ონლაინრომანი "ცუდი დასაწყისი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
I ნაწილიII ნაწილიIII ნაწილიIV ნაწილი
V ნაწილიმეორე დღიდან ჩემი წამება დაიწყო. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა გუგამ მაგრამ ფაქტია, გვერდიან არ მშორდებოდა. გაკვეთილების შემდეგ ყოველდღე შინ მაცილებდა, შესვენებებზე კი საკლასო ოთახის კართან აიტუზებოდა და მელოდებოდა, როდის გამოვიდოდი დერეფანში. საღამოობით მირეკავდა ან მესიჯებს მიგზავნიდა. უკვე მღლიდა მისი ყურადღება. ვაგრძნობინე კიდეც. ერთ საღამოს მერიკოსთან შევიკრიბეთ. აქ ხომ საერთოდ არ მომეშვა. უხეშად მოვიშორე თავიდან. მიხვდა, რომ ჩემს ყურადღებას ვერ მიიქცევდა და მერიკოს დაუწყო ფლირტაობა. ალბათ ეგონა, რომ ვიეჭვიანებდი. ნერვიც არ ამტოკებია. მასზე არ ვფიქრობდი, ის ჩემთვის არც ადრე და არც ახლა საინტერესო მამაკაცს არ წარმოადგენდა. რაც შეეხება შეხვედრას, ზედმეტი იყო ამაზე ლაპარაკი. არანაირი სურვილი არ მქონდა, შევხვედროდი. როგორც ჩანს, ცინიკოსობა მომეძალა. ნუთუ ეს კარგია? ვფიქრობ, ცუდიც არ არის. თუ ბიჭებს შეუძლიათ, მე მატკინონ გული, მე რატომ არ უნდა მოვიქცე პირიქით? დაე, მათაც ეტკინოთ ჩემგან. ისინი ხომ ყველანი ერთნაირები არიან, ამიტომაც ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს!
სამი დღე გავიდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნიდან და მეოთხე საღამოს ნამდვილი კატასტროფა მოხდა. კომპიუტერთან ვიჯექი, მუსიკებს ვუსმენდი, რომ დედაჩემის ხმა შემომესმა, მეძახდა.
დინამიკს ხმას დავუწიე და სასტუმრო ოთახში გავედი. მამა და დედა დივანზე ჩამომსხდარიყვნენ. ორივეს შუბლი ჰქონდა შეკრული.
- რა იყო? - უდარდელად ვიკითხე.
- მოდი აქ! - დედას მკაცრი ტონი არ მესიამოვნა.
- რა გინდა? - ადგილიდან არ დავძრულვარ.
- ეს რა არის, იქნებ ამიხსნა? - დედამ დივანსა და სავარძელს შუა ჩაიხედა.
აქედან ვერაფერს ვხედავდი, ამიტომ წინ წავიწიე, რომ იმ ადგილისთვის დამეხედა.
- ვისია ეს! - დედა გადაიხარა და ორი თითით რაღაც წითელი ასწია. აშკარად ბიკინი იყო...
- რა არის ეს? - მაინც ვიკითხე, ვითომ ვერ მივხვდი, რა ეჭირა ხელში.
- ეს ტრუსი შენია? - გამეხებული მომაჩერდა.
- არა, ჩემი არ არის, - აუღელვებლად მივუგე, მართლა არ იყო ჩემი.
- აბა ვისია?
- მე რა ვიცი, დედა, საიდან უნდა ვიცოდე? - ვგრძნობდი, რომ მეხი მალე გავარდებოდა, ამიტომ ნერვიულობას აზრი არ ჰქონდა, უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
- შეუმჩნევლად გაძვრა ვითომ ვინმეს? - ირონია გაურია დედამ ხმაში.
- არც ეგ ვიცი, დედა და ნუ მელაპარაკები ეგეთი ტონით, რა! - იქით გადავედი შეტევაზე.
- რაო? აბა როგორი ტონით გელაპარაკო, გოგო! დაბადების დღე გადაგიხადეთ, ამხელა ხარჯი ვნახეთ, მარტო დაგტოვებთ, ვიფიქრეთ, გაერთობიან, თავიანთ გემოზე იქნებიან-მეთქი და თქვენ აქ ორგიები გამიმართეთ? ახლავე მითხარი, ვინ ჩაიდინა ეს, თორემ მოგკლავ, იცოდე!
