ონლაინრომანი "ადგილი მზის ქვეშ"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ნაწილი Iნაწილი II
ნაწილი IIIდიდების ზენიტზე იმაზე სწრაფად აღმოვჩნდი, ვიდრე მოველოდი. ყველამ გაიგო, რომ პარიზში ვმუშაობდი, თანაც ვისთან! თავმომწონე თბილისელებს კი მეტი რა უნდოდათ? მთელი თბილისის ელიტა თავზე დამეხვია. ყველას ჩემთან უნდოდა სამოსის შეკვეთა, შეკერვა და ყიდვა. პირველ ჯერზე საქორწინო კაბებზე დადგა დიდი მოთხოვნილება. მაგის მეტი რა ვიცოდი? მუხლჩაუხრელად შევუდექი მუშაობას. არა მარტო ჩემი მკერავები, მეც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე საქმეში, არ ვთაკილობდი არც ერთ შავ სამუშაოს, ოღონდ კი საქმე გამომსვლოდა. ვიკა და მარინა, ვინც დავიქირავე, მეუბნებოდნენ, შენნაირი უბრალო უფროსი ჯერ არ შეგვხვედრიაო. ყველა სამკერვალოში, სადაც გვიმუშავია, დირექტორი სულ ზემოდან დაგვყურებდაო. ის კი არა, ნემსის ჩხვლეტისგან თითები სულ დასივებული მქონდა ერთი პერიოდი.
შეკვეთებთან ერთად ფულიც წამოვიდა. ფულს არ ვაჩერებდი, ისევ საქმეში ვაბანდებდი. შევიძინე ახალი, თანამედროვე საკერავი მანქანები, რომ საქმე უფრო გაგვადვილებოდა. საძინებლის კედელი, სადაც ატელიე განვათავსე, შიგნითა მხრიდან გავასქელე, რომ მანქანების ხმას გარედან შემოსული კლიენტი არ გაეღიზიანებინა.
რაც შეეხება ზაზას, თავიდან იმანაც მოიწყო თბილი ბუდე. მისმა ახალმა "ჩიორამ" (ძველი ხომ მე ვიყავი), არ ისურვა, ბატონო, დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება და ამასაც რა ექნა, მასთან გადასახლდა. არადა, ქალბატონი დედამთილი წამითაც არ მივიწყებდა, სულ მირეკავდა, გამომივლიდა, მომიკითხავდა. ნინის რძლად არ აღიარებდა. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, სანამ უარესი არ ნახა, უკეთესი ვერ დააფასა.
პირველი ექვსი თვე თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მაგრამ ზაზას მეორე ცოლი, რომელზეც ოფიციალურად არც დაქორწინებულა, არა და არ დაორსულდა. რატომ არ ქორწინდებიან-მეთქი, შევეკითხე ერთხელაც. რა ვიცი, კაცო, ასე გაიძახის, ჩვენ თანამედროვე ხალხი ვართ, ფარატინა ქაღალდი რა საჭიროა, ევროპაში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ასე ცხოვრობს და ქვეყანა არ დაქცეულა, მოვასწრებთ, სად გვეჩქარებაო. არ ვიცი, სად ამოიკითხა მსგავსი ინფორმაცია ან ვინ "გაანათლა" ნინი, მაგრამ ერთი, რასაც მივხვდი, უეჭველი იყო - მე, როგორც "ნაპარიზალს", თანამედროვე შეხედულებებში მეჯიბრებოდა. ამით იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ ახლებურად აზროვნებდა.
მაგრამ...
