ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისიორი დღეა, იმ უცნობზე ფიქრი ამეკვიატა. ჩემი თავის გამკვირვებია! როდესაც გათხოვილი ვიყავი, სხვა კაცზე არ მიფიქრია, ახლა, როცა განათხოვარი მქვია - მით უმეტეს. შეიძლება ბევრმა არ დამიჯეროს, მაგრამ ასეა. მგონია, რომ ჩემი დრო ამოიწურა. ამ ასაკის ქალს ვინღა შემიყვარებს? ვის რაში ვჭირდები, როცა შხვართივით გოგონები დადიან ქუჩაში? ამის გაფიქრება სევდას მგვრის. ასეთ წუთებში სევდის მთელი წყება მოდის, გროვდება და დათოვლილ მთას ემსგავსება. ამიტომაც სულაც არ მაქვს იმედი, რომ ვინმე შემიყვარებს, განსაკუთრებით ის, ვინც მე მომეწონება. სწორედ ესაა მიზეზი, რომ დავდივარ და დავათრევ იმედს, რომელიც უიმედოდ განწირულია.
წუხელ არ შემომეხმიანა. კი იყო საიტზე შემოსული, მაგრამ არაფერი მომწერა. მეც შეგნებულად არ მივწერე. რატომ უნდა იფიქროს, რომ დამაინტერესა? გუშინ იქნებ მასაც ჩემსავით ხმის გამცემი სჭირდებოდა ვინმე და სულ ეგ იყო?
ახლა ვწევარ აბაზანაში და ვნებივრობ, თან ფეხის თითებს ვითვალიერებ. ფეხები ხომ ისევე, როგორც მკერდი, სხეულის დეკორატიული ნაწილია. რაც უფრო ლამაზია, მით უფრო გაგვირბის მისკენ თვალი. კოხტა, ლამაზად გამოყვანილი თითები მაქვს. ტერფები კი, გიტარასავითაა, წელში "გამოწვართული". ეს ალბათ ბალეტის დამსახურებაა. ღრმა ახალგაზრდობაში ბალეტზე დავდიოდი. პერსპექტიულ მოცეკვავედაც ვითვლებოდი, მაგრამ ერთხელ სცენიდან ჩამოვვარდი, ხერხემალი დავიზიანე და მას შემდეგ დავანებე თავი. როცა გამოვკეთდი, გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო და დამეზარა. მე ხომ ბუნებით ზარმაცი ვარ. საქმეს რომ დავიწყებ, მაშინვე თუ არ დავამთავრე, მერე დამეზარება და აღარ გავაგრძელებ ხოლმე. ან თუ რამე უნდა დავიწყო, სულ ვწელავ, აი, ახლა, აი ერთ საათში, აი ხვალ და მხოლოდ მიწურულში ვხვდები, რომ ვაგვიანებ და მერეღა შევუძახებ ჩემს თავს.
საინტერესოა ადამიანის ანატომია. აი, მაგალითად, რატომ არის ფეხზე მეორე თითი პირველზე უფრო გრძელი? უმრავლესობას ხომ ასე აქვს? პატარა რომ ვიყავი, მამიდა მეუბნებოდა, თუ მეორე თითი პირველზე გრძელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ასაკით უმცროსი ქმარი შეგხვდებაო. მართლა ასე მოხდა, გოჩაზე მთელი 6 თვით ვარ უფროსი. შეიძლება ბევრი არ არის, მაგრამ მაინც ხომ უმცროსია?
ჰო, რას ვამბობდი? სიყვარულზე ვყვებოდი. ფიქრია მეუბნება, სწორედ ჩვენს ასაკშია სიყვარული ყველაზე ღრმა და ყველაზე ტკბილიო. ალბათ ასეცაა, გამოცდილება ხომ საუკეთესო გაკვეთილია ყველაფერში. სიყვარულშიც ასეა. ნამდვილ სიყვარულს წინ უძღვის ერთგვარი პრაქტიკა, ჯერ ნაკლებად გიყვარს ვიღაც და როცა იძენ გამოცდილებას, აი, შემდეგ მოდის ჭეშმარიტი სიყვარული, ანუ ჯერ მცირე უნდა განიცადო, რომ შემდეგ დიდი გეწვიოს. მაგრამ არა მგონია, აწი ვინმე შემიყვარდეს, რადგან ჩემი მთელი გზნება, სასიყვარულო ენერგია თუ ძალა იმ ერთ სიყვარულში დავხარჯე, რომლითაც ჩემი ქმარი მიყვარდა. როგორც ყვავილს დახარბებულმა ფუტკარმა, მსურდა, ბოლომდე გამომეწურა ნექტარი და მთელი ცხოვრების განმავლობაში სამყოფი სიყვარული ერთ შეყვარებაში დამეხარჯა. ახლა კი, სამწუხაროდ, ნექტარგამოცლილი ვარ და ალბათ რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, ვინმემ თავი შემაყვაროს. დაობ(ლ)და ჩემი გული. ჰო, ჯერ დაობლდა დე შემდეგ დაობდა. ობმოკიდებულ ობოლს კი ვინ ოხერი შეიფარებს?
ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულს ვითხოვ კაცისგან. სრულიად უპრეტენზიო ვარ.
სიყვარული ლამაზი იქამდეა, სანამ ურთიერთობა უღლით დაგვირგვინდება. მერე კი, როცა უკვე შენად დაიგულებ გულისსწორს, ყველაფერი უბრალოვდება და თანდათან უფერულდება. არავინ იცის, რატომ. ვიღაცას აქვს ნათქვამი - ლამაზი მხოლოდ ნატყორცნი ისარია და არა მიზანში მოხვედრილიო. არ მახსოვს, ვისი სიტყვებია, მაგრამ ზედგამოჭრილი ფრაზაა სიყვარულის დასახასიათებლად.
კარგია, რომ გოჩასთან ყველაფერი დამთავრდა. როგორ ვიკლავდი თავს და რა კარგია, რომ მივხვდი - თურმე სულ ტყუილად. არ ყოფილა თვითგვემის ღირსი. მარკესის სიტყვები მახსენდება: არ იტირო იმის გამო, რომ ეს დამთავრდა! გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო! ჰოდა, ახლა ვიღიმი, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო, არამედ იმიტომაც, რომ დამთავრდა. მივხვდი, რომ დროზე ვუშველე თავს. ფიქრიასავით არ ვაპირებ. სამჯერ გათხოვდა და სამივეჯერ გამოთხოვდა. დღემდე ვერ ისწავლა ჭკუა. რომ მიუშვა, მეოთხეჯერაც არ იტყვის უარს. არც ნინოსავით მოვიქეცი - მთელი ცხოვრება ერთ უვარგის კაცს რომ შეალია. არ გამოგადგა? კარგად იყოს, გაუშვი თავის გზაზე! ესე იგი, რა გამოდის? ყველაზე ჭკვიანი მე ვარ? არა, რა თქმა უნდა. მე, უბრალოდ, ოქროს შუალედი ავირჩიე. არც უკეთესს ვეძებ და არც უარესთან დავრჩი.
შემცივდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თმა ჯერ კიდევ სველი მაქვს და მეორეც - აივნის კარი გამოვაღე, რათა გავანიავო. ჩემი ოთახი სიგარეტის სუნით არის გაბოროტებული. ძალიანაც ვცდილობ ხოლმე მის განდევნას, მაგრამ ვერ ვახერხებ.
აი, ახლა ჩავრთავ კარმას და ძვლებიც გათბება.
აივანზე გავედი. საშინელი სუსხია გარეთ, ყინვამ დააჭირა, მთვარე დამრგვალებულა და სავსე ქალივით გამოჯგიმულა ცის კენწეროზე. ირგვლივ ღრუბლების ნაფლეთები შეინიშნება. ახლა ყველა ღრუბელი ყვითელია. ღრუბლებსაც ხომ აქვთ ხანდახან ფერები, განსაკუთრებით დღისით ან მზის ჩასვლისას. ჩემს წარმოდგენაში არსებობენ აგრესიული ღრუბლები, მშვიდობისმოყვარენი და გადარეულები. აგრესიული ღრუბელი რუხია, საავდროდ გამზადებული. მშვიდობისმოყვარე ცისფერია, წვიმას რომ არ გიქადის, ხოლო გადარეული წითელი ღრუბლებია, დაისის დროს რომ იცის ცაზე მეწამულისფრად გაბრწყინება და ქარს რომ გვიქადის.
დროა, თმა გავიშრო და ჩემს დედამთილთან დავრეკო, სასა ბებია მოვიკითხო. მის გამო მამიდაჩემი ორი დღეა, დაძმარებული დადის. სულ სასაზე ლაპარაკობს. დაურეკეს დღეს ჩემმა მოხუცებმა და მოიკითხეს თურმე. რა საყვარლები არან ეს მოხუცები. ტკბილად მოუბარნი, რომ ვუფიქრდები, ერთ რამეს ვხვდები - ადამიანი თავისი ბიოლოგიური პროცესით ხილს ემსგავსება, რაც უფრო მწიფობაში შედის, მით უფრო ტკბილი ხდება.
ჩემი მაცივარი ისევ ებუზღუნება თავის თავს. მაღიზიანებს მისი ხმაური. არა, უნდა ვიყიდო ახალი. აი, როგორც კი საგაზაფხულო ფასდაკლებები გამოცხადდება, გავიქცევი და შევიძენ. ახლა მოდაშია უპროცენტო განვადებაც და ინტერნეტგამოწერაც, ისევე, როგორც ერთ დროს - "სეკონდ ჰენდის" ბუმი. გახსოვთ, ალბათ, "ძონძო არმანის" რომ ეძახდნენ. საინტერესოა, პირველად ვის მოაფიქრდა ეს სიტყვები. ვიღაცას ჩემსავით ჰყვარებია სიტყვების გამოგონება.
