ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიდრო სწრაფად გარბოდა. ჩვენს ურთიერთობაში ნიშანდობლივი წინსვლა არ შეინიშებოდა. შეხვედრაზე საუბრის გაგონებაც არ სურდა. როგორც კი ამაზე საუბარს წამოვიწყებდი, ეგრევე მემშვიდობებოდა. მე დაჯღანვას ვიწყებდი, ის კი მეუბნებოდა, მერიკუნა, ნუ იჯღანები. ხანდახან, დრო რომ ამოიწურებოდა და ამის შესახებ მამცნობდა, მე ვეკითხებოდი, დაჯღანვის დრო მოვიდა-მეთქი? ისიც დაამატებდა - "დაიჯღანება მზის გოგო ახლა!"
ამასობაში უფრო და უფრო ვიკეტებოდი ჩემს თავში. რაც დღე გადიოდა, მით უფრო ინერტული ვხდებოდი. ხანდახან აღარ მყოფნიდა მოთმინება და მინდოდა მიმეწერა, მორჩა, აღარ შემოვალ და დღეიდან ყველაფერს დავამთავრებ-მეთქი, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ვბედავდი. მისი დაკარგვა არ მინდოდა. მის გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. მის გარდა, ყველა მამაკაცი გაქრა ჩემი თაყვანისმცემლების "მენიუდან". დიდად არასდროს აღმაფრთოვანებდნენ მამაკაცები, მაგრამ ვინც ოდნავ მაინც მომწონდა, იმათი დანახვაც აღარ მინდოდა.
კიდევ ერთი თვე მიილია. აგვისტო კარს მომადგა. არც ერთი წელი არ გამიცდენია, ყოველი წლის აგვისტოში მივდიოდით მე, ფიქრია და ნინო თავისი შვილებით დასასვენებლად. ეს პირველი ზაფხული იყო, როცა ფეხი არ გავადგი. ნინო ბორჯომში გვეპატიჟებოდა აგარაკზე. რადგან მე უარი ვთქვი, ფიქრიამაც გადაიფიქრა გამგზავრება. მივხვდი, ფიქრიას ჩემი ერიდებოდა, იფიქრა, ბავშვის მარტო მოვლა გაუჭირდებაო. ლამის ძალით გავაგდე სახლიდან. ბასასთან მარტო დარჩენა პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა. ის გაიზარდა, ფეხიც აიდგა და დაბაჯბაჯებდა. ხანდახან მამიდასთან ვტოვებდი, როცა ძალიან გადამღლიდა. მერე რა, რომ ფიქრია ჩემი მეგობარი იყო? სულაც არ იყო ვალდებული, დღედაღამ ჩემთან ყოფილიყო და ბასუსას მოვლით დაკავებულიყო. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა, რომელსაც ნამდვილად ვერ წავართმევდი. ასეთი მსხვერპლის გაღება ჩემს გეგმებში არ შედიოდა.
როგორც იქნა, ფიქრია და ნინო გაემგზავრნენ და დავრჩით მე და ბასა მარტონი. დილა-საღამოს დათოც ჩვენთან იყო, ოღონდ მხოლოდ ეკრანიდან. ის მთხოვდა, გამეგზავნა ხოლმე მისთვის ჩემი და ბასუსას ფოტოები, ამიტომ ვიღებდით და ვიღებდით დედა-შვილი (კი მეხამუშებოდა ეს სიტყვა, მაგრამ რეალურად ეგრე გამოდიოდა) და სკაიპით ვუგზავნიდით დათოს ჩვენს სურათებს. ის ხალისობდა. ბოლოს თურმე იმდენი დაუგროვდა ჩვენი ფოტოები, რომ ერთი დიდი ალბომი გამოუვიდა.
გრილი გამოდგა აგვისტო, დღე არ გავიდოდა, არ ეწვიმა. ცოტათი მიხაროდა კიდეც, აუტანელ სიცხეში რომ არ მიწევდა ყოფნა. დათოს ვერ ველეოდი, ამიტომაც არ გავყევი გოგოებს. იქ ინტერნეტი არ მექნებოდა და 2 კვირა ვერ გავძლებდი მის გარეშე. ლიზა ხვდებოდა, რაც იყო ჩემი თბილისში დარჩენის მიზეზი. ერთხელ სცადა, რაღაცები გამოეკითხა, მიკიბულ-მოკიბულად გადამიკრა ორიოდე სიტყვა, მაგრამ არ გავტყდი. სათქმელი არც არაფერი მქონდა და რა მეთქვა? აჩრდილს დავდევ მინდორში-მეთქი, ხომ არ ვეტყოდი? თვითონაც აღარ ჩამეძია, მაგრამ მზერით გამბურღა, მაგრძნობინა - მე ვერაფერს გამომაპარებ, შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდიო. ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო ყოველთვის.