გავიდა ექვსი თვე და თავი პირველმა წინააღმდეგობებმაც იჩინა. პირველი "სამწუხარო" ცნობებიც მომივიდა. ზაზა და ნინი თურმე სულ ჩხუბობენ, ის გოგო ულტიმატუმს უყენებს, თუ გინდა, რომ ვიქორწინოთ, შენს მშობლებს წილი მოსთხოვე, ან ბინა გიყიდონ, ან რაც აქვთ, ის გაყიდონ და ცალკე გავიდეთ, არც მე მინდა ჩემს მშობლებთან ვიცხოვროთო. ამან კარგა გვარიანი არეულობა გამოიწვია ზაზას ოჯახში. მამამისს ნერვიულობისგან წნევამ დაარტყა, დედამისი ნინის მშობლებს მიუვარდა და დაიწყო "საყოველთაო მოძრაობა". გარდა ამისა, თურმე ამ ნინის სმა ჰყვარებია. მომენტს არ გაუშვებდა ხელიდან, თუ სიტუაცია შეიქნებოდა და უგონოდ თვრებოდა. რამდენჯერ მანქანით კი არ მოუყვანიათ, მოუტანიათ თურმე სახლში. როგორც ჩანს, ზაზაზე ამანაც ძლიერ იმოქმედა, მე ხომ მთვრალი არასდროს ვუნახავვარ. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, ერთ მშვენიერ დღესაც დაიხურა ზაზამ ქუდი და წამოვიდა. დარჩა ნინი ხახამშრალი.
ჰოდა, შემოდგომის ერთ მზიან დღეს, მეცამეტე სართულის თეთრად შეღებილ ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე კარი და გული უცნაურად შემიფრთხიალდა - სადარბაზოში ზაზა იდგა, რომელიც თითქოს თვალს ვერ მისწორებდა.
არ იცით, რა დამემართა. გული ისე ბაგაბუგობდა, მისი გუგუნი ყურებში მესმოდა. მივხვდი, რომ ეს ოხერი კაცი კიდევ მიყვარდა. შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. მისი ამბები ხომ უკვე ვიცოდი და იმანაც კი გამკრა თავში, იქნებ შერიგება უნდა და მომადგა-მეთქი და წამებში დავიწყე გონებაში გადახარშვა, თუ ასე მოხდა, თავი როგორ დავიჭირო, მაშინვე შევურიგდე თუ ცოტა ვაწვალო-მეთქი... მაგრამ...
- გამარჯობა! - თავისი ბოხი ხმით მომესალმა.
ეს ხმაც მომნატრებია თურმე. რაღაცამ სხეულში ჭვალივით დამიარა.
- გაგიმარჯოს!
- ბავშვის სანახავად მოვედი. ცოტა ხნით გავიყვან.
ვიგრძენი, ვიღაცამ თითქოს მაკრატლით რომელიღაც მნიშვნელოვანი ძარღვი გადამიჭრა, რომლითაც ორგანიზმში ჩემი სისხლის მიმოქცევა დაირღვა. შიგნით რაღაც ამეწვა.
- ბაღშია ჯერ. შემოდი, ერთ საათში ამოიყვანს ალმა მარკოზსაც და ენისაც, დღეს მისი მორიგეობაა, - ძლივძლივობით ამოვღერღე.
შემოვიდა. ყავა მოვუდუღე და წინ დავუდგი. იმიტომ არა, რომ ორი წელი პარიზში გავატარე, უბრალოდ, ყოველთვის საღი შეხედულებები მქონდა, დროს ყოველთვის წინ ვუსწრებდი ერთი ათი წლით მაინც, ამიტომ დაშორების შემდეგ ზაზასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია. არც უბრად ვყოფილვართ, ჩვეულებრივად ველაპარაკებოდით ერთმანეთს. დარეკავდა, როცა ბავშვი მოენატრებოდა, მეც ვრეკავდი, როც რამე მარკოს ეხებოდა, მაგრამ იმ ამბის მერე სახლში ახლა პირველად ამოვიდა.
ბებიაჩემმა დაინახა თუ არა, მოირბინა, გულში ჩაიხუტა, კინკრიხოზე აკოცა, რა დაგემართათ, შვილებო, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და ასე უცებ რა მოხდა, იქნებ შერიგდეთ, თქვენ ხომ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილიო, ტირილიანი ხმით დაუწყო მონოლოგის კითხვა.
- ბე-ბო! - დავუბრიალე ბებიაჩემს თვალები, გეყოფა ახლა, საკმარისია-მეთქი და ისიც წაფრატუნდა ვიშვიშით, ხმის ამოღების უფლებას არ მაძლევენო.
- იქიდან წამოვედი... - სადღაც, შორიდან წამოვიდა ზაზას ხმა და კვლავ მომეცა გული, არიქა, ახლა შერიგებაზე დამიწყებს ლაპარაკს-მეთქი. სახის ნაკვთები ოდნავ შემერხა, ალბათ თვალებიც შემიბრწყინდა ცოტათი, მიუხედავად იმისა, რომ ემოციის დამალვას ვცდილობდი.