თმას ფენით ვიშრობ და თან ვმღერი. ფენის ზუზუნში ჩემი ხმა იკარგება, მაგრამ უკეთესიცაა, რადგან დიდი ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი.
არა, რა, ძალიან არეულად ვცხოვრობ. უცნაური ადამიანი ვარ. ერთდროულად სამ განზომილებაში ვცხოვრობ. ერთი განზომილება ჩვენი რეალური სამყაროა თავისი პოლიტიკით, ეკონომიკით, ყოველდღიურობით და თვითგადარჩენაზე ფიქრით. მეორე სამყარო სულიერია, რომელიც მთელი სიღრმით ეხება ჩემს პირად ეგზისტენციას, განცდას, ინტელექტს და ამ გრძნობების გადატანას სცენარებში ვცდილობ. მესამე კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე უხილავი და სათუთი მეტაფიზიკური სამყაროა, სადაც მართლა ვცხოვრობ. ამ სამყაროში მე ვარ მთავარი. იქ ყველაფერი ისე და იმ სისწრაფით ხდება, როგორც მე მომესურვება. ბევრისთვის ძნელია ალბათ პარალელურ სამყაროებში ცხოვრება. ჩემთვის არა. ვიცი, უფრო მაღალი საფეხურებიც არსებობს. გნებავთ, ინტუიცია დაარქვით. ეს ის ორგანოა, რომელიც ყველა სხვა ორგანოს აერთიანებს. ასეთ ადამიანებს ზეხედვა აქვთ. ისინი ნამდვილი შემოქმედები არიან. მეც კარგად მაქვს განვითარებული ინტუიცია, მაგრამ შემოქმედს ვერ ვუწოდებდი ჩემს თავს. არ ვიცი, შეიძლება ჩემში არის რაღაც ისეთი ნიჭი თუ თვისებები დამალული, რომლის მაქსიმალურად რეალიზებაც ვერ მოვახერხე ან საერთოდ ვერ აღმოვაჩინე. არც არავინ დამეხმარა მის აღმოჩენა-გახსნაში. რეალურ სამყაროში ვერავინ შეგამჩნევს, რომ იმქვეყნიური ხარ, რადგან ვიზუალურად ეს არ გეტყოდა. ერთადერთი, შეიძლება თვალებმა გაგყიდოს ხანდახან.
ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო. დედა-დედამთილთან ვაპირებდი დარეკვას და დამასწრო. ფენი გამოვრთე და ყურმილს დავწვდი.
- მერი, როგორ ხარ, შვილო? - ზედმეტად შეწუხებული ხმით მომიკითხა.
- არა მიშავს, ციკო, შენ როგორ ხარ? - მას რძლობის პირველივე დღეებიდან ამ კნინობითი სახელით მივმართავ, რადგან თვითონ მოისურვა ასე, დედა არ დამიძახო, სადაური დედაშენი მე ვარო. თავიდან კი გამიჭირდა ცოტა, მაგრამ მერე და მერე შევეჩვიე და რიხიანადაც გამომდიოდა.
- როგორ ვიქნები, თქვენი შემხედვარე. ამ ბიჭმა მთლად მომიღო ბოლო. ისეა არეული, არ ვიცი, რა ეშველება.
"დაიწყო" - გავიფიქრე.
- რატომ დამსაჯა ასე ღმერთმა, რას მერჩოდა! სად გადაეყარა იმ ალქაჯს, ასეთი მშვიდი ოჯახი რომ დამინგრია. ჭკუაზე აღარ ვარ ქალი.
- ალქაჯი რატომ, გოჩა ძალიან აქებდა, კარგი გოგოაო? - პირველი ისარი ფერდში მოვარტყი ციალას, გულში არ დავუმიზნე.
- ეგეთი შევიდეს იმის ოჯახში, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდოდეს! მაგის სახელის ხსენებაც არ მინდა, როგორ გამიუბედურა ბიჭი, რა დღეში ჩამიგდო.
შეგნებულად არ შევეკითხე, ასეთი რა დაემართა-მეთქი. არადა, კი მაინტერესებდა, ამისთანა რა მოხდა, რომ 6 თვის თავზე უკან გამოიქცა.
- იმდენი იწანწალა, იმდენი, სანამ მუცელი არ მოეშალა. ეს კლუბებიო, ეს რესტორნებიო, ეს დაბადების დღეებიო. აღარ დამთავრდა! დაგვაქცია და გაგვანადგურა. ერთი თეთრი არ შეარჩინა ჩემს შვილს. იმან კიდევ, უფულო რაში მჭირდებიო და გამოაგდო. წარმოგიდგენია?