დედა პირველად ვნახე ასეთი აგრესიული. ჩემთვის ცხოვრებაში ასე არ უყვირია. ამან მთლად გამაგიჟა. პატარა აღარ ვიყავი, მეც მქონდა ჩემი თავმოყვარეობა, დამოუკიდებელ ადამიანად მივიჩნევდი თავს და მისგან ასეთ შეურაცხყოფას არ მივიღებდი.
- ალბათ რომელიმე ჩემი კლასელისაა, - ნიშნის მოგებით მივუგე და თვალი თამამად გავუსწორე.
- მაგით რა გინდა თქვა, რომ შენი კლასელი გოგონები უკვე... თანაც აქ, ამ სახლში! - გაისმა მამას ხმა. ვიგრძენი, საბედისწერო ღრუბლები როგორ გროვდებოდა ჩემს თავზე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, უფრო და უფრო მშვიდი ვხდებოდი.
- ველოდები შენს პასუხს, - გააგრძელა დედამ, - რა ხდებოდა აქ? რას აკეთებდით?
- ვქეიფობდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით, - ჩამოვთვალე.
- კიდევ? ტრუსის გახდა რატომ გახდა საჭირო?
- ვიღაცას ალბათ მოუნდა ამის გაკეთება და რა ჩემი ბრალია? მე ხომ მათ არ ვაკონტროლებდი? ვისაც რა სურდა, იმას აკეთებდა. ზოგი წვება ბიჭთან, რა მერე? - სასტიკად მეშინოდა ამ სიტყვების წარმოთქმის, მაგრამ როგორც იქნა, გავბედე და ამოვთქვი, - ეს ბუნებრივი მოვლენაა.
დედა გახევდა. მამამ ბოლთის ცემა შეწყვიტა და მკვეთრად შემობრუნდა. ჩემმა ბოლო სიტყვებმა ორივეს თავზარი დასცა.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. შემდეგ მამა დაიძრა, ახლოს მოვიდა ჩემთან და წინ დამიდგა. ახლაღა შევნიშნე, როგორი მაღალი ყოფილა, სხვა დროს ეს არ დამიფიქსირებია.
- შენ? შენ როგორ გაქვს საქმე? - რაც შეიძლებოდა, თავშეკავებულად მკითხა, - შენთვისაც ბუნებრივი მოვლენაა ეს?
ვფიქრობდი, თავი ამეწია თუ არა, შემეხედა მისთვის, თუ მზერა არ მომეცილებინა მისი პერანგის ღილისთვის, რომელიც თითქმის აწყვეტოდა და საცოდავად იყო ჩამოკონწიალებული თეთრ ძაფზე.
დიდხანს არ მიყოყმანია. თავი ავწიე, ჯიქურ შევხედე და თვალის დაუხამხამებლად მივუგე.
- ჩემთვისაც.
მერე რა მოხდა, ვეღარ ვიხსენებ. ჯერ ოთახი აყირავდა და მასთან ერთად მთელი ავეჯი, მერე კი თითქოს საერთოდ სამყარო ატრიალდა, ჰაერი გაქრა ატმოსფეროდან, სული შემეხუთა, სუნთქვა გამიძნელდა. მესმოდა მამის ყვირილი, დედის კივილი, მე კი სადღაც მივფრინავდი...
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. თვალი რომ გავახილე, დივანზე ვიწექი და ნაზი თავს დამდგომოდა. ნუთუ გული წამივიდა? იქნებ მამამ ისე დამარტყა, რომ გამთიშა?
ნაზიმ დაინახა თუ არა, რომ გონს მოვედი, იქვე მდგარი წყლიანი ჭიქა მომიტანა ტუჩებთან. ოდნავ მოვსვი. ის ხმას არ იღებდა. არც მე მიკითხავს არაფერი. ვიგრძენი, რომ განკითხვის დღე დადგა...