- სულ? - დაკონკრეტებისთვის კითხვა დავსვი.
- სულ. ახლა კი მინდა თავისუფლებით დავტკბე. მომბეზრდა ქალთა საზოგადოება, - ჩაცინვით თქვა და ყავა მოსვა, მე კი ისევ ვიგრძენი, ამჯერად როგორ გადაჭრა მაკრატელმა სადღაც მეორე მნიშვნელოვანი ძარღვი იქ, ჩემ შიგნით, გულთან ახლოს. ამჯერად კიდევ უფრო ამეწვა რაღაც.
- განა თავისუფლება ოდესმე გაკლდა? - მზერა მზერას დავაჯახე და ჩემი საფირმო ღიმილით გავუღიმე.
როგორც ამბობენ, საოცარი ღიმილი მაქვს. ისეთი, რომელსაც ყველას ერთნაირად მონუსხვა შეუძლია - ქალის და კაცის, დიდის და პატარასი, მოხუცის და ახალგაზრდის, ბავშვის და მოზარდის... არ ვიცი, გაღიმება ჩემთვის საგანგებოდ არავის უსწავლებია. ასე ვიღიმი დაბადებიდან დღემდე. მთავარი ისაა, რომ ეს ღიმილი გულწრფელია. როგორც ჯინა მეტყვის ხოლმე, ისე იღიმი, რომ ვისაც უღიმი, თუნდაც უცნობი იყოს, ერთ სიტყვას ეუბნები: "მიყვარხარ და გათბობ" და ამით ნუსხავ ყველასო.
ამ ღიმილს ჩემთვის ბევრი რამ გაუკეთებია, რომ წინ წავწეულიყავი და მიზნისთვის მიმეღწია.
- მაგას ჩემგან ქალები ვერ ეღირსებით. კი ცდილობდით შენც და ისიც, მოგეთოკეთ, ხელზე დაგეხვიეთ და თქვენს ნება-სურვილზე გეტარებინეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ! - უცებ აენთო და ფინჯანი ისე დაახეთქა ლამბაქს, კინაღამ დაფშვნა.
- ეგ მე არასდროს მიცდია, - თავის გაქნევით ვთქვი, მაგრამ რბილად, ხმადაბლა.
- გიცდია, გიცდია. ორი წელი ლამის ძიძად მაქციე.
არ გამიპროტესტებია, შეიძლება ასეც იყო, თუმცა ამაზე არასდროს მიფიქრია. თავის მართლებაც შემეძლო, მე ხომ სასწავლებლად ვიყავი წასული და აბა, ბავშვს თავშესაფარში ხომ არ მივაბარებდი-მეთქი, მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე.
- შენი აქილევსის ქუსლი იცი, რა არის? - ვუთხარი და ირიბად გავხედე, - მშიშარა ხარ, ქალების გეშინია. - და კვლავ გავუღიმე, მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო. ეს იყო სრულიად საპირისპირო, მომაკვდინებელი ღიმილი, რომელიც გამანაგურებლად მოქმედებდა ყველაზე, ვინც მას დაიმსახურებდა. აი, ასე, ერთ ქალში ორი ერთმანეთის საპირისპირო ღიმილი იყო დაბუდებული, რომელსაც ერთნაირად დამანგრეველი ძალა ჰქონდა - ან სასიამოვნოდ დაგაგდებდა, ან ძლიერი ტკივილით.
ეს ვთქვი და ჩემი ღიმილიანი ირონია ტანზე ისე შემოვახვიე, რომ გავბაწრე. განძრევის საშუალება არ მივეცი. მიზანში მოვარტყი თუ არა, მაშინვე აიძაგრა.
- კი არ მეშინია, არ გენდობით! თქვენს თავში რომ ვერაგი აზრები დატრიალდება, ისეთს ვერა კაცი ქვეყანაზე ვერ მოიფიქრებს. არა ხართ სანდონი! - თითქოს ერთი ხელის მოქნევით შემოიწყვიტა ირონიის ბაწარი და გათავისუფლდა, მერე კი, მარცხენა ხელის ორი თითი, რომელშიც მხრჩოლავი სიგარეტი მოექცია, ცხვირწინ რამდენჯერმე დამიქნია, თვალები ზიზღით მოწკურა, კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა, კბილები გააკრაჭუნა და წამოდგა.