გუშინ კი ერთობ გასაკვირი ამბავი მოხდა. დათო მესტუმრა, მგელაძე. იმდენად დავიბენი მის დანახვაზე, ბლუკუნი ამიტყდა. როგორ შემრცხვა! იმ დღის მერე არ მენახა, სახლში რომ მივუვარდი. გამიკვირდა. ვერაფრით მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო მისი უეცარი გამოჩენის მიზეზი. ისეთი დაბნეული ჩანდა და ისე მძიმედ სუნთქავდა, ვიფიქრე, საჩხუბრადაა მოსული-მეთქი. შეუმჩნევლად ჰაერი დავყნოსე, ვაითუ, ნასვამია და ამან შეჰმატა გამბედაობა-მეთქი, მაგრამ შევცდი, ფხიზელი აღმოჩნდა.
- შეიძლება? ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- არა, რას ამბობ, შემოდი! - მოჩვენებითი სიმშვიდით შემოვიპატიჟე.
- მარტო ხარ?
- მე და ბავშვი ვართ, სხვა არავინ.
- ფიქრია?
- ბორჯომშია არიან ეგ და ნინო. კიდევ ერთი კვირა არ ჩამოვლენ.
დათომ ჯიბიდან კოხტად დაკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა. ნეტავ რა ემართება? აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. ახლა რომ მითხრას, ის დათო მე ვარო... დავიძაბე.
- ყავა, ჩაი... - შევთავაზე.
- არა, მადლობა, არაფერი მინდა. სალაპარაკო მაქვს, თუ არ შეგაწუხებ.
- კი, ბატონო, გისმენ, არ შევწუხდები, - ერთიანად დამეჭიმა სხეული.
დათომ ჩაახველა და თვალები უცნაურად მიმოატარა ოთახში.
- იცი, რა? - კიდევ ჩაახველა, - არ ვიცი, საიდან დავიწყო.
- გისმენ! - ხმა შემეცვალა, ახლა მე დამეცვარა შუბლი ოფლით.
- წინადადება მაქვს შენთან... - ცოტა ხნით შეყოვნდა, გამომცდელი მზერა მომაპყრო და გააგრძელა, - გოგლას მოვეთათბირე, მარტო ვერ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.
- დათო, თუ იმ ამბის გამო ხარ მოსული, მე კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, სულელურად გამომივიდა. არ უნდა...
- არა, არა, ეგ არც იფიქრო. პირიქით, თითქოს კარგიც იყო, ასე რომ მოხდა.
- კარგი? - გავიოცე, - რას გულისხმობ? - ვერაფრით მივხვდი, საით უმიზნებდა.
- თითქოს თვალები ამეხილა, რომ მოხვედი და ბავშვზე დაიწყე ლაპარაკი. ნეტავ მართლა ჩემი შვილი იყოს ბასა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუ დამიჯერებ, შვილივით მიყვარს. როგორც ჩანს, მისი მშობლები არ აპირებენ მის წაყვანას. შენ კიდევ... მარტო ხარ, ეულად... ვიფიქრე... - და გაჩუმდა, კვლავ გადაისვა ცხვირსახოცი შუბლზე.
ვერაფერს მივხვდი. მხოლოდ იმას ვხედავდი, რომ ერთიანად აუჭარხლდა სახე.
- ვიფიქრე, ხომ არ გვეცადა-მეთქი...
- რა უნდა გვეცადა? - თავი და ბოლო ვერ გავუგე მის ნათქვამს.
- რა და... ერთად ცხოვრება.
გაოგნებისგან ყბა მომექცა. პირი გავაღე, რომ რაღაც მეთქვა, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვთქვი, თითქოს სიტყვები გადამავიწყდა.