ჩამეცინა. რომელი ფულიანი გოჩა მყავდა? თუ ჩუმჩუმად შოულობდა და მე მიმალავდა? ვეღარ მოვითმინე:
- კი მაგრამ, როდის აქეთ გახდა გოჩა შეძლებული? არ იცოდა, რომ ფუფუნებაში ვერ აცხოვრებდა? მაგის ხელფასით ოჯახის რჩენა რომ არ გამოვიდოდა, ვერ ხვდებოდა? - მეორე ფერდში მოხვდა ციალას ჩემი მეორე ისარი.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა "კავშირგაბმულობის" მეორე მხარეს. როგორც ჩანს, დედა-დედამთილს ჭრილობა აეწვა.
- არ ვიცი, მერი, არაფერი არ ვიცი. - ცრემლი გაურია ხმაში ციალამ, - თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ და არ ვაფასებდი.
"მე არ მაფასებდით", - ნიშნისმოგებით დავამატე გულში.
- ნეტავ შერიგდებოდეთ, ნეტავ გამითენდებოდეს ის დღე, როცა ისევ ერთად დაგინახავთ. ნერვიულობს ეს ბიჭი, განიცდის. დავაშავეო, იძახის, შევცდიო.
- ციკო, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, ძალიან გთხოვ. ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, უდიდეს პატივს გცემ, მაგრამ შერიგებაზე ლაპარაკი ძალიან დაგვიანებულია. აღარ გააგრძელო, - ესეც ჩემი ბოლო ისარი, რომელმაც კაკალ გულში გაუარა ციალას.
- არა, შვილო, ეს ისე ვინატრე, მაგისთვის კი არ დაგირეკე. სასაზე მინდოდა რაღაც მეთქვა.
- რა იყო, მოხდა რამე? ცუდადაა? - გულწრფელად შევშფოთდი.
- ცუდადაა რა, ასაკშია უკვე, აწი კარგად როგორ იქნება, მაგრამ აქაურობას ვერ ეგუება. მგონი, ისევ უკან უნდა დაბრუნება.
რა აფერისტი ქალია! თვითონ უნდა თავიდან მოიშოროს და სასას აბრალებს.
- დაბრუნება უნდა? ასე თქვა?
- ჰო, სულ იმას გაიძახის, იქ ისე მივლიდნენო, ისე კარგად ვიყავიო. განა მე რამეს ვაკლებ, ღმერთია მოწმე, თავს ვევლები, მაგრამ მაინც თქვენკენ მოუწევს გული. ის დედაბრებიც ურეკავენ დღეში ათჯერ, მოიკითხავენ და ამაზე სულ ტირის.
- კარგი, ციკო, ხვალ გამოგივლით და დაველაპარაკები. თუ მეტყვის, წამიყვანეო, წამოვიყვან, არ არის პრობლემა.
- გაიხარე, მერი, შვილო, მეტს აღარ შეგაწუხებ, დაღლილი იქნები ახლა შენ. ლიზიკო მომიკითხე და ხვალ გელოდები.
ცოტა არ იყოს, ცივად დავემშვიდობე ციალას და ყურმილი დავკიდე. უგუნებობამ შემიპყრო. წარმომიდგენია, რა დღეში ჩააგდო, რომ სასას გულმა ისევ ჩვენთან გამოუწია. არადა, როგორ მთხოვა, სახლში მინდა მოვკვდე, სირცხვილი იქნება, ჩემმა შვილიშვილმა აქედან გამასვენოსო.
ისე, ერთით კარგია. ახლა სარვამარტოდ ვემზადებით, ბებრული კონცერტი უნდა გავმართოთ. ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგიც თავის დაწერილ ლექსს კითხულობს. სასაც გაერთობა.
არც ისეთი ხნიერია სასა ბებო, მაგრამ ავადმყოფობამ და ჯერ ქმრის, შემდეგ კი ვაჟიშვილის სიკვდილმა უცებ მოტეხა და დააბერა. ადრე გათხოვილა თურმე, 14 წლის. როგორც ჩანს, ადრე დაქალებამაც დაამჩნია დაღი მის ცხოვრებას.
მამიდაჩემს დავურეკე და მოვუყევი, რაზეც ვისაუბრეთ მე და ციალამ. გაგიჟდა, მაგრამ რა გაგიჟდა! ეგრეც ვიცოდიო, ეგ წამხდარი ქალიო, ნამუსგარეცხილიო, ხვალ მე თვითონ გავალ და წამოვიყვანო.
რა ენერგიული ქალია ლიზიკო. არაფერი ქვეყანაზე არ ეზარება. არც მუშაობა, არც სხვისი მოვლა და არც სიარული. ბილიკი რომ გაუბა ცამდე, შეუსვენებლად აივლის. გამიხარდა, ხვალ მე რომ არ მომიწევს წასვლა. იქ შეიძლება, გოჩა დამხვდეს და ყველაზე მეტად ეს შემიქმნის დისკომფორტს. სულ არ მეპიტნავება მისი "დაჩაგრული სიფათის" ხილვა.