- წავედი, ყავისთვის მადლობა! - და გასასვლელს მიაშურა.
გამეცინა... სიმწრით... ყველაფერი გავაფუჭე... მაგრამ კართან მისულს მაინც დავადევნე:
- აკი ბავშვის ნახვა მინდაო?
დავინახე, როგორ შეუკრთა მხრები. ჯერ თავი დახარა, მერე მძიმედ მოტრიალდა და ამოთქვა:
- არა უშავს, სხვა დროს იყოს. შენ ხომ ადამიანის ხასიათის გაფუჭების დიდოსტატი ხარ.
- შეიძლება კიდევაც შეგხვდნენ დაბლა, - შევარბილე ტონი, - უკვე დროა, საცაა მოვლენ.
თავი უსიტყვოდ დამიქნია და გავიდა...
მერე კარგა ხანს აღარ გამოჩენილა, არც დაურეკავს. არც მე გამომიდვია თავი, მაგრამ ერთხელაც, შუღამეს, როცა ჩემი მობილურის ციფერბლატზე მისი ნომერი აციმციმდა, გულში გავივლე, ალბათ მთვრალია და სენტიმენტები მოეძალა-მეთქი, მაგრამ შევცდი:
- მამა გარდაიცვალა, - მხოლოდ ეს მითხრა და გამითიშა.
რა გამაჩერებდა, მაშინვე ჩავიცვი და გავვარდი. წნევამ ხელმეორედ დაარტყა ჩემს მამამთილს და ამჯერად ვეღარაფერი უშველეს. საწყალი ჩემი დედამთილი, თავს იკლავდა, ისე ტიროდა...
ამ უბედურებამ ისევ დაგვაახლოვა და შევრიგდით კიდევაც. კვლავ მათთან გადავსახლდი და დავიწყეთ ცხოვრება თავიდან. მაგრამ ვაი, ამისთანა დაწყებას! ვაი, ამისთანა ცხოვრებას! ისე იყო შეცვლილი, ვერ ვცნობდით. საშინელი ეჭვიანი გახდა. მამაჩემივით ზაზაც არქიტექტორი იყო, კარგ პროექტებს ადგენდა, კლიენტურა არ აკლდა, პატარა საოფისე ფართსაც ქირაობდა, მაგრამ რაც შევრიგდით, წესიერად არ უმუშავია. წარამარა სამსახურში მადგებოდა, როგორც მერე მივხვდი, მამოწმებდა, მალულად ვინმეს ხომ არ ვხვდებოდი. მიკრძალავდა მოკლე კაბის ძაცმას, დეკოლტე არ დამანახვოო, ამოიჩემა. რა თქმა უნდა, თანდათან გადავაჩვიე ამ აზიატურ ჩვევებს, მაგამ ეჭვიანობა ვერ მოვაშლევინე. ყველა მამაკაცში ჩემს პოტენციურ საყვარელს ხედავდა. ას ეგონა, მასზე ლამაზი ცოლი არავის ჰყავდა და ყველა კაცს მე ვუყვარდი. ბოლოს, როცა მოთმინების ძაფი ცხრა ადგილას გაწყდა და გადაბმასაც კი აღარ ჰქონდა აზრი, როცა ყველა ღონე ვცადე და ვერაფერი შევაგნებინე, როცა მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ისევ გავშორდი, რადგან ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ხელითაც შემეხო. ყველაფერზე შემეძლო თვალის დახუჭვა, ბევრ რამეს დავთმობდი, მაგრამ მისგან ცემას ვერ ავიტანდი.
ყველაზე მეტად მარკოზი მენანებოდა. ისედაც ხომ ძალიან იყო მიტმასნილი მამაზე, თანაც ზაზა არაჩვეულებრივი მამა იყო, რომ გული მწყდებოდა. როგორ მინდოდა, ჩემს შვილს მაინც გამართლებოდა მშობლებში და ჩემი ბედი არ გაეზიარებინა, რადგან უდედობამ დაღი დამამჩნია, რომ ტკბილად შევბერებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთი გზაც არ დამიტოვა, ერთად დავრჩენილიყავით.