- ვიცი, ახლა რასაც ფიქრობ და რასაც განიცდი. შენთვის სრულიად მოულონელი იყო ჩემი წინადადება. მესმის შენი, უაზროდ გეჩვენება ჩვენი ერთად ყოფნა. მეც ძალიან გამიჭირდა სათქმელისთვის თავი მომება. რა თქმა უნდა, უსიყვარულოდ ორი ადამიანის შეკავშირება მთლად გამართლებული არ არის, მაგრამ მე ძალიან მომწონხარ, ვფიქრობ, არც შენთვის ვარ მთლად მიუღებელი და რატომ არ გვეცადა? სიყვარულით შექმნილი ოჯახი არ გამომადგა და იქნებ...
- მოიცა! თუ სწორად მივხვდი, ცოლობას მთავაზობ? - ხელის აწევით შევაჩერე.
- ჰო, სწორად მიხვდი. არ გაჩქარებ, რა თქმა უნდა. ჯერ უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, მოვალ ხოლმე ან შენ წაგიყვან სადმე... ხომ მოვდიოდი ადრეც, რა ვიცი... შენც პატარა გყავს, მეც. ჩემსას დედა სჭირდება, შენსას - მამა... მოკლედ, ესაა ჩემი სათქმელი.
- მაპატიე, მაგრამ ასე მგონია, ექსპერიმენტებს ატარებ, - უკმეხად გამომივიდა, თუმცა სულაც არ მინდოდა ასეთი ტონით მეთქვა.
- შეიძლება... ცუდი ქმარი არ ვარ... არ ვყოფილვარ... არ ვიქნები... - თითქოს ვარიანტებს არჩევდა, დროის რომელი ფორმა უფრო მოახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, - ოჯახის შექმნაში რომ არ გამიმართლა, ეს არაფერს ნიშნავს. ხდება ასეც.
- რა თქმა უნდა, ხდება. მეც არ გამიმართლა, მხოლოდ შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ მე გათხოვებას არ ვაპირებ. არ გეწყინოს, მაპატიე, მაგრამ ოჯახის შექმნა ასე არ ხდება.
- ვიცი. ამიტომ გითხარი, არ გაჩქარებ-მეთქი... რომ ვცადოთ? თუ, რა თქმა უნდა...
- თუ? რა თუ?
- რა ვიცი, იქნებ გყავს ვინმე... - ხელები გაშალა.
- არა, არავინ მყავს, მაგრამ გათხოვებას არ ვაპირებ. შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე მცდელობის მომხრეც კი არ ვარ. მით უმეტეს, მას შემდეგ, რა ამბავიც ავტეხე შენს სახლში. ის რომ არ მომხდარიყო, შეიძლება დავფიქრებულიყავი კიდევაც... ახლა კი...
- რატომ? განა რა მოხდა ისეთი? შეგეშალა, სულ ეგ იყო. ვის არ შეშლია? მე პირიქით, იმ ამბავმა უფრო მიბიძგა ამ ნაბიჯის გადასადგმელად.
- მაპატიე... ამ თემაზე აღარ მსურს საუბრის გაგრძელება! - თითქოს რაღაც გადამეკეტა გონებაში, იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ მას უნდა გავყოლოდი ცოლად. ცივად ავხედე და წამოვდექი, რითაც ვაგრძნობინე, სალაპარაკო არაფერი მაქვს-მეთქი.
პასუხი არ გაუცია. თავი დააკანტურა მხოლოდ. ერთხანს თავდახრილი იჯდა, საკუთარ მუხლებს დასჩერებოდა, მერე ნელა წამოიმართა, თავი დამიკრა და უსიტყვოდ გავიდა. ისე უხმაუროდ დატოვა სახლი, კარის გაღების და მიხურვის ხმა არ გამიგონია. მეგონა, სადღაც კუთხეში მიიმალა და იქიდან მაყურადებდა. უარესად დავიძაბე. ფრთხილი ნაბიჯებით გავედი ჰოლში, იქ არავინ იყო, კარი კი შეღებული დამხვდა. აღელვებულმა ალბათ ვერ მოახერხა მჭიდროდ მოხურვა.