კარგა ხანს ვიწექი გაუნძრევლად და ჭერს მივჩერებოდი. სამზარეულოდან ჩემი მშობლების ხმა მესმოდა, რაღაცაზე კამათობდნენ. წარმომიდგენია, რა დღეში იქნებოდნენ. ახია მათზე. ისინი ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას მაქცევდნენ, არასდროს ინტერესებოდნენ ჩემი პრობლემებით. ერთხელაც არ უცდიათ, ჩემს გრძნობებს ჩაწვდომოდნენ და გაეგოთ, რა მიხაროდა, რა მწყინდა. ორივე თავისი ცხოვრებით იყო დაკავებული, თავიანთი პირადულის მოწესრიგებით გართულნი. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. მათთვის ბევრი რამ გახდა ნათელი და, რა თქმა უნდა, ჩემი განსჯის საბაბიც მიეცათ. ამწუთას ალბათ იმაზე მსჯელობენ, როგორ დამსაჯონ ან, საერთოდ, რა მომიხერხონ.
კარი გაიღო და დედა შემოვიდა. უკვე დამშვიდებულიყო. როგორ ჩანს, მშობლებმა სტრატეგია შეიმუშავეს, რომელსაც ახლა დედაჩემი გამაცნობდა.
- როგორ ხარ? - რბილად მკითხა.
- ბრწყინვალედ, - ცივად მივუგე.
- ნამდვილად? - დედა ცდილობდა, კვლავ არ აღელვებულიყო.
- ნამდვილად.
- დარწმუნებული ხარ? - აჭიანურებდა მთავარ სათქმელს და უაზროდ ერთსა და იმავეს მეკითხებოდა.
- რაში? იმაში, რომ არაფერი მჭირს? რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებული ვარ, - "გავუადვილე" საქმე და კითხვაც მე დავსვი და პასუხის თავად გავეცი.
- ძალიანაც კარგი. მაშინ ახლა კეთილი უნდა ინებო და ყველაფერი მომიყვე.
სული შემეხუთა, ძალიან გავბრაზდი.
- რატომ უნდა მოგიყვე?
- საჭიროა და იმიტომ. ნუთუ არ გესმის, რომ მე და მამაშენს ორივეს ყელი გამოგვჭერი? ფაქტობრივად, მკვდრები ვართ. მინდა, ყველაფერი ვიცოდე, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ.
- თუ გართულებებში დაორსულებას გულისხმობ, ორსულად არ ვარ, დედა! - დამცინავად ვუპასუხე და ნიშნის მოგებით გავუღიმე...
დედამ შუბლი შეიჭმუხნა.
- მარტო ეს არ არის მნიშვნელოვანი, სხვათა შორის! - გაბრაზებულმა კბილებში გამოცრა, - მითხარი, რამდენჯერ მოხდა ეს ამბავი?
- ეგ არავის საქმე არ არის! ეს ჩემი პირადი საიდუმლოა! - იმავე ტონით მივუგე.
- ნეკა, სრულ ჭკუაზე ხარ? - აყვირდა ლია, - რას ჰქვია არავის საქმე არ არის? მე დედაშენი ვარ თუ ვიღაც გამვლელი? ყველაფერი უნდა ვიცოდე, კატეგორიულად მოვითხოვ ამას, გასაგებია? ღმერთო, რა გადაიტანს ამ სირცხვილს, თავი აღარ გამომეყოფა! - ცრემლები მოეძალა.
მისი წუწუნი უარესად მაღიზიანებდა. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. მინდოდა, კიდევ უფრო ტკენოდა გული, რადგან ამით მაინც მეძია შური მასზე. რას ვერჩოდი? იმას, რომ, რაც საყვარელი გაიჩინა, შვილები აღარ ახსოვდა, ნაკლებად გვაქცევდა ყურადღებას, არ ინტერესდებოდა ჩვენით. მხოლოდ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა ხომ არ იყო მთავარი?
- ნეტავ რა გატირებს, ერთი ვიცოდე, - ზიზღით შევეკითხე, - რა გიკვირს? რა არის აქ გასაკვირი? მე-20 საუკუნე დამთავრდა, დედა, 21-ე დაიწყო. ახლა ის უნდა გიკვირდეს, პირიქით რომ იყოს.
- შვილო, ასეთ რამეებს არასრულწლოვანი გოგოები დამოუკიდებლად არ უნდა წყვეტდნენ. უნდა მოსულიყავი ჩემთან და გეთქვა, რასაც აპირებდი. ასე შეიძლება? - სხვა მხრიდან სცადა დედა მოდგომას.
- არაფერსაც არ ვაპირებდი, სრულიად შემთხვევით მოხდა და სრულიად მოულოდნელად.
- ეს ის ბიჭი ხომ არ არის, იქ რომ იყო... ტბაზე რომ ხვდებოდი?