- ციალას არაფერი აგრძნობინო, მამიდა, მაგის დონეზე არ დახვიდე, ძალიან გთხოვ, - შევახსენე ლიზას, ხმოვანი კოცნა გავუგზავნე და დავემშვიდობე.
ესეც ასე. დღის საქმეები მოვილიე. ახლა მივუჯდები ჩემს მეგობარ კომპიუტერს, "მოვისვამ" გვერდით ჩემს მეგობარ სიგარეტს და ვირტუალურ სამყაროში გადავალ სამოგზაუროდ.
საინტერესოა, ჩემი უცნობი თუ იქნება მოსული? ნეტავ დღეს მაინც თუ დამელაპარაკება? თუ არადა, მე მივწერ, რა მოხდა მერე? არა, არ მივწერ. იქნებ ისიც სწორედ იმას ელოდება, მე როდის მივწერ?
ესეც ასე, შევედი ჩემს ჩაკეტილ სამყაროში. უი, რამდენი წერილი მომსვლია! შეტყობინებები ჩავათვალიერე და თვალი ჩავავლე ადრესატთა სურათებს.
აი, ფიქრია მწერს, ხვალ გამოვალ სამსახურში და კონცერტის ნომრების დადგმაში მოგეხმარებიო. კარგია, რომ გაახსენდა. ბოლო დროს, რაც ახალი სამსახური იშოვა, სათნოების სახლი თითქმის დაივიწყა. ათასში ერთხელ თუ შემოირბენს. რომელიღაც სამშენებლო ფირმამ აიყვანა მენეჯერად და კარგი ხელფასიც დაუნიშნა. ისე, რას ვერჩი? რომელი მომგებიანი ჩვენი საქმეა? იმდენი შემოგვდის ფული, რომ ვიარსებოთ, ესაა და ეს. თვეში დაახლოებით რვაასი-ცხრაასი ლარი გვრჩება. აი, დღესასწაულები თუ დაემთხვა, მაშინ უკეთესად გვაქვს საქმე. იმდენი დახმარება მოდის "საჩინოში", რომ კვების პროდუქტებზე ფული არ გვეხარჯება და მოგებაც ათას ლარზე მეტი გამოდის.
მოიცა, მგონი ჩემი ახალი ნაცნობის წერილიცაა და ისიც აქ არის, ციმციმებს.
ფიქრიასთვის პასუხის გასაცემად დრო არ დავკარგე, ისე "მივაშურე" ნოუბოდის.
აჰა... არაფერიც არ მოუწერია, მხოლოდ ოთხი ყვავილი გამოუგზავნია. ახლა კი ნამდვილად უნდა მივწერო, აბა უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებ ადამიანს?
- ყვავილებისთვის მადლობა, - მივწერე და გავგზავნე თუ არა, ეგრევე მივაყოლე, - გამარჯობა!
- ვააა! - მსწრაფლ მომივიდა პასუხი, თითქოს მელოდაო, - ლამაზი გოგო მოსულა! გაგიმარჯოს.
გავუღიმე.
- როგორ ხარ? - იმანაც გამიღიმა.
- არა მიშავს, შენ?
- მეც კარგად, - გამიცინა და გამიცინა.
- მე არ მითქვამს, რომ კარგად ვარ, - იმედი გავუცრუე.
- ვიცი, მაგრამ "არა მიშავს" კარგად ყოფნას უფრო ნიშნავს, ვიდრე ცუდად ყოფნას, არ მეთანხმები?
მართალი იყო, რას ვერჩოდი.
- შეიძლება. არ შეგეკამათები.
- როგორ ჩაიარა დღემ? - დაინტერესდა.
- დღემ თუ დღეებმა?
ამაზე გაეცინა. მე კიდევ ვერ გავთვალე, მე შტერმა. ამით ხომ ვაგრძნობინე, ორი დღეა, არ შემხმიანებიხარ-მეთქი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ველოდებოდი.
- დღემ თუ დღეებმა, - თუთიყუშივით გაიმეორა.
- მუსიკალურად, - ნოტები მივაყოლე წერილს.
- ეგ როგორ, ორი დღე მღეროდი?
- არა, სხვებს ვამღერებდი.
- ვაა! საინტერესოა და... ვის ამღერებდი?
- მოხუცებს.
- ვერ გავიგე?
- სათნოების სახლში ვმუშაობ და საკონცერტოდ ვემზადებით. სარვამარტო ზეიმი გვაქვს და რეპეტიცია გვქონდა.
გაოცების სიცილაკები მომაყარა.
- რატომ აატრიალე თვალები? - დავცინე.
- მართალს ამბობ?
- ჰო. ტყუილი არ მიყვარს, მეჯავრება ტყუილი.
- არ ვიცოდი, თუ მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდი. მუსიკის მასწავლებლად?