შვებით ამოვისუნთქე. იმ წუთას ყველაზე შავბნელმა ფიქრებმა გამირბინა გონებაში. გამორიცხული არაფერი იყო. კაცის ბუნება მტაცებლურია. რა გარანტია მქონდა, რომ უცებ არ მეცემოდა და ძალით არ შეეცდებოდა ჩემს დამორჩილებას? გამეცინა. ბოლოს და ბოლოს, გოგლას მეგობარია, ამას როგორ იკადრებდა, მაგრამ მე ხომ მომივიდა აზრად? რომელი უფრო წამხდარია ახლა ჩვენ შორის - დათო თუ მე?
ახლაღა დავფიქრდი იმაზე, რომ წელიწადზე მეტია, კაცთან არ ვწოლილვარ. კოპები შევიკარი და უფრო ღრმად დავფიქრდი. ნუთუ არ მინდა? იქნებ დავბერდი? არა, არ დავბერებულვარ. მართალია, სულ რამდენიმე დღეში 40-ის გავხდები, მაგრამ ჯერ ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. გული მკარნახობს ამას. რაც შეეხება მამაკაცს, მჭირდება, მაგრამ მე ისეთი რთული არჩევანი გავაკეთე, ალბათ ვეღარასდროს ვეღირსები მას. სხვა კი არ მინდა. სულ რომ ოქროს ზოდებში ჩამსვას, არ მინდა. დათოსთან მინდა, მაგრამ სხვა დათოსთან! ან მასთან, ან არავისთან!
მგელაძის ვიზიტმა საშინელ ხასიათზე დამაყენა. უსაშველო დისკომფორტს ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ ვაწყენინე, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. მას რომ დავთანხმებოდი ცოლობაზე, ვერასდროს ვიქნებოდი მისი ერთგული.
თითქოს ერთმანეთს წაეწყო უსიამოვნებები. იმავე საღამოს, ქალაქის ტელეფონმა დარეკა. უცნობი ქალი იყო. უცხო ხმის გაგონებაზე შემაჟრჟოლა.
- გამარჯობა, მერი! - ქალი აშკარად შეგნებულად დახშული ხმით მელაპარაკებოდა, თითქოს მუშტი ჰქონდა ნახევრად ყურმილზე მიფარებული. - მე ბასას გამო გირეკავ.
- გისმენთ! - ამაკანკალა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
- პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ჩემი თხოვნა ყურად იღე და არ ჩამიშვი.
- არაფრის. რამ შეგაწუხათ? ბავშვი კარგადაა.
- ვიცი, რომ კარგადაა. მე ვიგებ მის ამბებს, შორიდან გადევნებთ თვალს.
- ნუთუ? - ავიმრიზე. ისედაც მოშხამულ გუნებაზე ვიყავი, ამ ქალმა კი უარესად მომშხამა.
- ალბათ ამ დღეებში წავიყვან, მოვიდა დრო, ისედაც ძალიან გავწელე.
- წაიყვანთ? სად წაიყვანთ? - ძლივს ვიკავებდი თავს, არ მეყვირა.
- ვერ მიგიხვდი, რამე არ მოგწონს? საკუთარ შვილს არ მატან? - თანდათან იძაბებოდა ჩვენი საუბარი.
ვგრძნობდი, ჩხუბით არაფერი გამოვიდოდა. ისევ ტკბილი საუბარი ჯობდა, იქნებ ასე უფრო გადაეფიქრებინა ბავშვის წართმევა.
- მე ეგ არ მითქვამს... უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, ხომ არ ჩქარობთ? ბასა აქ კარგადაა, არაფერი აკლია. ჯერ პატარაა, ცოტა კიდევ წამოიზარდოს. თქვენც უფრო დადგებით ფეხზე. რა ვიცი, არ მინდა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოთ.
უცნობი დააბნია ჩემმა სიტყვებმა. კარგა ხანს პასუხი არ გაუცია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითოს ვიღაცას ეთათბირებოდა.
პაუზა ზედმეტად რომ გაიწელა, შევეხმიანე:
- ალო! გესმით ჩემი?
- დიახ, დიახ, მესმის, მერი, ძალიან კარგად მესმის.
- თუ მისი ნახვა გინდათ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ, ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, ალბათ მოგენატრათ, ბუნებრივია, თქვენ ხომ დედა ხართ...
- ჰო, აბა რა! - რაღაცნაირად არეულად მიპასუხა, - დედა ვარ და ჩემი შვილი მინდა. უნდა მომიყვანო.
- მოგიყვანოთ? მე უნდა მოგიყვანოთ? სად მოგიყვანოთ?