კვლავ ჩემს ბინას დავუბრუნდი. კვლავ ატირდა ბებიაჩემი. კვლავ გამამხნევა მამაჩემმა და ფული გამომიგზავნა.
მე კი დავწყნარდი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ მარკო დამეჩაგრა. ბავშვი ორად იყო გახლეჩილი. ერთი სული ჰქონდა, შაბათ-კვირა როდის მოვიდოდა, რომ მამას წაეყვანა. მისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა. უზომოდ განათლებული ბიჭი იყო ზაზა. ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან შეეძლო კამათში ჩაბმულიყო და თავისი საღი აზრი გამოეთქვა. სასწაული იყო, ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მაგრამ აი, ეს უცნაურობა სჭირდა - ეჭვიანობა ვერ მოიშალა.
ახლა წლების მერე, როცა იმ დროზე ვფიქრობ, დაშორების მერეც, დარწმუნებული ვარ, ხშირად მითვალთვალებდა, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, ვხვდებოდი ვინმეს თუ არა. კიდევ კარგი, იოტისოდენა საბაბიც არასდროს მიმიცია, თუმცა მას საბაბი არ სჭირდებოდა. ქუჩაში ვინმეს რომ გავეჩერებინე და ეკითხა, საათის რომელიაო, იმაზეც კი იეჭვიანებდა - იმ კაცმა სიყვარული აგიხსნაო.
რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი ვიყავი, თაყვანისმცემლები და ქათინაურები არასდროს მაკლდა. არ მეგულება ამქვეყნად ქალი, ასეთი რამ არ სიმოვნებდეს. რა თქმა უნდა, მეც მსიამოვნებდა, ვკეკლუცობდი კიდევაც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თვალი სხვა კაცზე მეჭირა. მას კი უჭირდა ამის დაჯერება. შინაც რომ ვმჯდარიყავი გამოკეტილი, არც მაშინ მოიშლიდა თავის მავნებლობას - ალბათ მეზობელი შემოდის ქურდულად, როცა მე სახლში არ ვარო, მოიმიზეზებდა.
არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, რამ შეცვალა ასე - ჩემმა პარიზში წასვლამ თუ ნინისთან ურთიერთობამ. როცა მასთან ცხოვრობდა, ზოგადად ქალი სულ სხვა კუთხით დაინახა. ნინიმ ხომ არ დაზოგა, რაც შეიძლებოდა, ატკინა და ატკინა გული. შეიძლება მაშინ მიხვდა, რა უცებ შეიძლება ქალის მორალურად გახრწნა დაიწყოს. ალბათ ასეც არის. ქალის კი არა, ნებისმიერი ადამიანის უცებ გაცუდება შეიძლება. მთავარია, მისი სუსტი მხარე ჩაიჭირო ხელში და იქიდან შეუტიო. მერე ყველაფერი ადვილად ხდება. სწორედ ამ მხრიდან შეტევით ხდებიან ნარკომანებიც, ლოთებიც, მეძავებიც და დამბეზღებლებიც...
აი, ასე დამთავრდა ჩემი ოჯახური ოდისეა. მას შემდეგ მარტო ვარ. არ გავთხოვდი, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელები არ მაკლდნენ. არც ის მინდოდა, მარკოს მამინაცვალი ჰყოლოდა და არც ის, ზაზას ეჭვები გამართლებულიყო - აი, ხომ ვამბობდი, ვიღაც ჰყავსო.
ზაზა უკვე აღარ არის ცოცხალი. ექვის წლის წინ გარდაიცვალა, მარკო უკვე დიდი ბიჭი იყო. მან ხომ განიცადა და განიცადა მამის სიკვდილი, მაგრამ არც მე ჩავვარდნილვარ უკეთეს დღეში. რაც უნდა ყოფილიყო, მისგან შვილი მყავდა, ის იყო ჩემი პირველი მამაკაციც და უკანასკნელიც. ის იყო ერთადერთი, ვინც კი ოდესმე მყვარებია, ამიტომ არც ჩემთვის ყოფილა ადვილი მისი გარდაცვალება. რაც ერთმანეთს დავშორდით, დიდად არაფერში უმართლებდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაინც ხელმოცარული კაცი იყო. ჩემ შემდეგ ორჯერ სცადა ოჯახის შექმნა და ორივეჯერ დაენგრა. არც ერთი ქალი არ გაუჩერდა. ალბათ მათზეც ისევე ეჭვიანობდა, როგორც ჩემზე და აბა, ვინ აიტანდა ამას?