- ყველაფრის მასწავლებლად, - დავიტრაბახე.
- სულ ყველაფრის?
- ნუუუ... თითქმის, - უკან დავიხიე, რამე ვერაგულად დაგებულ სიტყვათა მახეში არ გამაბას-მეთქი. სიტყვათა თამაში ოხერი რამეა.
- და რა თანამდებობა გაქვს იქ? - არ მომეშვა.
- დირექტორი ვარ, - ისევ დავიტრაბახე.
- აჰაა, დიდი ქალი ყოფილხარ, - ცერა თითი "ამიწია" სმაილით.
- გარედან თუ შევხედავთ, ასე გამოდის,
- როგორ თუ გარედან?
- ჩვეულებრივად. თვითონ სტატუსი დიდქალობას ნიშნავს, მაგრამ შემოსავალი იმდენად მცირეა, მაინც პატარა ქალად ვრჩები.
სიცილი დამაყარა. მოსწონდა ჩემი იუმორი.
- შენ პატარა ქალი ვერ იქნები.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ მზის გოგო ხარ.
- ვინ ვარ? - გავიოცე.
- მზის გოგო.
- რა ლამაზად მითხარი, - გავუღიმე.
- სიმართლე დაგახალე პირდაპირ შუბლში.
- რა დროს ჩემი გოგოობაა, არ ვარ მაგ ასაკში, ეს ერთი და კიდევ... მზესთან ჩემი შედარება შეუსაბამოა.
- ოჰჰჰ! გოგო ხარ, აბა რა! სარკე არ გაქვს? ჩაიხედე და დარწმუნდები.
- ისა და... - რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი, აშკარად მსიამოვნებდა ასეთი კომპლიმენტების მოსმენა, - არ მეტყვი, ვინ ხარ?
- ვინ ვარ?
- ჰო, ამდენი ხანია, ვსაუბრობთ და შენი სახელიც არ ვიცი.
- როგორ არ იცი, ხომ გითხარი?
- როდის მითხარი? - ცოტა არ იყოს, დავიბენი, ნუთუ მითხრა და არ მახსოვს? არა, ნამდვილად არ უხსენებია სახელი, თორემ რა დამავიწყებდა?
- დათო ვარ, გოგო.
- დათო? აბა, დათო.
- ეეე! დათო, მაესტრო.
- ასეთს არ ვიცნობ.
- შენ რა გითხარი! კამასუტრას მასწავლებელი.
- ვაიიი! დააათ, შენ ხარ? მერე მაგას მიმალავდი? აქამდე რატომ არ მითხარი? - გამიხარდა, ნაცნობი რომ აღმოჩნდა.
ეს დათო ადრე გავიცანი აქ. მაშინ "მაესტრო" ერქვა და მთელი თავისი პროფილი კამასუტრას პოზებით ჰქონდა გადაჭედილი. არც მაშინ ედო თავისი სურათი, რომელიღაც მსახიობის ფოტოთი იწონებდა თავს. მომწერა, არ გინდა, გასწავლიო. მე, რა თქმა უნდა, ამისთვის არ გამოვლანძღე და თავაზიანად ვიუარე, უკვე ნასწავლი მაქვს და გამეორება გამომივა-მეთქი. გამეორება ცოდნის დედააო, მომწერა. მე კიდევ მეზარება გამეორება-მეთქი. მერე დავმეგობრდით, ათას რამეზე ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით და ვართობდით ერთმანეთს, გადმომგიზავნიდა ხოლმე ვიღაც რუსი გოგოების წერილებს, როგორ უხსნიდნენ სიყვარულს. იშვიათად შემოდიოდა, ორ-სამ თვეში ერთხელ, ხშირად არ ვკონტაქტობდით. მერე გაქრა და მეც გადამავიწყდა. აი, ახლა კი გამოჩნდა, მაგრამ სულ სხვა სახელით და სულ სხვა ფოტოთი. ახლა მხოლოდ ერთი ფოტო ედო პროფილზე.
- და სად წავიდა შენი ანტიკური ფოტოალბომი?
- კამასუტრა? დამბლოკა ადმინისტრაციამ, ეგეთი ცელქობა არ შეიძლებაო.
- უყურე შენ! - გავიცინე - და ეს ახალი შექმენი?
- ჰო, მაგრამ იმ ფოტოებს ვეღარ დავდებ, ისევ დამბლოკავენ.
- აბა როგორღა უტარებ ნადეჟდებს და მარინკებს კამასუტრას გაკვეთილებს?
- ვახერხებთ მაინც. ასეც მიცნობენ.
- აჰა. ესე იგი, გასაიდუმლოებულ მოღვაწეობას ეწევი.
- პრინციპში, იატაკქვეშეთში გადავინაცვლეთ, ასე გამოდის.
ამაზე ბევრი ვიხალისე.