- ამ დღეებში დაგირეკავ და ზუსტად გეტყვი, სად დატოვო, ჯერ არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო.
- დავტოვო? გესმით მაინც, რას ამბობთ? - ავყვირდი, - დავტოვო რა, თოჯინაა? თქვენთვის შეიძლება ეს ყველაფერი თამაშია, მაგრამ არა ჩემთვის! შვილი გინდათ და მის წასაყვანად მოსვლასაც არ კადრულობთ? ვინ ხართ ამისთანა? რა ჯიშის ხართ? რა ოჯახში გაიზარდეთ ასეთი უგულო? - თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, - აღარ დარეკოთ აქ მეტჯერ! არ გაქვთ უფლება! იცოდეთ, თუ კიდევ დარეკავთ, პოლიციას გამოვუძახებ!
- შენ ვერ გაიგ...
- შენობით ნუ მელაპარაკებით! მე თქვენი მეგობარი არ ვარ! - ხმის ჩახლეჩამდე ავკივლდი და ყურმილი ისე დავახეთქე ბერკეტზე, რომ აპარატი მაგიდიდან გადავარდა.
ჩემს ყვირილზე ბასას გაეღვიძა და ტირილი მორთო. საძინებელში შევვარდი, აკანკალებულმა ბავშვი საწოლიდან ამოვიყვანე და გულზე მივიხუტე, თან ვუყვავებდი, რომ როგორმე დამეწყნარებინა. მისი მარილიანი ცრემლები ტუჩებს მისველებდა.
გიჟივით დავდიოდი ატატებული ბავშვით წინ და უკან. გამოსავალს ვეძებდი. როგორ მოვქცეულიყავი? რა ჯობდა გამეკეთებინა? იქნებ საერთოდ დავმალულიყავი დროებით? როცა ვერ მომაგნებდა ის საზიზღარი ქალი, იქნებ თავიც დაენებებინა? არადა, როგორ უნდა წამერთმია ღვიძლი შვილი დედისთვის? რა უფლებით? ვისთვის მეთხოვა დახმარება? გოგოები თბილისში არ იყვნენ. ლიზასთან ამ საკითხზე საუბარს აზრი არ ჰქონდა, ისედაც ვიცოდი, რასაც მეტყოდა. ყოველ მისვლაზე მეკითხებოდა, დედამისი არ გამოჩნდაო? გაუხარდებოდა კიდევაც, ამ ზარის ამბავს რომ გაიგებდა.
უეცრად გონება გამინათდა. დათო! დათოს უნდა მოვუყვე. ჩემი მრჩეველი ის არის, საუკეთესო მრჩეველი. ამწუთას მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სწორ გზაზე დაყენება.
ბასა მკლავზე გადავიწვინე და სიმღერა-სიმღერით დავაძინე, მერე ფრთხილად ჩავაწვინე თავის საწოლში და კომპიუტერს მივუჯექი, რომ დათოსთვის წერილი მიმეწერა...
დათო უკვე შემოსულიყო და მელოდა, თითქოს გულმა უგრძნო ჩემი გასაჭირიო.
- გელოდებოდი, - გამიღიმა.
- კარგია, რომ მოხვედი, მჭირდებოდი, თანაც ძალიან, მართლა მჭირდება შენი დახმარება. ბასას დედა ისევ გამოჩნდა, - მეც გავუღიმე.
გაოცდა.
- მერე? რა მინდაო?
- შვილი დამიბრუნეო.
- რამ გაახსენა შვილი?
- მეც მაგას არ ვმბობ? თუ უნდოდა, მე რას მომიგდო და თუ არ უნდოდა, ახლა რა მადა გაეხსნა? რა გავაკეთო?
- მდაა. ეგ ვერ არის კარგი საქმე. თვითონ მოვა?
- არა, მე უნდა მივუყვანო.
- საააად? - აღშფოთდა ჩემი პრინცი.
- ჯერ არ ვიცი, დაგირეკავ და გეტყვიო.
- და რას აპირებ?
- არ ვიცი, ამიტომაც მჭირდება შენი რჩევა. რა ვქნა?
- იქნებ დაუბრუნო... შენც გათავისუფლდები. კარგია, რომ პატარა გყავს, უვლი და ზრუნავ, მაგრამ ასე მგონია, მაინც ზედმეტი ტვირთია შენთვის.