თორნიკეს გახსენებაზე ჭარხალივით გავწითლდი, მაგრამ მაინც არ გავტყდი.
- არა-მეთქი და შემეშვი ახლა! ხომ იცი, რომ ვერ მათქმევინებ და რატომ იღლი თავს ზედმეტი შეკითხვებით? - ავბუზღუნდი და დედას ზურგი შევაქციე.
- ღმერთო, ეს ვინ გამიზრდია! - შესძახა აღშფოთებული ხმით.
ახლა კი ვეღარ მოვითმინე. წამოვხტი და მთელი ხმით ვუყვირე.
- ჩემზე ამბობ მაგას? ჩემზე, არა? შენ გამზარდე, ხომ? რას ეძახი შენ გაზრდას? ოდესმე დაინტერესებულხარ ჩემი პრობლემებით? ერთხელ მაინც გიკითხავს, შეყვარებული მყავს თუ არა? ხომ ძალიან იყავი თავდაჯერებული, რომ ჭკვიანი გოგო გეზრდებოდა? კიდევ კარგი ვარ შენს ხელში გაზრდილი. სიმართლე აი, ეს არის, თუ გინდა! - მივახალე აცახცახებულმა და ისე ამოვისუნთქე, თითქოს მძიმე ტვირთი მომეხსნას მხრებიდან.
დედა გაშრა. ერთიანად გაუთეთრდა ტუჩები.
- რა გინდა მაგით მითხრა... - აჩურჩულდა.
- ყველაფერი, - მეც დავუწიე ხმას, - გგონია, არაფერი ვიცი? ყველაფერი ვიცი. რატომ ვერ ეწყობით შენ და მამა ერთმანეთს, მშვენივრად ვხვდები. ისიც ვიცი, მამა სად გადაიკარგება ხოლმე ღამღამობით და პატივცემული სანდრო რატომაც დაიარება ჩვენთან, მაგრამ ოდესმე რამე მითქვამს? ან მიგრძნობინებია? ეს შენი ცხოვრებაა და მე არ მეხება, ისევე, როგორც შენ არ გეხება ჩემი პირადი ცხოვრება. ბავშვი აღარ ვარ უკვე. მე არ გამტყუნებ და ნურც შენ გამამტყუნებ. ვიცი, რომ არც თუ ბედნიერი ხარ, არც არასდროს ყოფილხარ, მაგრამ მგონი, ეს ჩემი ბრალი არ არის.
დედას მიწისფერი დაედო. ისეთი შეხტა, თითქოს მუშტი დაარტყესო სახეში. უნებურად ლოყაზე მოისვა ხელი. ყბები აუკანკალდა. ასეთ მდგომარეობაში იგი არასდროს მინახავს. ცოტა კი ვინანე, რაც ვუთხარი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ მაიძულა. ხმა არ ამოუღია, რამდენიმე წამს დაჟინებით მიყურა, მერე ადგა და უხმოდ გავიდა ოთახიდან. კი არ გავიდა, გალასლასდა, ძლივს მიათრევდა სხეულს, ფეხები ებორკებოდა.
თან შემეცოდა, თან კმაყოფილი ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს, ვუთხარი ის, რასაც წლების განმავლობაში ვმალავდი და რაც ასე მტანჯავდა. თუ ასეა, თვითონაც ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის თავის დროზე, სხვა მიყვარსო? ახია მასზე!
არა, არ ვარ მართალი. მაგარი საზიზღარი გოგო ვარ, როგორ ვატკინე გული. ასე არ უნდა მოვქცეოდი. ნამდვილი ნაგავი ვარ, ეს რა ჩავიდინე! - მეორე წამს ვინანე ჩემი საქციელი, - რითი ვჯობივარ ახლა მე კესოს? რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოუკლავ ადამიანს გულს, სიტყვებით თუ საქციელით?
საკუთარი თავი შემზიზღდა.
ის იყო, კვლავ ჩავწექი და კედლისკენ გადავბრუნდი, რომ კარი ისევ გაიღო. თავი მოვატრიალე და მამა დავინახე. ახლა ის შემოვიდა და სავარძელში ხვნეშით ჩაჯდა. გულში გამეღიმა. მთელი საღამო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, მხოლოდ უაზრო მონოლოგებით რომ არის სავსე.