ბოლოს კი გულმა უმტყუნა და მორჩა, სიცოცხლე დაამთავრა. თბილისის ზღვაზე ასულა ძმაკაცებთან ერთად ნაბახუსევზე, წყალში ჩასულა და... გულიც გასკდომია...
ახლა არ ვიცი, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს რა ჰქვია - ქვრივი თუ განათხოვარი? იქნებ ერთიც და მეორეც? ყოველ შემთხვევაში, მე სულ ვამბობ, - "ქმარი არ მყავს". არასდროს არ მითქვამს, ქვრივი ვარ-მეთქი. არც სიტყვა "ქვრივი" მხიბლავს და არც ის მდგომარეობა, რომელშიც ქვრივები იმყოფებიან. თავისთავად, როგორი ცუდიც უნდა იყოს მეუღლე, თუ მის გვერდით წლები გაგიტარებია, მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა...
ასე რომ, ამ საკითხში დიდად არ გამიმართლა. როგორც იცით, არ გაუმართლა მატილდასაც, არ გაუმართლა ალმასაც. ერთადერთი ქმრიანი ჯინაღა შეგვრჩა და ისიც...
ბოლომდე არც მას დასცალდა. სამი წლის წინ მისი მეუღლეც გამოესალმა წუთისოფელს ტრაგიკული ავარიის შედეგად. ასე დავრჩით დაქალები უქმრებოდ და ჩვენივე თავის იმედად მოგვიწია ცხოვრებისეული ჭაპანის გაწევამ.
თითქოს წისქვილის დოლაბი მხოლოდ ჩვენს თავზე ტრიალებდა. ერთ ტკივილს მეორე მოჰყვებოდა ხოლმე. რომ გაგვიმართლებდა, აღმართი ათავდებოდა და სწორ გზაზე გავიდოდით, ამოვისუნთქავდით, არიქა, გვეშველა, ყველა გაჭირვება უკან მოვიტოვეთ და დროა, მშვიდად ვიცხოვროთო, სწორედ მაშინ დაატყდებოდა რომელიმე ჩვენგანს ახალი ჭირი და უბედურება.
ერთი ასეთი ტრაგედია ალმას თავს კიდევ ერთხელ დატრიალდა.
ბავშვები წამოიზარდნენ. მართალია, ჩვენსავით ერთ სკოლაში არ უვლიათ, მაგრამ მეგობრობდნენ. ხშირად ვიკრიბებოდით ერთად, სამოგზაუროდაც დავდიოდით, რადგან ფული არ გვიჭირდა. ჩემი საქმეები კარგად მიდიოდა, ალმასაც არ უჭირდა, მისგან კარგი ექიმი დადგა და კერძო პედიატრად ოჯახებშიც დადიოდა. არც ჯინა ცხოვრობდა ურიგოდ. ტელევიზიაში მუშაობდა ჟურნალისტად და მშვენივრად გამოიმუშავებდა, ქმარსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა.
ის პერიოდი იყო, ჩვენმა შვილებმა სკოლები რომ დაამთავრეს და ისინიც სტუდენტები გახდნენ. მათ ნამდვილად არ გასჭირვებიათ გამოცდების ჩაბარება. ტესტირებული გამოცდები გაცილებით ადვილი ჩასაბარებელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო - ზოგი ზეპირი, ზოგი წერილობითი, ბილეთები უნდა გეზეპირებინა, თემები უნდა გეწერა და ა.შ. ახალმა საუკუნემ ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი საქმე გაგვიმარტივა...