მერე ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და მხიარულ ტალღაზე დავემშვიდობე. დავემშვიდობე, მაგრამ მასთან საუბარმა საფიქრალი გამიჩინა... უკვე მომწონდა
ფიქრია მართლა მოვიდა მეორე დღეს, არ დამაღალატა, მაგრამ ისეთი ასევდილი ჩანდა, გული გამისკდა.
- რა გჭირს? - შეწუხებულმა ვკითხე.
- ყველაფერი. - ისეთი ამოიოხრა, დედაბუდიანად ამოაყოლა გული.
- მაინც, მაინც?
- შეყვარებული ვარ.
- მერამდენედ, თუ იცი? - სიცილი ვერ შევიკავე.
- ნუ დამცინი, ჩემი გაჭირვება მეყოფა.
- არ დაგცინი, უბრალოდ, ვიცინი. სულ შეყვარებული როგორ ხარ?
- შენც სულ შეყვარებული არ ხარ?
- მე საერთოდ, სიყვარულზე ვარ შეყვარებული, შენ კი ვიღაც-ვიღაცებზე. თვითონაც არ იცი, რატომ და როცა ამას გააცნობიერებ, აღმოაჩენ, რომ ფაფუ, შენი სიყვარული. სამი ქმარი დაკარგე ასე.
- ახლა ისე ძალიან მიყვარს, რომ ავად ვარ.
- ვინ არის, არ მეტყვი?
- ჩემი უფროსი.
- ო-ჰოოო! - დავუსტვინე, - წინ წაწეულხარ, ეს უკვე პროგრესია. იმან თუ იცის?
- არა, - ნაღვლიანად შეიკეცა კბილებშუა ქვედა ტუჩი, - მაგრამ, მგონი, არც ის უნდა იყოს გულგრილი. არ იცი, როგორ მიყურებს, თვალებით მჭამს, თუმცა არაფერს მეუბნება.
- და რატომ, როგორ გგონია?
- ეგ რომ ვიცოდე...
- გეცოდინება... რაღაცას მიმალავ. - არ დავუჯერე.
- მე რა ვიცი, კაცებს რას გაუგებ?
- სიმპათიურია?
- საშინლად, - თითქოს გამოცოცხლდა, თვალები აუბრწყინდა.
- ოჯახური მდგომარეობა?
აი, სწორედ აქ გაუქრა მის თვალებს ბრწყინვალება. ტყუილში გამოჭერლი ბავშვივით გაექცა აცაბაცა მზერა.
- ცოლიანია, არა?
- ჰო, - დამნაშავის ტონით მომიგო და თავი ჩაღუნა.
- მდააა, - გრძლად ამოვთქვი.
- რას მეტყვი?
- რა უნდა გითხრა? რას მოელი? თუ გგონია, რომ ცოლშვილიანი კაცის შეყვარებას გავამართლებ, მოტყუებულხარ. შენც იცი, როგორ მეჯავრება ასეთი რამეები. ხომ გაგიგონია ანდაზა...
- ქალი ქალის ტყავს არ დახევსო, არა?
- ნუ, დაახლოებით. - თავი გადავაქნიე.
- რა ვქნა?
- ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილის უფლებას გამოვიყენებ, ფიქრია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენც კარგად იცი, რასაც გირჩევ და ისიც კარგად იცი, რომ ჩემს რჩევას არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინებ. ტყუილად რისთვის ვილაქლაქო? შენი გადასაწყვეტია, რას იზამ.
- რა უნდა ვქნა, არაფერს მეუბნება და...
- მერე? ხომ ხვდები, რატომაც არ გეუბნება?
- ვერ იტანს ცოლს, ეგ ზუსტად ვიცი.
- ეს არაფერს ცვლის. შეიძლება ვერ იტანს, შეიძლება სძულს კიდევაც, მაგრამ ოჯახის დანგრევა არ უნდა. ეს ორი სხვადასხვა რამეა.
- ნუ დაანგრევს, რა... ისე რომ ვიყოთ ერთად, არ შეიძლება?
- მორალის კითხვას ვერ დაგიწყებ, შემეშვი, კარგი? - მაღიზიანებდა მისი ლოგიკა, - ნინომ იცის?
- იცის.
- მერე?
- რა ვი, იმან მითხრა, აგრძნობინეო.
- ისიც გაგიჟებულა, - ჩავიცინე, - გგონია, ის შენი უფროსი ვერ ხვდება, რაც გჭირს? მეეჭვება რაღაც. ყოველთვის სახეზე გაწერია ყველაფერი.
- რა მაწერია, რა! - შემომიტია ფიქრიამ.
- რა და, კაცი რომ შემოგაკლდა და ახალს ეძებ! - არც მე დავინდე.
- კარგი, რა მეკო, ნუ მეჩხუბები. მითხარი რა ვქნა?
- არ ვიცი და რა გითხრა? ეს ურთიერთობა შენ ტკივილის მეტს კარგს არაფერს მოგიტანს, დამიჯერე. აქედანვე დაივიწყო, ჯობია.