საწოლზე წამოვჯექი და ჯიქურ შევხედე.
- რატომ აწყენინე დედას? რა უთხარი ამისთანა! - შემომიტია მამამ.
შეეძლო ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ეს არა. მათი არეული ცხოვრება ამწუთას მე მბრალდებოდა.
- თორემ შენ არასდროს გიწყენინებია მისთვის, - ირონიულად ჩავიცინე.
- დედაშენის და ჩემი ურთიერთობა შენი განსასჯელი არ არის და ეს უნდა გესმოდეს, პატარა აღარ ხარ! - აგრძელებდა მამა ჩემს დატუქსვას.
"პატარა აღარ ხარ!" - ჰო, როცა უნდათ, აღარ ვარ პატარა, როცა უნდათ - ჯერ ბავშვი ხარო. რა კარგია! მშვენიერი მეთოდი აქვთ შვილების "დასამუშავებლად".
- ჩემი ბრალი არ იყო, თვითონ მაიძულა, - თავის მართლება დავიწყე, - და საერთოდ, სულაც არ მინდოდა თქვენი წყენინება. რა ვქნა, რადგან ასე მოხდა, თავი მოვიკლა? არაფერი მინდა თქვენგან, ოღონდ თავი დამანებეთ, ოღონდ მომეცით უფლება, არ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში! - ისე ვლაპარაკობდი, თითქოს 25 წლის ვყოფილიყავი, თითქოს წლებია, დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, დედ-მამის ჩარევის გარეშე.
- გგონია, ეს ადვილია? ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენ ჩვენი შვილი ხარ? ყველა მშობელი ზრუნავს თავის შვილზე და აწუხებს მისი აწმყოც და მომავალიც. ეს ბუნების კანონია. ამიტომაც ვწუხვართ ასე შენი მცდარი ნაბიჯების გამო, ამიტომაც უნდა იცოდე, რას ფიქრობენ შენი მშობლები შენს უგვანო საქციელზე.
- არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ვერავინ მაიძულებს, ისე ვიცხოვრო, როგორც სხვას უნდა.
- და ეს სხვა ვინ არის? ჩვენ ვართ? მე და დედაშენს გულისხმობ? რა კარგი გოგო ყოფილხარ. ნუთუ ასე გძულს დედა და მამა?
- არავინაც არ მძულს! ნუ გამოგაქვს საშენო დასკვნები. მე ეს არ მითქვამს. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ შემეშვათ და ნუ მაკონტროლებთ წარამარა.
- გაკონტროლებთ? როდის ერთხელ გაგვიკონტროლებიხარ? სწორედ ეს არის ჩვენი დანაშაული, რომ შენს ნებაზე იყავი მიშვებული. აი, სად დავუშვით შეცდომა! - იფეთქა მამამ.
- მორალს მიკითხავ? - დამცინავად ჩავიღიმე და გამომწვევად მივაჩერდი.
- არ ვაპირებ შენთვის მორალის წაკითხვას. ამორალური საქციელის ჩამდენთან მორალის კითხვა იგივეა, კედელს ცერცვი შეაყარო!
- მაშინ რა გინდა, რისთვის მოხვედი?
- იმისთვის, რომ ერთი რამ გითხრა. შენს საქციელს ზნედაცემულობა ჰქვია და ძალიან ადრე წაბორძიკდი ცხოვრების გზაზე, თანაც ისე წაბორძიკდი, რომ მთელი ძალით დაენარცხე ძირს. შეიძლება მაშინ ვერ იგრძენი ტკივილი, მაგრამ ახლა ხომ გრძნობ? ჰოდა, არ დაგავიწყდეს. როცა "საკუთარი ცხოვრებით" აპირებ ცხოვრებას, ცოტა სხვებზეც იფიქრე. ამქვეყნად მხოლოდ შენ არ ხარ, შენ გარშემო სხვებიც არსებობენ და არა მარტო შენი მშობლები!
- გეყოფა! გაჩუმდი! - მთელი ხმით ვიყვირე.
- მე შენ დედაშენი ხომ არ გგონივარ, ამდენს რომ მიბედავ! - მამამ ხელები მომუშტა და თავზე წამომადგა, - ერთი სიტყვაც და თავ-პირს დაგილეწავ, შე ლაწირაკო! კიდევ აქეთ მეჭიმები? დიდ გულზე ხარ, არა? ნეტავ რატომ, რა საინტერესოა! - დამცინა ბოლოს.