ალმას ენი ულამაზესი გოგო დადგა, თვალს ვერ მოწყვეტდი, ისეთი იყო. არ ვიცი, ასეთი ვის გამოემსგავსა. ჩემი ვარაუდით, ალმამ ევგენის ძმაკაცთან "გააჩალიჩა". ის ბიჭი ერთი თვით იყო უკრაინიდან ჩამოსული, ვითომ აქ უნდა დარჩენილიყო და მის ქმართან ერთად ბიზნესში ჩართულიყო, მაგრამ რაღაც მოხდა. არ ვიცი, იჩხუბეს თუ რამე ვერ გაიყვეს, მაგრამ ფაქტია, სერგეი მალევე გაემგზავრა. ალმა არ იყო ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველისა და უკრაინელის "ჰიბრიდმა" მაინც თავისი გაიტანა. რაც უფრო იზრდებოდა ენი, მით უფრო ემსგავსებოდა სერგეის. ამაზე მე და ჯინას ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ალმასთან ამ თემაზე ლაპარაკს მუდამ თავს ვარიდებდით, რადგან თვითონ ხმას არ იღებდა და ჩვენ რა უფლება გვქონდა, დაკითხვა მოგვეწყო.
აშხვართული ტან-ფეხი, დიდი, ბრიალა ცისფერი თვალები, შავი თმა-წარბი და საშუალო, მაგრამ ლამაზი მკერდი. აი, ასეთია ენი. პირველი კლასიდან ბალეტზე დადიოდა. მის სილამაზეს და წარმატებებს ყველანი შევხაროდით, რადგან საბალეტო სკოლაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ უკვე მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო დასში მოვიაზრებდით მას.
თუმცა, ხომ გაგიგიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ერთხელაც, ბალეტზე მეცადინეობა საჭიროზე მეტხანს გაგრძელდა. ტურნეზე აპირებდნენ საზღვარგარეთ წასვლას და თავს არ იზოგავდნენ. მთელი დღე დაღამებამდე რეპეტიციები ჰქონდათ.
გვიან გამოვიდა რეპეტიციიდან. ასეთ დროს ალმა წარამარა ურეკავდა, ახლა სად ხარ, ტაქსი გამოიძახე, უცნობს არ ჩაუჯდე, ტაქსის ნომერი ჩაიწერე და მესიჯით გამომიგზავნე და ა.შ. არა მარტო ალმა, სამივენი ფრთხილი დედები ვიყავით და ასე ვზრდიდით შვილებს, არ ვზღუდავდით, მაგრამ მაინც ვაკონტროლებდით.
ენიმ ტაქსი ვერ გამოიძახა, რადგან თავსხმა წვიმა იყო და თავისუფალი არც ერთი კომპანიის მანქანა არ აღმოჩნდა. პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა, ნომერი დაიმახსოვრა და ჩაჯდა თუ არა, დედამისს მესიჯით გაუგზავნა. ჩვენ ერთად ვიყავით, ჩემთან სახლში, ყავას ვსვამდით. მარკო კომპიუტერს უჯდა და თავის საყვარელ კინო-მულტფილმს უყურებდა. ერთი კი გამოგვძახა, რა გაუხურეთ მაგ გოგოს საქმე, რას აკონტროლებთ წარამარა, დაანებეთ თავი, შინ მოსვლა აცალეთო და გააგრძელა ყურება.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ალმამ ისევ დაურეკა, მაგრამ ენიმ არ უპასუხა. ალბათ მძღოლს რადიო აქვს ჩართული, მუსიკა შეიძლება ხმამაღლაა და არ ესმის-მეთქი, დავამშვიდე, ცუდი არაფერი მიფიქრია, მაგრამ როცა მოსვლის დროს გადასცდა და ენი არ გამოჩნდა, კვლავ დაურეკა. ზარი გადიოდა, მაგრამ პასუხს არავინ გვცემდა. ახლა კი შევშფოთდით. ავწრიალდით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მარკომ გაიხუმრა, ალბათ გაიპარა ენი და მალე ქორწილი მოგვიწევსო. ჩვენ სულაც არ ვიყავით ხუმრობის ხასიათზე, დანა პირს არ გვიხსნიდა.