- სულაც არა! პირიქით, ახლა უკვე ვეღარ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. დარდს მიმსუბუქებს მისი ჭყლოპინი. თანაც, რაც ფეხი აიდგა, ძალიან გვახალისებს. მხოლოდ მისი ყურება მაყენებს კარგ ხასიათზე, მხოლოდ მის გამო თუ გავიცინებ.
- სხვა არაფერი?
- შენზე აღარაფერს ვამბობ, თუ ეს გაინტერესებს.
- საქმეზე ვილაპარაკოთ. - დაუბრუნდა საჭირბოროტო თემას.
- ვილაპარაკოთ. აბა, რას მირჩევ?
- თუ ბასუსა შენთვის ამდენს ნიშნავს, არ უნდა დაუბრუნო. ჩემი რჩევა ეს იქნება.
- მაგრამ პოლიციის ძალით რომ მომადგეს? არ მინდა, მთელი თბილისი ავალაპარაკო.
- არ მოგადგება!
- შენ რა იცი?
- ვერ გაბედავს. როგორც ჩანს, თვითონაც ეშინია. ასე რომ არ იყოს, თავის ვინაობას არ დამალავდა. მოვიდოდა, აგიხსნიდა სიტუაციას და თავს შეგაცოდებდა. შენ ისეთი ხარ, მაინც დაუდგებოდი გვერდში, ხომ ვიცი.
- ჰო, რა თქმა უნდა.
- ან იქნებ, ჯობია, დაუბრუნო და საკუთარ ცხოვრებას მიხედო? პირადულს ვგულისხმობ. თავიდან აიწყო და დაიწყო ყველაფერი, ვინმე შეიყვარო, პაემანზე იარო...
- დამცინი? - გავბრაზდი, - ეს რა, ირიბი შემოთავაზებაა? შენ მოგეწონება ეს ყველაფერი? მოგეწონება, ერთხელაც რომ მოგიყვე, როგორ ვიყავი პაემანზე და როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
ამაზე პასუხი არ გამცა.
- აი, ხომ ხედავ! ჩემს შეკითხვას დუმილი დაახვედრე. ხანდახან დუმილი საუკეთესო პასუხია. ამის წარმოდგენამაც კი გატკინა გული, ვერ ხვდები?
- მე შენთვის სხვასთან შეხვედრა არასდროს დამიშლია, - მომწერა და ვიგრძენი, ეს ყველაზე სევდიანი ნათქვამი იყო მის ცხოვრებაში.
- იცი? ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეგ ბავშვი უნდა მოიშორო თავიდან! დაუბრუნე პატრონს! შეხვდი, სადაც გეტყვის და მიუყვანე! შენთვის ასე ჯობია!- მოულოდნელად გამომიცხადა.
- შენ რა იცი, ჩემთვის რა ჯობია? - გული ყელში მომებჯინა, - რა წარამარა იცვლი აზრს? წეღან სულ სხვა რამეს მეუბნებოდი, - ვუსაყვედურე.
- ხომ გითხარი, დავფიქრდი და მივხვდი-მეთქი? მე ვიცი, რომ ასე ჯობია.
- იცის! არაფერიც არ იცი. ეგ რომ არ მყავდეს, სრულიად მარტო ვიქნები, არ მინდა ჩემს უღიმღამო ცხოვრებას დავუბრუნდე. უცებ როგორი პრინციპული გახდი!
- რატომ მარტო? მეგობრები გყავს - ფიქრია, ნინო, მამიდა, კეთილი მოხუცები...
- შენ ვერ ხვდები, - მოვიწყინე, - ისინი სიცარიელეს ნაწილობრივ მივსებენ და არა მთლიანად. ბავშვი სულ სხვაა, ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ჩემს ცხოვრებას შენ და ბასუსა ავსებთ. უთქვენოდ მოვკვდები.
- ნუ იცი შენ მასე! - დამტუქსა.
ეს წინადადება ჭკუას მაკარგვინებდა. როგორ მიხაროდა, ამ სიტყვებით რომ მტუქსავდა, მოხუცი ცოლ-ქმრის კინკლაობას მაგონებდა ეს ფრაზა.
- როგორ მიყვარს, ასე რომ მეებნები, - გავუღიმე, - მაგრამ რაც გითხარი, სრული სიმართლეა.
ჩემს ნათქვამს დუმილით შეხვდა.