- რა გინდა, მამა, ჩემგან? - ვეღარ მოვითმინე და ავღრიალდი.
- ის მინდა, რომ ცოტა დაფიქრდე. ვერ ხვდები, რომ ძალიან ადრე დაიწყე ბიჭებთან ურთიერთობა? ის მაინც თუ იცი, რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ სიყვარული გაკავშირებს ადამიანთან. ეს მაინც თუ იცი?
მშვიდად მიპასუხა და ოთახიდან გავიდა.
იმ ღამეს არ მიძინია. დილამდე ვტიროდი. ვერაფრით დავიწყნარე თავი. განადგურებული ვიყავი. მაწუხებდა, რომ მათ ყველაფერი გაიგეს. მინდოდა, ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო ყოფილიყო. იქნებ მართლები იყვნენ ჩემი მშობლები? იქნებ ჯერ ადრე იყო ჩემთვის ამ აკრძალული ხილის გასინჯვა?
მეორე დღეს ოთახიდან არ გამოვსულვარ. რამდენჯერმე შემოვიდა დედა, ადექი და საჭმელი ჭამეო, მაგრამ უარი ვუთხარი. მთელი დღე საწოლში გავატარე. უკვე აღარ ვტიროდი, ცრემლი გამიშრა. უბრალოდ, რაღაც მძიმე ლოდივით მაწვა გულზე და მის გადაგორებას ვერა და ვერ ვახერხებდი. ნაშუადღევს ნაზი შემოვიდა და თეფშით კატლეტები შემომიტანა, სკამი მომიწია საწოლთან და დამიდგა. პირი არ დამიკარებია. ახლა მხოლოდ იმის დარდი მკლავდა, რომ დღეიდან დედა და მამა არ მომასვენებდნენ, რომ სახლიდან გასვლას ამიკრძალავდნენ, ყოველ ნაბიჯზე გამაკონტროლბედნენ და წარამარა წამომაძახებდნენ ჩემი "უგვანო საქციელის" ამბავს.
ჩემდა გასაკვირად, შევცდი. იმ დღის შემდეგ არც დედას და არც მამას მსგავსი რამ არ უხსენებიათ. თითქოს არც არაფერი მომხდარა. არც გარეთ გასვლა აუკრძალავთ და არც გაკონტროლება დაუწყიათ.
მეც თითქოს შევიცვალე. სკოლიდან ეგრევე შინ ვბრუნდებოდი, არც ერთ კლასელს არ ვიკარებდი ახლოს, მერიკოს გარდა. მხოლოდ მას თუ დაველაპარაკებოდი.
მერიკო ხშირად მოდიოდა ჩვენთან. ისეთი ლაღი იყო, ისეთი გულწრფელი, რომ მასთან ურთიერთობა შვებას მგვრიდა. სულ მხიარულობდა, სასაცილო ამბებს ყვებოდა, თვითონაც იცინოდა და მეც მაცინებდა. ერთი-ორჯერ კინოშიც წავედით, მაგრამ მარტო დავრჩებოდი თუ არა, ისევ ძველებურად ვიკეტებოდი ჩემს თავში. არაფერი მშველოდა. სწავლასაც მოვუკელი, რის გამოც მასწავლებლების საყვედურები დავიმსახურე. თუმცა, სრულიადაც არ განვიცდიდი ამას, ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა...
* * *
ოქტომბრის თვე იდგა. ისეთი მზიანი ამინდები დაიჭირა, გაზაფხული გეგონებოდათ. გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა, სერგო მასწავლებელმა დამიძახა, საღამოს ჩემთან გამოიარე, კარგი წიგნი მაქვს და გაგატანო. სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მიყვარდა და მომწონდა სერგო მასწავლებელი. გულახდილად ვიტყვი, რომ ზედმეტადაც მომწონდა, თუმცა ამას ჩემს თავსაც კი არ ვუტყდებოდი. შინაგანად ამის გაფიქრებისაც კი მეშინოდა, ოღონდ არ ვიცი, რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს საგულდაგულოდ ვმალავდი, მაინც მატყობდნენ სხვები და მეუბნებოდნენ კიდეც.
ახლაც, მივდიოდი და მასზე ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, როგორ ამიხსნიდა სიყვარულს... რა დებილი ვარ, რაც დრო გადის, უარესად საშიში და აკრძალული აზრები მომდის თავში.