ასე გავიდა საათ-ნახევარი, ორი საათი... ბოლოს ისე შევშინდით, პატრულის გამოძახება გადავწყვიტეთ. ის იყო, დარეკვას ვაპირებდი, რომ ალმას მობილურის ეკრანზე ენის ნომერი აციმციმდა. ალმა პირველსავე ზარზე ეცა ტელეფონს, სად ხარ გოგო, ამდენ ხანს, რა გაგვიხეთქე გულებიო და უცებ გაშეშდა, სახეზე ფერი წაუვიდა. სანამ რამეს მოვიაზრებდი, მუხლებში ძალა წაერთვა და გულწასული დივანზე მიესვენა. არიქა, მარკო, წყალი-მეთქი, იმხელა ხმაზე ვიკივლე, ბებაჩემსაც კი გაეღვიძა და გამოვარდა ნამძინარევი, ბამბის პერანგისამარა. ალმა ძლივს მოვასულიერეთ.
- კუკიის სასაფლაოზე ვარო, მიშველეთო, - ჩურჩულით ძლივს ამოთქვა და ცრემლები ღვარად წასკდა. იმწამსვე შეშლივით წამოვხტი და უაზროდ აქეთ-იქით სირბილი დავიწყე.
- დედა, დედა! მშვიდად! - მარკოს ხმამ გამომაფხიზლა, - ყველანი მივდივართ! - ჩემი შვილი საღი გონებით მოქმედებდა.
კისრისტეხით ჩავირბინეთ ცამეტი სართული, რადგან ლიფტი არ მუშაობდა და ჩემს მანქანაში შევლაგდით. აცახცახებულს ტარების უნარი წართმეული მქონდა, ამიტომ საჭესთან მარკო დაჯდა. გზაში პატრულს დავურეკეთ, ავუხსენით, რაც მოხდა და დახმარება ვთხოვეთ.
როცა სასაფლაოზე ავედით, პატრულიც უკვე იქ დაგვხვდა და სასწრაფო დახმარების მანქანაც. ენი საკაცეზე დაეწვინათ. ალმა ძლივს გავაკავეთ, ისე განწირულად კიოდა. ექიმმა დაამშვიდა, სასიკვდილო არაფერი სჭირს, არც დაჭრილია, არც დასახიჩრებული, უბრალოდ, ნაცემია და დაჟეჟილიო. სანამ თვითონ არ ნახა შვილი, ხელით არ შეეხო და არ დაელაპარაკა, ალმამ არავის ნათქვამი არ დაიჯერა.
სასწრაფოს უკან მივყევით, ალმა წინ დავსვი, მე უკან ჩავჯექი...
ის ღამე საავადმყოფოში გავატარეთ. პატრულიც იქვე ტრიალებდა.
თურმე ამ ტაქსის მძღოლს ენისთვის რესტორანში წასვლა შეუთავაზებია. ენის უთქვამს, დიდი მადლობა, მაგრამ შინ მელოდებიანო, იმას კიდევ კუკიისკენ გაუქანებია მანქანა. ენი ისე დაბნეულა, ვერც მოუსაზრებია, რომ დაერეკა, თან შეშინებია, ტელეფონი რომ დამინახოს ხელში, ვაითუ, წამართვას, მერე ჩემები საერთოდ ვერაფერს გაიგებენო და ჯიბეში ჩაუდვია, თან ხმა გამოურთავს, უცებ დედამ არ დამირეკოსო. მძღოლს მანქანა შიგნიდან ჩაუკეტავს, რომ გოგო არ გადამხტარიყო, მერე, როცა ენიმ უკნიდან ყელში წაუჭირა თურმე ხელი, იდაყვი მოუქნევია და სახეში დაურტყამს. ბოლოს რაღაც ჩამკრა თავში და აღარაფერი მახსოვსო...
რა თქმა უნდა, ენი გაუპატიურებული იყო. მოკლედ, მკვდრები ვიყავით. ჯინაც მოვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო და სამივენი ერთად ვღრიალებდით ჩახუტებულნი. მარკო შენობიდან გავიდა. მივხვდი, რომ ვერ გაუძლო ჩვენს საცოდაობას. მერე პატრულის თანამშრომელი მოვიდა, გამომძიებელი და რა ვიცი, უამრავი ფორმიანი შეიყარა. ვუთხარით, რაც ვიცოდით, მანქანის ნომერიც გადავეცით და დაიწყეს მძღოლის ძებნა.
გაგრძელება