- რატომ არ მომიტანს?
- იმიტომ, რომ ცოტა უფრო ღრმად თუ შეტოპავ, მისი ცოლი გაიგებს, მოგივარდება და თმით გითრევს. ის კაცი კი ეგრევე ზურგს შეგაქცევს და სამსახურიდანაც დაგითხოვს. ამ არშემდგარი რომანის ფინალი ასეთია.
- შენ არასდროს მოგწონებია ცოლიანი კაცი?
- მოწონება სხვაა და სიყვარული - სხვა. განსხვავებას ვერ ხედავ?
- ჰო... - თავი ჩაქინდრა და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ კითხვა კვლავ გამიმეორა. - ისე, მოგწონებია?
- კი, მომწონებია და იმის იქით ჩემი გრძნობა არ წასულა. უცოლოებს მიაქვს ქვეყანა, რაღა ცოლიანს გადაეკიდე?
- კარგი რა, უცოლოებს ქალი აღარ უნდათ და...
- აზვიადებ...
- არ გაინტერესებს, როგორია?
- და მერე რა, მოვიდე შენთან სამსხაურში და შევათვალიერო? - ისევ გამეცინა.
- არა, ფეისბუკზე შედი და განახებ.
უხალისოდ გავედი კაბინეტში, ინტერნეტში შევედი და მისი თხოვნა შევასრულე.
- მოძებნე ნიკოლოზ კახიანი!
მოვძებნე.
- აი, ეს არის! უუუუუ! - ძუ მგელივით აყმუვლდა ჩემი დაქალი.
მართლაც სიმპათიური მამაკაცი იყო, სქელი წითელი ტუჩებით და ჯანმრთელი ლოყებით. მაღალი, ბრგე, მხარბეჭიანი.
- კარგი ტიპია, - კვერი დავუკარი, - მესმის შენი.
- რა ვქნა? პირველივე დღიდან თვალში მომხვდა. მერე რამდენჯერმე სახლშიც წამიყვანა, იქ ვმუშაობდით, გეგმებს ვადგენდით.
- სახლში რატომ წაგიყვანა?
- პატარა ოფისი აქვთ და სულ ხმაური იყო, ჩემთან სიწყნარეაო და...
- მერე ცოლი?
- ცოლი ერთხელაც არ მინახავს.
- იქნებ გაყრილია და არ იცი, გოგო!
- არა, გაყრილი არ არის. სამსახურში გავიგე, ცოლი ჰყავს, მაგრამ არ ვიცი, შინ რატომ არ იყო. შეიძლება ისიც მუშაობს.
- და მერე? მთელი დღე თუ ერთად იყავით, არაფერი გითხრა?
- არა, არც ერთხელ.
- სულ არაფერი?
- არა-მეთქი, ტყუილი რად მინდა?
- ვააა! უცნაური ტიპი ყოფილა.
- მაგრამ ლამისაა, გადამყლაპოს, რომ მიყურებს.
- შენისთანა ქალის იგნორირება კაცს გაუჭირდება, ეგ მართალია. ის თუ იცის, სამი ქმარი რომ გყავდა?
- არა.
- ჰოდა, მაგიტომაც ითრევს ალბათ ფეხს. იქნებ ქალიშვილი ჰგონიხარ, ა? რას იტყვი? - ისეთი კისკისი ავტეხე, მამიდამ შემოიხედა.
- რა გაცინებთ?
- არაფერი, ლიზიკო, ჩვენთვის რაღაცას ვეშმაკობთ.
- ფეხი არ წაიმტვრიოთ მაგ ეშმაკობაში, თქვენ! ჭკუით იყავით! - დაგვმოძღვრა ჩვეული რიხით მამიდამ, - მე შენებთან მივდივარ, სასა უნდა ვინახულო. ფეხი არ გაადგა აქედან უჩემოდ, დამელოდე!
- აქ ვარ, ლიზიკო და მამიდა, - ასე ვეძახი მოფერებით ჩემს მამიდას, - არსად არ გავდივარ საღამომდე.
- ამეცადინე ეს ხალხი, დაწყდნენ თქვენი ლოდინით!
- ახლავე მოვდივართ, - ინტერნეტიდან გამოვედი და ფიქრიას ხელი გადავხვიე.
- დრო გვიჩვენებს, რაც მოხდება, ფიქრია. თუ ღმერთს უნდა, აალაპარაკებს იმ კაცს, თუ არადა, ისევ მარტოს მოგიწევს ლოგინის გათბობა. - გავეხუმრე.
ფიქრიამ ერთი კიდევ ჩაიტირილა და უკან გამომყვა, სასტუმრო ოთახში, სადაც ხანდაზმულთა "დასი" გველოდა.
ყველას ღიმილით გადავხედე, პიანინოს მივუჯექი და კლავიშებს გრიგალივით გადავუარე...
.
გაგრძელება