანი არიან ჩემ ირგვლივ. ამწუთას არ ვიტყუები, სიმართლეს ვამბობ. ბოღმაზე ღიმილით ვპასუხობ, აგრესიას საერთოდ არ ვთვლი პასუხის ღირსად, შტერებისგან არაფერი მწყინს, შურიანებისა და ჭორიკანებისთვის კი მიმიფურთხებია, ისინი არ არიან ჩემი ყურადღების ღირსნი. არასდროს ვყოფ ცხვირს სხვის პირად ცხოვრებაში, რადგან სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა მხოლოდ სულელ ქალებს უყვართ, მე კი ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და, აქედან გამომდინარე, სულელი არ ვარ, ჭკვიანი ქალი ვარ. კიდევ რა? კიდევ ის, რომ ბედნიერი ვიქნები, თუკი ოდესმე ჩემზე იტყვიან - ის კეთილი ადამიანი იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის კეთილი ვარ, მაგრამ ჩემთვის სიკეთე მაინც უპირველესია. ვერ დავიკვეხნი, რომ ყველაზე კარგი ვარ, მაგრამ არც ყველაზე ცუდი ვარ. ვერც იმას დავიკვეხნი, რომ ყველაფერი ვიცი და ყველაფრის აზრზე ვარ, მაგრამ ვიცი მთავარი - რომ ყვავილების მორთმევას მიზეზი არ უნდა სჭირდებოდეს. რომ ბედნიერება ნამდვილი უნდა იყოს და არა მოჩვენებითი, რომ სახლი თბილი უნდა გქონდეს და სიყვარული - ორმხრივი... როცა ეს ყველაფერი გექნება, რა მნიშველობა აქვს, როგორი ამინდი იქნება? ასეთ დროს თავსხმა წვიმას და ქარბორბალასაც სიხარულით შეხვდება კაცი! აი, ასეთი ვარ და კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. ხოლო ვისაც არ მოვწონვარ, კარგად იყოს, თავისუფალია ჩემგან!
როგორც ჩანს, ვიღაც სხვასაც მოვწონვარ ასეთი, სხვანაირად ასეთ ნდობას არ გამომიცხადებდა, მით უმეტეს - ქალი. ჰოდა, რადგან ასეთი ნდობა გამომიცხადა, იმედი არ უნდა გავუცრუო. მე შევძლებ, მე შეუძლებელს შევძლებ! აი, ნახავთ!!!
გაგრძელება