- იცი, რა მოვიფიქრე? - მოულოდნელად უცნაური იდეა დამებადა, - ფულს გადავუხდი დედამისს და დავიტოვებ. მგონი, მასაც ეს უნდა, ამიტომაც მემუქრება წართმევით. აქამდე როგორ ვერ მივხვდი? - ჩემმა აღმოჩენამ სიხარული მომგვარა.
- რატომ გგონია, რომ დაგთანხმდება? - დიდი აღტაცებით არ შეხვდა ჩემს წინადადებას.
- რა ვიცი, რატომღაც, გული მიგრძნობს.
- ნუ, რა გითხრა... სცადე. - მივხვდი, არ მომიწონა ჩანაფიქრი.
- ბევრ დედას გაუყიდია თავისი შვილი.
- ჰო, ალბათ. - თითქოს ხასიათი გაუფუჭდა.
- ბევრი ვიცი ასეთი დედა, - მაინც არ ვიშლიდი ჩემსას.
- მაგრამ ბევრი ისეთიც ვიცი, ასეთი შემოთავაზებით შეურაცხყოფილი რომ დარჩებოდა, - შემეწინააღმდეგა. - შენ გაყიდდი შენს შვილს?
- უადგილო შეკითხვაა. წინასწარ არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცევა. - თავი ავარიდე მის შეკითხვას.
- დედები, ძირითადად, გაჩენამდე ჰყიდიან შვილებს და კიდევ სუროგატი დედები ეწევიან მსგავს ვაჭრობას, მაგრამ 6 თვის ბავშვს ვერც ერთი დედა ვერ შეელევა, მათ უკვე იციან შვილის სიყვარული.
- რა უცნაურად მელაპარაკები, დათ? თუ შვილის სიყვარული იცოდა, მე რას მომიგდო ბავშვი, თვითონ ვერ მიხედა? - ნერვებს მიშლიდა მისი ფილოფოსია.
- ალბათ ჰქონდა მიზეზი, მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ, თუ თვითონ არ თქვა.
- თუ გამოჩნდა საერთოდ, - დავამატე.
- გამოჩნდება. რადგან მოითხოვა ბავშვი, აუცილებლად გამოჩნდება და წაიყვანს კიდევაც, ვერ შეეწინააღმდეგები.
- მაგასაც ვნახავთ! - ისე გავბრაზდი, მასთან ლაპარაკი აღარ მინდოდა, - წავედი ახლა, გაიღვიძა მგონი, - ბასუსა მოვიმიზეზე და არც დავემშვიდობე, ისე დავტოვე პლანეტა...
ამასობაში ნინო და ფიქრია ჩამოვიდნენ. ისე იყვნენ გარუჯელები, თითქოს ზღვაზე ყოფილიყვნენ. შემშურდა. მეც მიხდება გარუჯვა, ამიტომ ჩემი სხეული განსაკუთრებით ზღვაზე მომწონს. კარგად მეკიდება მზე - მალე და ერთნაირი დოზით.
ფიქრიას რომ მოვუყევი ახალი ამბავი, საგონებელში ჩავარდა. იმანაც დაახლოებით იგივე მითხრა, რაც დათომ. ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს ერთ რამეზე შევთანხმდით - ტკბილი სიტყვებით გვეცადა ბასას დედის მოთაფლვა, იქნებ დაგვეყოლიებინა, ცოტა ხნით მაინც დაეტოვებინა ბავშვი. ამით დრო გაგვეყვანა და მერე, საღ გონებაზე შეგვემუშავებინა მოქმედების გეგმა. მეპოვა კარგი ადვოკატი და კონსულტაცია გამევლო.
ეს რა თავსატეხი გამიჩინა ამ ბავშვმა. არადა, ისე შემეჩვია, თუ მის გარეშე სახლიდან გასვლას დავაპირებდი, მომტიროდა. ძლივს დედის ამპლუაში ვიგრძენი თავი, როგორ უნდა დამეთმო იგი?
- მერი, გამოჩნება ვინმე, გათხოვდები, ახალ ოჯახს შექმნი და შეიძლება სხვა კაცთან კიდეც გაგიჩნდეს შვილი. იქნებ გოჩასთან გქონდა შეუთავსებლობა, რა იცი? - მამშვიდებდა ფიქრია.