კარი მისმა მეუღლემ, თამრიკომ გამიღო. ლამაზი ცოლი ჰყავდა სერგო მასწავლებელს და ამაზე უფრო ვიბოღმებოდი. სწორედ ამის გამო ვერ ვიტანდი ამ ქალს, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი. სერგომ ხელი დამიქნია და თავის კაბინეტში შევიდა. მეც უკან მივყევი. ცოტა ხანში თამრიკომ ხილი შემოგვიტანა და ვაზით მაგიდაზე შემოდგა, თან დანა და ორი თეფში მოაყოლა.
მე და ჩემი სანუკვარი მასწავლებელი კარგა ხანს ვისხედით მის მრგვალ მაგიდასთან და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. განვიხილეთ ძველი დროის ქართველი მწერლები, შემდეგ პოეზიაზე გადავერთეთ. პირადად მე პოეზია უფრო მხიბლავდა ბოლო დროს, ვიდრე პროზა, განსაკუთრებით სატრფიალო ლექსების კითხვამ გამიტაცა.
- გყვარებია ოდესმე ვინმე? - თვალი თვალში გამიყარა მასწავლებელმა.
გავწითლდი. უხმოდ დავუქნიე თავი.
- მერე? რას ფიქრობ? როგორი გრძნობაა სიყვარული?
- არ ვიცი, - უაზროდ ავიჩეჩე მხრები, - ყოველ შემთხვევაში, სანამ მიყვარდა, მრგვალი მეგონა, მერე კი რატომღაც, სამკუთხედის ფორმა მიიღო ამ გრძნობამ და ძალიან წვეტიანი გახდა.
სერგო მასწავლებელს სიცილი აუტყდა.
- როგორც ჩანს, შენ სიყვარული თამაში გგონია. ეს კი სულაც არ არის ასე. სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელთანაც თამაში არ შეიძლება. გესმის?
- არ ვიცი, მასწავლებელო, ამაზე არასდროს მიფიქრია, - თავი ჩავღუნე.
- მეჩვენება, რომ რაღაცას ძალიან დარდობ, იმაზე მეტად განიცდი, ვიდრე საჭიროა. ბოლო დროს სხივი ჩაგიქრა თვალებში. ხომ იცი, მე ამას ვერ გამომაპარებ.
პასუხი არ გავეცი. მის გამომცდელ მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, როგორ ცხოვრობთ დღევანდელი გოგო-ბიჭები, მსგავს ურთიერთობაში რამდენად ღრმად გაქვთ შეტოპილი, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა გითხრა. შენ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ და მინდა, წარმატებებს მიაღწიო. შეიძლება იფიქრო, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა მე არ მეჩვენება ასე. დიახაც, არის ჩემი საქმე, თუნდაც იმიტომ, რომ შენი მასწავლებელი ვარ და გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრება. დაიმახსოვრე ერთი რამ და ყოველთვის გაიხსენე ჩემი სიტყვები - სიყვარულთან ძალადობა სიყვარულის სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს. ახლა კარგად ჩაუკვირდი ჩემს ნათქვამს, გააანალიზე და დასკვნები თავად გამოიტანე.
გამიკვირდა, ასეთ რამეებს რომ მეუბნებოდა. რატომ? ნუთუ რამე გაიგო? ნუთუ იცის, რომ სისულელეებს ჩავდივარ? როგორ მომინდა, მისთვის ამწუთას ყველაფერი მეთქვა და გულზე მოწოლილი დარდისგან დავცლილიყავი. ზუსტად ვიცოდი, ის გამიგებდა, დამარიგებდა, თავისებურად ლამაზად მეტყოდა სათქმელს, მაგრამ ვერ გავბედე... რაღაცამ გამაჩერა, რაღაცამ არ მომცა უფლება, სათაყვანებელი მასწავლებლისთვის გული გადამეშალა.
სამაგიეროდ, ისეთი კმაყოფილი წამოვედი მისი სახლიდან, ის საღამო დღემდე არ დამვიწყებია. იმ დღიდან სერგო მასწავლებელზე, როგორც მამაკაცზე, ფიქრი დამთავრდა. ის ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლად დარჩა, ყველაზე სამაგალითო მასწავლებლად...
გაგრძელება