- კარგი, რა, რომელ გათხოვებაზე მელაპარაკები, ფიქრია? ვის უნდა გავყვე? ან სად ვიმარჩიელო, გამიჩნდება თუ არა შვილი?
- მაშინ ადექი და იშვილე, მაგაზე ადვილი რა არის?
თავი უიმედოდ გადავაქნიე:
- შენ არ გესმის... არასდროს გყოლია შვილი, ვერ ხვდები, რას განვიცდი ახლა. ისე შევეჩვიე, გული გამისკდება, ვინმემ რომ წამართვას, ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს.
- შვილი არც შენ გყოლია არასდროს, შეჩვევას კი რაც შეეხება, მეც შენზე არანაკლებ შევეჩვიე. გგონია, ნაკლებად განვიცდი, ასე რომ მოხდეს? მაგრამ არის ისეთი რაღაცები ცხოვრებაში, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, რაღაცების დათმობა გვიწევს ხოლმე ჩვენი სურვილის საპირისპიროდ. - საყვედური გაისმა ფიქრიას ხმაში.
ამაში მართალი იყო, ჩემზე ნაკლები წვლილი მართლაც არ მიუძღოდა ბასას გაზრდაში. უმეტეს დროს ჩემთან ატარებდა და ყველაფერში მეხმარებოდა.
- მაპატიე, სხვა რამის თქმა მინდოდა, ცუდად გამომივიდა, - მოვუბოდიშე.
ერთხანს ორივენი ჩუმად ვისხედით.
- ლიზიკომ იცის? - ცოტა ხნის შემდეგ მკითხა ფიქრიამ.
- არა, არ იცის და არც ვაპირებ თქმას. მამიდას თავიდანვე არ მოსწონდა ეს სიტუაცია, ახლა რომ გაიგოს, რაც ხდება, მეტყვის, დაუბრუნე თავის პატრონსო. ცოტა ეგოისტი ქალია.
- მაგას ვერ დავიჯერებ!
- ნუ დაიჯერებ, რა! ჩემზე კარგად იცნობ მამიდაჩემს? თვითონაც უშვილოდ დაბერდა, არც იცის, რა არის შვილის სიყვარული. მისთვის ყოველთვის მე ვიყავი ყველაფერი. ახლა ცოტას ეჭვიანობს კიდევაც ბასაზე, ჰგონია, რომ ბასუსამ ჩემი თავი წაართვა.
- ეგ თვითონ გითხრა? - ფიქრიას თვალები გაუფართოვდა.
- არა, მაგრამ ვხვდები. ზუსტად ვიცი, რომ ასეა. გაუხარდება კიდევაც, თუ ბასას მომაცილებენ.
- ეგ შენი ვარაუდებია, მერი, არა მგონია, ეგრე იყოს.
- არ გჯერა? აი, ახლავე დავურეკავ, შენ თვალწინ და თავად დარწმუნდები! - აღელვებული ტელეფონს ვეცი და ლიზასთან დავრეკე.
მოკლედ ავუხსენი სიტუაცია, მოვუყევი უცნობი ქალის ზარის შესახებ და ბოლოს ვკითხე, როგორ მოვიქცე-მეთქი.
ჩემდა მოულოდნელად, ისეთი რამ მითხრა, ყურებს არ დავუჯერე:
- ეგ ბავშვი შენ ღმერთმა გამოგიგზავნა და ვერავინ წაგართმევს. არც იფიქრო შეხვედრა და დალაპარაკება! ვინ მიგდია, რომ გირეკავს? როგორ ბედავს? პოლიციაში ჩივილი როგორ უნდა, მე ვანახვებ! არ დაელაპარაკო, იცოდე! ჩემი ნომერი მიეცი და მე ვიცი, რასაც ვეტყვი! გასაგებია შენთვის? წამითაც არ ინერვიულო მაგ საკითხე და შვილს მიხედე, შენ ახლა დედა ხარ!
გაოგნებულმა გადავხედე ფიქრიას, რომელსაც ყური ჩემს ყურთან მოედო და ჩვენს საუბარს ისმენდა.
- აბა მე რას გეუბნებოდი? - გახარებული ფიქრია ადგილზე ხტუნავდა, - ლიზიკო ჯიგარი ქალია, მამიდაც ეგეთი უნდა!
გაოცებულს ყურმილი ხელში გამიშეშდა.
გაგრძელება